Batumelebi | ბათუმის შემოვლითი გზის დაფინანსების საკითხი გაურკვეველია ბათუმის შემოვლითი გზის დაფინანსების საკითხი გაურკვეველია – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის შემოვლითი გზის დაფინანსების საკითხი გაურკვეველია

„ბათუმის შემოვლითი გზა“ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ის მონაკვეთია, რომლის მშენებლობისთვის დონორთა მოძიებაა საჭირო [ანალოგიურია ჭოროხი-სარფის მონაკვეთიც]. მშენებლობის შესაძლო დაფინანსების საკითხზე აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისიდან წარმომადგენლებს თბილისში წელს მაისში ელოდებიან. მანამდე კი, გზის ამ მონაკვეთის არსებული პროექტი მთლიანად გადაიხედება.

„ბათუმის შემოვლით გზასთან დაკავშირებით არსებობს ძველი, დეტალური პროექტი, თუმცა არის შენიშვნები და მიმდინარეობს მასში კორექტირების შეტანა. თუკი აზიის განვითარების ბანკი მიზანშეწონილად ჩათვლის ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დაფინანსებას და გახდება ამ მშენებლობის დონორი, ამის შემდეგ უფრო სწრაფი ტემპით დაიწყება სატენდერო პროცედურები მშენებლობის შესყიდვაზე,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა რუსუდან ხუბულავამ.

რა შენიშვნებია არსებულ პროექტთან დაკავშირებით დეპარტამენტში, არ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ ამ დეტალებს ახლა არკვევენ; „ბათუმელების“ ინფორმაციით, მთავარი პრობლემა განსახლების გეგმას უკავშირდება.

ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი

ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი

[გეგმის მიხედვით ბათუმის შემოვლითი გზის ზემოქმედების ქვეშ ექცევა 3 529 პირი. არსებული გეგმისა და წინასწარი შეფასებით, რომელიც კვლავ უნდა გადაიხედოს, განსახლების საერთო ღირებულება 25 265 287 აშშ დოლარია].

დეპარტამენტში განაცხადეს, რომ განსახლებასთან დაკავშირებით პრობლემები მათ ადრეც ჰქონდათ, ვინაიდან „წინასწარ იყო პროექტი გაკეთებული, არ იყო შეთანხმებული ადგილობრივ მოსახლეობასთან, შემდეგ უკვე მოსახლეობა იწყებდა ამ თემაზე ვაჭრობას, მათთან ხელშეკრულებები ვერ ფორმდებოდა და ამის გამო პროექტი ჭიანურდებოდა. ასეთი პრობლემები რომ არ იყოს, ამიტომ ყველა პროცედურა მშენებლობამდე უნდა დასრულდეს. ეს კი გარანტია იქნება იმისი, რომ მშენებლობის მიმდინარეობისას არ წარმოიშვას პრობლემები და არ შეფერხდეს პროექტი“.

დაკორექტირებულ პროექტს თბილისში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები განიხილავენ და ამის შემდეგ იტყვიან, დააფინანსებენ თუ არა მშენებლობას. თუ ბანკი უარს იტყვის პროექტის დაფინანსებაზე, მაშინ სახელმწიფოს სხვა დონორის მოძიება დასჭირდება.

„დონორი, როგორც ასეთი, არსებობს თეორიულად – ურთიერთობიდან და სხვა პროექტებში პარტნიორობიდან გამომდინარე ბანკი გახდება ალბათ დონორი,“ – მიაჩნიათ საგზაო დეპარტამენტში. ბანკის დონორობის შემთხვევაში გზის მშენებლობისთვის გამოიყოფა შეღავათიანი სესხი ძირითადად იმ პირობებით, რა პირობებითაც სესხი სხვა პროექტებისთვისაა გამოყოფილი.

ბათუმის შემოვლითი გზის [ჩაქვის გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე 16,2 კმ-იანი მონაკვეთი] დაფინანსების საკითხის გადაჭრის შემდეგ დაიწყება დონორის მოძიება მდინარე ჭოროხიდან სარფამდე ახალი მაგისტრალის ასაშენებლად.

არსებული პროექტის მიხედვით, ჩაქვის გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე მონაკვეთში მაგისტრალი დაახლოებით ასეთი მარშრუტით გაივლის: მწვანე კონცხი, მახინჯაური, სალიბაური, სამება, განახლება, მახვილაური და მეჯინისწყალი. ეს მარშრუტი უცვლელი დარჩება, აცხადებენ დეპარტამენტში.

ამ ეტაპზე სამუშაოები ოჩხამურიდან სახალვაშომდე [ჩაქვის გვირაბამდე] მონაკვეთში მიმდინარეობს. აქ სამუშაოები 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.

საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, პარალელურად დაიწყება გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტირების სამუშაოები: „მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები… რაც საშუალებას მოგვცემს მოლაპარაკებები დავიწყოთ დონორებთან ამ მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსებაზე“.

აჭარაში [48,4 კმ სიგრძის] ქობულეთისა და ბათუმის ასაქცევი გზების მშენებლობა აზიის განვითარების ბანკიდან მიღებული სესხით [500 მილიონი აშშ დოლარი] დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში დაიწყო.

საგზაო დეპარტამენტის მონაცემებით, 2007-2015 წლებში ქვეყნის მასშტაბით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, ჯამში, დაგებულია 153,35 კმ. გზა.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის [E-60 – ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი და E-70 – ფოთი-ბათუმი-სარფი] მშენებლობის დასრულების ვადა დამოკიდებულია დარჩენილი მონაკვეთების პროექტირება-მშენებლობისათვის დაფინანსების მოძიებასა და, შესაბამისად, მათი მშენებლობის დაწყება-დასრულების ვადებზე,“ – აცხადებენ საგზაო დეპარტამენტში.

ქობულეთის შემოვლითი გზა / ეკა ბერიძის ფოტო

ქობულეთის შემოვლითი გზა / ეკა ბერიძის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com