არსებობს თუ არა შესაბამისი ტექნიკა ბათუმში მაღლივ კორპუსებში ხანძრის ჩასაქრობად

ბათუმში დღევანდელმა ხანძრის შემთხვევამ, როგორც თვითმხილველები ამბობენ, აჩვენა, რომ ქალაქში სახანძრო უსაფრთხოება ბოლომდე დაცული არ არის, ხოლო სახანძრო სამსახურს საკმარისი შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა არ გააჩნია.

მოქალაქეები შიშობენ, რომ 10 და უფრო მაღალ სართულებზე ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ცეცხლის ლოკალიზება სპეცტექნიკის არარსებობის გამო გაჭირდება, ან შეუძლებელი იქნება. თვითმხილველთა თქმით, დღეს მეხანძრეებს არ ჰქონდათ რაციაც კი, ერთმანეთისთვის ინფორმაცია რომ გაეცვალათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს [რომელშიც შედის სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამმართველო] პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს სახანძრო სამსახურს დამატებით ტექნიკა ბათუმის პორტისგან არ უთხოვია [ითქვა, რომ სახანძრომ პორტს სთხოვა ტექნიკა, რის სანაცვლოდაც პორტმა 15 ათასი ლარი მოითხოვა – ავტ]: „მსგავსი რამ არ ყოფილა. ზოგადად, მასშტაბურ ხანძრებში ერთვება აეროპორტის სახანძრო  ერთეული. ოღონდ, ეს ჩადებულია ხელშეკრულებაში. ასეა თუნდაც ნავთობბაზაშიც, იქ რომ რამე მოხდეს, ჩვენ გავდივართ. ერთეული შემთხვევების დროს კი არ ვურეკავთ რომ მოდით, არამედ ორმხრივი ვალდებულება გვაქვს, იმათაც და ჩვენც“.

რაც შეეხება სპეცტექნიკას, პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში არის ორი კიბე, რომლებიც გათვალისწინებულია მაღალსართულიანი შენობებისთვის და ეს რაიმე დაბრკოლებას არ ქმნის: „ჩვენ, მე-20 სართულზეც რომ გვქონდეს, ვთქვათ, ხანძრის შემთხვევა, ჩავაქრობთ დაბრკოლების გარეშე… ახალი ტენდენციიდან გამომდინარე, როცა მაღალი კორპუსები შენდება, სააგენტოც ითვალისწინებს ამას და ხდება აღჭურვილობის განახლებაც. გასულ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით ახალთ-ახალი აღჭურვილობა დაურიგდათ… წინა წლებისგან განსხვავებით არანაირი პრობლემა არ აქვთ აღჭურვილობის მხრივ. მთელ ქვეყანაში, მათ შორის ბათუმშიც, ყველა დანაყოფს ახალი აღჭურვილობა და ფორმები დაურიგდა“.

დღეს, 27 მარტს, დილით ბათუმში, ოძელაშვილის ქუჩის 11 ნომერში მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი კორპუსის სახურავზე გაჩნდა და  სახურავის 80% გაანადგურა. ხანძრის დროს, ერთ-ერთი მეხანძრე – გია დოლიძე დაშავდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე აღძრულია და გამოძიება სს კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.


ამავე თემაზე:

სასტუმროები უსაფრთხოების ნორმების გარეშე

სახალხო დამცველი: სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ტრაგედიების თავიდან აცილებისაკენ

ბათუმში მეხანძრე-მაშველის დღე აღნიშნეს [ფოტო]

სულხან ღლონტი: ეს იქნება დადგმული ფოტოები, განათებით და მსახიობებით

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სულხან ღლონტი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ ფოტომასალასთან და ახალ ვებგვერდთან დაკავშირებით მან კომენტარი ერთხელ უკვე გააკეთა, „თუმცა ნაციონალური მოძრაობა“ ბრიფინგებს მაინც მართავს“.

„ეს იქნება დადგმული, აჭარის დაცული ტერიტორიების, ეროვნული პარკების საუკეთესო სავიზიტო ფოტოები, თავისი განათებით, მსახიობებით, ქართული სუფრით ან ფოლკლორით, ან სპეციალური ლანდშაფტის შექმნით და ა.შ. რომლის რეალური ღირებულება სამჯერ უფრო ძვირია. მათ შორის, იქნება საბანერო და საჟურნალო ფოტოებიც, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის უნდა იყოს. მსგავსი ფოტოების ღირებულება ზოგან არის 1000 ლარი და უფრო მეტი. ამ ფოტოებით აჭარა საუკეთესო მარკეტინგულ კამპანიაში მსოფლიოს 16 ქვეყანაში წარსდგება. ეს არის სტრატეგიული პროდუქტი, რომლის ბიუჯეტი მე დამხვდა, როცა ამ თანამდებობაზე დავინიშნე.

შესყიდვა მოხდება ელექტრონული ტენდერის მეშვეობით და ბუნებრივია, ფასი ის არ იქნება, რაც ბიუჯეტშია მითითებული. ფასი დაიკლებს. ტენდერში კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას და ფიზიკური პირებიც“ – ამბობს სულხან ღლონტი.

რაც შეეხება ვებგვერდს, სულხან ღლონტის თქმით, ვებგვერდის მომსახურებაზეც ელექტრული ტენდერი გამოცხადდება, რაც მის ღირებულებას შეამცირებს.

ნაგავსაყრელი სალიბაურის სასაფლაოზე (ვიდეო)

სალიბაურის სასაფლაოზე პირდაპირ საფლავების გვერდით მოქალაქეები ყრიან როგორც სამშენებლო ნარჩენებს [საფლავების მოპირკეთების შემდეგ], ისე სხვა სახის ნაგავს. სასაფლაოს გვერდით ჩამოედინება პატარა მდინარე, რომელიც ასევე ნარჩენებით არის დაბინძურებული.

სალიბაურის სასაფლაო ცოტა ხნის წინ გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახლახან შექმნილ აიპის. ამ აიპის ხელმძღვანელი ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ სასაფლაოს, ჯერჯერობით, ისინი ვერ აკონტროლებენ: „ახლა ეს სასაფლაო არის 4,5 ჰექტარი. მიდის სამუშაო ანამატზე, ანუ სასაფლაო უნდა გაიზარდოს 9 ჰექტრამდე, რადგან პატარაა. მე არ მყავს არც ერთი თანამშრომელი, რომელიც გააკონტროლებს სალიბაურის სასაფლაოზე სიტუაციას“.

სასაფლაოეს გვერდით ჩამოედინება პატარა მდინარე, რომელიც ნარჩენებით არის დანაგვიანებული
სასაფლაოეს გვერდით ჩამოედინება პატარა მდინარე, რომელიც ნარჩენებით არის დანაგვიანებული

ჯუმბერ ბოლქვაძის თქმით, ახალშექმნილ აიპის ადმინისტრაციაში 9 ადამიანია დასაქმებული და ამ დროისთვის მასში  სულ 12 სასაფლაო შედის. აიპის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირველი აპრილიდან 18 კაცს დაასაქმებენ ხელშეკრულებით.

ასევე ჯუმბერ ბოლქვაძის ინფორმაციით, სამი თვის წინ მათთან იმყოფებოდნენ ბათუმის მეჩეთის წარმომადგენლები, რომლებმაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს სთხოვეს, რომ სალიბაურის სასაფლაო გადაეცათ მათთვის და თავად მოუვლიდნენ. „მაგენის თქმით, ვითომ ეს სასაფლაო ასლან აბაშიძემ გამოყო ზემოაჭარიდან ჩამოსახლებულებისთვის, მაგრამ ეს ასე არ არის, ეს არის საერთო სარგებლობის სასაფლაო. ჩვენ ჯამეს უარი ვუთხარით სასაფლაოს გადაცემაზე. ჯამეს წარმომადგენლები დაგვემუქრნენ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავენ სასაფლაოს გადაცემის თხოვნით“.

ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ სალიბაურის სასაფლაოს ტერიტორიის მონიტორინგი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ეს ტერიტორია თვისი ანამატებით საჯარო რეესტრში აისახება, როგორც მათი საკუთრება.

ენმ: ტურიზმის დეპარტამენტი ერთ ფოტოში 300 ლარს გადაიხდის

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნინო ჯინჭარაძემ, დღს, 27 მარტს გამართულ ბრიფინგზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის არამიზნობრივ ხარჯვაზე ისაუბრა.

ნინო ჯინჭარაძის განცხადებით, აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ერთი ფოტოს გადაღებაზე 300 ლარის დახარჯვას აპირებს, რაც მისი თქმით, არამიზნობრივი ხარჯია.

„ერთი ფოტოს გადაღებაზე 300 ლარი, ხოლო, მთლიანობაში 15 ათასი ლარი დაიხარჯება.  ეს არის არარეალური ხარჯი, რადგან ბიუჯეტიდან ერთი ფოტოს გადასაღებად ამხელა თანხა არ უნდა იხარჯებოდეს“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

მისი თქმით, ტურუზმის დეპარტამენტის ვებ-გვერდი „GO BATUMI.COM“- ის სახით უკვე არსებობს, თუმცა ბიუჯეტში ახალი ვებგვერდის შესაქმნელად მაინც არის თანხები გათვალისწინებული.

„ახალი ვებგევრდის შესაქმნელად ისინი 30 ათასი ლარის დახარჯვას აპირებენ. ეს არის ხალხის ფული, რომელიც არამიზნობრივად არ უნდა დაიხარჯოს“ – ამბობს ის.

ენმ-ს წარმომადგენელის თქმით, არამიზნობრივ ხარჯებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბიუჯეტის განხილვის დროსაც მისცეს ხელისუფლებას შენიშვნები, რაც არ გაუთვალისწინებიათ. „ეს კი ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ შეთანხმებებს“ – ამბობს ნინო ჯინჭარაძე.


ამავე თემაზე:

45 ათასი ლარი ფოტოებისა და ვებგვერდისთვის – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტენდერს გამოაცხადებს

8 წელი უვადო პატიმრობის ნაცვლად

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ედუარდ მ.-ს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მეთადონის შეძენა და საზღვარზე შემოტანა დაუდასტურდა. ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი 8-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სხდომის დასაწყისში მოსამართლე დაინტერესდა, შედგა თუ არა საპროცესო შეთანხმება.

„შეთანხმება არ შედგა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მას ისევ დავუბრუნდეთ,“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა დავით კეკელიძემ.

ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მსჯავრდებულმა დაკავებისთანავე აღიარა ჩადენილი დანაშაული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ოჯახში მხოლოდ მოხუცი დედა ჰყავს, ვისი ერთადერთი მარჩენალიც არის ედუარდ მ.

ედუარდ მ. გასული წლის 27 დეკემბერს დააკავეს ბათუმის [„მეტროს“] ავტოსადგურში, როცა ის თურქეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა.

„ჩვენ წარმოვადგინეთ ჩხრეკის ოქმი, ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება დანაშაულის ჩადენის ფაქტი. იმედი მაქვს, გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი,“ – თქვა პროკურორმა ადილარ წირღვავამ.

თავად მსჯავრდებულმა მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებამდე ამ სიტყვებით მიმართა: „ვაღიარებ, ვინანიებ და იმედი მაქვს, სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანთ“.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ახსნა, რატომ გამოიყენა სასჯელის ყველაზე მსუბუქი ფორმა:

„მეთადონი არ მიეკუთვნება მძიმე ნარკოტიკული საშუალებების კატეგორიას, ის არაა ოპიუმის ჯგუფის და, ძირითადად, ჩანაცვლებითი პროგრამისთვის გამოიყენება“.

ედუარდ მ. წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი ნარკოდანაშაულისთვის.

„იმედი მაქვს, მიმართავთ პრეზიდენტს შეწყალებისთვის და ვადაზე ადრე დატოვებთ დაწესებულებას,“ – მიმართა მოსამართლემ მსჯავრდებულს, ვიდრე მას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაიყვანდნენ.

ენმ: „ბათუმის კულტურის ცენტრმა“ 107 ათასი ლარი არამიზნობრივად დახარჯა

დღეს, 27 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ენმ-ს წევრის, ნოდარ დუმბაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ბათუმის მერიის აიპის, „ბათუმის კულტურის ცენტრის“ მიერ, 2015 წელს გამართულ ღონისძიებაზე „ჰიტ ბათუმი“, არამიზნობრივად 147 ათასი ლარი დაიხარჯა.

დასკვნის მიხედვით, რომელიც ენმ-ს წევრებმა ბრიფინგზე წარმოადგინეს,  არამიზნობრივად გაფორმდა გარკვეული ხელშეკრულებები.

მაგალითად, დასკვნის მიხედვით, „ბათუმის ჩოგბურთის ტერიტორიაზე ღონისძიების ჩატარების დროს, დაცვის მომსახურებისთვის, ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან არამიზნობრივად არის გაწეული 19 200 ლარი;

„ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ფუნქციონირებდა  ღია კაფე-ბარები, სადაც განთავსებული იყო სარეკლამო ხასიათის ინფორმაცია, თუმცა აღნიშნული საქმიანობიდან „ბათუმის კულტურის ცენტრს“ შემოსავალი არ მიუღია“ – წერია დასკვნაში.  ენმ-ს წარმომადგენლების თქმით, საუბარია დაახლოებით 100 000 ლარზე, რომელიც სარეკლამო მომსახურებიდან უნდა შემოსულიყო“.

დასკვნაში ასევე წერია: „ბათუმის კულტურის ცენტრმა“  ბაზრის კვლევის გარეშე 2 მილიონ 641 321 ლარის ღირებულების 55 ერთეულის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა 2015 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებების მომსახურებაში, სადაც ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ. 84 ათასი 250 ლარის გასართობი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები არ მოიცავს გასაწევი მომსახურების შინაარსს, აგრეთვე, საკონცერტო პროგრამა და ხანგრძლივობა“.

დასკვნის მიხედვით, ბათუმის კულტურის ცენტრმა 29 ათას 177 ლარი ბიუჯეტში უნდა დააბრუნოს.


ამავე თემაზე:

დიდი და მცირე სცენის დაკარგვა-გადამალვის რისკები ბათუმის მერიაში 

„ჰით ბათუმის“ შედეგები 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში – პარლამენტი 3 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, 2017 წლის 26-29 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზებისთვის პარლამენტი 3 მილიონი ლარის ფარგლებში პირდაპირ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.

3 000000„განსახილველი ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე ტენდერის გამოცხადების და ერთ-ერთის ჩაშლის შემთხვევაში საფრთხის წინაშე დადგება მაღალი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების ჩატარება საქართველოში, რაც ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლისათვის იქნება შეფერხება“ – აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში, ამასთან, „დღემდე მიმდინარეობს დამატებითი მნიშვნელოვანი დეტალებისა და მოთხოვნების დაზუსტება, რაც სავარაუდოდ უნდა დაზუსტდეს 2017 წლის აპრილის შუა რიცხვებში. შესაბამისად წინასწარ შეუძლებელი იქნებოდა შესყიდვის ობიექტების სრულად და დეტალურად განსაზღვრა“.

პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილების მისაღებად მოწვეულია 600-მდე სტუმარი. ღონისძიების ჩატარებისთვის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს მოთხოვნების შესაბამისად, საჭიროა ადგილის გამოყოფა შესაბამისი ინფრასტრუქტურით:

  • 1 დიდი ზომის პლენარული სხდომის დარბაზი პლენარული სხდომისა და კომიტეტების სხდომების ჩასატარებლად (არანაკლებ 600 პერსონაზე),
  • 2 საკომიტეტო დარბაზი კომიტეტების სხდომებისა და პოლიტიკური ჯგუფების შეხვედრების ჩასატარებლად (არანაკლებ 150 პერსონაზე).
  • დარბაზები აღჭურვილი ავეჯით, აუდიო-ვიდეო და ქსელური სისტემებით;
  • 25-მდე სამუშაო საოფისე სივრცე შესაბამისად აღჭურვილი ავეჯით, აუდიო-ვიდეო და ქსელური სისტემებით.
  • ასევე მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრებისათვის აუცილებელი მომსახურებები.

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია არის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც წლის განმავლობაში ორჯერ იმართება სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველო იქნება მე-6 ნატოს არაწევრი ქვეყანა, რომელშიც გაიმართება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია.

ღონისძიებაზე მოწვეულია 50-ზე მეტი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, მათ შორის – 28 ნატოს წევრი ქვეყნის, ასოცირებული 12 წევრი ქვეყნის, რეგიონული პარტნიორი და ხმელთაშუა ზღვის ასოციაციის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები. ღონისძიების მონაწილეებს, პლენარულ სხდომაზე, სიტყვით მიმართავს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი სამუშაო დღე, 26 მაისი, ემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავს. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, თბილისში დაგეგმილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია, მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მატარებელია. ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის პოპულარიზაციას,“ – აღნიშნულია შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

3 მილიონამდე ლარის მომსახურების ტენდერის გარეშე, გამარტივებულ შესყიდვაზე, შესყიდვების სააგენტომ საბოლოო პასუხი პარლამენტს მიმდინარე წლის 30 მარტამდე უნდა გასცეს.

ბათუმში ევროკავშირის დროშები აღმართეს

დღეს, 27 მარტს, ბათუმის პორტში, ელეტროგანათების ბოძებზე და ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს დროშებთან ერთად ევროკავშირის დროშებიც აღმართეს.

დროშების აღმართვა უკავშირდება ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას, რომელიც ოფიციალურად ხვალ, 28 მარტიდან ამოქმედდება.

უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში 90 დღით შეუძლიათ დარჩენა.

ბათუმის ნავსადგურში, ევროპაში უვიზო მიმოსვლასთან დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის დროშები აღმართეს.
ბათუმის ნავსადგურში, ევროპაში უვიზო მიმოსვლასთან დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის დროშები აღმართეს.

17505293_1409230242470614_5401980521930631012_o

შსს ძაღლებისთვის 17 ტონა მშრალ საკვებს შეიძენს

ზრდასრული ძაღლის მშრალი საკვების შესყიდვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. 17 000 კილოგრამ მშრალ საკვებში სამინისტრო მაქსიმუმ 132 ათას 600 ლარს გადაიხდის.

ტენდერში გამარჯვებულმა სამინისტროს, ცხოველის საკვები ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს, 2017 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში.

ცხოველის საკვების ტექნიკური მახასიათებლები:
• პროტეინი არანაკლებ – 25 % და არაუმეტეს – 30 %;
• ნედლი უჯრედანა (ბოჭკო)– არანაკლებ – 1.2 % და არაუმეტეს – 2.7 %;
• ცხიმი – არანაკლებ – 14 % და არაუმეტეს – 17 %;
• ვიტამინი A – არანაკლებ 13000 UI/kg და არაუმეტეს 23000 UI/kg;;
• ვიტამინი D3 – არანაკლებ 600 UI/kg და არაუმეტეს 1800 UI/kg;
• ვიტამინი E – არანაკლებ 100 მგ/კგ და არაუმეტეს 600 მგ/კგ;
• ნაცარი – არანაკლებ 5% და არაუმეტეს 8 %;
• საკვების შემადგენლობაში უნდა შედიოდეს არანაკლებ შემდეგი კომპონენტები: სპილენძი, რკინა, თუთია და იოდი.
• საკვები უნდა შეიცავდეს ცხიამიან მჟავას ომეგა-6-ს;
• საკვები განკუთვნილი უნდა იყოს ზრდასრული ძაღლებისათვის;
• უნდა იყოს „სუპერპრემიუმ“ კლასის;
• დაფასოებული უნდა იყოს წყალგაუმტარ პოლიეთილენის ტომრებში;
• ტომარაზე გარკვევით უნდა იყოს მითითებული ფირმის დასახელება და ვის მიერ არის წარმოებული, დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა. ამასთანავე, უნდა იყოს მითითებული საკვების შემცველობა, კვების ნორმები, საკვების კალორიულობის პროცენტის მაჩვენებლები, ცხიმი, მინერალები, ვიტამინები და სხვა.
•საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა განისაზღვრებოდეს არანაკლებ მისი ვარგისიანობის მთლიანი ვადის 70%-ისა [მთლიანი ვადა უნდა განისაზღვრებოდეს არანაკლებ 12 თვით].

ხანძრის დროს ერთ-ერთი მეხანძრე დაშავდა

დღეს, 27 მარტს, გამთენიისას, ბათუმში, ოძელაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის დროს ერთ-ერთი მეხანძრე გია დოლიძე დაშავდა.

„კვამლი ჩაყლაპა და პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია, ჟანგბადი ჩაასუნთქეს საავადმყოფოში და გამოუშვეს. ახლა თავს კარგად გრძნობს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სახანძრო სამსახურში.

დაშავებული მეხანძრე სახანძრო სამსახურში უკვე 20 წელია მუშაობს. „საკმაოდ გამოცდილი და კარგი მეხანძრეა“, – გვეუბნებიან სახანძრო სამსახურში.

ხანძრი ამ დილით ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა. დამწვარია შენობის სახურავის 80 პროცენტი.

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა [ვიდეო]

ბათუმში, ოძელაშვილის ქუჩის 11 ნომერში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დღეს, 27 მარტს, დილით ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი კორპუსის სახურავზე გაჩნდა. ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და დაშავებულები არ არიან.

„სახლის სახურავის თითქმის 80% დაიწვა. სახლზე, მეექვსე სართული, მანსარდა უნდა დაედგათ და ატანილი იყო სამშენებლო მასალები, რომელიც ხანძარმა გაანადგურა“ – გვითხრეს სახანძრო სამსახურში. მათივე ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად ბათუმის სახანძროს 13 ბრიგადა მუშაობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სს კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

17547345_1965478437004283_870541880_o
ხანძარი ოძელაშვილის ქუჩაზე / ბათუმი / 27.03.2017

17549023_1965478477004279_1650336216_o

რიგი სარფის საბაჟოზე [ფოტო]

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, თურქეთის მხარეს რიგია. მოქალაქეებს საათობით უწევთ რიგში დგომა, როგორც თურქეთში შესვლის, ასევე თურქეთიდან გამოსვლის დროს.

„ბათუმელები“ თურქეთის რესპუბლიკის საკონსულოს დაუკავშირდა ბათუმში, სადაც განაცხადეს, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებული რიგის მიზეზების შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ და ასეთი ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ საქართველოს საკონსულოში, რომელიც ტრაპიზონში მდებარეობს.

მოქალაქეები, რომლებიც დილიდან დგანან სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, აცხადებენ, რომ რიგები უკავშირდება თურქეთის მხარეს გამშვებ პუნქტზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს. მათივე თქმით, განსაკუთრებით დიდი რიგია საღამოს, როცა თურქეთიდან იქ მომუშავე საქართველოს მოქალაქეები უკან ბრუნდებიან.

გამშვები პუნქტი, სარფი, 26.03.2017 / ეკა ბარამიძის ფოტოები
გამშვები პუნქტი, სარფი, 26.03.2017 / ეკა ბარამიძის ფოტოები

17504398_1305234382905598_4939618351669745868_o

 

ბათუმში ქალს ავტომანქანა დაეჯახა

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში,  ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში, მსუბუქი ავტომანქანა ქალს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით 30-35 წლის ასაკის ქალი „ქალა-ტვინის  დახურული დაზიანებით და მოტეხილობით, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც მიყვანისთანავე გარდაიცვალა“.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

შსს ინფორმაციით, მძღოლი არ მიმალულა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცალა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცალა

„ეს ტექსტი დიაგნოზია რექტორთა საბჭოსი და მთელი განათლების სისტემის“

2017 წლის 15 მარტს რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაშიც ესწრებოდა. მისი თქმით, სხდომის დღის წესრიგით საბჭოს უნივერსიტეტების ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის ვადებთან დაკავშირებული საკითხები უნდა განეხილა. ამავე სხდომაზე, როგორც მერაბ ხალვაში ამბობს, საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორმა შეიტანა განცხადების ტექსტი, რომელიც რექტორთა საბჭოზე წაიკითხეს. ეს განცხადება 24 მარტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა.

ტექსტში ვკითხულობთ:

„2017 წლის 15 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ვიცე-პრემიერის, ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას თავმჯდომარეობით გაიმართა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლების რექტორთა საბჭოს სხდომა.

რექტორთა საბჭომ მიიღო განცხადება

„რექტორთა საბჭო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას, მის საჭეთმპყრობელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდეს და უნეტარეს ილია II-ს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს.

საუკუნეთა მანძილზე საქართველოს ეკლესია უდიდეს როლს ასრულებდა და ასრულებს ქართველი ერის ცხოვრებაში. მისი როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო მკაფიო გახდა ბოლო 40 წლის მანძილზე, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობის დროს.

რექტორთა საბჭო შეშფოთებით ადევნებს თვალს, უკანასკნელ ხანს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიმართ განვითარებულ მოვლენებს და გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას, მისი მეთაურის  უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიმართ, ულოცავს მას ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, უსურვებს მრავალჟამიერ სიცოცხლეს.

რექტორთა საბჭო მოუწოდებს საზოგადოებას გამოიჩინონ სიფრთხილე და თავშეკავება, რათა თავიდან ავიცილოთ ეკლესიის შიდა პროცესებში საერო საზოგადოების უმართებულო ჩარევა, რექტორთა საბჭო  გამოთქვამს რწმენას, რომ  საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მისი მეთაურის უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის წინამძღოლობით ღირსეულად გაუმკლავდება არსებულ გამოწვევებს“.

რექტორთა საბჭოს სხდომაზე
რექტორთა საბჭოს სხდომაზე

საბჭოს სხდომას 70-მდე რექტორი ესწრებოდა.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელის, განათლების სპეციალისტის შალვა ტაბატაძის აზრით, რექტორთა საბჭოს მიერ ამ შინაარსის განცხადების გავრცელებას შეფასებაც კი არ სჭირდება: „რექტორთა საბჭოს მილიონი საქმე აქვს, რომელსაც ვერ აკეთებს და რაღაც განცხადებებს ავრცელებს, რომელიც მისი საქმე საერთოდ არ არის. როცა უმაღლესი განათლება ამ დღეშია, ეს განცხადება არის დიაგნოზი რექტორთა საბჭოს ფუნქციებისა და კომპეტენციის შესახებ.

განათლების მინისტრმა, რომელიც ამავე დროს ვიცე-პრემიერია, პოლიტიკური თავის გამოჩენის მიზნით გააკეთა ეს. რექტორთა საბჭო კი, რომელიც დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს და წესით სერიოზული ადამიანებით უნდა იყოს დაკომპლექტებული, მსჯელობს რაღაც საკითხზე, რომელიც მისი კომპეტენცია არ არის და მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის განათლების სისტემა ჭაობშია ჩაფლული“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, სისტემა, რომელიც სხვის დაწერილ ტექსტს უსიტყვოდ ეთანხმება [როგორც „ბათუმელებისთვის“ არის ცნობილი განცხადების ტექსტს ყველა რექტორმა დაუჭირა მხარი], რამდენად შეძლებს ძირეულ ცვლილებას განათლებაში? შალვა ტაბატაძე ამბობს: „მე არ ვიცი ვისია ტექსტი, ალბათ, იქნება ვიცე-პრემიერის ინიციატივა, მაგრამ სასაცილოა მინისტრიც და რექტორთა საბჭოც, რადგან ამ საბჭოს მიერ რაიმე რეფორმატორული, ინოვაციური განცხადება არავის მოუსმენია არასდროს. ამიტომაც არის სირცხვილი და დიაგნოზია რექტორთა საბჭოს, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი უმაღლესი განათლების ის განცხადება, რაც გააკეთეს“.

 

 

 

შსს: მოქალაქეებმა 50 ხელყუმბარა და სხვა საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ნინოწმინდისა და ახალქალაქის ხუთმა მცხოვრებმა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.

„სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1530 საბრძოლო ვაზნა, 4 კოჭა ტროტილი, 50 ხელყუმბარა, 2 გადაჭრილი თოფი, 1 პისტოლეტი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის 2 ფალია, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 6 მჭიდი, ხელყუმბარის 5 ფალია და 5 საკვამლე კოჭა.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან,“ – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფურტიოს, ყინჩაურს, კვატიასა და მიმდებარე სოფლებს დენის მიწოდება დროებით შეუწყდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის შეზღუდვების გრაფიკით, 27 მარტს, დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება 3391 აბონენტს ზემო აჭარის სოფლებში: ფურტიოში, ყინჩაურში, კვატიასა და მიმდებარე სოფლებში.

„ენერგო-პრო ჯორჯია“, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ელექტროენერგიის მიწოდებაში შეზღუდვებს წინასწარი გრაფიკით ახორციელებს, რასაც მიმდინარე სამუშაოებით ხსნიან. გრაფიკი კომპანიის ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ გრაფიკის გამოქვეყნებას მიმწოდებელს კანონი ავალდებულებს, თუმცა ხშირად არ არის დაკონკრეტებული არეალი, სადაც ამა თუ იმ დასახლებასა თუ ქუჩაზე რომელ აბონენტებს შეეზღუდებათ ელექტროენერგიის მიწოდება.

პოლიციელების ავტომანქანების დაწვაში ბრალდებულები დააკავეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ “ბათუმის აქციის საქმეზე” დაკავებულ სამ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მალხაზ ბერიძე, გოდერძი გორგილაძე და შალვა ფევაძე პოლიციელებმა გუშინ, 24 მარტს დააკავეს. სამივეს ქვებისა და “მოლოტოვის კოქტეილების” სროლის გარდა კონკრეტულად პოლიციელების ავტომანქანების განადგურება ედება ბრალად.

“მე იმ დღეს სულ სხვა ტანსაცმელი მეცვა და არა ის, რაც აქ წერია… აშკარად რაღაც აერიათ,” – უთხრა მოსამართლეს გოდერძი გორგილაძემ. მისი ინტერესების დამცველი აღმკვეთის შეფარდების პროცესს არ დასწრებია.

სასამართლო დარბაზში მყოფმა სამივე პროკურორმა სამივე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. აქცენტი ერთ-ერთ ბრალდებულზე, გოდერძი გორგილაძეზე გაკეთდა, რომელიც აქამდეც ყოფილა ნასამართლევი ნარკოდანაშაულზე, თუმცა ეს ნასამართლეობა, როგორც ადვოკატი ამბობს, ბრალდებულს უკვე გაქარწყლებული აქვს. პროკურორებმა თქვეს, რომ აქციის საქმეზე ჯერ კიდევ დასაკითხია რამდენიმე თვითმხილველი და მათზე შესაძლოა ზეწოლა განახორციელონ ბრალდებულებმა, თუკი ისინი პატიმრობაში არ დარჩებიან.

ბრალდებულებს მოსამართლემ განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. ამ სასჯელს ითვალისწინებს პოლიციელებსა და საჯარო უწყებების მიმართ თავდასხმა.

“რატომ უნდა გაუშვათ ციხეში ბრალდებულები, იმიტომ, რომ ორმა პოლიციელმა დაწერა ცრუ ჩვენება?” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ. მან მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ სხვა, უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულებიც კი გაუშვია სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ.

ადვოკატმა მზია დიასამიძემ კი პროკურორებს “აჭარის ტელევიზიასთან” საპროტესტო აქციაზე წლების წინ დაკავებულების საქმე გაახსენა: “მათაც ბრალი დასდეთ მასობრივ არეულობაში, მაგრამ შემდეგ სახელმწიფოს მოუხდა იმის აღიარება, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან”.

პროკურორმა რამაზ შავაძემ ადვოკატს უპასუხა: “თქვენ ხომ არ იყავით ის ადვოკატი, ვინც პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას ითხოვდა ამ საქმეზე?”.

“იძულებული გახდნენ ეს ადამიანები საპროცესოს დათანხმებულიყვნენ”, – თქვა ადვოკატმა მზია დიასამიძემ.

ამ დროს ორივე მხარე მოსამართლემ გააჩერა: “ეს პოლიტიკური მსჯელობის ნაწილია. დღეს განსახილველ საკითხს ეს არ ეხება…”

ადვოკატების ინფორმაციით, შალვა ფევაძე დედისერთაა და მისი მშობლები ავად არიან. შალვა ბათუმის საზღვაო აკადემიაში სწავლობს.

ბათუმში ცხოვრობს ბრალდებული მალხაზ ბერიძეც. ის ერთ-ერთ მარკეტში მუშაობს და წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა.

11-12 მარტის აქციის შემდეგ პროკურატურამ კიდევ 16 პირს წაუყენა ბრალი. მათგან 15 მოსამართლე დავით მამისეიშვილმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა, ხოლო ერთი არასრულწლოვანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

IMG_20170325_170151

 

ზურაბ პატარაძე პარლამენტში ავტოკეფალიის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციას დაესწრო.

კონფერენცია პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა, რომელმაც  საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამშობლოსადმი ერთგულების და სამშობლოსადმი თავგანწირვის მაგალითი ეკლესიის მრავალმა საჭეთმპყრობელმა და სულიერმა მამამ მოგვცა და დღეს გვაქვს პატივი, ვიყოთ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის თანამედროვენი“-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ზურაბ პატარაძე ფეისბუკის ოფიციალური გვერდით ავრცელებს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

კონფერენცია გუშინ, 24 მარტს გაიმართა.

პარლამენტში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია
პარლამენტში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

 

ბსუ-ში ფრანკოფონიის კვირეული დაიხურა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკოფონიის კვირეული  დაიხურა. კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტს საფრანგეთის საელჩოს ატაშე სამეცნიერო და საუნივერსიტეტო დარგში, ტერი ბურტე და ფრანგული ინსტიტუტის ლინგვისტური და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი ქეთევან ქურციკიძე სტუმრობდნენ. მათ ფრანგული ენის მნიშვნელობაზე, სასწავლო და სამეცნიერო თანამშრომლობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, „პროექტი მიზნად ისახავს ფრანგული ენის პოპულარიზაციას, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლებას, აბიტურიენტთა მოზიდვას, სტუდენტური ცხოვრების გამოცოცხლებას და ევროპულ პროექტებში ჩართულობას.

ფრანგული ენის დღეები მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად აღნიშნავს ფრანკოფონიის დღეებს სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით“.

ფრანკოფონიის ფარგლებში პირველ დღეს კალიგრაფიის რეგიონული კონკურსი ჩატარდა ფრანგულ ენაში, ნაჩვენები იყო ფრანგული ფილმი, გაიმართა ინტელექტუალური ვიქტორინა – „საფრანგეთის ცივილიზაცია“, მოეწყო საჯარო ლექცია  – “La mode se démode, le style jamais“, რომელიც სამოდელო სააგენტო „ნატალის“ წარმომადგენელმა ჩაატარა. ბოლოს კი რეგიონული ფრანგულენოვანი კონკურსის – “BONJOUR LA FRANCE” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

ფრანკოფონიის კვირეული ბსუ-ში 19 მარტს დაიწყო.

ფრაკოფონიის დღეები ბსუ-ში
ფრაკოფონიის დღეები ბსუ-ში

ბოტანიკურ ბაღში 70-მდე ჯიშის კამელია გამოიფინა

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა მიმდინარებს. გამოფენა 14:00 საათზე დაიწყო და დღეს, საღამომდე გაგრძელდება.

70-მდე ჯიშის მოყვავილე კამელია და ბაღში გამოყვანილი ჰიბრიდები, ბოტანიკური ბაღის ზედა პარკში, პანორამულ გადასახედზეა გამოფენილი.

დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, კამელიების ნერგები ადგილზე შეიძინონ.

კამელიების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, თითქმის ყოველ გაზაფხულს იმართება.

17434541_918450748297016_8604278114966681694_o

ევროპასთან უვიზო მიმოსვლის აღსანიშნავად ბათუმში ევროკავშირის დროშებს აღმართავენ

ბათუმში, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყების აღსანიშნავად, ღონისძიებები დაგეგმილი არ არის. ერთადერთი აქტივობა, რასაც აჭარის მთავრობა გეგმავს, ადმინისტრაციულ შენობებზე ევროკავშირის დროშების აღმართვაა.

„დროშების კუთხით შევუერთდებით, მაგრამ ცალკე რაიმე ღონისძიება დაგეგმილი არ არის. ყველა ადმინისტრაციული უწყების შენობის თავზე, სადაც აღმართულია საქართველოს ეროვნული დროშა, ევროკავშირის დროშაც აღიმართება.

რომ ყოფილიყო რაიმე კამპანია დაგეგმილი, სიამოვნებით ჩავერთვებოდით, თუმცა ასეთი რამ არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ დროშები აღგვემართა“- აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

თბილისში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყების აღსანიშნავად 26-27 მარტს, ღონისძიებებია დაგეგმილი. მთავრობის ინფორმაციით, ევროკავშირის დროშების აღმართვა ბათუმში 28 მარტს იგეგმება.

ბათუმის გამწვანების სამსახური 13 შტატის დამატებას ითხოვს

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი ლევან ჭანუყვაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სამსახურში 13 თანამშრომლის დამატება სურს.

მისი თქმით, ამჟამად, ლანდშაფტური მიმართულებით მხოლოდ სამი პირია დასაქმებული, რაც ეფექტური მუშაობისთვის საკმარისი არ არის.

„ჩვენ გვინდა, რომ გავაძლიეროთ ლანდშაფტური დაგეგმარება და ვითხოვთ 13 ადამიანის დასაქმებას, თუმცა, საკრებულო ჯერ-ჯერობით თანხების უქონლობის მოტივით, შტატების დამატებაზე უარს გვეუბნება.

ახლახანს დაგვიმატეს ფინანსები საზაფხულო მეურნეობისთვის, ამიტომ, ამ ეტაპზე ვერ გვიმატებენ შტატებს, თუმცა გვეუბნებიან, რომ როგორც კი ფინანსური საშუალება გამოჩნდება, 13  თანამშრომლის აყვანის შესაძლებლობა გვექნება“- ამბობს ლევან ჭანუყვაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა თანხაა საჭირო შტატების დასამატებლად,გამწვანების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ამჟამად ზუსტი მონაცემები არ აქვს:

„ციფრები მაქვს ქაღალდზე, ახლა ხელთ არ მაქვს ეს ინფორმაცია. თუ გვინდა, რომ ქალაქის თითოელი კუთხე-კუნჭული ლამაზად იყოს მოვლილი, რა თქმა უნდა ამ შტატების დამატება აუცილებელია“ – ამბობს ის.

 

“ბათუმის აქციის” კიდევ სამი მონაწილე დააკავეს

“ბათუმის აქციის” კიდევ სამი მონაწილე დღეს, 24 მარტს დააკავეს სამართალდამცველებმა. მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს ბათუმის საქალაქო სასამართლო 25 მარტს განიხილავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ სამივე მათგანს ბრალად ედება მასობრივი არეულობის მოწყობა, ასევე პოლიციელსა და საჯარო უწყებებზე თავდასხმა. შსს-ს ცნობით, სამივე ბრალდებული სრულწლოვანია და ისინი დღის სხვადასხვა მონაკვეთში დააკავეს.

“ბათუმის აქციის საქმეზე” პროკურატურამ სისხლის სამართლის წესით 16 პირი გასულ კვირას დააკავა. მათგან 15 ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა განაჩენის გამოტანამდე, ხოლო ერთი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

 

მოქალაქემ პატრულს სასამართლო დავა მოუგო

მოქალაქე ქეთი პაპავამ საპატრულო პოლიციას სასამართლო დავა მოუგო. ქეთი მიმდინარე წლის 13 იანვარს ქობულეთში დააჯარიმა საპატრულო პოლიციამ, როცა ის ბათუმიდან ოჯახთან ერთად სვანეთისკენ მიემგზავრებოდა. პატრულ-ინსპექტორის, დავით ბერიძის მიერ ხელმოწერილი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის ოქმის კანონიერებაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიღო. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ქეთი პაპავას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.

ქობულეთში 20 ლარით დაჯარიმებულმა ქეთი პაპავამ პატრულს მაშინვე მოსთხოვა წარმოედგინა დარღვევის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. „მითხრა, რომ სხვა ეკიპაჟმა დააფიქსირა დარღვევა, მას გადმოსცეს ინფორმაცია და მტკიცებულება არ ჰქონდა. თავი ძალიან შეურაცხყოფილად და დაუცველად ვიგრძენი, როდესაც პატრულ-ინსპექტორი უსაფუძვლოდ მადანაშაულებდა, თუმცა, სიტუაციის გამწვავება და შვილებისთვის საახალწლო განწყობის გაფუჭება არ მსურდა, ქვითარი ჩავიბარე“, – გვიყვება ქეთი პაპავა.

მოქალაქემ თავდაპირველად ჯარიმა საპატრულო პოლიციაში გაასაჩივრა, თუმცა საჩივრის დაკმაყოფილებაზე 22 თებერვალს უარი უთხრეს. ამის შემდეგ მიმართა სასამართლოს ქეთი პაპავამ.

„საწინააღმდეგო მტკიცებულება, გარდა პატრულ-ინსპექტორის ახსნა-განმარტებისა, წარმოდგენილი ვერ იქნა. ყოველგვარი ეჭვი კი პირის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს,“ – აღნიშნა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ.

რამდენად იცვლება სასამართლო პრაქტიკა, როცა აქამდე სასამართლო ძირითადად პოლიციელის ჩვენებას ეყრდნობოდა? – პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, რომელიც სასამართლოში ქეთი პაპავას ინტერესებს იცავდა, ამბობს, რომ დამოკიდებულება ბოლო პერიოდში შეიცვალა და სასამართლო შეჯიბრობითობის პრინციპზე აკეთებს აქცენტს. „მხოლოდ პოლიციელის ჩვენება აღარაა მთავარი მტკიცებულება მოსამართლისთვის“, – ამბობს პაატა დიასამიძე.

ქეთი პაპავა მოგებული სასამართლო პროცესის შემდეგ: „პირველ რიგში, მსურდა ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა. მინდა, რომ მიუხედავად დღევანდელი მოუცლელი ცხოვრების რეჟიმისა, მოსახლეობას არ დაეზაროს და გაასაჩივრონ უსაფუძვლო ჯარიმები. ვიმედოვნებ, საპატრულო სამსახური მეტად გადახედავს მუშაობის სტილს და შედეგად უკეთ მოამზადებს ან გადაამზადებს თანამშრომლებს. შედეგად კი, დაიბრუნებენ მოქალაქეთა ნდობასა და კეთილგანწყობას, რაც დროთა განმავლობაში იკარგება.“

სამართალდარღვევის საქმეზე ნებისმიერი დავა სასამართლოში უფასოა.

„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში და სარჩელი ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ

„აჭარის ტელევიზიის“ მმართველთა საბჭოს უკვე ყოფილი წევრი, ირაკლი ბარამიძე ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებს. მიზეზი გათავისუფლების ბრძანებაა, რომელსაც ნათია კაპანაძემ ხელი უკვე მოაწერა. ირაკლი ბარამიძე ამბობს, რომ დირექტორი მას განცხადების დაწერას აიძულებდა. გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, „აჭარის ტელევიზიის“ ოპერატორმა ტელევიზიის სტიკერიანი ვიდეო კამერით ერთ-ერთ ქორწილი გადაიღო, რაც გახდა ირაკლი ბარამიძის გათავისუფლების საფუძველი.

„იმ დღეს ოპერატორი მინდია მალაყმაძე თავის საქმეზე მიდიოდა მწვანე კონცხზე, ქორწილის გადასაღებად. მე ვთხოვე ტელევიზიის კამერაც წაეღო და არტი გადაეღო. მითხრა, რომ მოასწრებდა ორივეს ერთად…“, – ამბობს ირაკლი ბარამიძე, რომელიც ტელევიზიაში მიმდინარე მაუწყებლობას ხელმძღვანელობდა და შედიოდა მმართველთა საბჭოში. საბჭო ტელევიზიის დირექტორის საკონსულტაციო ორგანოა.

ქორწილის ტელევიზიის კამერით გადაღებაზე ადმინისტრაციული წარმოება ტელევიზიის ადმინისტრაციას 25 თებერვალს დაუწყია. დადგინდა, რომ საინფორმაციო სამსახურის ოპერატორმა, მინდია მალაყმაძემ ირაკლი ბარამიძესთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე გაიტანა ვიდეო კამერა ტელევიზიიდან.

ნათია კაპანაძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ადმინისტრაციული მოკვლევით რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა, მაგალითად, ის, რომ ირაკლი ბარამიძე არ იყო უფლებამოსილი რომელიმე თანამშრომლისთვის მიეცა კამერის გატანის უფლება; მინდია მალაყმაძე საინფორმაციო სამსახურის ოპერატორია და ის არ უნდა წასულიყო არტის გადასაღებად. გარდა ამისა, ქორწილის დღე ოპერატორისთვის არასამუშაო დღე იყო.

„ტელევიზიის კამერა ქორწილებს ვერ იღებს“, – ირწმუნება ირაკლი ბარამიძე. მისი თქმით, ოპერატორმა საკუთარი კამერით გადაიღო ქორწილი, რომლის დასამუხტ აკუმულატორს ტელევიზიის სტიკერი ჰქონდა: „აბსურდია ეს ბრალდება. ყველამ იცის ტელევიზიაში, რომ მინდიას საკუთარი კამერა აქვს ქორწილისთვის. ტელევიზიის კამერით მაქსიმუმ ერთი საათი შეიძლება გადაიღო, რაც ქორწილისთვის საკმარისი არ არის“.

„ფაქტია, რომ ქორწილში მესამე პირებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ გადაღებას აწარმოებდა „აჭარის ტელევიზია“, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ტელევიზიის იმიჯს. სამწუხაროა, რომ ტელევიზიიდან კამერის ასე გატანა და ქორწილების გადაღება სხვა დროსაც მომხდარა“, – ამბობს ნათია კაპანაძე.

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი ხაზს უსვამს ირაკლი ბარამიძის პროფესიონალიზმს და მის მრავალწლიან გამოცდილებას ტელევიზიაში. თვლის, რომ შეთანხმების შემთხვევაში ირაკლი ბარამიძის ტელევიზიაში მუშაობის გაგრძელების შანსი ისევ არსებობ, თუმცა სამომავლო პოზიცია ვერ იქნება მატერიალურ-ტექნიკური ბაზების განკარგვასთან დაკავშირებული.

„ირაკლისთვის მე არ მომითხოვია განცხადების დაწერა. ის იყო მმართველთა საბჭოს წევრი და იცოდა, რომ ამ ფაქტის შემდეგ დისციპლინური პასუხისმგებლობა დადგებოდა მის მიმართ. მე მას ვუთხარი, რომ  ის ვეღარ იქნებოდა მმართველობით რგოლში, რადგან სანდოობა, რაც მე უნდა მქონდეს განსაკუთრებით საბჭოს წევრების მიმართ, დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. მმართველობითი რგოლის გარდა, მე შევთავაზე ნებისმიერი სხვა თანამდებობა, რაც მისთვის იქნებოდა სასურველი. ჩვენ დავშორდით ერთმანეთს იმ პირობით, რომ მოიფიქრებდა, რა კუთხით სურდა მუშაობა,“- ამბობს ნათია კაპანაძე.

ირაკლი ბარამიძე: „კატეგორიულად მოითხოვდა დამეწერა განცხადება წასვლაზე და მივიღებდი სხვა სამსახურს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საერთოდ დავტოვებდი სამსახურს… მე წამოვედი, რადგან გაუგებარი იყო რის გამო დამსაჯეს. საბჭოს სხდომაზე ვუთხარი ნათია კაპანაძეს, მომაწოდეთ დასაბუთება, რის გამო გამათავისუფლეთ-მეთქი და წამოვედი“.

ირაკლი ბარამიძის ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით ნათია კაპანაძე დასძენს: „მე მას ვთხოვე სხვა ფუნქციის თაობაზე მოეწოდებინა წერილობით მოსაზრება, რადგან მმართველთა საბჭოში წევრობა ვერ გაგრძელდებოდა ამ ფორმატში, როცა უფლებამოსილებების არასწორი გამოყენება მოხდა – არასწორი დავალების გაცემით“.

რატომ გაატანეთ კამერა ოპერატორს, როცა ეს თქვენი უფლებამოსილება არ იყო? – ამ კითხვაზე ირაკლი ბარამიძე გვპასუხობს, რომ დავალების მიცემა ყოველთვის შეუძლია თანამშრომლისთვის „ტელევიზიის სასიკეთოდ“.

რაც შეეხება ოპერატორ მინდია მალაყმაძეს,  ნათია კაპანაძის თქმით, მას ადმინისტრაციული სანქციის სახით ხელფასის 10 პროცენტს ჩამოაჭრიან.

 

 

 

დღეს ღამით რამდენიმე ქუჩას ბათუმში წყალმომარაგება შეუწყდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შპს „ბათუმის წყალი“ წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელზე გეგმიურ სამუშაოებს ასრულებს, რის გამოც 00:00 საათიდან, 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

?ლერმონტოვის ქუჩას – გორგასალიდან ჭავჭავაძემდე;
?ჰ. აბაშიძის ქუჩას – ფარნავაზ მეფიდან ჭავჭავაძემდე;
?ს. ხიმშიაშვილის ქუჩას – ჭავჭავაძიდან პუშკინამდე;
?ფარნავაზ მეფის ქუჩას – 26 მაისიდან სელიმ ხიმშიაშვილამდე;
?ფალიაშვილის ქუჩას.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ბათუმის წყალმა“ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია დროულად SMS შეტყობინების სახით მიაწოდა, თუმცა,  აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება გეგმიურ სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვოებითაც ნომერზე: (0422) 242222

 

ბათუმის მერის მოადგილის გამოხმაურება: „ქორეოგრაფიული ჯგუფი რუსეთში არ მიდის“

ბათუმის მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი გამოეხმაურა „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლის რუსეთში დაგეგმილ გასტროლთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გასტროლი დაგეგმილი არ ყოფილა. „ბათუმელებმა“ ინფორმაცია დღეს მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ბიუჯეტის ცვლილებების პროექტზე საკრებულომ იმსჯელა და დაამტკიცა.

„…როდესაც აიპი კულტურის ცენტრის რომელიმე შემოქმედებითი კოლექტივი გადაადგილდება საზღვარგარეთ, ამისთვის საჭიროა მერის ან მერიის რომელიმე კურატორის წერილობითი თანხმობა, რომელიც არ ყოფილა. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ იქედან გამომდინარე როგორი დამოკიდებულებაც გვაქვს ჩვენს „კეთილ“ მეზობელთან, რომელსაც ტერიტორიების ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული, ვიმსჯელეთ ბატონ გიორგი ერმაკოვთან და ერთხმად მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ჯგუფი რუსეთში არ მიდის. ეს გამგზავრება არც იგეგმებოდა.“

მერიამ გასტროლების შესახებ ბიუჯეტის ცვლილებების დღეს დამტკიცებულ პროექტში ჩაწერა რუსეთში გასტროლების შესახებ, რაზეც ალექსანდრე მითაიშვილი ამბობს: „ეს მხოლოდ პროცედურული საკითხია. ასეთ გადაწყვეტილებას სჭირდება მერიის წერილობითი თანხმობა ქორეოგრაფიული ჯგუფის გასტროლზე რუსეთში“.

მერის მოადგილემ განმარტა, რომ ბიუჯეტში ღონისძიების ასახვა და თანხის გათვალისწინება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ღონისძიება ნამდვილად შედგება. მერის მოადგილე არ გამორიცხავს იმასაც, რომ მისი ასახვა ბიუჯეტში მერთან შეთანხმებული არ ყოფილა.

ამონარიდი ბიუჯეტის პროექტიდან, სადაც შეტანილია ინფორმაცია დაგეგმილი გასტროლის შესახებ რუსეთში. ბიუჯეტი საკრებულომ დღეს დაამტკიცა.
ამონარიდი ბიუჯეტის პროექტიდან, სადაც შეტანილია ინფორმაცია დაგეგმილი გასტროლის შესახებ რუსეთში. ბიუჯეტი საკრებულომ დღეს დაამტკიცა.

ალექსანდრე მითაიშვილმა დღეს ისიც აღნიშნა, რომ კულტურის ცენტრის შემოქმედებით ხელმძღვანელს ანა სიხარულიძეს უფლებამოსილება არ ჰქონდა „ბათუმელების“ კითხვებზე ეპასუხა. მას ჩვენ მას შემდეგ მივმართეთ, რაც კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯონი საბაშვილმა ტელეფონს არ უპასუხა.

ანა სიხარულიძემ „ბათუმელების“ კითხვებს ოპერატიულად უპასუხა. ვიცე-მერი თვლის, რომ ანა სიხარულიძემ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. სწორედ ამიტომ „ბათუმელებმა“ ჰკითხა ვიცე-მერს დაეზუსტებინა, კომენტარის გაკეთების გამო ანა სიხარულიძეს პრობლემები ხომ არ შეექმნება სამსახურში, რაზეც ვიცე-მერმა განაცხადა, რომ – არა.

მორიგი ხე ზღვაში – ფოტოამბავი

24 მარტს აჭარის სანაპიროდან ბარჟით მორიგი ხე გადააქვთ. ფოტოგრაფმა ირაკლი ძნელაძემ გადაიღო ამ ფაქტის ამსახველი ფოტო. პირველი ხე ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგური პარკისთვის შარშან, 23 მარტს გადაიტანეს.

ირაკლი ძნელაძის ფოტო
ირაკლი ძნელაძის ფოტო

______________________

ერთი წლის წინ, პირველი ხე ზღვაში.

შოთა გუჯაბიძის ფოტო. 2016 წლის 23 მარტი.
შოთა გუჯაბიძის ფოტო. 2016 წლის 23 მარტი.

„ზებრები“ ბათუმში საიდანაც ტროტუარზე ვერ გადიხარ [ფოტო]

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი „ზებრადან“ ტროტუარზე ვერანაირად ვერ გახვალ. საპირისპირო მხრიდან კი, „ზებრაზე“ ვერ მოხვდები ტროტუარიდან.

აქ, „ზებრაზე“ მიმავალმა ადამიანმა ტროტუარზე მოსახვედრად „შემოვლითი გზა“ უნდა გამოიყენოს, სადაც წესით, ქვეითად მოსიარულე არ უნდა დადიოდეს.

IMG_20170324_184350IMG_20170324_184518IMG_20170324_184521

გოგოლის ქუჩის მიმდებარედ
გოგოლის ქუჩის მიმდებარედ

ჭავჭავაძის ქუჩაზე არის გადასასვლელები, რომელთა ბოლოშიც „ბარიერები“ დაგხვდებათ:

IMG_20170324_184454IMG_20170324_184722

აჭარაში ცნობილ ადამიანებს ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ

აჭარაში პანთეონი არ არსებობს, თუმცა რამდენიმე ცნობილი ადამიანის საფლავი ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოშია. ბათუმში, ეკლესიის ეზოში გამოჩენილი ადამიანების დაკრძალვის იდეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ეკუთვნის. ამჟამად ეკლესიის ეზოში დაკრძალულია ფრიდონ ხალვაში, ზურაბ გორგილაძე და ანდრია [აზიზ] ახვლედიანი.

„ეს იყვნენ გამორჩეული პირები, რომელთაც ღვაწლი გასწიეს ჩვენი კუთხისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის. ეკლესიამ და კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს მათი სამუდამო განსასვენებელი ყოფილიყო ისეთი საპატიო საპატიო ადგილი, როგორიცაა ბათუმის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ტაძარი. თუ კიდევ იქნებიან ასეთივე ღირსეული და გამოჩენილი პირები, მათი დაკრძალვაც მოხდება ამ ადგილას. ეს წყდება საპატრიარქოში, ეკლესიაში, ოჯახთან შეთანხმებით“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

ცნობილი ადამიანების დაკრძალვის ადგილის საკითხი ბოლო კვირის მანძილზე გააქტიურდა. თბილისში, სადაც სამი პანთეონია, დედაქალაქის მერიამ მახათას მთაზე ახალი პანთეონის მოწყობა განიზრახა, თუმცა  კულტურის მუშაკთა ნაწილი განაწყენებული დარჩა, რადგან მათთვის ეს ადგილი არ არის მისაღები.

მსოფლიოში არსებული 15 პანთეონიდან  სამი პანთეონი თბილისშია.

ამავე თემაზე: 

ათასი გენიოსი სად ჰყავდა საქართველოს? – ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან პანთეონის საკითხზე

 

საკონსტიტუციოს მოსამართლე: რა გამოდის, სასამართლოს გადაწყვეტილება პრივატულია?

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ  24 მარტს დაასრულა არსებითი განხილვა სარჩელის, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ნებისმიერ მოქალაქეს საერთო სასამართლოებში მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობის უფლება მიეცემა.

დღევანდელი მდგომარეობით, მოქალაქე სასამართლოს  გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ შეიძლება გაეცნოს, თუკი მხარეები [მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეზე, პროკურორი და ადვოკატი] თანახმა იქნებიან, გასაჯაროვდეს ღია სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში, თუკი ის მოქალაქეს გადმოეცა, დაშტრიხული იქნება პროცესში მონაწილე პირების სახელები და გვარები.

„რა გამოდის, სასამართლოს გადაწყვეტილება პრივატული დოკუმენტია?” – ეს შეკითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მაია კოპალეიშვილს მას შემდეგ გაუჩნდა, როცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პოზიცია მოისმინა. ინსპექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ბრეგვაძემ დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების ღიაობამ შესაძლოა დააზიანოს სამართალწარმოების ინტერესები და კიდევ: „არსად არ წერია კანონში, რომ ეს უნდა იყოს ღია“.

ნიკოლოზ ბრეგვაძის განმარტებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვა განსაზღვრულია კანონმდებლობით და თუკი ყველაფერი გასაჯაროვდება, სხვა კუთხით გაჩნდება რისკები.

„სასამართლოს სხდომები ღიაა, მათზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მოსამართლე გადაწყვეტილებას აცხადებს ღია სხდომაზე. სხვა რა უნდა იყოს საზოგადოებრივი ინტერესის საგანი? გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება, არა მგონია, ინფორმაციული კუთხით იყოს საინტერესო,“ – მიმართა მოსამართლეებს ნიკოლოზ ბრეგვაძემ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილემ. ის დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოწვევით დაესწრო სხდომას და უპასუხა კითხვებს.

„სად ხედავთ ზიანის საფრთხეს, როცა სასამართლოს სხდომები არის ღია და გადაწყვეტილებას მოსამართლე საქართველოს სახელით აცხადებს? … სამოქალაქო საქმეებზე, შესაძლოა, არსებობდეს დეპერსონალიზაციის პირობა, რადგან იგი კერძო პირებს ეხება, მაგრამ, მაგალითად, გერმანიაში ორი კერძო კომპანიის დავაც კი სასამართლომ საჯარო გახადა, რადგან არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი,“ – განაცხადა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილემ ამის პასუხად საკუთარი საადვოკატო საქმიანობა გაიხსენა: „მე, მაგალითად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახის წევრის საქმეს არ გამაცნეს, რადგან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ ვიყავი.“

მოსამართლე მერაბ ტურავა დაინტერესდა, გადაწყვეტილების გასაჯაროვების შემთხვევაში, ვისი მონაცემები უნდა დაიფაროს. ნიკოლოზ ბრეგვაძის აზრით, უნდა მოხდეს პროკურორების რანგის გათვალისწინება, რაც კანონითაა განსაზღვრული.

სასამართლო გადაწყვეტილებების ღიაობაზე კონსტიტუციური სარჩელი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ და „მედიის განვითარების ფონდმა“ მოამზადეს. მოპასუხე მხარე საქართველოს პარლამენტია. საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელზე გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

ამავე თემაზე:

სასამართლო საქართველოს სახელით გამოტანილ განაჩენს ასაიდუმლოებს

 

 

შს სამინისტროში არ აქვთ პასუხი მივა თუ არა ბათუმის საკრებულოში აჭარის საპატრულოს უფროსი

ბათუმის საკრებულოს წევრები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსთან, კახა ბუხრაძესთან შეხვედრას და ბათუმში გადატვირთული მოძრაობის, ასევე პარკინგის პრობლემების გადაჭრაზე ერთობლივ მსჯელობას გეგმავენ. ინიციატივით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი გამოვიდა.

„ … ჩვენ არ გვაქვს უფლებამოსილება პოლიციის უფროსი დავიბაროთ საკრებულოში, მას არ აქვს ვალებულება შეგვხვდეს. ამიტომ ამას უფრო თხოვნის სახე ექნება. მარტის აქციამდეც მქონდა ასეთი ინიციატივა, მაგრამ არ მოხერხდა. ყველამ ვიცით, რომ ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები დაგროვდა და მინდოდა ეს საკითხები მასთან ერთად განგვეხილა. კარგი იქნება თუ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ და ერთობლივ გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა „ბათუმელებთან“.

ირაკლი ჩავლეიშვილის ამ ინიციატივას საკრებულოს სხდომაზე ბათუმის საკრებულოს სხვა წევრებიც დაეთანხმნენ.

შეხვდება თუ არა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი საკრებულოს წევრებს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ შს სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა. პრესცენტრში ამბობენ, რომ ამ კითხვაზე პასუხი, ჯერჯერობით, არ იციან.

ირაკლი ჩავლეიშვილი პარალელურად იმ კომისიის წევრია, რომელიც გაეროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ბათუმის ინფრასტრუქტურის მოდელირების დოკუმენტის მომზადებას კურირებს. დოკუმენტში უნდა აისახოს ავტოტრანსპორტის ნაკადის დარეგულირების გზებიც.

ამავე კომისიის წევრია ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვიც. პროექტის ბიუჯეტი კი მილიონამდე ლარია.

კომისია, რომელსაც ბათუმის გადატვირთული მოძრაობისგან განტვირთვის გზები უნდა მოეფიქრებინა, გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, საკრებულოშიც შეიქმნა. კომისიას საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე ხელმძღვანელობდა, თუმცა ამ კომისიას რეალურად არაფერი გაუკეთებია.


შეგახსენებთ, რომ ბათუმის პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის თანამდებობიდან გადაყენებას 11 მარტის აქციაზე ითხოვდნენ.

კახა ბუხრაძე
კახა ბუხრაძე

აქციის მიზეზად მონაწილეები ასახელებდნენ ინცინდენტს საპატრულო პოლიციასა და მოქალაქეს შორის. პატრულმა მოქალაქე ჯერ არასწორი პარკრებისთვის დააჯარიმა, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავა. დააკავეს მოქალაქის თანმხლები პირიც. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ პოლიციამ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყო და ამან გამოიწვია სპონტანური აქცია, რომელიც მოკლე ხანში ხალხმრავალი გახდა.

 

17 წლის პატიმარი და მისი უმცროსი და-ძმები, რომელთაც სკოლაში არასდროს უვლიათ

17 წლის მაქსიმი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 11-12 მარტის ბათუმის აქციის შემდეგ დააკავეს სამართალდამცველებმა. მაქსიმს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მანქანის დაწვა ედება ბრალად. განაჩენის გამოტანამდე, ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. მაქსიმს სკოლაში არასდროს უვლია, ისევე როგორც მის უმცროს და-ძმებს. მაქსიმს ჰყავს ფეხმძიმე ცოლიც, რომელსაც ასევე არასდროს უვლია სკოლაში.

ბათუმში, ჭაობის დასახლების ერთ-ერთი ქუჩაზე, მოუწყობელ და ვიწრო, ტალახიან ეზოში ქალები სარეცხს რეცხავენ, ბავშვები გართობას ცდილობენ. ერთ-ერთი მათგანი მეუბნება, რომ პირდაპირ წითელი კარში ცხოვრობს მაქსიმის ოჯახი.

[red_box]8 სული ერთ პატარა ოთახში[/red_box]

ოჯახში მაქსიმის დედა, ლეილა დაგვხვდა და ყველაზე პატარა შვილი – 4 წლის აიშა. რვასუალიანი ოჯახი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს, რომელსაც სველი წერტილი და სამზარეულო საერთოდ არ აქვს. კუთხეში, მტვრით გაბურულ ფანჯარასთან შეშის ღუმელი დგას, მეორე კუთხეში- ტელევიზორი, თხევადი გაზის პატარა ბალონი და ბავშვების ნივთები, მესამეში – ერთი საწოლი, რომელზეც ოჯახის ყველა წევრის ქვეშაგებელი აწყვია.

ოჯახი ყოველდღიურად ამ ოთახში 15 ლარს იხდის, თვეში – 450 ლარს. ლეილა ამბობს, ქურთები რომ ვართ, ამიტომ ბინას არ გვაძლევენ, თან ბავშვები ბევრი მყავსო. ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. „საღამოს ლეიბებს გვერდიგვერდ ვაწყობთ იატაკზე და ასე ვიძინებთო“, – მიხსნის ლეილა. მერე კართან ჩერდება, მე – გარეთ ვდგები. ის სევდიანი ემოციით ხმამაღლა მიყვება:

IMG_20170323_151529

„ბათუმში უკვე 15 წელია ვცხოვრობთ. მანამდე ხან თბილისში ვიყავით, ხან – ქუთაისში… მაქსიმი 11 მარტის ღამე სახლში იყო, არ ყოფილა აქციაზე. 15 მარტს დაიჭირეს, როცა პოლიციის განყოფილებაში იყო მისული. წინა წელს ქურდობისთვის გაასამართლეს, საჭმლის მაღაზია გატეხა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ თვითონ აღიარა  და პატიება ითხოვა. პირობითი ჰქონდა ახლა 5 წლით და ამიტომ მივიდა პოლიციაში.

IMG_20170323_151539ჩემი ქმარიც სამი წელია ციხეშია. იჩხუბა და იმიტომ. 9 წელი აქვს მისჯილი, არ მინახავს საერთოდ, რაც დაიჭირეს, არც მაქსიმი მინახავს. ვიყავი სასამართლოში, მაგრამ იმ დღეს არ ყოფილა თურმე სხდომა, წამოვედი…

თავს ძირითადად დამლაგებლობით ვირჩენთ, ხან ვმათხოვრობთ. გოგო და რძალი ახლაც სამუშაოდ არიან გასულები, ბიჭები არ ვიცი, სად არიან. სკოლაში არც ერთი არ დადის.“

[red_box]რატომ არ დადიან ბავშვები სკოლაში [/red_box]

კითხვაზე, რატომ არ იღებენ ისინი საქართველოს მოქალაქეობას, ან რატომ არ დადიან ბავშვები სკოლაში, ლეილა ვერ პასუხობს. ამბობს, რომ განათლების დრო არ არის, სოციალურ სამსახურებს მიმართა და დახმარებაზე უარი უთხრეს.

ლეილას სურს მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ არ იცის, როგორ მოაგვაროს ეს საქმე. მისი თქმით, აქამდე იუსტიციის სახლისთვის მოქალაქეობის მიღების თხოვნით არ მიუმართავს.

რატომ არ დადიან ბავშვები სკოლაში? – ლეილას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. მან ვერც ის გვითხრა, გაუშვებს თუ არა სკოლაში ბავშვებს, თუკი ამის შესაძლებლობა იქნება. „ახლა ჯერ მაქსიმს უნდა მივხედო, რამე უნდა ვქნა, მაგას მერე მოვიფიქრებ“, – მარიდებს თვალს და პატარა აიშაზე გადააქვს ყურადღება.

IMG_20170323_151356

 

[red_box]სად არის სახელმწიფო[/red_box]

რას აკეთებს სახელმწიფო ბავშვებისთვის, რომლებიც სკოლაში საერთოდ არ დადიან და წერა-კითხვასაც კი ვერ სწავლობენ – სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალში გვითხრეს, რომ „მშობელმა უნდა ითანამშრომლოს სააგენტოსთან და მისი სურვილი თუ არ იქნება, რთულია პრობლემის მოგვარება…“

ნინო ცეცხლაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი სოციალური მუშაკი ამბობს, რომ იცნობს ამ ოჯახის პრობლემას და ორი ბავშვი ე.წ. კრიზისული მართვის პროგრამაში იყო ჩართული გასულ წელს. რამდენიმე თვის შემდეგ ბავშვებს სწავლა მიუტოვებიათ.

„მსგავსი პროგრამა, ჯერჯერობით, ბათუმში არ გვაქვს. ჩვენთან ფსიქოლოგი ესაუბრება მსგავს ოჯახებს, ბავშვებს და ის განსაზღვრავს საჭიროებებს. ჩვენ ლეილას ორი ბავშვი გავაგზავნეთ თბილისში, მაგრამ იქედან თავისი სურვილით წამოვიდნენ. ძალიან რთულია, მაგრამ ეს არის გლობალური პრობლემა. ევროპული ქვეყნებიდანაც კი ბევრი ვერ ახერხებს ბავშვისთვის განათლების უფლების უზრუნველყოფას, როცა მშობელი წინააღმდეგია, ან მას არ აქვს საჭირო პირობების შექმნის შესაძლებლობა… მე დღესვე გავალ შაფათავას ქუჩაზე და ვნახავ ამ ოჯახს“, – გვითხრა ნინო ცეცხლაძემ.

[red_box]რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო[/red_box]

„აშკარად მძიმე სურათია… ეს აჩვენებს იმას, რომ სახელმწიფოში ამ კუთხით არსებული პროგრამები არასაკმარისია, ან მათი გაძლიერებაა საჭირო“, – გვითხრა ქეთევან მელიქაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელმა.

IMG_20170323_151731„ბავშვის უფლებების უგულებელყოფა“, – ასე აფასებს იგი დედის დამოკიდებულებას, როცა შვილები სკოლაში არ დადიან. ქეთევან მელიქაძე განმარტავს, რომ უგულებელყოფაც ძალადობის ერთ-ერთი სახეა, თუმცა მიიჩნევს, რომ გამოძიება ამ პროცესში მხოლოდ მას შემდეგ უნდა ჩაერთოს, თუკი სოციალური დაცვის სააგენტო ყველა სხვა რესურსს ამოწურავს და ექნება ეჭვი, რომ დედა შვილებზე ძალადობს. ბავშვის მინდობით აღზრდის საშუალებასაც სააგენტომ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიმართოს.

„მხოლოდ ის, რომ ორი ბავშვი იყო ჩართული პროგრამაში და მიატოვეს სწავლა, არ ნიშნავს იმას, რომ სააგენტომ საკმარისი ძალისხმევა გასწია ამ ოჯახის დასახმარებლად. მესმის, რომ ძალიან რთულია ბავშვი დასვა მერხთან, თუკი იგი მანამდე წლების განმავლობაში ქუჩაში ყოფნასაა მიჩვეული, მაგრამ მუშაობაა საჭირო. ამ შემთხვევაში უნდა მუშაობდეს, როგორც სოციალური დაცვის სააგენტო, ისე განათლების სამინისტრო, რომ ეს ბავშვები მიიყვანონ სკოლის მერხთან. განათლების სამინისტრომ ახლახან დაიწყო პროგრამა „განათლების მეორე შანსი“, რაც ამ ტიპის ბავშვებზეა გათვლილი, მაგრამ ჯერ ეს პროგრამა პილოტური ხასიათისაა. სოციალური დაცვის კუთხით არსებობს პროგრამები, მაგრამ ეს შემთხვევაც აჩვენებს, რომ მათ აუცილებლად სჭირდება გაძლიერება. ბავშვი, რომელიც ქუჩაში ცხობვრობს, მასთან მუშაობას სჭირდება ძალიან კარგი მომზადებული სპეცისლისტები, რომ მოახერხო მათი მართვა… ჩემი აზრით, პირველ რიგში, ალბათ, მთავარი აქცენტი ამჯერად 4 წლის ბავშვზე უნდა გაკეთდეს, რომ ის დროულად ჩაერთოს წინასასკოლო პროგრამებში,“- ამბობს ქეთევან მელიქაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი.

ამ ოჯახის ოთხი წლის გოგონა საბავშვო ბაღში არ დადის.

[red_box]მოქალაქეობის მიღების თხოვნის ფასი ოჯახისთვის – 2 000 ლარი [/red_box]

ოჯახს აქამდე არ მიუმართავს სამოქალაქო რეესტრისთვის მოქალაქეობის მისაღებად, რაც ერთ-ერთი პირობაა სოციალური შემწეობის მისაღებად.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ გვითხრეს, რომ ისინი დაეხმარებიან ოჯახს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან დადებითი დასკვნის შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტლება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

კიდევ ერთი: მოქალაქეობის მისაღებად პირმა უნდა გადაიხადოს მოსაკრებელი 250 ლარი. ბუკავაძეების ოჯახში 8 ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, მათ 2 ათასი ლარი დასჭირდებათ იმისთვის, რომ მათი საკითხი სააგენტომ განიხილოს. ცხადია, განხილვა არ ნიშნავს იმას, რომ მათი თხოვნა დაკმაყოფილებული იქნება.

 

IMG_20170323_152000

 

 

 

ხეების მოჭრა თუ „სანიტარული ჭრა“? – ოპოზიცია ამბობს, რომ ხეებს ივანიშვილის ხის გადასატანად ჭრიან

დღეს, 24 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქობულეთში, ციხისძირში, ხეების მოჭრის ფაქტს გამოეხმაურა. ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის განცხადებით, ციხისძირში ბოლო ორი დღის მანძილზე ასობით ხე მოჭრეს, რასაც არ ადასტურებს ქობულეთის „გამწვანების“ ხელმძღვანელი, ვახო ნემსაძე. მისი თქმით, „გაწვანების“ სამსახური სანიტარულ ჭრას ახორციელებს ავტოტრანსპორტის თხოვნით, რაც გზის გასწვრივ ხეების ტოტების მოჭრას ითვალისწინებს.

„ბობოყვათის რეზიდენციასთან ხეები არ იჭრება, ევკალიპტის ტოტებს ვჭრით, რომელიც გზის სავალ ნაწილზეა გადმოსული. რაც ხეების ჭრას შეეხება, ბონდო თედორაძე, ალბათ, გულისხმობს ნიგვზნარს, რომელც პეტრას ციხის მარცხნივ, ფერდობზეა. აქ კერძო საკუთრებებია და მოსახლეობა თვითონ ჭრის, „გამწვანებას“ ნიგვზნარი არ მოუჭრია.  რატომ ჭრის მოსახლეობა ხეებს, რა მიზეზით, მე ვერ გეტყვით.“

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ხეებზე ტოტების მოჭრა ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის შესყიდული ხის გადატანას, „გამწვანების“ უფროსი პასუხობს: „რა შუაშია ბიძინა ივანიშვილის ხე? საგზაო დეპარტამენტი და ჩვენ ერთდროულად ვახორციელებთ ამ სანიტარულ ჭრას.“  ვახო ნემსაძის თქმით, ბოლო ორი დღის მანძილზე „გამწვანებას“ ამ ტერიტორიაზე ხე არ მოუჭრია.

ქობულეთის საკრებულოს წევრი, ბონდო თედორაძე კი დარწმუნებულია, რომ ხეებსა და ტოტებს  სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხის გადატანის გამო ჭრიან:

„გუშინ და გუშინწინ რაც გაიჩეხა, ესაა კაკლის ხეები, ევკალიპტები, ფიჭვი და რაც გზადაგზა ხელს უშლიდა ხის გადატანას,  ყველა ხე გაჩეხილია. ჩვენ აღნიშნული ფაქტი გავაპროტესტეთ და შეკითხვით მივმართეთ ქობულეთის გამგებელს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს – როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უსამართლობა და ვანდალიზმი? ციხისძირი მალე ალბათ იქცევა უდაბნოდ, წითელი ტალახის და გაუვალი ორმოების გარდა არაფერი აღარ დაგვრჩა. მთლიანობაში ციხისძირში ათასობით ხეა მოჭრილი, მხოლოდ იმიტომ, რომ ხის ტრანსპორტირებას უშლის ხელს.“

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ციხისძირიდან და ბობოყვათიდან არაერთი ხე გაიტანეს და რამდენიმეს გატანა ისევ იგეგმება.

ლევან ურიდიას ფოტო
ლევან ურიდიას ფოტო
ლევან ურიდიას ფოტო
ლევან ურიდიას ფოტო

 

ენმ-ის ფოტო

 

ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლის გასტროლი რუსეთში

ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლი რუსეთის 15 ქალაქში გასტროლისთვის ემზადება. რატომ გადაწყვიტეს გასტროლები იმ ქვეყანაში, რომელიც მავთულხლართების გამოყენებთ ოკუპაციის საზღვრებს საქართველოში პერიოდულად აფართოებს? – რუსეთში კონცერტების გამართვა მერიაში უხერხულობას არ უქმნით.

მერიის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, ანა სიხარულიძის განმარტებით, მიწვევა რუსეთიდან მიიღეს და ხარჯებსაც „მიმპატიჟებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს.“

„… ანსამბლისთვის მნიშვნელოვანია გასტროლზე წასვლა. უფრო ადვილია გასტროლები რუსეთში, რადგან ბევრად მაღალია ცნობადობა. კონცერტის ევროპაში გაკეთება უფრო რთულია და მეტ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ბიუჯეტში გასტროლებისთვის მაქსიმუმ 50 000 ლარია გათვალისწინებული, რაც ერთ გასტროლსაც არ ეყოფა. ამიტომ ვთანხმდებით იმ გასტროლზე, სადაც ყველანაირ ხარჯს მასპინძელი იხდის. სხვა ქვეყანა არ გვიფინანსებს სრულ გასტროლს და არც ბიუჯეტში გვაქვს საკმარისი თანხა, რომ წავიდეთ სხვა ქვეყანაში.

რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია და ამ ქვეყანაში მერიის ანსამბლს აქვს გასტროლი, მგონი არასწორად აღვიქვამთ, რადგან ბევრი ანსამბლი ჩამოდის იქედან და ჩადის აქედანაც. საქართველოში ნახევარი ქორეოგრაფიული ანსამბლებისა ეკუთვნის გამგეობას ან სამინისტროს, ეს ხელოვნების ისეთი დარგია, რომელსაც საკუთარი თავისთვის ფული ვერ შემოაქვს“, – ამბობს ანა სიხარულიძე.

ანა სიხარულიძის ინფორმაციით კულტურის ცენტრმა რუსეთში გასტროლისთვის მერიისგან მხოლოდ ავტობუსის დასაქირავებლად და დაზღვევისთვის 5000 ლარი მოითხოვა, თუმცა ჯერ თანხმობა გამგზავრებაზე არ მიუღიათ. მერიამ კი ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ დოკუმენტში, რომელიც დღეს საკრებულომ დაამტკიცა, ქორეოგრაფიული ანსამბლის რუსეთში გამგზავრების ხარჯი, 5 000 ლარი გაითვალისწინა.

მერიის ანსამბლის მასპინძელი ორგანიზაცია „ ელებრითი ტალანტ ინკორპორეიტედია“. ჯამში რა თანხა დაუჯდება ორგანიზაციას ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის კონცერტი რუსეთის 15 ქალაქში, ამის შესახებ მერიაში არ იციან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, რაც ადასტურებს ბათუმის მერიის ლოიალობას ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის მიმართ. მაგალითად, ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა 2016 წლის მაისში, ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალურ საღამოზე, საზოგადოებას რუსულად მიმართა. 

2016 წლის 11 ოქტომბერს კი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის თანამშრომლემა, ნათია ზოიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რომელიც ბათუმის მერიაში იმართებოდა, ბათუმის მერი და საკრებულოს წევრები პრეზენტაციის წარმდგენს შეკითხვებს რუსულად უსვამდნენ“.

ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო ქონება პირდაპირი წესით მიჰყიდეს

კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“, რომელმაც თებერვალში მწვანე კონცხზე ბათუმის უნივერსიტეტის კუთვნილი შენობები და მიწის ნაკვეთი იყიდა, ქობულეთში, ამჯერად სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადასცეს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს, ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩა №4-ის მიმდებარედ არსებული 591 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა – საერთო ფართობით – 50,1 კვ/მ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საკუთრებაში 42 ათას 705 ლარად გადაეცა შპს „ბიზნეს დეველოპმენტს“. კომპანიამ საპრივატიზებო თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

კომპანიამ ქონება [ქობულეთის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ] საკუთრებაში მიმდინარე წლის 16 მარტს დაირეგისტრირა. 1 კვ/მ მიწის ნაკვეთში კომპანიას 77,5 ლარის გადახდა მოუწევს.

„ბიზნეს დეველოპმენტის“ დაკვეთით მწვანე კონცხზე დასასვენებელ კომპლექსს კომპანია „ზიმო“ აშენებს. კომპლექს „მაგნოლიას“ [Magnolia – Resort & SPA] პროექტის ინიციატორი და ინვესტორი კი ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ ივანიშვილისვე დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ განაცხადეს.


ბათუმში, მწვანე კონცხზე მდებარე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები, ასევე მიმდებარე ტერიტორია, პირობებიან აუქციონზე კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტმა“ ორ ნაწილად შეიძინა. ორთავე აუქციონში მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც ქონება ჯამში 7 456 000 ლარად იყიდა.

პირველ აუქციონზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასწავლებლის ტერიტორიის ნაწილი – 25 160 კვ/მ მიწის ფართობი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, აჭარის ქონებად სექტემბერში დაარეგისტრირა; აქედან 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს დანიშნულება შეუცვალა და მთელი ეს ქონება, 200 კვ/მ ფართობის ნაგებობებთან ერთად, საკუთრებაში გაფორმებიდან ერთ კვირაში პირობებიან აუქციონზე გაიტანა. საწყისი გასაყიდი ფასი – 2,8 მილიონი ლარი იყო. „ბიზნეს დეველოპმენტმა“ და ქონება 2015 წლის 12 ოქტომბერს 2 მილიონ 856 ათას ლარად შეიძინა.

მეორე აუქციონზე ქონება 4 500 000 ლარად იყო გამოტანილი – ორი შენობა [3239,62 კვ/მ და 4912,07 კვ/მ] და მათზე დამაგრებული 13 640 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ეს ქონება კომპანიამ 4 600 000 ლარად შეიძინა. შესაბამისად, „ბიზნეს დეველოპმენტს“, რომელსაც აუქციონზე კონკურენტი არ ჰყოლია, 1 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთში დაახლოებით 337 ლარის გადახდა მოუწევს. მაშინ, როდესაც ზღვისპირა ზოლში მიწის საბაზრო ფასი გაცილებით მაღალია.

მწვანე კონცხი „მაგნოლია“ დაფა

მთავარ ფოტოზე: მწვანე კონცხი / მანანა ქველიაშვილის ფოტო
Exit mobile version