კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ორსაუკუნოვანი მეჩეთი მეტალოპლასტმასის ფანჯრებით

01.12.2016 •
ორსაუკუნოვანი მეჩეთი მეტალოპლასტმასის ფანჯრებით

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მუსლიმი მოსახლეობა სამუფთოს დახმარებით არემონტებს. აქ არსებულ მეჩეთს ძეგლის სტატუსი სამინისტრომ 2006 წელს მიანიჭა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას არც სამუფთო ფლობს, არც ადგილობრივი გამგეობა და არც ის მოსახლეობა, რომელიც ჩამონგრევის პირას მყოფი სალოცავის გადარჩენას ცდილობს.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში ხის ორსართულიანი შენობა დგას. შენობა სიძველითა და არქიტექტურული სტილით განსხვავებულია სოფელში არსებული სხვა შენობებისგან და რთული არ არის იმის მიხვედრა, რომ შენობას განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა. ამ შენობაში წლების წინ მეჩეთი ფუნქციონირებდა.

ვინ და რომელ წელს ააშენა ეს მეჩეთი, ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას სოფელში არ ფლობენ. მოსახლეობის თქმით, შენობის პირველ სართულს მედრესეს ფუნქცია ჰქონდა და იქ ადგილობრივებს არაბულ წერა-კითხვას სასულიერო პირები ასწავლიდნენ, მეორე სართულზე კი სამლოცველო იყო.

„როგორც გადმოცემით ვიცით, მეჩეთი ორი საუკუნის წინ აუშენებია გვარად ჯინჭარაძეს. ლოცვასთან ერთად აქ ბავშვებს ასწავლიდნენ, მას შემდეგ მუსლიმური სალოცავები და მედრესეები აკრძალეს და სასწავლო და სამლოცველო პროცესი შეწყდა. ჩვენი მოთხოვნაა სოფელში მეჩეთი იყოს და გვქონდეს სალოცავი,“ – გვიყვება ადგილობრივი ნატო მიქელაძე.

მეჩეთს ჭინკაძეებში საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წლის 30 მარტს მიანიჭა.

შენობას ახლა არც ფანჯრები აქვს, არც მინარეთი, არც კრამიტის სახურავი და არც მეორე სართულთან დამაკავშირებელი ხის კიბე. შენობის გადახურვისას მინარეთი დაიშალა, კრამიტის ნაცვლად შენობა თუნუქით გადახურეს, ხის ფანჯრების ნაცვლად მეტალო-პლასტმასის ფანჯრები დააყენეს და მეორე სართულთან დამაკავშირებელი ხის კიბეების ნაცვლად ახლა ბეტონის კიბეებია. შებათქაშებულია მეჩეთის პირველ სართულზე ქვით ნაშენი კედლების ნაწილი და ბუხარი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მეჩეთი ზამთარს ვეღარ გაუძლებდა და ჩამონგრევის პირას მყოფ შენობას სამუფთოს ფინანსური დახმარებით ამაგრებენ. მუსლიმები ამბობენ, რომ რეაბილიტაციისთვის არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ გამგეობას, თუმცა ამაოდ, ამიტომაც გადაწყვიტეს შენობა თავად გაემაგრებინათ.

„არაერთხელ ვთხოვეთ ქედის გამგებელს შენობისთვის მოეხედათ, გაემაგრებინათ, რომ არ ჩამოშლილიყო ჩვენი სალოცავი, მაგრამ არავინ ყურადღება არ მოგვაქცია, ვითხოვდით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭებინათ, თუმცა არც ეს თხოვნა არ გაითვალისწინეს“ – ამბობს რესან მიქელაძე.

ის, რომ შენობას ძეგლის სტატუსი ჯერ კიდევ 2006 წელს მიანიჭეს, არც საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ იცის. ის ამბობს, რომ შენობის გარემონტება ადილობრივმა მოსახლეობამ ერთი წლის წინ სთხოვა და ამიტომაც საჭირო თანხა მოიძია.

„ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო მეჩეთი, იატაკი ვარდებოდა, შენობა რომ არ ჩამოშლილიყო და არ განადგურებულიყო, გადავხურეთ.

მე არ ვიცოდი შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი თუ ჰქონდა, შევხედავთ სიტუაციას, რა ხდება, კანონიერების ფარგლებში ვიმოქმედებთ, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რეაბილიტაცია მეჩეთს მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე უტარდება,“ – ამბობს ბეგლარ ქამაშიძე.

შენობას რომ რემონტი უტარდება, ამის შესახებ ინფორმაციას არც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ფლობს და არც ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

„აჭარაში არსებული საკულტო ნაგებობები არ არის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს კურაციაში, ეროვნული სააგენტოა მასზე ნებართვის გამცემიც და მაკონტროლებელიც. თუკი ჩვენ აღმოვაჩენთ უნებართვო სამუშაოებს, შეტყობინება უნდა გავუგზავნოთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომ ის ჩაერიოს,“ – ამბობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი. მისი თქმით, სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ორი ადამიანისგან შედგება და ზამთრის პერიოდში რეგიონებში გასვლა ჭირს.

„ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი წავა, ოქმს მოამზადებს და ეროვნულ სააგენტოს გავუგზავნით, თუმცა სიტყვიერი ინფორმაცია მივაწოდეთ, რომ სამუშაოები მიმდინარეობს.

იმისთვის, რომ რეაბილიტაციის პროცესი სწორად წარიმართოს, პროექტი უნდა შევიდეს სააგენტოში, სააგენტომ უნდა გასცეს ნებართვა და შემდგომ დაიწყოს რეაბილიტაცია. ეროვნულ სააგენტოს ახლა ის ბერკეტი აქვს, რომ სამართლებრივად გააფრთხილოს, შეაჩეროს საქმიანობა და მოიყვანოს რეგულაციაში, პროექტი გაკეთდეს და იმის მიხედვით მოხდეს რეაბილიტაცია,“ – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი სულ 25 მეჩეთს აქვს მინიჭებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: