მთავარი,სიახლეები

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები კომპანიის წინააღმდეგ

16.05.2016 • 4039
შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები კომპანიის წინააღმდეგ

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლებმა შესაძლოა შპს „გუმბათს“ სასამართლოში უჩივლოს. მათი განცხადებით, მშენებელმა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები დაარღვია. გარდა ამისა, სახლის მაცხოვრებლებს, „გუმბათის“ მისამართით სხვა პრეტენციებიც აქვთ. მათი თქმით, კომპანიამ კორპუსის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი უკანონოდ მიისაკუთრა, სადაც ოფისის მშენებლობას აპირებს.

„პროექტის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში უნდა ყოფილიყო ვიდეოთვალები, ლიფტები დაუცველია და გაგვიქურდეს, ეზოში განათება არ დგას, საბავშვო მოედანი იქნებაო და არ არის,  ეზოში ფანტანი უნდა ყოფილიყო, არც ესაა. სახურავიდან წყალი ჩამოდის და თავიდან მოგვიწია რემონტის კეთება.  არ არის სახანძრო ნორმები დაცული.  ეზოდან გასასვლელი ვიწროა და სხვა  ბევრი პრობლემა აქვს. სამხარაულის ექსპერტიზა უნდა მოვიყვანოთ და შემდეგ შევიტანთ საქმეს სასამართლოში“- ამბობს სახლის მაცხოვრებელი, ლევან შოშიტაიშვილი.

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები

„ორი წელია აქ ვართ და ვუცდით დაპირებებს. გარდა ამ პრობლემებისა, ჩვენ 1000კ/მ მიწა გვერთმევა, ამ ისედაც ვიწრო ეზოში. „გუმბათის“ ერთ-ერთი მეწილე, კორნელი კემულარია აპირებს რომ ჩვენი კორპუსის წინ ააშენოს შენობა-ნაგებობა ჩვენს ეზოში. გვეუბნება რომ ეს მიწა იყიდა, მაგრამ ვისგან არ ვიცით. გვეუბნებიან რომ თუ მიწას დავთმობთ, მაშინ შეასრულებენ ჩვენს მოთხოვნებს“ – გვეუბნება ნინო ჭყონია.

„ამ სახლში ხუთი ბინა მაქვს შეძენილი. შეძენისას მითხრეს რომ სახლს ეყოლებოდა დამლაგებელი, ექნებოდა აუზი და დაცვა. სახლში ბინები ძალიან ძვირია, მაგრამ ის პირობები რაც ყიდვისას შემოგვთავაზეს სახლში არ არის. ვებ-გვერდზე რომ შეხვიდეთ დღემდე უდევთ რეკლამა, სადაც ამ ყველაფერზეა საუბარი“-გვეუბნება მეჰდი ჰეიდარი.

ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით, კორპუსის ამხანაგობის ყოფილმა თავმჯდომარემ, კომპანიის წარმომადგენელს ხელი არასწორ ნახაზზე მოუწერა: „როცა ნახაზი გააკეთეს, ათასი კვადრატული მეტრი მიწა, არასწორად შეიტანეს ნახაზში, რაზეც ამხანაგობის თავმჯდომარეს ზაზა ბოლქვაძეს  მოაწერინეს ხელი და მიისაკუთრეს“. ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, დასძენს რომ ამ საკითხს პროკურატურა გაარკვევს.

ლევან შოშიტაიშვილის თქმით, კორნელი კემულარია ეზოს ამ ნაწილის მითვისებას აპირებს

ლევან შოშიტაიშვილის თქმით, კორნელი კემულარია ეზოს ამ ნაწილის მითვისებას აპირებს

კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ შპს „გუმბათს“ პირობების შეუსრულებლობის გამო სასამართლოში უჩივლებენ, მიწის მიტაცების საკითხს კი შესასწავლად პროკურატურას გადასცემენ.

კომპანია „გუმბათის“ დირექტორის მოადგილე ლაშა ბალაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ კორპუსის მაცხოვრებელთა პრეტენზიები მიუღებელია.

„მე პირადად მსგავსი პრეტენზიები არ მომისმენია, რადგან ამ ეტაპზე ბათუმში არ ვიმყოფები. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ დაცვის სამსახური და ვიდეოთვალი, ხელშეკრულების პირობებში არ ეწერა. ლიფტებს რაც შეეხება, მათი  მოვლა-პატრონობა „ამხანაგობის“ უფლება-მოვალეობებში შედის და მათ უნდა გაეკონტროლებინათ ის ქონება, რომელიც ჩვენ გადავეცით.

წყალი თუ ჩამოდის და ვინმეს თუ კონკრეტული პრეტენზია გააჩნია, უნდა მოვიდეს ოფისში და ვისაუბროთ. 64 ათასი კვ/მ-ია ეგ სახლი და ასეთი ნიუანსები ხდება“.

საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი

საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი

რაც შეეხება ეზოს ნაწილის მითვისების საკითხს, ლაშა ბალაძე ამბობს, რომ მასთან „გუმბათს“ არანაირი შეხება არ აქვს.  „გუმბათი“  სახლის ტერიტორიაზე არანაირ მშენებლობას არ აწარმოებს.  კორპუსის მშენებლობა დაგვიკვეთა კორნელი კემულარიამ. სხვა მშენებლობის დეტალებზე ვერაფერს გეტყვით“-ამბობს ის.

კორნელი კემულარიას მობილური ამ დროისთვის გამორთულია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: