კვირის ამბები,მთავარი

როცა არტერიული წნევის ნიშნულები ერთმანეთს უახლოვდება

30.06.2014 • 65571
როცა არტერიული წნევის ნიშნულები ერთმანეთს უახლოვდება
  • ქალბატონო თინა, რამდენი უნდა იყოს სხვაობა სისტოლურ და დიასტოლურ წნევის ნიშნულებს შორის?

სხვაობას სისტოლურ და დიასტოლურ წნევებს შორის პულსური წნევა ეწოდება, ჯანსაღი ზრდასრული ადამიანებისთვის დასვენებულ მდგომარეობაში ეს წნევა 35-50 ვწს (იდეალში 40+_5 ვწს) უნდა იყოს, ამაზე ნაკლები სხვაობა უკვე პათოლოგიაა, თუ მას პერმანენტული ხასიათი აქვს. პულსური წნევის ზღვარი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გართულებების განვითარებას იმ პაციენტებში, რომელთაც სხვადასხვა გულსისხლძარღვთა დაავადებები აქვთ. მას შეუძლია ადეკვატურად ასახოს სისხლძარღვების „რეალური ასაკი“, რომელიც შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს მათ „ბიოლოგიურ ასაკს“.

  •  რა ნიშნები ახასიათებს პულსურ დაბალ წნევას?

კონკრეტული ჩივილები დაბალ პულსურ წნევას არ ახასიათებს, ისევე როგორც მაღალ არტერიულ წნევას, ამ დროს ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს, მას შესაძლოა აღენიშნებოდეს გახშირებული გულის ცემა, ჰქონდეს გარკვეული დისკომფორტის შეგრძნება, ასევე ტკივილის შეგრძნება გულის არეში, თავის ტკივილი და ა.შ.

  •  რა შეიძლება იყოს სისტოლური და დიასტოლური წნევის ნიშნულების ახლოს ყოფნის მიზეზი?

უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰიპერტონია (არტერიული წნევის მატება) არსებობს პირველადი, ანუ ცალკე დამოუკიდებლად განვითარებული, რომელსაც ესენციურ ჰიპერტონიას უწოდებენ და სიმპტომატური – როცა ჰიპერტონია სხვა დაავადების შედეგად ვითარდება. პირველადი ჰიპერტონიის დიაგნოზი ისმება მაშინ, როცა ყველა სხვა მეორადი მიზეზი გამოირიცხება.

დაბალი პულსური წნევა შეიძლება განვითარდეს გულისა თუ ენდოკრინული დაავადებების დროს, მაგალითად, ტაქიკარდია (გულის ცემის ძლიერი გახშირება), გულის გამოხატული უკმარისობა (როცა გულის კუნთი სუსტად იკუმშება), ქვედა კიდურების სისხლძარღვების სპაზმი (რომელსაც დიდ ხანს სიცივეში ყოფნა იწვევს), ჰიპოვალემია (როცა ორგანიზმში სისხლის რაოდენობა ტრავმებისა და სისხლდენის გამო საგრძნობლად მცირდება).
წნევის ერთჯერადად ცვალებადობა შესაძლოა ზედმეტი ფიზიკური დატვირთვით ან სტრესითა და გადაღლილობითაც იყოს გამოწვეული.

  •  რა შეიძლება მოიმოქმედოს ადამიანმა ასეთი წნევის დროს?

ამ კითხვაზე ცალსახად პასუხის გაცემა რთულია, ვინაიდან ასეთ დროს ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მაგალითად, მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის ასაკს, თანმხლებ დაავადებას, წნევის ძირითად მიზეზს – თუ რით არის დაბალი პულსური წნევა გამოწვეული, უშუალოდ წნევის მაჩვენებლებს (100/80-ზეა თუ 160/140ზე), ეს ერთჯერადად განვითარდა თუ სისტემატური ხასიათი აქვს. თუ ასეთი წნევა სისტემატური ხასიათისაა, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა ჩაუტარდეს სათანადო კვლევა და მკურნალობა.

იმ შემთხვევაში თუ წნევების მიზეზად, კონკრეტული დაავადება დასახელდება, აუცილებელია იმ დაავადების მკურნალობა და მის პარალელურად ჰიპერტონიის განკურნებაც.

რაც შეეხება პირველად დახმარებას მაშინ, როცა სისტოლური და დიასტოლური წნევა მაღალია, პაციენტმა შეიძლება გამოიყენოს სწრაფი მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები – კაპტოპრილი, ნიფედიპინი და მცენარეული სედატური საშუალებები – ვალერიანი, პუსტირნიკი, კორვალოლი, ვალიდოლი.

  •  რა შეიძლება გავაკეთოთ პროფილაქტიკისთვის?

პირველ რიგში ადამიანმა უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი, უნდა შეწყვიტოს თამბაქოს მოხმარება და მკვეთრად შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება. დაუშვებელია ცხოვრების პასიური რეჟიმი. ჰიპერტონიის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, კვირაში 4-5-ჯერ, დღის განმავლობაში 30-40 წუთით, ფეხით სიარული. პაციენტმა უნდა მოიშოროს ჭარბი წონა. კარგია თუ ცხოველური ცხიმს ჩაანაცვლებს მცენარეული ცხიმით, შეზღუდავს მარილს მენიუში და ყოველდღიურად მიიღებს ნახევარ კილო, თერმულად დაუმუშავებელ ხილ-ბოსტნეულს. მენიუში კარგია ზღვის პროდუქტებიც. არტერიული წნევის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია ფსიქო-ემოციური სტრესი, ამიტომ ადამიანი უნდა შეეცადოს თავი აარიდოს სტრესულ სიტუაციებს და მეტი დრო დახარჯოს რელაქსაციაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: