მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის კიდევ ერთი წაგებული პროცესი უკანონოდ გათავისუფლებული ქალის წინააღმდეგ

21.03.2017
აჭარის მთავრობის კიდევ ერთი წაგებული პროცესი უკანონოდ გათავისუფლებული ქალის წინააღმდეგ

აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოს დაცვის სამმართველომ კიდევ ერთი სასამართლო დავა წააგო ქალის წინააღმდეგ, რომელიც 2014 წელს უკანონოდ გაათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლითაც სამმართველო სასამართლოს მიერ სამსახურში აღდგენილი თანამშრომლისთვის გადახდილი განაცდურის ნაწილის უკან დაბრუნებას ითხოვდა.

საუბარია 2014 წელს მომხდარ ინციდენტზე, როცა გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ფეხმძიმე ქალი, დაცვის ნაცვლად სამსახურიდან გაათავისუფლა. „უღირსი საქციელი“ და „საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია“, – ეს „ბრალდებები“ ვახტანგ წულაძის მიერ გამოცემულ გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომელიც სამივე ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია.

„სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ ზოგმა მოიგოს, ზოგმაც – წააგოს“, – ასე შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილება ვახტანგ წულაძემ. აჭარის მთავრობას არ ჰქონია რეაქცია მის დაქვემდებარებაში არსებული უწყების ხელმძღვანელის უკანონო გადაწყვეტილებებზე, არც იმაზე, რომ ამის გამო ბიუჯეტიდან განაცდურის ასანაზღაურებლად დაახლოებით 20 ათასი ლარი დაიხარჯა.

სასამართლოში ზედიზედ წაგებული პროცესების შემდეგ ვახტანგ წულაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა „ქართული ოცნებიდან“.

გარემოს დაცვის სამმართველო ამჯერად აღსრულების ეროვნულ ბიუროს ედავებოდა. მიიჩნევდა, რომ ამ უწყებამ დაახლოებით 2 300 ლარი ზედმეტად ჩამოაჭრა სამსახურში აღდგენილი თანამშრომლის განაცდურისთვის. ეს სხვაობა ახალმა სახელფასო განაკვეთმა გამოიწვია, რადგან ფეხმძიმე ქალის უკანონოდ გათავისუფლების შემდეგ, ვახტანგ წულაძემ მისი სამუშაო ადგილიც გააუქმა.

„იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ იზრუნოს დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე, ის ისევ ცდილობს კონფლიქტის გაღვივებას და კიდევ უფრო მეტი ზიანი ადგება გარემოს დაცვის სამმართველოს იმიჯს“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში უკანონოდ გათავისუფლებული ქალის ინტერესებს იცავს.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სასამართლოს დასაბუთების გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ არა კიდევ ერთხელ წაგებულ საქმეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: