მთავარი,სიახლეები

პოლიტიკური პარტიების ზეპირი საარჩევნო პროგრამა

01.08.2016 • 2333
პოლიტიკური პარტიების ზეპირი საარჩევნო პროგრამა

არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი, პოლიტიკური სუბიექტები კი თავიანთ პრიორიტეტებზე ჯერ მხოლოდ ზეპირად საუბრობენ. „პროგრამა იწერება და თვის ბოლომდე იქნება“ –  ასე გვიპასუხეს იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც აჭარის უმაღლესი საბჭოს და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ. ვის რა მიაჩნია მნიშვნელოვნად რეგიონის და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შემთხვევაში და რატომ ჰგავს პოლიტიკური პარტიების დაპირებები ერთმანეთს?

ერთადერთი პოლიტიკური პარტია აჭარაში, რომლისგანაც „ბათუმელებმა“  მთელი კვირის მანძილზე ვერ მიიღო პასუხი, მმართველი პარტიაა. „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ჭეიშვილმა პროგრამაზე სასაუბროდ ვერ მოიცალა და ვერც პარტიის სხვა წევრთან ვერ გადაგვამისამართა. რას ჰპირდება „ოცნება“  ამ არჩევნებზე მოსახლეობას და რა მთავარი გზავნილები აქვს პროგრამაში, ამ თემაზე საუბარი მმართველ პარტიასთან ვერ შედგა.

„თავისუფალი დემოკრატების“ პირველი ნომერი აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში, კობა ჩხეიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ველზე დღეს ის პოლიტიკური პარტიები უფრო ჩანან, რომლებიც აგრესიულ კამპანიას მიმართავენ. „ამას ემატება ისიც, რომ ცალკეული მედიასაშუალებები ძირითადად ორ პოლიტიკურ ძალაზე მუშაობენ, რომელსაც კეთილ ან ბოროტ ძალად წარმოაჩენენ. ჩვენ კი ველოდებით სატელევიზიო დებატებს, რომელიც რატომღაც არ იწყება,“ –  გვეუბნება ის.

კობა ჩხეიძის თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ ამ არჩევნებზე მთავარ აქცენტს ეკონომიკაზე აკეთებენ.

„საკანონმდებლო საქმიანობის მეტი წილი საპარლამენტო საქმიანობაზე გვაქვს გათვლილი. მთავარი აქცენტი ეკონომიკაზე კეთდება, ძირითადად ესტონურ მოდელზეა საუბარი, საპენსიო ფონდის შექმნისა და მის მართვასთან დაკავშირებული საკითხები გვექნება წინ წამოწეული“.

კობა ჩხეიძე ამბობს, რომ სწორედ საპენსიო ფონდის სწორი მართვით და მასში აკუმულირებული თანხის მეშვეობით განხორციელდება ექვს თვეში ერთხელ პენსიის მომატება.

კითხვაზე, რამდენად ეფექტური იქნება საპენსიო ფონდის შექმნა იმ ვითარებაში, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია, დასაქმებულები კი ხელფასს ვერ ზოგავენ, კობა ჩხეიძე პასუხობს, რომ გადახდა უნდა მოხდეს საათობრივად და მინიმალური ანაზღაურება ერთ საათში 3 ლარი უნდა გახდეს.

„თავისუფალი დემოკრატების“  ძირითადი გზავნილი რეგიონის მოსახლეობისთვის საკუთრების უფლებაა. „ადამიანებს, რომლებიც წლებია ცხოვრობენ ბინაში, მაგრამ ვერ ახერხებენ მის საკუთრებაში დარეგისტრირებას, ჩვენ ამის შესაძლებლობას მივცემთ. გარდა ამისა, უნდა განხორციელდეს მიწის რეფორმა, რომელსაც წლებია ელოდება აჭარის მოსახლეობა“.

„თავისუფალი დემოკრატები“, როგორც მათი წარმომადგენელი გვეუბნება, ბრძოლას აპირებს ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ, რისთვისაც სახელმწიფოს დამატებითი სოციალური პაკეტების შემუშავება მოუწევს.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ოფისში საარჩევნო პროგრამა არ დევს, თუმცა აქ ამბობენ, რომ პარტიის მთავარი გზავნილები მათ ბუკლეტებშია. ამ ბუკლეტის მიხედვით, უნდა გაუქმდეს საშემოსავლო, მოგებისა და ქონების გადასახადი. სწრაფად გამდიდრების პუნქტში შეტანილია ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და კერძო არბიტრაჟის შემოღება. „ბათუმელების“  კითხვაზე, თუკი გაუქმდება ზემოთ ჩამოთვლილი სამი სახის გადასახადი, რა შემოსავლებით უნდა შეივსოს სახელმწიფო ბიუჯეტი? პარტიის წარმომადგენელი ბათუმში, ჯემალ ბერიძე გვეუბნება, რომ ბიუჯეტი ბიუროკრატიული აპარატის შემცირების ხარჯზე შეივსება.

„ჩვენი აზრით, სახელმწიფო აპარატი 40 პროცენტით უნდა შემცირდეს. ეს უნდა მოხდეს ახალი ხელისუფლების არჩევიდან ერთი წლის განმავლობაში, ამ ხნის მანძილზე აპარატში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გადაკვალიფიცირდნენ და ახალი სამუშაო მოძებნონ“.

თითქმის ყველა პარტია სოციალური ბინების მშენებლობაზე საუბრობს. მათ შორის „გირჩიც“. ჯემალ ბერიძე ასევე სახელმწიფო ქონებისა და წიაღისეულის კერძო საკუთრებაში გადაცემაზე ამახვილებს ყურადღებას. „ბათუმელების“  კითხვაზე, რა წიაღისეულს ფლობს დღეს სახელმწიფო, რომელიც კერძო საკუთრებაში უნდა გადავიდეს? ჯემალ ბერიძემ პაუზის შემდეგ უპასუხა: „ოქროს საბადო სახელმწიფოს საკუთრებაშია ხომ? კიდევ არის სოფლების დონეზე“.

სოციალურ პროექტებს რაც შეეხება, „გირჩი“  მიიჩნევს, რომ საყოველთაო დაზღვევის პაკეტით ყველა მოქალაქე არ უნდა სარგებლობდეს. „ოჯახის შემოსავლების მიხედვით უნდა მოხდეს სარგებლობა,“  – ამბობს ის. რეგიონში კი „გირჩი“  მთავარ პრიორიტეტად ქართული სავაჭრო ფლოტის აღდგენას მიიჩნევს.

„გვქონდა კონტაქტები სამხრეთ კორეის გემთმშენებელ ქარხანასთან, რომელიც სახელმწიფო გარანტიების შემთხვევაში რამდენიმე ტანკერს გაგვიკეთებს. ამით დასაქმდებიან მეზღვაურები და ეკონომიკაც გაძლიერდება“.

ჯემალ ბერიძის თქმით, მნიშვნელოვანია ინდუსტრიული ზონის შექმნაც, რომელიც ჭოროხისპირას უნდა გაშენდეს: „90 ჰექტარი არის ასათვისებელი, კომუნიკაციებია შესაყვანი, რომ გადაეცეს ბიზნესმენებს. ჩვენ ვფიქრობთ, აქ სამშენებლო მასალების ქარხნები უნდა გაკეთდეს“.

ჭოროხისპირზე ინდუსტრიული ზონის იდეაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. „ინდუსტრიული ზონის მშენებლობა ჩვენ დავიწყეთ და ამ ხელისუფლებამ გააჩერა,“  –  ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“  წევრი ბათუმის საკრებულოში, გიორგი კირთაძე.

„ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც სხვა პარტიები, ამ არჩევნებზე მთავარ აქცენტს სოციალური სახლების მშენებლობაზე აკეთებენ. `საარჩევნო პროგრამა მალე დასრულდება და იქ ყველაფერი გვაქვს გათვლილი,“ –  გვეუბნება გიორგი კირთაძე. მათი გეგმის მიხედვით, სოციალური სახლები სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა აშენდეს, სულ 2 800 ბინა, რისთვისაც 120 მილიონი ლარი, ანუ აჭარის ბიუჯეტის ნახევარია საჭირო.

„პროგრამა ოთხ წელზეა გაწერილი, ეს ბინები ბარაკებში მცხოვრებ ოჯახებს და სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას უნდა გადაეცეს,“ –  ამბობს კირთაძე.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამ მიმართულებით მხოლოდ დაპირებას არ დასჯერდა და ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებაც დაიწყო მოსახლეობასთან, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა  – საქართველომ“ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნად შეაფასა.

გარდა სოციალური სახლებისა, „ნაციონალები“ ამბობენ, რომ ამ საარჩევნოდ პროგრამაში შევა საკანონმდებლო ცვლილებებიც.  „კერძოდ, იქნება ლიბერალიზაცია საგადასახადო და ეკონომიკური დანაშაულის კუთხით. ცვლილებები გვაქვს დაგეგმილი სისხლის სამართლის კოდექსშიც, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა სისტემის გაფართოებასა და მოწმის დაკითხვის ინსტიტუტზე, ასევე, დაგეგმილი გვაქვს, გაუქმდეს წინასწარი პატიმრობა, რომელიც მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში იქნება გამოყენებული,“  – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“  წევრი პეტრე ზამბახიძე.

საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში ამბობენ, რომ მათი საარჩევნო პროგრამა ახლა იწერება და დაახლოებით 10 დღეში მას სრული სახით წარუდგენენ ამომრჩევლებს.

მიუხედავად ამისა, „რესპუბლიკელები“ როგორც პარლამენტის, ასევე  უმაღლესი საბჭოს ამომრჩევლებისთვის პარტიის მთავარ გზავნილებს აჟღერებენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, გიორგი მასალკინი ამბობს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიის პროგრამაში მთავარი აქცენტი მცირე და საშუალო ბიზნესის მაქსიმალურ ხელშეწყობაზე გაკეთდება: „ეს გააძლიერებს ზოგადად საზოგადოებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების კიდევ უფრო გაძლიერებას… მეორე, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებებია და მესამე, ეს არის  ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზება, რაც დღემდე ვერ მოხერხდა“.

საარჩევნო პროგრამა დასრულებული სახით არც „ბურჯანაძე – გაერთიანებული დემოკრატების“ ოფისში აქვთ. პარტიის წარმომადგენელი, გიორგი ცინცქილაძე გვეუბნება, რომ პროგრამა ორ კვირაში იქნება მზად. მისი თქმით, ძალაში რჩება ის პრიორიტეტები, რაც ნინო ბურჯანაძის პარტიას საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰქონდა დეკლარირებული.

„პირველი, ეს არის სამართლიანობის აღდგენა, თუ ეს არ მოხდა, არაფერი გამოვა,“ – გვეუბნება გიორგი ცინცქილაძე. სამართლიანობის აღდგენაში ცინცქილაძე იმ გამოუძიებელი საქმეების გამოძიებას გულისხმობს, რომელიც, მისი თქმით, `ხელისუფლებამ თაროზე შემოდო. მათ შორის როინ შავაძის საქმე“.

ბურჯანაძის პარტია, ისევე როგორც სხვები, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე და თავისუფალი ინდუსტრიული ბაზრის შექმნის აუცილებლობაზე ზეპირად, პროგრამის გარეშე საუბრობს.

„ამისთვის საჭიროა სახელმწიფომ დააფინანსოს პატარა საწარმოები ისე, როგორც ეს თურქეთში მოხდა თავის დროზე. უნდა დავიბრუნოთ რუსეთის ბაზარი და დავიწყოთ მოლაპარაკებები რუსეთთან და აფხაზეთთან,“ – გვეუბნება გიორგი ცინცქილაძე. თუმცა დასძენს, რომ ამ იდეების განხორციელება მხოლოდ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაშია შესაძლებელი.

„ჩვენ გვაქვს ფრაქციები მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, ბათუმის საკრებულოშიც ვართ, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებთ. ვერც უმაღლეს საბჭოში გააკეთებ რაიმეს, თუ უმრავლესობით არ მოხვალ,“ –  ამბობს გიორგი ცინცქილაძე.

როგორც პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ბათუმში ირაკლი ბარამიძე გვეუბნება, საარჩევნო პროგრამა ამ დროისთვის არც მათ აქვთ დასრულებული – „ახლა ვადგენთ.“

ბარამიძის თქმით, პარტიის ძირითადი პრიორიტეტი სამართლიანობის აღდგენა იქნება: „ყველა ის ადამიანი ციხეში, ვინც დანაშაულს ჩადიოდა. რეგიონზე მთავარი აქცენტები გვექნება ავტონომიურობაზე, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ დამოუკიდებლად და თბილისზე არ ვიყოთ დამოკიდებული, ავტონომიის გაძლიერება რომ მოხდეს“.

საარჩევნო პროგრამა  დასრულები სახით არც პაატა ბურჭულაძის პარტიაში აქვთ. „მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის“  რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელი რაულ ფატლაძე ამბობს, რომ  პარტიის მთავარი პრიორიტეტი ლიბერალური საგადასახადო სისტემა იქნება.   „ეკონომიკური პლატფორმა ალბათ უფრო ესტონური, პრიბალტიკური დანარჩენზე ვმუშაობთ“-გვეუბნება ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რას შეცვლის ესპონური  მოდელი მოსახლეობის სოციალური თვალსაზრისით?  პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ   დეტალებზე  მუშაობენ.

პარტიის წარმომადგენლის ნაზი ქობულაძის თქმით, სოციალური პროექტების მხრივ.  „სოციალურად დაუცველის სტატუსი ოჯახს მიენიჭება ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა, ეს სტატუსი არ შეუზღუდავს მოქალაქეებს მუშაობის უფლებას. თუ ამ ხნის განმავლობაში ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება სტატუსის შეჩერება“-გვეუბნება ის.

პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ მოკლე გზავნილების დონეზე უფრო მოქმედებენ, ვიდრე საარჩევნო პროგრამით –  მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, „ნიდერლანდის ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“  წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. პოლიტოლოგი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის, საზოგადოებისა და პოლიტიკური პროცესისთვის უმჯობესია, არა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, არამედ ბევრად უფრო ადრე.

„რამდენიმე პარტიას აქვს უფრო დეტალურად ჩამოყალიბებული საკუთარი ხედვები, თუმცა, საარჩევნო დინამიკა ირევა საარჩევნო პროგრამების ფორმირებაში და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს უყურებენ, ვინ რას ეტყვის ამომრჩეველს, რომ შემდეგ თვითონ უპასუხოს, რაც არასწორი მიდგომაა, რადგან პოლიტიკური პარტია მისი წევრების და მხარდამჭერების პოზიციას უნდა ასახავდეს,“ –  ამბობს ლევან ცუცქირიძე.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ დღეს საარჩევნო პროგრამები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო.

„პოლიტიკური პარტიები პროგრამებს ძირითადად საკუთარი ლიდერებისა და ექსპერტების მონაწილეობით ქმნიან, რაც არ არის მაინც და მაინც სწორი მიდგომა. ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიის წევრები უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართული პროგრამების შემუშავებაში,“-  ამბობს ის.

ლევან ცუცქირიძე პარტიების მხრიდან მსგავსი გზავნილების შესახებაც საუბრობს, რომელიც ძირითადად სოციალურ საკითხებს შეეხება:

„სოციალური პოპულიზმი არ არის სიცოცხლისუნარიანი და ამაში მნიშვნელოვანია ამომრჩევლის პასუხისმგებლობაც, რას სთხოვს ის პოლიტიკურ პარტიებს, რა დაპირებებზე გაყვება და რაზე –  არა, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ეს დაამახინჯებს პოლიტიკურ პროცესს და ჩვენ მივიღებთ ვითარებას, როცა ამომრჩეველი მხარს დაუჭერს იმას, ვისაც აქვს მეტი ფული. ამის გამო პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები უკავშირდება ხოლმე წინასაარჩევნო ბრძოლის ტაქტიკას და არა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებისა და წევრების საერთო ფასეულობების ასახვას იმაში, რასაც ჰქვია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა განათლების თუ სოციალური სისტემის მოწყობაში.“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: