მთავარი,სიახლეები

სოფია ბაკურიძე მაღალმთიან აჭარაში შშმ პირების საჭიროებებს სწავლობს

30.06.2017 • 4156
სოფია ბაკურიძე მაღალმთიან აჭარაში შშმ პირების საჭიროებებს სწავლობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეუღლემ შშმ პირების საჭიროებებზე კვლევის ჩასატარებლად გრანტი მოიპოვა. პროექტი აჭარის მაღალმთიანეთში შშმ პირების სოციალური გარემოს და საჭიროებების შესწავლას ისახავს მიზნად. „ბათუმელები“ სოფია ბაკურიძეს შშმ პირებთან დაკავშირებულ გეგმებზე ესაუბრა.

ქალბატონო სოფია, ინ აფინანსებს, რამდენია ბიუჯეტი და რა პერიოდს მოიცავს პროექტი?

ეს ოთხთვიანი პროექტია, თვენახევარია რაც დავიწყეთ. დაგვაფინანსა „ღია საზოგადოება საქართველომ“. სექტემბერში უკვე გვექნება პროექტის პირველი შედეგი. ჩვენ სხვა პროექტებზეც ვმუშაობთ ესტონელ პარტნიორებთან ერთად, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით.

ბავშთა და ქალთა უფლებებზე სულ ახლახანს დავიწყეთ პროექტი, ჩვენი ესტონელი კოლეგები, ექსპერტები ჩამოდიან, რომლებიც ჩაატარებენ ტრენინგებს და სემინარებს  ფოკუს ჯგუფებთან, ეს იქნება ივლისის დასწყისში. გამოცდილი და კვალიფიკაციის მქონე ადამიანები არიან, ევროკომისიის და ევროკავშირის ფარგლებში მუშაობენ.

ეს პროექტი დაფინანსებულია აღმოსავლეთის პარტნიორობის თანამშრომლობის ეგიდით. ესტონური მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და აქაც იქნება განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, მათ პრევენციაზე, ფსიქოლოგიურ დახმარებაზე, რეაბილიტაციაზე. ჩვენი  მუშაობა იქნება მიმართული ამ ადამიანების გაძლიერებისკენ… როდესაც ქალი არის ძლიერი, ის არ ეგუება ასეთ მდგომარეობას. მთავარია ინფორმაცია, ადამიანს როცა აქვს ინფორმაცია, მას აქვს არჩევანის საშუალებაც.

სანამ ამ ეტაპამდე მივიდოდით, რომ დაგვეწერა პროექტი, პირველ რიგში აუცილებელი იყო ადამიანური კონტრიბუცია. საქმე რომ დაიწყო, დაიჯერო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია .

თქვენი პროექტები აჭარის მთაში მცხოვრები შშმ პირებისთვის რა ტიპის მხარდაჭერას ითვალისწინებს?

ვფიქრობდით, რით დაგვეწყო, გაგრძელება რომ მოყოლოდა. გვინდა, რომ ეს არ იყოს სტიქიურად განხორციელებული პროექტი, რასაც შემდეგ შედეგი არ ექნება. მივედით იმ დასკვნამდე, რომ უმჯობესი იქნებოდა ჯერ დაგვედგინა  ამ ადამიანების საჭიროებები. შესაბამისად, ჩვენ ვატარებთ კვლევას მაღალმთიან აჭარაში: ხულოში, შუახევსა და ქედაში.

როდესაც დავიწყე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა უფლებების კუთხით მუშაობა, წავაწყდი სხვადასხვა გაუგებარ ნიუანსს, რამაც ჩემში კითხვები გააჩინა. მე პროფესიით ექიმი რადიოლოგი ვარ და ამ მიმართულებით ვმუშაობდი. შემდეგ, როდესაც მე და ზურამ [პატარაძე] სხვადასხვა ქვეყანში დავიწყეთ მოგზაურობა, საბოლოოდ მომიწია სხვა კუთხით განათლების მიღება – იურიდიული განათლება მივიღე და მენეჯმენტის კუთხით წავედი, მაგრამ არასდროს მოვცილებივარ ამ სფეროს, ჩემთვის მთავარი მაინც სამედიცინო მიმართულებაა. შშმ პირთა პრობლემები კი, ასე თუ ისე უკავშირდება ჯანმრთელობის პრობლემას. ვფიქრობ, უნდა არსებობდეს სოციალური მოდელი და ჯანმრთელობის მოდელი – ორი სხვადასხვა მიმართულება უნდა იყოს.

განსაკუთებული საჭიროებების მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით ბევრი პროგრამა მოქმედებს – სახელმწიფო, რეგიონული, მუნიციპალური, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ, ადამიანებმა მართლაც გახსნეს ეს კარები, გამოვიდნენ გარეთ, ადრე არ გამოდიოდნენ, მაგრამ არის რაღაც დეფიციტები, რომლებიც გამომდინარეობს იქედან, რომ ჩვენ არ ვიცით შშმ პირები რა სოციალურ გარემოში ცხოვრობენ, რა პრობლემები აქვთ, როგორი პირობები, სოციალური მოდელით არ გვყავს ისინი შეფასებული… არა მხოლოდ მიზანსწრაფული დედები, მთელი ოჯახი მიმართულია იმისკენ, რომ გარეთ გამოვიდნენ, მათ უნდათ ბავშვების მეტი სოციალიზაცია, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

ადამიანს, რომელიც არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე და ჰყავს მოხუცი მშობლები, ან ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, მას ესაჭიროება სხვა სახის სერვისი. ვინც თავის დროზე ვერ მიიღო ადრეული განვითარების პროგრამა, ვერ მოხვდა სკოლაში, ვერ მიიღო ინკლუზიური განათლება, ახლა უკვე არის როგორც შრომის უუნარო. მათზე სახელმწიფომ სხვანაირად უნდა იზრუნოს.

თქვენი კვლევა მხოლოდ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს მოიცავს?

ბოლო დროს ისე განვითარდა ყველაფერი, რომ ძირითადი სერვის-პროვაიდერები, რომლებიც ამ ადამიანებს ემსახურებიან, არიან ქალაქში. გვინდა საჭირო სერვისი ადამიანებმა მიიღონ ადგილზე. კვლევის შემდეგ გვეცოდინება, რომ ხულოში არსებობს კონკრეტული პროცენტი ადამიანებისა, ვისაც ესაჭიროება დღის ცენტრი. შემდეგ ეტაპზე პროექტი შეიძლება ჩვენ ვერ განვახორციელოთ, მაგრამ იქნება ერთიანი სივრცე, ერთიანი ინფორმაცია, რომლითაც ყველას შეეძლება იხელმძღვანელოს, მაგალითად, ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა.

ჩვენ ვიცით, რომ მათ რაღაც შეზღუდვა აქვთ, მაგრამ არიან ძალიან ნიჭიერები. ჩვენ თუ ამ ნიჭს დროულად მივხედავთ, წყვეტა თუ არ გვექნება, ანუ დაბადებიდან სამ წლამდე ადრეული განვითარების პროგრამაში მოხვდებიან, შემდეგ უკვე სკოლამდელში, შემდეგ ინკლუზიური განათლების, პროფესიული განვითარების პროგრამაში, ეს მათ ჩამოაყალიბებს როგორც შრომისუნარიან მოქალაქეებს. ეს სახელმწიფოსთვისაც კარგია და სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც.

რა მეთოდით იღებთ ინფორმაციას?

ჩვენ ვიყავით, მაგალითად, ხულოში და იქვე შევარჩიეთ ინტერვიუერები, რომლებიც მიდიან ოჯახებში და იკვლევენ ამ ადამიანის მდგომარეობას: კითხვარი გვაქვს და ამ კითხვარს ავსებენ. მგონი შედეგიანი იქნება. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ინფორმაცია შევაგროვეთ და ვიწყებთ მასალის გადამუშავებას.

მართალია თუ არა, რომ შშმ პირებზე არსებული სტატისტიკური მონაცემები რეალურს არ ემთხვევა?

საქმე იმაშია, რომ ჩვენთან ცნობიერება ამაღლდა, მაგრამ მაინც არსებობენ ოჯახები, რომლებიც ამას მალავენ. არიან მშობლები, რომლებსაც არ უნდათ, რომ მათ შვილს ჰქონდეთ სტატუსი. ეს ჩვენი რეალობაა, ჩვენ გვინდა, ამ მშობლებს, ამ დედებს გავაგებინოთ, რომ რაც უფრო ადრე ჩაერთვებიან პროგრამებში, მით უფრო განვითარდებიან ეს ბავშვები. მშობელთან მუშაობაც მნიშვნელოვანია.

დიახ, ჩვენი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური სტატუსით შეფასება. თუ რას საჭიროებენ და რა არის ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი, ყურადღება მისაქცევი.

შესაძლებელია, რომ შემდეგ უკვე ამ საჭიროებებს თქვენ თვითონ მოარგოთ ახალი პროექტი?

რა თქმა უნდა, ჩანაფიქრიც ეს არის. ძალიან გვინდა, მაგრამ წინასწარ ვერავინ ვერაფერს იტყვის – ხვალ რა იქნება არ ვიცით. მიხარია, რომ ეს პროექტი უკვე დაიწყო. ესეც ძალიან დიდი შრომის შედეგი იყო და, რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ გავაგრძელოთ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: