Batumelebi | ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოამზადებს პროექტს?“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოამზადებს პროექტს?“ – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოამზადებს პროექტს?“

„რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოამზადებს პროექტს?“ – ასეთი რეაქცია აქვს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლაშა სირაბიძეს „ბათუმელების“ კითხვაზე, რომელიც ეხება მთავრობის გადაწყვეტილებას თავად მოამზადოს ქალაქმშენებლობის რეგულაციებში ცვლილების პროექტი, მაშინ როცა ეს მერიის კომპეტენციაა. ამის პასუხად ლაშა სირაბიძე ამბობს: „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“.

„ერთ გუნდში“ სამშენებლო ნებართვები, რეგულაციები და დეველოპერებთან ურთიერთობა კვლავაც მსჯელობის საგანია. აქამდეც, როცა აჭარის მთავრობას არჩილ ხაბაძე ხელმძღვანელობდა, მერს რამდენჯერმე მოუწია განმარტების გაკეთება იმაზე, რომ მშენებლობებზე ნებართვების გაცემის საკითხი მთავრობისა და მერიის დაპირისპირების საგანი ვერ გახდება, რადგან კანონი ამბობს, რომ ეს მერიის კომპეტენციაა.

იმაზე, რომ ბათუმის სამშენებლო რეგულაციებში ცვლილებების პროექტზე აჭარის მთავრობა მუშაობს და არა მერია, საკრებულოში არაერთგვაროვანი რეაქცია აქვთ. ზოგისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ ამზადებს პროექტს, ზოგი კი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეს ქმედება თვითმმართველობას აკნინებს. ასევე არსებობს მოსაზრება და ეჭვები „დიდ ფულზე და კორუფციაზე“.

„იქნება ზონების დაყოფა და, რა თქმა უნდა, საკრებულო ჩაერევა ამაში… ეს არის სწორი მიდგომა. ხვალ-ზეგ მივიღებთ ახალ რეგულაციებს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და პრობლემის ერთად აღმოფხვრაზე ვმუშაობთ. შეთანხმება ინვესტიციის ნაწილში უფრო ეკონომიკის სამინისტროსთან ხდება. ამიტომ ერთიანობაში ჩვენ გავაკეთებთ ქალაქისათვის მნიშვნელოვან დოკუმენტს“, – განმარტა ლაშა სირაბიძემ.

ის, რომ ქალაქმშენებლობის რეგულაციებში ცვლილებების პროექტს მთავრობა მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით არ ამზადებს, „ბათუმელებთან“ მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ირაკლი ახალაძემ დაადასტურა. „მხოლოდ ერთხელ გავიარეთ კონსულტაცია“, – თქვა მან. რაც შეეხება „საერთო პრობლემას“, რომელზეც ლაშა სირაბიძე საუბრობს, მისივე თქმით, ეს ქალაქის გარეუბნის განუვითარებლობას უკავშირდება:

„ … მეორე ნაწილი ქალაქის სრულიად განუვითარებელია და მგონი პრიორიტეტი იქნება ეს. მას უნდა მიექცეს უფრო მეტი ყურადღება და მაღალი სართულები უფრო იმ მეორე ნაწილში უნდა იყოს.“

მაღლივი კორპუსების მშენებლობის ქალაქის “მეორე ნაწილში” გადატანაზე ბათუმის საკრებულოში ადრეც იმსჯელეს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მშენებლობის რეგულაციები ბათუმის საკრებულომ 2013 წელს გაამკაცრა და ე.წ. ზონალური მოსაკრებელი შემოიღო. ამ იდეის ავტორი მაშინ ქალაქის მთავარი არქიტექტორი გიორგი რამიშვილი იყო. იგი მიიჩნევდა, რომ ქალაქის ცენტრში მშენებლობის ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდისთვის მოსაკრებლის დაწესება დეველოპერების გარეუბნებით დაინტერესებას წაახალისებდა.

საკრებულოს მაშინდელი დადგენილებით, განაშენიანების ინტენსივობის გადასახადი დაწესდა ბათუმში, გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან არსებული წრიულიდან გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე, ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე, გრიბოედოვისა და ეგნატე ნინოშვილის ქუჩების კვეთიდან სულიკო ჟღენტის ქუჩის კვეთამდე, სულიკო ჟღენტის ქუჩის ორივე მხარეს, გოგებაშვილის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულამდე, გოგებაშვილის ქუჩის ორივე მხარეს, სანაპირომდე.

დეველოპერები უმეტესწილად ქალაქის ამ ნაწილში მშენებლობით ინტერესდებიან, რადგან ქალაქის ცენტრში ერთი კვადრატული მეტრი ფართობის ფასი გაცილებით მაღალია. იმის გამო, რომ აქ თავისუფალი სივრცე თითქმის აღარ დარჩა, დეველოპერები ისტორიულ სახლებს ანგრევენ ახლი მშენებლობის წამოსაწყებად. მთავრობა კი ამ სახლების გადასარჩენად არაფერს აკეთებს.

რეგულაციების გამკაცრებაზე მსჯელობა საკრებულომ ახლანდელი მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის თავმჯდომარეობის დროს დაიწყო. ახლა მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ მუშაობს ქალაქმშენებლობის რეგულაციებზე – მთავრობა თუ მერია. თუმცა ცვლილებების მომზადების აუცილებლობაში დარწმუნებულია.

საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე ნინო ბერაძე მიიჩნევს, რომ მთავრობა თვითმმართველობის როლს აკნინებს. მისი მოსაზრებით, შეიძლებოდა მთავრობას ჰყოლოდა თავისი წარმომადგენელი მერიის ჯგუფში, სადაც ქალაქის სამშენებლო რეგულაციებზე იმსჯელებდნენ და არა – პირიქით.

საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კირთაძეს კი ეჭვი აქვს, რომ ცვლილებების მომზადებით მთავრობის დაინტერესება, არა ქალაქისთვის სასიკეთო მიზნებს, არამედ „ისევ ვიღაცის ხელის მოთბობის ინტერესებს უკავშირდება“:

„ყველას კარგად გვახსოვს, როგორ წაართვა არჩილ ხაბაძემ K2 კოეფიციენტის გაზრდის უფლება საკრებულოს თავმჯდომარეს. უამრავჯერ გავაკეთეთ ამაზე განცხადება და პროექტიც მოვამზადეთ, რომ ეს მანკიერი ჩანაწერი გამოსწორებულიყო, მაგრამ ხაბაძემ არ დაუბრუნა საკრებულოს ეს რეგულაციები. როგორც ჩანს, არც პატარაძემ ისურვა ეს. ამის გაგრძელებაა ის, რომ დღეს ქალაქის რეგულაციებზე ფიქრობს აჭარის მთავრობა და არა მერია. არ ვიცი ამას რა ჰქვია, დანაშაულის გარდა. წლების განმავლობაში ქართული ოცნება ამბობდა, რომ ქალქს არ აქვს სამშენებლო ნორმები, ჩვენ ამას შევიმუშავებთ, გენგეგმას დავამტკიცებთო, მაგრამ ლაპარაკს მიღმა ეს არ წასულა. მინდა ვთქვა, რომ ქალაქს აქვს მშენებლობის რეგულაციები და თუ საჭიროა, ამ წესში უნდა შევიტანოთ ცვლილება. თუმცა ყველა ცვლილება, რაც ამ წესში იქნა შეტანილი, იყო გამიზნული იმისთვის, რომ ვიღაცას მოეთბო ხელი და არა იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორებულიყო. ამიტომ ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ თუკი რამეს დადებენ, იქნება ვიღაცის ხელის მოთბობაზე მორგებული“.

აჭარის მთავრობის განმარტებით, ზურაბ პატარაძე დაინტერესებულია მაქსიმალურად მალე შეძლოს მერიამ გენგეგმის მომზადება, რადგან ამ დროისთვის მის სამუშაო მაგიდაზე ასამდე დეველოპერის წერილი დევს, რომლითაც ისინი კოეფიციენტის გაზრდაზე მერიასთან შუამდგომლობას სთხოვენ. პატარაძე კი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი კანონმა უნდა დაარეგულიროს და „პერსონების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს“. სწორედ ამიტომ შეიქმნა მთავრობაში რეგულაციებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც მთავრობას არგუმენტირებული უარის მომზადებაში დაეხმარება, ვიდრე მერია გენგეგმას მოამზადებს. ჯგუფის წევრმა კი „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ისინი ამზადებენ სამშენებლო რეგულაციებში ცვლილებების პროექტს, რასაც შემდეგ მერია საკრებულოს წარუდგენს დასამტკიცებლად.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი:

ცოტა ხნის წინ ბათუმის საკრებულომ ფრაქცია „რესპუბლიკელების“ ინიციატივით მთავრობის თავმჯდომარისთვის K2 კოეფიციენტის გაზრდაზე მერიასთან შუამდგომლობის უფლების ჩამორთმევას უყარა კენჭი. საკრებულოს უმრავლესობამ საკითხს მხარი დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებამ მთავრობის თავმჯდომარის პრობლემა არგუმენტირებულ უართან დაკავშირებით, ვერ მოაგვარა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი