აჭარის პოლიციაში დეტექტივების უფროსი ისევ შეიცვალა

შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად ვახტანგ ტერაშვილი დაინიშნა. ცვლილება 16 მაისისთვის განხორციელდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჭარის პოლიციაში დეტექტივების სამმართველოს უფროსი უკვე მესამედ შეიცვალა. ტერაშვილის დანიშვნამდე სამმართველოს ხელმძღვანელობდა გიორგი რევაზიშვილი, რომელიც ამ თანამდებობიდან დაახლოებით 2 თვის წინ გადადგა. როგორც შს სამინისტროში ამბობენ, ის სისტემამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიავლინა.

ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ხელმძღვანელი პირები რამდენიმე თვეში ერთხელ მაინც იცვლებიან. საზოგადოებისთვის უცნობია ცვლილებების მიზეზები. პოლიციელები, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებიან აჭარაში, საზოგადოებრივ სივრცეებში თითქმის არ ჩანან [იშვიათი გამონაკლისი იყო ვალერი თელია, რომელიც მედიასთან კომუნიკაციის უფლებასაც აძლევდა საკუთარ თავს და საზოგადოებასთანაც], ასევე თითქმის არაფერია ცნობილი მათი პროფესიული უნარებისა თუ განათლების შესახებ.

სარფში სამუშაოებისთვის კომპანია ქვიშა-ხრეშის ლიცენზიისგან დროებით გათავისუფლდა

სარფის სანაპირო ზოლში [პლაჟის გასწვრივ] მიმდინარე სამუშაოები, როგორც სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, მიმდინარე წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც სამუშაოები კვარიათის მიმართულებით გაგრძელდება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ აღდგენა-გამაგრების, ქვის ცვენისაგან დაცვისა და ფერდობების გამაგრების სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ სამი თვის ვადით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან.

კომპანიას უფლება მიეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 28 000 კუბ/მ ქვიშა-ხრეში, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტში 4870 ლარს გადაიხდის.

კომპანიის მიერ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს.

სარფში მიმდინარე სამუშაოების გამო, როგორც მშენებელ კომპანიაში განაცხადეს, მარტო  პლაჟის გასწვრივ, დაახლოებით 100 ათას კუბ/მ-მდე ბალასტის [ხრეშის] შეტანა განხორციელდა. გარდა ამისა, ხდება ბეტონის კუბებისა და ტეტრაპოდების ჩამოსხმაც.

15 წლის ჩოგბურთელი ქედიდან საქართველოს სახელით იასპარეზებს

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მცხოვრები 15 წლის ანრი დევაძე ერთ-ერთია საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ნაკრებიდან, რომელიც წელს ზაფხულში, ხორვატიაში დაგეგმილ ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.

ანრი დევაძე
ანრი დევაძე
წარმატების მისაღწევად ხუთი წელია, კვირაში რამდენიმე დღე სავარჯიშოდ სოფელ ვაიოდან ბათუმში დადის. მალე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით პირველად იასპარეზებს და ამისთვის ახლა საგულდაგულოდ ემზადება. სპორტის ამ სახეობით ადრეულ ბავშვობაში დაინტერესდა, მაშინ როდესაც მესამე კლასის მოსწავლეს სპორტის გაკვეთილებზე მასწავლებელი მაგიდის ჩოგბურთის თამაშს ასწავლიდა. თუმცა, სპორტი მისთვის ყოველდღიურობად მას შემდეგ იქცა, როდესაც სოფლის სკოლაში მაგიდის ჩოგბურთის სექცია გახსნეს.

„სოფელ ვაიოს სკოლაში, სადაც ვსწავლობ, ჩოგბურთის სექცია გახსნეს და მეც შევედი. ჩემთან ერთად ჯგუფში 7-8 თანასოფლელი მოსწავლე დადიოდა. აქ ერთი წელი ვსწავლობდი მაგიდის ჩოგბურთის თამაშს,“ – იხსენებს ანრი.

ვარჯიშის დაწყებიდან ხუთი წელი გავიდა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ტურნირებში დღემდე აჭარის ნაკრების სახელით ასპარეზობდა. აპრილში ეროვნულ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და ნაკრების წევრის ტიტულიც მოიპოვა. ეროვნული ნაკრების 12 სპორტსმენი ზაფხულში ევროპის საერთაშორისო ჩემპიონატზე, 12-15-წლიანთა კატეგორიაში იასპარეზებს. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ანრი იქნება.

აბობს, რომ მის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი სკოლის მწვრთნელს, იმედა მახაჭაძეს მიუძღვის: „სოფელში სექციის გახსნისა და ვარჯიშის დაწყებიდან ერთ წელში ჩემმა მწვრთნელმა სავარჯიშოდ ბათუმში ჩამიყვანა. მას შემდეგ ბათუმში ვვარჯიშობ. რომ არა იმედა, ვფიქრობ, დღეს ეროვნული ნაკრების წევრი არ ვიქნებოდი – ძალიან დამეხმარა და გზა მაჩვენა. ახლაც კარგი მწვრთნელი მყავს, გიორგი სარხოიანი მავარჯიშებს.“

ანრი ახლა მე-10 კლასის მოსწავლეა და სოფელ ვაიოს საჯარო სკოლაში სწავლობს. უნდა ეკონომისტი გამოვიდეს, ამიტომ მეცადინეობას ბევრ დროს უთმობს, რაც საშუალებას არ აძლევს ყველა დღე ვარჯიშს დაუთმოს – ბათუმში ჩავიდეს. ამას ყოველდღიურად მხოლოდ მაშინ ახერხებს, თუ ტურნირზე გასასვლელად ემზადება.

„ტურნირებამდე რამდენიმე დღით ადრე, თითქმის ყოველდღე, გაკვეთილების შემდეგ, ბათუმში მივდივარ, ორ საათს ვვარჯიშობ და მერე გვიან ღამით ისევ სოფელში ვბრუნდები. მეორე დღის გაკვეთილების მომზადების შემდეგ, ღამის 12 საათზე თავისუფალი ვარ და შემიძლია დავიძინო. ზოგადად, ჩოგბურთში კვირის გარდა ყველა დღეს ვვარჯიშობთ, მაგრამ ეს ყოველ დღე არ გამოდის. როცა წასვლას ვერ ვახერხებ, დილით 7 საათზე ვდგები და გაკვეთილების დაწყებამდე სკოლაში ვვარჯიშობ. რთულია ერთდროულად სპორტიც და სწავლაც, მაგრამ თუ მოინდომებ, გამოვა. ზოგი ამბობს, სოფელში თუ ცხოვრობ, ვერაფერს მიაღწეო, მაგრამ ასე არ არის, ბარიერებს სიზარმაცე ქმნის“, – ამბობს ანრი, – „რთულია ბავშვობა დაუთმო ვარჯიშს და არა თამაშს, მაგრამ ბავშვობაში ეს სირთულე ჩემმა სპორტის მასწავლებელმა, იოსებ მახაჭაძემ დამაძლევინა.“

ამბობს, რომ ყველაზე დიდი ფულადი ჯილდო, რაც დღემდე მიუღია, ბოლო გამარჯვებამ მოუტანა – 1500 ლარი და ეროვნული ნაკრების წევრობა:

„ვეცდები კარგი შედეგი ვაჩვენო ევროპის ჩემპიონატზე. რაც შეეხება მსოფლიოს, ჯერ ამაზე არ მიფიქრია, ეს ჩემი პირველი გასვლა იქნება ევრპოპის ჩემპიონატზე და რა, როგორ იქნება, წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია“.

ანრისთან ერთად, ეროვნული ნაკრების სახელით, ევროპის ჩემპიონატზე მაღალმთიანი აჭარიდან თაკო და მაგდა რიჟვაძეებიც იასპარეზებენ.

სასტუმრო WYNDHAM-ი და კაზინო „პრინცესა“ ძველი ფოსტის ადგილზე

სასტუმროსა და კაზინოს გახსნა ბათუმში ყოფილი ფოსტის შენობაში აგვისტოში იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული. შენობის მეპატრონემ მოლაპარაკება თითქმის დაასრულა Wyndham Hotel Group-თან, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელის მფლობელია. შენობის დასრულების სამუშაოების პარალელურად, კომპანიის მეპატრონეები სასტუმროში მუშაობის მსურველთა მონაცემებს აგროვებენ და გრანდიოზული პრეზენტაციისთვის ემზადებიან.

Wyndham Hotel Group-ი 1981 წელს დაფუძნებული ამერიკული კომპანიაა, რომელიც 55 ბრენდს და 7670 სასტუმროს აერთიანებს მსოფლიოში. ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ყოფილი ფოსტის შენობის მფლობელი კომპანიის – „აქთივ ბათუმის“ გენერალური მენეჯერის მამუკა ზაქარაძის ინფორმაციით, ყოფილი ფოსტის შენობაში სწორედ ამ ბრენდის სასტუმროს განთავსება იგეგმება.

მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, მამუკა ზაქარაძის თქმით, ამ ეტაპზე კომპანიის მენეჯმენტი საპრეზენტაციო ღონისძიებას ამზადებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება პომპეზური იქნება და მას მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებიან.
ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასტუმროს გახსნაზე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევას გეგმავენ, კომპანიაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ: „საქართველოს პრემიერ-მინისტრის კაბინეტისთვის ჯერჯერობით არ მიგვიმართავს. რა თქმა უნდა, პრეზენტაციას მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებიან. სტუმრებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გავასაჯაროვებთ“.

ახალი სასტუმრო 146-ნომრიანი იქნება. მათ შორის გათლისწინებულია 102 სტანდარტული, 41 დელუქსი, 2 ლუქსი და ერთი საპრეზიდენტო ნომერი. სასტუმროში საკონფერენციო და სადღესასწაულო დარბაზების, რესტორნების, ღამის კლუბის, ასევე სპა ცენტრის, აუზის, ვიტამინბარის და ადმინისტრაციული ოფისების მოწყობა იგეგმება.

ევროპის მოედანი, სასტუმრო და კაზინო ფოსტის ისტორიული შენობის ადგილას. ცაგო კახაბერიძის ფოტო
ევროპის მოედანი, სასტუმრო და კაზინო ფოსტის ისტორიული შენობის ადგილას. ცაგო კახაბერიძის ფოტო

სასტუმროსთან ერთად ექსპლუატაციაში შევა კაზინო „პრინცესაც“~, რომელიც, სავარაუდოდ, შენობის ისტორიულ ნაწილში განთავსდება. კაზინოს შენობას დაახლოებით 1 200 კვ/მეტრი დაეთმობა; კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, კაზინო სტუმრებს 24 საათის განმავლობაში უმასპინძლებს. კაზინოს სტუმრების განკარგულებაში უახლესი თაობის აპარატები იქნება. თუ რამდენი მაგიდა განთავსდება, ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია კომპანიას არ აქვს.

სასტუმროსა და კაზინოში ხუთასამდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. მენეჯმენტის ინფორმაციით, პერსონალის შერჩევა უკვე დაიწყო. „მსურველებს შეუძლიათ მოგვაწოდონ თავიანთი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე“, – ამბობს გენერალური მენეჯერი მამუკა ზაქარაძე.

კომპანიის გენერალური მენეჯერის განმარტებით, „კანდიდატებს გამოცდილებისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევების გათვალისწინებით შეარჩევენ. შემდეგ კი კომპანია შერჩეული კანდიდატების გადამზადებას გეგმავს“.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ყოფილი ფოსტის შენობა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ 2010 წელს ოფშორულ ზონაში ამავე წელს დაფუძნებულ კმპანიას „აქტივ ბათუმს“ 2 მილიონ 500 000 დოლარად მიყიდა. კომპანიის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ახალი ხელისუფლებაც იჩენს – რამდენჯერმე აპატიეს და გადაუწიეს ყოფილი ფოსტის შენობაში სასტუმროს გასხნის ვადები.
2016 წლის იანვარში ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ფოსტის შენობის ადგილზე სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობას თურქული ჰოლდინგი „მეტრო“ დაასრულებდა. კომპანიამ, რომელმაც მშენებლობა უნდა გააგრძელოს, მთელი ქონება [რაც „ფოსტის“ ადგილზეა] იპოთეკით დატვირთა. ქონების მეპატრონე კვლავაც კომპანია „აქთივ ბათუმია“. „აქტივ ბათუმმა“ ახალი სასტუმროს ასაშენებლად ექვს მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი

როგორია საქართველოში არასრულწლოვან გოგონებზე ქორწინების სტატისტიკა, რას ითვალისწინებს სასჯელი და ვინ და როგორ უნდა უზრუნველყოს ნაადრევი ქორწინების პრევენცია ქვეყანაში? – ამ თემაზე დისკუსია 26 აპრილს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა.

ეთერ თურაძე, ჟურნალისტი, დისკუსიის მოდერატორი: 16 წლამდე გოგოსთან ქორწინება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით ისჯება, რაც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ სხვა აღმკვეთი ღონისძიებები გამოიყენონ. პროკურატურის მონაცემებით, 2015 წელს 189-ჯერ დაიწყო გამოძიება 140-ე მუხლით. რეგიონების მხრივ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამ მიმართულებით გამოძიება დაიწყო 19-ჯერ, ხოლო ქვემო ქართლი მოწინავე პოზიციას იკავებს, იქ 67-პირის მიმართ არის ძიება დაწყებული.

ბოლო დროს გაიზარდა შეტყობინებების რაოდენობა სამართალდამცავ ორგანოებში, თუ სრულწლოვანი მამაკაცი ქორწინდება 16 წელს მიუღწეველ გოგონასთან. მაგალითად, 2015 წლის იანვარში მხოლოდ 2-ჯერ შევიდა შეტყობინება, ნოემბერში 38-მდე გაიზარდა, დეკემბერში კი 36 შეტყობინება დაფიქსირდა.

შესწავლილ იქნა სქესობრივი ურთიერთობის გზით პოტენციურ დაზარალებულთა ასაკი, 85 შემთხვევაში სრულწლოვანს სექსუალური კავშირი ჰქონდა 15 წლის პირთან, 53 შემთხვევაში – 14 წლის პირთან, 15 შემთხვევაში – 13 წლის პირთან, 6 შემთხვევაში – 12 წლის და 3 შემთხვევაში – 11 წლის პირთან. ამ მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ერთი ადამიანი დაისაჯა თავისუფლების აღკვეთით, მას 8 წელი მიუსაჯეს. ბრალდებული ამ შემთხვევაში იყო 58 წლის, ხოლო დაზარალებული – 12 წლის. პროკურატურის სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს 52 შემთხვევაში გაფორმდა საპროცესო გარიგება.

თამაზ ბაკურიძე, ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“:
ამ პრობლემასთან შეხება პირველად რამდენიმე თვის წინ მქონდა, როდესაც ხულოს რაიონის სოფელ კორტოხში მცხოვრებმა პაქსაძეების ოჯახმა მომმართა. ოჯახის ერთ-ერთი წევრი არასრულწლოვანზე დაქორწინდა, მან მითხრა, რომ ჰქონდა არჩევანი – გადაეხადა ფულადი ჯარიმა ან წასულიყო ციხეში. ჯარიმა – 4000 ლარი. ჩვენ მოვიწვიეთ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ამის შემდეგ, მეორე დღესვე გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ისინი დაიწყებდნენ აქტიურ კამპანიას მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ამ კანონის არსებობის შესახებ. ახლა ვდგავართ გოგიტა ხიმშიაშვილის პრობლემის წინაშე, რომელიც გახლავთ რამდენიმეგზის ჩემპიონი მკლავჭიდში, ცხოვრობს ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე.

დისკუსიის მონაწილეები
დისკუსიის მონაწილეები

პროკურორის თქმით, მასაც ან ფული უნდა გადაეხადა, ან ციხეში ჩამჯდარიყო. ამ შემთხვევაშიც იგივე გავიარეთ, საქმე კვლავ წარმატებით დასრულდა. ჩემი აზრით, 2016 წლის პირველ იანვრამდე ვინც არის დაქორწინებული, მათ არ უნდა შეეხოს ეს კანონი და უნდა შემუშავდეს რეგულაცია. ადამიანი, რომელმაც იცის, რომ კანონი მას რაღაცას უკრძალავს, საწინააღმდეგო ქმედებას არ ჩაიდენს, მითუმეტეს მაღალმთიან რაიონებში, სადაც უფრო კანონმორჩილი ხალხი ცხოვრობს. მე წინააღმდეგი ვარ იმათი დასჯის, ვინც უკვე დაქორწინებულია.

ჯუმბერ უნგიაძე, გინეკოლოგი:
შესაძლოა მოზარდს გარეგნულად ჰქონდეს ჩამოყალიბებული როგორც პირველადი, ისე მეორადი სასქესო ნიშნები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არის ზრდასრული. გოგოს სქესობრივად მომწიფების შემდეგ მისი მენჯის ძვლები იზრდება არაპროპორციულად, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნაადრევი გათხოვების. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ეს არის ძალიან ცუდი, ამ გოგონებს მშობიარობისას გართულებები 11-ჯერ მეტი აქვთ, ვიდრე ზრდასრულ გოგონებს. ესაა ტოქსიკოზები, წყლების ნაადრევი დაღვრა, სამშობიარო მოქმედებების სისუსტე და რაც ყველაზე ცუდია – ფარული ტრავმები.
მსოფლიო ჯანდაცვის სამინისტრო მშობიარობისთვის იდეალურად მიიჩნევს 21-დან 25 წლის ჩათვლით ასაკს. ეს არის ყველაზე რაციონალური ასაკი იმისათვის, რომ მოხდეს დაფეხმძიმება.

დისკუსიის მონაწილეები
დისკუსიის მონაწილეები


ციალა ქათამიძე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი აჭარაში:
2010 წელს საქართველოს მთავრობამ გამოსცა ბრძანება ბავშვთა დაცვის პროცედურების დამტკიცების თაობაზე, რომელშიც ყველა ტიპის ორგანიზაციას აქვს გარკვეული ტიპის ვალდებულებები. ეს გულისხმობს შეტყობინებას არასრულწლოვანთა დაქორწინების ფაქტების გამოვლინებაში. სამწუხაროდ, ეს კანონი ბოლომდე ვერ მუშაობს, გამომდინარე იქიდან, რომ განათლების სამინისტრომ ვერ მოახერხა ყველა საჯარო სკოლის ინფორმირება. თუმცა ის სტატისტიკა, რაც არსებობს, სწორედ ამ კანონის მეშვეობით არსებობს.

სახალხო დამცველის მთავარი რეკომენდაციაა, რომ შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა მოახდინონ ამ საკითხის პოპულარიზაცია და საზოგადოებამდე მიტანა, რომ არასრულწლოვანზე ქორწინება და მასთან სექსუალური კავშირი დანაშაულია.

მზიური ჯორღილაძე: რა თქმა უნდა, არასრულწლოვნები არ უნდა თხოვდებოდნენ, მაგრამ როცა ოჯახი ჰყავს და უკვე ორი შვილი, ოჯახის დაშლა მიუღებელია. თუ 2008 წელს ჰქონდათ ეს კანონი შემოღებული, რატომ არ იყო ძალაში. ჩემს დისშვილთან მიმართებაში, ბატონი თამაზი რომ ჩაერია, ეს ყველაფერი მოუხსნეს. აქამდე ვისაც კი ოჯახი აქვს შექმნილი და ჰყავთ შვილები, დაულოცოს სახელმწიფომ და კანონმა ის ოჯახები და სხვა პრობლემებს მიაქციონ ყურადღება, უკეთესი იქნება.

გიორგი გურგენიძე: ჩემი და არის არასრულწლოვანი და დაოჯახებული, მალე შვილს ელოდება. 4000 ლარს ვერ გადაიხდის მისი ოჯახი. მე მაინტერესებს, თუ კი მის ქმარს დააკავებენ, ვინ უნდა არჩინოს ოჯახი?

ციალა ქათამიძე: კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც მოხდა რაღაც პერიოდის წინ, როცა არ იყო ინფორმაცია ცნობილი, სავარაუდოდ დასრულდება ქმედების გამართლებით, მაგრამ კანონის არ ცოდნა არ ათავისუფლებს არავის პასუხისმგებლობისგან, მაშინ აზრი არ ექნება ამ კანონს.

ასლან ართმელაძე, სტუდენტი: 16 წლის გოგო, რომელიც თხოვდება და 16 წლის ბიჭი, რომელსაც ცოლი მოჰყავს, თვითონ გასაზრდელია და ბავშვს როგორ გაზრდის? ჩემს მშობელს, სანათესაოს სოფელში, უპრობლემოდ მიაჩნიათ, როცა 16 წლის გოგო/ბიჭი დაოჯახდება, იძახიან ეშველებათ რამე, ღმერთი მისცემს. არაფერი ეშველებათ, არ მისცემს ღმერთი. თუ ახალგაზრდამ არ ისწავლა, ატესტატი არ აიღო, თუ დიპლომი არ ექნება და მერე სამუშაოზე არ მოეწყო, მას ვერავინ არჩენს, ვერავინ გაზრდის.
ის ახალგაზრდები, რომლებმაც 16 წლის ასაკში ოჯახი შექმნეს, სკოლებში უნდა მივიდნენ და სხვებს უთხრან _ მე ეს შეცდომა დავუშვი და თქვენ აღარ დაუშვათ. კიდევ ერთი დიდი პრობლემაა _ სექსუალური თავისუფლება არ გვაქვს, ახალგაზრდებს არ აძლევენ უფლებას იარონ შეყვარებულებთან ერთად, ჰყავდეთ შეყვარებულები, ეს იწვევს აგრესიას და შემდეგ ისინი იპარებიან. სანამ მშობლები არ მიხვდებიან, რომ შვილებს სჭირდებათ შედარებით რბილი მიდგომა, 10-20 წლის შემდეგაც ვიკითხავთ, რა გვეშველება?

ნუგზარ ფუტკარაძე: ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მშობელი ვერ იქნება დამნაშავე, ეს პრობლემა მოდის განათლების სისტემიდან, რადგანაც მოზარდი იქ იღებს განათლებას და ინფორმაციას. ჩემი აზრით, სკოლაში უნდა იყოს სექსუალური ცხოვრების გაკვეთილები.

მარინა ბერიძე: უყვარდეთ ერთმანეთი, მაგრამ ნუ იქორწინებენ, თორემ თუ დარჩა მარტოხელა დედა, სახელმწიფოს მისი რჩენა უფრო გაუჭირდება. მარტოხელა დედა იცხოვრებს თავშესაფარში, ბიჭს ჩასვამენ ციხეში და აღარ გამრავლდება ერი.

სოფო კახაძე, სტუდენტი: 16 წლის ასაკში როდესაც ქმნი ოჯახს, არ გაქვს განათლება, სამსახური, ვის ხარჯზე აკეთებ ამას? მშობლების ხარჯზე და ყველაფერი სკოლას უნდა გადავაბრალოთ, მშობელმა კი მთელი პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნას?

დისკუსიის მონაწილეები
დისკუსიის მონაწილეები

სალომე ფუტკარაძე, სტუდენტი: საინფორმაციო კამპანია უნდა ეწარმოებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სკოლას. 15-დან 18 წლამდე ასაკი – ეს ის პერიოდია, როცა მოზარდები არიან სკოლაში და სკოლა არის ინფორმაციის გავრცელების კარგი გარემო. როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს კანონი მიიღო, მაშინვე უნდა დაწყებულიყო სკოლებში საინფორმაციო კამპანიის წარმოება. თუ სკოლებში გამოჩნდებოდა ბანერები დიდი წარწერით, რომ 16 წლამდე ქორწინება დანაშაულია და ამის გამო დაისჯებიან, ეს პრობლემაც შემცირდებოდა.

ედო მჟავანაძე, სტუდენტი:
არასრულწლოვანთა ქორწინების შემთხვევაში მხოლოდ ბიჭი ისჯება?

ციალა ქათამიძე: აქ არ არის საუბარი ქალსა და კაცზე. მამაკაცი ისჯება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქორწინდება არასრულწლოვან გოგონაზე.

ქეთევან წულუკიძე, მეათე კლასის მოსწავლე:
რამდენიმე დღის წინ ჩემი თანაკლასელი დაინიშნა და კანონის გათვალისწინებთ უწევს 2 წლით მოცდა. როცა ვკითხე, თუ რატომ გააკეთა ეს, მიპასუხა, რომ ჭორაობა აირიდა თავიდან. მე მაინტერესებს, ამის მაგალითზე, რამდენად გაამართლა ამ კანონმა?

ციალა ქათამიძე: მაგალითად, სახელმწიფო არასრულწლოვანს, რომელსაც არ აქვს მართვის მოწმობა და მაინც მართავს მანქანას, ორმაგად აჯარიმებს და ამ ადამიანმაც უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის დასჯადი ქმედება. მე ვფიქრობ, რომ მიღებული კანონი სამართლიანი და სწორია. და ერთიც, რომელი თქვენგანი დაჯდება ტრანსპორტში, რომელსაც მართავს არასრულწლოვანი?!

თამუნა თაბუკაშვილი, დისკუსიის მონაწილე:
აქ არის ადამიანი, რომელიც უკვე 7 თვის ფეხმძიმეა და არის სოციალურად დაუცველი. მაინტერესებს, რა ელოდება ამ ბავშვს ამ შემთხვევაში და მის მეუღლეს და რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა მარტოხელა დედა შემოდის?

ციალა ქათამიძე: სახელმწიფო არასრულწლოვნად მიიჩნევს კონკრეტული კატეგორიის ადამიანებს და ამ ადამიანებს აქვთ გარკვეული უფლებები შეზღუდული, არ არიან ჩამოყალიბებული და ადვილია ძალადობა მათზე, ამიტომ სახელმწიფოს აქვს მტკიცე ნება და იტოვებს უფლებას, რომ აკრძალოს მათი სამართლებრივ და სხვა ტიპის ურთიერთობებში შესვლა.

მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ბათუმის ოფისი:
გაეროს ბავშვთა ფონდის სტატისტიკის მიხედვით ჩამოგითვლით ქვეყნებს, სადაც ყველაზე მაღალია 18 წლამდე ასაკის ბავშვების გათხოვების და მათი შემდგომ დედობის მაჩვენებელი: ნიგერია-76%; ცენტრალური აფრიკის რესპულიკა-68%; ჩადი-68%; ბანგლადეში-65%; მალი-55%; გვინია-52%; სამხრეთ სუდანი-52%; მალავი-50%; მოზამბიკი-48%.
საქართველო არ შედის ამ რიცხვში, მაგრამ ყველას ხომ გვქონდა რეაქცია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჩამონათვალში ვართ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში.

დისკუსიის სრული ვიდეოჩანაწერი:

უმაღლესი საბჭოს ორი დეპუტატი არჩევნების ჩატარებას გერმანული მოდელით ითხოვს

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, „რესპუბლიკელი“ გიორგი მასალკინი და „ეროვნული ფორუმის“ წევრი, მერაბ აბაშიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ე.წ გერმანული მოდელით ჩატარებას მხარს უჭერენ.

„ვამზადებთ საკანონმდებლო ინიციატივას, უმაღლესი საბჭოს არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარების თაობაზე. მსგავსი საკითხის განხილვა დაწყებულია საქართველოს პარლამენტში. დღეს 12 საათზე გაიმართა კონსულტაციები დეპუტატებთან,  ასევე, კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ კანონპროექტის განხილვაში“- აცხადებს მერაბ აბაშიძე.

მისი თქმით, გერმანული მოდელი უფრო დემოკრატიულია ვიდრე არსებული და ხელს შეუწყობს ამომრჩეველთა ინტერესების რეალურ ასახვას.

„არსებული კანონით,  სახელისუფლებო პარტიას ყოველთვის აქვს  შესაძლებლობა მაჟორიტარული არჩევნების გზით, მიიღოს აბსოლუტური უმრავლესობა. ეს პრაქტიკა ჩვენი აზრით არ არის დემოკრატიული . გერმანული მოდელი კი გულისხმობს, რომ პარტიამ რომლემაც დააგროვა 30 პროცენტი, ამ ოდენობის შესაბამისი რაოდენობის დეპუტატები ეყოლება პარლამენტში“-ამბობს გიორგი მასალკინი. მისი თქმით, თუ საქართველოს პარლამენტი გერმანულ მოდელს არ მიიღებს, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია იძლევა შესაძლებლობას რომ არჩევნები ამ მოდელით ჩატარდეს.

 

შენიშვნა სიგარეტის ავტომანქანიდან გადაგდებისთვის

„ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ” – უთხრა „ბათუმელებს“ ლანა კიკავამ, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა. უწყება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც ჯუმბერ სურმანიძეს, სიგარეტის ავტომანქანიდან გადმოგდებისთვის, მხოლოდ შენიშვნა მისცეს.

„არ ვმალავ, მწეველი ვარ, მაგრამ ნაგავი მე არ გადმომიგდია მანქანიდან, მხოლოდ სიგარეტის ნამწვავი გადმოვაგდე. გთხოვთ, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მომცეთ და ნუ დამაჯარიმებთ” – მიმართა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს ჯუმბერ სურმანიძემ. მისი თქმით, ის ელექტრიკოსად თბილისში მუშაობს და ბათუმში სასამართლო პროცესისთვის ჩამოსვლაც ხარჯი იყო.

სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ჯუმბერ სურმანიძემ მიმდინარე წლის 8 მაისს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მოძრაობის დროს, ავტომანქანის სალონიდან ქუჩაში გადმოაგდო სიგარეტის ნამწვავი. მან გარემოს ზედამხედველობის წარმომადგენლების მიერ შედგენილ ოქმს ხელი მოაწერა.

„თუკი პირი ეჭვს გამოხატავს დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია მას წარვუდგინოთ ვიდეო მასალა, რომელსაც ინსპექტირების მანქანაზე დამონტაჟებული ვიდეო თვალი აფიქსირებს” – ამბობს ლანა კიკავა. მან მოსამართლეს სამართალდამრღვევისთვის ჯარიმის – 120 ლარის დაკისრება მოსთხოვა.

„დავუშვათ გამონაკლისი” – ამ ფრაზით დაასრულა საქმის განხილვა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ.  მან ჯუმბერ სურმანიძე სამართალდამრღვევად სცნო და მხოლოდ შენიშვნის მიცემით შემოიფარგლა.

ანალოგიურ საქმეზე, 10 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მოქალაქე მერაბ ცეცხლაძე 120 ლარით დააჯარიმა. 

 

28 ათასი ლარი 26 მაისის კონცერტისთვის

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,  ბათუმში „საოცრებათა პარკში“,  ქართველი მომღერლების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება. კონცერტზე დასწრება უფასოა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქორეოგრაფიული ანსამბლებიც. კონცერტისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 28 ათასი ლარია გამოყოფილი.

კონცერტზე ქართველი მომღერლები აჩიკო ნიჟარაძე, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, სოფო ხალვაში, ლიზა ბაგრატიონი და სხვა მომღერლები იქნებიან მოწვეული. ასევე, მსახიობი მურმან ჯინორია. კონცერტი, როგორც მერიაში აცხადებენ, ფეიერვერკით დასრულდება.

კონცერტამდე, დაგეგმილია იუნკერების მემორიალის შემკობა ყვავილებით, სასულე ორკესტრის მიერ შესრულდება საქართველოს ჰიმნი.

ღია მონაცემები და ღია მონაცემებზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა: კონცეფციები და გამოყენება [ანონსი]

25 მაისს, 11 საათზე, ბათუმის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გაიმართება მოხსენება თემაზე – “ღია მონაცემები და ღია მონაცემებზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა: კონცეფციები და გამოყენება”.

პრეზენტაცია შეიცავს ღია მონაცემების თეორიული ჩარჩოების მიმოხილვას – რამდენად შეიძლება ღია მონაცემების გამოყენება მონაცემებზე ორიენტირებულ ჟურნალისტიკაში ვიზუალიზაციის მეშვეობით და მონაცემთა გამოვლენის სხვადასხვა ინსტრუმენტს.

ასევე გაიმართება დისკუსია ინტერნეტ ცენზურის შედეგებსა და ჟურნალისტიკაზე, მონაცემების გაჟონვის შესახებ ქართული კონტექსტიდან.

მოხსენებას წაიკითხავს ერიკ ჯეკსონი, „ფულბრაიტის“ სტიპენდიანტი, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს პროგრამით იმყოფება.

დასწრება თავისუფალია.

 

 

ფოლკლორულ ფესტივალზე 14-მა ანსამბლმა გაიმარჯვა

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ფოკლორულ ოლიმპიადაში 2098 შემსრულებელი  და 102 ანსამბლი მონაწილეობდა. „მეორე ეტაპზე  48 ანსამბლი და 1193 შემსრულებელი გავიდა, ხოლო ფინალში 21 ანსამბლი. საბოლოოდ, 14 გამარჯვებული ანსამბლი, – შვიდი სიმღერაში და 7 ქორეოგრაფიაში გამოვლინდა.

ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაზე 14 გამარჯვებული ანსამბლი გამოვლინდა
ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაზე 14 გამარჯვებული ანსამბლი გამოვლინდა

სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებულ ანსამბლებს სამინისტრო სასცენო კოსტიუმებითა და აქსესუარებით უზრუნველჰყოფს.  „გარკვეულ ნომინაციებზე წარდგენილ ანსამბლებს და შემსრულებლებს კი წამახალისებელი საჩუქრები გადაეცემათ“.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ხვალ, 24 მაისს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში.

 

ცხოვრება 4 წლის შვილზე ძალადობის შემდეგ

მალხაზ მ. 4 წლის შვილის ცემის გამო სახელმწიფომ გაასამართლა – ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას ორწლამდე პირობითი სასჯელი მიუსაჯა, ის 4 მაისს გაათავისუფლეს პატიმრობიდან. მამას მეურვის გარეშე ბავშვთან მიახლოება აკრძალული აქვს. რა შეიცვალა 4 წლის ბიჭის და 31 წლის მამაკაცის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მათ ურთიერთობაში სახელმწიფო ჩაერია? – დრამატული ისტორიის მეორე მხარე.

მალხაზ მ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ორსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, ერთ ოთახში ცხოვრობს. აქვე ზრდიდა შვილსაც. ოთახში დგას ორი სკამი და ორი საწოლი – ერთ-ერთში 10 წლამდე ბიჭს სძინავს.

მალხაზ მ. ამბობს, რომ ეს ბიჭი მისი დისშვილია – და მუშაობს და ბიჭს მასთან ტოვებს.

თავად მალხაზის 4 წლის შვილი ახლა ბებიასთან ცხოვრობს, მამას მასთან მიახლოება სასამართლომ აუკრძალა. მართალია, მას უკვე შეუძლია მეურვესთან ერთად მოინახულოს შვილი, მაგრამ, ჯერჯერობით, ამას მაინც ვერ ახერხებს: „ჩემი შვილი ახლა დედის მხარეს არის. რაც გამოვედი, იმის შემდეგ არ მინახია. ტელეფონზე მითხრა, ჩემთან რატომ არ მოდიხარო. მე ავუხსენი, რომ არ მიშვებდნენ მასთან – მანამ, სანამ საქმე არ იყო დამთავრებული, აკრძალული მქონდა მისი ნახვა. ახლა ცარიელი ხელით ხომ ვერ მივალ შვილთან. რაღაც სამუშაო გამოჩნდება, ვიმუშავებ და ვნახავ… მითხრა, მოტოციკლეტი მიყიდეო. დავპირდი, რომ ვუყიდი. ერთი- ორჯერ ვიყავი სამუშაოზე, მაგრამ ეგ საკმარისი არ არის“.

მალხაზ მ.-ის თქმით, იმ სკანდალის შემდეგ ბიჭი სულ პოლიციას ახსენებს: „პოლიცია მეუბნება არ წახვიდე მამასთანო, მეუბნებიან დაგიჭერთო. მაშინ სტრესი მიიღო – მე რომ მიმიყვანეს ბაღში, მაგ დროს დაესივნენ პოლიციელები და სოციალური მუშაკები. ისეთი ბავშვია, ხალხმრავლობას ვერ იტანს. რომ დაესივნენ, ატირდა, მამა მინდაო, მაგრამ ჩემთან მოკარების უფლება არ მისცეს. ვეუბნებოდი, მიმიშვით ბავშვს დავაწყნარებ-მეთქი. არ ქნეს“.

31 წლის მამაკაცის თქმით, მისმა 4 წლის შვილმა იცის, „რომ მამა ციხეში იყო: ისიც იცის, რომ ფულს მთხოვდნენ, 3 ათას ლარს, გირაოსთვის. მერე გირაოს ფული არ გადამიხდია, პირობითი მომისაჯეს ორი წელი“.

DSCN0070

მალხაზ მ.-ს სტაბილური სამუშაო არ აქვს – ის ბათუმში ჩამოდის და მუშად მუშაობს. როგორც თვითონ ამბობს, თუ რამე დასატვირთი-გადმოსატვირთი გამოჩნდა. სეზონზე თურქეთში გადადიოდა თხილის საკრეფად, მაგრამ ორი წლის განმავლობაში ამას ვეღარ შეძლებს. ამბობს, რომ ძველებურად ისედაც ვეღარ მუშაობს: „პატიმრობის შემდეგ ერთი-ორჯერ გავედი, მაგრამ გული მეღლება. პატარა ამბავი ხომ არ იყო – ჩემი შვილი გავლახე, სურათები გადაუღეს, ფეისბუქზე დადეს“.

რა უფრო რთულად გადასატანი იყო – საკუთარი შვილის ცემისთვის დაპატიმრება თუ ის, რასაც მის შესახებ მედიაში ყვებოდნენ? – მალხაზ მ. ამბობს, რომ „ეს არის ამბავი, რომელიც სულ მასთან დარჩება“: „იმაზე უფრო ვნერვიულობდი, რომ ჩემს შვილს ხელი დავარტყი და კიდევ იმაზე, რომ საქვეყნოდ სახელი შემელახა – ყველგან წერდნენ მანიაკი მამაო. ტელევიზორში რომ გამომაჩინეს, ქუთაისში ვიყავი ციხეში და პატიმრებთან ერთად ვუყურე, ბავშვის სახე არ უჩვენებიათ, ბუნდოვნად ჩანდა. სიდედრი ჩანდა, ჩემი დები, მეზობლები… პატიმრებმა მკითხეს, ბავშვი ჩვენც გვიცემია და ისე როგორ სცემე, რომ დაგიჭირესო…

ვიცი, რომ დავაშავე. ვიცი, რომ ბავშვი არ უნდა მეცემა, მაგრამ სხვებიც, ყველა არასწორად მოიქცა – პოლიცია, სოციალურები, გაზეთები, ტელევიზიები. ადამიანის ღირსების, სახელის ასე შელახვა საშინელებაა. ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება დაანგრია, არ ვიცი, რა დრო უნდა გავიდეს, რომ ეს დავივიწყო – ეს საშინელი გრძნობაა. რატომ მილახავ ადამიანობას – რატომ მიწერ, რომ ყოველთვის ასე ვექცეოდი შვილს, – ვსვამდი, ვლოთობდი. რომ ვლოთობდე, შვილს ფასიანში [ბაღში] მივიყვანდი?“

მალხაზ მ. იხსენებს რამაც დააკარგვინა იმ ღამეს თავის კონტროლი და ბიჭს სასტიკად რატომაც გაუსწორდა: „მასწავლებელმა ბაღში მითხრა, ქალი რომ იყო გეტყოდი, კაცს როგორ გითხრაო, თითით უზრდელობას უკეთებდა ბავშვსო, მისმა მშობლებმა რომ გაიგონ, მე რა ვიციო. ეს რომ მითხრა, ძალიან ავღელდი, საიდან უნდა ესწავლა პატარა ბავშვს-მეთქი და ვცემე. მე იმიტომ დამყავდა ფასიან ბაღში, რომ ზრდილობა ესწავლა… მასე რომ არ ავეღელვებინე მასწავლებელს, ეს ამბავიც არ დამემართებოდა. მერე კი ვინანე, მაგრამ… ბავშვი ყოველ დარეკვაზე მეუბნება, მეტს აღარ ვიზამო. ახლაც მეუბნება, რომ მასწავლებელმა მომატყუა“.

სხვათა შორის დასძენს, რომ იმ კომერციული ბაღისთვის თებერვლისა და მარტის თვის გადასახადი – 80 ლარი წინასწარ ჰქონდა გადახდილი, მაგრამ თანხა ჯერ კიდევ არ დაუბრუნებიათ. „მეც არ მომიკითხია. არ მივდივარ, რამე მიზეზი არ მომიგონოს, რომ მიუვარდი ან რამე“, – ყვება მალხაზი.

მალხაზ მ. დარწმუნებულია, რომ თავის შვილთან ნდობის მოპოვება არ გაუჭირდება და სტრესს ბიჭი მასთან უფრო ადვილად დაძლევს, ვიდრე სხვასთან ერთად: „დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ტელეფონზე რომ ველაპარაკები, მთხოვს – მოდი, მოდიო. მე ვუთხარი, შენ მოდი-მეთქი და მე როგორ მოვიდე პოლიცია დამიჭერსო. ასეთმა ხმაურმა უფრო დიდ სტრესში ჩააგდო ბავშვი. მართალია, კანონით უნდა დაიცვა ბავშვთა უფლებები, მაგრამ არც ასეთ პანიკაში არ უნდა ჩააგდო“.

საც

მალხაზ მ. ცდილობს გაიაზროს, რა შეემთხვა მას, მის შვილს და რა როლი შეასრულა ამ ყველაფერში სახელმწიფომ. „მე ეს სირცხვილი არ გამინელდება, არც ეს განცდა. სულ გულში მექნება… ის მანუგეშებს, რომ ბავშვს უნდა ჩემთან და მეც შევეცდები უკეთესი ურთიერთობა მქონდეს“, – ამბობს მამა, რომელსაც იმ შემთხვევაში მისცემენ შვილის დაბრუნების უფლებას, თუ სოციალური სამსახური ამას დასაშვებად ჩათვლის.

მალხაზ მ.-ს მეუღლე მეოთხე წელია გარდაეცვალა: „ავად იყო, წამალი შეწყვიტა – ორსულობის დროს არ შეიძლებოდა და მერე აღარ გააგრძელა მკურნალობა. მე თურქეთში ვიყავი, თვითონ საავადმყოფოში დაიღუპა. ბიჭი 17 თვის რომ გახდა, იმის მერე სულ მე ვზრდიდი… რაც ესიამოვნებოდა, ყველაფერს ვყიდულობდი, დედის მხარეც, მეც. მაგისნაირი ჩაცმული აქ არავინ დადიოდა. შეიძლება დამეყვირა, ცემა… პირველი შემთხვევა იყო, მასე რომ გავბრაზდი. ღამით ვცემე, საღამოს… როგორი სიყვარული და ურთიერთობა გვქონდა, რომ დაგენახა, გაგიკვირდებოდა, ნეტა რა უთხრა მასწავლებელმა, რომ მაგ დონეზე აღელდაო. სულ ერთად ვიყავით, ვჭიდაობდით, ვთამაშობდით. ძმაკაცი ვეგონე, მამაშვილური ურთიერთობა არ გვქონდა, მისი ტოლი ვეგონე, მისი ჭკუის. მე ვაცვამდი, მე ვაჭმევდი. მარტოხელა ვიყავი და საჭმელსაც მე ვაკეთებდი, მე ვბანდი“.

სხვა მშობელი რომ სცემდეს ბავშვს და თქვენ დაინახოთ, როგორი რეაქცია გექნებათ? – ამ კითხვის პასუხად მალხაზ მ. ამბობს, რომ „პატარაზე მოარტყა ან ყურზე მოქაჩა… ყველა აკეთებს“. მაგრამ თუ დაინახავს, რომ „დიდზე არტყამენ, ჩავერევი და ვეტყვი, ნუ შვრები-მეთქი. სოციალურ სამსახურს ან პოლიციას არ დავურეკავ“.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ძალიან ბევრი  ბავშვია ძალადობის მსხვერპლი. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ტენდენცია შემცირდეს? – მალხაზ მ.-ს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვს. ერთი, რისი თქმაც დაზუსტებით შეუძლია არის ის, რომ „პირველ ჯერზე [ძალადობის], ალბათ, უკეთესი იქნება მშობელმა გაფრთხილება მიიღოს და თუ არ გამოსწორდება, მერე მიხედოს კანონმა. მე რომ გავეფრთხილებინე და ასეთი ამბავი არ ატეხილიყო, ჩემთვისაც კარგი იქნებოდა და ჩემი შვილისთვისაც. მეორე და მესამე ჯერზე თუ ხდება ეს, რა თქმა უნდა, უნდა დააკავო“.

მალხაზ მ.-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გამოიტანა. მსჯავრდებულს 2 წლის განმავლობაში არ შეეძლება საზღვრის გადაკვეთა, ასევე რეგულარულად პოლიციის განყოფილებაში უნდა გამოცხადდეს. სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით, შვილის ცემაში მხილებულ მამას ნაწილობრივ შეეზღუდა შვილის ნახვის უფლება – მას შვილთან დამოუკიდებლად, მეურვის გარეშე ურთიერთობის უფლება არ აქვს.

„ჩვენ დაველოდებით სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას, რომლის შემდეგაც ბავშვის მეურვე ბიძია გახდება. მან უნდა იზრუნოს ბავშვის უსაფრთხოებასა და განვითარებაზე. ბავშვი ამჟამად დედის მხრიდან ბებიასთანაა და კარგად გრძნობს თავს“, – გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის განყოფილების სოციალურმა მუშაკმა თამარ ღუნიაშვილმა. მისი განმარტებით, მამას მას შემდეგ აღუდგება სრულად მშობლის უფლება, თუკი სააგენტოს რომელიმე დაინტერესებული მხარე მიმართავს. ამ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია შეისწავლოს გარემო, სადაც ბავშვს ცხოვრება მოუწევს და გადაწყვეტილება ისევ სასამართლომ უნდა მიიღოს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია მსჯავრდებულის ადვოკატი, მერი ცინარიძე: „ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იყო, რადგან ბავშვს დედა არ ჰყავს. ყველა მტკიცებულებით დასტურდებოდა, რომ ბავშვის ცემას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი და მამის ურთიერთობა შვილთან არ არის საფრთხის შემცველი“.

პროკურორი გიორგი რამიშვილი ბრალდებულისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელის შეფარდებას ითხოვდა. ოჯახური ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი სამწლიანი პატიმრობაა.

მოწმეების დაკითხვა ქობულეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების საქმეზე

ქობულეთში გასული წლის 10 მაისს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. პროკურატურა სასტუმრო „არმაზის“ მფლობელს, ზაზა ართმელაძეს უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც პირთა სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„რატომ დაკითხეთ მოწმეები ღამის საათებში“? – ეს შეკითხვა დაცვის მხარის ადვოკატებმა თითქმის ყველა პოლიციელს დაუსვეს, ვინც დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა. პოლიციელები და დეტექტივ-გამომძიებლები განმარტავენ, რომ გვიან ღამით ადამიანები გადაუდებელი აუცილებლობის გამო დაკითხეს.

„რა აუცილებლობა იყო ღამით დაკითხულიყო, მაგალითად, სასტუმროს დამლაგებელი, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს“? – კითხა მოწმე პოლიციელს, ომარ გოგმაჩაძეს ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ. პოლიციელის განმარტებით, ტრაგიკული შემთხვევის გამო, თავად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

ზაზა ართმელაძის ადვოკატების მტკიცებით, მოწმეთა ჩვენებების დიდი ნაწილი კანონდარღვევით არის მოპოვებული, რის გამოც იგი არ უნდა გაიზიაროს მოსამართლემ.

მოწმე სამართალდამცველებმა აღწერეს, რა ინფორმაცია მიიღეს დაკითხული ადამიანებისგან. გამომძიებელ ოლეგ გოგიტიძის თქმით, მან ელექტროსადენებიც ამოიღო სასტუმროს მესამე სართულიდან, სადაც გარდაცვლილი ბავშვები იპოვეს.

2015 წლის 10 მაისს, ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ხანძარს რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ „სიხარული 2“-ის წევრი სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბრალდებული ზაზა ართმელაძე მოსამართლე ირაკლი შავაძემ წინა სასამართლო სხდომაზე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

უმაღლესი საბჭოს სამი ფრაქცია აჭარის მთავრობის წინააღმდეგ

აჭარის უმაღლეს საბჭოში, სამმა ფრაქციამ –  „თანასწორობა“, „მაჟორიტარები“ და „ნაციონალური მოძრაობა“  აჭარის მთავრობის იმჩიპმენტის პროცედურა დაიწყო.

ამის თაობაზე განცხადება დღეს, 23 მაისს  აჭარის უმაღლეს საბჭოში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ზამბახიძემ გააკეთა.

„მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო დღეს, ბოლო წლების განმავლობაში მთავრობის უმოქმედობისა და უუნარობისათვის, მხოლოდ საკუთარ ინტერსებზე მორგებული საკადრო პოლიტიკისა და კორუფციული გარიგებებისათვის, ასევე უმნიშვნელოვანესი ინვესტიციების განუხორციელობლობისათვის, შეჩერებული პროექტებისთვის, საკადრო პოლიტიკის გამო.  ასევე, უმაღლესი საბჭოს მიმართ არასწორი და არაგონივრული ნაბიჯების გადადგმისათვის და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის პარტიულ-ნათესაური ნიშნით წარმოდგენისათვის“- აცხადებს პეტრე ზამბახიძე.

პეტრე ზამბახიძის განცხადებით კულმინაცია იყო მთავრობის თავმჯდომარისგან წამოყენებული კანდიდატურა უსკოს თავმჯდომარისა და წევრის შესარჩევად, სადაც ნათესავი და პარტიის ყოფილი წევრი ან პარტიული აქტივისტი  (კვაჭაძე, ქარცივაძე, ჯაში) წარმოადგინა.

„გარდა ამისა, შეჩერებულია სტადიონი და თანხები მათ ანგარიშზე დევს, გაზიფიკაციის პროცესი ზემო აჭარაში დაწყებულიც კი არ არის, იპოთეკით დაზარალებულები რომ კვლავ აწყობენ აქციებს და ის რაც ხელისუფლებამ დაპირდა მათ, შეუსრულებელია, ეკომიგრანტების საკითხი უნდა მოგვარებულიყო და დაპირება არ შეუსრულეს და ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც მოსახლეობას შეეხება.

დოკუმენტი დღეს გავუგზავნეთ უმაღლესი საბჭოს ბიუროს, სადაც ჩამოწერილია ყველა მიზეზი რის გამოც გამოვუცხადეთ უნდობლობა“-აცხადებს ის.

პეტრე ზამბახიძის თქმით, მთავრობის იმპიჩმენტის საკითხი 16 ივნისის სხდომაზე განიხილება და კენჭისყრა ფარული იქნება.

„თავისუფალი საქართველოს“ და „ახალი მემარჯვენეების“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

დღეს 23 მაისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ და „ახალი მემარჯვენეების“  საკონსტიტუციო სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სარჩელი შეეხებოდა საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტს, რომელიც ამბობდა, რომ უფასო პოლიტიკური რეკლამა საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში უნდა ჰქონოდა მხოლოდ იმ კატეგორიის პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტზე მეტი და  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 4 პროცენტზე მეტი.

თუ პოლიტიკური სუბიექტები არჩევნებში მონაწილეობდნენ როგორც ბლოკის წევრები, უფასო პოლიტიკურ რეკლამას  იმ შემთხვევაში იღებდნენ, თუ ისინი იყვნენ ბლოკის პირველი ან მეორე წევრები.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი მხოლოდ მეორე ნაწილში დაკმაყოფილდა.

პირველ ნაწილში, სადაც საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს ამორჩეველთა ხმების 3 და 4 პროცენტის მიღებას,  გადაწყვეტილება ძალაში რჩება, რადგან სასამართლოს მიაჩნია, რომ  სარეკლამო სივრცე არის ამოწურვადი რესურსი და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ვერ ექნება უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელეთა პოზიცია და დაადგინა, რომ  პოლიტიკურ ბლოკში მონაწილე სუბიექტებს, არ აქვს მნიშვნელბა პირველი იქნება ის თუ მეათე, უფასო  ეთერის, (ყოველ სამ საათში 90 წამი) სარგებლობის უფლება აქვს.

„ამ თვალსაზრისით დიფერენცირება არ იყო გამართლებული და ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა“- აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

საატესტატო გამოცდებზე 5 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდები ქართულ ენასა და  უცხო ენაში დასრულებულია, მთლიანობაში 5 ათასზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა ბარიერი (5,5). ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძის შეფასებით, წელს უფრო მეტია  ჩაჭრილი მოსწავლეების რიცხვი, ვიდრე გასულ წელს იყო.

მოსწავლეები ამჟამად ოთხ გამოცდას აბარებენ. ქართული, უცხო ენა, ისტორია და მათემატიკა. ქართულ ენასა და უცხო ენაში გამოცდა უკვე ჩატარდა, დღეს 23 მაისს მოსწავლეები ისტორიას აბარებენ, ხვალ კი მათემატიკას.

„გარდა ამისა, ამავე პერიოდში  იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ვერ დაძლიეს მე-11 კლასის ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიისა და ბიოლოგიის გამოცდები, აქვთ შესაძლებლობა, რომ  ეს გამოცდები ჩააბარონ წელს, ამას დაემატა ექსტერნებიც და ამათი ერთობლიობა შეადგენს 47 ათას მოსწავლეს“.

ივა მინდაძის ინფორმაციით, თითოეულ გამოცდას მოსწავლეების სხვადასხვა რაოდენობა წერს, „დაალოებით 42 ათასი წერს  ქართულს, ისტორიას და ა.შ. და ქიმიას და ფიზიკას, ცხადია, ამდენი არ წერს.

ქართულის გამოცდაზე 42 ათასზე მეტი მოსწავლე გავიდა, 1000 მოსწავლე კი არ გამოცხადდა გამოცდაზე. ქართულ ენაში 97-მა პროცენტმა გადალახა ბარიერი, 85-მა კი უცხო ენებში.

საატესტატო გამოცდები 25 მაისს დასრულდება და საბოლოო შედეგები მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ქედის გამგებელი: დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონისა და გულშემატკივრების წინაშე

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემთან“ დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და გამგეობის პოზიცია ოფიციალურად დააფიქსირა.

„როგორც იცით 10 მაისს, ხობის „კოლხეთსა“ და ქედის „ბეთლემს“ შორის გამართულ მატჩში ქედის „ბეთლემი“ ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა შედეგის წინასწარ დაგეგმვაში ამხილა, რის გამოც გუნდი ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგიდან იქნა დაქვეითებული, დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო 4 ფეხბურთელსა და მწვრთნელ-ასისტენტს სამუდამოდ აეკრძალათ საფეხბურთო სფეროში მოღვაწეობა.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მე, როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი, ვარ საშინლად იმედგაცრუებული მომხდარის გამო, მიუხედავად არა ერთი მცდელობისა გამგეობის მხრიდან, გუნდი შენარჩუნებულიყო და ღირსეულად ეასპარეზა პირველ ლიგაში, გავატარეთ ბოლო პერიოდში რეორგანიზაცია და ქმედითი ნაბიჯები, თუმცა შედეგი ამბიციური პირების გამო დღეს სავალალოა.

ვინაიდან მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელი და რეპუტაცია უმთავრესი ღირებულებაა დღევანდელი მმართველი გუნდისთვის, არავის ეპატიება მსგავსი საქციელის ჩადენა. ამ ეტაპზე ყოველგვარი შეფასებისაგან თავს შევიკავებთ, რადგან დღეიდან გამგეობამაც დაიწყო შიდა მოკვლევა. როგორც ცნობილია საქმეს იძიებს შს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურები და გპირდებით, რომ გვექნება კონსტრუქციული თანამშრომლობა მათთან.

მოკვლევის შემდეგ, ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ არავის მიმართ ვიქნებით ლოიალურები და დამნაშავეები აუცილებლად აგებენ პასუხს კანონისა და ყველა იმ ქედელი გულშემატკივრის წინაშე, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ქომაგობდნენ ქედის „ბეთლემს“ – განაცხადა დავით დუმბაძემ.

წიგნის ფორმის დახლები ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, ბულვარში წიგნის ფორმის სასუვენირე დახლები განთავსდება. „ახალი, ორიგინალური დიზაინის ჯიხურები ექსკლუზიურად, ბათუმის ბულვარისთვის შეიქმნა, რომელიც ძველ ვერცხლისფერ ჯიხურებს 1 ივნისიდან ჩაანაცვლებს“.

ახალ კონსტრუქციას, სიმბოლურად წარწერა აქვს – „ Boulvard 1881“ და „Batumi“
ბულვარის ტერიტორიაზე სულ 30 ასეთი დახლი განთავსდება. მომავალი წლისთვის კიდევ რამდენიმე მსგავსი ჯიხურის დამატება იგეგმება.

წიგნის ფორმის დახლები ბათუმის ბულვარში
წიგნის ფორმის დახლები ბათუმის ბულვარში

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ჯიხურების დიზაინის ესკიზი, ბულვარის ადმინისტრაციის დიზაინერ სალომე შავაძეს ეკუთვნის: „სუვენირებით მოვაჭრეები ჯიხურებში ვაჭრობის უფლებას აუქციონში გამარჯვების შემდეგ მოიპოვებენ“.

„ბათუმის ბულვარს“ 30  დახლის შესყიდვაზე 120 ათასი ლარიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული.

ისტორიები მაღალმთიანეთიდან – პროექტი, რომელმაც ადამიანების ცხოვრება შეცვალა

16 წლის გაათხოვეს…
მხოლოდ საჯარო სკოლის დამთავრება მოასწრო…
არ უყვარდა… მაგრამ ამდენი წლის თანაცხოვრებამ თავისი ქნა…
22 წელია ოჯახს უძღვება… ახლა 38 წლის არის…
შემოდგომა-ზამთარს ხულოში ატარებს, ზაფხულში პირუტყვი მიჰყავს მთაში, სხვა თანასოფლელი ქალების მსგავსად… ორი შვილი გაზარდა. უფროსი უკვე სტუდენტია.

აზა აბულაძე (2)
აზა აბულაძე

აზა აბულაძე ხულოში ცხოვრობს, მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად. მისი მსგავსი ისტორია აქ ბევრს აქვს – ადრე გათხოვება, საშუალო განათლება, სახლის საქმე, შვილების გაზრდა,  ოჯახის მოვლა… მიიჩნევს, რომ ადრე გათხოვება დიდი ტვირთია; რომ კარგი განათლება ქალებს უფრო სჭირდებათ, ვიდრე კაცებს,  ცხოვრებამ რომ არ დაჩაგროს.

„მაშინ სხვა დრო იყო, ვინ გაცლიდა სიყვარულს, 16 წლის გამათხოვა ოჯახმა, ჩემი თაობის ქალების უმეტესობა 15-16 წლის ასაკში ვართ გათხოვილი, სკოლის დამთავრება ძლივს მოვასწარით“, – ერთი შეხედვით სევდიან ისტორიას ღიმილით ყვება.

მთელ იმედებს შვილებსა და მათ თაობაზე ამყარებს. უფროსი ვაჟი, გიორგი, წელს სტუდენტი გახდა, ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სწავლობს საზღვაო აკადემიაში და გრძელვადიანი გეგმები აქვს თავის რეგიონთან დაკავშირებით. მიაჩნია, რომ ოჯახის ადრეულ ასაკში შექმნა სწორი არ არის; რომ კარგი განათლება ქალებისთვის და კაცებისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. მის სწავლას კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ აფინანსებს. გიორგის მიაჩნია, რომ ეს ის შანსია, რომელიც ცხოვრების მნიშვნელოვნად შესაცვლელად მიეცა და ყველაფერს გააკეთებს, რომ საკუთარი განათლებით რეგიონს სარგებელი მოუტანოს.

გიორგი საცხოვრებლად ბათუში გადავიდა მამიდასთან, ახლა ოჯახში ხუთნი არიან: დედა, მამა, უმცროსი ძმა, ბებია და ინგლისური ენის მასწავლებელი, რომელიც ადგილობრივ სკოლაში უცხო ენას ასწავლის. გიორგი მხოლოდ შაბათ-კვირას მიდის ოჯახში, ახლა თავის თანამოაზრე სტუდენტებთან ერთად პროექტზე მუშაობს, რომელიც რეგიონის ეკონომიკური კუთხით განვითარებას ისახავს მიზნად. იმედი აქვს, რომ დაფინანსებას მოიპოვებს და ხულოს დაეხმარება.

აზასაც სჯერა გიორგის, სჯერა, რომ ერთ დღეს მისი შვილის თაობა მნიშვნელოვნად შეცვლის ამ რეგიონის ხვალინდელ დღეს.

ზურაბ მახარაძე 2
ზურაბ მახარაძე

54 წლის ზურაბ მახარაძე სოფელ მახალაკიძეების სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას უკვე 30 წელია ასწავლის. გაკვეთილების შემდგომ ოფიციალურ ტანისამოსს იცვლის და სახელოსნოსკენ სამუშაო სამოსით მიემართება. თავდაპირველად მარტო მუშაობდა, არც თანამედროვე დანადგარები ჰქონდა. ახლახან კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებული ტრენინგები გაიარა მცირე ბიზნესის განვითარებაზე, მის მიერ მომზადებულმა ბიზნესგეგმამ მოწონება დაიმსახურა და კომპანიამ ხის საამქროს მოსაწყობად საჭირო ყველა დანადგარი შეუძინა.

აკეთებს ნივთებს ტურისტებისთვის, ამავდროულად სახლის ასაშენებლად საჭირო ყველა მასალის დამზადებაც შეუძლია. დაკვეთებიც ნელ-ნელა მატულობს  სამუშაოს ხარისხიანად შესრულებასთან ერთად.

ხის საამქროში უფროსი ვაჟიც ეხმარება თავისუფალ დროს. ის აბიტურიენტია, შესაბამისად, დრო ცოტა აქვს. მასაც რამდენიმე თანასოფლელის მსგავსად ტურიზმის ფაკულტეტზე სურს ჩაბარება. პირველ რიგში უცხო ენის საფუძვლიანად შესწავლას აპირებს, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს ესწრებოდა, სადაც ინგლისური ენის მასწავლებელი, ამერიკელი მაიკლი უცხო ენაზე თავისუფლად კომუნიკაციას ასწავლიდა უფროსკლასელებს. მიაჩნია, რომ მხოლოდ ერთი ენის ცოდნა მის მომავალ საქმიანობაში საკმარისი არ არის; რომ მაღალმთიან აჭარას ტურიზმის მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ადგილობრივები, რომლებიც კარგ განათლებას მიიღებენ, ამ საქმეს ყველაზე კარგად გაუძღვებიან. უნდა, რომ კარგი განათლება მიიღოს არამარტო საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც.

ზურაბს სჯერა, რომ მისი საწარმო კიდევ უფრო გაძლიერდება და შეძლებს შვილის ფინანსურ მხარდაჭერას. მიაჩნია, რომ წარმატებისთვის თავდაუზოგავი შრომაა საჭირო და ძალ-ღონეს არ დაიშურებს.

ვაჟა ფუტკარაძე
ვაჟა ფუტკარაძე

„სოფელი აძლიერებს ქალაქს, თუ სოფელმა წელი ვერ გაიმაგრა, ქალაქი დასუსტდება, დასუსტებული ქალაქი კი ქვეყანას უკან წაიყვანს“.

ვაჟა ფუტკარაძე დაბა შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში რამათეს უბანში ცხოვრობს. მეუღლე ადგილობრივ სკოლაში ფიზიკა-ქიმიას ასწავლის. მათ 28-30 წლის ქალ-ვაჟს საკუთარი ოჯახები აქვთ და დამოუკიდებლად ცხოვრობენ. მეფუტკრეობას 5 წელია რაც ხელი მიჰყო, თუმცა ადვილი არ აღმოჩნდა. რამდენიმე ოჯახი დაეღუპა, ბოლოს როგორც იქნა მოამაგრა და დღეს უკვე 42 სკა აქვს. ყველაზე დიდ სიამოვნებას ფუტკრის მოვლა ანიჭებს, შედეგი ახარებს. მუდმივად ცდილობს ყველას გამოკითხოს ამ საქმიანობაზე, ინტერესმა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებულ მეფუტკრეობის ტრენინგებზე მიიყვანა.

„ბევრი რამ სხვაგვარად დავინახე – ახლა ვხვდები, რატომ დამეღუპა ამდენი ფუტკრის ოჯახი, ცოდნა გვაძლიერებს, გვამაგრებს, ბევრ რამეს ნიშნავს. საკუთარ შეცდომებზე სწავლა რთულია“, – აღნიშნავს მეფუტკრე.

ტრენინგებზე, რომლებიც ფუტკრის მოვლა-გამრავლების თანამედროვე მეთოდების შესწავლას ისახავს მიზნად, საჩუქრად ფუტკრის ოჯახები, სკები და საჭირო აღჭურვილობა მიიღო.

წლევანდელი გაზაფხულიდან თაფლიც მეტი აქვს და ბათუმში მცხოვრები შვილის დახმარებასაც მეტად ახერხებს, როგორც პროდუქტით, ასევე ფინანსურად. მიიჩნევს, რომ ქვეყნის გასაძლიერებლად სოფელმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს. „აგურ-აგურ შენდება ქვეყანა, ყველა როცა თავის საქმეს კარგად აკეთებს, ერთი დიდი შედეგიც ეგ არის“, – ამბობს ვაჟა ფუტკარაძე.

გიორგი ფუტკარაძე 2
გიორგი ფუტკარაძე

გიორგი ფუტკარაძე შუახევის რაიონში ცხოვრობს, ოჯახში ექვსნი არიან. ოჯახი ადრე შექმნა – 38 წლის ასაკში უკვე სამი შვილის მამაა. მარიამი 19 წლის არის, ქეთევანი – თექვსმეტის, ოთარი კი – ცხრის. ფიქრობს, რომ ძალიან გაუმართლა 21 წლის წინ არჩევანი თავის მეუღლეზე რომ  შეაჩერა, ოჯახის ადრე შექმნას არ ნანობს, თუმცა შვილების ცხოვრებაში ჩარევას არ აპირებს; მიაჩნია, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ – თუ ადრე დაქორწინებას გადაწყვეტენ, ხელს არ შეუშლის. მიაჩნია, რომ ამ ნაბიჯმა განათლების მიღებას ხელი არ უნდა შეუშალოს.

„მე რაც შემეძლო, ვასწავლე, გზა გავუკვალე, მარიამი  უკვე სრულწლოვანია, თავად უნდა გადაწყვიტოს, რა აჯობებს მისთვის. მე ვერაფერში ჩავერევი“.

მარიამი ტურიზმის ფაკულტეტზე სწავლობს შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, მის სწავლას კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ აფინანსებს, მარიამის სურვილია მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებას შეუწყოს ხელი.

გიორგის გული სწყდება, რომ თავად უმაღლესი განათლება ვერ მიიღო, უნივერსიტეტში გამოცდები ჩააბარა, მაგრამ მამის ავადმყოფობის გამო სწავლას თავი დაანება, ოჯახს სჭირდებოდა. დღეს გიორგი „შუახევიჰესის“ მშენებლობაზე მუშაობს. ბათუმში სახლი აქვს, თუმცა თავისი სოფლიდან წასვლას არც პროექტის დასრულების შემდგომ აპირებს. საქმეს გამონახავს, პროექტში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ამაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. ამბობს, რომ ხედი მისი ფანჯრიდან ერთ ცხოვრებად ღირს და რაც მთავარია, მამა-პაპის კერა არ უნდა გაცივდეს.

ხულოს და შუახევის სამედიცინო პუნქტებს პირველადი სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 23 მაისს,  სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების თემის სამედიცინო პუნქტებს პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებს, გლუკომეტრის აპარატებს, გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს და წნევის საზომ აპარატებს გადასცემს.

სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში მედიკამენტებსა და სადიაგნოსტიკო საშუალებებს 46 თემის სამედიცინო პუნქტი, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტში 39 თემის სამედიცინო პუნქტი მიიღებს.

„მიმდინარე წელს, სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 783 400 ლარს შეადგენს. პროგრამით ასევე გათვალისწინებულია თემის სამედიცინო პუნქტების მედდების ხელფასით უზრუნველყოფა.

პროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლის მოსახლეობას, ექიმამდელ სამედიცინო დახმარებას 230 მედდა აწვდის. 2016 წლის I კვარტლის მონაცემებით სამედიცინო მომსახურება გაეწია 35 638 სოფლის მცხოვრებს“.

იზრუნეთ გულზე – როდის უნდა მიმართოთ ექიმს

კარდიოლოგია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ის ადგილია, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ. ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კვალიფიციური კარდიოლოგების გუნდი დღეში 24 საათის მანძილზე, კვირაში 7 დღე მუშაობს იმისათვის, რომ პაციენტებს დახმარება ევროპული სტანდარტების დაცვით, უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით აღმოუჩინოს.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ინტერვენციული კარდიოლოგი სოსო სიხარულიძეა, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი ამბობს, რომ კარდიოლოგიური მიმართულება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ლოკომოტივია, სწორედ იმიტომ, რომ რეგიონში ამ მიმართულებით სამედიცინო სერვისების ნაკლებობა შეინიშნებოდა, გულის პათოლოგიების მაღალი მაჩვენებლის ფონზე.

სოსო სიხარულიძე
სოსო სიხარულიძე
„გულის იშემიური პათოლოგია რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, არის წამყვანი. ეს გახლავთ მიოკარდიუმის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია და ასე შემდეგ. პაციენტთა მომართიანობაც ყველაზე ხშირად ასეთ შემთხვევებზე მოდის. ამას მოსდევს არითმოლოგიური პრობლემები და გულის ქრონიკული და მწვავე უკმარისობების შემთხვევები. შემიძლია გითხრათ, რომ კარდიოლოგიური მიმართულება ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფს ყველა ძირითადი კარდიოლოგიური პათოლოგიის დიაგნოსტირებას, მკურნალობას და ამბულატორიულ ზედამხედველობას. გულის იშემიური დაავადებების, არითმოლოგიური და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების, გულის თანდაყოლილი პათოლოგიების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და ზედამხედველობა შესაძლებელია ჩვენთან როგორც ენდოვასკულარული, ასევე ულტრაბგერითი დიაგნოსტიკით, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად,“ – ამბობს სოსო სიხარულიძე.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ინვაზიური კარდიოლოგიის დეპარტამენტში ხორციელდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე მეთოდებითა და აპარატურით. გულის კათეტერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია ბოლო თაობის Ge innova 3100 ანგიოგრაფიული აპარატით და ტარდება შემდეგი პროცედურები: კორონაროგრაფია, კორონარული ინტერვენცია; პერიფერიული ანგიოგრაფია; პერიფერიული ინტერვენცია. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებს დაუყოვნებლივ უტარდებათ სიცოცხლის შემანარჩუნებელი პროცედურა – ბალონური ანგიოპლასტიკა და კორონარული სტენტირება.

რა სიმპტომები მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს შეიძლება გულის პათოლოგიები აწუხებდეს? სოსო სიხარულიძის თქმით, პირველ რიგში, ეს არის ტკივილი გულმკერდის არეში და ჰაერის უკმარისობა: „პაციენტმა ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ნებისმიერი სახის ტკივილი გულმკერდის არეში არის საყურადღებო და ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, ეს არის გულის ტკივილი, თუ გულმკერდის არეში არსებული სხვა ტკივილი: ნევრალგიული, გასტრალგიური და ა.შ.“ – ამბობს ექიმი.

სოსო სიხარულიძე
სოსო სიხარულიძე

რაც შეეხება გულის შეძენილი პათოლოგიების პრევენციას, სოსო სიხარულიძე ამბობს, რომ ნებისმიერი შეძენილი პათოლოგიის პრევენცია შესაძლებელია და პირველ რიგში, ესაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, დროული ვიზიტი კვალიფიციურ ექიმთან და სპეციალისტის მითითებების შესრულება. „პრევენციით ამ დაავადებების გადავადება ან საერთოდ თავიდან არიდება შესაძლებელია. ასევე, კარდიოლოგიურ დაავადებებზე საუბრისას მნიშვნელოვანია გენეტიკური ფატქორის გათვალისწინება. ადამიანი, რომელიც გენეტიკურად განწყობილია ამ დაავადებებისადმი, ანუ გულის პათოლოგიური დაავადება აქვს დედას, მამას ან ოჯახის სისხლით ნათესავებს, გაცილებით უფრო დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ჯანმრთელობას,“ – ამბობს სოსო სიხარულიძე.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში თანამედროვე კვლევების საფუძველზე ხდება შემდეგი ნოზოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

არითმია
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
კარდიომიოპათია
კორონარული არტერიების დაავადება
გულის უკმარისობა
გულის სარქვლოვანი პათოლოგიები
არტერიული ჰიპერტენზია
ინფექციური ენდოკარდიტი
მიოკარდიტი
პერიკარდიტი
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია
პერიფერიული არტერიების დაავადებები

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში. ჰოსპიტალში მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.

ჰოსპიტლის ლოგომისამართი: ბათუმი,
გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა #14
ტელეფონი: 0422 21 33 33
ელფოსტა: info@iuhb.ge
ვებგვერდი: www.iuhb.ge

თაფლი “ჰილტონ ბათუმის” მეოთხე სართულიდან

სასტუმრო „ჰილტონ ბათუმის“ მეოთხე სართულზე ფუტკრის ოთხი ოჯახი ცხოვრობს. ფუტკრებზე, რომლებიც ბულვარისა და ექვსი მაისის პარკში არსებული ყვავილების ნექტრით იკვებებიან, მეფუტკრე ზრუნავს. მას შემდეგ, რაც თაფლს პირველად მიიღებენ, „ჰილტონ ბათუმის“ სტუმრებს შეეძლებათ უშუალოდ სასტუმროში მომზადებული, ნატურალური, ქართული თაფლი დააგემოვნონ. თაფლის რეალიზაციისგან მიღებული თანხა კი მთლიანად საქველმოქმედო მიზნებს, რეგიონში მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარებას მოხმარდება.

„ჩვენი ფუტკრები მეგობრულები არიან, არავის ერჩიან“, – ამბობს „ჰილტონ ბათუმის“ გენერალური მენეჯერი სტიუარტ ნელსონი და სასტუმროს მეოთხე სართულის ტერასაზე სკებს გვაჩვენებს, სადაც „ჰილტონის“ ფუტკრები ცხოვრობენ. ეს ტერიტორია მთლიანად მათ განკარგულებაშია, ტერასა 6 მაისის პარკსა და ბათუმის ძველ ბულვარს გადაჰყურებს, სადაც ფუტკრები მაისის ყვავილების ნექტარს აგროვებენ.

ხუთვარსკვლავიან სასტუმროში თაფლის წარმოების იდეა ეკუთვნით „ჰილტონ ბათუმსა“ და მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამას, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით.

„საქართველოში თაფლის წარმოების უძველესი ტრადიცია არსებობს და ამის წარმოჩენასა და რეკლამირებაში გვინდა მივიღოთ მონაწილეობა.

„ჰილტონ ბათუმმა“ ფუტკრები მიიღო, როგორც ადგილობრივი კულტურისა და წარმოების ნაწილი და გადაწყვიტა რამდენიმე ოჯახი განეთავსებინა სასტუმროს ღია ტერასაზე. ჩვენს სასტუმროში გვაქვს თაფლის კუთხე, სადაც აჭარის ცხრა ხეობაში წარმოებული თაფლია წარმოდგენილი, მაგრამ გადავწყვიტეთ, სასტუმროშიც გვეწარმოებინა თაფლი, რადგან ეს პროდუქტი სასტუმროს საუზმის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია. ასევე გვინდა თაფლის თემა გამოვიყენოთ ქართული პროდუქტის რეკლამირებისთვის. ეს ნაწილობრივ სოციალური პროექტია, რადგან სასტუმროში წარმოებული თაფლით მიღებული შემოსავალი ქველმოქმედებაში დაიხარჯება – რეგიონში მცხოვრები მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის. ხანდახან მარტივი ყოველდღიურობა შეიძლება იქცეს კარგ ისტორიად, „ჰილტონის“ თაფლის ისტორია ამის მაგალითია“, – ამბობს სტიუარტ ნელსონი.

თაფლის კუთხე ჰილტონ ბათუმში
თაფლის კუთხე ჰილტონ ბათუმში

„ჰილტონ ბათუმში“ ამბობენ, რომ მათი ფუტკრები უწყინარნი და უვნებელნი არიან ყველასთვის.

„საოცარი სანახავია, როგორ შრომობენ ისინი. მეფუტკრემ ხელიც კი მოკიდა რამდენიმე მათგანს და გადაიყვანა, რომ დედა ფუტკარი ეჩვენებინა~, – ამბობს „ჰილტონ ბათუმის“ გენერალური მენეჯერი.

„ჰილტონ ბათუმში“ თაფლის წარმოების იდეა მოკლევადიანი არ არის. იდეის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში სასტუმრო გეგმავს ქართული თაფლი, რომლის ეტიკეტზე მითითებული იქნება, რომ თაფლი სასტუმრო „ჰილტონშია“ დამზადებული, სტუმრებს შესთავაზოს შემოწირულობის სანაცვლოდ, რომელიც ქველმოქმედებაში დაიხარჯება.

ჰილტონ ბათუმის მეფუტკრე
ჰილტონ ბათუმის მეფუტკრე

„ეს ჩანაფიქრი გვეხმარება პატარა ბავშვები უკეთესი ცხოვრებით უზრუნველვყოთ. „ჰილტონ ბათუმის“ გუნდი და მისი პარტნიორები ცდილობენ მცირედი მაინც გააკეთონ საქართველოსათვის. ამ და უამრავი სხვა იდეით „ჰილტონ ბათუმი” იწყებს ქართული სტუმარ-მასპინძლობის სითბოს გავრცელებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით“ – ამბობს სტიუარტ ნელსონი.

სასტუმრო „ჰილტონ ბათუმი“
სასტუმრო „ჰილტონ ბათუმი“

სახალხო დამცველი ქობულეთის მოსახლეობას შეხვდება

დღეს 23 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ქობულეთის მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრა 15:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

ამავე ინფორმაციით, უჩა ნანუაშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ჩასვლასაც აპირებს.

სახალხო დამცველი ხვალ, 24 მაისს ბათუმში იქნება, სადაც შეხვედრას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საღამოს კი შეხვედრა დაგეგმილია აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან.

კარატეში მსოფლიო თასის მფლობელი საქართველოა

საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი, რომელიც ბათუმის სასპორტო სკოლის დარბაზში მიმდინარეობდა, დასრულდა. პარალელურად ჩატარდა მსოფლიო თასის გათამაშებაც კარატეში. აჭარის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტის გოჩა სურმანიძის ინფორმაციით კარატეში მსოფლიო თასზე პირველი ადგილი [ოქროს მედლების რაოდენობით] საქართველომ დაიკავა, მეორე ადგილზე გავიდა თურქეთი, ხოლო მესამეზე – აზერბაიჯანი.

ბათუმელი სპორტსმენები, რომლებიც პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ კარატეში:

პირველი ადგილი –

ნიკა გოგუაძე, ირაკლი მოსიძე, გიგი ქედელიძე, ბესო ჩხიკვაძე, დავით პეტრიძე, ანრი ბაგრატიშვილი;

მეორე ადგილი – 

ლუკა კეჭეყმაძე, მურადი ბინალიევი, მიხაბი ბინალიევი, ბექირ ბინალიევი, საბა სურმანიძე;

მესამე ადგილი –

დათო კახიძე, გიორგი მიქაძე, საბა გაბრიჩიძე, ნიკა გორგილაძე, ზურა გორგილაძე, რატი ბაღოშვილი, ბექა ბერაძე.

კარატეში პირველ ადგილზე გავიდნენ ასევე ბათუმელები: დიანა კახიძე, თეონა ხერიმიანი და მარი მიქელაძე.

სასპორტო სკოლის შენობაში მიმდინარე საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე დღეს ფინალური შეხვედრები გაიმართა.

ფინალური შეხვედრები საბრძოლო ხელოვნების ფესტივალზე [ფოტო]

ბათუმში, სასპორტო სკოლის შენობაში მიმდინარე საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე ფინალური შეხვედრები იმართება.

გუშინ, 21 მაისს, საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც 30-მდე ქვეყანა მონაწილეობს, ქართველმა კარატისტებმა ხუთი ოქროს მედალი მოიპოვეს. გუშინვე, ფესტივალს ყატარის პრინცესა შეიხა ბინთ ჰამად ალთანი დაესწრო. 

 საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე

საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე

 საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
 საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
 საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
 საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
 საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
 საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
 საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
 საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
 საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე

სად გაივლის აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროხაზები

აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიან ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში, ინდური კომპანია KEC-ი ააშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის. პირველადი მონაცემებით, ბუფერულ ზონაში 50 ოჯახი მოხვდება. მშენებლობა 2018 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. ამ ხაზით ახალაშენებული ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ერთ სისტემაში მოქცევა და თურქეთისთვის მიწოდება იგეგმება.

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი აჭარაში ორ ეტაპად აშენდება. მშენებლობის პირველი ეტაპი რამდენიმე დღეში ხელვაჩაურიდან დაიწყება. გაწერილი გეგმის მიხედვით, ელექტროენერგიის გადამცემი ახალი სისტემა წლის ბოლოსთვის 50 კილომეტრ მანძილზე მოეწყობა, შუახევამდე. მშენებლობის მეორე ეტაპი კი 2017 წელს დაიწყება და ქსელის მშენებლობა შუახევიდან ახალციხემდე გაგრძელდება. მეორე ეტაპზე გადამცემი ხაზი 100 კილომეტრზე განთავსდება.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განმარტავენ, რომ განსახლების გეგმა კორექტირების ფაზაშია [ძველი გეგმით მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი აჭარაში 46 სოფელს გადაკვეთს]. ამ სოფლებიდან შუახევის მუნიციპალიტეტში გაყვანილობა ოთხ სოფელს: ზედაყანს, ბესელაშვილებს, ხიჭაურსა და კლდისუბანს მოიცავდა, ქედის მუნიციპალიტეტში კი 30 სოფელს ეხებოდა: გობრონეთს, გოგიაშვილებს, კოკოტაურს, დანდალოს, ცხმორისს, კვაშტას, წონიარისს, ზესოფელს, აბუქეთას, მოსიაშვილებს, ჯალაბაშვილებს, ვაიოს, ზვარეს, ტიბეთა-კანტაურს, ბალაძეებს, ტაკიძეებს, გულებს, ხუნდუკას, ზენდიდს, ცხემნას, კორომხეთს, პირველ მაისს, კოლოტაურს, მახუნცეთს, ქვედა ბზუბზუს, ბზუბზუს, ნამლისევს, ქოსოფელს, დოლოგანსა და ჭალახმელს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ელექტროგადამცემი ხაზს უნდა გადაეკვეთა 12 სოფელი – მაღლაკონი, კაპნისთავი, აჭარისწყალი, ხერთვისი, კიბე, ერგე, ზედა ერგე, ზედა ჯოჭო, ქვემო ჯოჭო, ნიკიტაური, კაპანდიდი და დაბა ხელვაჩაური.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი სულხან ზუმბურიძე ამბობს, რომ ახალი 220-კილოვოლტიანი ხაზი ძველს არ ჩაანაცვლებს.

„ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი არა მარტო ბათუმისთვის, არამედ მთელი აჭარისთვის. ყველას ახსოვს ალბათ, რამდენიმე წლის წინ განვითარებული მოვლენები, როდესაც ხაზები, რომლებიც ბათუმს კვებავდა, დაზიანდა და ბევრი პრობლემა შეიქმნა. პროექტის დასრულების შემდეგ აჭარის ელექტრომომარაგება იქნება მაღალ დონეზე გამართული და უსაფრთხო. არსებულ ხაზებს დაემატება ახალი, ორჯაჭვა, 220-კილოვოლტიანი ხაზი თავისი ინფრასტრუქტურით, რომელსაც შუახევიჰესი, მომავალში კი კორომხეთჰესი მიუერთდება, რომელიც ქედაში აშენდება. რაც შეეხება აჭარისწყლის ჰესს, ის ცალკე, სხვა ხაზით მიუერთდება სისტემას. ქსელს გამოვიყენებთ შიდა მოხმარებისთვის, ხოლო ელექტროენერგია ექსპორტზე თურქეთში სხვა ხაზებით გავა,“ – განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. „დგ კონსალტინგის~ პროექტით ელექტროგაყვანილობის ქსელს ტენდერში გამარჯვებული კომპანია KEC-ი ააშენებს.

„პროექტის განხორციელებისთვის მსოფლიო ბანკმა 33 მილიონი დოლარი გამოყო, ტენდერი 40 მილიონზე გამოვაცხადეთ, რომელიც ინდურმა კომპანია KEC-მა 33 მილიონით მოიგო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ კომპანიას სხვადასხვა სამუშაოსთვის ქვეკონტრაქტორები ჰყავს დაქირავებული, მათ შორის – ქართული კომპანიები. თუმცა ხაზის მშენებლობის დასრულების ვალდებულება 2018 წლის დასაწყისისთვის ჩვენ წინაშე KEC-ს აქვს აღებული. საკმაოდ კარგი გამოცდილების კომპანიაა – მასთან ერთად 2013 წელს 300 კილომეტრზე 500-კილოვოლტიანი ხაზი ავაშენეთ,“ – ამბობს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი.

წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ბუფერულ ზონაში 50-მდე საცხოვრებელი სახლი ხვდება, ელექტროგაყვანილობის ხაზი კი 1000-ზე მეტი მესაკუთრის მიწის ნაკვეთს გადაკვეთს. ხაზის ასაშენებლად კომპენსაციას მესაკუთრეებს საქართველოს ელექტროსისტემა გადაუხდის. ელექტროსისტემაში განმარტავენ, რომ განსახლების გეგმის კორექტირება ხდება და ამ დროისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ განსახლება ქედაში ორ ოჯახს, ხელვაჩაურში კი 13 ოჯახს შეეხება. ამდენივე ოჯახს ეხება განსახლება ბათუმში, თუმცა დაზუსტებით რამდენ ოჯახსა და ვის მოუხდება საცხოვრებელი სახლის დატოვება მუნიციპალიტეტებში, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

„მოქალაქეებმა მიწის მესაკუთრეობის ცნობა უნდა წარმოადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპენსაციას ვერ მიიღებენ. კომპენსაციის ოდენობას რაც შეეხება, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით დავიქირავეთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია, რომელმაც შეაფასა მიწებისა თუ შენობა-ნაგებობების ღირებულება. მათ მიერ წარმოდგენილი საკომპენსაციო პაკეტი მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ დასამტკიცებლად, ამ დროისთვის მხოლოდ პაკეტის ნაწილია დამტკიცებული,“ – ამბობს სულხან ზუმბურიძე.

ვიდრე ქსელის მშენებლობა დაიწყება, მოსახლეობა სოფლებში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს და ხაზების ადგილმონაცვლეობას ითხოვს. მსგავსი მოთხოვნით აქციები გასულ კვირას ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს მოსახლეობამ გამართა. ადგილობრივების თქმით, თუ ახალი ხაზი გავა, სოფელს პრობლემა შეექმნება. მოსახლეობის მტკიცებით, ქედაში ხაზები საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სოფლის გზებზე უნდა გავიდეს. სოფელი ხაზის ადგილმონაცვლეობას ითხოვს.

მოსახლეობის შეშფოთებას, რომ ახალი ელექტროგაყვანილობის ხაზები პრობლემებს შექმნის, უსაფუძვლოდ მიიჩნევს სულხან ზუმბურიძე. ის ამის დასტურად მთავრობის 336-ე განკარგულებას ასახელებს: „საცხოვრებელი სახლისა თუ შენობა-ნაგებობის განთავსება, ანძის განაპირა მანძილიდან 25 მეტრში არ არის რეკომენდებული, რასაც ვითვალისწინებთ. ჩვენ გვაქვს როგორც 220 კვ-იანი, ასევე 500 კვ-იანი ხაზები და პრობლემა არ შექმნილა. არ მესმის შეშფოთების მიზეზი რა შეიძლება იყოს“.

ელექტროსისტემაში განმარტავენ, რომ თუ ოჯახი თანხის სანაცვლოდ მიწას არ დათმობს, კანონის შესაბამისად იმოქმედებენ; „ჩვენი ამოცანაა, პროექტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ავაშენოთ. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ იმაზე მეტ თანხას, რაც კანონითაა დადგენილი, ელექტროსისტემა ვერ გადაიხდის“.

პროექტის მიხედვით, ელექტროგადამცემი ხაზის მინიმუმ 80% სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და სავარგულებზე გავა – ბათუმიდან ახალციხემდე სულ 151 ანძა, 150-600 მეტრი მანძილის დაშორებით მოეწყობა.

ამავე თემაზე:

ბათუმი-ახალციხის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო ქონების გამოსყიდვა იწყება

ვინ მიიღებს კომპენსაციას აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო

ვის შეეხება ახალი 220-კილოვოლტიანი ქსელის მშენებლობა

 

ადელის სტადიონის ადგილზე სასტუმრო კომპლექსი „Twin Tower“-ი აშენდება

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ყოფილი ადელის სტადიონის ტერიტორიაზე,  საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო კომპლექსი „Twin Tower”-ი აშენდება. სასტუმრო კომპლექსი მრავალფუნქციური იქნება და მის ტერიტორიაზე განთავსდება-რესტორნები, კაფეები, სავაჭრო-გასართობი ცენტრები, ღია და დახურული აუზები, ღია და დახურული ტერასები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, სპა-სალონი, კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო სათამაშო მოედნები, საკონფერენციო დარბაზები და ავტოსადგომები.

მორიგი ახალი სასტუმრო კომპლექსის საინვესტიციო ღირებულება, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 120 მილიონი დოლარია. „მშენებლობას ქართული კომპანია „ორბი ჯგუფი“ ახორციელებს. კომპლექსი „Twin Tower“ ორ 45-სართულიან კორპუსს აერთიანებს, სადაც 4 500 სასტუმრო ნომერი განთავსდება. კომპლექსი მსოფლიოში მე-6 აგილზე იქნება სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ. იგი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონში განთავსების ადგილების გაზრდასა და ტურიზმის განვითარებაში. სასტუმრო კომპლექსის „Twin Tower” –ის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და 19 თვეში დასრულდება. მშენებლობის პროცესში 1500, ხოლო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 3000 ადგილობრივი დასაქმდება,“ – აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღეს, 22 მაისს, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე,  ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და მთავრობის სხვა წევრები.

დაახლოებით თვენახევრის წინ, „ბათუმელებს“ „ორბი ჯგუფში“ უთხრეს, რომ „ადელის“ ტერიტორიაზე სასტუმრო ან/და საცხოვრებელი აპარტამენტების აშენება კონცეფციის დონეზე განიხილებოდა და კონკრეტული პროექტი ჯერ არ იყო.

13220646_1205181696181871_3713325078287135118_o
მშენებლობის დაწყების ცერემონიალი / ფოტო: აჭარის მთავრობა

მოსახლეობა გამხმარი ევკალიპტების მოჭრას ითხოვს

ბათუმში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის გასწვრივ, რამდენიმე ძირი მრავალწლოვანი ევკალიპტის ხეა გამხმარი. უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობა ამ ხეების მოჭრას ითხოვს.

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი ეთერ მაჭუტაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ  ხეების მოჭრის მოთხოვნით განცხადება მერიაშიც შევიდა, თუმცა აღნიშნული ტერიტორია გადაამოწმა და ის  კერძო საკუთრებაშია, შესაბამისად, ხეებზე პასუხისმგებელიც მესაკუთრეა: „ვისია კონკრეტულად, ვერ გეტყვით ეს ტერიტორია, თუმცა ჩვენ ამ ხეების მოჭრის უფლება [და ვალდებულება] არ გვაქ“.

20160521_161256

20160521_161310
გამხმარი ევკალიპტები ტაბიძის ქუჩაზე

ამავე თემაზე:

ბათუმის ნავსადგურთან დეკორატიული მცენარეები ხმება [ფოტო] 

200-ზე მეტი სერვისი სოფლიდან გაუსვლელად – ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები

სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, იქ,სადაც საზოგადოებრივი ცენტრები არ არის, სახელმწიფო კიდევ უფრო ახლოს მიდის მოქალაქეებთან და ზრუნავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე; საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად გაჩნდა ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი. სააგენტოსთან ერთად პროექტში ჩართულია „ლიბერთი ბანკი“.

პროექტის ფარგლებში 70-მდე ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის ფილიალი ყოველთვიურად 1100-ზე მეტ სოფელს ემსახურება.

საქართველოს მასშტაბით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ადგილიდან გაუსვლელად შეუძლია ისარგებლოს როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივისა და შპს „მექანიზატორის“  მომსახურებით.

პროექტს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ ახორციელებს „ლიბერთი ბანკთან“ თანამშრომლობით.

პროექტი 2015 წლის 27 ივნისიდან ამოქმედდა და არსებობის თითქმის ერთი წლის განმავლობაში 1100-ზე მეტ სოფლის მოსახლეს გაუწია მომსახურება.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, „ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების“ მობილური ფილიალების მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია მიიღოს შემდეგი მომსახურება: პასპორტი და პირადობის ელექტრონული მოწმობა, მიწის რეგისტრაცია, უძრავი ქონების გადაფორმება, საკუთრებასთან დაკავშირებული განაცხადის მიღება, სულადობის ცნობა, საკადასტრო გეგმის მომსახურება, საარქივო მომსახურება და სხვა. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა სახის საბანკო მომსახურება: პენსიისა და სოციალური დახმარების აღება, ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა, ანგარიშის გახსნა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა და სხვა. ჯამში, ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, ადგილობრივ მოსახლეობას სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია 200-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი მიიღოს.

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ყველა იმ სოფელში, სადაც „ლიბერთი ბანკი“ მომხმარებელს „ლიბერთი ექსპრესის“ მობილური ფილიალებით ემსახურება.

ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები აჭარის მასშტაბით ხუთი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ემსახურება.

ექსპრეს ცენტრების მომსახურებით მოსახლეობა კმაყოფილია – ეს იმიტომ, რომ სხვადასხვა დოკუმენტის მისაღებად მათ ქალაქში ჩასვლა და ზედმეტი ხარჯის გაღება აღარ სჭირდებათ.

პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომი სერვისებიდან ყველაზე მოთხოვნადია პირადობის ელექტრონული მოწმობა და საინფორმაციო ბარათი.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრებით ყველაზე მეტმა მოქალაქემ ახალციხის, გორის, დმანისის, საჩხერისა და ქობულეთის ცენტრებში ისარგებლა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტისთვის – „სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის“, რაც ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების გახსნას ეხებოდა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მერვე რეგიონალურ კონფერენციაზე სპეციალური ჯილდო გადაეცა ნომინაციაში – „ფართოდ გამოყენებული ელექტრონული სერვისი“.

საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფცია იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საზოგადოებრივი ცენტრის ოფიციალური ვებგვერდია:
www.centri.gov.ge

ორგანული ჭინჭარი, ველური ვაშლი, ძირტკბილა, მოცვი და გირჩი – ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტები

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა იმ მეწარმეების რიცხვი, რომლებმაც ბიოსერტიფიკატისთვის კომპანია „კავკასსერტს“ მიმართეს. ნუკრი ქურდაძე უკვე სამი წელია „კავკასსერტის“ აღრიცხვაზეა, სულ მალე ბიოსერტიფიკატსაც მიიღებს. ქურდაძეს ახალშენში 10 ჰექტარზე ვენახი აქვს და ბიოღვინოს წარმოებას გეგმავს. უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ეკოლოგიურად სუფთა ღვინოს ევროპაში გაიტანს, მოლაპარაკებებს საფრანგეთთან და ბულგარეთთან აწარმოებს.

მოთხოვნა პროდუქტზე, რომელსაც აწერია – „ბიო“, მსოფლიოში სულ უფრო იზრდება. ევროპაში უკვე იციან იმ საკვების ფასი, რომლის წარმოებისას შხამქიმიკატები და ჯანმრთელობისთვის მავნე კონსერვანტები არ გამოიყენება. დღეს ბიოპროდუქტი დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მიწოდება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ევროკავშირის ბაზარზე ეს  ნიშა თავისუფალია.  სპეციალისტების შეფასებით, საქართველოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ექსპორტირების  უნიკალური შესაძლებლობა აქვს. ბიოპროდუქტისადმი დიდი ინტერესი კი საქართველოში უკვე შეინიშნება.

„წელიწადნახევარია, რაც საქართველოში დავბრუნდი. ერთ-ერთი დასავლური კომპანიის აღმოსავლეთ ევროპის ფილიალში ვმუშაობდი, დაახლოებით 5-6 ქვეყნის ღვინოების ამბასადორი ვიყავი, შესაბამისად, ბოლო 15 წლის განმავლობაში შეხება მქონდა დასავლურ ღვინოებთან. შემიყვარდა ეს საქმე, გეგმაში მქონდა საწარმოს გაკეთება საქართველოში. ქართული ღვინის პოტენციალი ძველი ტრადიციების თანამედროვვე ტექნოლოგიებთან შერწყმაშია. სხვანაირად ქართული ღვინო ვერ აჯობებს ევროპულს.  როდესაც საქართველოს საექსპორტო პოტენციალს  ერთი ავსტრალიური ღვინის ბრენდის მოცულობა აჭარბებს, ძნელია, კონკურენცია გაუწიო. შენი სტილი უნდა ნახო, რომელიც გამოგარჩევს სხვა ქვეყნის ღვინოებისგან“, –  ამბობს ნუკრი ქურდაძე.

შპს „კავკასსერტი“ ბიოსერტიფიცირების პირველი ადგილობრივი ორგანოა. კომპანიის მიზანი ბიოლოგიური პროდუქციის ინსპექტირება და სერტიფიცირებაა. შპს „კავკასსერტი“ გერმანიის აკრედიტაციის ორგანოს DAkkS-ის მიერ 2008 წლიდან ISO-17065-ის მიხედვით არის აკრედიტებული. კომპანიის დირექტორი დავით ბედოშვილი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბიოსერტიფიკატის მისაღებად „კავკასსერტს“ ბევრი ადამიანი მიმართავს, დაინტერესებული პირების რაოდენობა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა. ამჟამად „კავკასსერტი“ 40 მეწარმესთან მუშაობს.

„ბევრმა არ იცის, რომ ბიოსერტიფიკატის მიღებას სჭირდება გარდამავალი პერიოდი, ერთწლიან კულტურებში – 2, მრავალწლიან კულტურებში 3 წელი. საჭიროა სტანდარტის დაცვა, რაც ნიშნავს, რომ რაღაცის გამოყენება შეიძლება, რაღაცის – არა. ბევრს ჰგონია, რომ ჩვენ ვართ ლაბორატორია, სადაც მოიტანენ პროდუქტს, გავსინჯავთ და თუ დაბინძურებული არ არის, ბიოსერტიფიკატს მივცემთ, მაგრამ ასე არ არის. ბიოსერტიფიცირება ნიშნავს წარმოების მეთოდზე დაკვირვებას.

ყველაზე ხშირად მოგვმართავენ ღვინოზე, მაგრამ ყველაზე წარმატებული ევროკავშირში ექსპორტის თვალსაზრისით ველური ხილია: ძირტკბილა, მოცვი,  ჭინჭარი, ველური ვაშლი, რისგანაც ჩირს აკეთებენ, გირჩები“, – ამბობს დავით ბედოშვილი.

„კავკასსერტისთვის“ ბიოსერტიფიკატის მისაღებად უახლოეს მომავალში მიმართვას გეგმავს 25 წლის ბექა ფოფხაძეც, რომელსაც ალაზნის მარჯვენა ველზე ჰექტარნახევარზე ვენახი აქვს. ჩვენთან ინტერვიუში ბექა ამბობს, რომ მისი ვენახის მახლობლად ბიომეურნეობა არავის აქვს, უფრო მეტიც, ხშირად არც არაფერი სმენიათ ბიოპროდუქტების შესახებ, მან კი უკვე წინასწარ იცის, რომ რამდენიმე წელიწადში ნატურალურ ქართულ ღვინოს ევროპის ბაზარზე გაყიდის.

„შხამქიმიკატებს იმდენად ცუდი შემცველობა აქვს, რომ ღვინო არ იწმინდება,  მუდმივად აქვს ლექი.  რა რესურსიც  ყურძენს აქვს, იმის შესაბამის ღვინოს ვერ იღებ. უნდა ეცადო, რომ ყურძენმა საკუთარი პოტენციალი ბუნებრივად გამოამჟღავნოს და ამაში არ უნდა ჩაერიო, მით უმეტეს უარყოფითი გავლენა არ უნდა მოახდინო, ღვინოც უფრო ნატურალური  და სუფთა გამოვა. მომავალში  ბიოწარმოების გაფართოებას ვგეგმავ, მინისაწარმო მექნება. ჩემი მიზანია,  ბიოღვინო არაქართულ ბაზარზე გავყიდო, ექსპორტზე გავიტან ევროკავშირში,“ – ამბობს ფოფხაძე.

რატომ ბიომეურნეობა? ორგანული სოფლის მეურნეობის კონსულტანტი ნუკრი მემარნიშვილი ჩვენთან ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომაც ბიომეურნეობაზე გადასვლა, არათუ საჭირო, არამედ აუცილებელიცაა.

„ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ორგანული სოფლის მეურნეობა, ანუ ბიო. მეორე, ქიმიური სასუქები და შხამქიმიკატები  აბინძურებს ჰაერს, წყალს, მერე ხვდება წყალში. ბიო კი პირიქით, აჯანსაღებს. მესამე, ორგანული წარმოება ნიშნავს, რომ ვუფრთხილდებით ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის ჯანმრთელობას, ქიმიური სასუქი ზედმეტი თუ მოგივიდა, ამან შეიძლება, ძალიან დააზარალოს ადამიანი, იწვევს სხვადასხვა დაავადებას,“ – ამბობს მემარნიშვილი.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია კიდევ ერთ ფაქტორი –  საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, პროდუქტის წარმოება კი ძვირი უჯდება.

„ვერ ვაჯობებთ თუნდაც ჩვენს მეზობელ თურქეთს, ის ქიმიურ სასუქებს თავად აწარმოებს, იაფი უჯდება პროდუქტის წარმოება, მეტი მოსავალი აქვს, ნაკვეთებიც უფრო დიდია, ჩვენთვის გამოსავალი ერთადერთია, სადაც მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას, ეს არის ბიოპროდუქცია. ეს ნიშა თავისუფალია, მარტივად შეგვიშვებენ, ჩვენი კლიმატური პირობებიც ხელს უწყობს ამას. საჭიროა შესაბამისი პროგრამები, რომელიც იქნება გათვლილი რამდენიმე წელზე. ფერმერს სჭირდება სტიმულირება, როგორც უცხოეთში ხდება. რაღაც მოძრაობები არის, არსებობს იდეა, რომ გაიხსნას სასწავლებელი, სადაც ფერმერებს გადაამზადებენ, თუმცა ბიოწარმოების ხელშეწყობა სახელმწიფო დონეზე არ არის დაძრული“,  – ამბობს მემარნიშვილი eugeorgia.info-სთან ინტერვიუში.

რა სახის დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო ფერმერს, რომელიც ბიომეურნეობაზე გადასვლას გადაწყვეტს? – სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვიპასუხეს, რომ იგეგმება  მასერტიფიცირებელი ორგანოს შექმნა.

„ბიოპროდუქტს სერტიფიკატი თუ არ მოჰყვება, აზრი არა აქვს, მასერტიფიცირებელი ორგანო კი მხოლოდ ერთია, მონოპოლისტი – „კავკასსერტი“. ინსპექტირებისა და სერტიფიკატის გადასახადი ძალიან მაღალია, ამიტომ საშუალო მეწარმეებს  ხშირად არ უღირთ, იმდენად ძვირია. ჩვენი მიზანია, შეიქმნას შესაბამისი ორგანო, რომელიც სახელმწიფო უწყების დაქვემდებარების ქვეშ იქნება და გასცემს სერტიფიკატებს, პირველ ეტაპზე სიმბოლური ფასი უნდა  გადაიხადონ ფერმერებმა, რომ წელში გაიმართონ, სტიმული მიეცეთ. ასევე,  მნიშვნელოვანია, რომ ბიოპრეპარატებს ჩვენს საცდელ ნაკვეთზე ვცდით, გასულ წელს შესანიშნავი შედეგები მივიღეთ, წელსაც 7 ბიოპრეპარატი უნდა გამოვცადოთ, რის საფუძველზეც ფერმერებს რეკომენდაციებს ვაძლევთ,“ – ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიოაგროწარმოების სამსახურის მთავარი სპეციალისტი რუსუდან ბარკალაია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივას  მასერტიფიცირებელი ორგანოს შექმნის შესახებ „კავკასსერტშიც“ ეხმაურებიან.

„ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ორგანო, კიდევ რამდენიმე უცხოური კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებსაც  სხვადასხვა პროექტი აქვთ, თუმცა ბევრი კლიენტი არ ჰყავთ. იქ შედარებით მაღალი ფასებია, რადგან ჩვენს ინსპექტორს ევროკავშირიდან ჩამოყვანა არ სჭირდება. მოლოდინი არ მაქვს, რომ ისინი უფრო იაფად გააკეთებენ სერტიფიცირებას, თუ, რა თქმა უნდა, სუბსიდირებული არ იქნებიან, ასეთ შემთხვევაში უფრო იაფად გასცემენ სერტიფიკატს, მაგრამ ჩვენ კონკურენციის გაწევა გაგვიჭირდება“, – ამბობს ბედოშვილი.

არაერთი საერთაშორისო კვლევის თანახმად, მსოფლიოში ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა ძალიან სწრაფად იზრდება. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, ბიოპროდუქტების გლობალური ბაზარი 2018 წლისთვის 700,7 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ხატია შამანაური

კითხვები და პასუხები დისკრიმინაციაზე

რა არის დისკრიმინაცია?

დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio – განსხვავება) – ნიშნავს რაიმე ნიშნით განსხვავებული პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ უთანასწორო მოპყრობას ან უპირატესობის მინიჭებას. დისკრიმინაციად ითვლება როგორც არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობა, ასევე პირიქით, არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორი მოპყრობა. დისკრიმინაცია შეიძლება იყოს რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური, ეროვნული, გენდერული, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის გამო.

დისკრიმინაცია შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს კანონით (დე იურე – სამართლებრივი დისკრიმინაცია), ან მხოლოდ და მხოლოდ გაბატონებულ მორალურ ნორმებს ეფუძნებოდეს – დე ფაქტო.

აკრძალულია თუ არა დისკრიმინაცია საქართველოში?

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განმარტავს, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

კონსტიტუციის მე-14 მუხლში დისკრიმინაციის კონკრეტული ნიშნებია მითითებული, მიუხედავად ამისა,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუცია კრძალავს და იცავს ადამიანებს ნებისმიერი საფუძვლით დისკრიმინაციისაგან და მე-14 მუხლში  ჩამოთვლილი ნიშნები არ არის ამომწურავი.

მაგალითად, დისკრიმინაციად შესაძლებელია განვიხილოთ მოქალაქეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, აზრის და სხვა ნიშნით პირთა მიმართ უთანასწორო, უსამართლო მოპყრობა.

კონსტიტუციისგან განსხვავებით დისკრიმინაციის ნიშნებს ფართოდ განმარტავს 2015 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა.

დისკრიმინაციისთვის საქართველოს კანონმდებლობა პასუხისმგებლობის უკიდურეს ზომას – სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს. სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება დისკრიმინაციის რაიმე ნიშნის მიხედვით „ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა“. ამავე კოდექსის 1421 მუხლი კი უფრო მკაცრ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს „რასობრივი დისკრიმინაციისთვის“. თუმცა, დისკრიმინაცია რომ სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს, ორივე შემთხვევაში ქმედებამ უნდა გამოიწვიოს უფლების არსებითი ხელყოფა.

ვინ შეიძლება განახორციელოს დისკრიმინაცია?

დისკრიმინაციის წყარო შესაძლებელია იყოს სახელმწიფო თავისი დისკრიმინაციული კანონმდებლობით. ასევე, სახელმწიფო მმართველობის თუ თვითმმართველობის დაწესებულებები.

დისკრიმინაცია შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა კერძო სამართლის სუბიექტმა/დაწესებულებამ და ფიზიკურმა პირმა.

ვინ შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი?

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის სუბიექტია „ყველა ადამიანი“. ამასთანავე, კონსტიტუციის 45-ე მუხლი განმარტავს, რომ კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. შესაბამისად, იურიდიული პირიც შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი რაიმე ნიშნის მიხედვით მისდამი განსხვავებული მოპყრობის გამო.

მაგალითად, რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც თავისი შეხედულებისამებრ რეგისტრირდებიან საჯარო სამართლის (სსიპ) ან არასამეწარმეო არაკომერციულ  იურიდიულ პირებად (ააიპ) რეგისტრირდებიან სახელმწიფოს მხრიდან მათდამი განსხვავებული რეგულაციის დაწესებით შესაძლოა განხილულ იქნეს დისკრიმინაციად.

რა ფორმით შეიძლება მოხდეს პირის დისკრიმინაცია?

პირის დისკრიმინაცია შესაძლებელია განხორციელდეს როგორც სახელმწიფოს/საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლების, ასევე სხვა კერძო პირების მიერ. არსებობს დისკრიმინაციის ორი ფორმა – პირდაპირი და ირიბი.

პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს დადგენილი უფლებებით სარგებლობისას დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.

მაგალითად, პირდაპირია დისკრიმინაცია თუ კანონი პირდაპირ და გაუმართლებლად ზღუდავს რასის, კანისფერის, სქესის, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის და სხვა ნიშნით პირთა მონაწილეობას პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აგრეთვე, თუ იზღუდება უცხო ქვენის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირების სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული უფლებები.

ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.

 

რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
esUntitled99d6ae44-3871-48f9-9456-e5f518769249

მწვანე კონცხზე „პანორამა ბათუმი“?

ახალი საბაგირო გზა სანაპიროდან ყოფილი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიამდე, სასტუმრო კომპლექსი, ახალი ადმინისტრაციული შენობა ბოტანიკურ ბაღში – არის თუ არა ეს „პანორამა ბათუმი“? რა მიზნით სტუმრობენ ბიძინა და ადიკო ივანიშვილები მწვანე კონცხს და რა პროექტების განხორციელებას გეგმავს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ფონდი „ქართუ“?

20160512_121115
მწვანე კონცხი / ბათუმის ბოტანიკური ბაღი

„ბიძინა ივანიშვილი რამდენჯერმე იყო მოსული, ეს ადგილები დაათვალიერა, ზოგ  ადგილზე თქვა საინტერესოაო, ზოგზე – არაო. ბოლოს ერთი თვის წინ იყო, შვილთან ერთად. როგორც გავიგეთ, „პანორამას“ აშენებს – ყველა კმაყოფილი დარჩებით ისეთი რამე კეთდებაო. არაფერი ვიცით… პროექტი არ გვაჩვენეს“, – ამბობენ მწვანე კონცხზე.

20160512_142959
ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის [ამჟამად ბათუმის უნივერსიტეტის] შენობა
აქ, ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შესასვლელ ჭიშკარზე პატარა დაფაა გამოკრული წარწერით: „მწვანე კონცხი, ბოტანიკური ბაღის ზედა შესასვლელის მიმდებარედ სასტუმრო კომპლექსი 300-320 ნომერზე.

შენობა- ნაგებობის გაბარიტები და სართულიანობა: 6-7 სართული, 200 მ/50 მ-ზე; მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ადმინისტრაციული განხილვის ვადები: აპრილი-მაისი 2016 წ.“

ყოფილი სასწავლებლის ტერიტორიის დიდი ნაწილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ – „ბიზნეს დეველოპმენტმა“ შეისყიდა.

„ბიზნეს დეველოპმენტთან“ დაკავშირებით ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „გასავლელია პირველი ეტაპი, უშუალოდ პროექტი კი მერიაში შეტანილი არ არის“.

20160512_134606
ხედი ყოფილი „სასოფლოს“ ტერიტორიიდან სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს

აუქციონის პირობების თანახმად, „ბიზნეს დეველოპმენტი“ ვალდებულია სამი წლის ვადაში ააშენოს არანაკლებ 150-ნომრიანი სასტუმრო, ავტოსადგომით, ღია და დახურული აუზებით, კვების ობიექტებით, გამაჯანსაღებელი ცენტრით – კომპანიამ არანაკლებ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

კომპანიისა და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიებს დღეს ერთმანეთისგან მხოლოდ ბაღში მისასვლელი გზა ყოფს, რომლითაც ასევე სარგებლობს რამდენიმე ოჯახი.

„კომპლექსის მშენებლობას ბოტანიკურ ბაღთან არანაირი კავშირი არ აქვს – ის ბაღის საზღვრებს გარეთ ხდება. ამ მშენებლობას არც ერთი კვადრატული მეტრი ბოტანიკური ბაღისა არ მოხმარდება“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ, რომელიც ამ თანამდებობაზე ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა წელს, 12 აპრილს დანიშნა.

20160512_125626
სამუშაოები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში „ქართუს“ დაფინანსებით

ირაკლი არჩაია ადასტურებს, რომ მწვანე კონცხზე საბაგირო გზა აშენდება და პროექტზე ფონდი „ქართუ“ მუშაობს. „შერჩეულია ტრასა, საბაგირო გზა გაივლის ქვედა და ზედა პარკის ტერიტორიას – ფაქტობრივად გადაუვლის პარკს. ჩასასხდომის სადგურები იქნება ქვედა პარკში – მწვანე კონცხის შემოსასვლელიდან ზღვის პირთან; მეორე ჩასასხდომი – ზედა პარკში, ყოფილი სასოფლოს ტერიტორიაზე. ჩასხდომა სადაც მოხდება, იქნება ჩვენი ტერიტორია, ანუ შემოსავალს ამით მიიღებს ბოტანიკური ბაღი. დიდი შანსია, რომ ეს იყოს მორიგი საჩუქარი „ქართუსგან“.

20160512_125848
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის შენობა ბაღის ტერიტორიაზე

„ქართუ“ ასევე დააფინანსებს პროექტს, რომელიც ბოტანიკური ბაღის შემოსასვლელთან [ჩაქვის მხრიდან], მთელ რიგ მშენებლობებს ითვალისწინებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება არის 8 მილიონამდე აშშ დოლარი“, – აღნიშნულია ბაღის ვებგვერდზე. აქ აშენდება ვიზიტორთა ცენტრი [დამთვალიერებლისთვის მოსასვენებელი ოთახებით, ბარგის შესანახი განყოფილებით და სხვ], მის მიმდებარედ კი – ფასიანი ავტოსადგომი. „ქართუს“ დაფინანსებით უკვე დაწყებულია მეწყერსაშიში უბნების გამაგრება ბოტანიკურ ბაღში. ასევე „საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიული კორპუსისა, ბაღის დენდროლოგიური მუზეუმის შექმნისა, ე.წ. „დალფონსის“ სააგარაკე შენობის“, – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ბოტანიკური ბაღის დირექტორი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „დალფონსის“ სახლის რეაბილიტაციაზე ჯერ „ქართუსთან“ და არც სხვა სპონსორებთან არ უსაუბრიათ. „ვინაიდან ეს ქველმოქმედებაა, ფინანსებზე ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ვზედამხედველობთ სამუშაოებს“, – აცხადებს ირაკლი არჩაია.

20160512_133140
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის შენობა

მისივე თქმით, მწვანე კონცხის მხრიდან, ზემო შესასვლელიდან 100 მეტრში, ბაღის ტერიტორიაზე ახალი კორპუსი აშენდება: „აქ განთავსდება ადმინისტრაცია, ლაბორატორიები, საგამოფენო და საპრეზენტაციო სივრცეები. ახალი შენობის აგება არავის ხელს არ შეუშლის. პრაქტიკული იქნება ჩვენთვისაც და მანქანებისგანაც განტვირთავს ბაღს“.

კითხვაზე, ხომ არ გასხვისდება ადმინისტრაციის გარემონტებული შენობა [რომელიც ბაღში დგას და, სავარაუდოდ, 1902 წელშია აგებული], ირაკლი არჩაია პასუხობს: „არავის არ უნდა გაუჩნდეს ეჭვი, რომ ჩვენ რაღაცის სანაცვლოდ ამ შენობას გადავცემთ ვინმეს. პირიქით, ეს შენობა უფრო მეტად უნდა დავტვირთოთ – შესაძლოა მაღალი რანგის სტუმრებს დავუთმოთ შეხვედრებისთვის… ეს შენობა დარჩება ბოტანიკურ ბაღს თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით, რომელიც მას უნდა მიენიჭოს.“

20160512_125911
ხედი ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის შენობის ეზოდან

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის ხშირ სტუმრობას ბოტანიკურ ბაღში, ბაღის დირექტორი ამბობს, რომ „ადიკო ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს ბოტანიკურ ბაღთან, ის არ არის ჩვენი თანამშრომელი, არც ჩვენგან გასამრჯელოს იღებს, არც შტატგარეშე თანამშრომელია და არც კონსულტანტი. ის არის ბოტანიკური ბაღის მეგობარი“.

ფონდი „ქართუ“ ბოტანიკურ ბაღს, როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, 2005 წლიდან დღემდე უწყვეტად ეხმარება: „ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ბოტანიკური ბაღის ტერიტორიების რა მითვისებაზეა ლაპარაკი, როცა ბატონი ბიძინა პირიქით, 2005 წლიდან, დღემდე ღვიძლი შვილივით, გვერდში უდგას, ეფერება, ელოლიავება და ამდიდრებს ბაღის, როგორც კოლექციას და ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებებს, ისე ინფრასტრუქტურას და ბაღის თითოეული თანამშრომლის პირად ბიუჯეტს!“

ბოტანიკური ბაღი ბათუმის საკუთრებაა და ის ქალაქის ბიუჯეტიდანაც ფინანსდება. 2016 წლის ბიუჯეტში ბათუმის ბოტანიკური ბაღისთვის 1 მილიონ 324 ათასი ლარია გამოყოფილი, საიდანაც 1 მილიონ 9 ათასი ლარი მხოლოდ ბაღის თანამშრომელთა ხელფასებში დაიხარჯება. აქ 138 ადამიანი მუშაობს.

20160512_134359
მწვანე კონცხი / გადამცემი ანძა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზემოთა შესასვლელიდან

რაც შეეხება დამატებით გასამრჯელოს, დირექტორის თქმით, „ქართუსგან“ თანამშრომელთა 90% იღებს დამატებით ანაზღაურებას. ასევე „ქართუს“ დაფინანსებით წელს დაგეგმილია ბაღის თანამშრომელთა ევროპის ქვეყნებში გადამზადება.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორია დღეს 1 მილიონ 86 ათას 819 კვ/მ-ია. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2008 წლის აპრილიდან 2012 წლის მაისამდე, ბოტანიკური ბაღის ტერიტორია 4 ჰექტარით არის შემცირებული.

20160512_125439
ხედი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან / თედო ჯორბენაძის ფოტოები
Exit mobile version