მთავარი,სიახლეები

პროფესიული სწავლების საგაზაფხულო მიღებაზე 8 558 აბიტურიენტი დარეგისტრირდა

19.04.2017 • 1958
პროფესიული სწავლების საგაზაფხულო მიღებაზე 8 558 აბიტურიენტი დარეგისტრირდა

სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიულ სწავლებაზე აბიტურიენტთა საგაზაფხულო რეგისტრაცია უკვე დასრულდა. რეგისტრაცია  8 558-მა აბიტურიენტმა გაიარა. პირველი ტესტირება 23 აპრილს დაიწყება. 2017 წელს საგაზაფხულოდ  4 562 ადგილზეა მიღება გამოცხადებული.

პროფესიულ სწავლებაზე რეგისტრაცია წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიმდინარეობს.  2016 წელს საგაზაფხულო მიღებაზე 6 598 მსურველი დარეგისტრირდა, საშემოდგომოზე კი -13 536. სამინისტროს ინფორმაციით, სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება.

როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, შემოდგომაზე რეგისტრაციის მაჩვენებელი უფრო მაღალია.

ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალშია: მზარეული, ბუღალტერი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, კონდიტერი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი, სტილისტი.

რეგიონების მიხედვით, სწავლის მსურველთა ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა თბილისის მასშტაბით არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში,  შემდეგ  კი აჭარაში, იმერეთში, კახეთსა და ახალციხეში.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში პროფესიული განათლების მიღება 50-მდე ლოკაციაზეა შესაძლებელი.

ოფიციალური ინფორმაციით, პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 150-მდე პროფესიულ პროგრამაზე.

საქართველოს პარლამენტი პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტს განიხილავს, რის მიხედვითაც პროფესიული განათლების დაუფლება შესაძლებელია უმაღლესი განათლების პარალელურად ან დამატებით, „რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს გაიუმჯობესოს უნარ-ჩვევები ან შეისწავლოს ახალი პროფესია, რადგან დუალური სწავლების მოდელი, სტუდენტს დიდ საწარმოო პრაქტიკასაც სთავაზობს. ეს კი შრომის ბაზარზე მისი დასაქმების შესაძლებლობას კიდევ უფრო ზრდის“.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, პროფესიული განათლების ფარგლებში შესაძლებელი გახდება სრული ზოგადი განათლების მიღებაც, „რაც სტუდენტს საშუალებას მისცემს პროფესიული განათლების დასრულების შემდეგ სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე განაგრძოს.

კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის სისტემის ჩამოყალიბება კი შესაძლებელს გახდის პროფესიულ განათლებაში მიღებული ცოდნის აღიარებას უმაღლესი განათლების საფეხურზე,“- ნათქვამია კანონპროექტში.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა  დასაქმების მაჩვენებელმა 2016 წელს 56 პროცენტს მიაღწია, 2015-ში კი 47 პროცენტი იყო.

2017 წლის ეროვნულ გამოცდებზე 41 200-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით  1 200-ით მეტია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: