ნარგიზ მიქელაძე: დილით რვაზე აქ მოვდივარ. 32 წელია ამ საქმეს ვაკეთებ. ქუთაისიდან ჩამოდის სუნელი. ხანდახან მარცვალს ვღებულობთ და შემდეგ ვამუშავებთ. მაქვს ჩაის, ტყემლის და აჯიკის სხვადასხვა სახეობა. ზაფხულობით უფრო იყიდება, ახლა ძალიან გვიჭირს. ბაზარში ადგილის ფასი იმის მიხედვით განისაზღვრება, რამხელა ადგილს დაიკავებ, მეტროზე ნაკლები დახლი 2 ლარია.
ადამიანებს ხედავ? … ხედავ აქ ვინმეს? – მეკითხება სიმინდის ფქვილის გამყიდველი ბებო. მიმდებარე ტერიტორია დაბნეულმა მიმოვათვალიერე. დიახ, ვხედავ, ვხედავ ადამიანებს. ამ ადამიანებს თავადაც ხედავს, მაგრამ არ გულისხმობს მათ ვინც ყიდის, მათი დანახვა უნდა, ვინც იყიდის. ისეთებიც არიან, ვისაც ყიდვა უნდა, თუმცა მათგან უმეტესობა ხელცარიელი ბრუნდება ან სასურველი პროდუქტის ნუსხას ამცირებს, ამის მიზეზი კი ფასებია.
ნიგვზის გამყიდველი გაბრაზებულია, მის დახლთან ორი მამაკაცი, სავარაუდოდ, კლიენტი დგას. ნიგოზი გასინჯეს, მოეწონათ, მაგრამ არ იყიდეს. „იმიტომ, რომ ძვირია“, ნიგვზის ფასი დღეს ბაზარში 22 ლარია.
ძალიან ცივა, მაგრამ შენობა დიდია და მას ვერ გაათბობენ. ჩურჩხელა ზაფხულში უფრო იყიდება, როცა დამსვენებელი ჩამოდის.
ცეზარ მახარაძე: ლობიო, კარტოფილი და სურსათი ერთად არ უნდა იყიდებოდეს. ადმინისტრაციას რომ შევჩივლოთ? – არ გინდათ მიბრძანდითო. კერძო სტრუქტურაა.
ვალერიან შავაძე ხორცს უკვე რამდენიმე წელია ყიდის. ამბობს, რომ ბაზარში ყველაზე კარგი ხორცი მას აქვს. ხორცი შემოწმებულია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც იქვე აქვს გამოფენილი.