Batumelebi | „ჯარა” – ფილმი, რომლის მთავარი გმირი კავკასიური ფუტკარია „ჯარა” – ფილმი, რომლის მთავარი გმირი კავკასიური ფუტკარია – Batumelebi

„ჯარა” – ფილმი, რომლის მთავარი გმირი კავკასიური ფუტკარია

ჩირუხის ხეობის კლდეებზე ახლაცაა შემორჩენილი ჯარა –  ტრადიციული ქართული სკა. ხისგან დამზადებულ ძველ ჯარებს კლდის ფერი აქვთ უკვე მიღებული და ხშირად მათი შემჩნევა შეუძლებელიც კია. აჭარის მაღალმთიანეთში ახალ ჯარებსაც ამზადებენ ძველებური წესით, თუმცა –  იშვიათად. ტრადიცია თანდათან ქრება. „ჯარა“ – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც აჭარის ველურ ბუნებაშია გადაღებული და მალე კინოთეატრებში ვნახავთ. ფილმის რეჟისორს, ნიკა წიკლაურს სურს ლამაზი კადრების მიღმა მაყურებელმა იგრძნოს, რომ ადამიანის საცხოვრებელ გარემოსა და ველურ ბუნებას შორის ზღვარი შეიძლება გაქრეს. „ბათუმელები” გთავაზობთ ინტერვიუს ნიკა წიკლაურთან.

ბატონო ნიკა, რატომ გადაწყვიტეთ ამ ფილმის გადაღება და რატომ „ჯარა”?

საერთოდ, ჩვენი კომპანია Eco Films-ი ორიენტირებულია ველურ ბუნებაზე. ეკოლოგია, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა – ამ თემებზე დიდი ხანია ვგეგმავდით მასშტაბური ფილმის გადაღებას. როდესაც მოვიდა ეს იდეა – ადამიანი და ბუნება აჭარის უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე მთებში, ეს იდეა დაემთხვა ჩვენი ძირითადი დონორის, MERCY CORPS-ის მიზანს. ისინი აჭარის ტერიტორიაზე ახორციელებდნენ პროექტს და ერთად გადავწყვიტეთ ამის გაკეთება. რაც შეეხება ჯარას. ჯარა არის ქართული ტრადიციული სკა, რომელიც აჭარის გარდა არსად აღარაა დარჩენილი. ჩვენ გადავწყვიტეთ ადამიანისა და ველური ბუნების ურთიერთობა ამ ტრადიციიდან დაგვენახა. ფილმის მთავარი გმირი კავკასიური ფუტკარია, რომელიც უნიკალურია თავისი თვისებებით. მეფუტკრეობაც ისეთი დარგია, რომელიც სასარგებლოა როგორც ბუნებისთვის, ისე ადამიანისთვის. ადამიანი ამ შემთხვევაში მოიხმარს ბუნების რესურსს, მაგრამ არ აზიანებს მას.

ამიტომაც მიიჩნიეთ, რომ ეს კავშირი გამოხატავს ყველაზე კარგად ველური ბუნებისა და ადამიანების თანაცხოვრების შესაძლებლობას?

კი, ასეა. ჯარას ტრადიცია მხოლოდ აჭარაში შემოინახეს. აქ ნახავთ როგორ ამზადებენ ჯარას ხის მორისგან. ადამიანები აჭარის მაღალმთიანეთში ისევ ტყეებში ათავსებენ მათ და ხის ტოტიდან ჩამოჰყავთ ველური ფუტკარი. თანამედროვე, სტანდარტულ სკას თავისი უპირატესობები აქვს, მაგრამ ჯარაში ყოველგვარი ჩარევების გარეშე ამზადებენ ფუტკრები თაფლს. საოცარი სანახავია. ფილმში ნახავთ ადამიანებს, რომლებიც იცავენ სხვადასხვა ტრადიციას. ნახავთ დათვებს, შვლებს, ფრინველებს, წითელ წიგნში შეტანილი კავკასიური როჭოც ჩვენი ფილმის გმირია. კავკასიის გარდა, ის არსად გვხვდება. ჩირუხის ხეობაში გადავიღეთ როჭოების გაზაფხულის ცეკვა. როგორც ფარშევანგები შლიან კუდებს, ასევე მამალი როჭოები ცეკვის მაგვარ რიტუალს ასრულებენ, რომ დედალ როჭოებს მოაწონონ თავი.

როგორი იყო გადაღების პროცესი? თქვენ წელიწადის ოთხივე სეზონზე იმუშავეთ აჭარის მთის ველურ ბუნებაში.

ველური ბუნების გადაღება ყოველთვის ძალიან მძიმე და რთული პროცესია. გადაღებები 2015 წლის ზაფხულში დავიწყეთ და ამ წლის ოქტომბერში დავასრულეთ. ჯამურად 80 დღე იყო გადაღებები, გვქონდა ასევე სხვადასხვა ექსპედიცია. ჯგუფში ბევრი პროფესიონალი გვყავდა, მათ შორის, ზოოლოგი კონსულტანტები, რომლებმაც ცხოველების ადგილობრივი სადგომები იცოდნენ. თუმცა ცხოველი დღეს შესაძლოა ერთ ფერდობზე იყოს, ხვალ – მეორეზე. ზოგჯერ ამინდი არ გვიწყობდა ხელს, ზოგჯერ ქარი მიიტანდა მათთან ადამიანების სუნს. შეიძლება ერთი კვირა იჯდე სამალავში და არაფერი გამოჩნდეს. ერთ მშვენიერ დღეს კი შესაძლოა ნახო ყველა ის ცხოველი, რომელსაც ორი თვის განმავლობაში ელოდი. ერთ დღეს, მხოლოდ მთის ერთი ფერდობიდან ჩვენ ვნახეთ ცხრა სხვადასხვა დათვი, ეს იყო სასწაული. ზუსტად არ ვამხელთ ადგილებს, რადგან ჩვენთან ბრაკონიერობა ისევ აქტუალურია. ძირითადად მაინც სასაზღვრო ზოლში გადავიღეთ ცხოველები, იქ ბრაკონიერები ვერ შედიან და ცხოველებიც თავს კომფორტულად გრძნობენ.

კიდევ რომელი ტრადიცია შეგვხვდება ფილმში?

ჩვენ ვეცადეთ აგვესახა ფილმში ყველაფერი, რაც ადამიანს ბუნებასთან აკავშირებს, მაგალითად, ქესუმის ტრადიცია. ეს არის მესაქონლეების წესი, რომელიც ახლაც აქტიურია აჭარაში: ზაფხულის საძოვრებზე მესაქონლე კონკრეტულ ადამიანს ატანს თავის საქონელს და იდება ზეპირსიტყვიერი შეთანხმება. მხარეები თანხმდებიან, რომ უცხო ადამიანი მოუვლის მის საქონელს და შემოდგომაზე, როცა დაიბრუნებს, უნდა დაუმატონ, მაგალითად, 15 კილოგრამი ყველი, კარაქი და ასე შემდეგ. ზაფხული როცა მოდის, ქესუმობის დრო დგებაო – ასე გვიყვება ერთ-ერთი გმირი ფილმში, რომელიც ქედაში ცხოვრობს. მერისის ხეობაში გადავიღეთ ასევე ხარების დაჭიდების ტრადიცია. გაზაფხულის ერთ დღეს ხარები მოჰყავს ხალხს ფერდობზე და ორ ხარს უპირისპირებენ ერთმანეთს. მთელი სოფელი იქაა ამ დროს. ბოლო დროს პატარა ტრაქტორები შემოვიდა და ხარების რაოდენობაც მკვეთრად შემცირებულა.

როჭოების გარდა, კიდევ რომელია ფრინველია ფილმის გმირი?

ფილმში ნაჩვენები იქნება საერთოდ ფრინველთა მიგრაციის კორიდორი. მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს ამ კუთხით – ფრინველებზე დაკვირვების გიდადაც ვმუშაობ და ადგილები კარგად მაქვს შესწავლილი. ბაზიერობის ტრადიციაც ასახულია ამ ფილმში. საერთოდ, ჩვენ ვეცადეთ, რომ გვეჩვენებია ისეთი ბუნებრივი ატრაქციები, რაც ტურისტული კუთხითაც ძალიან მომგებიანი იქნება აჭარისთვის. ეს არ იქნება რეკლამა, მაგრამ ამ ბიომრავალფეროვნების უნიკალურობა ხაზგასმული იქნება. ჯერჯერობით ფილმის რეკლამირებაზე ვერ ვმუშაობთ, დაფინანსება არ არის საკმარისი. მთლიანად 180 ათასამდე დოლარი დაიხარჯა. ერთ-ერთი დონორი იყო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროც.

თქვენი მოლოდინი როგორია – რას დაინახავს მაყურებელი ამ უნიკალური ბუნებისა და ტრადიციების იქეთ, რა არის თქვენი გზავნილი?

ჩვენი გზავნილია შუა გზის დანახვა. ის, რომ შესაძლებელია პატარ-პატარა დათმობებით თანაარსებობა, შეიძლება არსებობდე ბუნებასთან, რომ სარგებელიც ნახო, მაგრამ არც ბუნება გაანადგურო. ფილმის გადაღების პროცესში აჭარის მაღალმთიანეთში აქტიურად შენდებოდა ჰიდროელექტროსადგურები. ამ პროცესიდან ჩანს, რომ ადამიანი არ ცდილობს დათმობაზე წასვლას და ყველანაირად მაქსიმალურად მოიხმარს რესურსს ბუნებისაგან. საერთოდ არ ვუწევთ ანგარიშს ბუნებას. ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, არ არის მომავალში მომგებიანი. მოგების ხარჯზე ხვალინდელი ეკოსისტემები ინგრევა.

მოხვდა ჰიდროელექტროსადგურებიც თქვენს ფილმში?

არა, ეს კადრები ფილმში არ მოხვდა. ჩვენ მაინც ვარჩიეთ არ გავამწვავოთ ეს სურათი, გარკვეულწილად თვალი დავხუჭეთ, მაგრამ ვაჩვენეთ, რა შეიძლება იყოს არჩევანი, რა შეიძლება დავკარგოთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი