მთავარი,სიახლეები

„ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ შრომითი უსაფრთხოება აუცილებელია“

22.03.2017 • 2964
„ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ შრომითი უსაფრთხოება აუცილებელია“

21 მარტს ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი 63 წლის მუშა გარდაიცვალა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში, მშენებლობებზე 350-მდე ადამიანი დაიღუპა. სახელმწიფო კი ევროკავშირის და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების რეკომენდაციების მიუხედავად, კანონმდებლობას არ ცვლის. ვინ უფრო პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის, – ადამიანი თუ ინვესტორი? ამ თემაზე „ბათუმელებთან“  აჭარის მშენებელთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი,  იაშა გურგენიძე საუბრობს.

იაშა გურგენიძე

იაშა გურგენიძე

ბატონო იაშა, მშენებლობებზე დაღუპული მუშების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ხელისუფლება  არ აპირებს საკანონმდებლო ნორმების შემოღებას, რომელიც უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნის მშენებლებისთვის, რაში ხედავთ თქვენ გამოსავალს?

ჩვენ გვაქვს ამ პრობლემის მოგვარების რეცეპტი, მაგრამ მთავრობა  ჯიუტად ინარჩუნებს  პოზიციებს. შრომის კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს და დაემატოს ის პუნქტი,  რომელიც 2003 წელს იქნა ამოღებული კანონმდებლობიდან, უნდა შეიქმნას  შრომის ტექნიკური უსაფრთხოების მაკონტროლებელი ორგანო,  შრომის სახელმწიფო ტექნიკური ინსპექცია.

რატომ ეწინააღმდეგება მთავრობა ამ ნორმის კანონში შეტანას, არ არის მისი ინტერესი, რომ ადამიანების სიცოცხლე დაცული იყოს სამშენებლო ობიექტებზე?

ბიზნესმენები კატეგორიული წინააღმდეგები არიან და იმიტომ. მათი აზრით, შრომითი ინსპექციის შემოღება მათთვის დამატებით ბარიერს შექმნის მშენებლობის სისტემაში. მათ აწყობთ სრული თავისუფლება. მუშას მათ თვალში ფასი არ აქვს და არც სახელმწიფო არ არის დაინტერესებული.

გამოდის, რომ სახელმწიფო ბიზნესის მხარეს უფრო დგას, ვიდრე მოქალაქეების?

ასე გამოდის. ევროპარლამენტმა 2001 წელს მიიღო სამხრივი კომისიის დადგენილება, რომელიც საქართველომ გადმოიტანა 2014 წელს, თუმცა ეს სამხრივი კომისია არის სარეკომენდაციო ხასიათის და თუ იქნება დამსაქმებლის კეთილი ნება,  კომისიას შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს.

მშენებლობებზე დაღუპულ პირთა სტატისტიკა საგანგაშოა, ამიტომ როგორ ფიქრობთ, რა ბერკეტი უნდა გამოიყენოს საზოგადოებამ იმისთვის რომ, სახელმწიფოსთვის ადამიანი  პრიორიტეტი გახდეს?

ბოლო ათი წლის განმავლობაში 370 კაცი დაიღუპა მშენებლობებზე და 750-მდე დასახიჩრდა.  ამ საქმეში ჩარეულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო პროფკავშირები, აშშ-ს თავისუფალი პროფკავშირები და კონგრესზეც განიხილეს თავის დროზე ეს საკითხი, მაგრამ  ხელისუფლება მაინც ჯიუტად ებღაუჭება და არ უნდა საკანონმდებლო ცვლილება.   სახელმწიფო უფრო დაინტერესებულია იმით, რომ  მეტი ინვესტიცია შემოვიდეს და მეტი მშენებლობა იყოს.

მუშების უსაფრთხოების დაცვა რაში უშლის ინვესტიციების შემოსვლას ხელს?

იმაში, რომ სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობა გაიზრდება.  გარდა ამისა, ტექნიკური უსაფრთხოებისთვის მეტი ფინანსური რესურსი უნდა დაიხარჯოს, – აივნები უნდა შემოიღობოს ფერადი ლენტებით, კიბის უჯრედები, შახტები უნდა შემოიღობოს, მუშას უნდა მიეცეს სპეციალური ფორმა, მუზარადი, ღვედი – ამ ყველაფრის ეკონომიას აკეთებენ მშენებლები. ბათუმში იუსტიციის სახლთან რომ ახალი კორპუსი შენდება, მხოლოდ იქ არის ტექნიკური ნორმები შედარებით დაცული. დანარჩენი, ასამდე ობიექტია, უამრავი ვიდეომასალა გვაქვს ამის და არც ერთ მშენებარე კორპუსზე არც აივანია შემოღობილი, არც კიბის უჯრედი და შახტებია დაცული.

ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ შრომითი უსაფრთხოება აუცილებელია და ეს პატარა მუხლი უნდა შეიტანოს კანონში. სხვა შემთხვევაში მარტო ის დაგვრჩევა, რომ ვითვალოთ გვამები ყოველ წელს, რამდენი ადამიანი დაიღუპება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: