მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს წევრი მშენებლობებზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს

22.03.2017 • 1672
ბათუმის საკრებულოს წევრი მშენებლობებზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს

ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე უსაფრთხოების წესების გამკაცრებას ითხოვს. ის მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კონტროლი უნდა გაამკაცროს.

მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე მას შემდეგ ისაუბრეს, რაც ბათუმის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ახალაძემ მშენებლობისთვის საზოგადოებრივი სივრცეების ათვისებაზე ტარიფების დაწესების შესახებ საკითხი წარადგინა.

„ … როდესაც კომპანია დაამთავრებს მშენებლობას, არ უნდა მიიღოს მერიამ ექსპლუატაციაში შენობა, ვიდრე მის მიერ დაზიანებულ ტროტუარს არ მოაწესრიგებს. არის ბევრი შემთხვევა, როცა სავალი ნაწილი არის დაზიანებული.

გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს სტანდარტი, რა ზომებში და როგორი მასალით უნდა იყოს სამშენებლო მოედანი შემოსაზღვრული. დღეს ვისაც როგორ უნდა ისე აქვს გაკეთებული, ზოგიერთს თუნუქი აქვს გამოყენებული, ზოგს სხვა მასალა, ესთეტიკური მხარე საერთოდ არ არის დაცული.

არის ბანერის პრობლემაც, განთავსებიდან ცოტა ხანში ბანერი მზისგან ხუნდება, სველდება და ფუჭდება, მის განახლებას კი დეველოპერს არავინ სთხოვს. სამშენებლო მოედანს ხშირად არ აქვს დამცავი ჯებირები და განათებები. მკვეთრად განვსაზღვროთ, როგორი უნდა იყოს ღობე, კონსტრუქცია და უსაფრთხოების ზომები. ცოტა ხნის წინ ქუთაისში იყო შემთხვევა, როცა ადამიანი იმსხვერპლა მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა ქვამ. ვიზრუნოთ იმაზე, რომ მსგავსი შემთხვევებისგან დაცული ვიყოთ“, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა სხდომაზე.

დღეს კომისიის სხდომაზე სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელეს, მათ შორის ერთ-ერთი იყო განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი – ამ საკითხებს უფრო დეტალურად საკრებულო 24 მარტს დაგეგმილ სხდომაზე განიხილავს.

გადაბეჭდვის წესი