სასკოლო კლუბების ინიციატივების დასაფინანსებლად განათლების სამინისტრო კონკურსს აცხადებს

სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსებისთვის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსს აცხადებს.

სამინისტრო “სასკოლო კლუბების ინიციატივების” ფარგლებში აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილ საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და სპორტული მიმართულების ინიციატივებს დააფინანსებს.

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა  შეადგენს 1000 ლარს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით  შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში სპეციალური სააპლიკაციო ფორმა უნდა წარადგინონ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკაციების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან; ასევე აპლიკანტებს, რომლებსაც სასკოლო კლუბების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში 2014  – 2016  წლებში არ მიუღიათ დაფინანსება. უპირატესობა ენიჭება ასევე იმ აპლიკანტებს, რომლებიც პროექტის განაცხადს სრული, ორგანიზებული და თანმიმდევრული ფორმით წარადგენენ;  დამაჯერებლად დაასაბუთებენ პროექტის ეფექტურობას; ჩართავენ თავიანთ აქტივობებში საზოგადოების სხვადასხვა ფენებს.

გონიოს მუზეუმში არქეოლოგიური უბნების განათება იგეგმება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პროგრამული ბიჯეტით 2017 წელს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში არქეოლოგიური უბნების განათება იგეგმება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აქ ასევე მოეწყობა რომაელ ლეგოინერთა იმიტირებული ბანაკი, სადაც აფსაროსში მდგარი რომაელი ჯარისკაცების ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება იქნება განსახირებული. ამ ყველაფრისთვის ბიუჯეტიდან 444 ლარია გათვალისწინებული.

გასულ წელს, გონიო -აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში მუზეუმის განვითარების ახალი პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ციხის ორ კოშკს, კეთილმოეწყო ეზო, შეიქმნა ახალი სამუზეუმო სივრცე, მოეწყო იმიტირებული არქეოლოგიური ველი, შეიცვალა ციხის კარიბჭე, დაიდგა კატაპულტები და მოხდა ციხის შიდა და გარე განათების მოწყობა, რისთვისაც  43 000 ლარი დაიხარჯა.

 

 

კონკურსი რეწვის სახელოსნოების დასაფინანსებლად

აჭარის განათლების სამინისტრო 2017 წლიდან ტრადიციული რეწვის სახელოსნოების დაფინანსებას აპირებს. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის წესით  შეირჩევა ხუთი სახელოსნო აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, გარდა ბათუმისა.

პროექტის ფარგლებში უნდა ჩატარდეს არანაკლებ ხუთი ტრენინგი კონკურსით წესით შერჩეული სახელოსნოების ოსტატებისთვის, რომლებმაც არანაკლებ 25 შეგირდს მომზადებენ. სწავლების ხანგრძლივობა საშუალოდ 45 სასწავლო საათია.

ოფიციალური ინფორმაციით, კონკურსის წესით შერჩეული თითოეული სახელოსნო 4 100 ლარით დაფინანსდება. „უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ სახელოსნოებს, რომელთა მიერ შექმნილ ნამუშევრებს გააჩნიათ საბაზო პოტენციალი“- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

„ტრადიციული რეწვის სწავლებისა და სახელოსნოს განვითარების“ პროექტი, განათლების სამინისტროს „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაციის“  ფარგლებში, 30 ათასი ლარით ფინანსდება.

2016 წელი უხელფასოდ – დავით საგანელიძის ქონებრივი დეკლარაცია

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის მიერ 2017 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წელს შესრულებული სამუშაოსთვის მას არც ერთი ლარი არ აქვს მიღებული. 2017 წლის ქონებრივი დეკლარაციის გრაფაში – „საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა“ – დავით საგანელიძეს არაფერი უწერია.

ასევე დავით საგანელიძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს საშემოსავლო გადასახადის სახით შარშან 80 850 ლარი გადაუხდია.

საგადასახადო კოდექსის თანახმად, საშემოსავლო გადასახადი საერთო შემოსავლის 20%-ია. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ დავით საგანელიძეს გასულ წელს 323 400 ლარი უნდა ჰქონდეს მიღებული, რაც თვეში 33 687.5 ლარია.

დავით საგანელიძე ამ თანამდებობაზე 2015 წლის 23 სექტემბერს დანიშნეს.

დავით საგანელიძის ქონებრივი დეკლარაცია
დავით საგანელიძის ქონებრივი დეკლარაცია

PHR-ი ბავშვის ცემის ფაქტზე: საბავშვო ბაღი ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო უნდა დაჯარიმდეს

ბათუმის მე-15 საბავშვო ბაღში 5 წლის ბავშვის მშობლის მიერ ცემის ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გამოეხმაურა. ორგანიზაციის  იურისტის ანა არგანაშვილის თქმით, 2016 წელს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საბავშვო ბაღს უზუსტებს და ავალდებულებს, რომ ყველა ძალადობის შემთხვევა, იქნება ეს ფიზიკური, ემოციური, ფსიქოლოგიური თუ უგულებელყოფა მშობლის მხრიდან, ბაღმა უნდა შეატყობინოს სოციალურ სამსახურს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან პოლიციას.

„თუ ამას ბაღი არ გააკეთებს, თავად ბაღის პასუხისმგებლობა დგება, საქართველოს ადმინისტრაციის სამართალდაღვევათა კოდექსის მიხედვით და ბაღზე გამოიწერება ჯარიმა.

ვინაიდან, როგორც ნიუსიდან ჩანს, ბაღმა თვითონ შეაფასა  რისკი – ეს მშობელი სახლში იძალადებს თუ არა ისევ შვილზე. ამ რისკს  ბაღი მარტო ვერ შეაფასებს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ბავშვზე ძალადობის საკითხი არის საკმაოდ რთული და ეს უნდა შეაფასოს სოციალურმა მუშაკმა. მთელი პროცედურები უნდა ჩართონ და არანაირი არგუმენტი არ არის ის, რომ ეს მშობელი მუშაობს რაღაც ორგანოებში და ამის გამო არ იძალადებს. ეს დამაჯერებელი არ არის,“ – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, საბავშო ბაღს კანონმდებლობით გაწერილი აქვს პროცედურა, რის მიხედვითაც ბავშვზე ძალადობის ნებისმიერი ფორმის შემთხვევაში აუცილებლად უნდა შეატყობინოს სოციალურ სამსახურს, რომელიც პრობლემის შესასწავლად გამოყოფს კომპეტენტურ  პირებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში საბავშვო ბაღი ექვემდებარება საჯარიმო სანქციას, რომელიც 100-იდან 200 ლარამდეა.

 

დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიანეთში – რამდენიმე ბაღში სააღმზრდელო პროცესი ჩაიშალა

უამინდობისა და უხვი ნალექის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის 13 საბავშვო ბაღიდან ხუთ  – უჩხოს, დიდაჭარის, დიოკნისის, საციხურისა და ყინჩაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ხვალამდე, 17 თებერვლამდე, გადაიდო.

სააღმზრდელო პროცესი ჩაიშალა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულისა და ჭვანის საბავშვო ბაღებშიც.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, აქ 15 ბაღიდან სასწავლო პროცესი ბავშვთა გამოუცხადებლობის გამო ხარაულის, დანდალოს, ახოს, წონიარისის, ზვარის, ოქტომბრისა და პირველი მაისის საბავშვო ბაღებში ჩაიშალა.


ამ დრომდე აჭარის მაღალმთიანეთში ინტენსიურად თოვს, ადგილობრივ გამგეობებში აცხადებენ, რომ თოვლის გამო გადაადგილება არ შეფერხებულა.

აჭარის მაღალმთიანეთში ოცამდე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

 

მანდატურმა 5 წლის შვილს მშობლებისა და ბავშვების თანდასწრებით სცემა

დღეს, 16 თებერვალს, ბათუმის მე-15 საბავშვო ბაღში ერთ-ერთმა მშობელმა 5 წლის ბავშვს აღსაზრდელებისა და მასწავლებლების თვალწინ სცემა. ბავშვის ცემის მიზეზი, როგორც საბავშვო ბაღში აგვიხსნეს, ერთ-ერთ მშობელთან დაპირისპირება იყო.

„ბათუმელებთან“ ბაღში მომხდარ ინციდენტს საბავშვო ბაღის მეთოდისტი დოდო ლაღაძეც ადასტურებს.

„არც ისეთი უსაშველო კონფლიქტი იყო, რომ თქვენც გაგეგოთ, დედამ საკუთარ შვილს თმები მოქაჩა, პატარა წაარტყა და ისე ინერვიულა, მერე ორ-სამჯერ დარეკა ჩვენთან, რომ ბავშვი როგორ არისო“, – გვეუბნება მეთოდისტი. მისი თქმით, ბავშვის ცემის მოტივი ერთ-ერთი მშობლის პრეტენზია იყო მანდატურის შვილის მიმართ.

„ბავშვებს შორის მოხდა რაღაც გაუგებრობა და დედამ უთხრა, რატომ დამიმალე ეს ამბავიო“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, მოახდინა თუ არა საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ ბავშვზე ძალადობის ფაქტზე რეაგირება? ბაღის მეთოდისტი გვეუბნება: „მე, როგორც მეთოდისტმა, უფროსმა აღმზრდელმა, გამოვიყვანე ორივე მშობელი, შევიყვანე ჩემთან კაბინეტში, ისაუბრეს, გაარკვიეს ყველაფერი და ლამაზად და წყნარად წავიდნენ სახლში“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ არსებობს იმის ალბათობა, რომ სახლშიც იძალადოს მშობელმა ამ ბავშვზე? – მეთოდისტი გვპასუხობს: „არა მგონია, რადგან ორგანოში მუშაობს თვითონ. თმები მოქაჩა და წაარტყა თავზე… ეს უსაშველო ცემად არ ვიცი ახლა თუ ითვლება. გაბრაზებული იყო ქალი ძალიან, ნაწყენი იყო საკუთარ შვილზე. ყოველ შემთხვევაში, მოგვარებადი იყო ეს ამბავი და ჩვენ მოვაგვარეთ“.

ბაღის ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, რომ ნაცემ ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს. „აგრესიული ბავშვი არ არის, მაგრამ  ცოტა ჩაკეტილია, მარტო უყვარს ყოფნა და  თავისთვის თამაშობს“.

„ბათუმელები“ ბავშვის მშობელსაც დაუკავშირდა. მან უარყო ბავშვის ცემის ფაქტი, თუმცა გვითხრა, რომ მისი შვილის ცემის უფლება აქვს.

„ჩემს შვილს შემიძლია დავარტყა და ეს მე მგონი, არავის პრობლემა არ უნდა იყოს. თუმცა, მე არ ვიცი რა ინციდენტზე მესაუბრებით“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, არ ფიქრობთ, რომ ბავშვის ცემა ძალადობაა? მშობელი გვპასუხობს: „კანონებში ძალიან კარგად ვერკვევი და თუ რამე პრობლემები გაქვთ, შეგიძლიათ პირადად მნახოთ, არ ვარ ვალდებული ამაზე ვინმესთან ვილაპარაკო“.

ბაზარი – დასაქმების ადგილი დილის რვიდან შვიდამდე [ფოტორეპორტაჟი]

ნარგიზ მიქელაძე: დილით რვაზე მოვდივარ, 32 წელია ამ საქმეს ვაკეთებ. ქუთაისიდან ჩამოდის სუნელი. ხანდახან მარცვალს ვღებულობთ და შემდეგ ვამუშავებთ. მაქვს ჩაის, ტყემლის და აჯიკის სხვადასხვა სახეობა. ზაფხულობით უფრო იყიდება ახლა ძალიან გვიჭირს. ბაზარში ადგილის ფასი იმის მიხედვით იზომება რა ადგგილს დაიკავებ, მეტროზე ნაკლები 2 ლარია.
ნარგიზ მიქელაძე: დილით რვაზე აქ მოვდივარ. 32 წელია ამ საქმეს ვაკეთებ. ქუთაისიდან ჩამოდის სუნელი. ხანდახან მარცვალს ვღებულობთ და შემდეგ ვამუშავებთ. მაქვს ჩაის, ტყემლის და აჯიკის სხვადასხვა სახეობა. ზაფხულობით უფრო იყიდება, ახლა ძალიან გვიჭირს. ბაზარში ადგილის ფასი იმის მიხედვით განისაზღვრება, რამხელა ადგილს დაიკავებ, მეტროზე ნაკლები დახლი 2 ლარია.

 

ადამიანებს ხედავ? ... ხედავ აქ ვინმეს? - მეკითხება მჭადის ფქვილის გამყიდველი ბებო. დიახ, ვხედავ, ვხედავ ადამიანებს. ამ ადამიანებს თავადაც ხედავს, მაგრამ არ გულისხმობს მათ ვინც ყიდის, მათი დანახვა უნდა ვინც იყიდის. ისეთებიც არიან ვისაც ყიდვა უნდა, თუმცა მათგან უმეტესობა ხელცარიელი ბრუნდება ან სასურველი პროდუქტის ნუსხას ამცირებს, ამის მიზეზი კი ფასებია.
ადამიანებს ხედავ? … ხედავ აქ ვინმეს? – მეკითხება სიმინდის ფქვილის გამყიდველი ბებო. მიმდებარე ტერიტორია დაბნეულმა მიმოვათვალიერე. დიახ, ვხედავ, ვხედავ ადამიანებს. ამ ადამიანებს თავადაც ხედავს, მაგრამ არ გულისხმობს მათ ვინც ყიდის, მათი დანახვა უნდა, ვინც იყიდის. ისეთებიც არიან, ვისაც ყიდვა უნდა, თუმცა მათგან უმეტესობა ხელცარიელი ბრუნდება ან სასურველი პროდუქტის ნუსხას ამცირებს, ამის მიზეზი კი ფასებია.

 

ნიგვზის გამყიდველი გაბრაზებულია, მის დახლთან ორი მამაკაცი, სავარაუდოდ კლიენტი დგას. ნიგოზი გასინჯეს მოეწონათ, მაგრამ არ იყიდეს. „იმიტომ რომ ძვირია“, ნიგვზის ფასი დღეს ბაზარში 22 ლარია.
ნიგვზის გამყიდველი გაბრაზებულია, მის დახლთან ორი მამაკაცი, სავარაუდოდ, კლიენტი დგას. ნიგოზი გასინჯეს, მოეწონათ, მაგრამ არ იყიდეს. „იმიტომ, რომ ძვირია“, ნიგვზის ფასი დღეს ბაზარში 22 ლარია.

 

ძალიან ცივა, მაგრამ შენობა დიდია და მას ვერ გაათბობენ. ჩურჩხელა ზაფხულში უფრო იყიდება, როცა დამსვენებელი ჩამოდის.
ძალიან ცივა, მაგრამ შენობა დიდია და მას ვერ გაათბობენ. ჩურჩხელა ზაფხულში უფრო იყიდება, როცა დამსვენებელი ჩამოდის.

 

IMG_8794

 

ცეზარ მახარაძე: ლობიო კარტოფილი და სურსათი ერთად არ უნდა იყიდებოდეს. ადმინისტრაციას რომ შევჩივლოთ? - არ გინდათ მიბრძანდითო. კერძო სტრუქტურაა. ბრინჯი სადაც არის იქ არ უნდა იყიდებოდეს ლობიო.
ცეზარ მახარაძე: ლობიო, კარტოფილი და სურსათი ერთად არ უნდა იყიდებოდეს. ადმინისტრაციას რომ შევჩივლოთ? – არ გინდათ მიბრძანდითო. კერძო სტრუქტურაა.

 

ვალერიან შავაძე ხორცს უკვე რამდენიმე წელია ყიდის. ამბობს , რომ ბაზარში ყველაზე კარგი ხორცი მას აქვს. ხორცი შემოწმებულია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც იქვე აქვს გამოფენილი.
ვალერიან შავაძე ხორცს უკვე რამდენიმე წელია ყიდის. ამბობს, რომ ბაზარში ყველაზე კარგი ხორცი მას აქვს. ხორცი შემოწმებულია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც იქვე აქვს გამოფენილი.

მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობაში მერია 200 ათასამდე ლარს დახარჯავს

მიმდინარე წელს ქალაქის ტერიტორიაზე 2664 ცხოველის დაჭერასა და ტრანსპორტირებისთვის ვეტერინარულ კლინიკამდე სპეციალური ავტომანქანით, მათ სტერილიზაცია-კასტრაციისთვის, კვებისთვის, ვაქცინაციის, რევაქცინაციისა და დაბირკვისთვის ბათუმის მერია მაქსიმუმ 200 ათასამდე ლარს გადაიხდის. ამ სამუშაოს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს.

მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების მომსახურებისთვის ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 199 ათას 800 ლარია. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 4 მარტს დაიწყება და 9 მარტს დასრულდება.


სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს ქალაქის ტერიტორიიდან მკვდარი ცხოველების (სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილით) დროული გამოყვანა სპეციალური ტრანსპორტით და ბეიკერის ორმოში მოთავსება. “ბეიკერის” ორმოების კვირაში არანაკლებ ორჯერ დეზინფექციაც (დაქლორვა) ამავე კომპანიის მოვალეობაში იქნება.


გათვალისწინებულია ასევე [საჭიროების შემთხვევაში] ცხოველებისთვის ევთანაზიის ჩატარებაც.

„ევთანაზია ხორციელდება უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე იმ დაავადებულ ან/და ტრავმირებულ ცხოველებისთვის, რომელთა მკურნალობა არაეფექტურია, აგრეთვე იმ ცხოველებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მოქალაქეთა ჯანმრთელობას.

ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია:

  • იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარისა და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისია (ფორმდება კომისიის აქტი) დაუდგენს: აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი);  ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიშ დაავადებას;
  • ძლიერ ტრავმებს ან/და დაზიანებებს, ასევე პათოლოგიებს, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან;
  • შეუქცევად დაუძლურებას, მათ შორის სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად;“ – წერია ტენდერის ტექნიკურ პირობებში.

ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა ჰყავდეს არანაკლებ ორი მაღალკვალიფიციური ვეტერინარი სპეციალისტი.

აჭარის მაღალმთიანეთში ოცამდე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ამინდის გაუარესების გამო ხულოს მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის, მალხაზ ქათამაძის ინფორმაციით, ხულოში,  მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის ახალი საფარი 50, დაბაში კი 25 სმ-ს  აღწევს. მისივე ინფორმაციით, სოფლებში –  გელაურაი, პანტნარი, გობაძეები, დიდაჭარა, დიოკნისი, რიყეთი, დანისპარაული, ბეღლეთი, კორტოხი – ელექტროენერგია დღეს, 16 თებერვალს, დილით, ავარიულად გამოირთო და ამ დროისთვის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, იამზე ფუტკარაძის ინფორმაციით, ელექტროენერგია შუახევში სოფელ ჭვანას, წყალსაყარსა და ბარათაულს არ მიეწოდება.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, აქ ელექტროენერგია სოფელ კოლოტაურის ნაწილს, 90-მდე აბონენტსა და ოქტომბრის თემის ოთხ სოფელს არ მიეწოდება.

ქედის მაღალი ზონის სოფლებში: ზუნდაგაში, ხარაულასა და ნამონასტრევში, თოვლის ახალი საფარი ნახევარ მეტრს აღემატება.

ამ დროისთვის აჭარის მაღალმთიანეთში ინტენსიურად თოვს, ადგილობრივ გამგეობებში აცხადებენ, რომ თოვლს ამ დრომდე გადაადგილებაში პრობლემები არ შეუქმნია.

ქედის მუნიციპალიტეტი / 16.02.2017 / ეკა ბარამიძის ფოტო
ქედის მუნიციპალიტეტი / 16.02.2017 / ეკა ბარამიძის ფოტო

ადვოკატს ოჯახში ძალადობა ედება ბრალად

მოსამართლე ირაკლი შავაძე ოჯახში ძალადობის შემთხვევას განიხილავს, სადაც ბრალდებული პროფესიით ადვოკატია. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში სცემა ყოფილ მეუღლეს, ვისთანაც საერთო შვილები ჰყავს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქალს მსუბუქი დაზიანება აქვს მიყენებული კისრისა და მკლავის არეში.

სასამართლომ უკვე მოისმინა ორი პოლიციელის ჩვენება. ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე ქალია, რომელიც ადვოკატის მეზობელია და ოჯახურ კონფლიქტს შეესწრო.

„ეს ქალი ვერ კითხულობს ქართულად. ამბობს, რომ ვერ წაიკითხა, როგორ დააფიქსირა პოლიციელმა მისი ჩვენება. დაკითხვას ესწრებოდა თარჯიმანიც, რომელმაც თქვა, რომ პირდაპირ პოლიციელს ენდო და ისე მოაწერა ხელი ჩვენებას“, – უთხრა ბრალდებულმა „ბათუმელებს“.

ადვოკატი, რომელსაც ოჯახში ძალადობა ედება ბრალად, ამბობს, რომ  მას ყოფილი მეუღლე არ უცემია და მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი: „მასთან ოფიციალურად დაქორწინებულიც არ ვყოფილვარ… შვილებზე ვიღებ პასუხისმგებლობას. მინდა, ჩემი ბინა გავყიდო და შვილებსაც რაღაც შევუძინო, მაგრამ ამ ქალს ახლა უნდა ყველაფერი. შვილები დედასთან ცხოვრობენ. ეს ქალი მანამდეც ხშირად მიწყობდა პროვოკაციას“.

ბრალდებული ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებას ადანაშაულებს. მიიჩნევს, რომ პოლიციელები მიზანმიმართულად ცდილობენ მის დისკრედიტაციას: „ამას ადასტურებს ის, რომ მანამდე ჩემგან და ჩემი ოჯახის წევრებისგან არაერთი შეტყობინება შევიდა პოლიციის განყოფილებაში, მოვითხოვდი, რომ რაღაც ზომები მიეღოთ, რადგან ეს ქალი მოდიოდა ხშირად და პროვოკაციას აწყობდა. ეს ქალი არის პოლიციის აგენტი. პოლიციელები ახლაც მოითხოვენ ჩემგან ბრალის აღიარებას და საპროცესოს გაფორმებას. მე ვიყავი პირიქით ძალადობის მსხვერპლი“.

ბრალდებულ ადვოკატს სამართლებრივი დახმარების ცენტრის იურისტი, დავით კეკელიძე იცავს. მანამდე მას ადვოკატი ედიშერ მახარაძე იცავდა. ბრალდებულს პრეტენზიები მასთანაც აქვს, – ამბობს, რომ ადვოკატმა სასამართლოს დროულად არ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები.

„ბათომი“: მორატორიუმი ერთადერთი გამოსავალია ქალაქის ნგრევის შესაჩერებლად

15 თებერვალს ბათუმის მერიაში ქალაქის მერთან დახურული შეხვედრა შედგა, რომელსაც საზოგადოება „ბათომის“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რაზე ისაუბრეს დახურულ შეხვედრაზე? „ბათუმელები“ საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს, შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა.

შოთა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გუშინ შედგა შეხვედრა მერიაში, ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან. რა იყო საუბროს თემა?

საუბრის თემა ძირითადად იყო ბარათაშვილის 24  [ისტორიული სახლი ბათუმში, რომელიც კომპანიამ დემონტაჟის ნებართვის გარეშე დაანგრია] და ის პრობლემები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით შეიძლება შეფასდეს, როგორც კატასტროფულად მძიმე – ჩვენ ასე ვაფასებთ და პრინციპში, არც ქალაქის მერი უარყოფს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ მას აქვს არგუმენტები, რომ, მაგალითად, სამართლებრივად, რაღაცას რომ ხელს მოაწერს, სხვა გზა არა აქვს.

თუ გრძნობს მერი პასუხისმგებლობას ბარათაშვილის #24-თან დაკავშირებით? ეს თქვენს საუბარში გამოჩნდა?

მე ვფიქრობ, ფაქტი, რომ მან ჩვენთან შეხვედრა ითხოვა, ნიშნავს იმას, რომ რაღაც დონის პასუხისმგებლობას გრძნობს.

ბარათაშვილის 24-თან დაკავშირებით ძირითადად ჩვენგან იყო საყვედურები, თვითონ ამბობდა, რომ არ გვინდა ჩხუბი და მოვილაპარაკოთ, რა შეიძლება გაკეთდეს და პრინციპში ჩვენ ამის მომხრე ვართ, მაგრამ ხანდახან ემოციები გვძლევდა ხოლმე. ითქვა, რომ უახლოეს დღეებში ისევ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, რადგან რამდენიმე პუნქტია აუცილებლად შესასრულებელი, ძირითადად მაინც მორატორიუმზე ვლაპარაკობდით.

როგორც ვიცი, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ბათომი“ მორატორიუმის აუცილებლობაზე საუბრობს.  აპირებთ თუ არა ამ საკითხის გააქტიურებას და მერი რას ფიქრობს ამ თემაზე?

მორატორიუმზე საუბარი პირველად დავიწყეთ 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა. დღითი დღე ეს საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება, ძველი ბათუმი კრიტიკულ მდგომარეობაშია,  გადარჩენაც კი არ იქნება, თუ მორატორიუმი გამოცხადდება, ეს იქნება ხავსი წყალწაღებულისთვის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის.

არა მგონია, მერი მოხიბლული იყოს ამ იდეით, ეჭვი მაქვს, რომ მას ცალკე პასუხისმგებლობები აქვს კომპანიებთან, მაგრამ ჩვენ  გავააქტიურებთ მუშაობას ამ მიმართულებით, ეს იქნება აქციები, სოციალური აქტივობა, საჯარო გამოსვლები და ა.შ. ამას იქეთ გზა არ გვაქვს, ეს არის ერთადერთი გამოსავალი ახლა.

მორატორიუმი გულისხმობს ძველ ბათუმში ნგრევისა და მშენებლობის შეჩერებას და ვცდილობთ, რომ ძველი ბათუმი, რომელიც ამ წუთას არის ზღვიდან კონსტანტინე გამსახურდიას კენტ მხარეს, გადმოვიტანოთ მელიქიშვილის ქუჩამდე, ანუ გაფართოვდეს ძველი ბათუმის საზღვრები.

აუცილებლად ვაპირებთ აქციებს. ნელ-ნელა იზრდება საზოგადოებაში პროტესტი იმის გამო, რაც ხდება ბათუმში და განსაკუთრებით ძველ ბათუმში.

საზოგადოების პროტესტის შედეგიანი მაგალითი იყო ბათუმის ბულვარი.  ფიქრობთ, რომ საზოგადოების აქტიურობამ შეიძლება შეაჩეროს ეს პროცესი? იგივე – მივიდეთ მორატორიუმამდე?

მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება, სხვა საშუალება არ გაგვაჩნია. გვაქვს არაერთი სამართლებრივი დავა,  მაგრამ იმდენად, რამდენადაც ქვეყანა ჩალით არის დახურული, მე ამის დიდი იმედი არ მაქვს. უბრალოდ, ჩვენ არ შეგვიძლია სხვანაირად, თვალი დავხუჭოთ და გავატაროთ, იმიტომ, რომ არაფერი არ გამოვა. ყველაზე დიდი ძალაა ხალხი, რომელიც, ვფიქრობ, რომ ამ საკითხს ჯანსაღად უდგება.

ბოლო ხანებში არის საუბარი იმაზე, რომ მიდის აჭარის მთავრობაში მუშაობა ქალაქმშენებლობის საკითხებზე, ამ ჯგუფში ერთ-ერთი წევრია მანუჩარ მახათაძე, რომელიც პარალელურად „USAID“-ის დაფინანსებით ბათუმის გენგეგმაზე მუშაობს. ამ ჯგუფიდან ხომ არ ყოფილა „ბათომთან“ შეხვედრის სურვილი?

ბატონ მახათაძესთან გვქონდა შეხვედრა ადრე, ბათუმის მერიაში, როცა პირველად გავიგეთ, რომ მიწათსარგებლობის გეგმა მზადდებოდა, რასაც აფინანსებს USAID-ი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ USAID-მა დაასკვნა, რომ კატასტროფულადაა საქმე ბათუმში და აუცილებელია ამ გეგმის მომზადება. მაშინ ვისაუბრეთ მორატორიუმზე, მაგრამ ბატონ მახათაძეს ჰქონდა რადიკალურად უარყოფითი დამოკიდებულება მორატორიუმის მიმართ. იგი ამბობდა, რომ ეს გააჩერებს ქალაქის განვითარებას. მაშინ ვუთხარით, რომ ის, რასაც „განვითარებას“ უწოდებენ, სინამდვილეში არის განადგურება და ეს უნდა შეჩერდეს.

მორატორიუმზე ვისაუბრეთ ბატონ პატარაძესთან შეხვედრის დროსაც და ვერ  ვიტყვი, რომ დიდი აღტაცებით მიიღო მან ეს იდეა. ასე, რომ მორატორიუმს ყველა უფრთხის გასაგები მიზეზების გამო. არადა, სხვა გამოსავალი არ არის.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, თქვენი აზრით, რა იყო ბათუმის მერთან შეხვედრის მიზანი და შედეგი?

მე ვფიქრობ, რომ ბატონ მერს უნდოდა შთაბეჭდილება დაეტოვებინა, რომ მას მაინცადამაინც არ მიუძღვის ბრალი ბარათაშვილის 24-ის დანგრევაში და უნდოდა ეთქვა, რომ თვითონაც შეწუხებულია იმით, რაც ხდება ძველ ბათუმში. მან აღნიშნა, ერთად დავსახოთ გეგმებიო, მაგრამ გეგმები დასახული იყო, მანამ, სანამ მერი გახდებოდა, იმიტომ, რომ მემორანდუმზე აქვს ხელი მოწერილი და იმ ხუთი პუნქტიდან, რაც მემორანდუმში იყო, არც ერთი არ არის შესრულებული, თუ არ ჩავთვლით USAID-ის ინიციატივას, რომელიც მიწათსარგებლობის გეგმის ტექნიკური პირობების შედგენას ეხება.

შედეგს, მართალი გითხრათ, ნაკლებად ველი. ისევ საზოგადოების გააქტიურების იმედი მაქვს, აქციებით და კონკრეტული მოთხოვნებით, იმიტომ, რომ ძალა არის მხოლოდ ეს. შეხვედრების შედეგის იმედი აღარ მაქვს, მაგ ილუზიებიდან კარგა ხანია გამოვედი.

თუმცა ის ფაქტიც საინტერესო იყო, რომ ქალაქის პირველი პირი პასუხისმგებლობას გრძნობს. რამდენად გულწრფელი იყო, ეს არ ვიცი, მაგრამ ამით შეიძლება შევაფასოთ, რომ ეს არის რეალურად ცუდი მდგომარეობის აღიარება.

ნათია სირაბიძე სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია სირაბიძე სამშენებლო კომპანია „მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. მისივე განმარტებით, „მარდი ჰოლდინგის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ჯიჯავაძე, კვლავ რჩება კომპანიაში დირექტორის თანამდებობაზე, იგი კომპანიაში ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს გააკონტროლებს.

ნათია, კონკრეტულად რა სფეროებს უხელმძღვანელებთ კომპანიაში?

ირაკლი რჩება ასევე მარდი ჰოლდინგში, უბრალოდ, მიმართულებები გადავინაწილეთ. მე ვიქნები აღმასრულებელი, ირაკლი კი ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს გააკონტროლებს, ყველაფერი დანარჩენი ჩემი მიმართულებაა –  მარკეტინგი, მართვა, პიარი, პროექტების მართვა, ურთიერთობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

ეს თქვენთვის მეტ-ნაკლებად ახალი სფეროა, აქამდე მედიაში და კულტურის სფეროში მუშაობდით, როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად გაართმევთ თავს ახალ პოზიციას?

დიდი ამბიციაა ჩემი მხრიდან, რომ ასეთ დიდ საქმეს შევეჭიდე. რადგანაც მაქვს დაახლოებით 10-წლიანი გამოცდილება მართვაში, ვფიქრობ,  ამ სფეროსაც გავუმკლავდები, რადგან ბიზნესში უმნიშვნელოვანესი მიმართულება მარკეტინგია და ჩემი პრიორიტეტიც სწორედ ის არის, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანო როგორც რეგიონს, ისე კომპანიას, თითოეულ თანამშრომელს, რომელიც აქ მუშაობს.

რა არის ამ კომპანიაში თქვენთვის ყველაზე ღირებული, რის გამოც დათანხმდით ამ შემოთავაზებას?

ყველაზე ღირებული ის არის, რომ ეს კომპანია მუდმივად ახალ პროდუქტს ქმნის, მუდმივად ახლ პროექტებზე მუშაობს, ანუ ახალ იდეებზე და ბევრი მიმართულებით არის ინოვატორი, რაც ხასიათშიც მიზის. ვფიქრობ, იმ ახალ იდეებს, რაც მომავალში გვექნება, ერთად განვახორციელებთ.

ამავე თემაზე: ნათია სირაბიძე – დელეგატი აჭარიდან ევროპის კულტურის პარლამენტში

განათლების სამინისტრომ სკოლებს საგაზაფხულო დასვენების დღეები განუსაზღვრა

საქართველოს განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს დასვენების დღეები განუსაზღვრა. ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერიდან 15 იანვრამდე იქნება,  საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტიდან 15 მარტამდე, ხოლო ზაფხულის არდადეგები  – 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სიახლეა ის, რომ სკოლებს საგაზაფხულო არდადეგები დაემატა, რაც წინა წლებში არ იყო.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განსაზღვრულია 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად – 15 ივნისი.

„იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვრება 15 ივნისის წინა პარასკევი,“ – ნათქვამია ბრძანებაში.

პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს.

ბრძანების მიხედვით, „თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის – 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.“

საარსებო მინიმუმი ერთ თვეში 4,7 ლარით გაიზარდა

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის იანვრისთვის 166 ლარი და 30 თეთრს შეადგინა, რაც 4 ლარითა და 70 თეთრით მეტია გასული წლის დეკემბრის თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე [161,6 ლარი].

მიმდინარე წლის იანვრის თვის მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 147,3 ლარით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი – 278,9 ლარით განისაზღვრა.

ბოლო მონაცემების მიხედვით, ოჯახების საარსებო მინიმუმი სულადობის მიხედვით:
  • ერთსულიანი – 147,3 ლარი,
  • ორსულიანი – 235,6 ლარი,
  • სამსულიანი – 265,1 ლარი,
  • ოთხსულიანი – 294,5 ლარი,
  • ხუთსულიანი – 331,4 ლარი,
  • ექვსსულიანი და მეტი ოჯახისთვის – 391,7 ლარი.

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2010-17 წლებში [აღებულია იანვრის თვის მონაცემები]

საქსტატის მონაცემების მიხედვით / ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა
საქსტატის მონაცემების მიხედვით / ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის ბრძანების შესაბამისად.


საარსებო მინიმუმი – ეს არის ფულადი სახსრების მინიმუმი, რომელიც აუცილებელია ადამიანის ქმედუნარიანობის შენარჩუნებისთვის. იგი გამოხატავს საზოგადოებრივად აუცილებელი ცხოვრების დონის ქვედა ზღვარს. მისი გაანგარიშების მეთოდიკა ეფუძნება მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის შექმნას, რომელიც საშუალო სიდიდის ოჯახის ან ერთი მომუშავის შემოსავლებისა და გასავლების ბალანსს წარმოადგენს

შსს: ბათუმში გოგო მე-5 სართულიდან გადმოხტა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, 20 წლის გოგო მეხუთე სართულიდან გადმოხტა. შემთხვევა გუშინ, 15 თებერვალს მოხდა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გოგო ცოცხალი გადაიყვანეს „ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, თუმცა ის აგონიურ მდგომარეობაში იყო და მალევე გარდაიცვალა.

გადმოხტომის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შსს: საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველებმა 53 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მორიგი სპეციალური საპოლიციო კონტროლი განხორციელდა, რომლის დროსაც სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 78 დანაშაული, მათ შორის:

  • ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 21 ფაქტი;
  • ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 23 ფაქტი;
  • სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
  • ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
  • ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლი) – 1 ფაქტი;
  • ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 8 ფაქტი;
  • ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
  • ყალბი ფულის დამზადება-გასაღების (სსკ-ს 212-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
  • პოლიციამ 3 ძებნილი პირი დააკავა.
დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1041 შემთხვევა, მათ შორის:
  • წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) – 2 ფაქტი;
  • პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) – 19 ფაქტი;
  • პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) – 18 ფაქტი;
  • ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 22 ფაქტი.

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის:

5 ავტომატი, 13 პისტოლეტი, 2 შაშხანა, 8 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 სანადირო თოფი, 2 ხელყუმბარა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის 560 საბრძოლო ვაზნა.

შსს-ს ინფორმაციით, ასევე, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება. ამასთან, საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის  17, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 36 პირი დააკავეს.

დემოკრატიის ინსტიტუტი: სტიქიის გამომწვევი მიზეზების შემცირებაზე უფრო მეტი უნდა დაიხარჯოს

რეკომენდაციებს ეკომიგრანტების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აჭარის მთავრობას „დემოკრატიის ინსტიტუტი“ სთავაზობს. ამ ორგანიზაციამ დღეს, 15 თებერვალს ორწლიანი მუშაობა შეაჯამა, მათ შორის, პროექტის – „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების მხარდაჭერის პოლიტიკა“. „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ეს პროექტი ევროკავშირის და „ევროპის ფონდის“ მხარდაჭერით განახორციელა.

„მეტი ფული პრევენციაში“ – ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომლითაც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ მთავრობას მიმართავს.

არჩილ ხახუტაიშვილი

არჩილ ხახუტაიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სტიქიის გამომწვევი მიზეზის შემცირებაზე უფრო მეტი უნდა დაიხარჯოს: „უნდა შეიცვალოს მიდგომა, როცა ურმის გადაბრუნების შემდეგ ვხედავთ გზას. სახლის გამაგრებასა და თუ ნაპირსამაგრ სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს ფული. შესაძლოა, სტიქია ვერ შეაჩერო, მაგრამ ზიანის შემცირება შესაძლებელია“.

არჩილ ხახუტაიშვილი მთავარ პრობლემად ასახელებს ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან ერთიანი პოლიტიკის არქონას: „ეს გულისხმობს, როგორც ეკომიგრანტის არარსებულ სტატუსს, კრიტერიუმის მინიჭებას, ასევე მონიტორინგს და რისკების შეფასებას. მაგალითად, მთავრობამ მისცა ეკომიგრანტს 25 ათასი ლარი ახალი სახლის შესაძენად. არ ხდება შემდეგ იმის გარკვევა, ცხოვრობს თუ არა ეკომიგრანტი ახალ სახლში, ინტეგრირდა თუ არა იქ, სადაც ჩასახლდა; ხომ არ დაბრუნებია ძველ საცხოვრებელ ადგილს. თუ ამის მონიტორინგი არ მოხდება, მივიღებთ „თხილვანა ორს“. დღესაც, იგივე თხილვანაში, ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანებს აღებული აქვთ კომპენსაცია, მაგრამ ოჯახის ნაწილი ისევ ძველ ადგილზე ცხოვრობს. ჩვენი რეკომენდაციაა, კონკრეტული პირობით მოხდეს თანხის გადაცემა, მაგალითად, ძველი საცხოვრებელი სახლი გადაეცეს თვითმმართველობას, ან ახალი სახლი მიეცეს შეზღუდული განკარგვის უფლებით“, – ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი.

„დემოკრატიის ინსტიტუტში“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად უნდა განსაზღვროს არა კონკრეტულად ეკომიგრანტის, არამედ იძულებით გადაადგილებული პირის სამართლებრივი სტატუსი და უნდა განისაზღვროს ერთიანი სტანდარტი – რით ეხმარება სახელმწიფო კონფლიქტის შედეგად, ან სტიქიისგან დაზარალებულ მოქალაქეებს.

„უნდა არსებობდეს ერთიანი სტანდარტის საფუძველზე რამდენიმე სახის შეთავაზება. სახელმწიფო მოქალაქეს ან ერთს სთავაზობს, ან მეორეს, ან მესამეს. თუ სამივეზე უარს ამბობს მოქალაქე, მაშინ სახელმწიფო პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება,“ – ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი. იგი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობების მუშაობაც ამ კუთხით მოსაწესრიგებელია, რადგან დაზარალებულებს კატეგორიას მუნიციპალიტეტი ანიჭებს, მაგრამ არ არსებობს ამ პროცესზე კონკრეტული პასუხისმგებელი პირი. გარდა ამისა, თვითმმართველობები, კატეგორიების მინიჭების დროს, ხელმძღვანელობენ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბრძანებით, რომელიც თვითმმართველობის ხარისხიდან გამომდინარე, ვერ იქნება სავალდებულო ხასიათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, სხვა შიდანორმატიული აქტი კი, თვითმმართველობებს დღემდე არ აქვთ.

კიდევ ერთი რეკომენდაცია, რაზეც არჩილ ხახუტაიშვილი ამახვილებს ყურადღებას, არის საცხოვრებელი სახლების ხარისხის კონტროლი სოფლებში: „ცნობილია, რომ ძალიან ბევრი მეწყერსაშიში ზონა გვაქვს. ამ დროს არავითარი მოწმობა, ან გეოლოგის დასკვნა არ არის საჭირო იმისთვის, რომ სადმე ახალი სახლი ააშენო. ჩვენი მოთხოვნაა, მკაცრად გაკონტროლდეს ახალი მშენებლობები სოფლად“.

 

რა უნდა ვიცოდეთ ხორცის ყიდვისას

თუ ბაზარში ან მაღაზიაში ხორცის ყიდვისას გამოსაჩენ ადგილას არ არის წარმოდგენილი ეტიკეტი, რომელზეც აღნიშნულია ცხოველის საცნობარო ნომერი, სასაკლაოს ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი, ცხოველის წარმოშობა – ადგილობრივია თუ იმპორტირებული – ხორცის გამყიდველი/ბიზნესოპერატორი კანონს არღვევს და დაჯარიმდება – რეგლამენტი, რომელიც საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესს განსაზღვრავს, პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

რა უნდა გაითვალისწინოთ ხორცის შეძენამდე – სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეკომენდაცია

  • ხორცს არ უნდა ჰქონდეს მუქი წითელ შეფერილობა
  • ხორცს არ უნდა ჰქონდეს მუქი ლაქები, გარქოვანებული ნაწილები და ლორწო
  • ხორცის ზედაპირზე უნდა იყოს წარმოქმნილი სიმშრალის ქერქი, თითის დაჭერისას წარმოქმნილი ფოსო მალე უნდა გასწორდეს.
  • ძროხის ცხიმი უნდა მოყვითალო და მაგარი, ღორის ცხიმი – თეთრი და ერთგვაროვანი, ცხვრის ცხიმი – მკრთალი ფერის, მაგარი.
  • ძროხისა და ცხვრის ხორცი უნდა იყოს ჟოლოსფერ-წითელი, ხბოს – ვარდისფერი, ღორის ხორცი – ღია წითელიდან მოვარდისფრო შეფერილობამდე.

ეტიკეტირების ახალი რეგლამენტი ჯერ მხოლოდ საქონლის ხორცზე ვრცელდება და არა ცხვრისა და ღორის ხორცზე. ამის მიზეზი, როგორც საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოში განმარტავენ, წვრილფეხა პირუტყვის რეგისტრაციის პროცესია, რომელიც არ განხორციელებულა, განსხვავებით მსხვილფეხა პირუტყვის რეგისტრაციისგან.

„ეტიკეტირების ახალი რეგლამენტი მხოლოდ საქონლის ხორცს ეხება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რადგან არ ეხება წვრილფეხა პირუტყვს, მათი ხორცი შეუმოწმებელია და ვეტერინარის ზედამხედველობის გარეშე შეიძლება მოხვდეს ბაზარზე.  უბრალოდ, მასზე არ ვრცელდება რეგლამენტის მოთხოვნა ეტიკეტირებასთან დაკავშირებით, რადგან წვრილფეხა პირუტყვის რეგისტრაცია წარმოებული არ არის,“ – ამბობს ბიძინა ჯიბლაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტორი.

რას უნდა მიაქციოს მომხმარებელმა ყურადღება ხორცის შეძენისას? ბიძინა ჯიბლაძე ამბობს, რომ ხორცთან ახლოს, გამოსაჩენ ადგილას აუცილებლად უნდა იყოს ეტიკეტიც, შეფუთული, გატარებული ან დაჭრილი ხორცის შემთხვევაში კი ეტიკეტი შეფუთვაზე უნდა იყოს დატანილი:

„ინფორმაცია უნდა იყოს განთავსებული ხორცის სარეალიზაციო ადგილთან და უნდა იყოს შესაძლებელი დადგენა, რომელი ხორცის არის კონკრეტული ეტიკეტი.  გარდა ამისა, მომხმარებელს აქვს საშუალება, მოსთხოვოს ბიზნესოპერატორს [ხორცის გამყიდველს], წარუდგინოს ჩანაწერი შესაბამის ჟურნალში, როდის მიიღო ეს ხორცი და რომელი სასაკლაოდან. ამას აქამდე სახელმწფო ორგანო სთხოვდა ბიზნესოპერატორს, ეს უკვე ხელმისაწვდომი ხდება მომხარებლისთვისაც, ამის ვალდებულება აქვს ბიზნესოპერატორს.“

ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის ბიზნესოპერატორი 400 ლარით, იმავე წელს დარღვევის მეორედ აღმოჩენის შემთხვევაში კი 1200 ლარით დაჯარიმდება.

ბაზრებსა და ხორცის მაღაზიებში მონიტორინგს სურსათის უვნებლობის სამსახურის ინსპექტირების ჯგუფები ახორციელებენ. აჭარაში ასეთი ექვსი ჯგუფია.

„ჩვენ ვმოქმედებთ გეგმის მიხედვით, რომელიც მტკიცდება სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. მაგალითად, გასულ წელს განვახორციელეთ 700-მდე ობიექტის დოკუმენტური შემოწმება აჭარაში, დაახლოებით 350-მდე ნიმუშის აღება და 600-ზე მეტი ინსპექტირება. ექვსი ჯგუფი მუშაობს აჭარაში და ყოველდღიურად წარმოებს მონიტორინგი შესაბამის ობიექტებში. ზოგადად რისკის ანალიზის საფუძველზე ხდება შემოწმება და როცა არის რისკი, ხორციელდება გეგმიური შემოწმებაც და არაგეგმიურიც,“ – ამბობს ბიძინა ჯიბლაძე.

მსხვილფეხა  საქონლის იდენტიფიკაცია და სადგომის რეგისტრაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წელს დაიწყო და 2018 წლის პირველ იანვრამდე უნდა განახორციელოს. არაიდენტიფიცირებული მსხვილფეხა საქონლის დაკვლა სასაკლაოზე აკრძალულია.

მანანა კობახიძე: ბათუმში ნაქირავებ ბინაში ვიცხოვრებ

„ამ წუთას ნათესავთან ვარ და შემდეგ ნაქირავებ ბინაში ვიცხოვრებ. ნამდვილად ვიცი, რომ არაფერი გადმომეცემა და, შესაბამისად, საუბარი ამაზე არ არის“, – ასე უპასუხა მანანა კობახიძემ „ბათუმელების“ კითხვას ბათუმში საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის შესახებ. დღეს, 15 თებერვალს, მანანა კობახიძემ, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ, ფიცი დადო და უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

მანანა კობახიძე ამბობს, რომ ბინის ქირისთვის გათვალისწინებული ოფიციალური ხარჯით ისარგებლებს. მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მოსამართლეს ბინას არ უნდა ჩუქნიდეს. მანანა კობახიძის აზრით, „თავის დროზე ეს წესი მთლად დახვეწილი არ იყო, როცა მოსამართლეებს გადასცეს ბინები. ყოველ შემთხვევაში, ეს წესი აღარ გავრცელებულა ახალდანიშნულ მოსამართლეებზე. მოსამართლეს უნდა ჰქონდეს მუშაობის შესაბამისი პირობები, თუ ბათუმში არ აქვს საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს არც ჩუქებას, არც ყიდვას სახელმწიფოს ხარჯზე. ასეთი მიდგომა უკვე აღარ არის. მე არ განვსჯი იმ მოსამართლეებს, ვინც ისარგებლა ამ წესით, ეს სწორი იყო თუ არ იყო“.

მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იქნება 10 წლის განმავლობაში. დღეს ფიცის დადების ცერემონიალს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.

 

რატომ ჩამოაჭრეს პედაგოგებს ხელფასი

შუახევის, სოფელ უჩამბის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი ფატი თურმანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მაღალმთიანი რეგიონის მასწავლებლებს, ოქტომბრის და ნოემბრის თვეში ხელფასები ჩამოაჭრეს. სკოლის დირექციაში აცხადებენ, რომ ხელფასების ჩამოჭრის მიზეზი განათლების სამინისტროს მიერ დაშვებული შეცდომა იყო.

„სექტემბრის თვეში ხელფასზე ავიღეთ 35-პროცენტიანი დანამატი, როგორც მაღალმთიან რეგიონში მომუშავე პედაგოგებმა, ოქტომბერში კი მხოლოდ განაკვეთზე დაგვირიცხეს 140 ლარი. ეს, ბუნებრივია, წინასთან შედარებით ბევრად ნაკლები იყო.  სხვაობა ჩემს ხელფასზე მომცა 80 ლარით ნაკლები. როცა დირექტორს ვკითხეთ მიზეზი, გვითხრა შეცდომით მოხდა დარიცხვა, 35-პროცენტიანი დანამატი არ უნდა ყოფილიყოო“, – გვეუბნება პედაგოგი.

ფატი თურმანიძის თქმით, მსგავსი ფაქტი მოხდა თითქმის ყველა მაღალმთიან სკოლაში.

„მთის კანონის მიხედვით არსებულ სახელფასო დანამატს არ ვიღებ. ვფიქრობ, არჩევნების წინაპერიოდი იყო და ამიტომ დაგვირიცხეს სექტემბერში მაღალი დანამატები“, – გვეუბნება ის.

უჩამბის საჯარო სკოლის დირექტორი ჯემალ გამრეკელიძე გვეუბნება, რომ თავის დროზე დარიცხვები არასწორად მოხდა და შემდეგ თვეში შეცდომა გაასწორეს:

„სამინისტროდან მოვიდა ბრძანება, რომ შეცდომით მოხდა სექტემბერში დანამატების დარიცხვა, ამიტომ შემდეგ თვეებში  ნაკლები დავურიცხეთ პედაგოგებს“.

განათლების სამინისტროსგან მსგავსი შინაარსის ბრძანება მაწყვალთის საჯარო სკოლაშიც მიიღეს. სკოლის დირექტორი ჯემალ ზოიძეც შეცდომაზე საუბრობს.

„თათბირზე გვითხრეს, რომ ყველა მასწავლებელს დაემატა ხელფასი. პირველი მატება გაზაფხულზე იყო, მეორე კი სექტემბერში. ჯერ უნდა ყოფილიყო 17-პროცენტიანი მატება და შემდეგ 51-პროცენტიანი მატება. მაგრამ განაკვეთზე 142 ლარი უნდა დამატებოდა. რატომღაც ეს ინფორმაცია ბრძანებაში არ განთავსდა, როგორც საჭირო იყო ისე.  შეცდომა დაგვაშვებინეს. ამიტომ, სექტემბერში დარიცხული ხელფასი ოქტომბერ-ნოემბერში გავასწორეთ და განაკვეთზე 142 ლარი დავურიცხეთ“, – ამბობს დირექტორი.

შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ედუარდ  გოგრაჭაძის განმარტებით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის“ მიხედვით, მაღალმთიან რეგიონებში მასწავლებლებს საბაზო ხელფასზე 35 პროცენტი დანამატი ერიცხებათ. თუმცა, რესურსცენტრის ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ ამის შესახებ კარგად არ იყვნენ ინფორმირებული.

„კანონში არ იყო დაკონკრეტებული 35 პროცენტი საბაზო ხელფასზე უნდა დარიცხულიყო, თუ იმ ხელფასზე, რომელსაც ფაქტობრივად იღებდა პედაგოგი. ამიტომ, სექტემბრის თვეში ყველა პედაგოგს დაერიცხა ხელფასის 35 პროცენტი დანამატი, რაც შეცდომა იყო. 4 ოქტომბერს გამოვიდა მინისტრის ბრძანება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ  დანამატი დაერიცხებოდა ყველა პედაგოგს განურჩევლად სტატუსისა, ოღონდ საბაზო ხელფასზე 142 ლარი (საბაზო ხელფასი 405 ლარია). ანუ, ვისაც 18 საათი აქვს, იმათ გამოსდით დანამატი 142 ლარი, ვისაც ნაკლები აქვს, შესაბამისად, ნაკლები. თუ 18 საათზე მეტი აქვს პედაგოგს, მაინც 142 ლარს მიიღებს. ბუნებრივია, ამან გამოიწვია გაუგებრობა“.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის“ მიხედვით, სექტემბრიდან ყველა პედაგოგი იღებს დანამატს.

 

გამოცდილ მოსამართლეებს გამოსაცდელი ვადით აღარ დანიშნავენ

საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ომარ ჯორბენაძის სარჩელი, რომელიც გამოცდილი მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნას აპროტესტებდა. აქამდე არსებული რეგულაციის მიხედვით, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნამდე რაიონული ან სააპელაციო სასამართლოს ნებისმიერი მოსამართლე გამოსაცდელი 3-წლიანი ვადით ინიშნებოდა.

ომარ ჯორბენაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა და უფლებამოსილება 2019 წელს ეწურება.

„ათწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მე უნდა მივიღო კონკურსში მონაწილეობა და დავინიშნო სამწლიანი გამოსაცდელი ვადით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის მექნება 20-წლიანი სამოსამართლეო გამოცდილება“, – წერდა მოსამართლე თავის სარჩელში.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე უნდა შეცვალოს რეგულაცია მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით. ამ დროიდან ანტიკონსტიტუციურად ჩაითვლება, თუკი გამოცდილების მქონე მოსამართლეს ისევ გამოსაცდელი ვადით დანიშნავენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია, რამდენწლიანი გამოცდილება უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ მოსამართლე პირდაპირ უვადოდ გამწესდეს.

პოლიციელის როლი ოჯახში ძალადობის დროს – საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს განხილვას

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო მოქალაქე ს.გ.-ს სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. მოქალაქე ასაჩივრებს წესს, რომელიც პოლიციელს ანიჭებს შესაძლებლობას, ოჯახში ძალადობის დროს, საკუთარი შეხედულების მიხედვით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, ან უარი თქვას მის გამოცემაზე.

ს.გ.  ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. თუკი მისი სარჩელი დაკმაყოფილდება, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხი მკაფიოდ განისაზღვრება და იგი აღარ იქნება დამოკიდებული პოლიციის ცალკეული თანამშრომლის კეთილსინდისიერებაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი წესი მასში იწვევს დაუცველობისა და უმწეობის განცდას, ლახავს მის პატივსა და ღირსებას.

სარჩელის მიხედვით, არსებული რეგულაცია ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-17 მუხლს, სადაც წერია: „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“, ასევე: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი, ან ღირსების შემლახავი მოპყრობა“.

რადგან მოსარჩელე ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს არ გამოუქვეყნებია.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

 

სასამართლო საქართველოს სახელით გამოტანილ განაჩენს ასაიდუმლოებს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ასმათ გოდერძიშვილის საჩივარი განიხილა. ის სასამართლოს მიერ საქართველოს სახელით გამოტანილი განაჩენის მიღებას ითხოვს. სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დააკმაყოფილებს თუ არა მოქალაქის საჩივარს.

ასმათ გოდერძიშვილი პატიმრობაში მყოფი გიორგი ოქროპირიძის დედაა. ამბობს, რომ მისი შვილი ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სცემეს და ამაში მონაწილეობდა მინდია მალაყმაძე, რომელიც ამჟამად შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელია.

მინდია მალაყმაძე ფიგურირებდა „შალვა ქორიძის საქმეშიც.“ამ შემთხვევაზე „ბათუმელები“ გასული წლის მარტში წერდა.  შალვა ქორიძე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ ცნო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც შალვასგან წინააღმდეგობის გაწევა დაუდასტურა სასამართლოს, მინდია მალაყმაძე იყო. საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზე ადვოკატმა თავად შსს-ს მიერ გადაღებული ვიდეოკადრები წარმოადგინა, რამაც პოლიციელების მიერ ნათქვამი სიცრუე გამოააშკარავა.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის მიერ გამოტანილ ამ განაჩენს ითხოვდა ბათუმის სასამართლოსგან ასმათ გოდერძიშვილი: „ჩემი შვილის სასამართლო პროცესი ახლაც გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ეს განაჩენი მინდოდა წარმედგინა მტკიცებულებად, საიდანაც ირკვევა, რომ მინდია მალაყმაძემ სხვა ბრალდებულის შემთხვევაშიც მოიტყუა. მიუხედავად იმისა, რომ თანახმა ვიყავი, დაეშტრიხათ პროცესში მონაწილე პირების ვინაობა, სასამართლოსგან განაჩენის მიღებაზე უარი მივიღე“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოქალაქისთვის გაცემულ წერილობით პასუხში ვკითხულობთ: „თუ საქმის მასალები შეიცავს მონაცემებს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობის, მისი ფინანსური მდგომარეობის, ან სხვა კერძო საკითხების შესახებ, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცეს აღნიშნული მასალები მხარეთა [ერთდროულად ორივე მხარის] წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე“.

„ორივე მხარეში“ იგულისხმება როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარე, ანუ პროკურატურა. გამოდის, რომ თუკი მოქალაქე ღია სასამართლო სხდომაზე გამოტანილი განაჩენით დაინტერესდება, მან პროკურატურის თანხმობა  უნდა მიიღოს, მისი გაცნობის უფლება რომ მოიპოვოს.

„სასამართლო გადაწყვეტილებას აცხადებს საქართველოს სახელით. თუ პროცესი იყო ღია და მასზე დასწრება შეეძლო ნებისმიერ პირს, მაშინ უსაფუძვლო მგონია სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გადასცეს განაჩენი დაინტერესებულ პირს“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე.

მისივე შეფასებით, სასამართლოს აქვს უფლება დაშტრიხოს პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მაგრამ „ნებისმიერი პირის უფლებაა, დაინტერესდეს რა სამართლებრივი შეფასება ჰქონდა სასამართლოს ამა თუ იმ საქმეზე“.

 

 

 

 

 

შსს: ბათუმის აეროპორტში საერთაშორისო ძებნილი დავაკავეთ

ბათუმის აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ლ.კ. დააკავეს. ის ტაშკენტის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლ.კ. დამნაშავედ არის ცნობილი უზბეკეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 97-2, 155-3 159-3, 242-2, 244 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც ტერორიზმს, კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას, დივერსიული თავდასხმების განხორციელებას და საბრძოლო მასალის უკანონო ჩამორთმევას გულისხმობს.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

საკრებულოს წევრი: „800 ათას ლარად გარემონტებული შენობა ისევ სარემონტოა“

ქობულეთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ ფიჭვნარში არსებული საბავშვო ბაღის შენობა, რომლის რეაბილიტაციაზეც ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი დაიხარჯა, ისევ გასარემონტებელია. მისი თქმით,  შენობა ქობულეთის გამგეობამ ცოტა ხნის წინ ჩაიბარა, თუმცა კედლებზე ბათქაში დაზიანებულია, ეზო კი მოწესრიგებული არ არის.

„ფიჭვნარში არსებული საბავშვო ბაღი ჯერ გახსნილი არ არის და უკვე ხარვეზები გამოიკვეთა. გაწეული რემონტი არის ფუჭი, რადგან უხარისხოდ არის შესრულებული.

ამაში დაიხარჯა რვაასი ათასი ლარი, შემსრულებელი კომპანია არის „MTM“-ი. კომპანიის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ ქობულეთში უხვი ნალექი იცის და სამუშაოების დაგეგმვის დროს ეს ფაქტორი გათვალისწინებული უნდა ყოფილიყოო, სატენდერო პირობაში რაც მქონდა, მე ის გავაკეთეო. ჩვენ საკრებულოს სხდომაზე აღვნიშნეთ, რომ საბავშვო ბაღი რადგან ზღვასთან ახლოს მდებარეობს, წყალ და მარილგამძლე მასალები უნდა გამოეყენებინათ, თუმცა არ გაითვალისწინეს“.

ბონდო თედორაძის განცხადებით, საბავშვო ბაღის შენობა გასულ წელს უნდა ჩაბარებულიყო. „ეზოს მოპირკეთებისთვის კი 108 ათასი ლარი წელს დაუმატეს და კორუფციული გარიგების ნიშნებიც ჩნდება“.

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ადასტურებს, რომ ჩაბარებული საბავშვო ბაღის შენობის კედლები უკვე დაზიანებულია.

„ორი-სამი წელი აქვს საგარანტიო და კომპანიას მივწერეთ, რომ ეს ხარვეზები უნდა გამოასწოროს. ძირითადად გარე ფასადია დაზიანებული, არ იყო ალბათ კარგად შელესილი და წყალი შევიდა. ახლახან დასრულდა ეზოს კეთილმოწყობის ტენდერი და როცა ესეც დასრულდება, ამის შემდეგ, საბავშვო ბაღის გახსნამდე ინტერიერსაც და გარე ფასადზაც ხელმეორედ გადავაღებინებთ,“-ამბობს გამგებელი.

საბავშვო ბაღი 175 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღის გახსნის თარიღს გამგებელი ვერ აკონკრეტებს.

 

აჭარის გზების დეპარტამენტი 5 პიკაპს 320 ათას ლარად შეისყიდის

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი სპეციალიზებულ, მაღალი გამავლობის ხუთ ავტომანქანას [პიკაპს] შეისყიდის. ავტომანქანების შესაძენად დეპარტამენტს მაქსიმუმ 320 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

ავტომანქანები უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2016 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი; ვერცხლისფერი, მუქი ვერცხლისფერი ან/და შავი.

დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 2 მარტს დაიწყება და 7 მარტს დასრულდება. ავტომანქანები დეპარტამენტს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა ჩაბარდეს.

დეპარტამენტი აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაა.


საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტისთვის აჭარის 2017 წლის ბიუჯეტში მთლიანობაში 46 მილიონი ლარია გამოყოფილი.

დეპარტამენტს, მიმდინარე წლის 11 იანვრიდან, აჭარის მთავრობის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, არჩილ ჩიქოვანი ხელმძღვანელობს.

როგორ მიიღებს საგადასახადო ინფორმაციას თქვენი საბანკო ოპერაციების შესახებ

საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 14 თებერვალს, დააკმაყოფილა მოქალაქე ლევან ალაფიშვილის სარჩელი და ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული რეგულაცია „საქართველოს კონსტიტუციის“ 42-ე მუხლთან მიმართებით.

დღემდე არსებული რეგულაციით, კომერციული ბანკი არ იყო ვალდებული პირის პერსონალური მონაცემების შესახებ [მათ შორის, შემოსავლები, ფინანსური ტრანზაქციები] მიეწოდებინა ინფორმაცია საგადასახადო ორგანოსთვის სასამართლოს თანხმობის გარეშე. ანუ, თუკი საგადასახადო სამსახური პირის საბანკო მონაცემებით დაინტერესდებოდა, მას სასამართლოსთვის უნდა მიემართა და მხოლოდ მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში იღებდა ამ მონაცემებზე წვდომას.

ლევან ალაფიშვილი მიიჩნევდა, რომ სასამართლო განხილვის პროცესში ჩართული უნდა იყოს მხარედ ის პირი, ვისი პირადი ინფორმაციის მოპოვებითაც არის დაინტერესებული საგადასახადო ორგანო. გარდა ამისა, აქამდე არ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელის ყოველთვიური შემოსავალი 27 971 ლარია

სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭო თავმჯდომარეს, სულხან ზუმბურიძეს,  ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში შემოსავლების სახით 335 656 ლარი აქვს მიღებული, რაც ყოველთვიურად 27 971 ლარია.

ბოლო სამი წლის განმავლობაში სულხან ზუმბურიძეს, შემოსავლების სახით, მთლიანობაში, 817 359 ლარი აქვს მიღებული [სხვა წლების ქონებრივი დეკლარაციები არ იძებნება]. ზუმბურიძე მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე 2007 წლიდან მუშაობს.

სწორედ სულხან ზუმბურიძის მმართველობის ქვეშ მყოფი სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ მართავს აქციებს ბათუმში მცხოვრები რამდენიმე ათეული ოჯახი. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელს აშენებს, რომლითაც, წინასწარი ინფორმაციით, ახალი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უნდა გატარდეს თურქეთის მიმართულებით.

მშენებლობის პროცესში კომპანიას არაერთი კერძო მესაკუთრის ქონების შესყიდვა დასჭირდა, მათ შორის ბათუმშიც. სახელმწიფო კომპანიაში, რომლის ხელმძღვანელიც სულხან ზუმბურიძეა, მიაჩნიათ, რომ მოქალაქებისთვის კომპენსაციის გაცემა სამი წლის წინ არსებული ლარის კურსით, სამართლიანია.

სახელმწიფო ტაოს ქუჩის მცხოვრებლებს კომპენსაციას სამი წლის წინანდელი ლარის კურსით უხდის 

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ბათუმის ორ ქუჩაზე [ტაო, ხიხანი] მცხოვრებ ოჯახებს, ექსპროპრიაციის წესით საცხოვრებელ სახლებსა და მიწის ნაკვეთებს ართმევს. როგორც ტაოს, ისე ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები კერძო მესაკუთრეები აცხადებენ, სახელმწიფო კომპანია მათი ქონების ხელში ჩაგდებას მიზერულ ფასად ცდილობს – ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში, როგორც ეს მოქალაქეები ამბობენ, სახელმწიფო მათ 20-23 ლარს სთავაზობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს კომპენსაციას სთავაზობენ დოლარის იმ კურსით, რომელიც იყო სამი წლის წინ, ანუ 1,65 თეთრის ფარგლებში. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ეს სამართლებრივად სწორი მიდგომაა.

კერძო მესაკუთრე ნაირა იაკობაძე ამბობს, რომ მას და მის მეზობლებს „გროშები შესთავაზეს“. „3400 მეტრი მიწა მაქვს, 180 კვადრატული სახლი და 500 ძირზე მეტი ხეხილი. შემომთავაზეს 150 ათასი ლარი. მე მყავს სამი ობოლი, ჩემმა ქმარმა ეს ქონება დაუტოვა თავის სამ შვილს. მე ისინი ამ ქონებით უნდა დავაყენო გზაზე. მათი შვილები სკოლებშიც კი საზღვარგარეთ სწავლობენ, ჩემს შვილებს იმის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, რომ საქართველოში ისწავლონ უნივერსიტეტში? რა ვქნა 150 ათასი ლარით, ვიყიდი ერთ ბინას და ეგაა. ჩემს მიწაზე ხეხილი მაქვს, ბოსტნეული მომყავს, დარწმუნებული ვარ, რომ შვილები მშიერი არ დამრჩება, დავთესავ ბაღჩაში ყველაფერს და გამოვკვებავ, მაგრამ ერთი ბინით რა გავაკეთო?“ – ამბობს ტაოს ქუჩაზე მცხოვრები ქონების მესაკუთრე.

ნაირა იაკობაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ ქვეყნის განვითარებას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ასევე სახელმწიფოსგან  ღირსეულ მოპყრობას ითხოვს: „მე სახლში არ მაქვს რემონტი და ევრორემონტის ფასს არც ვითხოვ, მე ვითხოვ მშენებარე ბინის ფასს. 350 დოლარი ღირს ჩვენთან მშენებარე ბინის კვადრატი და მე მაძლევენ 200 ლარს, რა ვიყიდო. 60-დან 100 დოლარამდე ღირს მიწის კვადრატი, მე მაძლევენ 20 ლარს. მაინც ჩამოგართმევთო. გამოიჩინოს სახელმწიფომ ჰუმანურობა და იზრუნოს თავის მოქალაქეებზე. არ შეიძლება ჩვენი გაღარიბების ხარჯზე გამდიდრდნენ სხვები. მე ვთხოვ სახელმწიფოს, ნუ მოგვექცევიან ძაღლებივით. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი ქონება წესიერად შეაფასონ. მეტს არაფერს“.

იმავე ვითარებაშია ტაოს ქუჩაზე მცხოვრები უმიან წითელაძის ოჯახი. ამ ოჯახს საკუთრებაში აქვს 1160 კვ/მ მიწის ნაკვეთი ნარგავებით და  85 კვადრატული მეტრი სახლი. „მიწაში – ერთ კვადრატულ მეტრში 20 ლარს მთავაზობენ. მთლიანობაში ჩემი კარმიდამო შეაფასეს 102 ათას ლარად, ეს გამოდის 35 ათასი დოლარი. რა უნდა ვიყიდო ამ ფასად, ალბათ, ვიყიდი ერთ პატარა ბინას, მაგრამ მე არ მინდა ბინაში ცხვორება. ეგეც რომ არ იყოს, იმ ბინაში რითი უნდა ვიარსებო, ახლა ოჯახი მეურნეობით ვირჩენთ თავს. ეზოში მაქვს პროფილაქტიკა და მაგით ბანკის ვალებს ვიხდი. ამ წუთში სამხარაულის ექსპერტიზაზე არიან წასული მეუღლე და მეზობლის მამაკაცები… 9 მოსახლე ვართ, ვისაც ეს გვემუქრება. ასევე ეს ეხება 20-მდე მოსახლეს, რომლებსაც მიწები აქვთ დარეგისტრირებული, მაგრამ სახლის აშენების უფლება არ მისცეს“, – ამბობს უმიანი.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ 100 345 ლარი შესთავაზა იმავე ქუჩაზე მცხოვრებ ქოქოლაძეების ოჯახს. სოფიო ქოქოლაძე ამბობს, რომ ამ ფასად არ დათმობენ ორსართულიან სახლს: „250 კვადრატი ახალგარემონტებული სახლი მაქვს და სახლის ჩათვლით მიწა – 500 კვადრატია. სახლის ერთი კვადრატი 513 ლარად შემიფასეს, ხოლო მიწა – 20 ლარად. არ მინდა გადასვლა, ძლივს მოვიწყე ცხოვრება. ბინა არ გვინდა, მიწა გვინდა ვიყიდოთ და სახლი ავაშენოთ. ასე უფრო კარგად ვიგრძნობთ თავს“.

ოჯახები ამბობენ, რომ არ იციან როგორ შეინარჩუნონ გარემო და ქონება, რომელსაც მთელი ცხოვრება ქმნიდნენ; მაგრამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრმა, გიორგი შარკოვმა იცის, რომ ეს ოჯახები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეინარჩუნებენ ამ ქონებას, რადგან ტერიტორია უკვე ელექტროსისტემის საკუთრებაა და არა მოქალაქეების:

„მათი მოთხოვნა ეხება კომპენსაციების ოდენობას. საკომპენსაციო თანხის ოდენობა დადგენილია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ, შეთანხმებულია მსოფლიო ბანკთან და საქართველოს ხელისუფლებასთან. დამტკიცებულია განსახლების გეგმა და სწორედ ამ განსახლების გეგმის მიხედვით, რაც ეკუთვნით კომპენსაცია იმ თანხას გავცემთ. მათ საკომპენსაციო პაკეტს ვთავაზობთ. მათი უკმაყოფილება არის ის, რომ არასაკმარისად მიიჩნევენ თანხის ოდენობას. ჩვენ არაერთხელ ავუხსენით, რომ თუ ისინი არ ეთანხმებიან კომპენსაციის ოდენობას, მაშინ მივდივართ ექსპროპრიაციის გზით. ეს ნაკვეთები ტაოს ქუჩაზე უკვე ჩვენს საკუთრებაშია. რაც შეეხება კომპენსაციის ნაწილს, მათ შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და თუ დაადასტურებენ, რომ საკომპენსაციო თანხა უფრო მეტი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, დავემორჩილებით სასამართლო გადაწყვეტილებას“.

სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ექსპროპრიაციის შემთხვევაში მოქალაქეების მდგომარეობა არ გააურესოს. გიორგი შარკოვი მიიჩნევს, რომ ეს ასეც არის: „ნამდვილად არ არის ამ ხალხის უფლებები იგნორირებული, ჩვენ სახელმწიფოს სახით დავიქირავეთ დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელმაც შეაფასა მათი ქონება აგურ-აგურ. მე ვერ გეტყვით ბათუმში ეს ქონება რა ღირს, ეს დაადგინა აუდიტორმა, მე მის რევიზიას ვერ გავაკეთებ, ეჭვის ქვეშ ვერ დავაყენებ აუდიტის დასკვნას. შეუძლიათ მოიწვიონ ალტერნატიული აუდიტი, ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე მიიტანონ ეს სასამართლოში და პრობლემის გარეშე ვალდებული ვიქნებით შევასრულოთ ეს გადაწყვეტილება“.

გიორგი შარკოვი ვარაუდობს, რომ სასამართლო დავები წლობით არ გაიწელება, რადგან ეს მათ ინტერესებში არ შედის. მაგრამ იქვე დასძენს, რომ თუ კომპანია ჩათვლის საჭიროდ, სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს სხვა ინსტანციებში, რაც თავისთავად გულისხმობს დავის წლობით გაგრძელებას.

გარდა ამისა, გიორგი შარკოვი სამართლიანობაზე საუბრის დროს დაბეჯითებით აცხადებს, რომ მათი შეთავაზება მოქალაქეებისადმი სამართლიანია და ეს სხვაგვარად წარმოუდგენელია, რადგან „ამ პროცესს აკვირდება მსოფლიო ბანკი. შესაბამისად, მსოფლიო ბანკის პოლიტიკიდან გამომდინარე, მოსახლეობა არ უნდა იყოს დაჩაგრული, მსოფლიო ბანკი არ დაუშვებს მოქალაქეების პირობების გაუარესებას“.

გიორგი შარკოვი პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, რამდენად სამართლიანად მიაჩნიათ მსოფლიო ბანკში კომპენსაციის გაცემა სამი წლის წინ არსებული ლარის კურსით.

„მსოფლიო ბანკის პოზიციის გასაგებად შეგიძლიათ მიმართოთ მსოფლიო ბანკს. მე ვერ გეტყვით. მე გითხარით, რომ ეს შეთანხმებულია, ჩემთვის შეთანხმება ნიშნავს, რომ ის ეთანხმება ამას.“, – განუცხადა მან „ბათუმელებს“.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სამი წლის წინ გაწერილ სამოქმედო დოკუმენტში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში იყო 1,65. გიორგი შარკოვი ადასტურებს, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს დღესაც იმავე კურსით სთავაზობს კომპენსაციას: „მიდგომა არ შეცვლილა იმიტომ, რომ განსახლების სამოქმედო გეგმაში არსებული თანხები დამტკიცებული და შეთანხმებული იქნა მაშინ. გეთანხმებით, მითითებული იყო კურსი“.

შეკითხვაზე – სახლების დასანგრევად ძალას თუ გამოიყენებენ, გიორგი შარკოვი პასუხობს: „ჩვენ მივმართავთ კანონით დადგენილ ყველა საშუალებას, ვინაიდან ეს პროექტი არის რეგიონისთვის და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმში ექსპროპრიაციის გზით მოქალაქეებს სახლები დაუნგრიეს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი მოხდა 2012 წელს, როდესაც სახელმწიფომ ძალის გამოყენებით დაუნგრია მოქალაქეებს კარმიდამო, მათგან ერთ-ერთი მესაკუთრე, მარტოხელა ქალი მოგვიანებით სახლის ნანგრევებზე გარდაცვლილი იპოვეს”.


ფოტო: საპროტესტო აქცია სამართლიანი კომპენსაციის მოთხოვნით

 

სარეაბილიტაციო გზა ხულოდან გოდერძიმდე [რუკა]

ხულო-ზარზმის მიმართულებით ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახლების პროცესი თებერვლის ბოლოს ან მარტის თვეში დაიწყება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, განსახლების პროცესი ამინდზეც არის დამოკიდებული, მაგისტრალის მშენებლობა კი, ჯამში შეეხება 354 ოჯახის კუთვნილ 561 მიწის ნაკვეთს.

საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზა გადის შემდეგი სოფლების ტერიტორიებზე: დეკანაშვილები, ოქრუაშვილები, დიაკონიძეები, იაკობაძეები, დიოკნისი, ტაბახმელა, ბოძაური, დიდაჭარა, შუასოფელი, დანისპარაული და ბეშუმი. დეპარტამენტის ინფორმაციით, ფაქტობრივად, არსებული გზის რეაბილიტაცია ხდება.

განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც 2013 წლის ივნისში იყო მომზადებული, ჩვენი ინფორმაციით, 2017 წლის დასაწყისში შეიცვალა, თუმცა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს განახლებული გეგმა გასაჯაროებული ჯერ არ აქვს.


მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის მიხედვით [რომელიც 2013 წლის ივნისშია მომზადებული], ხულო-ზარზმის გზის საპროექტო სიგანე შეადგენს მაქსიმუმ 9 მეტრს, ხოლო ხულოს ფარგლებში 6 მეტრამდეც მცირდება.

ამავე სამუშაო გეგმის მიხედვით:

  • პროექტის ზემოქმედების ქვეშ ექცეოდა 461 კერძო მიწის ნაკვეთი [188 836 კვ/მ – აქედან 211 [92 858კვ.მ] რეგისტრირებული და 250 [95 978კვ.მ] დასაკანონებელი. კერძო ნაკვეთები, როგორც დაკანონებული, ასევე დასაკანონებელი ანაზღაურდება;
  • 79 [28 183 კვ/მ] სახელმწიფო მიწა კერძო სარგებლობაშია. ეს მიწა არ ექვემდებარება კომპენსაციას. თუმცა კომპენსაცია აუცილებლად გაიცემა ამ მიწებზე განლაგებული და ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ნაგებობებისთვის, ნათესებისა და ხეხილის ხეებისათვის;
  • ხეხილის ხეები ზემოქმედების ქვეშ ხვდებოდა 283 მიწის ნაკვეთზე, რომლებსაც ფლობს 244 ოჯახი. სულ ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ხეების რაოდენობა იყო 2947;
zemoqmedeba
პროექტის ზემოქმედება ერთწლიან კულტურებზე, 122 ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაკვეთების მიხედვით[2013 წელს შედგენილი სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია]
  • გეგმის სამუშაო ვერსიით, სულ ზემოქმედების ქვეშ ექცეოდა 430 ოჯახი, აქედან 242 მწვავე ზემოქმედებას განიცდიდა, კარგავდა რა სასოფლო-სამეურნეო მიწის 10%-ზე მეტს;
  • პროექტის ზემოქმედების ქვეშ ხვდებოდა რამდენიმე კაპიტალური შენობა და დამხმარე ნაგებობა [სასაწყობე შენობა-ნაგებობა, ბოსელი, ფარდული და ა.შ.] და დიდი რაოდენობით – ტერიტორიის შემომფარგვლელი კედლები და ღობეები;
  • თავდაპირველი გეგმით, კაპიტალური შენობებიდან დანგრევას ექვემდებარებოდა 5 საცხოვრებელი სახლი, 4 მაღაზიის შენობა და 2 ავტოგასამართი სადგური;

დანგრევას ექვემდებარებოდა, ასევე, არაკაპიტალური შენობა-ნაგებობები:

  • 1 მცირე წისქვილი (ხის, 4 კვ.მ),
  • 1 მცირე ავტოგასამართი სადგური (ხის, 4 კვ,მ; მოქმედი),
  • 17 დამხმარე ნაგებობა (სასაწყობე, ფარდული, ბოსელი და ა.შ.),
  • 26 ქვის (ბეეტონის) კედელი (საერთო მოცულობა 1240.5 მ3),
  • 141 მეტალის ბადის ღობე ხის ბოძებზე (საერთო სიგრძე 44 857მ),
  • 128 ხის ღობე (საერთო მოცულობით 70.2კუბ.მ),
  • ერთი გათხრილი ფუნდამენტი შენობისათვის;

იმ შენობა-ნაგებობების გარდა, რომლებიც ექვემდებარებოდა ნგრევას, იყო რამდენიმე ობიექტი, რომელთა რელოკაცია მოხდებოდა ახალ ადგილზე:

  • 1 ოჯახური მცირე სასაფლაო (შიდა ეზოში მოწყობილი);
  • სამეურნეო ობიექტები – 1 კონტეინერი და 5 ცისტერნა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოამზადებს პროექტს?“

„რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოამზადებს პროექტს?“ – ასეთი რეაქცია აქვს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლაშა სირაბიძეს „ბათუმელების“ კითხვაზე, რომელიც ეხება მთავრობის გადაწყვეტილებას თავად მოამზადოს ქალაქმშენებლობის რეგულაციებში ცვლილების პროექტი, მაშინ როცა ეს მერიის კომპეტენციაა. ამის პასუხად ლაშა სირაბიძე ამბობს: „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“.

„ერთ გუნდში“ სამშენებლო ნებართვები, რეგულაციები და დეველოპერებთან ურთიერთობა კვლავაც მსჯელობის საგანია. აქამდეც, როცა აჭარის მთავრობას არჩილ ხაბაძე ხელმძღვანელობდა, მერს რამდენჯერმე მოუწია განმარტების გაკეთება იმაზე, რომ მშენებლობებზე ნებართვების გაცემის საკითხი მთავრობისა და მერიის დაპირისპირების საგანი ვერ გახდება, რადგან კანონი ამბობს, რომ ეს მერიის კომპეტენციაა.

იმაზე, რომ ბათუმის სამშენებლო რეგულაციებში ცვლილებების პროექტზე აჭარის მთავრობა მუშაობს და არა მერია, საკრებულოში არაერთგვაროვანი რეაქცია აქვთ. ზოგისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ ამზადებს პროექტს, ზოგი კი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეს ქმედება თვითმმართველობას აკნინებს. ასევე არსებობს მოსაზრება და ეჭვები „დიდ ფულზე და კორუფციაზე“.

„იქნება ზონების დაყოფა და, რა თქმა უნდა, საკრებულო ჩაერევა ამაში… ეს არის სწორი მიდგომა. ხვალ-ზეგ მივიღებთ ახალ რეგულაციებს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და პრობლემის ერთად აღმოფხვრაზე ვმუშაობთ. შეთანხმება ინვესტიციის ნაწილში უფრო ეკონომიკის სამინისტროსთან ხდება. ამიტომ ერთიანობაში ჩვენ გავაკეთებთ ქალაქისათვის მნიშვნელოვან დოკუმენტს“, – განმარტა ლაშა სირაბიძემ.

ის, რომ ქალაქმშენებლობის რეგულაციებში ცვლილებების პროექტს მთავრობა მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით არ ამზადებს, „ბათუმელებთან“ მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ირაკლი ახალაძემ დაადასტურა. „მხოლოდ ერთხელ გავიარეთ კონსულტაცია“, – თქვა მან. რაც შეეხება „საერთო პრობლემას“, რომელზეც ლაშა სირაბიძე საუბრობს, მისივე თქმით, ეს ქალაქის გარეუბნის განუვითარებლობას უკავშირდება:

„ … მეორე ნაწილი ქალაქის სრულიად განუვითარებელია და მგონი პრიორიტეტი იქნება ეს. მას უნდა მიექცეს უფრო მეტი ყურადღება და მაღალი სართულები უფრო იმ მეორე ნაწილში უნდა იყოს.“

მაღლივი კორპუსების მშენებლობის ქალაქის “მეორე ნაწილში” გადატანაზე ბათუმის საკრებულოში ადრეც იმსჯელეს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მშენებლობის რეგულაციები ბათუმის საკრებულომ 2013 წელს გაამკაცრა და ე.წ. ზონალური მოსაკრებელი შემოიღო. ამ იდეის ავტორი მაშინ ქალაქის მთავარი არქიტექტორი გიორგი რამიშვილი იყო. იგი მიიჩნევდა, რომ ქალაქის ცენტრში მშენებლობის ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდისთვის მოსაკრებლის დაწესება დეველოპერების გარეუბნებით დაინტერესებას წაახალისებდა.

საკრებულოს მაშინდელი დადგენილებით, განაშენიანების ინტენსივობის გადასახადი დაწესდა ბათუმში, გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან არსებული წრიულიდან გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე, ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე, გრიბოედოვისა და ეგნატე ნინოშვილის ქუჩების კვეთიდან სულიკო ჟღენტის ქუჩის კვეთამდე, სულიკო ჟღენტის ქუჩის ორივე მხარეს, გოგებაშვილის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულამდე, გოგებაშვილის ქუჩის ორივე მხარეს, სანაპირომდე.

დეველოპერები უმეტესწილად ქალაქის ამ ნაწილში მშენებლობით ინტერესდებიან, რადგან ქალაქის ცენტრში ერთი კვადრატული მეტრი ფართობის ფასი გაცილებით მაღალია. იმის გამო, რომ აქ თავისუფალი სივრცე თითქმის აღარ დარჩა, დეველოპერები ისტორიულ სახლებს ანგრევენ ახლი მშენებლობის წამოსაწყებად. მთავრობა კი ამ სახლების გადასარჩენად არაფერს აკეთებს.

რეგულაციების გამკაცრებაზე მსჯელობა საკრებულომ ახლანდელი მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის თავმჯდომარეობის დროს დაიწყო. ახლა მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ მუშაობს ქალაქმშენებლობის რეგულაციებზე – მთავრობა თუ მერია. თუმცა ცვლილებების მომზადების აუცილებლობაში დარწმუნებულია.

საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე ნინო ბერაძე მიიჩნევს, რომ მთავრობა თვითმმართველობის როლს აკნინებს. მისი მოსაზრებით, შეიძლებოდა მთავრობას ჰყოლოდა თავისი წარმომადგენელი მერიის ჯგუფში, სადაც ქალაქის სამშენებლო რეგულაციებზე იმსჯელებდნენ და არა – პირიქით.

საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კირთაძეს კი ეჭვი აქვს, რომ ცვლილებების მომზადებით მთავრობის დაინტერესება, არა ქალაქისთვის სასიკეთო მიზნებს, არამედ „ისევ ვიღაცის ხელის მოთბობის ინტერესებს უკავშირდება“:

„ყველას კარგად გვახსოვს, როგორ წაართვა არჩილ ხაბაძემ K2 კოეფიციენტის გაზრდის უფლება საკრებულოს თავმჯდომარეს. უამრავჯერ გავაკეთეთ ამაზე განცხადება და პროექტიც მოვამზადეთ, რომ ეს მანკიერი ჩანაწერი გამოსწორებულიყო, მაგრამ ხაბაძემ არ დაუბრუნა საკრებულოს ეს რეგულაციები. როგორც ჩანს, არც პატარაძემ ისურვა ეს. ამის გაგრძელებაა ის, რომ დღეს ქალაქის რეგულაციებზე ფიქრობს აჭარის მთავრობა და არა მერია. არ ვიცი ამას რა ჰქვია, დანაშაულის გარდა. წლების განმავლობაში ქართული ოცნება ამბობდა, რომ ქალქს არ აქვს სამშენებლო ნორმები, ჩვენ ამას შევიმუშავებთ, გენგეგმას დავამტკიცებთო, მაგრამ ლაპარაკს მიღმა ეს არ წასულა. მინდა ვთქვა, რომ ქალაქს აქვს მშენებლობის რეგულაციები და თუ საჭიროა, ამ წესში უნდა შევიტანოთ ცვლილება. თუმცა ყველა ცვლილება, რაც ამ წესში იქნა შეტანილი, იყო გამიზნული იმისთვის, რომ ვიღაცას მოეთბო ხელი და არა იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორებულიყო. ამიტომ ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ თუკი რამეს დადებენ, იქნება ვიღაცის ხელის მოთბობაზე მორგებული“.

აჭარის მთავრობის განმარტებით, ზურაბ პატარაძე დაინტერესებულია მაქსიმალურად მალე შეძლოს მერიამ გენგეგმის მომზადება, რადგან ამ დროისთვის მის სამუშაო მაგიდაზე ასამდე დეველოპერის წერილი დევს, რომლითაც ისინი კოეფიციენტის გაზრდაზე მერიასთან შუამდგომლობას სთხოვენ. პატარაძე კი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი კანონმა უნდა დაარეგულიროს და „პერსონების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს“. სწორედ ამიტომ შეიქმნა მთავრობაში რეგულაციებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც მთავრობას არგუმენტირებული უარის მომზადებაში დაეხმარება, ვიდრე მერია გენგეგმას მოამზადებს. ჯგუფის წევრმა კი „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ისინი ამზადებენ სამშენებლო რეგულაციებში ცვლილებების პროექტს, რასაც შემდეგ მერია საკრებულოს წარუდგენს დასამტკიცებლად.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი:

ცოტა ხნის წინ ბათუმის საკრებულომ ფრაქცია „რესპუბლიკელების“ ინიციატივით მთავრობის თავმჯდომარისთვის K2 კოეფიციენტის გაზრდაზე მერიასთან შუამდგომლობის უფლების ჩამორთმევას უყარა კენჭი. საკრებულოს უმრავლესობამ საკითხს მხარი დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებამ მთავრობის თავმჯდომარის პრობლემა არგუმენტირებულ უართან დაკავშირებით, ვერ მოაგვარა.

სამაგისტრო და სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთში და უნგრეთში სასწავლებლად

განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა – „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ და „სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2017-2018“ გამოაცხადა.

„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ განხორციელების შედეგად საქართველოს 15-მდე მოქალაქე შეძლებს საფრანგეთში, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მოპოვებას და მიღებული ცოდნის საქართველოში რეალიზებას.

სასტიპენდიო პროგრამა უნგრეთში, როგორც ცენტრის განცხადებაში წერია,  მიზნად ისახავს 50 ქართველი სტუდენტის დაფინანსებას ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად შემდეგ მიმართულებებზე:

STEM [მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა], სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, სამედიცინო, სპორტისა და ხელოვნების დარგები.

მსურველებმა საკონკურსო განაცხადები და შესაბამისი დოკუმენტაცია [მათ შორის უცხო ენაზე შედგენილი] უნდა წარადგინონ ელექტრონულ მისამართზე: www.ice.gov.ge

ოფიციალური ინფორმაციით, განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-2016 წლებში 270 სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებზე სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად.

მოწმე: პოლიციელებმა მაიძულეს სასამართლოსთვის ჩვენება არ მიმეცა

მოწმის სახით დაბარებული გ.მ. სასამართლო დარბაზში აპირებდა შესვლას, როცა პოლიციელებმა ის ნარკოლოგიურში გადაიყვანეს. გ.მ. „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ პოლიციელებმა იგი აიძულეს ჩვენება არ მიეცა. შემთხვევა გუშინ, 13 თებერვალს მოხდა. გ.მ. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩიძესთან უნდა გამოცხადებულიყო, რომელიც ქურდობის საქმეს განიხილავს.

„სასამართლოს შენობასთან რამდენიმე პოლიციელი დაგვხვდა, დედაჩემი მახლდა და ბიძაჩემი. პოლიციელებმა მითხრეს, არ შეხვიდე დარბაზში, თორემ ნარკოტიკს ჩაგიდებთ, მთელი ცხოვრება სანანებელი გექნებაო და ასე შემდეგ“, – გვიყვება გ.მ.

მან პოლიციელების ვინაობა არ იცის, მაგრამ ამბობს, რომ ისინი პირველი განყოფილებიდან იყვნენ, სადაც მან გამოძიების ეტაპზე ჩვენება მისცა. გ.მ.-ს თქმით, პოლიციელებმა მანქანაში ჩაჯდომა აიძულეს და დაახლოებით ორი საათი ქუჩაში მანქანით ატარეს.

„სახინკლეში წასვლაც შემთავაზეს, უარი ვუთხარი. სამი იყვნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩვენება არ უნდა მიმეცა. ბოლოს ნარკოლოგიურში მიმიყვანეს. ჩემი ნებით მივეცი ბიოლოგიური მასალა და სუფთა აღმოვჩნდი. მერე მეორე განყოფილებაში მიმიყვანეს, „ჯეოსელის“ გვერდით და იქ გამომკითხეს. მანამდე უკვე დარეკილი მქონდა ჩემებთან და სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ასევე საია ჩაერთო საქმეში. ასევე დავრეკე 112-ზე და ვუთხარი, რაც მოხდა“, – ამბობს გ.მ.

პოლიციელების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს მისი ბიძია  – ჯ.ც: „მოვიდნენ პოლიციელები და გვარით მომმართეს, ალბათ იცოდნენ ჩემი გვარი, არ ვიცი. მითხრეს, მოაშორე აგენი აქედან, თუ არ გინდა, ცუდად წავიდეს საქმეო“.

მოწმის სახით სასამართლოში დაბარებული პირი გამოძიების ეტაპზე ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში დაუკითხავთ. გ.მ. ამბობს, რომ მისი ჩვენება გამომძიებელმა მიზანმიმართულად დაამახინჯა, რაც მოგვიანებით გახდა მისთვის ცნობილი.

„ჩვენების მიცემის დროს გამომძიებელი მეუბნებოდა, შენთვის უმჯობესია, თუ ასე აღვნიშნავთო… საბოლოოდ იმხელა გამოვიდა ნაწერი, არ წამიკითხავს რა დაწერეს. აღმოჩნდა, რომ ჩემ გამო, შესაძლოა, ვიღაც უსამართლოდ დასაჯონ. მე მინდოდა, ყველაფერი მომეყოლა მოსამართლისთვის, რასაც შევესწარი“, – ამბობს გ.მ.

პროცესში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი, ასევე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც დღეს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

„ვფიქრობთ, რომ, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა უკანონო საპატრულო ღონისძიებას. ფაქტია, რომ გ.მ. 13:15 საათზე წაიყვანეს სასამართლოს შესასვლელიდან, ის პროცესს არ დასწრებია, ხოლო ნარკოლოგიური ტესტი მას ჩაუტარდა 15:30 საათზე. პოლიციის ოფიციალური ვერსიაა, რომ ეს პირი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გადაიყვანეს ნარკოლოგიურ ტესტირებაზე,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საიას იურისტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საქმეზე მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო.

ხულოს საკრებულოს წევრი ხელისუფლებისგან თხილვანელთა განსახლების გეგმა-გრაფიკს ითხოვს

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ჯორბენაძემ სოფელ ქვემო თხილვანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.

„თხილვანაში რთული ვითარებაა. ის პროგრამები, რომლითაც დახმარებას ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს, არაადეკვატურია. ამ დრომდე ხელისუფლებამ რეაგირების მოხდენა ვერ მოახერხა, ხალხი ითხოვს შველას ხელისუფლებისაგან, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. მოლაპარაკებების რამდენიმე ეტაპი ჩაიშალა იმის გამო, რომ მოსახლეობას ხელისუფლებამ არ შესთავაზა ადეკვატური კომპენსაცია. მე, როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და მაჟორიტარი დეპუტატი, მოვითხოვ, რომ 17 თებერვლამდე ხელისუფლებამ წარმოადგინოს საკუთარი ხედვა აღნიშნული პრობლემის მოგვარების საკითხში. კერძოდ: მოსახლეობის განსახლების ვადები გეგმა-გრაფიკით, სად ასახლებენ ამ მოსახლეობას და რას სთავაზობს ხელისუფლება,“ – განაცხადა ირაკლი ჯორბენაძემ „ბათუმელებთან“.

საკრებულოს წევრი იმ სამთავრობო კომისიაში შეყვანასაც ითხოვს, რომელიც თხილვანის თემაზე მუშაობს.

საკრებულოს წევრის განცხადებასთან დაკავშირებით ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე აცადებს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობის დახმარების მზაობა გაცილებით ადრე გამოთქვა, თუმცა მოსახლეობამ ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ პროგრამებში ჩართვაზე თავდაპირველად უარი განაცხადა, რამაც მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გაყვანის პროცესი შეაფერხა.

„არსებული პროგრამებით სარგებლობასთან დაკავშირებით 51-მა ოჯახმა განცხადება უკვე გააკეთა. დანარჩენებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები… რაც შეეხება შეღავათებს, ყველა პროგრამაში მათი ჩართვა გამარტივებული წესით მოხდება. საბოლოო ჯამში სამთავრობო კომისია იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას რა და როგორ მოხდება, 51 ოჯახიდან ნაწილმა განაცხადა, რომ თანახმაა ბინა სოციალურ სახლში მიიღოს, ნაწილმა განაცხადი გააკეთა ჩაერთოს 25 000-ლარიან პროგრამაში“ – ამბობს ბესიკ ბაუჩაძე.

17 თებერვლამდე მოხდება თუ არა ოჯახების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა და მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება? – გამგებელი პასუხობს: „ჩვენ მზად ვიყავით უფრო ადგრე გაგვეკეთებინა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ცოტათი გაიწელა ეს პროცესი. ეს არ არის ჩვენი უმოქმედობის მიზეზი, მოსახლეობას სხვა ინტერესი ჰქონდა, სხვა ამოცანები და შესაბამისად შეჯერებული რომ ყოფილიყო, ამიტომ ამ ეტაპამდე მივიდა საქმე, – მზად ვიყავით პირველ ეტაპზე მოსახლეობა გაგვეყვანა დროებით ქირით და შესაბამისი სახლებიც მოძებნილიყო… ყველა უბანში, ყველა სახლთან მივიყვანეთ გზა, რომ ტექნიკა მისულიყო და მოსახლეობის გაყვანა მომხდარიყო, მაგრამ თვითონ წავიდნენ წინააღმდეგი“.

ქვემო თხილვანა. ხულო. ფოტო: ეკა ბარამიძე
ქვემო თხილვანა. ხულო. ფოტო: ეკა ბარამიძე

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მეწყერი მიმდინარე წლის 10 იანვარს განვითარდა. გეოლოგიური დასკვნით, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 1200-1500 მეტრში დაგროვილია ნახევარ მილიონ კუბურ/მეტრზე მეტი მიწის მასა. ეს მეწყრულ-ღვარცოფული  მასა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიძრას, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად სოფელს. ოჯახების გაყვანა უსაფრთხო ადგილას აუცილებელია, მათთან პირობებზე შეთანხმებას კი მთავრობა დღემდე ვერ ახერხებს.

ამავე თემაზე:

გამგებლის წარმომადგენლის თქმით, სოფელ თხილვანას ოთხკაციანი ჯგუფი მეთვალყურეობს

ქვემო თხილვანა – რა წერია გეოლოგიურ დასკვნაში და რამდენად ადეკვატურია მთავრობა

მეწყერი ქვემო თხილვანაში – აჭარის მთავრობისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვენ

რას სთავაზობს ხელისუფლება თხილვანას მოსახლეობას

გამჟღავნდება თუ არა ექსპერტების ვინაობა გრანტების გაცემის დროს

„თუკი ექსპერტმა იცის ჩემი ვინაობის შესახებ, მეც უნდა ვიცოდე, ვინ წყვეტს დაფინანსდეს უნდა თუ არა ჩემი პროექტი“, – ამბობს გიორგი კრავეიშვილი. მის სარჩელს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

სადავოა მთავრობის დადგენილება „ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“. ეს სამართლებრივი აქტი გრანტის გამცემ ორგანიზაციას არ ავალდებულებს საჯარო გახადოს ჟიურის შემადგენლობა.

გიორგი კრავეიშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სახის გრანტის მოპოვების დროს, საჯარო უნდა იყოს ექსპერტების ვინაობა, ვინც პროექტებს არჩევს.

20170213_130652„ჩემს შემთხვევაში, მოგვიანებით გავიგე, რომ ექპსერტი იყო ის, ვისაც ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა ჩემთან. წინასწარ უნდა არსებობდეს ამა თუ იმ ექსპერტის აცილების შესაძლებლობა“, – მიმართა მოსამართლეებს გიორგი კრავეიშვილმა. ის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის მოპოვებას ცდილობდა. გიორგი დოქტორანტია და საქართველოში მცხოვრებ ლაზებზე სამეცნიერო კვლევის მომზადებას აპირებდა.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ დავიქირავეთ ორგანიზაცია, რომელმაც განახორციელა შეფასება. ნებისმიერი ექსპერტის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ მათი ვინაობის გამხელა არ მოხდეს“, – უთხრა მოსამართლეებს რუსთაველის სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელმა, მარიამ იაშვილმა.

„დღეს თქვენი გადამოწმებაც ვერ ხდება, რამდენად კეთილსინდისიერად შეარჩიეთ ექსპერტი. ეს იძლევა თუ არა ეჭვის გამოხატვის საფუძველს, რომ შესაძლოა ექსპერტი იყოს მიკერძოებული?“ – იკითხა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა.

„ჩვენ გვევალება, რომ პროცესი წარვმართოთ კანონის შესაბამისად“, – უპასუხა მოსამართლეს რუსთაველის ფონდის წარმომადგენელმა.

მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარე, ლალი ფაფიაშვილი თანასწორობის პრინციპის დაცვით დაინტერესდა: „რამდენად დაცულია თანასწორობის პრინციპი, როცა ექსპერტმა იცის, ვის აფასებს, მონაწილეს კი არ აქვს ინფორმაცია, ვინ არის შემფასებელი?“

ფონდის წარმომადგენლემა, მაია იაშვილმა თქვა, რომ შესაძლებელია კონკურსში მონაწილემ სასამართლოს მიმართოს, თუმცა ექსპერტის ვინაობა არც ამ შემთხვევაში გასაჯაროვდება. მისი თქმით, იშვიათად ასაჩივრებს ვინმე კონკურსის შედეგს.

„შეიძლება იმიტომაც არ ასაჩივრებენ, რომ მაინც ვერაფერს გაიგებენ,“- ეს ფონდის წარმომადგენელს, მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა უთხრა.

„იქნებ იმიტომ უნდა იცოდეს ექსპერტმა მონაწილის ვინაობა, რომ საინტერესოა, რა გაუკეთებია მანამდე, რა გამოცდილება აქვს, რამდენად ნაყოფიერი იყო მისი სხვა შრომები…“ – მოსამართლე მერაბ ტურავას ამ გამოსვლას ფონდის წარმომადგენელი მაშინვე დაეთანხმა, თუმცა იქვე, მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა დააფიქსირა, რომ მოსამართლემ მხარეს მინიშნება მისცა: „ახლა რა იდეაც მოგაწოდათ მოსამართლე მერაბ ტურავამ, მანამდე თქვენ გქონდათ? ეს მინიშნება იყო…“

მოსარჩელის, გიორგი კრავეიშვილის აზრით, გრანტის შერჩევის პროცესში ექსპერტების ვინაობის დაფარვა ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციის“ 41-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც ადამიანს აქვს უფლება გაეცნოს მის შესახებ არსებულ ინფორმაციას.

Exit mobile version