მთავარი,სიახლეები

სასამართლო ურეცეპტოდ მედიკამენტების გაყიდვის საქმეს განიხილავს

16.05.2016
სასამართლო ურეცეპტოდ მედიკამენტების გაყიდვის საქმეს განიხილავს

„ვეთანხმები, ურეცეპტოდ გავცემდი და არც აფთიაქის სპეციალური აღრიცხვის ჟურნალში მქონდა გატარებული მედიკამენტები, მაგრამ არ ჰქონდათ წამლების წაღების უფლება“ – მიმართა მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს აფთიაქის „ლუგოს პლიუსის“ დირექტორმა, ნატო მესტვირიშვილმა. აფთიაქის სამართალდამრღვევად ცნობას, სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტო მოითხოვს, რომლის წარმომადგენელმაც 27 აპრილს გაფორმებული ოქმში დააფიქსირა 2817 ერთეული მედიკამენტის ურეცეპტოდ შენახვა და გაცემა, მათ შორის, 16 ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველია.

„ამ ქალბატონს ოქმის შედგენის დროს არ დაუფიქსირებია პრეტენზია და ხელი მოაწერა იმას, რომ ეთანხმება დაფიქსირებულ დარღვევებს“ – აღნიშნა სასამართლო პროცესზე სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იურისტმა, დავით ებრალიძემ.

აფთიაქის დირექტორმა მოსამართლეს წარმოუდგინა 21 აპრილს შეძენილი მედიკამენტების ანგარიშფაქტურა. მისი განმარტებით, მედიკამენტები მან თბილისში შეიძინა და ბათუმში 25 აპრილს დაბრუნდა. „მედიკამენტები არ იყო დახლზე, როგორც ამას სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს და ფსიქოტროპული მედიკამენტები არსად დევს დახლზე. აღრიცხვის ჟურნალში მისი გატარება დაგვიანდა იმიტომ, რომ ფარმაცევტი იყო შეუძლოდ. თბილისიდან ერთი საათის ჩამოსულიც კი არ ვიყავი, როცა სააგენტოს წარმომადგენლები დამადგნენ თავს. დარღვევები იყო, მაგრამ მედიკამენტები, რომ შეძენილი მაქვს, ამას ადასტურებს ანგარიშ ფაქტურები და მისი წაღების უფლება არ ჰქონდათ“ – განაცხადა ნატო მესტვირიშვილმა.

სააგენტოს იურისტის თქმით, კანონი მათ აძლევთ უფლებას, კანონდარღვევით შენახული მედიკამენტები აფთიაქის მფლობელობას ჩამოართვან და დალუქონ. ამავე აფთიაქში ურეცეპტოდ მედიკამენტების დარღვევის ფაქტი სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 8 აპრილსაც დააფიქსირა.

მოსამართლე ლევან მიქაბერიძე ამ საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოიტანს. სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში, აფთიაქი 6 ათასი ლარით დაჯარიმდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: