მთავარი,სიახლეები

უსკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა ხვალ გაიმართება

18.05.2016
უსკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა ხვალ გაიმართება

უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, 19 მაისს უმაღლესი საარჩენო კომისიის თავმჯდომარის და წევრის კენჭისყრა გაიმართება. უსკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ქარცივაძეა, წევრობის – მამუკა ჯაში, რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრის – ირაკლი ჯაშის შვილია.

„დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი, ამიტომ მე ამ საკითხის კენჭისყრაზე გატანას მხარი არ დავუჭირე.” – უთხრა “ბათუმელებს” თემურ კახიძემ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ.

“ბიუროს ამ გადაწყვეტილებით დაირღვა კანონი, რადგან კანონში პირდაპირ წერია, რომ უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრობისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ ორი კანდიდატურა. ერთი წევრისთვის კენჭისყრის უფლება უმაღლეს საბჭოს არ აქვს. ამით დასტურდება ნეპოტიზმი და ინტერესთა კონფლიქტი” – ამბობს უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”

ამ ფრაქციამ, ასევე ფრაქციებმა “თანასწორობამ” და “მაჟორიტარებმა” 12 მაისს საჯაროდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვეს, რომ არ დაუჭერენ მხარს დეპუტატის შვილს, ასევე დავით ქარცივაძეს, რომელიც პარტია “ქართული ოცნების” წევრია.

ბიუროს სხდომაზე უსკო-ს საკითხის კენჭისყრაზე გატანას მხარი არ დაუჭირა: “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ასევე თემურ კახიძემ “თავისუფალი დემოკრატებიდან”. დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა ამ ფრაქციის თავმჯდომარე სულხან ღლონტი. საკითხის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა „რესპუბლიკელმა“ გიორგი მასალკინმა.

17 მაისს, უმაღლესი საბჭოს წევრმა ირაკლი ჯაშმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაა არჩევნები ჩაატაროს უსკოს დღევანდელმა შემადგენლობამ.

„ქართულ ოცნებას“ 21-კაციან უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა აღარ ჰყავს. ორი დღის წინ დავით ბაციკაძემაც დაწერა განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნება-აჭარიდან“ გასვლასთან დაკავშირებით, თუმცა მეორე დღეს განცხადება უკან გაიტანა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: