მთავარი,სიახლეები

მანდატურმა 5 წლის შვილს მშობლებისა და ბავშვების თანდასწრებით სცემა

16.02.2017
მანდატურმა 5 წლის შვილს მშობლებისა და ბავშვების თანდასწრებით სცემა

დღეს, 16 თებერვალს, ბათუმის მე-15 საბავშვო ბაღში ერთ-ერთმა მშობელმა 5 წლის ბავშვს აღსაზრდელებისა და მასწავლებლების თვალწინ სცემა. ბავშვის ცემის მიზეზი, როგორც საბავშვო ბაღში აგვიხსნეს, ერთ-ერთ მშობელთან დაპირისპირება იყო.

„ბათუმელებთან“ ბაღში მომხდარ ინციდენტს საბავშვო ბაღის მეთოდისტი დოდო ლაღაძეც ადასტურებს.

„არც ისეთი უსაშველო კონფლიქტი იყო, რომ თქვენც გაგეგოთ, დედამ საკუთარ შვილს თმები მოქაჩა, პატარა წაარტყა და ისე ინერვიულა, მერე ორ-სამჯერ დარეკა ჩვენთან, რომ ბავშვი როგორ არისო“, – გვეუბნება მეთოდისტი. მისი თქმით, ბავშვის ცემის მოტივი ერთ-ერთი მშობლის პრეტენზია იყო მანდატურის შვილის მიმართ.

„ბავშვებს შორის მოხდა რაღაც გაუგებრობა და დედამ უთხრა, რატომ დამიმალე ეს ამბავიო“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, მოახდინა თუ არა საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ ბავშვზე ძალადობის ფაქტზე რეაგირება? ბაღის მეთოდისტი გვეუბნება: „მე, როგორც მეთოდისტმა, უფროსმა აღმზრდელმა, გამოვიყვანე ორივე მშობელი, შევიყვანე ჩემთან კაბინეტში, ისაუბრეს, გაარკვიეს ყველაფერი და ლამაზად და წყნარად წავიდნენ სახლში“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ არსებობს იმის ალბათობა, რომ სახლშიც იძალადოს მშობელმა ამ ბავშვზე? – მეთოდისტი გვპასუხობს: „არა მგონია, რადგან ორგანოში მუშაობს თვითონ. თმები მოქაჩა და წაარტყა თავზე… ეს უსაშველო ცემად არ ვიცი ახლა თუ ითვლება. გაბრაზებული იყო ქალი ძალიან, ნაწყენი იყო საკუთარ შვილზე. ყოველ შემთხვევაში, მოგვარებადი იყო ეს ამბავი და ჩვენ მოვაგვარეთ“.

ბაღის ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, რომ ნაცემ ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს. „აგრესიული ბავშვი არ არის, მაგრამ  ცოტა ჩაკეტილია, მარტო უყვარს ყოფნა და  თავისთვის თამაშობს“.

„ბათუმელები“ ბავშვის მშობელსაც დაუკავშირდა. მან უარყო ბავშვის ცემის ფაქტი, თუმცა გვითხრა, რომ მისი შვილის ცემის უფლება აქვს.

„ჩემს შვილს შემიძლია დავარტყა და ეს მე მგონი, არავის პრობლემა არ უნდა იყოს. თუმცა, მე არ ვიცი რა ინციდენტზე მესაუბრებით“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, არ ფიქრობთ, რომ ბავშვის ცემა ძალადობაა? მშობელი გვპასუხობს: „კანონებში ძალიან კარგად ვერკვევი და თუ რამე პრობლემები გაქვთ, შეგიძლიათ პირადად მნახოთ, არ ვარ ვალდებული ამაზე ვინმესთან ვილაპარაკო“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: