მთავარი,სიახლეები

პატიმრის სარჩელი: ციხის ადმინისტრაციისადმი დაუმორჩილებლობისთვის სასჯელი არაჰუმანურია

23.03.2017
პატიმრის სარჩელი: ციხის ადმინისტრაციისადმი დაუმორჩილებლობისთვის სასჯელი არაჰუმანურია

პატიმარი გიორგი ქართველიშვილი რვანახევარი წლით გახანგრძლივებულ პატიმრობას ასაჩივრებს. პატიმრის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

სარჩელის მიზანი სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობაა. ეს მუხლი ითვალისწინებს ციხის ადმინისტრაციის მიმართ არაერთგზის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სასჯელის სახით თავისუფლების აღვეთის შეფარდებას რვიდან ათ წლამდე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასჯელი არაჰუმანურია.

გიორგი ქართველიშვილი 1998 წლიდან პატიმარია. 2012 წელს, სასჯელის მოხდამდე ორი კვირით ადრე, მას ციხის ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნის არართგზის დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი და პატიმრობაში ყოფნა რვანახევარი წლით გაუგრძელეს.

„როგორც ციხის ადმინისტრაცია აღნიშნავს, პატიმარს ჯერ კორიდორში სეირნობის დროს ხელების ზურგს უკან დაწყობა მოსთხოვეს და უარი თქვა. მოგვიანებით კი, მან საკნის ჩხრეკა გააპროტესტა. მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდა ძირითადად ციხის ადმინისტრაციის სამი თანამშრომლის ჩვენების საფუძველზე. საქმეში ასევე იყო ვიდეო ჩანაწერი, სადაც მხოლოდ ის ჩანს, რომ დაწესებულების თანამშრომლები საკანში შედიან,“ – მოუყვა მოსამართლეებს მერაბ ქართველიშვილი. ის პატიმრის ინტერესებს იცავს.

პარლამენტის წარმომადგენლებმა სხდომაზე აღნიშნეს, რომ სადავო სამართლებრივი ნორმა განჭვრეტადია და მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება.

მერაბ ქართველიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დღეს, ძირითადად, ციხის ადმინისტრაცია დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობით შემოიფარგლება, „თუმცა, კანონი არ უნდა ტოვებდეს რისკს, ვინმეს მიზანმიმართულად გაუხანგრძლივონ პატიმრობა მსგავსი არაჰუმანური სასჯელით,“ – გვითხრა ადვოკატმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: