სამმართველოს უფროსი აჭარაში სასამართლოს გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით არ ასრულებს


აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას თავს არიდებს. 18 თებერვლიდან დღემდე სამმართველოს უფროსს – ვახტანგ წულაძეს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმის გამოსასწორებლად, რაშიც სასამართლომ ამხილა – სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება ქალის, რომელმაც მანამდე ერთ-ერთი თანამშრომელი სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა.

ვიდრე ვახტანგ წულაძე და აჭარის მთავრობა უმოქმედოდაა, დღითიდღე იზრდება იმ თანხის ოდენობა, რომელიც უკანონოდ გათავისუფლებულს ბიუჯეტიდან უნდა გადაუხადონ. ვახტანგ წულაძეს თავისი უკანონო გადაწყვეტილებისთვის ხალხის ჯიბის ხარჯზე ამ დროისთვის დაახლოებით 50 ათასი ლარი აქვს გადასახდელი.

ამ უმოქმედობას „მფლანგველობად“ აფასებენ მესამე სექტორში. „სახელმწიფო სახსრების მიმართ ასეთი მფლანგველური დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან უნდა იმსახურებდეს უმკაცრეს შეფასებებს და იწვევდეს, როგორც მინიმუმ, თანამდებობის პირთა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.

ანა სასამართლოში აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოდან გათავისუფლებული ქალის მ.მ.-ს ინტერესებს იცავდა. ვინაიდან ვახტანგ წულაძე სასამართლო გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით არ ასრულებს, მხარემ უკვე მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს – სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით შესასრულებლად. თუკი ვახტანგ წულაძე აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნასაც დუმილით უპასუხებს, მაშინ საქმე პროკურატურას გადაეცემა, სამმართველოს ანგარიშს კი, ინკასო დაედება და უკანონოდ გათავისუფლებულს მთლიანად აუნაზღაურდება განაცდური ხელფასი. ასევე პრემია, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოში გაიცემოდა სადღესასწაულოდ.

„ხელოვნური ბარიერის დაწესება და გაჭიანურება ამ პროცესის უარყოფითად აისახება თავად გარემოს დაცვის სამმართველოს რეპუტაციაზე“, – აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი: „სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არის დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით. ამ ბოლო დროს მკვიდრდება პრაქტიკა, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოები ითხოვენ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვას იმისთვის, რომ დაიწყონ საქმეზე აღსრულება. ეს არასწორია, რადგან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოდ შესასრულებელია ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის.“

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვას ელოდება ვახტანგ წულაძეც. მან `ბათუმელებს~ უთხრა, რომ ასე გაარკვევს კონკრეტულად რისი აღსრულება სურს ყოფილ თანამშრომელს: „ჩვენ შტატი არ გვაქვს და ამას დასჭირდება ცვლილებები, აღდგენა არის პრობლემა. მეტს ვერაფერს გეტვით, არ მაქვს დრო“.

18 თებერვლიდან ანუ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან დღემდე ვახტან წულაძეს არ მიუმართავს ოფიციალურად აჭარის მთავრობისთვის, ვისაც სამართლებრივად ექვემდებარება და ვინც მას ახალი შტატის დაშვების უფლება უნდა მისცეს, ასევე განაცდური ხელფასის გადასახდელად გამოუყოს თანხა.

ვახტანგ წულაძემ სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების დროს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის დილემის წინაშე აღმოჩნდა. ჩინოვნიკის „დილემის“ ამბავი აჭარის მთავრობასაც არ მოუკითხავს. „არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან აქამდე უცნობი იყო მხარის ნება, სურდა თუ არა მას სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება“, – გვითხრა დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა.

აჭარის მთავრობის ეს პასუხი უკვირს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტს, ანა ბერძენიშვილს: „სამი ინსტანციის სასამართლოში რის გამო ვიდავეთ აბა, თუ გადაწყვეტილების შესრულება არ გვინდოდა?“ ის უპასუხისმგებლობად აფასებს აჭარის მთავრობის დამოკიდებულებას.

რატომ არ რეაგირებს აჭარის მთავრობა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რითაც ჩინოვნიკის მხრიდან ჩადენილი უკანონობა დადასტურდა? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვაზე დავით გაბაიძემ გვიპასუხა, რომ მთავრობა ვახტანგ წულაძეს კითხვებს დაუსვამს, თუკი ის განაცდურის ასანაზღაურებლად ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას მოითხოვს, ან ახალი შტატის დაშვებას. „არ ვიცი, როგორ მოიქცევა აჭარის მთავრობა. ჩემი მოსაზრებით თუკი დაინტერესდებიან, ვიტყვი, რომ შესაფასებელია იყო თუ არა ამ შედეგის განჭვრეტა წინასწარ შესაძლებელი და როგორი იყო სასამართლოს პრაქტიკა“, – ამბობს დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

ნიშნავს თუ არა ეს პასუხი იმას, რომ აჭარის მთავრობა ვახტანგ წულაძისთვის პასუხის მოთხოვნას არ აპირებს, რადგან სასამართლომ ამ საქმეზე უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო [დღემდე სასამართლოს არ მოუთხოვია რომელიმე უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენა, ვისი შტატიც გაუქმებულია]? – ამ შეკითხვაზე დავით გაბაიძემ გვითხრა, რომ ის სასამართლო პრაქტიკას ამ კუთხით არ იცნობს.
„თანამდებობის პირებმა გადაწყვეტილების მიღების დროს უკეთ უნდა განჭვრიტონ ყველა მოსალოდნელი შედეგი, რაც შეიძლება გამოწვეულ იქნას მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. კანონი მათ ამომწურავად განუსაზღვარავს გადაწყვეტილების მიღებამდე არსებულ პროცედურებს. სამწუხაროდ, სწორედ ამ პროცედურების გვერდის ავლით მიღებული გადაყვეტილებები ხდება დავის საგანი და სასამართლო მათ აუქმებს. თუ თანამდებობის პირი კანონის მოთხოვნებს დაიცავს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ უკანონო გადაწყვეტილება მიიღონ“, _ მიიჩნევს საია-ს იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი.

„უღირსი საქციელი“ და „საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია“ – ეს „ბრალდებები“ ვახტანგ წულაძის გამოცემულ ბრძანებაში წერია, რომლითაც მან თანამშრომელი მ.მ. 2014 წლის იანვარში სამსახურიდან გაათავისუფლა. მანამდე სამმართველოს უფროსს ორსულმა ქალმა წერილით მიმართა და თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში ამხილა. უფროსის რეაგირება სამსახურიდან ქალის გათავისუფლებაში გამოიხატა – მას ვახტანგ წულაძემ საჯარო სამსახურის დისკრედიტაციაში დასდო ბრალი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი