ბათუმში, ლონდონის სკვერში, ტუბერკულოზის დღის აღსანიშნავად კონსტრუქცია წითლად განათდება

„გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“ – ასეთია წელს ტუბერკულოზის საერთაშორისო დღის სლოგანი. ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველ წელს, 24 მარტს აღინიშნება. დღის აღნიშვნის მიზანია ცნობიერების ამაღლება ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის შესახებ.

დღეს, 24 მარტს, 14:00 საათზე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართება სამუშაო შეხვედრა ფთიზიატრებისა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების მონაწილეობით.

ტუბერკულოზი განკურნებადია, მაგრამ მაინც ეპიდემიას წარმოადგენს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში უკანასკნელ წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებლების კლების ტენდენცია. მიუხედავად ამისა, საქართველოს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით 2016 წელს საქართველოში ყველა ფორმის ტუბერკულოზის 3315 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 2454 ახალი შემთხვევაა. შესაბამისად, რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ 100000 მოსახლეზე 89.1 შეადგინა, ახალი შემთხვევების მაჩვენებელმა 100000 მოსახლეზე ‐ 66.

2016 წელს აჭარაში რეგისტრირებული იყო ტუბერკულოზის 397 ახალი შემთხვევა. ინციდენტობის მაჩვენებელმა 100 000 მოსახლეზე შეადგინა 98, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით ნაკლებია; მ.შ. ფილტვის ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 2016 წელს 246 შეადგინა. ტუბერკულოზით დაავადებულთა საერთო რიცხვი 2016 წლისათვის რეგიონში 471-ია, 12%-ით ნაკლებია, ვიდრე 2015 წელს, პრევალენტობის მაჩვენებელმა შეადგინა 117.

24 მარტს ტუბერკულოზის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და Stop TB -საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერით ინიცირებული იქნა მხარდამჭერ ქვეყნებში შენობების წითლად განათების აქცია. 24 მარტს განათდება ჯანმოს (გაეროს) შენობები კოპენჰაგენში, კანადაში – ნიაგარას ჩანჩქერი, კალგარი, ედმონტონი და ტორონტო, ესპანეთის 10 ქალაქი – მათ შორის მადრიდი, დიდ ბრიტანეთში- ბირმინჰემი, აბუდაბი, შვეიცარია- ჟენევა, ბრაზილიაში – რიო და ბრაზილია, და. ა.შ. თბილისში წითლად განათდება ანძა.

19:30 საათზე ტუბერკულოზის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ასევე, დაგეგმილია ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ატრიბუტიკის დარიგება, წითლად განათდება კონსტრუქცია „ლონდონის სკვერში“.

24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება იმ თარიღის აღსანიშნავად, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა 1882 წელს.

ფოტო: infobatumi.ge

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჭინკაძეების მეჩეთის რეაბილიტაციას გეგმავს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში მდებარე ორსაუკუნოვანი მეჩეთის რეაბილიტაციას გეგმავს.

მეჩეთზე სარემონტო სამუშაოები ადგილობრივმა მუსლიმებმა  გასულ წელს დაიწყეს სამუფთოს ფინანსური დახმარებით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე.  მეჩეთს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მეტალო-პლასმასის ფანჯრები გაუკეთეს და თუნუქით გადახურეს. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მქონე საკულტო ნაგებობაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ სააგენტომ მას შემდეგ შეიტყო, როცა შენობას აღარც მინარეთი გააჩნდა, არც კრამიტის სახურავი და მეორე სართულთან დამაკავშირებელი ხის კიბის ნაცვლად მეჩეთს ბეტონის კიბეები ფქონდა გაკეთებული, მეჩეთის პირველ სართულზე კი ქვით ნაშენი კედლების ნაწილი და ბუხარი  შებათქაშებული იყო.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლზე ნებართვის გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი მირზა ცეცხლაძე ამბობს, რომ სააგენტომ ძეგლის მდგომარეობა შეისწავლა, შემდგომი რეაგირებისთვის კი მონაცემები ეროვნულ სააგენტოს  გადაუგზავნა.

„ძეგლის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სამუშაოების განსახორციელებლად  ველოდებით შესაბამისი პროექტის დამუშავებასა და სამუშაოების წარმოების ნებართვის,“  – ამბობს მირზა ცეცხლაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რეაბილიტაციის შემდეგ დარჩება თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საკულტო ნაგებობაზე მეტალო-პლასმასის ფანჯრები და თუნუქის სახურავი და არის თუ არა მისი დათვალიერება უსაფრთხო  მნახველებისთვის, მირზა ცეცხლაძაძე პასუხობს:

„შესწავლილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საფრთხე არც ძეგლს და არც მნახველს არ უნდა  ემუქრებოდეს, რაც შეეხება მეტალო-პლასმასის ფანჯრებსა და თუნუქის სახურავს, როგორც აღვნიშნე, პროექტის დამუშავება მიმდინარეობს, რაც თავის თავში კვლევას, მეთოდოლოგიის შერჩევას და  დასაბუთებას გულისხმობს. ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე, მეთოდოლოგიურად უნდა განისაზღვროს რა სახის სამუშაოები  ჩატარდება, მოხდება ძეგლის რეკონსტრუქცია, რესტავრაცია თუ ადაპტაცია, რომ გაუმჯობესდეს ძეგლის მდგომარეობა. ამ საკითხებზე ეროვნული სააგენტო მუშაობს“.

სოფელ ჭინკაძეებში მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი  საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 2006 წლის 30 მარტს მიანიჭა.

ამავე თემაზე: 

ორსაუკუნოვანი მეჩეთი მეტალოპლასტმასის ფანჯრებით

ბათუმის მერია გასაყიდი ქონების ნუსხას ზრდის

ბათუმის მერია საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში ცვლილების შეტანას გეგმავს. განკარგულების პროექტის მიხედვით ნუსხას კიდევ ერთი არასაცხოვრებელი ფართობი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, #25-ში და ათი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაემატება.

მათ შორის რამდენიმე პირობიანი აუქციონის წესით, რამდენიმე კი უპირობოდ გაიყიდება.

ტ

მერიას გასაყიდად გამოაქვს ასევე მერიის ბალანსზე არსებული ძველი ავტომანქანები, რომლებიც მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის განმარტებით შეკეთებას აღარ ექვემდებარება და „პრაქტიკულად ჯართის ფასი აქვს“.

საკითხზე დღეს, 24 მარტს, საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება. სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზეც იმსჯელებენ. ბიუჯეტი შემოსულობებისა და საქართველოს მთავრობისგან მიღებული ტრანსფერის ხარჯზე ჯამში შვიდი მილიონი ლარით იზრდება. აქედან თანხის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდება.

ქალაქის გაზრდილი ბიუჯეტი 151,5 მილიონამდე ლარია.

 

400-ზე მეტი დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 428 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 358 – საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 2 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 39 – ნიშანში დგომის გამო, 12 – ტროტუარზე დგომისთვის, 4 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 12 დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 1 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ძმები ნობელების მუზეუმში

ძმები ნობელების მუზეუმმა 23 მარტს ქართული ჟურნალისტიკისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  აჭარაში სხვადასხვა დროს  გამომავალი გაზეთები: გაზეთი „აჭარა“, ჟურნალი „ჭოროხი“, გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“, გაზეთი „ბათუმელები“. გამოფენას ფონად გასდევდა   ოქროს ფონდში დაცული ხმები – რომელის რადიო აჭარის მიერ იყო ჩაწერილი. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო “აჭარის ტელევიზიისა” და “TV 25-ის” მიკროფონები, ლოგოები, ხოლო ეკრანზე ამ ორი არხის მიერ  ნობელის მუზეუმის შესახებ სხვადასხვა დროს მომზადებული სიუჟეტები გადიოდა.

ასევე  დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ენახა  მუზეუმში დაცული ბეჭდური პრესა: „Батумский день “, „Южная речь“, „Свободная жизнь“ „ Эхо Батума“.

გამოფენა  აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურმა მუზეუმმა და აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმმა ერთობლივად გამართეს.

 

„ეთერში ვართ“ - ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმში
„ეთერში ვართ“ – ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში

 

„ეთერში ვართ“ - ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმში
„ეთერში ვართ“ – ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში

 

IMG_0008

IMG_0044

სახალხო დამცველი მშენებლობებზე დაღუპული მუშების ფაქტებს ეხმაურება

სახალხო დამცველი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე სამშენებლო ობიექტებზე მუშების დაღუპვის ფატქებს ეხმაურება და ხელისუფლებას უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავსირებით შექმნას სთხოვს.

„გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 15 მარტს თბილისში მშენებლობაზე დაიღუპა მუშა, რომელიც ლიფტის შახტაში ჩავარდა. 2017 წლის 21 მარტს, ბათუმში მშენებლობიდან გადმოვარდა მუშა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ამ ტრაგიკული შემთხვევების გამო და უსამძიმრებს  გარდაცვლილების ოჯახებს. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფოში არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს.

შსს-ს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა 53 და დაშავდა 85 ადამიანი.

სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა პარლამენტს და მთავრობას, რომ აუცილებელია შეიქმნას უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციები და განხორციელდეს მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი, რომელიც მინიმუმადე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას, თუმცა სახელმწიფოს არავითარი ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები არ გადაუდგამს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეკომენდაციის შესრულების შემთხვევაში, თავიდან იქნებოდა აცილებული სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა შემთხვევების ნაწილი მაინც. იმის მიუხედავად, რომ სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია, სახელმწიფო ამ ტრაგიკული შემთხვევების პრევენციის მიზნით მაინც არ დგამს ქმედით ნაბიჯებს და არ ქმნის კონტროლის ეფექტური მექანიზმებით აღჭურვილ შრომის ინსპექციას.

სახელმწიფოს რეაგირება შემოიფარგლება მხოლოდ ფატალური შედეგის დადგომის შემდეგ პასუხისმგებელი პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით. ამ შემთხვევაშიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით. რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს პრევენციას. პრევენციის პოლიტიკის გარეშე კი მსგავსი შემთხვევების მნიშვნელოვანი შემცირება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

პასუხისმგებლობა არამხოლოდ სამშენებლო კომპანიებს, არამედ სახელმწიფოსაც ეკისრება. საჭიროა შეიქმნას შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო – შრომის ინსპექცია და მათი დარღვევისთვის შესაბამისი სანქციები განისაზღვროს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, ყველა ზომა მიიღონ ქვეყანაში უსაფრთხო შრომის პირობების უზრუნველსაყოფად“.

 

23 მარტი და წინასწარ გამოცხადებული დახვრეტის ქრონიკა

შოთა გუჯაბიძე. ნაწყვეტი წიგნიდან „ბათომი“.

1921 წლის მარტია. საქართველოს დემოკრატიული მთავრობა ბათუმშია და თავისი არსებობის ბოლო წუთებს ითვლის.

წითელი დროშა კი ფრიალებს თბილისზე, მაგრამ ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება.

ამასობაში თურქებმა დრო იხელთეს და ბათუმი და მისი შემოგარენი დაიკავეს.

მთელი ჯარი რუსეთთან საბრძოლველად იყო მობილიზებული და ბათუმის დასაპყრობად უკეთეს დროს ვერც იშოვიდნენ.

პოლკოვნიკმა ქიაზიმ-ბეიმ თავი ბათუმის გენერალ-გუბერნატორად გამოაცხადა.
ამ დროს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი საჯავახოში იდგა და თბილისიდან მომავალ რუსულ ჯარზე შეტევას ამზადებდა.

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი
გენერალი გიორგი მაზნიაშვილი

17 მარტს შუადღისას მაზნიაშვილმა ქუთაისიდან გრიგოლ ლორთქიფანიძის ბარათი მიიღო. გრიგოლ ლორთქიფანიძე მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე იყო და ქუთაისში დარჩა ბოლშევიკებთან მოსალაპარაკებლად. ჯერ კიდევ ეგონათ, რომ რუსეთთან საერთო ენის გამონახვა შეიძლებოდა. ლორთქიფანიძე აცნობებდა მაზნიაშვილს, რომ ჩვენს მთავრობასა და ბოლშევიკებს შორის დაიდო დროებითი ზავი და მაზნიაშვილს წინადადება ეძლეოდა, მოეგროვებინა საჯავახოს ხიდთან ცარიელი მატარებლები საბჭოთა ჯარების ბათუმში გადმოსაყვანად.

ბათუმთან სატელეგრაფო კავშირი გაწყვეტილი იყო. პასუხს არც ნატანების ტელეგრაფისტი იძლეოდა.

საღამოს მეექვსე საათზე ბათუმთან კავშირი აღდგა. მაზნიაშვილი გენერალმა მუსხელიშვილმა იხმო ტელეგრაფთან.
მუსხელიშვილი სთავაზობდა, დაუყოვნებლივ ჩასულიყო ბათუმში მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ემიგრაციაში გასამგზავრებლად .

ხაზი გაითიშა. ისედაც ხვდებოდა მაზნიაშვილი, რომ საქმე ძალიან ცუდად იყო. გენერალი სიტუაციის შესასწავლად წავიდა ბათუმში კახეთის პარტიზანულ რაზმთან ერთად 50 კაცითა და ორი ტყვიამფრქვევით.
ჩაქვის სადგურში იდგა ვალოდია გოგუაძის ლეგენდარული ჯავშნიანი მატარებელი. გოგუაძემ – ახლა დავბრუნდი მახინჯაურიდან და ბათუმიდან გარკვევით მოისმოდა სროლის ხმაო.

ქალაქში შესვლა კი დაუშალეს, მაგრამ მაზნიაშვილი მაინც წამოვიდა ბათუმში, რათა პირადად მთავარსარდლისგან შეეტყო ამბავი.

ნავსადგურის რკინიგზის სადგურში მის მატარებელს ორთქლმავალი მოხსნეს და ახალი არ მისცეს.

დიდხანს მოუწია ლოდინი.

ბოლოს უთხრეს, ბათუმის სადგურთან ტელეფონით გეძახიანო. ტელეფონის ხაზის მეორე მხარეს იყო რევკომის წევრი თენგიზ ჟღენტი. მაზნიაშვილმა პირველად გაიგო მისი გვარი და არც სიტყვა „რევკომის“ მნიშვნელობა იცოდა.

ჟღენტმა უთხრა, მთავრობა გაქცეულია და სანამ გაიქცეოდა, ბოლშევიკები ციხიდან გაგვათავისუფლეს და მთავრობა შევქმენით, სწორედ ამ მთავრობას ჰქვია რევკომიო.

მაზნიაშვილმა არ დაიჯერა და ტელეფონთან იხმო გენერალი ვარდენ წულუკიძე. წულუკიძემაც იგივე დაუდასტურა და უთხრა, ვინც კი მთავრობას არ გაჰყვა, ყველა ბათუმშია რკინიგზის სადგურზეო და სთხოვა, რომ თავადაც სასწრაფოდ მისულიყო მათთან.

7 მარტს ქუთაისის ციხიდან ბათუმის ციხეში სამასი ბოლშევიკი გადმოიყვანეს. სერგო ქავთარაძე ერთ-ერთი იყო მათ შორის. სერგო თავიდან სტალინთან მეგობრობდა, მაგრამ მერე ურთიერთობა გაურთულდათ. სტალინი ტერორის მომხრე იყო, სერგო – ნაკლებად და ამ კამათში 1905 წელს ლამპაც კი ესროლა ბათუმში ქავთარაძემ სტალინს.

1921 წლის 10 მარტის ღამეს სერგო ქავთარაძე ბადრაგის თანხლებით ციხიდან გამოიყვანეს და აზიზიეს მოედანზე სამგზავრო ვაგონში შეიყვანეს. მაშინ ამ მოედანზე რკინიგზის ხაზი გადიოდა.

სერგოსთან საუბარი სურდა დემოკრატიული მთავრობის მეთაურს, ნოე ჟორდანიას.

ჟორდანიამ ჩაი შესთავაზა ქავთარაძეს და უთხრა, რუსეთთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ჩვენ შორის ომი არ უნდა დაწყებულიყო და ეს პირობის დარღვევა იყოო. ქავთარაძემ უპასუხა, ეს ჩვენ ვთხოვეთ რუსეთს დახმარება, თორემ ლენინი საქართველოზე თავდასხმის სასტიკი წინააღმდეგი იყო, თქვენ წინააღმდეგ სტალინი და ორჯონიკიძე იბრძვიან, ასე რომ, რუსეთი კი არ გვიპყრობს, გვეხმარებაო.

ქავთარაძე ციხეში შეაბრუნეს, მაგრამ თავისუფალი მოქმედების ნება დართეს.

რამდენიმე დღეში ისევ შეხვდა ჟორდანია ქავთარაძეს და შესთავაზა, სასწრაფოდ შეექმნა მთავრობა, რომ რუსებთან ომი დამთავრებულიყო და იქნებ თურქებისთვის გაეწია წინააღმდეგობა. გაგზავნა ეშელონები რუსული ჯარის ბათუმში სასწრაფოდ შემოსასვლელად. სწორედ ეს ბრძანება მიიღო მაზნიაშვილმა საჯავახოში.

ჟორდანიამ გადაწყვიტა, რომ ჯობდა ბათუმი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო, თუნდაც საბჭოთა საქართველოსი და იქნებ ოდესმე მისი განთავისუფლებაც მოხერხებულიყო.

ეს საუბარი ჟორდანიასა და ქავთარაძეს შორის 17 მარტის ღამეს შედგა.

გამთენიისას საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ საქართველო სამუდამოდ დატოვა.

გემიდან გადმოვიდა გრიგოლ ლორთქიფანიძე და ბრძოლაში ჩაება. მან იცოდა, რა ნაბიჯსაც დგამდა – შემდეგ იგი ამას შეეწირა.

ჯარისკაცები ბათუმის მახლობლად. ფოტო შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან.
ჯარისკაცები ბათუმის მახლობლად. ფოტო შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან.

გენერალმა კვინიტაძემ პირველი გემით გამგზავრება ვერ მოახერხა, მაგრამ სტამბოლამდე დაეწია ნოე ჟორდანიას და მოახსენა, რომ ბათუმში ბრძოლები კი მიმდინარეობს, ოღონდ ზუსტად არ ვიცი, ვინ ვის ებრძვისო.
იმავე 17 მარტს სერგო ქავთარაძემ როტშილდის ყოფილ და დღევანდელ სამშობიარო სახლში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა და რევკომის პირველი თავმჯდომარეც თვითონ გახდა.

მაზნიშვილი მიხვდა, რომ, თუკი ოსმალებს ახლავე არ განდევნიდნენ, ბათუმის გამოხსნას ვეღარასოდეს შეძლებდნენ. რუსებს უკვე ჰქონდათ შეთანხმება თურქებთან და მათ წინააღმდეგ ომში ვერ ჩაებმებოდნენ. ამიტომ, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, საბჭოთა ჯარების შემოსვლამდე თურქები ბათუმიდან უნდა განედევნათ.
მაზნიაშვილმა მოსთხოვა რევკომს, რომ სასწრაფოდ დაენიშნათ საბჭოთა ჯარის სარდლად. ეს ალბათ პირველი შემთხვევა იყო, როცა დამარცხებული ჯარის გენერალი დამმარცხებლის სარდლობას ითხოვდა და მიიღო კიდეც იმ მიზეზით, რომ გიორგი მაზნიაშვილი იყო.

პირობა ითხოვა, რომ არც ერთი ჯარისკაცი, გენერლიდან მოყოლებული უბრალო ოფიცრამდე, არ დასჯილიყო უწინდელი სამსახურისთვის.

სერგო ქავთარაძემ გენერალს ჭეშმარიტი ბოლშევიკის სიტყვა მისცა.

კიდევ კონიაკი ითხოვა გენერალმა, რუკა და ფანქარი. და მთელი ღამე რამდენიმე ოფიცერთან ერთად ბრძოლის გეგმას ადგენდა.

დილით ყველა ქუჩაზე უკვე გაკრული იყო ახალი სარდლის დანიშვნის ბრძანება.

მაზნიაშვილმა ქიაზიმ-ბეის გაუგზავნა ულტიმატუმი – ერთ საათში დაეტოვებინა ქალაქი. ქიაზიმ-ბეის წინა დღეს, 16 მარტს, უკვე დაკავებული ჰქონდა ფოსტა-ტელეგრაფის კანტორა, რადიოსადგური, ბარცხანის ფორტი, ქალაქის მილიციის სადგური და მან თავი ბათუმის გენერალ-გუბერნატორად გამოაცხადა.
ქიაზიმ-ბეიმ წაიკითხა მაზნიაშვილის ულტიმატუმი და სიცილით მოკვდა.

მაზნიაშვილმა მოხალისეები მოაგროვა ბათუმში და გურიის ახლომახლო სოფლებში: წითელი, თეთრი, ბოლშევიკი, მენშევიკი და საერთოდ უპარტიო, მებრძოლები და გამოუცდელები. ყველა ერთად დადგა, როცა სხვა გამოსავალი აღარ იყო. როგორც საერთოდ ხდება ხოლმე.

დაიწყო ბრძოლა და არ შეწყვეტილა 18 მარტამდე. ჩვენმა ჯარებმა დაიჭირეს პოზიციები ნავსადგურიდან საბარგო სადგურამდე.

ქიაზიმ-ბეი დეპეშას დეპეშაზე აგზავნიდა და ანგორის მთავრობისგან მაშველ ჯარს ითხოვდა. დეპეშები ქართველ მებრძოლებს უვარდებოდათ ხელში და შტაბში მიჰქონდათ.

18-ში საღამოს ჩაქვის მხრიდან მატარებელი შემოვიდა. ოსმალებმა იფიქრეს, ეს მაშველი ქართული ჯარიაო, სიმაგრიდან გამოვიდნენ, მატარებელი დაატყვევეს და ჯარისკაცების განიარაღებას შეუდგნენ. სინამდვილეში კი ეს რუსების პირველი ეშელონი იყო, რომელიც სწორედ მაზნიაშვილის გაგზავნილი მატარებლით შემოვიდნენ საჯავახოდან.

ამ აურზაურში თურქებმა ფორტის ალაყაფის კარი კი გააღეს, მაგრამ დახურვა დაავიწყდათ ქართველების ტყვედ აყვანის იმედით. თავზე ხელაღებული გენერალი ვარდენ წულუკიძე თავისი ცხენოსანი რაზმით ფორტში შეიჭრა და ნახევარ საათში ბარცხანის მთელი გარნიზონი გაანადგურა.

თურქების დიდი ნაწილი ამოხოცეს, 218 ასკერი კი ტყვედ აიყვანეს და შტაბში გაგზავნეს.

ქართველების მიერ თურქთაგან გათავისუფლებულ რუსულ ჯარს ჯერ ქონება დაუბრუნეს, მერე სერგო ქავთარაძე მიესალმა სამხედრო ორკესტრით და ქალთა გიმნაზიაში დააბანაკეს.

საღამოს 9 საათზე ერთი ცხენოსანი დააკავეს. ეს ჟლობას დივიზიის კაზაკი აღმოჩნდა, რომელიც ახალციხიდან გოდერძის უღელტეხილით გადმოვიდა აჭარისწყალზე.

ბარცხანის ფორტზე გამარჯვების მიუხედავად, მძიმე სიტუაცია შეიქმნა კახაბრის ფორტზე, რომლის დაჭერითაც ბათუმი ოსმალების ხელში რჩებოდა. საჭირო იყო მაშველი ჯარი, რომელიც არ არსებობდა.
მაზნიაშვილმა და წულუკიძემ ითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ ამისთვის ჟლობას კავალერია გამოეყენებინათ და დაუყოვნებლივ იხმეს იგი სადგურში.

მაზნიაშვილის დანახვაზე ჟლობა ცხენიდან ჩამოხტა სასწრაფოდ და თქვენს განკარგულებაში ვარ, ვაშე სიატელსტვოო, მეფის დროინდელი სამხედრო სალამი მისცა მეფის დროინდელ სარდალს, დამპყრობელმა დაპყრობილს.

დიმიტრი ჟლობას სთხოვეს, დაბანაკებულიყო სტეფანოვკისა და ანარიის ფორტებზე. ამით ქართულ ჯარს ამ ფორტების გარნიზონის გამოყენების საშუალება ეძლეოდა. რუსული ჯარი ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებდა და არც თურქეთთან დადებული ხელშეკრულების დარღვევა მოუწევდა.

19 მარტს დილიდანვე მიიტანეს თურქებმა იერიში კახაბრის ფორტზე. მაიორი შალვა ქარუმიძე ისე ვაჟკაცურად იბრძოდა, მტერმა ვერაფერი გააწყო. მაგრამ ქართულ ჯარს დიდი ზარალი მიადგა. ქარუმიძე შტაბს ატყობინებდა, ყველა მსროლელი და დამნაღმველი მომიკლეს და ახლა ზარბაზნებიდან ოფიცრები ისვრიანო.

მაზნიაშვილმა ისევ მოაგროვა ქალაქში ოციოდე მოხალისე, რომლებსაც სროლის გამოცდილება ჰქონდათ მეტ-ნაკლებად და ქარუმიძის განკარგულებაში გაგზავნა.

იმ დღეს თურქებს დიდი ზარალი მიადგათ. კახაბრის ახლოს ღელეები სავსე იყო თურქი ასკერების გვამებით.
ბათუმის მიდამოები მტრისგან გაწმენდილი იყო. რჩებოდა მხოლოდ ფოსტა-ტელეგრაფისა და მილიციის შენობა, რომლის იერიშიც მაზნიაშვილმა 20 მარტისთვის დაგეგმა.

20 მარტის დილის 9 საათისთვის ქიაზიმ-ბეი დანებდა. იგი დერეფანს ითხოვდა ქალაქის დასატოვებლად და პურს, რადგან ჯარს თურმე სამი დღე იყო, არაფერი ეჭამა. მაზნიაშვილი დათანხმდა და საკვებიც მისცა თურქულ ჯარს.

ქაზიმ-ბეიმ, სამი დღის წინ რომ მაზნიაშვილის ულტიმატუმზე პასუხის გაცემაც არ ისურვა, ახლა დიდი სიხარულით მოაწერა ხელი კაპიტულაციას.

მაზნიაშვილმა ქართული გარნიზონი გააყოლა თურქებს, რომ მათ უსაფრთხოდ დაეტოვებინათ ბათუმი.

1921 წლის 20 მარტის 12 საათისთვის ბათუმში არც ერთი თურქი ჯარისკაცი აღარ იყო დარჩენილი.

84 დაღუპული დაითვალეს ამ ბრძოლაში. ახლო-მახლო მაცხოვრებლები ჭირისუფალებმა გადაასვენეს, 50 მეომარი კი 21 მარტს მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის წინ, აზიზიეს მოედანზე დაკრძალეს მხედრული პატივით, მათ შორის 19 წლის მოწყალების და მაყვალა ყანჩაველი.

ამ მოედანს აზიზიე ერქვა აბდულაზიზის დროიდან და არ შეცვლილა ბარე ექვსი ხელისუფლების ხელში, მაგრამ ლენინის სიკვდილის შემდეგ მოედანს მისი სახელი უწოდეს.

კომუნისტებმა მეომრები საბჭოთა ხელისუფლებისთვის დაღუპულებად გამოაცხადეს და საფლავზე ობელისკი დაადგეს ხუთქიმიანი ვარსკვლავით.

შემდეგ გადაწყვიტეს, საერთოდაც დაეკარგათ საფლავი. ზედ ასფალტი დააგეს და ქალაქის ერთ რიგით ქუჩად აქციეს.

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დახვრიტეს 1937 წლის 10 ოქტომბერს.

გენერალი ვარდენ წულუკიძე დახვრიტეს 1923 წლის 20 მაისს.

გენერალი გრიგოლ ლორთქიფანიძე დახვრიტეს 1937 წელს.

საბჭოთა სამხედრო მეთაური ჟლობა დიმიტრი პეტრეს ძე დახვრიტა საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ 1938 წლის 10 ივნისს.

სერგო ქავთარაძე ერთადერთი იყო სტალინის თანამებრძოლთაგან, რომელიც საკუთარი სიკვდილით მოკვდა, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე სტალინს ლამფა ესროლა.

ენმ: პროკურატურამ ცალკე წარმოებად უნდა გამოყოს სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების ვერსია

დღეს, 23 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ 11 მარტის მოვლენებთან დაკავშირებულ ბრიფინგზე ხელისუფლებისგან მოითხოვა, პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყოს სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების ვერსია:

„გუშინ, სასამართლო პროცესის შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გია ხალვაშმა ცალსახად დაადასტურა სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება… შსს-ს ინფორმაციით, ამ განცხადების საფუძველზე დაწყებულია გენერალურ ინსპექციაში გამოძიება, რაც ცალსახად არასწორია, რადგან ამ შემთხვევაში შსს წარმოადგენს მხარეს და ეს გამოძიება უნდა აწარმოოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.

სწორედ ამიტომ მოვითხოვთ, პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყოს სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების ვერსია და აწარმოოს გამოძიება. ვინაიდან  საკითხი ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ამ ორ ძალოვან უწყებას შორის დაპირისპირების ფაქტს და მოსახლეობას მიაწვდის გამჭვირვალე ინფორმაციას,“ – თქვა მან.

მირდატ ქამადაძე მიიჩნევს, რომ არსებობს საპატრულო პოლიციის  თანამშრომელზე გია ხალვაშზე ზეწოლის საფრთხე: „სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული მისი უსაფრთხოება და უფლებები“.

ამავე თემაზე:

 ადამიანი, ვის გამოც 11 მარტის ბათუმის აქცია დაიწყო, სასამართლომ გაამართლა

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე ბათუმში [ფოტო]

დღეს, 23 მარტს, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა, 1921 წლის მარტში დაღუპული ქართველი მებრძოლები გაიხსენეს და მათ საფლავზე მემორიალური ქვა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

1921 წლის მარტში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, თურქეთის საჯარისო ნაწილებმა ბათუმის ოლქი დაიკავეს. ქართველმა გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა თურქეთის საჯარისო ნაწილების მიერ დაკავებული ბათუმი გაათავისუფლა.

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა საფლავის ძიება და გათხრები 1990 წლის მაისში დაიწყო. ათკაციანი ჯგუფი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა. გათხრების შედეგად აღმოჩენილია საბრძოლო იარაღი, ნივთები და გარდაცვლილთა ცხედრები.

ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა დღე ყოველი წლის 23 მარტს აღინიშნება.

დეკანოზმა თევდორე ახალაძემ დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.


მუხრან ვახტანგაძის ტურნირისა და „ბათუმის დინამოსთვის“ მერია დაფინანსებას ზრდის

ბათუმის მერია ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას გეგმავს, პროექტის მიხედვით , რომლის დამტკიცებაზეც ბათუმის საკრებულომ ხვალ, 24 მარტს სხდომაზე უნდა იმსჯელოს, ბიუჯეტი შემოსულობების ხარჯზე 4 მილიონ 301 ათას 900 ლარით იზრდება. ამ თანხიდან ძირითადი ნაწილი ინფრასტრუტურულ პროექტებზე გადანაწილდება.

იგეგმება „ბათუმის დინამოს“ კაპიტალის გაზრდაც, ცვლილებების შესახებ ბიუჯეტის პროექტში „ბათუმის დინამოსთვის“ 290 ათასი ლარი გაითვალისწინეს.

გარდა ამისა 15 ათასი ლარით იზრდება დეპუტატ მუხრან ვახტანგაძის საერთაშორისო ტურნირის დაფინანსება ბერძნულ-რომაულ ჭიადაობაში.

სპორტის სფეროში თანხების ზრდის გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში უკვე დაუკავშირეს საქართველოს პარლამენტის წევრს მუხრან ვახტანგაძეს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო, ეს ხვალ სხდომაზე გამოჩნდება.

პატიმრის სარჩელი: ციხის ადმინისტრაციისადმი დაუმორჩილებლობისთვის სასჯელი არაჰუმანურია

პატიმარი გიორგი ქართველიშვილი რვანახევარი წლით გახანგრძლივებულ პატიმრობას ასაჩივრებს. პატიმრის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

სარჩელის მიზანი სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობაა. ეს მუხლი ითვალისწინებს ციხის ადმინისტრაციის მიმართ არაერთგზის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სასჯელის სახით თავისუფლების აღვეთის შეფარდებას რვიდან ათ წლამდე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასჯელი არაჰუმანურია.

გიორგი ქართველიშვილი 1998 წლიდან პატიმარია. 2012 წელს, სასჯელის მოხდამდე ორი კვირით ადრე, მას ციხის ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნის არართგზის დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი და პატიმრობაში ყოფნა რვანახევარი წლით გაუგრძელეს.

„როგორც ციხის ადმინისტრაცია აღნიშნავს, პატიმარს ჯერ კორიდორში სეირნობის დროს ხელების ზურგს უკან დაწყობა მოსთხოვეს და უარი თქვა. მოგვიანებით კი, მან საკნის ჩხრეკა გააპროტესტა. მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდა ძირითადად ციხის ადმინისტრაციის სამი თანამშრომლის ჩვენების საფუძველზე. საქმეში ასევე იყო ვიდეო ჩანაწერი, სადაც მხოლოდ ის ჩანს, რომ დაწესებულების თანამშრომლები საკანში შედიან,“ – მოუყვა მოსამართლეებს მერაბ ქართველიშვილი. ის პატიმრის ინტერესებს იცავს.

პარლამენტის წარმომადგენლებმა სხდომაზე აღნიშნეს, რომ სადავო სამართლებრივი ნორმა განჭვრეტადია და მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება.

მერაბ ქართველიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დღეს, ძირითადად, ციხის ადმინისტრაცია დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობით შემოიფარგლება, „თუმცა, კანონი არ უნდა ტოვებდეს რისკს, ვინმეს მიზანმიმართულად გაუხანგრძლივონ პატიმრობა მსგავსი არაჰუმანური სასჯელით,“ – გვითხრა ადვოკატმა.

მოქალაქე: წუხელ, სავარაუდოდ, სამი ოჯახი გაგვქურდეს

როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახიდან აცნობეს, წუხელ, 23 მარტს, ბათუმში, გოდერძი ჩოხელის ჩიხში, სავარაუდოდ სამი ოჯახი გაქურდეს. სახლის გაქურდვის ფაქტი ასევე დაფიქსირდა ჭავჭავაძის ქუჩაზე.

„ჩვენი სახლიდან წაღებულია კომპიუტერები და სხვა აპარატურა. თანხაც. ხალხი გარეთაა და ამბობენ, რომ მეზობლებთანაც იგივე მდგომარეობაა. მგონი სამ სახლში მაინც არის ქურდი შესული. პოლიცია გამოვიძახეთ. ალბათ გაარკვევენ ზუსტად რამდენი სახლია გაქურდული“, – აცნობა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც თავადაც დაზარალებულია.

რაც შეეხება ჭავჭავაძის ქუჩაზე ქურდობას, ამ ოჯახში, შეტყობინების მიღების შემდეგ, წუხელ ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ადგილობრივების თქმით, ბინიდან ოქროს ნივთებია გატანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გოდერძი ჩოხელის ჩიხიდან მხოლოდ ერთი შეტყობინება შევიდა სამინისტროში სახლის გაქურდვის ფაქტზე… მოგვიანებით შს სამინისტროს პრესსამსახურში განმარტეს, რომ„ის შეტყობინება, რომელიც შემოსული იყო პოლიციაში, გაუქმდა, რადგან ვინც დარეკა, იმან იპოვა თავისი ნივთები“.

„ბათუმელები“ ისევ დაუკავშირდა მოქალაქეს, რომელმაც არ დაადასტურა შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაცია. მან თქვა, რომ ნივთები არ უპოვიათ, „პოლიციელებმა კი რამდენიმე მეზობელი გამოკითხეს და წავიდნენ“.

რამდენი ოჯახის გაქურდვის ფაქტზე შევიდა წუხელ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში ბათუმიდან? – სამინისტროს პრესსამსახურში ამ კითხვის პასუხად გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

 

უმაღლესი საბჭოს პრესცენტრის ახალი ხელმძღვანელი: შემოთავაზება დავით გაბაიძისგან მივიღე

აჭარის უმაღლესი საბჭოს  საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ფერიდე უსტიაშვილი დანიშნეს. ის ბოლო წლებში აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა, საპარლამენტო არჩევნების დროს კი, ამავე სამსახურის ხელმძღვანელის, ამჟამად კი პარლამენტის წევრის, მუხრან ვახტანგაძის წინასაარჩევნო პროცესში იყო ჩართული, მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა უმაღლეს საბჭოში მუშაობა და ვისი რეკომენდაციით, ფერიდე უსტიაშვილი ამბობს, რომ შეთავაზება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისგან, დავით გაბაიძისგან მიიღო.

„პირადად მე დავით გაბაიძისგან მივიღე შემოთავაზება, მუხრან ვახტანგაძეს რაც შეეხება, დავით გაბაიძე და მუხრან ვახტანგაძე ერთად იყვნენ ჩართული საარჩევნო კამპანიაში და დავით გაბაიძესთანაც მქონდა მუშაობის გამოცდილება“.

ფერიდე უსტიაშვილის თქმით, ის ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოებს არ ჰქონდათ ღია, გამჭვირვალე ურთიერთობა მედიასთან და შეეცდება ეს დამოკიდებულება შეცვალოს.

„ამიტომ ჩემი მიზანია, რომ ჩვენი საქმიანობა გავხადოთ გამჭვირვალე, ღია და პროაქტიული, ამის შესრულებას ერთიანი გუნდით მოვახერხებთ. დეპარტამენტში გამოცდილი თანამშრომლები დამხვდა და მათთან ერთად ვიზრუნებ, რომ უმაღლესი საბჭო საქმიანობის შესახებ ცნობადობა გაიზარდოს და მოხდეს დაინტერესებული პირების დროული ჩართვა სხვადასხვა საკითხის განხილვისას. პირადად მე, ჩემს თანამშრომლებთან ერთად ვიქნები, ღია და ხელმისაწვდომი ყველასთვის“.

გეგმებთან დაკავშირებით საუბრის დროს ფერიდე უსტიაშვილი ამბობს, რომ დეპარტამენტის მუშაობაში არსებითი ცვლილებების საჭიროებას სამუშაო პროცესი გამოავლენს.

ფერიდე უსტიაშვილის თქმით, თანამდებობაზე დანიშვნის დროს ის ხელფასით არ დაინტერესებულა. „რამდენია ჩემი ანაზღაურება ხომ არ იცით?“ – ეკითხება ის თანამშრომლებს და შემდეგ გვპასუხობს: „დაახლოებით 2 ათას 180 ლარი“.

ფერიდე უსტიაშვილი თანამდებობაზე დავით გაბაიძემ გუშინ, 22 მარტს წარადგინა.

საჯარო რეესტრი ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნას ბათუმიდან იწყებს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სანავიგაციო სისტემის პროექტს ქმნის, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდება ეროვნული სანავიგაციო სისტემა და სააგენტო საქართველოს მონაცემებს მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (Google, Tomtom) მიაწვდის, რომლებიც  მონაცემებს  თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებაპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ.

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც  ნავიგაციის  პროექტი განხორციელდება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის საველე-აღწერითი სამუშაოები უკვე დასრულებულია, მომზადებულია გეოგრაფიული მონაცემების ბაზა, სააგენტო მათ საერთაშორისო სტანდარტების  შესაბამისად დაამუშავებს და ეროვნული სანავიგაციო სისტემის  შესაქმნელად გამოიყენებს. ამ ბაზაში 9 000-მდე  ობიექტია შეტანილი.  მათ შორის კვების და განთავსების 1200 ობიექტი, განათლების და ჯანდაცვის 488 ობიექტი, 144 სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია,  588 საფინანსო დაწესებულება (ბანკები, ბანკომატები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები), 2145 სავაჭრო  ობიექტი, 913 ობიექტი მომსახურებისა და ტურიზმის სფეროდან,  კულტურის, დასვენებისა და გართობის 420 ობიექტი, 143 სპორტული მოედანი და სტადიონი, სატრანსპორტო სფეროს 556 ობიექტი,  2764 საგზაო ნიშანი, 32 კმ ველოსიპედის ბილიკი და სხვ. აღწერილ მონაცემებს ვიზუალიზაციისთვის  შესაბამისი ფოტომასალა აქვს დართული.

პარალელურად, საჯარო რეესტრი ნავიგაციის ელექტრონული აპლიკაციის შექმნაზე მუშაობს, რომელშიც საველე აღწერით მიღებული გეომონაცემები აიტვირთება. ელექტრონული აპლიკაცია მოხმარებელს  ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბათუმის შემდეგ, პროექტს ქობულეთში განახორციელებს.

„ელექტროსისტემა“ ქედაში წითელ ნუსხაში შეტანილ 272 ხეს მოჭრის

საქართველოს მთავრობის განკარგულებით აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სახელმწიფო კომპანიას – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამჯერად ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებზე არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:

  • კაკლის ხე (Juglans regia L) 3 ინდივიდი;
  • ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 60 ინდივიდი;
  • კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev) – 209 ინდივიდი.

 სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

„ელექტროსისტემამ“ მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, უნდა დაასაწყობოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივ გარემოდან ამოღებაზე კონტროლი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს.

აჭარაში 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის გამო „წითელ ნუსხაში“ შეტანილი უნიკალური ჯიშის ათასობის ხე უკვე მოიჭრა და პროცესი გადამცემი ხაზის მშენებლობის პარალელურად კვლავ გაგრძელდება.

ამავე თემაზე:

„წითელი წიგნის“ მცენარეები შეშად

„ეთერში ვართ“ – გამოფენა ბათუმში

2017 წლის 23 მარტს, 15 საათზე, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი მასპინძლობს ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილ გამოფენას „ეთერში ვართ“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გასული საუკუნის ტიპური მეცნიერის მისაღები ოთახი, სადაც ნაჩვენები იქნება ის  სხვადასხვა მედიასაშუალება, რომლებსაც  იმ ეპოქაში  აქტიურად ეყრდნობოდნენ: გაზეთი „აჭარა“, „აჭარის ტელევიზია“, რადიო „აჭარა“, ჟურნალი „ჭოროხი“, გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“, „ტელეარხი 25“ და გაზეთი „ბათუმელები“, რომელიც რამდენიმე დღის წინ რეგიონის მკითხველმა ჟურნალის სახით იხილა.

ასევე აქ დამთვალიერებელი გაეცნობა  მუზეუმში დაცულ ბეჭდურ მედიასაშუალებებსაც: „Батумский день “, „Южная речь“, „Свободная жизнь“ „ Эхо Батума“.

17431485_1510287715648966_1865548798_oდღეს უკვე სახელწოდებაშეცვლილ და გაერთიანებულ „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიასა და რადიოს“ წარმოადგენს ოქროს ფონდში დაცული ხმები – როგორ დაიწყო რადიომ მაუწყებლობა. ერთმანეთს ენაცვლება გალაკტიონ ტაბიძის, მედეა ჯაფარიძის, ზურაბ გორგილაძის, ვასო გოძიაშვილის, ხარიტონ ახვლედიანის და სხვათა ხმები. საარქივო მასალას, რომელთაც წარმოგიდგენთ, ცხადია, ბათუმშია ჩაწერილი. რაც შეეხება „აჭარის ტელევიზიას“, აქ დამთვალიერებელი იხილავს და მოისმენს პირველ სატელევიზიო ეთერს.

„აჭარის ტელევიზია“ და „ტელეარხი 25“ სხვადასხვა დროს მოქმედ ლოგოებსა და ნობელის მუზეუმის შესახებ მათ მიერ გაშუქებულ სიუჟეტებს წარმოადგენს.

გამოფენაზე მოწვეულნი არიან რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე თეორეტიკოსი ჟურნალისტები, მედიასაშუალებების წარმომადგენლები და ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები.

გამოფენას ერთობლივად მართავს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი და აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა).

„ქართულ სუფრას“, ბრძანების მიხედვით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა ახალი ძეგლის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა, ხოლო სააგენტოს იურიდიულ სამსახურს – ერთი თვის ვადაში  ქართული სუფრის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაში აჭარის სოფლებში

„ენერგო-პრო“ ჯორჯიას ინფორმაციით, დღეს, 23 მარტს, ელექტროენერგიის მიწოდება დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე შეუწყდება 750 აბონენტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მირვეთში, მარადიდში, კირნათში, აჭარის წყალსა და კაპნისთავში.

დღესვე, დღის 3 საათიდან 4 საათამდე შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება 2 200 აბონენტს ზემო აჭარის სოფლებში: ღორჯომში, დიდაჭარაში, აგარასა და ნამონასტრევში.

 

გაუქმდება თუ არა პატიმრობა კანაფის მოყვანისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს, 22 მარტს, დაასრულა არსებითი განხილვა მორიგ სარჩელზე, რომელიც მარიხუანას ეხება. სასამართლო მსჯელობის საგანი ამჯერად კანაფის უკანონოდ დათესვისთვის, მოყვანისა და კულტივაციისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის ანტიკონსტიტუციურად ცნობაა. მოსარჩელეები არიან: ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს წინა გადაწყვეტილებებს ეხება, რომლის მიხედვითაც 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სახით აღარ გამოიყენება.

მოსარჩელეების დასაბუთებით, კანაფის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მცენარის ისეთი ნაწილებიც, რომლებიც არ არის ვარგისი ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად და არ ხდება მცენარეში შემავალი ნარკოტიკული ნივთირების – ტეტრაჰიდროკანაბინოლის ოდენობის განსაზღვრა, რის გამოც, შესაძლოა პირი დაისაჯოს ნარკოტიკული თრობისთვის სრულიად უვარგისი მცენარის მოყვანის შემთხვევაშიც კი.

თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით საერთო სასამართლო ვერავის მიუსჯის პატიმრობას. ეს მუხლი ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის – კანაფის მცირე, დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ დათესვისთვის, მოყვანისთვის ან კულტივირებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას.

ადამიანი, ვის გამოც 11 მარტის ბათუმის აქცია დაიწყო, სასამართლომ გაამართლა

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის მიმართ. ეს პირები 11 მარტს პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დააჯარიმეს და შემდეგ დააკავეს პატრულის თანამშრომლებმა. ამ ფაქტს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები ბათუმში.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ მიიჩნია, რომ რამაზ ხიმშიაშვილს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ხოლო ჯიმი ვარშანიძე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო ჯარიმა – 100 ლარი დააკისრა. ჯიმის სამართალდამცველები პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევასაც ედავებოდნენ.

“მანქანიდან ჩამოსვლა და ხმაურის ატეხვა იმის გამო, რომ ჯარიმას გიწერდნენ, საჭირო არ იყო,” – განმარტა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

IMG_20170322_173529განმარტება ჟურნალისტებთან გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთა გია ხალვაშმაც. ის პატრულის თანამშრომელია, ვინც გუშინდელ სხდომაზე თქვა, რომ რამაზ ხიმშიაშვილმა მას და მის მეწყვილეს, მეგი ხუნწარიას შეაგინა. მეგი ხუნწარიამ გუშინ, 21 მარტს, მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს და თქვა, რომ მას გინება არ გაუგონია.

“მეგი ხუნწარიას თავისმა მეუღლემ უთხრა არ მისულიყო საერთოდ სასამართლოში. ის სუს-ის თანამშრომელია და გუშინ სასამართლო სხდომასაც ესწრებოდა. ამის გამო არ თქვა მეგიმ სიმართლე,” – თქვა დღეს გია ხალვაშმა, პატრულის თანამშრომელმა.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გუშინდელ სხდომაზე  ნახა საპატრულო პოლიციის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებიც,  თუმცა იქ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი დაფიქსირებული არ არის.

11 მარტის აქციის საქმეზე პოლიციამ 15 პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით დაიწყო გამოძიება, ხოლო 80 პირის მიმართ ადმინაისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. წინასწარი გამოძიების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

„ოცნების ქალაქი აღებაშია?“ – ავტობანი და კომპენსაციის მოლოდინები

ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“, როგორც აქ მცხოვრებლებმა გვითხრეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასახლება აღებაშია. „ამბობენ, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა უნდა გაფართოვდეს და „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები აასახლონო, სხვა არაფერი ვიცით“, – გვითხრა ერთ-ერთმა აქ მცხოვრებმა.

„ბათუმელები“ ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციას დაუკავშირდა. ფრიდონ ხალვაშის გამზირი, როგორც ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთი, სწორედ ამ დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია.

გზების დირექციაში ფრიდონ ხალვაშის გამზირის გაფართოების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს.

საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ სრულდება ბათუმის შემოვლითი გზა [ახალი ავტობანის ის მონაკვეთი, რომლის პროექტიც უკვე დამტკიცებულია. ამ ადგილიდან ჭოროხის მიმართულებით სად გაივლის ავტობანი, ჯერ პროექტი დამტკიცებული არ არის, შესაბამისად, არც ისაა დაზუსტებული, შეეხება თუ არა ავტობანი მთლიანად „ოცნების ქალაქს“].

ახალი ავტობანი, რომელიც მახინჯაურის გვირაბიდან წამოვა, პროექტით ხალვაშის გამზირს გადაკვეთს ოპიზრებისა და ტაოს ქუჩებს შორის მონაკვეთში, გამზირის მიმდებარედ კი აქ არის ავტობანის ბუფერული ზონა, რომელშიც ათობით აქ მცხოვრები ოჯახია მოხვედრილი.

რუკის მიხედვით, ამ ბუფერულ ზონაში  30-მდე ოჯახია ე.წ. „ოცნების ქალაქიდან“. საუბარია ოპიზრების ქუჩიდან მარცხენა მხარეს არსებულ ტერიტორიაზე.

ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ცხოვრობს, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ოპიზრების დასახლებაში“ [ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონების ტერიტორიებს შორის] ჩასახლებული 300-მდე ოჯახიდან, კომპენსაცია მიიღო 250-მდე ოჯახმა, 44 ოჯახი კი – დარჩა კომპენსაციის გარეშე. „ისინი შემოგვიერთდებიან და ჩვენთან ერთად აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას, რათა საკუთარი ჭერი გვქონდეს“. „ოცნების ქალაქს“ აქ მცხოვრებლები პირობითად სამ ნაწილად ყოფენ: 53-ე ბატალიონის, ოპიზრების და 25-ე ბატალიონის დასახლებები.

იმ რუკისთვის ფოტოს გადაღების საშუალება, რომელზეც დეტალურადაა დატანილი, სად გადის ავტობანი პროექტით და რა ტერიტორიას მოიცავს ბუფერული ზონა, საავტომობილო გზების დეპარტამენტში არ მოგვცეს. დეპარტამენტმა ვერც ოჯახების ზუსტი რაოდენობა მოგვაწოდა, ვისაც აქ ავტობანის მშენებლობა ეხება ან ბუფერულ ზონაშია და ასახლებას ექვემდებარება.

„დიფერენცირებულად არ გვაქვს, ვინ არის ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები და ვინ არა. ჩვენ კანონიერი და უკანონო მცხოვრები არ ვიცით, არის ათობით ოჯახი ამ მონაკვეთში, რომლებიც არიან ქონებით მოსარგებლეები. მათ შორის ალბათ „ოცნების ქალაქიდანაც“, რომლებზეც კომპენსაციის გაცემა დასრულებულია“, – გვითხრეს დეპარტამენტში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპენსაცია გაიცა  იმის განურჩევლად, ოჯახი იყო ქონების მესაკუთრე თუ მოსარგებლე. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის თქმით კი, „ფართობის მიხედვით ზოგმა 50, ზოგმა 80 ათასი ლარი აიღო კომპენსაცია „ოპიზრებში“. მარტო კარკასზე კი 10 ათასი ლარი გადაუხადეს.“ რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია? – ამის გადამოწმება საგზაო დეპარტამენტში ვცადეთ, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ კომპენსაციის ოდენობა და ისიც თუ ვისზე გაიცა, კონფიდენციალურია და ამ მონაცემებს ვერ მოგვაწოდებენ.

დაზიანებული საბავშვო ატრაქციონები ბათუმში

ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსებთან, დაახლოებით 290 საბავშვო ატრაქციონია განთავსებული, მათი დიდი ნაწილი დაზიანებულია, ზოგს დეტალები აკლია, ზოგს კი მოედანი არ უვარგა და ყოველი წვიმიანი ამინდის შემდეგ ტალახდება.

ქალაქში განთავსებული საბავშვო ატრაქციონების მოვლა და შენახვა ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციის ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსის“ მოვალეობაა. ორგანიზაციის დირექტორი ზურაბ ნაკაიძე ამბობს, რომ მათი სამსახური საბავშვო ატრაქციონების აღწერას სისტემატურად აწარმოებს.

„2016 წელს დავიწყეთ ახალი ატრაქციონების მონტაჟი, ახალი ნაწილები შევისყიდეთ და 18 ადგილზე შევაკეთეთ, არც ერთ ატრაქციონს არ უვარგოდა მოედანი, ატალახებული იყო ყველა, ეტაპობრივად ამასაც გავაკეთებთ. წელს ჯერ არც ერთი საქანელა არ შეკეთებულა, მაგრამ უკვე შეძენილი გვაქვს საქანელების ჯაჭვები და მალე ჩამოიკიდება იმ ადგილებში, სადაც მოიპარეს,“ – ამბობს ის.

საბავშვო ატრაქციონი საქანელების გარეშე, ზ. გამსახურდიას ქუჩა

„ბათუმის კორპუსის“ ინფორმაციით, წელს 35 ახალი ატრაქციონის კომპლექტის შეძენაც იგეგმება, რისთვისაც 600 000 ლარი დაიხარჯება, უკვე დაზიანებული ატრაქციონების შეკეთებისა და კეთილმოწყობისთვის კი 100 000 ლარია გამოყოფილი.

საბავშვო ატრაქციონების ახალ კომპლექტებში კაუჩუკის მოედნებიც შედის, რაც წვიმიან ამინდში სათამაშო მოედნებს ატალახებისგან დაიცავს.

წყლის გუბეები საბავშვო ატრაქციონთან, მაიაკოვსკის ქუჩაზე
საბავშვო ატრაქციონი სასრიალო კონსტრუქციის გარეშე, ზუბალაშვილისა და ზ. გამსახურდიას ქუჩების კვეთა
მორყეული სახელური, იმავე საბავშო ატრაქციონზე

 

 

ნაგვის ურნები საბავშვო ატრაქციონებთან, ანდრონიკაშილის შესახვევი
ნაგვის ურნები საბავშვო ატრაქციონებთან, ანდრონიკაშილის შესახვევი
დაზიანებული საქანელა, მაიაკოვსკისა და პლეხანოვის ქუჩების კვეთა
დაზიანებული საქანელა, მაიაკოვსკისა და პლეხანოვის ქუჩების კვეთა

რაც შეეხება სავარჯიშო მოწყობილობებს, წელს მათი არც შეძენა იგეგმება არც შეკეთება. „ხდება მათი დემონტაჟი, ახლის შეძენა წელს  ბიუჯეტში არ ჩაგვიდია იმიტომ, რომ თანხა ვერ გადავანაწილეთ, არ არის გამოყოფილი ახალი ტრენაჟორების შესაძენად,“ – თქვა ზურაბ ნაკაიძემ.

დამტვრეული სავარჯიშო მოწყობილობები, ზ. გამსახურდიას ქუჩა

დაზიანებული სავარჯიშო მოწყობილობები შაფათავას ქუჩაზე

 

ბათუმის საკრებულოს წევრი მშენებლობებზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს

ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე უსაფრთხოების წესების გამკაცრებას ითხოვს. ის მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კონტროლი უნდა გაამკაცროს.

მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე მას შემდეგ ისაუბრეს, რაც ბათუმის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ახალაძემ მშენებლობისთვის საზოგადოებრივი სივრცეების ათვისებაზე ტარიფების დაწესების შესახებ საკითხი წარადგინა.

„ … როდესაც კომპანია დაამთავრებს მშენებლობას, არ უნდა მიიღოს მერიამ ექსპლუატაციაში შენობა, ვიდრე მის მიერ დაზიანებულ ტროტუარს არ მოაწესრიგებს. არის ბევრი შემთხვევა, როცა სავალი ნაწილი არის დაზიანებული.

გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს სტანდარტი, რა ზომებში და როგორი მასალით უნდა იყოს სამშენებლო მოედანი შემოსაზღვრული. დღეს ვისაც როგორ უნდა ისე აქვს გაკეთებული, ზოგიერთს თუნუქი აქვს გამოყენებული, ზოგს სხვა მასალა, ესთეტიკური მხარე საერთოდ არ არის დაცული.

არის ბანერის პრობლემაც, განთავსებიდან ცოტა ხანში ბანერი მზისგან ხუნდება, სველდება და ფუჭდება, მის განახლებას კი დეველოპერს არავინ სთხოვს. სამშენებლო მოედანს ხშირად არ აქვს დამცავი ჯებირები და განათებები. მკვეთრად განვსაზღვროთ, როგორი უნდა იყოს ღობე, კონსტრუქცია და უსაფრთხოების ზომები. ცოტა ხნის წინ ქუთაისში იყო შემთხვევა, როცა ადამიანი იმსხვერპლა მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა ქვამ. ვიზრუნოთ იმაზე, რომ მსგავსი შემთხვევებისგან დაცული ვიყოთ“, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა სხდომაზე.

დღეს კომისიის სხდომაზე სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელეს, მათ შორის ერთ-ერთი იყო განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი – ამ საკითხებს უფრო დეტალურად საკრებულო 24 მარტს დაგეგმილ სხდომაზე განიხილავს.

„ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ შრომითი უსაფრთხოება აუცილებელია“

21 მარტს ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი 63 წლის მუშა გარდაიცვალა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში, მშენებლობებზე 350-მდე ადამიანი დაიღუპა. სახელმწიფო კი ევროკავშირის და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების რეკომენდაციების მიუხედავად, კანონმდებლობას არ ცვლის. ვინ უფრო პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის, – ადამიანი თუ ინვესტორი? ამ თემაზე „ბათუმელებთან“  აჭარის მშენებელთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი,  იაშა გურგენიძე საუბრობს.

იაშა გურგენიძე
იაშა გურგენიძე

ბატონო იაშა, მშენებლობებზე დაღუპული მუშების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ხელისუფლება  არ აპირებს საკანონმდებლო ნორმების შემოღებას, რომელიც უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნის მშენებლებისთვის, რაში ხედავთ თქვენ გამოსავალს?

ჩვენ გვაქვს ამ პრობლემის მოგვარების რეცეპტი, მაგრამ მთავრობა  ჯიუტად ინარჩუნებს  პოზიციებს. შრომის კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს და დაემატოს ის პუნქტი,  რომელიც 2003 წელს იქნა ამოღებული კანონმდებლობიდან, უნდა შეიქმნას  შრომის ტექნიკური უსაფრთხოების მაკონტროლებელი ორგანო,  შრომის სახელმწიფო ტექნიკური ინსპექცია.

რატომ ეწინააღმდეგება მთავრობა ამ ნორმის კანონში შეტანას, არ არის მისი ინტერესი, რომ ადამიანების სიცოცხლე დაცული იყოს სამშენებლო ობიექტებზე?

ბიზნესმენები კატეგორიული წინააღმდეგები არიან და იმიტომ. მათი აზრით, შრომითი ინსპექციის შემოღება მათთვის დამატებით ბარიერს შექმნის მშენებლობის სისტემაში. მათ აწყობთ სრული თავისუფლება. მუშას მათ თვალში ფასი არ აქვს და არც სახელმწიფო არ არის დაინტერესებული.

გამოდის, რომ სახელმწიფო ბიზნესის მხარეს უფრო დგას, ვიდრე მოქალაქეების?

ასე გამოდის. ევროპარლამენტმა 2001 წელს მიიღო სამხრივი კომისიის დადგენილება, რომელიც საქართველომ გადმოიტანა 2014 წელს, თუმცა ეს სამხრივი კომისია არის სარეკომენდაციო ხასიათის და თუ იქნება დამსაქმებლის კეთილი ნება,  კომისიას შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს.

მშენებლობებზე დაღუპულ პირთა სტატისტიკა საგანგაშოა, ამიტომ როგორ ფიქრობთ, რა ბერკეტი უნდა გამოიყენოს საზოგადოებამ იმისთვის რომ, სახელმწიფოსთვის ადამიანი  პრიორიტეტი გახდეს?

ბოლო ათი წლის განმავლობაში 370 კაცი დაიღუპა მშენებლობებზე და 750-მდე დასახიჩრდა.  ამ საქმეში ჩარეულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო პროფკავშირები, აშშ-ს თავისუფალი პროფკავშირები და კონგრესზეც განიხილეს თავის დროზე ეს საკითხი, მაგრამ  ხელისუფლება მაინც ჯიუტად ებღაუჭება და არ უნდა საკანონმდებლო ცვლილება.   სახელმწიფო უფრო დაინტერესებულია იმით, რომ  მეტი ინვესტიცია შემოვიდეს და მეტი მშენებლობა იყოს.

მუშების უსაფრთხოების დაცვა რაში უშლის ინვესტიციების შემოსვლას ხელს?

იმაში, რომ სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობა გაიზრდება.  გარდა ამისა, ტექნიკური უსაფრთხოებისთვის მეტი ფინანსური რესურსი უნდა დაიხარჯოს, – აივნები უნდა შემოიღობოს ფერადი ლენტებით, კიბის უჯრედები, შახტები უნდა შემოიღობოს, მუშას უნდა მიეცეს სპეციალური ფორმა, მუზარადი, ღვედი – ამ ყველაფრის ეკონომიას აკეთებენ მშენებლები. ბათუმში იუსტიციის სახლთან რომ ახალი კორპუსი შენდება, მხოლოდ იქ არის ტექნიკური ნორმები შედარებით დაცული. დანარჩენი, ასამდე ობიექტია, უამრავი ვიდეომასალა გვაქვს ამის და არც ერთ მშენებარე კორპუსზე არც აივანია შემოღობილი, არც კიბის უჯრედი და შახტებია დაცული.

ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ შრომითი უსაფრთხოება აუცილებელია და ეს პატარა მუხლი უნდა შეიტანოს კანონში. სხვა შემთხვევაში მარტო ის დაგვრჩევა, რომ ვითვალოთ გვამები ყოველ წელს, რამდენი ადამიანი დაიღუპება.

 

ბულვარში ხე-მცენარეების შეწამვლა დაიწყო

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს მავნებელ დაავადებათა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბათუმის ბულვარის მთლიან პერიმეტრზე ქიმიური წამლობა დაიწყო.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, პრეპარატ ფუნგიციდისა და ინსეკტიციდების გამოყენებით, 20 ათას ძირამდე სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი და ბუჩქოვანი ხე-მცენარე, ძველი, ასევე ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ეტაპობრივად შეიწამლება.

ბულვარის ადმინისტრაცია, სანიტარულ-პროფილაქტიკურ ღონისძიებას წელიწადში ოთხჯერ ახორციელდებს. აღნიშნული სამუშაოები, ბათუმის ბულვარში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ქიმიური წამლობა სრულიად უსაფრთხო, არატოქსიკურია და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს,“ – აღნიშნულია ბათუმის ბულვარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

17474335_10155161569549600_1882790254_o
ქიმიური წამლობა ულვარში /22.03.2017 / „ბათუმის ბულვარის“ ფოტოები

პალმა შუა ქუჩაში – ფოტოამბავი

ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩის ერთ-ერთ ჩიხში, საავტომობილო გზაზე, პალმა დგას. მოსახლეობამ არც გზის მშენებლებს და არც გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს უფლება არ მისცა პალმა მოეჭრათ ან სადმე სხვაგან გადაეტანათ. მოსახლეობამ პალმის ზუსტი ასაკი არ იცის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ  მცენარე დაახლოებით 70-80 წლისაა.

ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრები დინეზა ტუღუში ამბობს, რომ 47 წლის წინ, როცა ქუჩაზე დასახლდა, პალმა დახვდა.

„70 წელზე მეტის მაინც იქნება. ერთი ათი წლის წინ იყვნენ გამწვანებიდან მოსული, მოთხრა უნდოდათ. ყველა ფეხზე დავდექით და არ გავატანეთ. ვუფრთხილდებით ამ ხეს, თან  საორიენტაციოდაც კარგია.  ვინმე რომ დაგირეკავს და მისამართს გკითხავს – ეტყვი პალმასთან ვცხოვრობო და ადვილად აგნებენ მერე,“ – ამბობს ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრები შაქრო თურმანიძე.

IMG_0018 copy

 

11 მარტის აქციაზე დაკავებულმა პოლიციელი ტყუილში გამოიჭირა

გიგა ჩხაიძეა ერთ-ერთი მათ შორის, ვინც 12 მარტის დილით პოლიციელებმა დააკავეს. ის დღეს, 22 მარტს სასამართლო სხდომაზე ვიდეოჩანაწერით მოვიდა და პოლიციელი ბესიკ ვაშაკიძე ტყუილში გამოიჭირა. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გიგა ჩხაიძის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება მაშინვე შეწყვიტა, როცა ვიდეო საკუთარი თვალით ნახა.

პოლიციელმა ბესიკ ვაშაკიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ გიგა ფეხით გადაადგილდებოდა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე 12 მარტის დილას, ილანძღებოდა და იგინებოდა.

„მოვუწოდეთ დამშვიდებულიყო, მაგრამ არ დაგვემორჩილა, გაიქცა, დავედევნეთ და მერე დავაკავეთ,“ – მოყვა პოლიციელი.

„დილის 6 სრულდებოდა, როცა სამსახურიდან გამოვედი მანქანით. პუშკინის 174-ში ვცხოვრობ, ძლივს მივედი, გადაკეტილი იყო ქუჩები. ბინაში შევედი, პლასტიკური ბარათი ავიღე და მანქანით როცა გამოვდიოდი ეზოდან, მაშინ დამაკავეს… ოზურგეთში უნდა წავსულიყავი მანქანით“, – ყვება გიგა ჩხაიძე.

გიგა „ალიანსი ჯგუფის“ მშენებლობაზე მუშაობს. სასამართლოს ჩვენება მისმა თანამშრომელმაც მისცა. გიორგი დოლიძის თქმით, გიგა მშენებლების ბრიგადირია და ღამის ცვლაში მუშაობდნენ 11 მარტს ღამით, ხოლო გიგამ სამუშაო დაახლოებით დილის 6-ზე დატოვა.

მშენებლობის შესასვლელთან არსებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ჩანს გიგა ჩხაიძე, რომელიც დილის 05 საათსა და 49 წუთზე ტოვებს მანქანით ტერიტორიას. დაკავების ოქმში კი წერია, რომ გიგა 06 საათსა 08 წუთზე დააკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო.

„დროის ამ მონაკვეთში როგორ მოასწრებდა გიგა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას?“- იკითხა ვიდეოჩვენების შემდეგ ადვოკატმა პაატა დიასამიძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა. ეს ორგანიზაცია გიგას ინტერესებს იცავდა.

ადმინისტრაციულ დავას ამჯერად გიგა ჩხაიძე იწყებს პოლიციელების წინააღმდეგ. იგი სასამართლოში ადმინისტრაციული დაკავების ოქმს ასაჩივრებს. „ვინაიდან სასმართლომ თქვა, რომ გიგას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, შესაბამისად გამოდის, რომ არც მისი დაკავების საფუძვლები არსებობდა“, – ამბობს პაატა დიასამიძე, საიას იურისტი.

გიგა ჩხაიძის თქმით, მან ფიზიკური დაზიანებები მიიღო დაკავების დროს. ამ ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

დღეს, 22 მარტს, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ბათუმის აქციის შემდეგ დაკავებული კიდევ 7 პირის საქმე განიხილა. ორ პირს, ჯაბა დავითაშვილსა და გიორგი კერესელიძეს ჯარიმა 250 – 250 ლარის ოდენობით დაეკისრა, ოთხს – ჯარიმა 100-100 ლარით, ხოლო ზაზა ცინცაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყდა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.

IMG_20170322_133221IMG_20170322_131733

 

 

 

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა გაიმართება

25 მარტს,  შაბათს, 14:00-დან 17 საათამდე ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზედა პარკში, პანორამულ გადასახედზე კამელიების გამოფენა გაიმართება.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 70-მდე ჯიშის მოყვავილე კამელია და ბაღში გამოყვანილი ჰიბრიდები. დამთვალიერებელს ასევე შესაძლებლობა ექნება ადგილზევე შეიძინოს კამელიების ნერგები.

ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი

 

 

63 წლის ნოდარ ქათამაძე მშენებლობიდან ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა

21 მარტს ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში მიმდინარე მშენებლობიდან მუშა, 63 წლის ნოდარ ქათამაძე ჩამოვარდა. მშენებლობა  კომპანია DS GROUP-ს ეკუთვნის, თუმცა სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ლამინი-ჯი“ აწარმოებს.

„შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა,“ – განაცხადეს შს სამინისტროს პრესცენტრში.

მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი ხელოსანი  „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მშენებლობაზე მუშების უსაფრთხოება სათანადოდ დაცული არ არის. მან იმ ადგილიც გვაჩვენა, საიდანაც მუშა ჩამოვარდა.

„მესამე სართულიდან ჩამოვარდა. ბალკას რასაც ვეძახით, ის გაუტყდა, გაბზარული ყოფილა.  სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ სამწუხაროდ დაიღუპა. უსაფრთხოება მეტ-ნაკლებად დაცულია, მაგრამ სათანადოდ მაინც არა. მუშების უფლებები დარღვეულია. ეს მამაკაცი 3-4 დღეა რაც მუშაობდა აქ,“ – ამბობს ის.

ადგილზე დასაქმებული მუშების თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი ქობულეთიდან იყო და მასთან ერთად მშენებლობაზე მისი შვილიც მუშაობდა.

კომპანია „ლამინი-ჯის“  იურისტის, ამირან ცეცხლაძის განცხადებით, გარდაცვლილი 63 წლის ნოდარ ქათამაძეა. მისი განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა იგულისხმება სრულ პასუხისმგებლობაში, ამირან ცეცხლაძემ განაცხადა, რომ „გარდაცვლილი მუშის ოჯახისთვის რაც საჭიროა, ყველაფერზე პასუხისმგებლობას იღებს კომპანია“.

ამირან ცეცხლაძის თქმით, კომპანიას მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული აქვს, თუმცა ამ ნორმებს მუშები არ იცავენ: „არ ემორჩილებიან ზედამხედველის მითითებებს. სხვა დროს, ვინც არ დაემორჩილება ჩვენს მოთხოვნებს, ყველა მუშა იქნება დათხოვნილი. კომპანიის მხრიდან მუშებს ინსტრუქტაჟი უტარდებათ, მაგრამ უნიფორმებს და ჩაფხუტებს იხსნიან. სამუშაოთა მწარმოებელი ყველა წუთში ხომ ვერ შეამოწმებს. ეს არის პრობლემა,“ – ამბობს იურისტი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში მიმდინარე მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა.
ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში მიმდინარე მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა.

 

ქედელი მეთევზეები ზურაბ პატარაძეს მიმართავენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მცხოვრები, თევზის მწარმოებელი მერაბ ჯაბნიძე ხელისუფლებისგან, კონკრეტულად ზურაბ პატარაძისგან დახმარებას ითხოვს. საკალმახე მეურნეობის გაყიდვას, რომელიც ქედელმა ფერმერმა 14 წლის წინ საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოაწყო, ქედის  გამგეობა აუქციონის წესით აპირებს. ქედაში მერაბის მსგავს მდგომარეობაში კიდევ 14 თევზის მწარმოებელია.

მერაბ ჯაბნიძემ 2003 წელს 279 კვადრატულ ფართობზე საკალმახე მეურნეობა საკუთარი სახსრებით მოაწყო. ზუსტად არ იცის, რამდენი თანხა დახარჯა ამაში, რადგან მეურნეობას სახლთან ახლოს, მდინარეზე წლების განმავლობაში აკეთებდა. ეს მეურნეობა 2006 წელს ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადავიდა. 2014 წელს გამგეობამ კერძო პირის მიერ მოწყობილი საკალმახე გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში შეიტანა. დღეს ამ საკალმახე მეურნეობის საწყისი გასაყიდი ფასი 1937 ლარია, თევზის გარეშე.

ზუთხისა და ამერიკული კალმახის მწარმოებელი ქედელი ფერმერი საკუთარი თანხით მოწყობილი საკალმახე მეურნეობის პრივატიზების ნუსხიდან ამოღებას ითხოვს. ამბობს, რომ თევზი მისი ოჯახის მთავარი შემოსავლის წყაროა და თუ ქედის გამგეობა მეურნეობას გაუყიდის, ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩება.

„მამაპაპისეულ ტერიტორიაზე, სახლის მიმდებარედ 2003 წელს ბასეინები გავაკეთე და თევზის გამოყვანა დავიწყე. მაშინ მიწის რეფორმა არ არსებობდა, გამგებელი დავით გათენაძე ყველანაირად დაგვეხმარა, რომ საკალმახე მეურნეობა მოგვეწყო სოფელში და ადგილზე შემოსავალი გაგვჩენოდა. წლებია, რაც ზუთხი, ამერიკული კალმახი გამომყავს და ადგილობრივ ბაზარზე ვყიდი, საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ტერიტორია აღიარების წესით დავიკანონე, მაგრამ საკალმახე მეურნეობის დაკანონება ვეღარ მოვახერხე, როგორც კი მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში ჩემი მეურნეობა ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს საკუთრებაში, სამინისტრომ კი – ქედის მუნიციპალიტეტს“, – ყვება მერაბი.

„ბასეინები“ ახლა სარემონტოა, მაგრამ მერაბი ვერ არემონტებს, რადგან ეს ქონება ოფიციალურად გამგეობის საკუთრებაა. „არც გაფართოების უფლება მაქვს. ვთხოვ ხელისუფლებას, ჩემი თანხით მოწყობილი ეს ტერიტორია პრივატიზების ნუსხიდან ამოიღოს, თევზი ჩემი ოჯახის შემოსავალი წყაროა და მეურნეობას ნუ გამიყიდიან“, – გვიყვება ქედელი ფერმერი.

მერაბ ჯაბნიძის საკალმახე მეურნეობის გარდა ქედის გამგეობის მიერ გასაყიდად გამზადებული ქონების ჩამონათვალში კიდევ ორი საკალმახეა შესული, ორივე სოფელ ზვარეშია მოწყობილი. ერთ-ერთი მათგანი იმ 100 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული, რომელიც შალვა ქობულაძემ ქედის გამგეობისგან აუქციონის წესით 2005 წელს იყიდა. შალვა ქობულაძემ ეს მიწა აუქციონზე 105 ლარად შეიძინა და მასზე მეურნეობა მოაწყო.

შალვა ქობულაძე
შალვა ქობულაძე

2007 წლის 12 თებერვალს ქედის სარეგისტრაციო სამსახურმა შალვა ქობულაძეს უარი უთხრა აუქციონის წესით შეძენილი მიწის რეგისტრაციაზე. საპასუხო დოკუმენტში, რომელიც სარეგისტრაციო სამსახურმა შალვა ქობულაძეს გაუგზავნა, წერია, რომ გამგეობის 2005 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად არ ჩაითვლება.

2014 წელს გამგეობამ საპრივატიზაციო ნუსხაში ეს ობიექტიც შეიტანა და დღეს მისი საწყისი ღირებულება 2 060 ლარია.

ქედის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ქონების მართვის განყოფილების უფროსის, თემურ ბერიძის თქმით, საკალმახე მეურნეობის პრივატიზების ნუსხიდან ამოღება შეუძლებელია, რადგან ის ნუსხაში კანონიერად შეიტანეს. „ეს მიწის ნაკვეთი და მასზე მოწყობილი საკალმახე მეურნეობა აუქციონზე ერთხელ გავიდა, მაგრამ რადგანაც ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა, აუქციონი არ შედგა. გამეორებით აუქციონს ამ საკალმახე მეურნეობაზე უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ“, – ამბობს თემურ ბერიძე.

გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში არ შეუტანიათ ქედაში არსებული რამდენიმე საკალმახე მეურნეობა, თუმცა ქედელი მეწარმეები წლებია ვერც მათ დაკანონებას ახერხებენ. მიზეზი – მიწები, რომლებზეც წლების წინ ადგილობრივებმა მეურნეობები მოაწყეს ან საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.

ქედელი მეწარმეების ინტერესებს ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს. ორგანიზაციის იურისტი ანა ბერძენიშვილი ამბობს, რომ სამართლებრივ დახმარებას იმ 15-მდე ფერმერს გაუწევენ, რომელთა მეურნეობების ნაწილი განთავსებულია იმ მიწებზე, რომლებიც დღეს ქედის მუნიციპალიტეტის, აჭარის მთავრობის თუ ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაშია.

„ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს მხარი დაეჭირა ამ მოქალაქეებისთვის და რაიმე სახით წაეხალისებინა მეწარმეობა, კერძოდ თევზის ბიზნესი, ბარიერებს უქმნის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ქედაში 15-მდე თევზის მწარმოებელი ვერ ახერხებს იმ მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას, რომელზეც საკალმახე მეურნეობა აქვთ მოწყობილი, დაურეგისტრირებელი მიწები კი ხელს უშლით მათ სამეწარმეო საქმიანობაში, თუნდაც ბანკიდან სესხის გამოტანაში… ბოლო გზა და ცუდი ვარიანტი, რაც ამ ადამიანებს რჩებათ და რაშიც გამჭვირვალობა მათ დაეხმარება, ესაა სასამართლოსთვის მიმართვა“, – ამბობს იურისტი.

კითხვაზე, რა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია სახელმწიფოს იმისთვის, რომ თევზის მწარმოებლებს ქედაში მიწები დაუკანონოს და შესაძლებელია თუ არა საპრივატიზაციო ნუსხის ჩამონათვალიდან საკალმახე მეურნეობების ამოღება? – იურისტი გვპასუხობს:

– გასარკვევია, თუ რატომ მოხდა ეს ობიექტები თავის დროზე საპრივატიზაციო ნუსხაში, მაშინ, როდესაც მეურნეობები მოქალაქეების ნაწილს რიგ შემთხვევაში საკუთარ მიწა-წყალზე, ზოგიერთ შემთხვევაში ნებართვით მოაწყეს. 10 წლის შემდეგ იბადება კითხვა, რატომ უნდა შეისყიდონ მათ მიერ ინვესტირებული შენობა? პრივატიზების შემთხვევაში კი ჩნდება რისკები, რომ სხვამ შეიძინოს ეს მეურნეობა.

თუ სახელმწიფოს მხრიდან მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შემთხვევაში ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ მიწა მუნიციპალიტეტის ან აჭარის მთავრობის საკუთრებაა და არა სახელმწიფოს საკუთრება, შესაძლებელია სხვა მექანიზმის გამოძებნაც, თუნდაც სიმბოლურ ფასად გადაცემა, ამას კანონი ითვალისწინებს“.

საქართველოს ხელისუფლება ბოლო რამდენიმე წელია აფინანსებს კერძო ბიზნესის განვითარებას საგანგებოდ შექმნილი პროგრამებით. ეს პროგრამები, ძირითადად, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას ითვალისწინებს. ასეთ ვითარებაში ქედელ მეწარმეებს მხარდაჭერის ნაცვლად უკვე შექმნილ საწარმოებს რატომ უყიდიან? – „ბათუმელებს“ ამ საკითხზე აჭარის მთავრობაში შემდეგი განუმარტეს: „პრობლემური რომ არის მიწის საკითხი, ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, აღნიშნული პრობლემით თევზის მწარმოებლებს არ მოუმართავთ, მითუმეტეს ერთობლივად. აჭარის მთავრობა მზადაა  მოუსმინოს მეწარმეებს, განიხილოს საკითხი და კანონის ფარგლებში მაქსიმალური გააკეთოს მათი ბიზნესის ხელშეწყობისთვის“.

აჭარაში გამგებლებსა და მერს შეუძლიათ ახალი ფონდიდან პროექტების დაფინანსება მოითხოვონ

მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ასევე ბათუმის მერს და ზოგიერთ მხარჯავ დაწესებულებას გარკვეული პროექტების დაფინანსების მოთხოვნა უკვე შეუძლიათ. ფონდი აჭარის 2017 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტშია გათვალისწინებული და 25 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის, თეა ჯანაშიას თქმით, ამ ფონდის არსებობა საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად, რაციონალურად და პრობლემების დროულად მოგვარების კუთხით არის მნიშვნელოვანი. ფონდი ბიუჯეტის სახსრებით შეივსება და მის ოდენობას აჭარის მთავრობა განსაზღვრავს. ამ ფონდის პარალელურად ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტები ჩვეულებრივად მიიღებენ კაპიტალურ ტრანსფერებსაც.

მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი არის საბიუჯეტო ფონდი და მასში, ვთქვათ, შემოწირულობებით თუ სხვა ფორმით თანხების აკუმულირება არ მოხდება.

აჭარის მთავრობამ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის წესი დაამტკიცა, რომელიც მიმდინარე წლის 15 მარტიდან ამოქმედდა.

ამ წესის მიხედვით, მუნიციპალური და რესპუბლიკური პროექტები მოიცავს – მუნიციპალიტეტში:

  • გზების, ტროტუარების მოწყობა-რეაბილიტაციას,
  • ხიდების მშენებლობა-­რეაბილიტაციას,
  • გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციას,
  • წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციას,
  • მუნიციპალური ნარჩენების მართვას,
  • საცხოვრებელი და საჯარო შენობების შეკეთება-რეაბილიტაციას,
  • სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს,
  • აგრეთვე მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკისათვის საჭირო სხვა პროექტებს.

ფონდიდან დასაფინანსებელი მუნიციპალური პროექტების შესახებ წინადადებას ამზადებს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო რესპუბლიკური პროექტების შესახებ წინადადებას – აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსირებადი მხარჯავი დაწესებულების/საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი;

მუნიციპალური პროექტების ინიციირების მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი წინადადებას განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღე­ბად უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს;

საკრებულოს მოწონებულ წინადადებას მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი წარუდგენს აჭარის მთავრობას;

მხარჯავი დაწესებულება/საბიუჯეტო ორგანიზაციაც რესპუბლიკური პროექტის შესახებ წინადადებას წარუდგენს აჭარის მთავრობას;

მუნიციპალური/რესპუბლიკური პროექტის დაფინანსების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მთავრობა შესაბამის დოკუმენტაციას წერილობითი მიმართვით უგზავნის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადების მიზნით;

თუ ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, სამინისტროს წარდგინებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.

ასეთი ფონდის შექმნა აჭარის მთავრობამ გასული წლის ბოლოს დააანონსა. მაშინ მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას, მთავრობას, უმაღლესი საბჭოდან გადაგზავნილ შენისვნებში მიუთითეს, რომ ქედის მინიციპალიტეტისთვის გადასაცემი ტრანსფერის ოდენობა იყო ძალიან მცირე. აჭარის მთავრობის მაშინდელი პასუხი ასეთი იყო, რომ „აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შეიძლება შეიქმნას რეგიონში არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, საიდანაც სამომავლოდ შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტებისთვის დამატებით მოთხოვნილი პროექტების გათვალისწინება“.

მიმდინარე, 2017 წელს, მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერი რესპუბლიკურ ბიუჯეტში ასე გადანაწილდა:

  • ბათუმი – 35 000 000 ლარი;
  • ქობულეთი – 20 740 000 ლარი;
  • ხელვაჩაური – 4 827 350 ლარი;
  • შუახევი – 4 500 000 ლარი;
  • ხულო – 3 141 500 ლარი;
  • ქედა – 3 000 000 ლარი.

აჭარაში შესაძლოა მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი შეიქმნას 

რა პროექტები დაფინანსდება მუნიციპალიტეტებში აჭარის 2017 წლის ბიუჯეტიდან

ახალი მთავრობა ძველი პრიორიტეტებით – როგორ დგება აჭარის ბიუჯეტი 

გავიგებთ თუ ვერა ვინ როგორ მოიპოვებს წიაღისეულს

სახელმწიფო წიაღისეულის მოპოვებაზე ინფორმაცია დახურულია. ამას ხელისუფლება მესაკუთრის ანუ წიაღის მომპოვებლის კომერციული ინტერესით ხსნის და გასცემს მხოლოდ ლიცენზიას, სადაც წერია, თუ რა რაოდენობის წიაღისეულის მოპოვების უფლება აქვს მოპოვებული ამა თუ იმ კომპანიას.

წიაღისეულის მოპოვებაზე ინფორმაციის გასაიდუმლოებას ასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში „მწვანე ალტერნატივა“. პირველი კოლეგია სარჩელს არსებითად დღეს, 22 მარტს, განიხილავს.

„მწვანე ალტერნატივამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა „არენჯი გოლდისგან“ წიაღისეულის მოპოვებაზე ინფორმაცია ვერ მიიღო და საერთო სასამართლოს მიმართა.

„საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ „არენჯის“ დაავალა, ინფორმაციის ნაწილი გაეცა, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ მივიღეთ სრული მონაცემები. გასაგებია, რომ შესაძლებელია არსებობდეს კომერციული ინტერესი, მაგრამ საზოგადოებას აქვს უფლება, მიიღოს ზუსტი მონაცემები, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების კუთხით,“ – მიმართა მოსამართლეებს ნინო გუჯარაიძემ, „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელმა.

ორგანიზაცია წიაღისეულის შესახებ საქართველოს კანონის იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც „საინფორმაციო ფონდებისგან“ ინფორმაციის მიღება დაუშვებელია მესაკუთრის თანხმობის გარეშე.

მოსამართლეები დღევანდელ სხდომაზე ასევე დაინტერესდნენ: როგორ რეგულირდება საინფორმაციო ფონდის ფუნქციონირება, რა ინფორმაცია უნდა იყოს ღია და რა – დახურული, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ინფორმაციის გაცემაზე და ა.შ.

„მწვანე ალტერნატივა“ მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვის შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოება დაუშვებელია.

სასამართლომ „მწვანე ალტერნატივას“ სხდომაზე მოუწოდა, გაიმიჯნოს: რა უნდა იყოს კომერციული საიდუმლოება და რა – საჯარო.

 

პალიასტომის ტბაში თევზის დაავადება დაფიქსირდა

ახლახან ცნობილი გახდა პალიასტომის ტბაზე აღებული სინჯების შედეგები, რომელთა მიხედვითაც ტბაში თევზი ჰემორაგიული სეპტიცემიით არის დაავადებული. თევზი დაავადებულია ტბაში ჩამდინარე მდინარეებსა და მიმდებარედ არსებულ არხებშიც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისa და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსის არჩილ გუჩმანიძის განმარტებით, დაავადებული თევზის საკვებად მიღება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის:„არანაირი ზეგავლენა მას ადამიანზე არ აქვს. სასაქონლო იერს უკარგავს თევზს, არასასიამოვნოდ გამოიყურება… არც ტოქსიკოზის და არც დაავადების გავრცელების რისკი ადამიანებში არ არსებობს“.

გრიგოლეთის სანაპიროსთან დაჭერილი თევზი კარასი. ფოტო „ბათუმელებს“ ადგილობრივმა მეთევზემ მიაწოდა

დაავადებული თევზის შესახებ ადგილობრივი მეთევზეები უკვე რამდენიმე დღეა საუბრობენ. არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ ისინი უკვე იყვნენ ადგილზე ჩასულები და პალიასტომის ტბის მთელ პერიმეტრში, 5 წერტილიდან აიღეს სინჯები, გაანალიზდა ბიოლოგიური მასალა. დიაგნოზირების პასუხებიც დღეს გახდა ცნობილი, რომელთა თანახმადაც პალიასტომის ტბაში და მის მიმდებარედ თევზები ჰემორაგიული სეპტიცემიით არიან დაავადებულნი.

„ეს დაავადება პირველად 2014 წელს დავაფიქსირეთ აუზში, 2015 წელს ამავე დაავადების პიკი გვქონდა – მაშინ ძალიან დიდი რაოდენობის თევზი დაიღუპა, 2016-ში ჩაცხრა, ქრონიკულში გადავიდა და ახლა ისევ მწვავე ფაზაშია, სადღაც მაისის დასაწყისში მიაღწევს პიკს, შემოდგომაზე ჩაცხრება და კვლავ გადავა ქრონიკულში. ეს დაავადება დიდი ხანი იქნება აუზში, კარგა ხანი აღარ გამოვა. რთული ციკლი ახასიათებს და ეკოსისტემიდან ძალიან რთულად, თითქმის არც კი იდევნება ბოლომდე,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

დაავადების გავრცელების პრევენციისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის მიერ შემუშავდა რეკომენდაციები, ეს არის დაავადებული თევზის ტოტალური და სელექციური ჭერა [კარასის განსაკუთრებით. ყველაზე მასიურად სწორედ ამ თევზშია გავრცელებული], ასევე უნდა მოხდეს დაღუპული თევზის  მოგროვება და ამოღება, შემდეგ შეგროვება და ნაპირზე დამარხვა ერთი მეტრი სიღრმის ორმოებში. ასევე, მათი ფარშირება, ბლანშირება, ფრინველებისა და ღორისთვის საკვებად მიცემა.

„მეტი იქ მკურნალობა გამორიცხულია. 1800 ჰექტარია და ეს არ მოხერხდება. ასევე ჩატარდება შემდგომი კვლევები, პულსზე ხელი უნდა გვეჭიროს, თუ სიტუაცია ძალიან გამწვავდა კარანტინის გამოცხადებც არ არის გამორიცხული, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველაფერი კონტროლის ქვეშაა,“ –  ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

აჭარის მთავრობის კიდევ ერთი წაგებული პროცესი უკანონოდ გათავისუფლებული ქალის წინააღმდეგ

აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოს დაცვის სამმართველომ კიდევ ერთი სასამართლო დავა წააგო ქალის წინააღმდეგ, რომელიც 2014 წელს უკანონოდ გაათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლითაც სამმართველო სასამართლოს მიერ სამსახურში აღდგენილი თანამშრომლისთვის გადახდილი განაცდურის ნაწილის უკან დაბრუნებას ითხოვდა.

საუბარია 2014 წელს მომხდარ ინციდენტზე, როცა გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ფეხმძიმე ქალი, დაცვის ნაცვლად სამსახურიდან გაათავისუფლა. „უღირსი საქციელი“ და „საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია“, – ეს „ბრალდებები“ ვახტანგ წულაძის მიერ გამოცემულ გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომელიც სამივე ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია.

„სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ ზოგმა მოიგოს, ზოგმაც – წააგოს“, – ასე შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილება ვახტანგ წულაძემ. აჭარის მთავრობას არ ჰქონია რეაქცია მის დაქვემდებარებაში არსებული უწყების ხელმძღვანელის უკანონო გადაწყვეტილებებზე, არც იმაზე, რომ ამის გამო ბიუჯეტიდან განაცდურის ასანაზღაურებლად დაახლოებით 20 ათასი ლარი დაიხარჯა.

სასამართლოში ზედიზედ წაგებული პროცესების შემდეგ ვახტანგ წულაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა „ქართული ოცნებიდან“.

გარემოს დაცვის სამმართველო ამჯერად აღსრულების ეროვნულ ბიუროს ედავებოდა. მიიჩნევდა, რომ ამ უწყებამ დაახლოებით 2 300 ლარი ზედმეტად ჩამოაჭრა სამსახურში აღდგენილი თანამშრომლის განაცდურისთვის. ეს სხვაობა ახალმა სახელფასო განაკვეთმა გამოიწვია, რადგან ფეხმძიმე ქალის უკანონოდ გათავისუფლების შემდეგ, ვახტანგ წულაძემ მისი სამუშაო ადგილიც გააუქმა.

„იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ იზრუნოს დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე, ის ისევ ცდილობს კონფლიქტის გაღვივებას და კიდევ უფრო მეტი ზიანი ადგება გარემოს დაცვის სამმართველოს იმიჯს“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში უკანონოდ გათავისუფლებული ქალის ინტერესებს იცავს.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სასამართლოს დასაბუთების გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ არა კიდევ ერთხელ წაგებულ საქმეს.

ამერიკული კუთხე „ახალგაზრდა ელჩების“ შერჩევას იწყებს

ბათუმის ამერიკული კუთხე აცხადებს პროგრამას „ახალგაზრდა ელჩებისთვის“.  პროგრამაში მონაწილეობისთვის მოსწავლეებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ. 

„შერჩეულ კანდიდატებს საშუალება მიეცემათ იყვნენ „ამერიკული კუთხეს“ წარმომადგენლები თავიანთ სკოლებში, ისინი პირველად გაიგებენ ყველა ახალი პროგრამის თუ აქტივობის შესახებ, მიეცემათ შესაძლებლობა შეხვდნე და გაიცნონ „ამერიკულ კუთხეში“ მოწვეული სტუმრები და საინტერესო ადამიანები, მოსწავლეები შეიძენენ იმ საჭირო უნარ-ჩვევებს, რომელიც ახალგაზრდებს სამომავლო აკადემიური წინსვლისთვის გამოადგენათ. პროგრამის დასასრულს კი ჩვენი „ახალგაზრდა ელჩები“ მიიღებენ ოფიციალურ სერტიფიკატს“- ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის უფლება  აქვთ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც ბათუმის (ან მიმდებარე) კერძო და საჯარო სკოლაში სწავლობენ, ფლობენ ინგლისურ ენას (სულ მცირე A2 (Pre-intermediate) დონეზე.

რეგისტრაცია  30 მარტს, 22:00 საათზე დასრულდება. „დაგვიანებული აპლიკაციები არ განიხილება“- ნათქვამია განცხადებაში.

როგორ აღნიშნეს დაუნის სინდრომის დღე აჭარაში

დაუნის სინდრომის დღე, 21 მარტი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში აღინიშნება, მათ შორის საქართველოშიც.  2017 წლის მესიჯია – „ჩემი ხმა საზოგადოებაში“, რაც ნიშნავს, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ უფლება გამოთქვან საკუთარი აზრი და იქონიონ გავლენა სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში.

დაუნის სინდრომის დღე უკვე მეოთხე წელია  წინდის ტრადიციით –  „ Lot`s of Socks“ – აღინიშნება, რომლის მიზანიც სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ფერადი წინდის უცნაური ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღის დაარსება გამოწვეულია დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების გამო მთელს მსოფლიოში.

მიიჩნევა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სრულფასოვან ინტეგრაციასა და ჰარმონიულ თანაცხოვრებაზე საზოგადოებაში სტიგმები და გაუცხოება დღემდე არსებობს.

,,საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის’’ ინიციატივით დღეს. 21 მარტს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა აჭარის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად რამდენიმე ღონისძიება ჩაატარა.

დაუნის სინდრომის მქონე და შშმ ბავშვებისთვის გამართულ სპექტალს ბათუმის თოჯინების თეტრში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძეც დაესწრო, მან ბავშვებთან ერთად ფოტოები გადაიღო.

21 მარტი - დაუნის სინდრომის დღეა
21 მარტი – დაუნის სინდრომის დღეა

დღესვე დაიწყო „უთვალავი ჭრელი წინდის ” კამპანია. კამპანიის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეები და სტუმრები იღებენ ფოტოებს ფერადი წინდებით. ღონისძიების მიზანი, ერთი მხრივ, საზოგადოების ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებას და მხარდაჭერის მოპოვებას ისახავს მიზნად.

ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით,დღეს დაგეგმილი ღონისძიებები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათი სრულფასოვანი ცხოვრების ხარისხის ზრდას ემსახურება.

აჭარის სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით აჭარაში სულ რეგისტრირებულია 33 დაუნის სინდრომის მქონე პირი, მათ შორის 25 – 15 წლამდე ასაკისაა. ღონისძიების მონაწილეები არიან: შპს უნიმედი აჭარა – ,, ჩაქვის სარეაბილიტაციო ცენტრი“;  ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.

Exit mobile version