მთავარი,სიახლეები

ხუთი ბავშვი კომპანიის გადაწყვეტილებას ელოდება

18.04.2017 • 1818
ხუთი ბავშვი კომპანიის გადაწყვეტილებას ელოდება

ბათუმში, მწვანე კონცხზე [მახინჯაური], ყოფილი სანატორიუმ „კოლხიდას“ შენობა, რომელშიც ოთხი დამეწყრილი ოჯახი ცხოვრობს, აჭარის მთავრობამ პირობიანი აუქციონის წესით გაყიდა. ქონების ახალი მესაკუთრე „ჯეო დეველოპმენტია“. შენობაში მცხოვრებ ოთხ ოჯახში ხუთი არასრულწლოვანია.

აუქციონის პირობებში მითითებული იყო იმის შესახებ, რომ შენობა მესამე პირს ჰქონდა დაკავებული, თუმცა კომპანიას სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულება მის მიერ შეძენილ შენობაში მცხოვრები ოჯახების მიმართ არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიას შეუძლია ნებისმიერ დროს დაატოვებინოს იქ მცხოვრებ ოჯახებს შენობა. ყოფილი „კოლხიდას“ შენობაში მცხოვრებ ოჯახებს, სადაც ხუთი არასრულწლოვანია, წასასვლელი არსად აქვთ.

ქონების გაყიდვამდე ცოტა ხნით ადრე შენობაში მცხოვრებმა ალექსანდრე დავითაძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ მათთან მთავრობის წარმომადგენელი მივიდა და უთხრა, რომ მთავრობა მათთვის ბინების შესყიდვას გეგმავდა. მას შემდეგ მათთან არავინ გამოჩენილა.

შესყიდულ ქონებაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ზრუნვა კომპანიამ წინასწარ განსაზღვრულ ვადაში უნდა დაიწყოს. სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულების მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში მყიდველმა სანატორიუმ „კოლხიდას“ ტერიტორიაზე არანაკლებ ორმოც საწოლზე გათვლილი ათი კოტეჯი, კაფე-ბარი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს; ასევე კემპინგი და სასეირნო ბილიკები.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის 50%-ის რეკრეაციული დანიშნულებით გამოყენება. ამ ყველაფერში მან არანაკლებ ორი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

რა ბედი ეწევა „კოლხიდას“ შენობაში მცხოვრებ ოჯახებს? – კომპანიის წარმომადგენელი გელა მახარაძე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია: „ვიცი, რომ ღია ცის ქვეშ არ დავტოვებთ, რაც შეეხება იმას, თუ რას შევთავაზებთ, ეს ჯერ არ ვიცით, ამაზე არ შევთანხმებულვართ“.

ყოფილი სანატორიუმ „კოლხიდას“ შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობადებული აუქციონით მილიონ 125 ათას ლარად გაყიდა. 413 კვ/მეტრი ფართობის ორსართულიანი შენობა და მიმდებარე ტერიტორია [32 171 კვ/მეტრი] „კოლხიდა“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც კომპანია „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-მ [„სილქ როუდ გრუპთან“ დაკავშირებული პირი] აჭარის მთავრობას 2006 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უკან დაუბრუნა.

შპს „ჯეო დეველოპმენტი“ აუქციონის დაწყებამდე 4 თვით ადრე, 2016 წლის 13 ივლისს დაარეგისტრირა უკრაინის მოქალაქემ ნატალია ტოვკაჩმა. ამ კომპანიის დამფუძნებელიც და დირექტორიც ნატალია ტოვკაჩი იყო, თუმცა სულ რაღაც 2 თვით. 2016 წლის 7 ოქტომბრის რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „ჯეო დეველოპმენტის“ 100% წილის მფლობელიც და დირექტორიც უკვე ირაკლი სირაძეა. მან კომპანიის მთლიანი წილი ნატალია ტოვკაჩიდან 100 ლარად იყიდა.

ირაკლი სირაძე ასევე ფლობს შპს „ATA Partners“-ის წილის – 50, ხოლო შპს „სოლუშენს ვესტ“-ის წილის 25 პროცენტს.

„კოლხიდა“, „მზიური“ და „მახინჯაური“ იმ 21 ობიექტში შედიოდა, რომლებიც ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2006 წელს, მაშინდელმა მთავრობამ ნიდერლანდებში ერთი კვირის დარეგისტრირებულ კომპანიას მიჰყიდა. კომპანიამ ამ ქონების ნაწილი კი, 2016 წელს უკან დააბრუნა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: