მთავარი,სიახლეები

„ადელის“ სტადიონის ადგილზე აპარტამენტები აშენდება [ფოტო]

11.04.2016 • 3396
„ადელის“ სტადიონის ადგილზე აპარტამენტები აშენდება [ფოტო]

ბათუმში სტადიონი „ადელი“ აღარ არსებობს. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, სადაც სტადიონი იყო განთავსებული, დღეს შპს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ საკუთრებაშია. ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაო ტარდება – ბალახის საფარი უკვე აღებულია.

„ბათუმელებს“ „ორბი ჯგუფში“ უთხრეს, რომ ამ ადგილზე სასტუმრო ან/და საცხოვრებელი აპარტამენტების აშენება კონცეფციის დონეზე განიხილება. თუმცა, კონკრეტული პროექტი ჯერ არ არის [შესაბამისად, არც მშენებლობის ნებართვაა გაცემული].

სტადიონის ტერიტორია თავიდან შპს „ხიმშიაშვილის 7“-ს საკუთრებაში იყო. რეესტრის დოკუმენტების მიხედვით,  2015 წლის 10 დეკემბერს, 10 147 კვ/მ ფართობი იპოთეკით დაიტვირთა „თიბისი ბანკში“. ამ დროისთვის ნაკვეთის მესაკუთრედ კვლავ „ხიმშიაშვილის 7“  ფიქსირდება, ხოლო ამ ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით „ორბი ჯგუფმა“ რეესტრს ოთხ დღეში, 2015 წლის 14 დეკემბერს მიმართა.

რეესტრმა „ორბი ჯგუფი ბათუმის“ საკუთრებად, ზემოაღნიშნული ნაკვეთი, 2016 წლის 18 იანვარს დაარეგისტრირა. ამონაწერის მიხედვით კი ქონება, რომლის მესაკუთრეც უკვე „ორბი ჯგუფია“,  კვლავ „თიბისი ბანკშია“ იპოთეკით დატვირთული.

შპს „ხიმშიაშვილის 7“-ს მიწის ნაკვეთის, სადაც სტადიონი იყო, გარკვეული ნაწილი [1898 კვ/მ] შპს „ახალ სამშენებლო კომპანიაზე“ ჰქონდა გასხვისებული [ამ კომპანიაში 27%-მდე წილს მამუკა ხაზარაძე ფლობს, რომელიც „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა].

2015 წლის 10 დეკემბერს ზემოაღნიშნული ნაკვეთიც დაიტვირთა იპოთეკით  „თიბისი ბანკში“. იმ დროისთვისაც მესაკუთრედ „ახალი სამშენებლო კომპანია“ ფიქსირდება. აღნიშნული ნაკვეთის მესაკუთრე, რეესტრის ამონაწერით, „ორბი ჯგუფი“ 2016 წლის 6 იანვრიდანაა, თუმცა საკუთრების უფლების რეგისტარაციის მოთხოვნით, კომპანიამ რეესტრს ამ შემთხვევაშიც 2015 წლის 14 დეკემბერს მიმართა.

მთლიანობაში აქ „ორბი ჯგუფის“ საკუთრებაში დღეს 12 045 კვ/მ მიწის ნაკვეთია.

შპს „ხიმშიაშვილის 7“-ს დამფუძნებელია შპს „ქ. ბათუმის ბავშვთა საფეხბურთო კომპლექსი „ადელი“ [რომლის 100% წილს დღეს ლევან ადეიშვილი ფლობს]. თავის მხრივ, შპს „ხიმშიაშვილის 7“-ს წილებს დღეს ფლობენ: შპს „ქ. ბათუმის ბავშვთა საფეხბურთო კომპლექსი „ადელი“ [15,1%], შპს „ბიზნეს პლაზა“ [55,53%] და რევაზ ადეიშვილი [29,57%]. [სწორედ რევაზ და ლევან ადეიშვილებმა დააფუძნეს თავის დროზე „ადელის“ წინამორბედი – შპს „ბათუმის ბავშვთა საფეხბურთო კომპლექსი „ბსკ“.]

გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ადელის“ სტადიონზე ბათუმის „დინამოს“ მატჩებიც ტარდებოდა.

„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი

ასევე: