მთავარი,სიახლეები

მუშებს საწარმოში არ უშვებენ – საპროტესტო აქცია ავეჯის საწარმოსთან

18.05.2016
მუშებს საწარმოში არ უშვებენ – საპროტესტო აქცია ავეჯის საწარმოსთან

ავეჯის საწარმოს “მაქროს” 70-მდე თანამშრომელი ამ დრომდე საპროტესტო აქციას მართავს და სამსახურში დაბრუნებას მოითხოვს. მათ საწარმოს ტერიტორიაზე აღარ უშვებენ. სამსახურიდან დათხოვნილი მუშები ამბობენ, რომ ისინი გუშინ გაათავისუფლეს, როცა პროტესტი გამოთქვეს კვების ხარისხთან დაკავშირებით.

„უკვე სამი წელია ამ საწარმოში ვმუშაობ, დღეში 12 საათი. ბოლო დროს ძალიან გააფუჭეს კვება და ეს გავაპროტესტეთ გუშინ, საჭმელი აღარ ვარგოდა. უცებ მოვიდა ხელმძღვანელი და გვითხრა, ვისაც არ მოგწონთ, დატოვეთ შენობაო. გვითხრეს, ხვალ დილით დაგელაპარაკებითო. დღეს დილით ჭიშკარი ჩაკეტილი დაგვხვდა, აღარ გვიშვებენ” – ამბობს “ბათუმელებთან” საწარმოს თანამშრომელი, გიორგი მიქელაძე.

“საწარმო ამ ადამიანებმა თავისი სურვილით დატოვეს. ამას ადასტურებს ვიდეოკამერის ჩანაწერები და მოწმეები. ამ პროტესტით საწარმოს ძალიან დიდი ზიანი მიადგა” – ამბობს “ბათუმელებთან” შპს “მაქროს” მთავარი კოორდინატორი, სოფო ვარშანიძე. მისი განმარტებით, დასაქმებულების კვებით უზრუნველყოფა დამსაქმებლის კეთილი ნებაა და ეს არაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა. “გათავისუფლდნენ თუ არა მუშები სამსახურიდან, ვინც პროტესტი გამოხატა?” – “ამ შეკითხვაზე სოფო ვარშანიძემ გვითხრა, რომ პასუხს კომპანიის იურისტი დღის განმავლობაში გაგვცემს. მისი თქმით, იურისტი ამჟამად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროცესს ესწრება.

გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, საწარმოში დასაქმებულებს ასევე არ აქვთ უფლება ისარგებლონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობით და სამსახური საღამოს 6 საათზე დატოვონ: “ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას იხდიან, მაგრამ უფლება არ გვაქვს არჩევანის, ძირითადად დილის 9-დან საღამოს 10 საათამდე ვმუშაობთ. ამას გარდა, ტუალეტშიც კი ვიდეო კამერები დაგვიყენეს. ამ ყველაფერზე გვინდოდა ხელმძღვანელებთან გვესაუბრა, მაგრამ არავინ გამოდის კონტაქტზე.“

საწარმოს წარმომადგენლის, სოფო ვარშანიძის ინფორმაციით, ვიდეოკამერა მხოლოდ საპირფარეშოს შესასვლელში, პირსაბანთანაა დამონტაჟებული და არა უშუალოდ კაბინაში: “ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, როცა მუშების ნაწილი დიდ დროს ატარებდა ტუალეტთან, იქ ეწეოდა და სამუშაო დრო იხარჯებოდა. რაც შეეხება ზეგანაკვეთურ შრომას, თითოეული საათი აღირიცხება და ყველა მუშაობს მხოლოდ საკუთარი სურვილის შემთხვევაში.”

საწარმო “მაქრო” ბათუმში, კახაბრის #48-ში სამი წლის წინ ამოქმედდა. საწარმო თურქული ინვესტიციით გაიხსნა და იქ 200-მდე ადამიანია დასაქმებული. საწარმოში დასაქმებულებს დღემდე არ აქვთ შექმნილი პროფესიული კავშირი.

13235678_1029849437062769_3087129893686668112_o

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: