Batumelebi | პალიასტომის ტბაში თევზის დაავადება დაფიქსირდა პალიასტომის ტბაში თევზის დაავადება დაფიქსირდა – Batumelebi
RU | GE  

პალიასტომის ტბაში თევზის დაავადება დაფიქსირდა

ახლახან ცნობილი გახდა პალიასტომის ტბაზე აღებული სინჯების შედეგები, რომელთა მიხედვითაც ტბაში თევზი ჰემორაგიული სეპტიცემიით არის დაავადებული. თევზი დაავადებულია ტბაში ჩამდინარე მდინარეებსა და მიმდებარედ არსებულ არხებშიც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისa და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსის არჩილ გუჩმანიძის განმარტებით, დაავადებული თევზის საკვებად მიღება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის:„არანაირი ზეგავლენა მას ადამიანზე არ აქვს. სასაქონლო იერს უკარგავს თევზს, არასასიამოვნოდ გამოიყურება… არც ტოქსიკოზის და არც დაავადების გავრცელების რისკი ადამიანებში არ არსებობს“.

გრიგოლეთის სანაპიროსთან დაჭერილი თევზი კარასი. ფოტო „ბათუმელებს“ ადგილობრივმა მეთევზემ მიაწოდა

დაავადებული თევზის შესახებ ადგილობრივი მეთევზეები უკვე რამდენიმე დღეა საუბრობენ. არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ ისინი უკვე იყვნენ ადგილზე ჩასულები და პალიასტომის ტბის მთელ პერიმეტრში, 5 წერტილიდან აიღეს სინჯები, გაანალიზდა ბიოლოგიური მასალა. დიაგნოზირების პასუხებიც დღეს გახდა ცნობილი, რომელთა თანახმადაც პალიასტომის ტბაში და მის მიმდებარედ თევზები ჰემორაგიული სეპტიცემიით არიან დაავადებულნი.

„ეს დაავადება პირველად 2014 წელს დავაფიქსირეთ აუზში, 2015 წელს ამავე დაავადების პიკი გვქონდა – მაშინ ძალიან დიდი რაოდენობის თევზი დაიღუპა, 2016-ში ჩაცხრა, ქრონიკულში გადავიდა და ახლა ისევ მწვავე ფაზაშია, სადღაც მაისის დასაწყისში მიაღწევს პიკს, შემოდგომაზე ჩაცხრება და კვლავ გადავა ქრონიკულში. ეს დაავადება დიდი ხანი იქნება აუზში, კარგა ხანი აღარ გამოვა. რთული ციკლი ახასიათებს და ეკოსისტემიდან ძალიან რთულად, თითქმის არც კი იდევნება ბოლომდე,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

დაავადების გავრცელების პრევენციისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის მიერ შემუშავდა რეკომენდაციები, ეს არის დაავადებული თევზის ტოტალური და სელექციური ჭერა [კარასის განსაკუთრებით. ყველაზე მასიურად სწორედ ამ თევზშია გავრცელებული], ასევე უნდა მოხდეს დაღუპული თევზის  მოგროვება და ამოღება, შემდეგ შეგროვება და ნაპირზე დამარხვა ერთი მეტრი სიღრმის ორმოებში. ასევე, მათი ფარშირება, ბლანშირება, ფრინველებისა და ღორისთვის საკვებად მიცემა.

„მეტი იქ მკურნალობა გამორიცხულია. 1800 ჰექტარია და ეს არ მოხერხდება. ასევე ჩატარდება შემდგომი კვლევები, პულსზე ხელი უნდა გვეჭიროს, თუ სიტუაცია ძალიან გამწვავდა კარანტინის გამოცხადებც არ არის გამორიცხული, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველაფერი კონტროლის ქვეშაა,“ –  ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან