Batumelebi | რა ინფორმაციას აწვდიდა აჭარის მთავრობის კაბინეტის უფროსი სპეცსამსახურებს რა ინფორმაციას აწვდიდა აჭარის მთავრობის კაბინეტის უფროსი სპეცსამსახურებს – Batumelebi
RU | GE  

რა ინფორმაციას აწვდიდა აჭარის მთავრობის კაბინეტის უფროსი სპეცსამსახურებს


აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის ყოფილი უფროსი, ნუგზარ კეკელიძე, რომელიც ამ თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს და რომელიც საკუთარ თავს მურმან დუმბაძის ჯგუფის წევრს უწოდებს, აჭარის მთავრობას ბიზნესმენების ზეწოლასა და ინვესტიციის შემოსვლის ხელშეშლაში, ასევე ზოგიერთი კომპანიის ლობირებაში ადანაშაულებს. ნუგზარ კეკელიძე კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრობს. ნუგზარ კეკელიძე „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს.   


ბატონო ნუგზარ, თქვენ ამბობთ, რომ მასალებს აწვდიდით პრემიერ-მინისტრის აპარატს და ასევე შს სამინისტროს. რა ინფორმაციაზე საუბრობთ?


ეს იყო დახურული ინფორმაცია, რისი ცოდნაც იმ დროს საზოგადოებისთვის არც იყო აუცილებელი.  მე და ჯემალ ბერიძე, რომელიც იყო მთავრობის აპარატის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რამდენჯერმე შევხვდით შს სამინსიტროს შესაბამისი სამსახურის უფროსს. როცა ბიზნესმენები მოდიოდნენ აჭარის მთავრობაში, მათთან შეხვედრებს აწარმოებდა ბატონი ჯემალი და ის იყო შეწუხებული იმის გამო, რომ რაღაც ფორმით ხორციელდებოდა ზეწოლა ბიზნემენებზე. ეს შეწუხებული ბიზნესმენები შემოჰყავდა ჩემთან ბატონ ჯემალს.  მათზე ბევრი ფორმით ხორციელდებოდა ზეწოლა ხელისუფლებისგან. 

 

მაგალითად, რა ფორმით?


ნებართვები, ჯარიმები… საინვესტიციო კომპანიებზე იყო ზეწოლა, რომ დაკვეთა მიეცათ ადგილობრივი კომპანიისათვის და სთავაზობდნენ, რომ ეს კომპანია ყოფილიყო „ანაგი“ . აქ, როგორც ჩანს, მუშაობდა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ბალაძის მომენტი.  ვიცით, რომ ბალაძე 2012 წლის 1 ოქტომბრამდე იყო ამ კომპანიის ფინანსური მენეჯერი. ერთ-ერთი კომპანიის, რომელსაც ხუთი მილიონ ნახევარი ჰქონდა გათვალისწინებული მშენებლობისთვის, ბიზნესმენისგან გვქონდა ინფორმაცია, რომ მასზე მთავრობის თავმჯდომარე ახორციელებდა ზეწოლას – ის მისცემდა ნებართვას იმ შემთხვევაში, თუ დაამატებდა მილიონს და დაკვეთას მიიღებდა „ანაგი.“ ეს იყო თურქული საინვესტიციო კომპანია. 

 

 

კომპანიას არ დაასახელებთ?


მგონი ეს იყო „ბაბილონი“.

 

 

„ბაბილონს“ წინა ხელისუფლება შეუთანხმდა, მე როგორც მახსოვს, და მშენებლობაც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. მშენებლობის ნებართვას ეს მთავრობა როგორ გასცემდა?

 

საბოლოოდ მათ ნებართვა ამ ხელისუფლების პირობებში მიიღეს. ბიზნესმენზე იყო სერიოზული ზეწოლა. ამის შესახებ მან ძალიან მძიმე საყვედური გამოთქვა ჩვენთან.


„ანაგმა“ რომ გიჩივლოთ სასამართლოში, დაამტკიცებთ იმას, რასაც ამბობთ – გაქვთ სათანადო მტკიცებულება?



თქვენ ფიქრობთ, რომ რომელიმე ბიზნესმენი სასამართლოში ზოწოლაზე განაცხადებს? – თუ მიჩივლებს, ვერანაირ მტკიცებულებას ვერ წარვადგენ. მე აქ არ ვლაპარაკობ „ანაგზე“ და გოგოტიშვილზე, მე ვლაპარაკობ დავით ბალაძის დაინტერესებაზე და ამას ჯემალ ბერიძეც დაადასტურებს. ჩვენ დავინახეთ მისი ინტერესი.  

 

კიდევ შემიძლია მსგავსი მაგალითების დასახელება: ბულვარის შესასვლელში კაფე „ტყუპები“ ხომ იცით, მაგის შესყიდვის სანაცვლოდ შესთავაზეს თურქ  ბიზმესმენს უკვე უკანონოდ აშენებული პირსის კანონმდებლობის ჩარჩოებში მოყვანა. აუდიტს კაფე „ტყუპები“ ნახევარმილიონ დოლარად ჰქონდა შეფასებული. ინვესტორს სთხოვდნენ ეყიდა მილიონახევრად. ამ საქმეში მონაწილეობდა ვინმე ჭოხონელიძე. მე და ჯემალი მივედით შს სამინსიტროს შესაბამისი სამსახურის უფროსთან და ვუთხარით, რომ ჩვენთან მოვიდა ბიზნემენი, რომელმაც გვაჩვენა არჩილ ხაბაძის მიერ მიწერილი მესიჯი (ეს იყო გასული წლის 19 სექტემბერი). ხაბაძე წერდა 20 სექტემბერს, შაბათს თუ ეს საკითხი დადებითად არ გადაწყდება, მძიმედ წაგივათ საქმეო.  

 

ვინ არის ჭოხონელიძე?


კეთილისმსურველებმა მითხრეს, არ გინდა, შეეშვითო. ვიკითხე, რატომ-მეთქი. ჭოხონელიძე კახა კალაძის კაციაო. მე არ ვიცი მის პირველ აგენტზე რეზო ჭოხონელიძეზეა საუბარი თუ მის ძმაზე. ამ ჭოხონელიძის სახელი ვერ გავიგე.

 

ეს ჭოხონელიძე ითხოვდა ბიზნესმენისგან კაფე „ტყუპების“ მილიონნახევრად ყიდვას, სამაგიეროდ მოუგვარებდა პირსის კანონიერების საკითხს. ამ საქმეში მთავრობის თავმჯადომარის ჩართულობას ადასტურებს მესიჯი, რომელიც ამ ბიზნესმენმა გადმოგვიქაჩა. ეს მესიჯი უშიშროების უფროსს ვაჩვენეთ.

 

ბიზნესმენმა თქვა, რომ ის მიმართავდა ერდოღანს და მისი მეშვეობით ხმას მიაწვდიდა საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს.

 

ვინც ეს მესიჯი მოგვიტანა, ეს ბიზნესმენი ახლა სასათბურე პირობებით სარგებლობს აჭარის მთავრობაში. ხაბაძეს ის უცხოეთში ვიზიტებისას დაყვება. მან ჩვენთან კონტაქტი გაწყვიტა.

 

ვინ არის ეს ბიზნესმენი?


ზოგიერთ სახელს და გვარს ვერ დავასახელებ.

 

შარშან არჩევნების დროს, ბათუმში რამდენიმე ბიზნესმენთან მივიდა სამი ნარკომანი, რომლებიც მათ ფულს სძალავდნენ. ისინი მოქმედებდნენ მთავრობის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის, ჭეიშვილის სახელით. მე და ჯემალმა ამის შესახებაც მივაწოდეთ უშიშროების უფროსს ინფორმაცია. სამი დღის შემდეგ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სამიდან ერთი დააპატიმრეს. 

 

კიდევ ერთი მძიმე ფატის შესახებ გეტყვით, რასთან დაკავშირებითაც სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებ, რადგან შექმნილია კომისია და მიმდინარეობს მოკვლევა. საქმე ეხება მაღალჩინოსნის მანქანით საზღვარზე ნარკოტიკების გადმიტანას. ამ ფაქტთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომელმაც საქმის კურსში ჩააყენა თბილისი.  ვშიშობთ, რომ ისინი შეეცდებიან ყველა კვალი წაშალონ.

 

კიდევ ვინ იცოდა ამ ყველაფრის შესახებ, ხაბაძესთან დალაპარაკება რატომ არ სცადეთ?


ჩვენ ამ ინფორმაციას ვაწვდიდით უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ ფრაქციას. ამიტომაა, რომ ამ ჯგუფის წინააღმდე მძიმე ბრალდებებისა და ტალახის სროლა მიდის.  ფრაქცია ამ ამბებით ჩადიოდა პრემიერ-მინისტრთან. 

 

ბატონ არჩილთან შეხება არ მქონია 2013 წლის თებერვლის შემდეგ. ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი მხოლოდ ქაღალდზე და პრაქტიკულად ვსარგებლობდი სამთავრობო ფუფუნებით. ეს არის მანქანა, ტელეფონი, კაბინეტი. 2013 წლის თებერვლის შემდეგ,  მურმან დუმბაძის პრემიერთან პირველი დაპირისპირების შემდეგ, პრაქტიკულად, ჩვენი ჯგუფი ხელისუფლებას ჩამოსცილდა. ამის შემდეგ ერთადერთხელ შევხვდი არჩილ ხაბაძეს, როცა ბიზნესმენები მოვიდნენ მანდარინის საკითხთან დაკავშირებით.

 

ჩვენი საუბრები ისმინებოდა. აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს ყოფილი უფროსი თელია საკუთარ კაბინეტში ხაბაძეს ჩვენს საუბრებს ასმენინებდა. როგორც ჩანს, ცენტრიდან იყო დავალება, რომ ამ ორ ჯგუფს შორის ყოფილიყო მაქსიმალური სიცივე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო დავალება ცენტრიდან. პირველი ორი თვის შემდეგ ჩვენგან უკვე რეკომენდაციის გაწევაც კი დამღუპველი იყო. 

 

 

თუ ამდენი დანაშაული ხდებოდა და თქვენ ამას ხედავდით, ამ დრომდე რატომ არ გაასაჯაროვეთ – თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ გაბრაზებული კაცის პოზიციიდან ხომ არ საუბრობთ?



ვაწვდიდი ინფორმაციას უშიშროებას და ფრაქციას. ვსაუბრობდით ამაზე შიგნით გუნდში. მე როგორც თანამდებობის პირს, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება არ მქონდა. ახლა გათავისუფლებული ვარ და უკვე შემეძლო ამაზე განცხადებები გამეკეთებინა.

 

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის აპარატში გააგრძელებთ მუშაობას, ასეა?

 

შემოთავაზება მაქვს, დავინიშნები თუ არა, ჯერ არ ვიცი. ვიმუშავებ, რატომაც არა, ეს ის ხალხია, ვისთან ერთადაც ჩვენ ვიბრძოდით.


 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე