Batumelebi | გაუქმდება თუ არა პატიმრობა კანაფის მოყვანისთვის გაუქმდება თუ არა პატიმრობა კანაფის მოყვანისთვის – Batumelebi
RU | GE  

გაუქმდება თუ არა პატიმრობა კანაფის მოყვანისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს, 22 მარტს, დაასრულა არსებითი განხილვა მორიგ სარჩელზე, რომელიც მარიხუანას ეხება. სასამართლო მსჯელობის საგანი ამჯერად კანაფის უკანონოდ დათესვისთვის, მოყვანისა და კულტივაციისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის ანტიკონსტიტუციურად ცნობაა. მოსარჩელეები არიან: ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს წინა გადაწყვეტილებებს ეხება, რომლის მიხედვითაც 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სახით აღარ გამოიყენება.

მოსარჩელეების დასაბუთებით, კანაფის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მცენარის ისეთი ნაწილებიც, რომლებიც არ არის ვარგისი ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად და არ ხდება მცენარეში შემავალი ნარკოტიკული ნივთირების – ტეტრაჰიდროკანაბინოლის ოდენობის განსაზღვრა, რის გამოც, შესაძლოა პირი დაისაჯოს ნარკოტიკული თრობისთვის სრულიად უვარგისი მცენარის მოყვანის შემთხვევაშიც კი.

თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით საერთო სასამართლო ვერავის მიუსჯის პატიმრობას. ეს მუხლი ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის – კანაფის მცირე, დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ დათესვისთვის, მოყვანისთვის ან კულტივირებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი