ორგანიზაცია „ტბილისის ჰამქარი“ წევრისა და GIPA-ს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელის, ცირა ელისაშვილის მოსაზრებით, არსებობს რაღაც ქმედებები, რომლებიც პიროვნული ჩვევებიდან გამომდინარეობს და ამას შინაგან კულტურას ვეძახით. „ეს შინაგანი კულტურა კი არის საკუთარი სურვილების რეგულაცია. შეიძლება მე ძალიან მინდოდეს ჩემი ნაკვალევი დარჩეს ისტორიას, მაგრამ თუ ამას გავაკეთებ ვანდალიზმის სახით, ამას უკვე სხვა შეფასება მიეცემა“.
ცირა ელისაშვილის თქმით, კონკრეტული ისტორიული მონაკვეთის კვლევის მიხედვით, საბჭოთა ეპოქაში, ისტორიულ ძეგლებზე შემორჩენილი წარწერები და ნაკვეთები არაქართულენოვანია. დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში კი უცხოს ჩაენაცვლა ქართულენოვანი წარწერები. „თუ ამას ადრე აკეთებდა საბჭოთა ტურისტი, ახლა ვაკეთებთ ჩვენ. მაშინ ქართველები ამას ვეძახდით ვანდალიზმს და გვქონდა რეაგირება, დღეს ვიმეორებთ ჩვენ იმავეს და ამაზე აღარ გვაქვს მგრძნობელობა“.
რესპონდენტის თქმით, არსებობს გრენადის კონვენცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, რომელიც არქიტექტურული ღირებულებების შესახებ ბავშვების, მოზარდების ინფორმირებულობას ითვალისწინებს. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ცირა ელისაშვილი ამბობს, ამ ვალდებულების განხორციელება ვერ ხერხდება. „ვერ დამისახლებთ ვერც ერთ სკოლას, თუნდაც თბილისის მასშტაბით, სადაც კულტურული მემკვიდრეობა როგორც საგანი, ისეა ჩასმული“.
ცირა ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში აპრობირებული ექსკურსიების ფორმა ვერ უზრუნველყოფს ახალგაზრდებში კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პატივისცემის განცდას და შინაგანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
„რა არის ექსკურსიები? წავლენ სადღაც, გადაიღებენ ფოტოებს, შემდეგ დაყრიან ნაგავს, უკეთეს შემთხვევაში წამოიღებენ… არ მიმდინარეობს შემეცნებითი პროცესი. მაგალითად, „ტბილისის ჰამქარს“ აქვს სპეციალური ტურები და ამ ფორმატში ვახდენთ დაინტერესებული პირების ინფორმირებას იმ კონკრეტული ისტორიული უბნის თუ ძეგლის ირგვლივ, რომლის შესწავლაც აინტერესებთ ადამიანებს. ძალიან მოსაწყენი იქნება აჩვენო ადამიანს 21 სახლი და ელაპარაკო მხოლოდ მათ არქიტექტურულ ღირებულებაზე. პროცესი საინტერესო ხდება, როცა საუბარია, ვთქვათ, იმაზე, ვინ ააშენა ესა თუ ის ძეგლი. კიდევ რა აქვს აშენებული, რომ კავშირი გააბას მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. ძალიან კარგად მუშაობს ადამიანური ისტორიები კონკრეტულ ძეგლთან მიმართებაში. არის სხვა მომენტებიც, რითაც განცდა უნდა გაუჩინო ადამიანს კონკრეტული ძეგლის მიმართ. ამის შემდეგ ადამიანები სხვა თვალით უყურებენ ისტორიულ მემკვიდრეობას“.
რესპონდენტის აზრით, გქონდეს მგრძნობელობა და პატივისცემის განცდა შენი ისტორიის მიმართ, ეს არ არის ერთჯერადი ქმედება, არამედ გრძელვადიანი პროცესი, რომელშიც საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი უნდა იყოს ჩართული. მათ შორის სკოლა, ოჯახი და ის გარემოც კი, სადაც შეიძლება შემთხვევით მოხვდე.
ცირა ელისაშვილის აზრით, აუცილებელია სკოლაში კულტურულ მემკვიდრეობას კომპეტენტური პედაგოგები ასწავლიდნენ და ეს საკითხები არ უნდა იყოს რაღაც თემების დანამატი: „არ არის აუცილებელი ეს გააკეთოს ლიტერატურის ან ისტორიის მასწავლებელმა. ეს უნდა იყოს პროფესიონალი მკვლევარი, რომლის ცხოვრების წესია, ჰქონდეს ყველა ინფორმაცია ისტორიულ მემკვიდრეობაზე და გაუზიაროს სხვებსაც“.
სპეციალისტის აზრით, ამ ინფორმაციის ბავშვები უნდა იღებდნენ არა მექანიკურად, საზეპიროების სახით, არამედ თანამონაწილეობის ეფექტით.
„გააჩნია ბავშვების ასაკს. თუ ასაკი პატარაა, როგორც ძეგლის მეგობარი – ასე შეიძლება ბავშვის თანამონაწილეობის განსაზღვრა. თუ უფროსკლასელები არიან, მაშინ იქნება არა ძეგლის მეგობარი, არამედ მეურვე. ვფიქრობ, დრო ჩვენი საზოგადოებისა და კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ მუშაობს. ჩვენ ვკარგავთ ისტორიას, რომელთა დაბრუნება, უბრალოდ, შეუძლებელია, ამიტომ დროულად უნდა ვიმუშავოთ ამ მიმართულებით“.
საქართველოს მოქალაქეებს აქვთ მგრძნობელობა ვანდალიზმზე, როდესაც ეს უცხოეთში ხდება ქართული ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ. მძაფრი რეაქცია გვქონდა იერუსალიმში რუსთაველის ფრესკის დაზიანების ფაქტზე, თუმცა სახელმწიფო პოლიტიკა ქვეყნის შიგნით კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, საკმაოდ ხისტია. ხშირად საერთაშორისო ორგანიზაციები თუ კონკრეტული მკვლევარები გვითითებენ, თუ როგორ არ უნდა მოვექცეთ საკუთარ მემკვიდრეობას. საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქციების მიუხედავად, მნიშვნელოვნად შეეცვალა იერ-სახე ბევრ ისტორიულ ძეგლს თუ უბანს.
ცირა ელისაშვილის აზრით, ბათუმი, თბილისი და კიდევ სხვა ისტორიული ქალაქები კლასიკური მაგალითია იმის, თუ როგორ არ უნდა ხელყოს ისტორია სახელმწიფომ. „რეაბილიტაციის წყალობით სხვადასხვა ქალაქი ერთმანეთს დავამსგავსეთ. ფოტო რომ ნახოთ, ვერ მეტყვით მცხეთაა თუ სიღნაღი. ისევე როგორც ბათუმი და პლეხანოვი დაემსგავსა ერთმანეთს. ქალაქებმა დაკარგა ინდივიდუალობა, რაც რთულად გამოსწორებადია“.
რესპონდენტის თქმით, თუ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს საკუთარ ფასეულობებს მემკვიდრეობის სახით ან არ უნდა გააცნობიეროს, რადგან მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ინვესტიციები, ამ შემთხვევაში აუცილებელია საზოგადოების მწვავე რეაქცია თუნდაც კონფრონტაცია, რომ არ წაიშალოს ისტორიული მემკვიდრეობა. „საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, როგორ უნდა მიიღო ეკონომიკური ეფექტი ისტორიული მემკვიდრეობისგან, ამის კვლევა „ტბილისის ჰამქარმა“ გააკეთებინა ჰოლანდიელ სპეციალისტებს, თუმცა შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესს გაგრძელება არ მოჰყოლია“.