მთავარი,სიახლეები

იალაღებზე უფასოდ გადაყვანის პროგრამით ტურისტებიც ისარგებლებენ

01.07.2017
იალაღებზე უფასოდ გადაყვანის პროგრამით ტურისტებიც ისარგებლებენ

დღეიდან შუახევში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა  იალაღებზე მგზავრთა უფასოდ, ავტოტრანსპორტით გადაყვანას ითვალისწინებს. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნით მიიღეს, პროგრამა გასულ წელს დაიწყო და წელს მეორედ ხორციელდება.

გამგებლის ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობაზე „ტურისტებს უარს არვინ ეტყვის“. იმ შემთხვევაში კი, თუ ამას ინტენსიური სახე მიეცემა, რაც ადგილობრივებს შეუშლის ხელს და საჭირო გახდება მარშრუტის დამატება, გამგეობაში იმსჯელებენ როგორ მოიქცნენ: „ პირდაპირ გეტყვით, ამაზე არ გვიფიქრია. აქ ტურისტები, ძირითადად, საკუთარი მანქანებით მოდიან, ისინი ითვალისწინებენ ჩვენს რელიეფს.“

შუახევიდან იალაღების მიმართულებით სამარშუტო მიკროავტობუსი იმოძრავებს, შესაბამისი მომსახურება მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერით შეისყიდა: „ორი მოთხოვნა გვქონდა, მძღოლს უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა და ავტომანქანა უნდა იყოს გამართული“.

შუახევის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მგზავრებს საშუალება ექნებათ უსაფრთხოდ გადაადგილდნენ შუახევი-კატრიანი-ყავრიანის, ახალდაბა-ბარათაული-გრძელგორის, ხიჭაური-თაგინურის, ცხემლისი-თაგინური-ნაფოცხვარას, ოლადაური-ჩირუხის, ტბეთი-გოგაძეები-ჩირუხის, ჯაბნიძეები-ქიძინიძეები-ჩირუხის, შუბანი-ჩირუხის, კვირიაული-ცინარეთი-ღომის, ნიგაზეული-ჯანჯღნარის, ხიჭაური-მერიაყელის, ინწკირვეთი-შედრეკილის, ზამლეთი-თეთრობის, ბრილი-თაგინურის მთების მიმართულებით.

19467617_476877055992984_2039561340343495090_o (1)

პროგრამა გასული წლიდან მოქმედებს და მასზე წელს 35 000 ლარი დაიხარჯება.

პარალელურად მიმდინარეობს იალაღების ელექტროფიკაციაც. სამუშაოებს შპს ,,ზურა 2012“ აწარმოებს. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: