Batumelebi | ამუშავდება თუ არა კურორტი გომარდული ამუშავდება თუ არა კურორტი გომარდული – Batumelebi
RU | GE  

ამუშავდება თუ არა კურორტი გომარდული

სამთო-სათხილამურო კურორტად გამოცხადებული გომარდულის ფუნქციონირების საკითხი კვლავ გაურკვეველია. სააქციო საზოგადოება „გომარდული“, რომელმაც კურორტი 2011 წელს გახსნა, მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამო ისევ დაყადაღებულია. კომპანიის წარმომადგენლები სახელმწიფოს დახმარების იმედად არიან, აჭარის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ ბიზნესმენებისგან ახალ საინვესტიციო წინადადებებს ელოდებიან. სააქციო საზოგადოება „გომარდულის“ ერთ-ერთი აქციონერი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატია.

ჯერ არაფერი შეცვლილა, მოლოდინის რეჟიმში ვართ. უნდა მოიხსნას ყადაღა და მიწის გადასახადი, რომელიც 700-ათას ლარზეა ასული,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ „გომარდულის„ ერთ-ერთმა აქციონერმა რამაზ მსახურაძემ.

მიწის ფართობი, რომელიც კომპანიას 2011 წელს პირობებით გადაეცა, 50 ჰექტარია, რაც, რამაზ მსახურაძის თქმით, ფაქტობრივად არ სჭირდება კომპანიას, გადასახადი კი წლიურად, დაახლოებით 130 ათასი ლარია. „თავიდანვე ჩადო წინა ხელისუფლებამ ხელშეკრულებაში ეს მიწის გადასახადი და ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ. ტყეში კურორტს ვაშენებდით და ამხელა მიწა ამ პირობით არ იყო საჭირო… ამ ფართობის მიწას იქ იყიდდი, დავუშვათ 10 ან 20 ათას ლარად,“ – ამბობს რამაზ მსახურაძე.

კურორტი გომარდული 2011 წელს გაიხსნა, მომდევნო წელსაც მუშაობდა და შემდეგ, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებდა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ვალდებულება, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული – ერთ მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციის ჩადება – შესრულებულია. მთავარი პრობლემა კი მიწის გადასახადი გახდა, რომლის გადაუხდელობის გამო კომპანიის ანგარიშებს ინკასო დაედო და ქონება დაყადაღდა.

„მაგის გადამხდელი არავინ არაა. ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ საგადასახადოს, მაგრამ საგადასახადო თავისი ინიციატივით ეტყობა დამოუკიდებლად ვერ წყვეტს ამ საკითხს… პრემიერ-მინისტრის დონეზე უნდა გადაწყდეს ეტყობა, რომ მითითება მიეცეთ ეს გადასახადი მოგვაცილონ, ან მიწა წაიღონ. დღეს აქციონერებიც მიმოფანტულები არიან, შვიდიდან 3-4 გაღატაკებულია, ზოგს ვალი აქვს, ზოგს რაღაც და მაქ ფულის ჩამდები ახლა არავინ არაა, ამიტომ მთლიანად მინდობილი ვართ სახელმწიფოზე… იქნებ რაიმე სესხი გამოგვიყონ… ან არ ვიცი, როგორ ვთქვა… მთავრობის კონტროლის ქვეშ რომ დაიხარჯოს თანხა და კურორტი განვითარდეს. კურორტი რომ ამუშავდეს, დაახლოებით 800 ათასამდე დოლარია საჭირო,“ – ამბობს რამაზ მსახურაძე.

სოფელი გომარდული შუახევში, ბათუმიდან 74 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1 250 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტის ტერიტორიაზე „გომარდულის“ მიერ ხუთი კოტეჯია აშენებული, თუმცა არის გათბობის პრობლემა, სისტემა მუშაობს თხევად გაზზე, რომელმაც არ გაამართლა – იყინება, საბაგირო გზა კი კუსტარული, იაფფასიანია, რომელიც აქ ადრე სასპორტო სკოლის მიერ არის გაკეთებული. რაც შეეხება გზას კურორტამდე – შუახევის მუნიციპალიტეტი აკეთებს. მსახურაძის თქმით, ამ დროისთვის გზის ნახევარი გაკეთებულია.

რამაზ მსახურაძე „ბათუმელებთან~ ამბობს, რომ აქციონერები წილების გასხვისებასაც არ გამორიცხავენ: „დიდი სიამოვნებით გავასხვისებთ, რომ ამუშავდეს და კურორტი განვითარდეს, თუმცა ჯერ არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. რაც შეეხება ამჟამინდელ მთავრობას, დახმარებას გვპირდებიან, თუმცა ოფიციალურად არ მიგვიმართავს, არჩევნები იყო, ახლა კი რაღაც საკითხებს ოფიციალურად დავაყენებთ…“

„მათ ჰქონდათ მოლაპარაკება შემოსავლების სამსახურთან, რომ ამ ვალების რესტრუქტურიზაცია მომხდარიყო, თუმცა, შემდეგ ე.წ. „მთის კანონის~ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, ახალ საინვესტიციო წინადადებას ამზადებენ, მე რამდენადაც ვიცი. უნდა წარმოადგინონ ჩვენთან და ასევე ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებში,“ – განაცხადა „ბათუმელებთან~ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.

გომარდული

გომარდული

რატომ ვერ მოგვარდა პრობლემები ბოლო სამი წლის განმავლობაში? – მინისტრი აცხადებს, რომ ადრე სხვადასხვა საკითხი იყო დასაზუსტებელი „ისინი დაზუსტდა, მოგვმართავენ ალბათ უახლოეს დღეებში და ჩვენ მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მაღალმთიან აჭარაში ახალი პროექტი განხორციელდეს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას.“

„არის დავალიანების და სხვა მიზეზებიც, რის გამოც გაჩერებულია გომარდული. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ განვითარდება და დაიწყებს ფუნქციონირებას. პირველ რიგში, კონსულტაციები მიდის აქციონერებთან და პარალელურად შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მოხდება კონსენსუსი და ალბათ, ვალის ჩამოწერაც,“ – აცხადებს ხვიჩა შარაშიძე, სს „გომარდულის“ ერთ-ერთი აქციონერი და მაღალმთიან აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“.

ხვიჩა შარაშიძის თქმით, პირველ რიგში, გომარდულს უნდა მიენიჭოს კურორტის სტატუსი, რაც გაათავისუფლებს მიწის გადასახადისგან, საგადასახადო შეღავათების კუთხით მოერგება კომპანიას „მთის კანონიც“.

 

„ბათუმელებმა“ კურორტ გომარდულის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძესაც დაუსვა შეკითხვა. მან განაცხადა, რომ გომარდულის პრობლემა მისთვის ცნობილია. `უახლოეს დღეებში მექნება შეხვედრა ბიზნესჯგუფთან, ვინც უშუალოდ დაიწყო ეს პროექტი და მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწობს მათ. ჩვენ ვიმსჯელებთ და არ გამოვრიცხავ, რომ მათ ჩამოეწეროთ გადასახადები. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივიღებთ საერთაშორისო დონის კურორტს,“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ხომ არ უკავშირდებოდა გომარდულის პროექტის შეჩერება კურორტ გოდერძის განვითარებას? – ამ კითხვაზე ხვიჩა შარაშიძე ამბობს, რომ „შესაძლებელია იყო ეს ფაქტორიც, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, გომარდულსაც მიექცევა ყურადღება“.

„გოდერძისთან დაკავშირებით არის ძალიან დიდი დაინტერესება, ჩვენ უახლოეს დღეებში აუქციონებს გამოვაცხადებთ… დიდი პერსპექტივაც არის და დაინტერესებაც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორი სასტუმროს მშენებლობა. ერთი მომდევნო წელში დასრულდება,“ – განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.

კურორტი გოდერძი ოფიციალურად გასული წლის დეკემბერში გაიხსნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com