მთავარი,სიახლეები

რატომ ჩამოაჭრეს პედაგოგებს ხელფასი

15.02.2017 • 2610
რატომ ჩამოაჭრეს პედაგოგებს ხელფასი

შუახევის, სოფელ უჩამბის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი ფატი თურმანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მაღალმთიანი რეგიონის მასწავლებლებს, ოქტომბრის და ნოემბრის თვეში ხელფასები ჩამოაჭრეს. სკოლის დირექციაში აცხადებენ, რომ ხელფასების ჩამოჭრის მიზეზი განათლების სამინისტროს მიერ დაშვებული შეცდომა იყო.

„სექტემბრის თვეში ხელფასზე ავიღეთ 35-პროცენტიანი დანამატი, როგორც მაღალმთიან რეგიონში მომუშავე პედაგოგებმა, ოქტომბერში კი მხოლოდ განაკვეთზე დაგვირიცხეს 140 ლარი. ეს, ბუნებრივია, წინასთან შედარებით ბევრად ნაკლები იყო.  სხვაობა ჩემს ხელფასზე მომცა 80 ლარით ნაკლები. როცა დირექტორს ვკითხეთ მიზეზი, გვითხრა შეცდომით მოხდა დარიცხვა, 35-პროცენტიანი დანამატი არ უნდა ყოფილიყოო“, – გვეუბნება პედაგოგი.

ფატი თურმანიძის თქმით, მსგავსი ფაქტი მოხდა თითქმის ყველა მაღალმთიან სკოლაში.

„მთის კანონის მიხედვით არსებულ სახელფასო დანამატს არ ვიღებ. ვფიქრობ, არჩევნების წინაპერიოდი იყო და ამიტომ დაგვირიცხეს სექტემბერში მაღალი დანამატები“, – გვეუბნება ის.

უჩამბის საჯარო სკოლის დირექტორი ჯემალ გამრეკელიძე გვეუბნება, რომ თავის დროზე დარიცხვები არასწორად მოხდა და შემდეგ თვეში შეცდომა გაასწორეს:

„სამინისტროდან მოვიდა ბრძანება, რომ შეცდომით მოხდა სექტემბერში დანამატების დარიცხვა, ამიტომ შემდეგ თვეებში  ნაკლები დავურიცხეთ პედაგოგებს“.

განათლების სამინისტროსგან მსგავსი შინაარსის ბრძანება მაწყვალთის საჯარო სკოლაშიც მიიღეს. სკოლის დირექტორი ჯემალ ზოიძეც შეცდომაზე საუბრობს.

„თათბირზე გვითხრეს, რომ ყველა მასწავლებელს დაემატა ხელფასი. პირველი მატება გაზაფხულზე იყო, მეორე კი სექტემბერში. ჯერ უნდა ყოფილიყო 17-პროცენტიანი მატება და შემდეგ 51-პროცენტიანი მატება. მაგრამ განაკვეთზე 142 ლარი უნდა დამატებოდა. რატომღაც ეს ინფორმაცია ბრძანებაში არ განთავსდა, როგორც საჭირო იყო ისე.  შეცდომა დაგვაშვებინეს. ამიტომ, სექტემბერში დარიცხული ხელფასი ოქტომბერ-ნოემბერში გავასწორეთ და განაკვეთზე 142 ლარი დავურიცხეთ“, – ამბობს დირექტორი.

შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ედუარდ  გოგრაჭაძის განმარტებით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის“ მიხედვით, მაღალმთიან რეგიონებში მასწავლებლებს საბაზო ხელფასზე 35 პროცენტი დანამატი ერიცხებათ. თუმცა, რესურსცენტრის ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ ამის შესახებ კარგად არ იყვნენ ინფორმირებული.

„კანონში არ იყო დაკონკრეტებული 35 პროცენტი საბაზო ხელფასზე უნდა დარიცხულიყო, თუ იმ ხელფასზე, რომელსაც ფაქტობრივად იღებდა პედაგოგი. ამიტომ, სექტემბრის თვეში ყველა პედაგოგს დაერიცხა ხელფასის 35 პროცენტი დანამატი, რაც შეცდომა იყო. 4 ოქტომბერს გამოვიდა მინისტრის ბრძანება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ  დანამატი დაერიცხებოდა ყველა პედაგოგს განურჩევლად სტატუსისა, ოღონდ საბაზო ხელფასზე 142 ლარი (საბაზო ხელფასი 405 ლარია). ანუ, ვისაც 18 საათი აქვს, იმათ გამოსდით დანამატი 142 ლარი, ვისაც ნაკლები აქვს, შესაბამისად, ნაკლები. თუ 18 საათზე მეტი აქვს პედაგოგს, მაინც 142 ლარს მიიღებს. ბუნებრივია, ამან გამოიწვია გაუგებრობა“.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის“ მიხედვით, სექტემბრიდან ყველა პედაგოგი იღებს დანამატს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: