მთავარი,სიახლეები

გავიგებთ თუ ვერა ვინ როგორ მოიპოვებს წიაღისეულს

22.03.2017
გავიგებთ თუ ვერა ვინ როგორ მოიპოვებს წიაღისეულს

სახელმწიფო წიაღისეულის მოპოვებაზე ინფორმაცია დახურულია. ამას ხელისუფლება მესაკუთრის ანუ წიაღის მომპოვებლის კომერციული ინტერესით ხსნის და გასცემს მხოლოდ ლიცენზიას, სადაც წერია, თუ რა რაოდენობის წიაღისეულის მოპოვების უფლება აქვს მოპოვებული ამა თუ იმ კომპანიას.

წიაღისეულის მოპოვებაზე ინფორმაციის გასაიდუმლოებას ასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში „მწვანე ალტერნატივა“. პირველი კოლეგია სარჩელს არსებითად დღეს, 22 მარტს, განიხილავს.

„მწვანე ალტერნატივამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა „არენჯი გოლდისგან“ წიაღისეულის მოპოვებაზე ინფორმაცია ვერ მიიღო და საერთო სასამართლოს მიმართა.

„საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ „არენჯის“ დაავალა, ინფორმაციის ნაწილი გაეცა, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ მივიღეთ სრული მონაცემები. გასაგებია, რომ შესაძლებელია არსებობდეს კომერციული ინტერესი, მაგრამ საზოგადოებას აქვს უფლება, მიიღოს ზუსტი მონაცემები, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების კუთხით,“ – მიმართა მოსამართლეებს ნინო გუჯარაიძემ, „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელმა.

ორგანიზაცია წიაღისეულის შესახებ საქართველოს კანონის იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც „საინფორმაციო ფონდებისგან“ ინფორმაციის მიღება დაუშვებელია მესაკუთრის თანხმობის გარეშე.

მოსამართლეები დღევანდელ სხდომაზე ასევე დაინტერესდნენ: როგორ რეგულირდება საინფორმაციო ფონდის ფუნქციონირება, რა ინფორმაცია უნდა იყოს ღია და რა – დახურული, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ინფორმაციის გაცემაზე და ა.შ.

„მწვანე ალტერნატივა“ მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვის შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოება დაუშვებელია.

სასამართლომ „მწვანე ალტერნატივას“ სხდომაზე მოუწოდა, გაიმიჯნოს: რა უნდა იყოს კომერციული საიდუმლოება და რა – საჯარო.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: