კვირის ამბები

ტურიზმი გზის გარეშე

30.06.2014 • 2782
ტურიზმი გზის გარეშე

 

მტირალას ეროვნული პარკი

 

 

დათო ტრაპაიძე ერთ-ერთია, ვისაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა გადაადგილების დროს დისკომფორტს უქმნის. „14 კილომეტრია თუ არ ვცდები, ჩაქვთან გზა ძალიან ვიწროა და ხშირად უჭირს მანქანებს გვერდის ავლა. ორმოებიც ბევრია, არ არის პარკინგი, მანქანა რომ გააჩერო და გადმოხვიდე, ფოტო გადაიღო. ასეთი დეტალები მოსაწესრიგებელია“, – ამბობს ის.

 

მტირალას ეროვნული პარკის დირექტორი დავით ხომერიკი ამბობს, რომ პარკთან მისასვლელი გზა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მასზე ზრუნვის ვალდებულება საავტომობილო გზების დეპარტამენტს აქვს: „ყოველ წელიწადს გვეუბნებიან გავაკეთებთო. გაზაფხულზეც იყვნენ საგზაო დეპარტამენტიდან და გვითხრეს ვაპირებთ სამუშაოების დაწყებას და თქვენც შეგატყობინებთო, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოჩენილან. ჩვენი მოთხოვნაა, მისვლა-მოსვლა ვიზიტორებისთვის იყოს გამარტივებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ფინანსები არ გამოჩნდა. შარშან მხოლოდ ტრაქტორით მიმოასწორეს გზა“.

 

იგეგმება თუ არა დაცული ტერიტორიების მიმართულებით გზების შეკეთება? – ამ ინფორმაციის მისაღებად აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსს დავუკავშირდით. კახა შაშიკაძის თქმით, წელს მტირალასთან მისასვლელი გზის მხოლოდ ორი კილომეტრის მოასფალტებაა დაგეგმილი. დანარჩენი ნაწილი კი, უბრალოდ, მოსწორდება.

 

„ყოველი ტურისტული სეზონის წინ ჩვენ ვუშვებთ ტექნიკას და გზას ვასწორებთ. ასე იყო წინა წელსაც. მტირალას მიმართულებით ორი კილომეტრი წელს დაიგება რეინჯერების სადგომამდე. რაც შეეხება კინტრიშს, მანდ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება და აქედან გამომდინარე გაჩერებულები ვართ, მაინც დაზიანდება ასფალტი. ჭახათამდე იყო დაგეგმილი, მაგრამ ვეღარ გავაკეთებთ, აზრი არ აქვს“.

 

კახა შაშიკაძე ამბობს, რომ ტურისტები კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე უგზოობის შემთხვევაშიც მივლენ: „ამდენ ხანს არ იყო ასფალტი, მაგრამ დადიოდნენ. გვინდა გავაკეთოთ, მაგრამ ამ წელს არ იქნება“.

 

ამავე სამსახურის თანამშრომლის ლია დავითაძის ინფორმაციით, ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის ათკილომეტრიანი მონაკვეთიდან წელს ორი კილომეტრი მოასფალტდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 465 ათასი ლარია გამოყოფილი. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან მისასვლელი გზა არის ბარცხანა-ორთაბათუმი-ყოროლისთავის მიმართულებით, რომელიც მოასფალტებულია და წელს მხოლოდ ორმული შეკეთებებია გათვალისწინებული“.

 

მტირალას ეროვნულ პარკში, დირექტორის განცხადებით, შარშანდელთან შედარებით, წელს ვიზიტორთა შვიდპროცენტიანი ზრდაა. „ტურისტული პიკი იწყება ივლისიდან და სექტემბრამდე გრძელდება“.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაცული ტერიტორიები აჭარის ტურიზმის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა, თუმცა მათთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობს რაღაც პრობლემა, რომელიც აბრკოლებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. „ზოგჯერ არის ბიუჯეტი, ზოგჯერ ელოდებიან დონორების დაფინანსებას და ა.შ. ეს კონკრეტული ფაქტორები კი ადგილზე, ადმინისტრაციებმა უნდა განიხილონ. დაცულ ტერიტორიებს ჰყავს თავისი მაკონტროლებელი ორგანო – დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო, რომელიც პოლიტიკას განსაზღვრავს და მათ კომპეტენციაში ტურიზმის დეპარტამენტი ვერ ჩაერევა. ჩვენ მხოლოდ სიტყვიერ რეკომენდაციებს ვაძლევთ“, – ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი.

 

ახდენს თუ არა გავლენას მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ტურიზმზე და როგორი უნდა იყოს ტურიზმის დეპარტამენტის პოლიტიკა ამ მიმართულებით? ტურიზმის სპეციალსიტის, ზვიად ელიზიანის აზრით, დაცულ ტერიტორიებამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს: „ტურიზმის დეპარტამენტს ამ მხრივ ბევრი ბერკეტი არ აქვს, მთავრობამ უნდა იზრუნოს გზებზე. თუ არ ზრუნავს, მაშინ ან ფული არ აქვს, ან სხვა პრიორიტეტებზე იხარჯება თანხა. წესით, გზებს უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ტურიზმში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: