მთავარი,სიახლეები

აჭარაში გამგებლებსა და მერს შეუძლიათ ახალი ფონდიდან პროექტების დაფინანსება მოითხოვონ

22.03.2017 • 3952
აჭარაში გამგებლებსა და მერს შეუძლიათ ახალი ფონდიდან პროექტების დაფინანსება მოითხოვონ

მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ასევე ბათუმის მერს და ზოგიერთ მხარჯავ დაწესებულებას გარკვეული პროექტების დაფინანსების მოთხოვნა უკვე შეუძლიათ. ფონდი აჭარის 2017 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტშია გათვალისწინებული და 25 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის, თეა ჯანაშიას თქმით, ამ ფონდის არსებობა საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად, რაციონალურად და პრობლემების დროულად მოგვარების კუთხით არის მნიშვნელოვანი. ფონდი ბიუჯეტის სახსრებით შეივსება და მის ოდენობას აჭარის მთავრობა განსაზღვრავს. ამ ფონდის პარალელურად ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტები ჩვეულებრივად მიიღებენ კაპიტალურ ტრანსფერებსაც.

მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი არის საბიუჯეტო ფონდი და მასში, ვთქვათ, შემოწირულობებით თუ სხვა ფორმით თანხების აკუმულირება არ მოხდება.

აჭარის მთავრობამ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის წესი დაამტკიცა, რომელიც მიმდინარე წლის 15 მარტიდან ამოქმედდა.

ამ წესის მიხედვით, მუნიციპალური და რესპუბლიკური პროექტები მოიცავს – მუნიციპალიტეტში:

  • გზების, ტროტუარების მოწყობა-რეაბილიტაციას,
  • ხიდების მშენებლობა-­რეაბილიტაციას,
  • გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციას,
  • წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციას,
  • მუნიციპალური ნარჩენების მართვას,
  • საცხოვრებელი და საჯარო შენობების შეკეთება-რეაბილიტაციას,
  • სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს,
  • აგრეთვე მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკისათვის საჭირო სხვა პროექტებს.

ფონდიდან დასაფინანსებელი მუნიციპალური პროექტების შესახებ წინადადებას ამზადებს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო რესპუბლიკური პროექტების შესახებ წინადადებას – აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსირებადი მხარჯავი დაწესებულების/საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი;

მუნიციპალური პროექტების ინიციირების მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი წინადადებას განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღე­ბად უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს;

საკრებულოს მოწონებულ წინადადებას მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი წარუდგენს აჭარის მთავრობას;

მხარჯავი დაწესებულება/საბიუჯეტო ორგანიზაციაც რესპუბლიკური პროექტის შესახებ წინადადებას წარუდგენს აჭარის მთავრობას;

მუნიციპალური/რესპუბლიკური პროექტის დაფინანსების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მთავრობა შესაბამის დოკუმენტაციას წერილობითი მიმართვით უგზავნის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადების მიზნით;

თუ ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, სამინისტროს წარდგინებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.

ასეთი ფონდის შექმნა აჭარის მთავრობამ გასული წლის ბოლოს დააანონსა. მაშინ მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას, მთავრობას, უმაღლესი საბჭოდან გადაგზავნილ შენისვნებში მიუთითეს, რომ ქედის მინიციპალიტეტისთვის გადასაცემი ტრანსფერის ოდენობა იყო ძალიან მცირე. აჭარის მთავრობის მაშინდელი პასუხი ასეთი იყო, რომ „აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შეიძლება შეიქმნას რეგიონში არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, საიდანაც სამომავლოდ შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტებისთვის დამატებით მოთხოვნილი პროექტების გათვალისწინება“.

მიმდინარე, 2017 წელს, მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერი რესპუბლიკურ ბიუჯეტში ასე გადანაწილდა:

  • ბათუმი – 35 000 000 ლარი;
  • ქობულეთი – 20 740 000 ლარი;
  • ხელვაჩაური – 4 827 350 ლარი;
  • შუახევი – 4 500 000 ლარი;
  • ხულო – 3 141 500 ლარი;
  • ქედა – 3 000 000 ლარი.

აჭარაში შესაძლოა მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი შეიქმნას 

რა პროექტები დაფინანსდება მუნიციპალიტეტებში აჭარის 2017 წლის ბიუჯეტიდან

ახალი მთავრობა ძველი პრიორიტეტებით – როგორ დგება აჭარის ბიუჯეტი 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: