სიახლეები

როგორ გავხდე გიდი

01.07.2014 • 6848
როგორ გავხდე გიდი

 

2013 წელს გადამზადებული გიდები აჭარაში. ფოტო: welcomebatumi.com
2013 წელს გადამზადებული გიდები აჭარაში. ფოტო: welcomebatumi.com

გასულ წლებში აჭარაში ტურიზმის დეპარტამენტისა და დონორი ორგანიზაციებისგან რამდენჯერმე დაფინანსდა გიდების მოსამზადებელი პროექტები, შემდეგ კი ამ საქმიანობამ კერძო სექტორში გადაინაცვლა. დღეს საქართველოში ამ კუთხით ყველაზე აქტიურად ორი ორგანიზაცია მუშაობს: საქართველოს გიდების ასოციაცია და აჭარის გიდების ასოციაცია. აჭარის გიდების ასოციაციას ამ დრომდე ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებით დაახლოებით 300 გიდი ჰყავს გადამზადებული.

 

აჭარის გიდების ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ია ბერაძე ამბობს, რომ მათთან კურსების გასავლელად არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნა არ არსებობს. გიდობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, სასურველია იცოდეს უცხო ენები და ჰქონდეს შესაბამისი განათლება.

 

აჭარის გიდების ასოციაციაში ბოლო მიღება ერთი კვირის წინ დასრულდა. ია ბერაძის თქმით, ახალი ჯგუფი, სავარაუდოდ, სექტემბრამდე აღარ შედგება, საამისოდ 15-მდე მსურველი უნდა შეგროვდეს. კურსის ხანგრძლივობა თვენახევარია და მისი ღირებულება 160 ლარია. ამ ხნის მანძილზე მომავალ გიდებს საჭირო უნარ-ჩვევებს ასწავლიან, მათ თეორიული და პრაქტიკული დავალებების შესრულება და საჩვენებელი ექსკურსიის მომზადებაც უწევთ. ინფორმაცია გიდების მიღების შესახებ ასოციაციის ვებგვერდზე ქვეყნდება.

 

აჭარის გიდების ასოციაციის კურსდამთავრებულები ავტომატურად ხვდებიან ასოციაციის გიდების ელექტრონულ კატალოგში, საქართველოს გიდების ასოციაციის ბაზაში ყოფნა კი წელიწადში 60 ლარი ღირს. სწორედ ასეთი ბაზებიდან ირჩევენ გიდებს ტურისტული სააგენტოები.

 

გარდა გიდების ასოციაციებისა, გიდის პროფესიის შემსწავლელი კურსები საზოგადოებრივ და კერძო პროფესიულ კოლეჯებსაც აქვთ. ასეთი კურსები უფრო გრძელვადიანია (6-8 თვე) და ისინი უფრო კონკრეტულ ცოდნას იძლევიან. მიღება ასეთ კურსებზე წელიწადში რამდენჯერმე ცხადდება.

 

თორნიკე თორია 17 წლის იყო, როცა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გიდის კურსები გაიარა და როგორც კარგი შედეგების მქონე, მალევე მიიწვიეს თავის პირველ ექსკურსიაზე: „ეუთოს დელეგაციისათვის უნდა გამეკეთებინა ტრანსფერი – შერატონიდან გონიოს ციხემდე. მას შემდეგ დეპარტამენტი მაძლევდა ტურებს, მერე ნელა-ნელა გავრცელდა ინფორმაცია ჩემზე და ჩავები ამ ფერხულში“, – ამბობს ის.

 

თორნიკეს ძირითადად ინგლისურ ენაზე უწევს გიდობა, უფრო იშვიათად – რუსულ ენაზეც, ანაზღაურება კი ძირითადად ტურის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული, მაგალითად, თუ ტური სამ საათზე მეტ ხანს გრძელდება, ანაზღაურება მინიმუმ 80 ლარია, თუ მთელ დღეს – 120 ლარი და მეტი. თორნიკე ახლა სტუდენტია, ამბობს, რომ გიდობა მისთვის შემოსავლის დამატებითი წყაროა, თუმცა, თუ ადამიანი მოინდომებს, შესაძლოა ამ პროფესიით საკმაოდ კარგი ანაზღაურებაც ჰქონდეს ყველა სეზონზე: „საქართველოს გიდების ასოციაცია ბევრ ტრენინგს სთავაზობს გიდებს: მთის გიდები, მუზეუმის, საზამთრო კურორტების, ღვინის და ა.შ. თუ ამ ყველაფერში დახელოვნდები, მაშინ ზამთარში – ზამთრის გიდობას გასწევ, ზაფხულში საერთოდ პიკია. შემოდგომა – რთველი და ღვინო, გაზაფხული კი, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი პერიოდია. თუ ძირითადი პროფესიაა, მაშინ ადამიანი ცდილობს გაძლიერებას და კვალიფიკაციის ამაღლებას“.

 

რა არის საჭირო იმისათვის, რომ კარგი გიდი გახდე? – თორნიკეს თქმით, გიდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უკომპლექსობა, მოქნილობა და თვითგანვითარებაა. „ღიმილიანი, ხალისიანი, თავდაჯერებული და მოსიარულე ენციკლოპედია უნდა იყო. ასევე ფანტაზიის უკიდეგანო ოკეანეებია საჭირო“, – ამბობს ის.

 

ზუსტი მონაცემები იმისა, თუ რამდენი გიდია აჭარაში, არ არსებობს. ამის მიზეზი ერთიანი ბაზის არ არსებობაა. ყველა ორგანიზაციას, რომლებიც გიდების გადამზადებით არიან დაკავებულები, გიდების თავიანთი ბაზა აქვთ, რომელშიც მხოლოდ მათ მიერ სერტიფიცირებული გიდებია შეყვანილი.

 

რაც შეეხება გიდების კვალიფიკაციას, საქართველოში გიდის კვალიფიკაციის შემოწმების არანაირი მექანიზმი არ არსებობს. გიდის პროფესიონალიზმის მთავარი საზომი მის მიერ ჩატარებული ტურით კმაყოფილი ან უკმაყოფილო ტურისტია. სწორედ ამით განისაზღვრება მომავალში მოისურვებენ თუ არა ამ გიდთან სხვა ჯგუფების დაკავშირებას.

 

ბათუმის ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი სოფო ლაზიშვილი ამბობს, რომ დღეს სახელმწიფოს მხრიდან საკანონმდებლო კუთხით არც ლიცენზირების შესახებ კანონში და არც ტურიზმის შესახებ კანონში არ არის ნახსენები, რომ გიდისთვის აუცილებელია სერტიფიკატი, ან ის თუ ვინ უნდა გასცეს ეს სერტიფიკატი, „თუმცა სერტიფიკატის ქონა უკვე გარკვეული ხარისხის მაჩვენებელია და უცხოელ ტურისტებთან ექსკურსიებისას სერტიფიკატის მქონე გიდებს ენიჭებათ უპირატესობა“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: