კვირის ამბები

დატყვევებული მურა დათვების გაურკვეველი მომავალი

01.07.2014 • 2024
დატყვევებული მურა დათვების გაურკვეველი მომავალი

 

„ბათუმელების“ კითხვას, რა ტიპის სანქციები განხორციელდა/ან განხორციელდება იმ პირების მიმართ, ვისაც დათვი ჰყავს დატყვევებული, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურმა წერილობით უპასუხა:

 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 853-ე მუხლის თანახმად, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება დასჯადი ქმედებაა და გამოიწვევს დაჯარიმებას 150-დან 850 ლარამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ, მოპოვებული ცხოველების კონფისკაციით“.

 

კითხვაზე, თუ როგორ აპირებენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და იგეგმება თუ არა რაიმე ღონისძიება მათ გარემოში დასაბრუნებლად, დეპარტამენტში ასე უპასუხეს:

 

„მურა დათვის დატყვევების ფაქტზე რეაგირება თავისთავად მოიცავს დატყვევებული ცხოველის კონფისკაციას. ამასთან, პრობლემაა გარეულ ცხოველთა თავშესაფრის არქონა, რაც შეუძლებელს ხდის ჩამორთმეული ცხოველების განთავსებას და მათ შემდგომ ადაპტაციას ველურ გარემოსთან.

 

დატყვევებული გარეული ცხოველის ველურ გარემოში დაბრუნება, განსაკუთრებით იმ ცხოველის, რომელსაც დაკარგული აქვს ბუნებრივი ინსტინქტები და ქცევის ნორმები, შესაძლებელია მხოლოდ მათი ველურ გარემოსთან ადაპტაციის შემდგომ, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ღონისძიება შეიძლება დასრულდეს წარუმატებლად. პრობლემა შესაძლებელია მოგვარდეს შესაბამისი თავშესაფრის მოწყობით, სადაც მოხდება ველურ გარემოსთან ადაპტირების პროცესები“.

 

რაც შეეხება თავშესაფარს, ერთადერთი ადგილი, სადაც დატყვევებული მურა დათვის გადაყვანაა შესაძლებელი, თბილისის ზოოპარკია. ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, საკმარისი ადგილი დატყვევებული დათვების მისაღებად არ აქვთ.

 

„ამჟამად 15 დათვი გვყავს. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. ვეღარ ეტევიან. მთლიანად საქართველოში 50 დათვია სხვადასხვა ადგილას უმძიმეს პირობებში, მაგალითად, რესტორნების ტერიტორიაზე. ერთ-ერთი ასეთი რესტორანი – „ედემის ბაღი“ რიკოთზეა, სადაც დათვი 2 კვადრატულ მეტრში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ყველა ეს დათვი ჩამოსართმევია, მაგრამ მათი გადაყვანის ადგილი ფიზიკურად არ არსებობს. თბილისის ზღვაზე სწორედ დათვების თავშესაფარი იქნება. ეს ყველაფერი 300-400 ათასი ლარი მაინც დაჯდება, რომელიც ჩვენი აზრით, ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს. შემდეგ უკვე მოვლა-პატრონობას ჩვენს თავზე ავიღებთ“, – ამბობს ზურაბ გურიელიძე.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1643 მურა დათვი ბინადრობს. კვლევა 2012 წელს ჩატარდა. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მეოცე საუკუნის განმავლობაში დათვი გაქრა წალის ტყიდან და აღარ ცხოვრობს ჯავახეთის ზეგანზე, დიდ და მცირე კავკასიონს შორის არ ხდება მდედრი დათვების გადანაცვლება, უფრო დეტალური ინფორმაცია და მონაცემები კი არ არსებობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: