Batumelebi | მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა და სახელმწიფო მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა და სახელმწიფო – Batumelebi
RU | GE  

მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა და სახელმწიფო

„პირველად პრობლემა ათი წლის ასაკში შეექმნა. თანაკლასელებთან ვეღარ ურთიერთობდა. ერთი მასწავლებელი ამოიჩემა და სთხოვდა, ჩემი დედა იყავიო, ჩემთან ურთიერთობა არ უნდოდა. სახლიდან გაიქცა და ჰქონდა სუიციდის მცდელობები,“ –  გვეუბნება 14 წლის გოგონას დედა, რომელიც გამოსავალს ეძებს. სისტემა, რომელიც მოზარდის ფსიქიკურ პრობლემებზე სრულფასოვნად იმუშავებს, ქვეყანას არ გააჩნია.  „ხავსს ვარ ჩაჭიდებული, იქნებ ჩემი შვილი გადავარჩინო, მაგრამ გადავარჩენ კი?“ –  კითხულობს მოზარდის დედა.

ქცევითი და ემოციური შერეული აშლილობები [F92] – ეს დიაგნოზი 14 წლის ნინოს [სახელი შეცვლილია] თბილისში, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში ფსიქიატრმა დაუსვა.

დედის მონათხრობის მიხედვით, გოგონას ფსიქოლოგიური პრობლემები გარდატეხის ასაკში კიდევ უფრო გაურთულდა. დედამ შვილი თავდაპირველად ფსიქოლოგთან მიიყვანა, თუმცა დღეს ამბობს, რომ მკურნალობამ სასიკეთო შედეგი არ გამოიღო.

„ვფიქრობ, რომ არაეფექტურია მისი მიდგომები, რადგან მკურნალობის დაწყების შემდეგ ბავშვმა სკოლა მიატოვა, ვერც სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაეხმარა წამლები. ფსიქოლოგის მიმართ კი მიჯაჭულობა განუვითარდა და მის გარეშე ვეღარ ძლებდა, დედაჩემიაო – ამბობდა“.

ნინოს დედა ამბობს, რომ გოგონას ქცევას ფსიქოლოგები ვერ მართავენ, რის გამოც ხშირად უწევს ახალი სპეციალისტების მოძებნა. „ერთი-ორი სეანსის შემდეგ სხვასთან გვამისამართებენ, მასთან ურთიერთობა ყველას უჭირს.“

მას შემდეგ, რაც პრობლემის წინაშე მარტო დარჩა, დედამ დასახმარებლად საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანის“  ხელმძღვანელს მიმართა, რომელმაც საქმეში სოციალური მუშაკი ჩართო.  „სოციალური მომსახურების სააგენტოს იმ მიზნით დავუკავშირდი, რომ დედას სპეციალისტის მოძიებაში დახმარებოდნენ. სააგენტოს მიმართვის საფუძველზე ჩვენ მოზარდი გადავიყვანეთ თბილისში, თემქაზე #5  საავადმყოფოს ბავშვთა ფსიქიატრიულ  განყოფილებაში. იქ გვითხრეს, რომ მოზარდს ჰქონდა შიზოფრენიის საწყისი ფორმა, მაგრამ  მხოლოდ ათი დღე გააჩერეს.“

აქედან თვენახევრის შემდეგ, როგორც დედა და „იალქანის“  ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე გვეუბნება, გოგონა ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში წაიყვანეს. სადაც დაუსვეს დიაგნოზი. „ფსიქიატრმა გვითხრა, რომ დაგვიანებული მკურნალობის გამო დაავადება უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებულია და მისი მართვა მხოლოდ მკურნალობითაა შესაძლებელი,“- ამბობს თიკო აბაშიძე.

დედის თქმით, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ გოგონა წამლების მიღებაზე უარს ამბობს. „რადგან ბავშვი არ მემორჩილება და ჩემ მიმართ აქვს აგრესია, იყო საუბარი იმაზეც, რომ ბავშვი მინდობით აღზრდაში, სხვა ოჯახში გადაეცათ, თუმცა მე ამის წინააღმდეგ წავედი. სხვის ოჯახში რომ რაიმე მოსვლოდა ჩემს შვილს, ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი? მე დედა ვარ და ძვლივს ვთოკავ თავს და უცხო ოჯახი როგორ გაუგებს…

ბავშვზე ზეწოლა არ შეიძლება, ვერ უყვირებ, ვერ აიძულებ. რა გავაკეთო, როგორ გავაგებინო რომ წამლების დალევა განაგრძოს,“ – გვეუბნება დედა. მისი თქმით, მოზარდი ვერ ეგუება წინააღმდეგობას.

„მე და ჩემი შვილი ყოველდღე ვეძებთ გამოსავალს. ცოტა ხნის წინ ჩემმა შვილმა ფეისბუკზე გაიცნო ერთი თბილისელი ფსიქოლოგი და იმასთან გვინდა შეხვედრა. ფაქტობრივად, ხავსს ვეჭიდები,“-  ამბობს ნინოს დედა.

ნინო ორი წლის განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა, თუმცა გამოცდების ექსტერნად ჩაბარება შეძლო და მეცხრე კლასში გადავიდა. ექიმს, რომელიც მის დამხარებას შეძლებს, ნინო თავადაც ეძებს.

„ცუდად ხდებოდა, ამიტომ იშვიათად დადიოდა სკოლაში. ერთხელ სკოლიდან გამოვიდა და თბილისში წავიდა ფსიქიატრის მოსაძებნად. ექვს საათამდე ჩემი შვილის ჩანთა კლასში იდო და არავინ მოიკითხა სად იყო ბავშვი, მათ შორის არც მანდატურის სამსახურმა. სად არ ვეძებე ჩემი შვილი გამწარებულმა“ –  გვიყვება დედა. მისი თქმით, ერთადერთი, რაც სკოლამ მოზარდის დასახმარებლად გააკეთა, ის იყო, რომ მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიურ ცენტრში სიარული შესთავაზა. თუმცა ეს წინადადება ოჯახმა არ მიიღო. „ჩემს შვილს მხოლოდ ფსიქოლოგი ვერ დაეხმარება, პროფესიონალი ფსიქიატრიც სჭირდება. თანმიმდევრული, ზუსტი მკურნალობაა აუცილებელი, რადგან დაავადება პროგრესირებს და ამას ჩემი შვილიც განიცდის“.

ფსიქიატრთა ასოციაციის თავმჯდომარე, ეკა ჭყონია  გვეუბნება, რომ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრია ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაშია. ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამები არ არსებობდა, მხოლოდ წელს შეიტანეს სახელმწიფო პროგრამაში ფსიქიატრია და ისიც მხოლოდ ბავშვთა ფსიქიატრიის მიმართულებით. „მოზარდთა ფსიქიატრიაში ეს ნაბიჯი ჯერ გადადგმული არ არის, რადგან აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მულტიდისციპლინურ მუშაობას, რომელიც გულისხმობს რამდენიმე კვალიფიციური სპეციალისტის, მათ შორის თერაპევტების, ფსიქოთერაპევტების შეთანხმებულ მუშაობას. მოზარდის ფსიქოლოგიური პრობლემების შემთხვევაში დიაგნოზის დასმა კომისიურად უნდა მოხდეს და მკურნალობაც სრულფასოვანი იყოს.“

ეკა ჭყონია, რომელიც ამავე დროს ფსიქოთერაპევტიცაა, გვეუბნება, რომ მოზარდთა ფსიქიატრიაში მულტიდისციპლინური მიდგომები არ არის.

„აქ არის ასაკობრივი კრიზისი, სოციალური პრობლემები და სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემა –  იქნება ეს მშობელთან ურთიერთობა, სქესთან იდენტიფიცირების თუ სხვა ტიპის საკითხები, რომელთა დაშრევება ხდება და სწორედ ამისთვის არის საჭირო შესაბამისი, სპეციფიკური ცოდნა საჭირო.  პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში ფსიქოთერაპევტი არ არის რეგულირებადი პროფესია, ამიტომ ადამიანი, რომელიც ფსიქოლოგიას ამთავრებს, ის არ არის სპეციფიკურად მოზარდთა ფსიქოთერაპევტი. ამ მიმართულების სპეციალისტების დეფიციტია დღეს ქვეყანაში“.

ის, რომ მოზარდთა ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი სისტემა და დაწესებულებებში არ მიმდინარეობს მულტიდისციპლინარული მუშაობა, ამის თაობაზე საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველიც თავის ანგარიშშიც, რომელიც გასულ წელს გამოქვეყნდა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბავშვებსა და მოზარდებს ესაჭიროებათ სტაბილურობა და ზრუნვის უწყვეტობა, რასაც დღეს ვერ სთავაზობს მათ სახელმწიფო.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ფარმაკოთერაპიის გარდა #5 საავადმყოფოში ბავშვთა ფსიქიატრიული განყოფილება ვერ სთავაზობს პაციენტს სხვა ტიპის დახმარებას, „მაშინ, როდესაც ფსიქო-სოციალური ჩარევების, კორექციისა და აბილიტაცია-რეაბილიტაციის არარსებობა ახანგრძლივებს და ართულებს გამოჯანმრთელების პროცესს და ზრდის დაწესებულებაში დიდი ხნით დაყოვნების საფრთხეს“.

გარდა იმისა, რომ სახელმწიფო მოზარდებს  სრულფასოვან ფსიქოთერაპიულ მკურნალობას ვერ სთავაზობს, ბავშვთა ფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო ოთახიც კი ვერ აკმაყოფილებს აბილიტაცია-რეაბილიტაციის  თანამედროვე სტანდარტებს. „ოთახში არ დგას მაგიდა, სკამები, მხოლოდ პლასტმასის სასრიალო და პატარა სახლია, გასაშლელი დივანი და მრგვალი პუფები, რაც მხოლოდ წინასასკოლო ასაკის ბავშვებისთვის არის გათვალისწინებული“.

სახალხო დამცველი სხვა ტიპის დარღვევებზეც ამახვილებს ყურადღებას: „ბავშვთა სამედიცინო დოკუმენტაციის დათვალიერებისას დადგინდა რომ, არც ერთ სამედიცინო ბარათში არ დევს ფსიქოლოგის კონსულტაციის ფურცელი“.

ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა განყოფილებაში მიმდინარე თერაპიული პროცესი არ შეესაბამება ჩარევის საერთაშორისო გაიდლაინებს, ასამაღლებელია პერსონალის კომპეტენცია.

„სპეციალური ჯგუფი შეშფოთებულია არასრულწლოვანი პაციენტების მოზრდილთა სტაციონარში მოთავსების ფაქტით და რეკომენდაციას აძლევს დაწესებულებების პერსონალს, რომ არ დაუშვან ასეთი პრაქტიკა“.

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ყველა ზომა მიიღოს მოზარდთა ფსიქიკური აშლილობების ეფექტურად მართვის მიზნით და ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში შეიქმნას 16-იდან 18 წლამდე მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილებები გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.

ანგარიშის მომზადების დროს ბავშვთა ფსიქიატრიულ განყოფილებაში რვა, 1-იდან 16 წლამდე პაციენტი იმყოფებოდა. „უმეტესობა, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელია“.

გაითვალისწინა თუ არა ჯანდაცვის სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები და რა შეიცვალა ამ შენიშვნებიდან ერთი წლის შემდეგ მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გასაუმჯობესებლად?, – ამ კითხვაზე ჯანდაცვის სამინისტროში პასუხი არ აქვთ. „ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი უცხოეთში მივლინებაში იმყოფება, სხვა პირი, ვინც მოზარდთა ფსიქიკური პრობლემების დაძლევის პოლიტიკაზე ისაუბრებს, სამინისტროში არ არის“ – გვითხრეს პრესსამსახურში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com