მთავარი,სიახლეები

წყლის ჩამოსასხმელმა საწარმომ მუშაობა შეაჩერა

16.04.2017
წყლის ჩამოსასხმელმა საწარმომ მუშაობა შეაჩერა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალაძეებში, მინერალური წყლის ჩამოსასხმელმა საწარმომ -„კემისი“ მუშაობა შეაჩერა. საწარმოს დირექტორი, მუხრან ძნელაძე, საწარმოს შეჩერების მიზეზად ტექნიკური დანადგარების უხარისხობასთან ერთად, იმ სასამართლო დავას ასახელებს, რომლითაც „კემისი“  მინერალური წყლის ჩამოსასხმელად საწარმოსთვის შესყიდულ ტექნიკურ დანადგარების შპს „ლიმონათი ბათუმისგან“ უკან დაბრუნებას ითხოვს.

მუხრან ძნელაძე ამბობს, რომ შპს „ლიმონათი ბათუმმა“ მათ ტექნიკურად გაუმართავი და სახელმწიფო დავალიანების მქონე ტექნიკური დანადგარი მიჰყიდა.

„მომხმარებელი შუშის ბოთლში ჩამოსხმულ მინერალურ წყალს და ლიმონათს გვთხოვდა. ამიტომ გადავწყვიტეთ დანადგარი გვეყიდა, რომელიც ადგილზე ბოთლსაც აწარმოებდა და წყალსაც ჩამოასხამდა. გავიგეთ შპს „ლიმონათი ბათუმი“ დანადგარს ყიდდა. დანადგარი საწარმოსთვის 40 000 დოლარად იმ პირობით ვიყიდეთ, რომ 0,5 და 1-ლიტრიან პლასტმასის ბოთლსა და 0,5-ლიტრიან შუშის ბოთლს აწარმოებდა და ჩამოსხმასაც უზრუნველყოფდა, აღმოჩნდა, რომ ჩვენს მიერ შესყიდული დანადგარი შუშის ბოთლს საერთოდ ვერ აწარმოებს, პლასტმასის ბოთლის მწარმოებელი დანადგარი კი მალე გამოვიდა მწყობრიდან, ხშირად ზიანდებოდა წყლის ჩამოსასხმელი ცენტრალური დანადგარის ნაწილებიც. პრობლემა შეგვექმნა ეტიკეტის დაკვრაზეც, დანადგარი ეტიკეტს ხშირად არასწორად აკრავდა, რის გამოც ხელით დაწებება გვიწევდა, პრობლემიდან გამომდინარე იძულებული გავხდით მუშაობა შეგვეჩერებინა.“

ხელვაჩაურის სასამართლომ კომპანიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. „სასამართლო პროცესისას აღმოვაჩინეთ, რომ კომპანიას სახელმწიფო დავალიანება, დაახლოებით 60 000 ლარი ჰქონდა, რაც ავტომატურად ჩვენზე გადმოვიდა, სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ, სასამართლო დავას ჩვენსა და შპს „ლიმონათი ბათუმს“ შორის ბათუმის საქალაქო სასამართლო იხილავს“, – ამბობს მუხრანი.

საწარმოს დირექტორი „კემისის“ ამოქმედებას უახლოეს პერიოდში ვარაუდობს. ამბობს, რომ ელოდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც საწარმოში ახალ დანადგარს დააყენებენ და რეალიზაციაში „კემისი“ მალე გამოჩნდება:

„ვმუშაობთ დანადგარების მოძიებაზე, გვაქვს მოლაპარაკება უკრაინაში, რუსეთში, გვინდა საშუალო წარმადობის ტექნიკურ დანადგარები დავაყენოთ და მალე განვაახლოთ მუშაობა“.

ბალნეოლოგიური თვისებების მქონე მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმო „კემისი“ , რომლის 100% წილის მფლობელი ანზორ მალაყმაძეა შპს „ბურჯი ინვესტმა“ ქედაში, სოფელ ბალაძეებში 2015 წელს მოაწყო და მინერალურ წყალ „კემისთან“ ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში იგივე სახელწოდების ლიმონათსაც აწარმოებდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: