მთავარი,სიახლეები

ნამდვილი მეზღვაური

23.12.2016
ნამდვილი მეზღვაური

ბოლო თვეა 23 წლის ბათუმელი ნათია ლაბაძის ყოველი დილა ერთნაირად იწყება. ძილ-ბურანში მყოფის პირველი ფიქრია: „სად ვარ?“ საწოლი მყარად დგას, ოთახი არ ირწევა, ესე იგი ხმელეთზე.  მალე ყველაფერი 6 თვით შეიცვლება. სექტემბერში  ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებული ნათია ლაბაძე შორეულ ნაოსნობაში წავა, პირველი ერთი თვე ასისტენტი იქნება, შემდეგი კი ხუთი თვე კი კაპიტნის მესამე თანაშემწის პოსტს დაიკავებს. იგი ეკიპაჟის ერთადერთი წევრი ქალი იქნება.  კონტეინერმზიდი სახელწოდებით „ენვაიკე ტრიტონი“ „კოლუმბია შიფ მენეჯმენტს“ ეკუთვნის და პანამის დროშის ქვეშ ცურავს საუდის არაბეთში, სინგაპურსა და ჩინეთში.

  • როგორ დაიწყო ყველაფერი

ნათია მეექვსე კლასში იყო, როცა რვეულში ჩაწერა: „მინდა გავხდე კაპიტანი“. არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა, ნათიას ოჯახის ცხოვრება ზღვას უკავშირდება, ნათიას მამა წლების მანძილზე კაპიტნის მეორე თანაშემწე იყო, ბიძა – კაპიტანი, ასე რომ ზღვა და ისტორიები მეზღვაურებზე მისი ბავშვობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

„მაშინ წასვლის დღეს ურეკავდნენ მეზღვაურებს. ღამის სამ საათზე რომ გაღვიძებენ: „ადექი, მამიკო მიდის რეისში“… სწრაფად უნდა ჩალაგებულიყო ჩანთა, ნახევრად მძინარე ოჯახი ვცდილობდით არაფერი დაგვვიწყებოდა, „სწრაფად! სად არის კბილის პასტა!“ – ასეთი ღამეები მახსოვს მძაფრად. სასიამოვნოც კი იყო ეს აყალმაყალი და მერე, დილას გაღვიძება ფიქრით, რომ მამა გემზე წავიდა. ჩამოსვლის მომენტებზე ფიქრისას კი სულ მწვანე ბანანების აცმა მახსენდება, რომელიც მამაჩემს ჩამოჰქონდა. თაროზე ელაგა ეს ბანანები და მე და ჩემი ძმა მოუთმენლად ველოდებით დამწიფებას. „აი, ცოტა გაყვითლდა, შეიძლება ვჭამოთ?“ – სულს ვუწუხებდით დედაჩემს.

და ყველაზე კარგად მახსოვს ის ისტორიები, რომელსაც შორეული ნაოსნობიდან ჩამოსული მეზღვაურები ყვებოდნენ. „ბრაზილიაში რომ ვიყავით“…  „ბარსელონაში ერთხელ…“  მოჯადოებული ვუსმენდით მე და ჩემი ძმა ამბებს სხვა ქვეყნებზე, სხვა ქალაქებზე, სხვა ადამიანებზე…  ალბათ მაშინ გადავწყვიტე ეს ამბავი, მეც უნდა ვყოფილიყავი მეზღვაური, მცმოდა ლამაზი ფორმა და მემოგზაურა სხვადასხვა ქვეყნებში. ზღვა გაძლევს საშუალებას დაინახო მეტი“ – ამბობს ნათია.

სკოლა დაამთავრა და ბათუმის საზღვაო აკადემიაში ჩაირიცხა.  მაშინ  18  წლის ნათია ლაბაძე ერთადერთი გოგო იყო აკადემიის 121 კურსანტს შორის. 40-წლიანი ინტერვალის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საზღვაო აკადემიაში გემთწამყვანის სპეციალობაზე გოგომ ჩააბარა.

  • 8 თვე შორეულ ნაოსნობაში

აკადემიის დამთავრების შემდეგ ნათია ექვს საუკეთესო სტუდენტს შორის მოხვდა, რომლებმაც გასაუბრება კომპანია „კოლუმბია შიფ მენეჯმენტში“ გაიარეს. კომპანიამ ექვსეულიდან სამი საუკეთესო შეარჩია, მათ შორის იყო ნათიაც.

2015 წელს ნათია პირველად წავიდა შორეულ ნაოსნობაში. „ენვაეკე ლიბრა“ – ასე ქვია პანამის დროშის ქვეშ მცურავ  კონტეინერმზიდს, რომელსაც 7 ათასი კონტეინერი გადააქვს ჩინეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, მექსიკისა და ჩილეს პორტებში.

„ენვაიკე ლიბრას“ გემბანზე ნათია ჰონგ-კონგის პორტში 2015 წლის ივნისში ავიდა.  ღამე იყო, ხიდურზე გემის კაპიტანი და მისი თანაშემწეები დახვდნენ, ხელი ჩამოართვეს და წარმატებები უსურვეს.

შორი გზით დაღლილს მალევე ჩაეძინა კაიუტაში, დილას კი გაიღვიძა შეგრძნებით – პირველი დღე შორეულ ნაოსნობაში.

„მზიანი ამინდი იყო, ყველაფერი, რაც ღამით არ ჩანდა,  დილით დავინახე. ძალიან ლამაზი იყო, სივრცე, გემი, რომლის სიგრძე 299 მეტრია, გასვლა ხიდებქვეშ… გამოდიხარ კაიუტადან, ჯერ არაფერი იცი, მხოლოდ ის, რაც აკადემიაში გასწავლეს, ინგლისურად საუბარიც კი გეშინია, არაფერი შეგეშალოს. ასეთ დროს მთავარია თავი ხელში აიყვანო, გჯეროდეს, რომ აუცილებლად შეძლებ, არც შიში უნდა დაგეტყოს. ბევრი რამ არის დამოკიდებული ეკიპაჟზეც, რამდენად უწყობენ ხელს ახალბედას. მე ამ მხრივ ძალიან გამიმართლა“.

26-წევრიან ეკიპაჟში 22 წლის ნათია ერთადერთი გოგო იყო. ეს მისთვის პირველი რეისი იყო, ამიტომაც კონტეინერმზიდზე სხვადასხვა განყოფილებაში მუშაობდა.

„ზოგჯერ უთქვამთ, არ გააკეთო, ეს მძიმეა,  ჩვენ ვიზამთ, მაგრამ არა. საქმე საქმეა. რადგან იქ ხარ, ეკიპაჟის წევრი, შეღავათებს ვერავის სთხოვ, შენი საქმე შენ უნდა გააკეთო, რა მნიშვნელობა აქვს გოგო ხარ თუ ბიჭი, ყველაზე მძიმე საქმეც შეიძლება გონების დახმარებით გაადვილო და გააკეთო.

კი, ხან იყო ის დამოკიდებულება, რომ გოგოა და ვერ შეძლებს, მაგრამ არ უნდა დანებდე ასეთ დროს. ფიზიკურ მომზადებაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომზადებაა. გემზე არ არსებობს ბიჭი და გოგო, მოტეხილი ფრჩხილი და გაწეწილი თმა. არავითარი კაბები, თმა სულ შეკრული მაქვს, არც მაკიაჟი. იქ ვარ ეკიპაჟის წევრი, კოლეგა და მეგობარი, სულ ეს არის“ – ამბობს ნათია.

სამუშაო დღე გემზე დილის რვა საათზე იწყება. ამ დროს ნათია ხიდურზე ადიოდა  და 12 საათამდე გემის მოძრაობას აკონტროლებდა. შემდეგ საუზმე და სამუშაო. საღამოს 8-დან 12-მდე კი ისევ ვახტა.

„ხან მოსაწყენია, მაგრამ თავს მოწყენის საშუალება არ უნდა მისცე. გემზე ყველა პირობაა, სავარჯიშო დარბაზიც არის, ფილმების ნახვაც შეგიძლია, კითხვა. ახლა რომ ვუყურებ, ისე ჩქარა გავიდა ეს დრო… ყველაზე ძნელი ამ პროფესიაში ისაა, რომ სახლიდან შორს ხარ. შენს მიღმა მიდის ცხოვრება აქ, ხმელეთზე. კი, არის ინტერნეტი, მაგრამ მე ვცდილობდი არ შემოვსულიყავი, ხანდახან ეს უფრო რთულია.“

„ენვაიკე ლიბრაზე“ ნათია ექვსი თვით იყო, მაგრამ საკუთარ თავში რომ დარწმუნებულიყო კონტრაქტი ორი თვით გააგრძელა. „მინდოდა მცოდნოდა, რომ მართლა შემიძლია ეს, მართლა მინდა. კი, ძნელი იყო, მაგრამ საჭირო. ახლა საკუთარ გადაწყვეტილებაში ეჭვი არ მეპარება.“

ნამდვილი მეზღვაური

2015 წლის 18 აგვისტო ნათია ლაბაძისთვის განსაკუთრებული დღე იყო. ნათია კაპიტანმა გემბანზე გამოიძახა და საგანგებო სიგელი გადასცა იმის დასტურად, რომ ნათია ლაბაძემ გადაკვეთა ეკვატორი და უკვე ნამდვილ მეზღვაურად ითვლება.

„ეს მეზღვაურთა ტრადიციაა. ყველას, ვინც გადაკვეთს ეკვატორს, აძლევენ ასეთ სიგელს. კაპიტანმა თვითონ მოამზადა სიგელი, რომ ამა და ამ დროს, ამა და ამ საათზე გადავკვეთეთ ეკვატორი. გემზე პატარა ზეიმია ამ დროს.  გემბანზე იკრიბება ყველა საპარადო ფორმაში. კაპიტანმა წარმოთქვა საზეიმო სიტყვა, გადმომცეს სიგელი და დამალევინეს ზღვის წყალი – ესეც ტრადიციაა. ამის შემდეგ უკვე ნამდვილი მეზღვაური ხარ. საღამოს კარგად გავერთეთ, ბარბიქიუ გვქონდა ამ ამბის საპატივცემულოდ“. 

2015 წლის თებერვლის ბოლოს, რეისის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, იაპონიისკენ მიმავალ „ენვაეკე ლიბრას“ წყნარ ოკეანეში რამდენიმე შტორმის გადატანა მოუხდა. დღისით, ისეთი ნისლის დროსაც კი, როცა ორი მეტრის იქეთ ვერაფერს ხედავ, შტორმის ფსიქოლოგიურად გადატანა შედარებით ადვილია, სიტუაცია ღამით იცვლება, როცა ოკეანეზე ჩამოწოლილ წყვდიადში მეზღვაურები მხოლოდ გემის განათებას ხედავენ და ამ დროს ოკეანეზე შტორმი ბობოქრობს.

„ასეთ დროს პანიკას არ უნდა აჰყვე“ – ამბობს ნათია.  „ვინ გიშველის, საკუთარი თავის ამარა ხარ. ბევრს გემზეც ეშინია, ზოგს ეძინება სტრესის, დაღლილობის და მუდივი რწევის გამო.“

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ნათიამ მეზღვაურის პროფესია აირჩია, მოგზაურობის და ახალი ადგილების აღმოჩენის სიყვარულია.

„მე დიდად არ მიზიდავს ცნობილი ტურისტული ქალაქები, როგორიცაა პარიზი ან რომი. პატარა, უცნაური ქალაქები მომწონს, რომელთაც, მეზღვაური რომ არ ვიყო, ალბათ ვერც ვნახავდი. ჩამოვდივარ თუ არა რომელიმე უცხო ქალაქის პორტში,  პირველ რიგში ბაზარში გავრბივარ. იქ ნახავ ნამდვილ ქალაქს და არა ტურისტულ ქუჩებში. რაც ვნახე, ყველაზე მეტად კილუნგი მომეწონა, პატარა ქალაქი ტაივანში, სადაც ძალიან ბევრი ძველი ადგილია და ვალპარაიზო – ჩილეში.  ხილზე ვგიჟდები, რაც ეგზოტიკური ხილი შემხვდა, ყველა გავსინჯე. ისეთს ვპოულობდი ხან,  კაპიტანს უკვირდა, ეს სად ნახე, საერთოდ ამის ჭამა შეიძლება თუ არაო.“

როცა რეისი დასასრულს უახლოვდება, დღეები უსასრულოდ იწელება – ნათია ამბობს, რომ ყველა მეზღვაური ასეა კონტრაქტის დასრულების დროს, ამიტომაც ითვლება, რომ გემზე ყველაზე ძნელი პირველი 10 დღე და ბოლო კვირაა.

  • ახალი გამოწვევა – მზადება კაპიტნის მესამე თანაშემწის პოსტისთვის

სექტემბრის ბოლოს ნათია ლოს-ანჟელესის პორტში კონტეინერმზიდ „ენვაიკე ტრიდონზე“ ავა. ამჯერად მის წინაშე სხვა გამოწვევაა. კომპანიასთან შეთანხმების თანახმად, ერთი თვის მანძილზე, ნათია კაპიტნის მესამე თანაშემწის ასისტენტი იქნება, ერთი თვის შემდეგ კი თავად გახდება მესამე თანაშემწე. მისი ძირითადი მოვალეობა გემზე უსაფრთხოების საკითხების კონტროლი იქნება.

„მეშინია თუ არა?! რა თქმა უნდა მეშინია და ვნერვიულობ. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. აქამდე პრაქტიკანტი ვიყავი, ახლა პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია. კი, იქ დაგეხმარებიან, მაგრამ შენს გარდა ამ საქმეს ვერავინ გააკეთებს. მეშინია და მაგრამ ყველაფერს ძლევს გრძნობა – ახლაც აუცილებლად შევძლებ. ეს დღეები, გამგზავრების მოლოდინში, გაღვიძებისას უცებ ვერ ვხვდები, სახლში ვარ თუ კაიუტაში. რამდენიმე წამი მჭირდება გონზე მოსასვლელად. გემზეც ასე ვიყავი ბოლო კვირას, ვიღვიძებდი კაუტაში და მეგონა, რომ უკვე სახლში, ჩემს ოთახში ვიყავი.“

  • ბავშვობის ოცნება

1994 წელს ჩინეთის სანაპიროებთან ქართული ფლოტის ერთ-ერთი უკანასკნელი გემი, „მემედ აბაშიძე“ ჩაიძირა. გემზე სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთ-ერთი ჯემალ ლაბაძე იყო, კაპიტნის უფროსი თანაშემწე, ნათია ლაბაძის ბიძა.

„ჩემთვის მისაბაძი ის არის. დღემდე მიყვებიან მასზე, როგორი ადამიანი იყო. ამიტომ უკავშირდება კაპიტნობის სურვილი ჩემს ოჯახს, სადაც ბევრი მეზღვაური იყო, აქედან სამი კაპიტანი და ჩვენც ვაგრძელებთ ამ ტრადიციას. მეზღვაურია ჩემი ძმაც, რომელიც უკვე ორი წელია არ მინახავს, რადგან ისიც რეისშია და ვერ ვემთხვევით ხმელეთზე ერთმანეთს.

კაპიტნობა არის ჩემი მიზანიც და სურვილიც. რასაც აკეთებ, იქ გინდა მაქსიმუმს მიაღწიო. ეს არის მაქსიმუმი ჩემს საქმეში. ამისათვის სულ ცოტა ათი წელია საჭირო, თავდაუზოგავი შრომა და მოთმინება და დიდი გამოცდილება.“

ის, რომ კაპიტნობა „ქალის საქმე არ არის“ ნათიასთვის მოძველებული შეხედულებაა. მსგავსი სტერეოტიპების დამსხვრევა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა აკადემიაში გემთწამყვანის პროფესია აირჩია.

„მაშინაც მეუბნებოდა ზოგიერთი ლექტორი აკადემიაში, აქ რა გინდოდაო, მაგრამ ყურადღებას არასოდეს ვაქცევდი. უამრავი კაპიტანი ქალია უკვე მსოფლიოში. ზოგი ამბობს, რომ უფრო მკაცრები არიან, მაგრამ ამასაც აქვს ახსნა ჩემთვის. რადგან ქალი ხარ, მეტის დამტკიცება, კიდევ უფრო მეტი შრომა გიწევს, რომ შენში იყვნენ დარწმუნებულნი, არ გამოდის სხვაგვარად.“

ოქტომბერში ნათია ლაბაძე 24 წლის გახდება. ეს უკვე მისი მეორე დაბადების დღე იქნება, რომელსაც იგი გემზე, შორეულ ნაოსნობაში შეხვდება.

____________________

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ანაკლიაში“, 2016 წელს. სტატიის გამოქვეყნებიდან 10 წლის შემდეგ, 2026 წლის იანვარში ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში.

ფოტო: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, 2026 წელი/facebook

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: