გიორგი ლომაძე, ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის ფიზიკური კულტურისა და სპორტის მასწავლებელი
ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენს საზოგადოებაში ნაკლებად პოპულარულია. ამ დამოკიდებულების შეცვლა არამხოლოდ შესაძლებელი, არამედ საჭიროცაა. ჯანსაღი ცხოვრების წესს ბევრი რამ განაპირობებს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი არის სწორი სუნთქვა. მე სკოლაში ვმუშაობ და ყოველდღიურად ვხედავ, რომ ჩვენი ბავშვების სრული უმრავლესობა არასწორად სუნთქავს. უფრო მეტიც, არასწორად, ანუ ზერელედ სუნთქავს ჩვენი საზოგადოების დაახლოებით 95%. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე მოგიყვეთ სწორ სუნთქვაზე.
ამჯერად განვიხილოთ ცხვირის მონაცვლეობითი სუნთქვის ტექნიკა, რაც საკმაოდ ადვილი შესასწავლია და ადვილად ითვისებენ მოსწავლეები.
ცხვირის მონაცვლეობითი სუნთქვა ამშვიდებს ნერვულ სისტემას, შველის დარღვეულ ძილს, წმენდს სისხლს და ჰაერით ავსებს ფილტვებს, ამცირებს თავის ტკივილს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და მადას, შველის შიშს და დეპრესიულ მდგომარეობას.
შესრულება:
ვდგებით სწორად. მარჯვენა ხელის არათითით ვხურავთ ცხვირის მარცხენა ნესტოს.
შევისუნთქავთ მარჯვენა ნესტოთი 4 წამის რიტმში.
ვხურავთ მარჯვენა ნესტოსაც და 4 წამის განმავლობაში ვიკავებთ სუნთქვას.
ვათავისუფლებთ მარცხენა ნესტოს და 4-8 წამის განმავლობაში ამოვისუნთქავთ, ვეცადოთ, სრულიად დავცალოთ ფილტვები. 5-6-7-8. იმავეს ვაკეთებთ მეორე ნესტოთი.
პირველი ორი კვირისთვის საკმარისია დავიცვათ სუნთქვის 4:4:8 რითმი, მოგვიანებით 8:8:8 წამის რითმი.
მერწმუნეთ, ეს იოლი ვარჯიში სისტემატურობის და სწორად შესრულების შემთხვევაში მოგიტანთ დიდ ეფექტს. დროთა განმავლობაში სწორი და ღრმა სუნთქვის წყალობით იკლებს გულის პულსაცია. წუთში 60-70 დარტყმიდან ჩამოდი 50-55-ზე და უფრო დაბლაც კი, რაც უფრო დიდი ხნის სიცოცხლის საწინდარია.
სწორედ სწორი სუნთქვა ახდენს ძალზე დიდ გავლენას, როგორც სისხლის ჟანგბადით მომარაგებაზე, ასევე საკვების მომნელებელ ორგანოთა კარგ ფუნქციონირებაზე არაპირდაპირი მასაჟის მეშვეობით.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილზე მოსამზადებელ ვარჯიშებზე, სწორი სუნთქვის ელემენტების შეტანას, სულ 2-3 წუთის განმავლობაში, ოღონდ სისტემატურად, ძალზე დიდი შედეგის მოტანა შეუძლია. მისი მეშვეობით ადამიანის ორგანიზმი იწმინდება, მაგრდება და ჯანსაღდება.
ფიზიკური კულტურისა და სპორტის მასწავლებლებს დროის მოკლე ვადაში შეუძლიათ დაეუფლონ სწორი სუნთქვის ტექნიკას და შემდეგ ჩართონ სუნთქვის ელემენტები ზოგადგანმავითარებელ ვარჯიშებში.
ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური – ასე ერქმევა ახალ ორგანიზაციას, რომლის შექმნის შესახებ, დღეს, 17 მაისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ. ახალი ააიპ-ის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საკითხს სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე წარადგენს.
ახალი სამსახურის ირგვლივ კომენტარები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება. მთავრობის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.
სხდომის დღის წესრიგში სხვადასხვა საკითხებია შეტანილი. მათ შორის, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ.
ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლები და ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვია მიწვეული.
ბათუმში, ფარნავაზ მეფის N67-ში, სადაც მეპატრონემ მეცხრამეტე საუკუნის სახლი დაანგრია, ახალი სახლის პროექტის ავტორი არქიტექტორი გია გაბაშვილია. ის ასევე მუშაობს სასტუმროს პროექტზე, რომლის მშენებლობასაც ინვესტორი ვაჟა-ფშაველას 26-ში, ძველი სახლის დანგრევის სანაცვლოდ გეგმავს. ისტორიული სახლების ნგრევას ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“ ეწინააღმდეგება. ახალი სახლების არქიტექტურულ იერ-სახეს კი ბათუმში სხვაც ბევრი აკრიტიკებს. როგორ აღიქვამს ამ ყველაფერის არქიტექტორი გია გაბაშვილი, რომლის არქიტექტურასაც ასევე არ აკლია კრიტიკა: დიახ, მე დავაპროექტე ბარათაშვილის 76-ში ხუთსართულიანი სახლი აგურის მოპირკეთებით. ამ რიგზე ხუთი ან შვიდსართულიანი სახლებია. სახლი დავაპროექტე ყველანაირი რეგულაციების გათვალისწინებით. გარემოს თუ მიმოვიხილავთ, წინ გია აბულაძის, ცნობილი არქიტექტორის ექვსსართულიანი სახლია, რომლის ქვემოთაც განთავსებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „იუესაიდი“. ის კარგი შენობაა. არაფერი ისეთი არ ხდება, მე ამ პროექტის არ მრცხვენია და არ მერიდება, მას დავიცავ ყველანაირ ზომებში და მასშტაბში, იმიტომ, რომ არის პროექტები ქალაქის ცენტრში, რომლებიც არის მართლაც სამარცხვინო.
კონკრეტულ მაგალითს დაასახელებთ?
მაგის თქმა იმიტომ არ მინდა, რომ უნდა შევეხო ჩემს კოლეგას და ის უნდა გავამტყუნო.
მაგრამ საუბარი პროექტებზე, რომლებიც ქალაქ აზარალებს, ალბათ, უნდა შეიძლებოდეს.
ხელოვნებათმცოდნე რომ ვიყო ვისაუბრებდი, მაგრამ ექიმმა არ შეიძლება მეორე ექიმის მინუსებზე ილაპარაკოს. ჩვენც გვაქვს ჩვენი ეთიკის კოდექსი. ბათუმში არქიტექტორები ვართ 15-მდე, ვინც აქტიურად მუშაობს და კიდევ არის ხუთი-ექვსი არქიტექტორი, რომლებშიც მეც გავდივარ, ვინც დიდი ხანია მუშაობს და აქვს დიდი გამოცდილება.
ბათუმში უსახური, საცხოვრებლად არაკომფორტული სახლები შენდება, რაზეც ბოლო დროს ბევრი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა. თუ გაწუხებთ ეს კრიტიკა?
ხალხი არ აქტიურობდა არასდროს. აქტიურობა დაიწყო გია რამიშვილის თამადობით. ჩამოყალიბდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“, ნინო ინაიშვილსაც ვიცნობ კარგად, შოთა გუჯაბიძეს არ ვიცნობ. ამ ჯგუფმა დაიწყო მიზანმიმართული ბრძოლა. ბრძოლა ჰქვია ამას, ეს არის ბრძოლა უსახური შენობების წინააღმდეგ ძველ ბათუმში და „ბათომმა“ ამას მიაყოლა… ბავშვს რომ ნაბან წყალს გადააყოლებ…
მათ წინ არ აღმოჩდნენ ჯანსაღი ოპონენტები, ამიტომ მათ დარჩათ ბურთი და მოედანი. ისინი მხოლოდ კრიტიკით გამოდიან და არაფერს სთავაზობენ მოქალაქეებს. მორატორიუმი ვერ განხორციელდება, რადგან ქალაქი არის ცოცხალი ორგანიზმი. ეს არ არის მარტო შენობები, ეს არის ხალხი, რომლებიც მრავლდებიან, შვილებს აჩენენ. დღეს უკვე კაპიტალიზმია, ძველად საბჭოთა წყობა იყო. მაშინ ძველი ბათუმი იყო მარტო საცხოვრებელი. დღეს უკვე ჩნდება ოფისები, ხალხს შენობების თანამედროვე ტექნოლოგიებით გაკეთება უნდა… ხალხს მივუთითოთ თქვენ ამ შენობებში უნდა იცხოვროთ, მისჯილი გაქვთ და მათ ვერაფერს ვერ დაუმატებთო, ეს გამორიცხულია. მათ სახელმწიფომ უნდა გაურემონტოს, მაგრამ სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა არ აქვს და კარგ ხანს არ ექნება, შუაში ხალხია გაჭყლეტილი.
ანუ, ძველი ბათუმის იერსახე არ უნდა შენარჩუნდეს?
უნდა შენარჩუნდეს. მე როდესაც პროექტს ვაკეთებ, ყოველთვის ვითვალისწინებ გარემოს. როდესაც მორბელაძემ ბათუმში პიაცა დააპროექტა, ძველ ბათუმში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდა. იმ კვარტალში იყო ერთი უსახური სკოლა და ჩამოყალიბდა მიზიდულობის ცენტრი. არქიტექტურაც მშვენიერია.
მაგრამ საუბარი ეხება იმას, რომ არ უდგებიან საკითხს პროფესიონალურად. ყველა ვერ მიუდგება, ეს იყო სახელმწიფო მიდგომა. ის სკოლა სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ამიტომ მოასუფთავა, გაიღო ფული და გააკეთა. როცა არის კერძო სეგმენტები, მათ არ აქვთ ამდენი შესაძლებლობა. ამიტომ მიმდინარეობს კვარტალში ცალ-ცალკე ახალი მშენებლობები. თან ძველ ბათუმში მიღებულია მშვენიერი კანონი. სიმაღლის შეზღუდვა არის თხუთმეტი მეტრი, ეს არის მშვენიერი კანონი, მაგრამ არ იცავენ, თან კიდევ ძველ ბათუმში მაინც უნდა იმუშაონ უფრო მეტად პროფესიონალმა არქიტექტორებმა და უნდა იყოს შემოღებული კონკურსების წესი. ეგ როგორ მოხდება მე არ ვიცი. ეს უნდა გაკეთდეს პროფესიონალურად და არა დამკვეთი მოელაპარაკოს არქიტექტორს, რომელიც უფრო იაფად აკეთებს პროექტს.
მაგრამ ინვესტორი მოინდომებს კონკურსით შეარჩიოს არქიტექტორი?
არ მოინდომებს, მაშინ იქ ვერ ააშენებს. ინვესტორის მხოლოდ ლეგიტიმური სურვილები იქნება გათვალისწინებული. არქიტექტურა ხელოვნებაა და არ შეიძლება ის მათემატიკური ფორმულებით ვიანგარიშოთ. გეტყვით პიაცას მაგალითზე, პიაცაზე ერთ ადგილას გვაქვს 13-სართულიანი კოშკი, მოქმედი ნორმებით მისი გაკეთება არ შეიძლებოდა. როცა ტურისტი ეძებს პიაცას უკვე აქვს მას ვერტიკალური ორიენტაცია. ყველგან შეიძლება რაღაცის დაშვება რაღაცის გამო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენლის კეთილი ნების გადასაწყვეტი. შეიძლება იყოს უნიჭო არქიტექტორი, ყველაფერი ზომებში ჩასვას, რომ შეხედავ ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ არ მოგეწონება…
შოთა გუჯაბიძე უყურებს ქალაქს როგორც შენობებს, ის ქალაქს ვერ ხედავს დინამიკაში, მაგრამ მე ვაფასებ მის გულწრფელობას და პატიოსნებას. მე მახსოვს, როცა ბარბარეს ეკლესია ინგრეოდა, ის იყო მართლაც მშვენიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იქ ძველად იყო ინგლისელების მიერ აშენებული თავლა და იყო ინგლისელების მიერ აშენებული ეკლესია, ეს იყო თეთრი ლამაზი პროტესტანტული სტილის შენობა. ჩვენმა ეკლესიამ და მეუფე დიმიტრიმ, მოდი პირდაპირ ვთქვათ, დაარქვა რეკონსტრუქცია, შენობა მოანგრია მთლიანად და დადგა ძველქართული ბაზილიკა. ეს მოხდა კანონის დარღვევით, რაც არასწორია.
ეს, ფაქტობრივად, იყო დანაშაული, რომელზეც სახელმწიფოს რეაგირება არ მოუხდენია.
დიახ, დანაშაული იყო და მხოლოდ ბატონი გუჯაბიძე გამოვიდა მის წინააღმდეგ. მაშინ მას გვერდით არავინ დაუდგა…
ძალიან ბევრ პროექტს ბათუმში არ აქვს ეზო, პარკინგი, გამწვანება, რაც მითითებულია რეგულაციებში, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს. დიახ მითითებულია, რომ გამწვანება უნდა იყოს ათი პროცენტი. ხუთასი კვადრატი რომ გაქვს და 300 კვადრატზე შენობას აშენებ, რაღა გამწვანება რჩება, ორი პალმის ადგილი? – თვითონ ეს რეგულაციებიც დიდი ტერიტორიებისთვისაა. თუ არის ხუთი ათასი კვადრატი ტერიტორია, და იქ მრავალბინიანი სახლი შენდება, იქ უკვე შეიძლება …
ხუთი ათასის ათი პროცენტი არ არის პატარა ფართობი და შესაძლოა არ მოინდომოს მესაკუთრემ მისი გამწვანების ადგილად ქცევა.
რას ნიშნავს არ მოინდომოს, ეს კანონია და ასე უნდა იყოს. პროექტზე თანხმობა არ გაიცემა, თუ არ იქნება გათვალისწინებული 10 პროცენტი გამწვანება, შემდეგ არღვევენ მას. სამ ხაზს გაავლებ და გამწვანებას დააწერ, ეს არაფერია… ახლა მერიამ მიიღო დადგენილება 150 მეტრ კვადრატზე ერთი მანქანის ადგილის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
ვერ გავიგე, ანუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ეს არის პრობლემა, თუ არა? – ალბათ გაგიგიათ, რომ პარკინგის არარსებობის გამო დღეს ქალაქში გადაადგილება ძალიან ჭირს.
ასეა, ქალაქში კოლაფსია. სპეციალურად შევიძინე პატარა მანქანა, რომ ვიარო. ხშირად იძულებული ვარ მანქანა დარღვევით გავაჩერო. ყოველ თვიურად 40-60 ლარს ვიხდი ჯარიმებში. ამ ქალაქში ისე ვერ იმოძრავებ, თუ წესი არ დაარღვიე. ვჯარიმდები და ვიხდი ჯარიმას, აბა რა ვქნა. ვინმე თუ იტყვის, ისე დავდივარ წესს არ ვარღვევო, სასაცილოა.
150 კვადრატზე ერთი მანქანის ადგილი რას შეცვლის, როცა ერთ სართულზე ოთხი ან ხუთი ბინაა. გამოდის, ერთ სართულზე მცხოვრებ ხუთი ოჯახისთვის ერთი მანქანის ადგილი საკმარისია?
ბათუმი ჩამოყალიბდა ტურისტულ ქალაქად. ზღვის პირას რაც შენობებია, ზამთარში მხოლოდ ათი პროცენტი შეიძლება იყოს დატვირთული, ძირითადად, ზაფხულობით ჩამოდიან. რაც შენდება ფარნავაზ მეფის ქუჩის იქით, ის შენდება ბათუმელებისთვის.
მზის სხივის გავრცელების პრობლემაზე რას იტყვით? – ამაზე უკვე ხელისუფლებაც საუბრობს.
ძეგლთა დაცვაში რომ საბჭოა, იმას მე საბჭოდ იმიტომ არ ვთვლი, რომ ჩვენთან ყველა სფეროში არის ჩინოვნიკების დიქტატი. ავიღოთ ლაშა ასლანიშვილი, მას არასდროს უფიქრია, რომ მოუწევდა არქიტექტურაზე მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება. ის არ არის პროფესიონალი. იქ არის ასევე მერიის ზედამხედველობის სამსახური – ის ხომ საერთოდ. კაი კაცია, მაგრამ მშენებლობის ზედამხედველია. მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე კარგი ბიჭია, კანონმორჩილია, მაგრამ მშენებელია და არა არქიტექტორი. არის ასევე განათლების მინისტრის მოადგილე, გვარი არ მახსოვს… შემთხვევითი ხალხი შეიკრიბა, ასე ვთქვათ, იქ არის ერთი არქიტექტორი ნუგზარ ძნელაძე, ისიც არის აჭარის ფინანსთა სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსი – ჩინოვნიკია და არასდროს წავა ჩინოვნიკური სამყაროს წინააღმდეგ. პროექტები რაც საბჭოში შედის, ჯერ მიდის აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და იქ ხდება განხილვა, ეს კარგი ბიჭია, ეს ცუდი ბიჭია და ამაზე იყვირებს გუჯაბიძე და მოდი არ გვინდა… ანუ ეს არის საბჭოს იმიტაცია.
სიმაღლის რეგულაციებზე, სხივების გავრცელებაზე [ჩანაწერი] გადმოწერილია გერმანული კანონმდებლობიდან. გერმანიაში მზე გაბინდულად ანათებს. დაახლოებით ისეთივეა ჩვენთან მზიან დღეს შავი სათვალეებით რომ შეხედო. ჩვენთან მზე ძლიერი ინტენსივობისაა. იქ სიმაღლის რეგულაცია დგინდება გრადუსებით სამეზობლო საზღვრიდან ან შუა ქუჩიდან. იმ სხივის ქვეშ უნდა მოხვდეს შენობა. ჩვენს პირობებში გვერდით შენობას ჩრდილი არ ადგება, მეორე მხარეს კი, სადაც ჩრდილია, იქ არ უნდა აშენდეს, იქ უკვე ზიანი ადგება.
კიროვის [26 მაისის ქუჩა]და ზუბალაშვილის კვეთაში დგას 1921 წელს აშენებული სახლი, ლამისაა ინგრევა, ნამგალი და ჩაქუჩი აქვს შენობას. იქ ხალხი ცხოვრობს აუტანელ პირობებში. შენობას მინიჭებული აქვს ძეგლის სტატუსი. ბატონი გუჯაბიძეა ჩარეული და იმ სახლს არაფერი ეშველება.
ასე შეიძლება ითქვას ყველა ძეგლზე, რადგან ძეგლი თავისთავად ძველს ნიშნავს. როგორ უნდა გადავარჩინოთ ძველი ბათუმის იერსახე?
აღარ არის ის ძეგლი ტელმანის [ფარნავაზ მეფე] და ბარათაშვილის კვეთაში რომ ორი მშენებარეა და მაგაზე თქვენც რომ ერთი ამბავი ატეხეთ. იქ რა იყო ასეთი ამბის ასატეხი არ ვიცი, მაგრამ არქიტექტორებმა თავი არ დაიცვეს. ბარათაშვილის ქუჩა არის მაგისტრალი. ის არასდროს არ გახდება ტურისტებისთვის მიზიდულობის ცენტრი, შენობა ისტორიულიაო. მას არ ჰქონდა ძეგლის სტატუსი. თანაც იმ შენობის დანგრევის შემდეგ რა ბარაკები გამოჩნდა გაიარეთ და ნახეთ, იქ თუ „დარბილდინგი“ აშენებს ეს კარგია, ის ძლიერი კომპანია და მას აწყობილი აქვს საქმე ხელისუფლებასთან.
და „ოცნების“ შემწირველია.
„ოცნებას“ თუ წირავს, თქვენ არ იფიქროთ, რომ ივანიშვილითაა დაბმული. ხვალ იქნება ბერძენიშვილი, იმის სურათს ჩამოკიდებს კაბინეტში, ვინც მოდის ხელისუფლებაში, ყველას წირავს ბიზნესი. რა იყო იქ ამდენი სალაპარაკო?
თქვენი აზრით, რომელი შენობის გადარჩენა ღირს ამ ქალაქში, როგორც ძეგლის?
მე ძალიან გული მტკივა ფოსტის შენობის გამო, ეს შენობა გააუპატიურეს. ეს იყო მართლა სწორუპოვარი ძეგლი ინგლისელების მიერ აშენებული ფოსტა, მოანგრიეს და მოაძვრეს ყველაფერი რაც ავთენტური იყო, და ახლა იცით როგორ არი? – ლამაზ ქალს რომ სცემ და შემდეგ რომ ფერუმარილს წაუსვამ. ასეა ის საწყალი შენობა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურს დაევალა სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგებობის „სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მისაღებად“, ამ შენობის მონაცემების წარდგენა სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთვის 6 თვის ვადაში.
ნაგებობის შესახებ მონაცემები და დასკვნა, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ამ „ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად“ არის საჭირო.
რელიგიის საკითხთა სააგენტოს 11 მაისის გადაწყვეტილებით, მოხის სადავო ნაგებობა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაეცა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, მოხის სადავო ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეიტანეს. ბრძანება მიმდინარე წლის 1-ელ მაისსაა მიღებული და ძალაში 15 მაისს შევიდა. სწორედ ამ ბრძანებით დაევალა კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურს მონაცემების წარდგენა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთვის.
ფაქტები მოხის სადავო ნაგებობასთან დაკავშირებით იხილეთ ამ ბმულზე.
რატომ ვერ გრძნობენ თავს დაცულად სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ქუჩაში, ქვეყანაში და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ყველა მოქალაქის სიცოცხლისა და გამოხატვის უფლება იყოს დაცული? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები საუბრობენ.
ცოტნე ანანიძე
ცოტნე ანანიძე, „ქართული ოცნება“: „სახელმწიფოს რა ვალდებულებაც აქვს, ეს არის კანონით რეგულირებული. პირველ რიგში, ყველა ადამიანის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და ნებისმიერი ადამიანის დისკრიმინაცია იყოს აღმოფხვრილი, ეს მოგვწონს თუ არა.
ხელისუფლების ამოცანაა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულება, თუმცა შეიძლება იყოს კონკრეტული შემთხვევები, როცა სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებები არ არის მყისიერი და ეფექტური. თუმცა, მსგავსი ტიპის გამოწვევები შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში არსებობდეს. მთავარი მაინც არის სახელმწიფოს მიდგომა, ქართული სახელმწიფოს პოზიციაა ნებისმიერი ადამიანის მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა. გასაგებია, რომ ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში ლგბტ ადამიანები გარკვეულწილად იწვევენ აგრესიას, მაგრამ სახელმწიფომ უნდა დაიცვას ყველა ადამიანი ძალადობისგან და ამას ხელისუფლება არ გაურბის“.
ნინო ჩხეტია
ჩხეტია ნინო, „ქართული ოცნება“: „ყველაზე ნიშანდობლივია სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ნათლად ჩამოყალიბება იმის, რომ სახელმწიფოში დაცული უნდა იყოს ყველა ადამიანის უფლება, მათი ეთნიკური, რელიგიური, თუ სხვა განსხვავებულობის მიუხედავად.
რაც შეეხება ლგბტ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას, ამ მიმართულებით არის გარკვეული მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა, როცა საქმე ეხება ადამიანების უფლებებს, აქ პირველი მიმართულება არის განათლება. ზოგადად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა იმსჯელოს არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტურობაზე. შემაშფოთებელი მდგომარეობა, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, არ გვაქვს, თუმცა გაუმჯობესება შესაძლებელია.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, ბოლომდე ვერ დავეთანხმები ლგბტ ადამიანებს, რომ მათ სახელმწიფო ვერ იცავს, რადგან ბევრი რამ კეთდება ამ მიმართულებით, მაგრამ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, რჩება მაინც სივრცეები, სადაც სახელმწიფო ვერ შედის. მათ დღეს ჰქონდათ შესაძლებლობა იმის, რომ საკუთარი პოზიციები დაეფიქსირებინათ“.
ილია ვერძაძე, „ქართული ოცნება“: „სახელმწიფოს მხრიდან ამ ადამიანების დაცულობა არის ის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი არის მიღებული. თუმცა, კანონის მუშაობის თემა, სამწუხაროდ, არ არის ზემოდან იმპერატიულად გადასაწყვეტი საკითხი. ამას სჭირდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და ერთიანი ძალისხმევა.
როცა ვიღაც ამბობს, რომ „სახელმწიფო ვერ გვიცავს“, იმიტომ რომ თვითონ მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ეს სხვა საკითხია. მე მასე სასამართლო მოვიგე, მაგრამ აღსრულების პროცესი არის გაჭიანურებული, ამიტომ უნდა დავდგე და ვიძახო, რომ სახელმწიფო ვერ მიცავს?
შეიძლება რაღაც კარგ კანონებს ვერ ვასრულებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცვლილებები არ ხდება. ზოგადად, ჩვენი ქვეყანაა ასეთი, ნელ-ნელა მიდის ცვლილება. მეც მინდა, რომ სოლიდარობის განცდა იყოს დიდი, მაგრამ არ არის. ვიმედოვნებ, საზოგადოებრივი ინსტიტუტები, ზოგადი განათლება, ტრენინგების სისტემა იმუშავებს და ბოლოს და ბოლოს ადამიანები მივალთ იმ მდგომარეობამდე, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ. ვფიქრობ, მივდივართ აქეთკენ“.
18 მაისს, 12:00 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში, ამიკო ქავთარაძის სატელევიზიო პროექტის „ერთი ფოტოს ისტორია“ – 9/11-ის ჩვენება გაიმართება. ჩვენება მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების „მუზეუმი და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“ ფარგლებში იმართება.
ფილმი ეხება 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რის შედეგადაც ნიუ-იორკის ორი ცათამბჯენი ჩამოინგრა. ტრაგედიის ადგილისკენ მიმავალმა გერმანელმა ფოტოგრაფმა თომას ჰეპკერმა ასეთ პასტორალურ სცენას მოჰკრა თვალი – ახალგაზრდები მზეს ეფიცხებიან და საუბრობენ ჩამონგრეული მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ფონზე, მან ეს ფოტოები არქივში შეინახა, რათა თვლიდა, რომ ეს ფოტოები ხელს შეუშლიდა ტრაგიზმის განცდას, ჰოპკერმა ეს ფოტო ხუთი წლის შემდეგ გამოფინა, რამაც ამერიკულ პრესაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება მსჯელობა, ფოტოს ირგვლივ სადავო ისტორიებისა თუ მოსაზრებების შესახებ.
14:00 საათზე, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში გაიმართება დისკუსია „მედეა: დამნაშავე თუ მსხვერპლი?“. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესში, სადაც განხილული იქნება სხვადასხვა ისტორიული წყარო არგონავტების მითის შესახებ. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება დააფიქსიროს საკუთარი აზრი განხილულ თემასთან დაკავშირებით.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია კონკურსს სამ ვაკანსიაზე აცხადებს. ვაკანსიები ახალ სამსახურშია, რომელიც უსკომ საარჩევნო მოხელეების კვალიფიკაციის გასაუმჯობესებლად და გრანტების მოსაძიებლად შექმნა. „ინსტიტუციური განვითარების სამსახურის“ ფუნქციები უსკოს რეგლამენტით განისაზღვრება. ამ ცვლილებებსა და კონკურსის დებულებაზე უმაღლესი საარჩევნო კომისია დღეს, 17 მაისს იმსჯელებს.
უსკოს თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას თქმით, ახალი სამსახურის ხელმძღვანელის ხელფასი თვეში დანამატის გარეშე დაახლოებით 1274 ლარი იქნება, სპეციალისტის – 680. კონკურსანტებს ტესტირების გავლის შემდეგ სპეციალური კომისია გაესაუბრება. კომისიის წევრებად პარმენ ჯალაღონია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიწვევასაც გეგმავს. კონკურსის კონკრეტული პირობები მომავალი კვირას გახდება ცნობილი.
უსკო დღევანდელ სხდომაზე ასევე აპირებს მსჯელობას, უნდა დაექვემდებარონ თუ არა სავალდებულო სერტიფიცირებას სამსახურის სპეციალისტები.
„სამსახურის უფროსს, რა თქმა უნდა, მოეთხოვება სერტიფიცირება. აქ მსჯელობა იქნება იმაზე, უნდა მოვთხოვოთ თუ არა საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი სპეციალისტებს. დღეს მივიღებთ ამაზე გაადწყვეტილებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პარმენ ჯალაღონიამ.
„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ დღეს, 17 მაისს, არსებით განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი შავაძე დაიწყებს. საქმეში ამ დროისთვის ზუსტად 301 მოწმეა დასაკითხი. მოსამართლე თავდაპირველად ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენს.
ამ საქმეზე წინასასამართლო პროცესები მოსამართლეებმა ვიოლეტა ფორჩხიძემ და დავით მამისეიშვილმა გამართეს. ამ ეტაპზე სასამართლო მხოლოდ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავს. ასევე იმას, უნდა გათავისუფლდეს თუ არა ბრალდებული პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ. არც ერთი ბრალდებულის მიმართ ამ მოსმართლეებმა ადვოკატების შუამდგომლობა არ გაითვალისწინეს და დღემდე დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. სასამართლომ ასევე დასაშვებად მიიჩნია ის მტკიცებულებები, რაც პროკურატურამ 16 ტომის სახით წარმოადგინა.
მოწმეთა ჩვენებების გარდა, „ბათუმის აქციის საქმეში“ ტელევიზიების მიერ გადაღებული ვიდეოკადრებია, რომელთა ნამდვილობის ექსპერტიზის დასკვნა ჯერჯერობით არ მომზადებულა. ადვოკატების თქმით, კადრებში კონკრეტულად ბრალდებულები არ ჩანან.
მალე ბათუმს წყლისა და კანალიზაციის სრულიად ახალი ქსელი ექნება. ბათუმისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე კომპანია „გზა“ მუშაობს გერმანელ პარტნიორთან ერთად. 2010 წელს დაწყებული სამუშაოები, რომლებშიც კომპანია „გზა“ 2014 წლიდან ჩაერთო, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და 2018 წლის მიწურულს დასრულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმი, თავისი არსებობის განმავლობაში, პირველად იქცევა ქალაქად, რომელსაც ექნება ევროპული სტანდარტების შესაფერისი საკანალიზაციო სისტემა. მეტიც, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ამ პროექტს „საუკუნის პროექტი“.
პროექტის მესამე ფაზის დასრულების შემდეგ, ეგრეთ წოდებული „ჭაობის დასახლება“ (ცენტრალური ჭაობი და სამხრეთი ჭაობი) დაკარგავს თავის „სტატუსს“. ვინაიდან ამ პროექტით საფუძველი ეყრება ქუჩების სრულ კეთილმოწყობას, სანიაღვრე არხებისა და ასფალტის ინფრასტრუქტურის გამართვას.
ამ ეტაპზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭაობის მიმართულებით – ცენტრალურ ჭაობში (პუშკინიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების ჩათვლით, თითქმის ბაგრატიონის ქუჩამდე), შემდეგი ეტაპი კი იქნება სამხრეთი ჭაობი – მთისძირის ქუჩამდე, ჯავახიშვილის ქუჩის ჩათვლით.
პროექტის ოთხ ლოტში გაიმარჯვა ქართულ-გერმანულმა ერთობლივმა საწარმომ ,,პფაიფერ გზამ“, რომლის ძირითადი ქვეკონტრაქტორია შპს „გზა“. პროექტზე სხვადასხვა დროს ოთხი სხვადასხვა ხელშეკრულება გაფორმდა. აქედან ერთ-ერთი ორ თვეში დასრულდება, მომდევნო – ოქტომბერში, დანარჩენი ორი კი 2018 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე პერიოდში უნდა დასრულდეს. სამუშაოების ჩამონათვალში მოიაზრება სატუმბი სადგურების – ბენზეს, ბარცხანისა და მახინჯაურის წყლის რეზერვუარების მოწყობა. გაკეთდება 85 კმ სხვადასხვა სახის კანალიზაციისა და 60 კმ სხვადასხვა ზომის წყლის მილი.
2019 წლის ჩათვლით პერიოდი გამოსაცდელი ვადა იქნება. შპს „გზა“ მობილიზებულია მონიტორინგის რეჟიმისთვისაც – ფლობს გამრეცხ და სკანირების მანქანებს, რომლითაც ნაკლოვანებების აღმოჩენა და აღმოფხვრა იქნება შესაძლებელი.
ბათუმის მოსახლეობას კარგად ესმის ამ პროექტის მნიშვნელობა. შესაბამისად, კომპანია „გზა“ მათ მხარდაჭერას მუდმივად გრძნობს. დაახლოებით 15-18 ბრიგადა მუდმივ რეჟიმში მუშაობს, ზოგჯერ ღამის ცვლაშიც კი. პროექტის ყველა კომპონენტი 600-მდე ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. ერთობლივი საწარმოს სამუშაო გუნდში ყველა თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეა. პროექტს მართავს გერმანელი პროექტმენეჯერი.
პროექტს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქისა თუ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის – მისი დასრულების შემდეგ არც ერთ ინვესტორს აღარ შეეშლება ხელი, თუნდაც კომუნალური სისტემის გამო.
პროექტის ძირითადი დონორი გერმანული ბანკი KFW-ია. გერმანულმა კომპანიამ „პფაიფერმა“ მას შემდეგ შეარჩია პარტნიორად შპს „გზა“, რაც მის მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნო. შპს „გზას“ ასეთი პროექტები ბევრი აქვს. მაგალითად, ეს კომპანია თავის დროზე შეეჭიდა ისეთ დიდ პროექტებს, როგორიც არის: საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობა, სადგომი და მისასვლელი გზების მშენებლობა, ასევე, სასტუმრო „ჰილტონის“ საძირკველის მოწყობა, ადლიის საბაჟო ტერმინალი, ბონის ავტოსადგური, „ბათუმი ცენტრალი“, ბათუმში ბაგრატიონი-ერისთავის ქუჩების რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც ქალაქი ტრანსპორტის ნაკადისგან განიტვირთა.
ნებისმიერი პროექტი, რაზეც შპს „გზას“ უმუშავია, ევროპულ, მაღალ სტანდარტებს მოითხოვდა.
კომპანია „გზის“ გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი სხვა სიმაღლეებსაც აუცილებლად შეეჭიდება. უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ კომპანია „გზა“ – ეს პროფესიონალების გუნდია.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 და 21 მაისს შემოსავლების სამსახურის ვებსერვისებთან წვდომა ორი დღით შეიზღუდება. ამიტომ, სამსახური მოუწოდებს შესაბამის პირებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნულ პერიოდში იგეგმება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის ტრანსპორტირება, დაგეგმილი სამუშაოების დაწყებამდე გამოიყენონ ზედნადების წინასწარ გამოწერის შესაძლებლობა.
„გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურში დაგეგმილია სერვერული ინფრასტრუქტურის განახლებითი სამუშაოების ჩატარება, რის გამოც 20 მაისს 22:00 საათიდან 21 მაისის 10:00 საათამდე სრულად შეზღუდული იქნება წვდომა შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების პორტალზე – https://eservices.rs.ge და ასევე ყველა ვებ-სერვისთან, ხოლო 21 მაისის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე სისტემები იმუშავებს მცირე შეზღუდვებით.
ამასთან, გაითვალისწინეთ, იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნულ პერიოდში იგეგმება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის ტრანსპორტირება, დაგეგმილი სამუშაოების დაწყებამდე გამოიყენეთ ზედნადების წინასწარ გამოწერის შესაძლებლობა. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისათვის“ – აღნიშნულია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის შენახვა, რეალიზაცია, გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ – ერთი ბრალდებული, წყალტუბოს რაიონში საკუთარი საცხოვრებელი სახლის სხვენში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებულ უაქციზო სიგარეტს, კერძოდ, 29 239 კოლოფ ,,Master’’- ს, რომლის ნაწილიც, 7 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ,,Master“-ი გაასაღა ერთ-ერთ ბრალდებულზე.
საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული პირი დააკავა პროდუქციის გადაზიდვის მომენტში, ხოლო დანარჩენი უაქციზო სიგარეტი ამოიღო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200 – ე მუხლის მე -3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
დღეს ბათუმში, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნა. პროექტის – ,,სალოტბარო მიმართულების განვითარება“ მიზანი უძველესი ადგილობრივი ხალხური სიმღერების აღდგენა და შენარჩუნებაა.
აჭარის „ხალხური ხელოვნების“ სკოლის დირექტორის, გურამ ხოზრევანიძის თქმით, სკოლაში გაწევრიანება ნებისმიერ წარჩინებულ მოსწავლეს შეუძლია. მსურველები უფასოდ შეისწავლიან „ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.“
გახსნის ცერემონიის დასრულებისას აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლასა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
დღესდღეობით, საქართველოში სულ 17 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, რომელშიც 700-მდე ბავშვი სწავლობს.
ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, მოადგილე გიორგი გაბუნია, ა(ა)იპ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის ხელმძღვანელი გურამ ხოზრევანიძე და ანსამბლ ,,რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი დაესწრნენ.
ხელოვნების სკოლასა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწფო ცენტრს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
შუქი არც წინასწარ დაანონსებულ დროს ირთვება. ხშირ შემთხვევაში შუქი სოფლებში დილის 8 საათზე ითიშება და საღამოს 6 საათის ნაცვლად, ზოგან საღამოს 9 საათამდე არ ირთვება.
აღნიშნულთან დაკავშირებით თეიმურაზ ბოლქვაძე ამბობს: „მათ აქვთ განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაო, მაგრამ შესაძლოა დაანონსებული სამუშაოები რამდენიმე წუთით გაგრძელდეს“.
შუქის ინტენსიური გათიშვა მარტის ბოლოს დაიწყო, იმ დროისთვის „ენერგო პრო-ჯორჯიას“ აჭარისა და გურიის სადისპეტჩერო განყოფილების უფროსი, ჰაიდარ ფარტენაძე აცხადებდა, რომ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით აჭარის მთიანეთში ელექტროენერგიის მიწოდებაში შეზღუდვები მხოლოდ აპრილის თვის ბოლომდე გაგრძელდებოდა და დაანონსებულ სამუშაოებთან დაკავშირებით სოფლებში ეტაპობრივად, სამდღიანი გრაფიკით, დღისით შეწყდებოდა შუქის მიწოდება.
„ყველაზე მეტი გამორთვები ქედაშია, რადგანაც ხაზის მშენებლობა ამ დროისთვის ამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მინდინარეობს, ძირითადად მახუნცეთის, წონიარისისა და ცხმორისის თემებშია შეზღუდვები, რაც კვირის ბოლომდე გაგრძელდება. რაც შეეხება დაანონსებულ დროს, რომ ქედაში მაისამდე უნდა დასრულებულიყო ხაზის გაყვანა, ვერ მოესწრო“ – ამბობს თეიმურაზ ბოლქვაძე.
შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორს, ირაკლი ცეცხლაძეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილების გამოცხადების დროს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მსჯავრდებულის ის საბანკო ანგარიშებიც ჩამოთვალა, სადაც მას თანხა აქვს განთავსებული – ჯამში 130 256 აშშ დოლარი და 988,77 ლარი. უკანონოდ მითვისებული 5 მილიონიდან სახელმწიფო მხოლოდ ამ თანხას დაიბრუნებს.
ამას გარდა, ბელორუსიაში დაკავების დროს, ირაკლი ცეცხლაძემ გამოძიებას გადასცა 600 ათასი ლარი.
„4 მილიონ 400 ათასი მას უკვე დახარჯული აქვს. სად დახარჯა, არ ვიცი. ვერაფერს გეტყვით იმის გარდა, რაც სასამართლო პროცესზე მოისმინეთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი ცეცხლაძის ადვოკატმა, ომარ ხაჯიშვილმა.
სასამართლო პროცესზე პროკურატურას არ აუხსნია, რა სქემით მიითვისა მსჯავრდებულმა და სად წავიდა სახელმწიფოს კუთვნილი მილიონები. პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა დავით ჭარბაძემ მხოლოდ ის თქვა, რომ 5 მილიონი 2016 წლის განმავლობაში მიითვისა ირაკლი ცეცხლაძემ. პროკურორმა არ დაგვიკონკრეტა, კონკრეტულად რომელ თვეში მიითვისეს თანხა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი ცეცხლაძემ დავით ბალაძის მინისტრობის დროს მიითვისა სახელმწიფოს ფული. დავით ბალაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან 2016 წლის ივლისში წავიდა.
პროკურორმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა ჟურნალისტებთან, რომ სხვა პირების მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს.
5 მილიონის მითვისებაზე ჟურნალისტებთან საუბარი არც ირაკლი ცეცხლაძის ახლობლებმა ისურვეს, რომლებიც დღეს სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ. არც ერთ მათგანს სასჯელის გამოცხადების დროს რეაქცია არ ჰქონია.
სასამართლო დარბაზი უსიტყვოდ დატოვა მსჯავრდებულმა ირაკლი ცეცხლაძემ. უკანონოდ თანხის მითვისებისთვის განსაზღვრული სასჯელი 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წლისთვის რძის მიმღები ორი პუნქტის მოწყობას გეგმავს. რძის მიმღები პუნქტები რეგიონის იმ ნაწილში მოეწყობა, სადაც ყველაზე მეტი რძე იწარმოება, თითოეულის წარმადობა დღეში 10 ტონა იქნება. მას შემდეგ, რაც სამინისტრო მიმღებ პუნქტებს მოაწყობს, მათ იჯარით იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადასცემს, რომლებიც რძეს აწარმოებენ.
„რძის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისი მიმღები პუნქტების მშენებლობა 2018 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული, პუნქტები რეგიონის იმ ზონებში მოეწყობა, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით იწარმოება რძე. ამით გვინდა ხელი შევუწყოთ რძის შეგროვების კულტურის განვითარებას რეგიონში,“ – ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრაგრული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე.
მისივე ინფორმაციით, პუნქტები აღიჭურვება ლაბორატორიით, რძის შემკრები ავზებით, მაცივრებით, სპეციალური ტრანსპორტით, რომლითაც შეგროვებული რძის საწარმომდე ტრანსპორტირება მოხდება.
„რაც შეეხება კრიტერიუმებს, თუ ვის გადაეცემა სამართავად, ამ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით იჯარით რძის სექტორში დასაქმებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადავცემთ. აქცენტი გაკეთდება გაერთიანებებზე, რომ კიდევ უფრო გამსხვილდნენ, მეტი ფერმერი ჩაერთოს და რძის წარმოება-გადამუშავება გაძლიერდეს რეგიონში. პროგრამის, რომლის ფარგლებში რძის მიმღები პუნქტები უნდა მოეწყოს, სავარაუდო ბიუჯეტია 874 ათასი ლარი,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.
თეიმურაზ გოგიტიძე,
მამოლოგია-ონკოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში
2016 წლის დეკემბრიდან ვმუშაობ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, სარძევე ჯირკვლის პათოლოგიის დიაგნოსტიკას ვეწევი. აქ გვაქვს მამოგრაფიის ციფრული აპარატი სკრინინგისთვის. ეს არის სარძევე ჯირკვლის რენტგენული კვლევა, რომელიც მიიჩნევა ოქროს სტანდარტად სკრინინგში იმ პათოლოგიების გამოსავლენად, რომლებიც არ იგრძნობა ხელით არც ექიმისა და არც პაციენტის მიერ. ეს აპარატურა დასავლეთ საქართველოს არც ერთ კლინიკაში არ აქვთ, თბილისში შეიძლება იყოს ერთი-ორი, ან შეიძლება არც იქ იყოს. ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მუშაობა სწორედ ამ აპარატურის გამო გადავწყვიტე.
რა განსხვავებაა მამოგრაფიის ციფრულ და არაციფრულ აპარატს შორის? – ხარისხი. არ ვიტყვი, რომ ძველი თაობის აპარატი სრულიად უსარგებლოა, მაგრამ დაწყებული დასხივების დაბალი დონით და დამთავრებული ძალიან მცირე პათოლოგიების გამოვლენით, ციფრული აპარატურა შეუდარებელია. ამას ემატება ოპერატულობაც – ძველი თაობის აპარატით გადაღების შემთხვევაში საჭიროა ლოდინი, რაც ამ შემთხვევაში საჭირო არ არის.
დიაგნოზის დასმა, ცხადია, დამოკიდებულია როგორც აპარატურაზე, ისე სპეციალისტზე. ამას ემატება პერსონალის კვალიფიკაციაც, რადგან კარგი გამოკვლევა იწყება კარგი სურათის გადაღებით. თუ რენტგენ-ლაბორანტმა არ გადაიღო სურათი კარგად, ვერაფერს დაადგენ. ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ამ თვალსაზრისითაც ერთ-ერთი გამორჩეულია – გვყავს ძალიან კარგი რადიოლოგი, იგი თბილისში მუშაობდა რამდენიმე წელი, აკეთებს და კითხულობს მამოგრაფიას, ექოსკოპიას და ულტრაბგერით კვლევებს. ის არის რადიოლოგი, რომელიც სპეციალიზებულია მხოლოდ ძუძუს პათოლოგიებზე.
ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ შემთხვევები, რომლებიც გვაინტერესებს ან გვეეჭვება, გადავუგზავნოთ სხვებსაც, მაგალითად, ამერიკაში ან ისრაელში. ციფრული ტექნოლოგიები სწორედ იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, შეგვიძლია გავუზიაროთ ნებისმიერი მიმართულების ექიმს ნებისმიერ დროს. თუკი ლაბორანტმა სამედიცინო ფორმატის სურათი გადაიღო სწორად და თანამედროვე აპარატურით, აღარ აქვს მნიშვნელობა ის საქართველოშია გადაღებული თუ ამერიკაში. ბათუმში გადაღებულ კარგი ხარისხის სურათზე სპეციალისტს აშშ-იც შეუძლია დაწეროს დასკვნა. საზღვრებს არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს და ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ამითაც გამორჩეულია.
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კლინიკის მსგავსი საოპერაციო აჭარაში არსად არის. გვაქვს ძვირადღირებული აპარატი „ლიგაშუ“. ჩვენთან ამ აპარატით კეთდება ოპერაციები. ადრე ექიმს ლანცეტი ჰქონდა, ახალი მოწყობილობა კი ლანცეტიც არის, საკვანძავიც და მაკრატელიც. ეს ოპერაციის დროს დაახლოებით ორჯერ ამცირებს. გარდა ამისა, ამცირებს პოსტოპერაციულ პერიოდს და გართულებებს. ადრე როცა ვაკეთებდი ოპერაციას, ორი კვირა სჭირდებოდა ადაპტაციას თუ ჭრილობის საბოლოო შეხორცებას, ახლა ოპერაციიდან მესამე დღეს ტოვებს პაციენტი საავადმყოფოს.
„კაპელა და მეგობრები“ – ასე ჰქვია კონცერტს, სადაც 18 მაისს, ნინო ქათამაძე იმღერებს.
კონცერტში მონაწილეობს საქართველოს სიმფონიური ორკესტრი, ასევე, ჯგუფ „ინსაითის“ გიტარისტი გოჩა ყაჭეიშვილი. ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. კონცერტი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება.
გახმაურებული „5 მილიონის მითვისების საქმეზე“ ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ასევე ჩამოართმევენ იმ ფულს, რაც ამ დროისთვის საბანკო ანგარიშზე აქვს. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა დავით ჭარბაძემ მოსამართლეს სთხოვა, თავისუფლების აღკვეთის შეფარდების გარდა, ირაკლი ცეცხლაძის საბანკო ანგარიშებიდანაც მოიხსნას თანხა, „რაც მას უკანონო გზით აქვს მოპოვებული და უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს,“ – დასძინა პროკურორმა. მას არ დაუკონკრეტებია, რა ოდენობის თანხა აქვს ანგარიშებზე ამჟამად ირაკლი ცეცხლაძეს.
ადვოკატმა ომარ ხაჯიშვილმაც გაამახვილა ყურადღება მითვისებულ ფულზე. თქვა, რომ ნახევარ მილიონზე მეტი ცეცხლაძემ სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.
„იგი არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებას. ირაკლი ცეცხლაძე კარგი ავტორიტეტით სარგებლობს და ის სრულად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს,“ – ეს ადვოკატის ბოლო სიტყვა იყო.
პროცესზე და მანამდე არც პროკურატურას და არც ირაკლი ცეცხლაძეს არ განუმარტავს, რა სქემით მოხდა 5 მილიონის მითვისება, სად წავიდა ეს ფული და აპირებს თუ არა გამოძიება სხვა თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემას.
„ვეთანხმები,“- მხოლოდ ამ ერთი სიტყვით შემოიფარგლა მილიონების მითვისებაში ბრალდებულის „ბოლო სიტყვა“.
ირაკლი ცეცხლაძე შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორი იყო, ხოლო თანხა ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის იყო განკუთვნილი. შპს „ჰიგიენა 2009“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა. სამინისტრომ თანხის მითვისების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 22 თებერვალს გაავრცელა. ირაკლი ცეცხლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 6 მარტს დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 4 მილიონ 984 ათას 200 ლარი მიითვისა.
ამ საქმის განხილვა უპრეცედენტოდ მოკლე დროში დაასრულა სასამართლომ. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ვერ მოისმენა ვერც ერთი მოწმის ჩვენება. მიზეზი მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებაა მტკიცებულებების უდავოდ ცნობაზე. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო პროკურორისა და ადვოკატის მხოლოდ შესავალ და დასკვნით სიტყვებს ისმენს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი ცეცხლაძემ დავით ბალაძის მინისტრობის დროს მიითვისა სახელმწიფოს კუთვნილი თანხა. დავით ბალაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან 2016 წლის ივლისში გადადგა. სამსახურიდან ასევე წავიდა თამაზ ხაბაძე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის და ამჟამად პარლამენტის წევრის, არჩილ ხაბაძის მამა. თამაზ ხაბაძე ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა და მის წინაშე უშუალოდ იყო ანგარიშვალდებული ირაკლი ცეცხლაძე.
აჭარის მთავრობის პრესსამსახური ზურაბ პატარაძის ვიდეოკომენტარს ავრცელებს, სადაც ის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ირგვლივ არსებულ პრობლემაზე საუბრობს.
ზურაბ პატარაძე ამბობს: „იყო საუბარი იმაზე, რომ თითქო ეს იყო გასაიდუმლოებული შეხვედრა, არანაირი გასაიდუმლოებული შეხვედრები არ ყოფილა, ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი, ჩვენ არაჩვეულებრივი, კარგი დიალოგი გვაქვს ზოგადად სამუფთოსთან, არასამთავრობო სექტორთან, პრესასთან, ასევე რელიგიის სააგენტოსთან. ჩვენ ვმსჯელობთ ამ თემაზე, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, ჩვენ ვართ მუდმივ დიალოგში და ეს დიალოგი არ შეწყვეტილა ერთი წუთით.
ახლახანს მქონდა შეხვედრა ტარიელ ნაკაიძესთან, ჩვენ გვქონდა საუბარი ამ თემებთან და ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ გამოსავალს და დავდებთ იმ შედეგს რომელიც მისაღები იქნება ქვეყნისთვის, ჩვენი მუსლიმი მრევლისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი რეგიონის საკეთილდღეოდ“.
არასმთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ზურაბ პატარაძესთან შეხვედრის დროს, არ ყოფილა კონკრეტულ დეტალებზე საუბარი: „მთავრობის თავმჯდომარეს, როგორც ჩანს, ჩვენი პოზიცია აინტერესებდა, რომელიც ისედაც ნათელია“.
ახალი მეჩეთის მშენებლობაზე, „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ ბათუმის მერიისგან უარი 5 მაისს, ოფიციალურად მიიღო.
„ბათუმის მერის ბრძანება ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად უკანონო,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, მუსლიმი თემის საკუთრებისა და საკულტო ნაგებობის მშენებლობის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ ავლენს სახელმწიფოს დისკრიმინაციულ პოლიტიკას, უხეშად არღვევს საქართველოს მოქალაქე მუსლიმების კონსტიტუციურ უფლებებს, ჰქონდეთ შესაბამისი სალოცავი პირობები და თანასწორად სარგებლობდნენ საკუთრების უფლებით.
დღეს, 16 მაისს, „ბათუმი ცენტრალში“ ახალი საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი გაიხსნა. ახალ საინფორმაციო ცენტრში მგზავრებს აჭარის ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. იქვე იქნება შესაძლებელი კონკრეტული ტურების შეძენა მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით ზაფხულში, რეგიონის მასშტაბით, ტურისტებს ჯამში 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი მოემსახურება, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების, მთიანი აჭარის ტურების, გასართობი ტურისტული ობიექტებისა თუ ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.
ამჟამად, აჭარის მასშტაბით ექვსი საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი მუშაობს. 2017 წელს, იანვარ-აპრილში, აღნიშნული ცენტრები 8 752 ვიზიტორს მოემსახურა, რაც 13,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.
2016 წელს კი, საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების მომსახურებით 86 684-მა ვიზიტორმა ისარგებლა, რაც 94%-ით აღემატება 2015 წელს.
რიგით მეცხრე საინფორმაციო ცენტრი რკინიგზის სადგურში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა გახსნეს.
18 მაისს, 18:30 საათზე, სსიპ ბათუმის № 26 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრი სპექტაკლს „წუნა და წრუწუნას“ გამართავს.
სპექტაკლს საქართველოში შშმ პირების პირველი თეატრალური დასი „ცისარტყელა“ წარადგენს, რომელშიც დასის 18 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას.
წარმოდგენა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
ინკლუზიური სწავლების ცენტრის დირექტორის, თამარ გოგიშვილის თქმით, ეს სპექტაკლი არ არის პირველი, აქამდე მოსწავლეებმა ოთხ სპექტაკლში ითამაშეს, მათ შორისაა „პატარა უფლისწული“ და „რწყილი და ჭიანჭველა“.
ამჟამად ცენტრში 53 მოსწავლეა, სპექტაკლების გარდა, ცენტრის წევრები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებებში, მათ შორის, ევროკავშირის დღეებთან დაკავშირებულ კვირეულში, სააღდგომო და საახალწლო წარმოდგენებში და სხვა. საქართველოს ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, ცენტრის მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგონში ექსკურსიებსაც აწყობენ.
ბათუმის ინკლუზიური განათლების ცენტრი 2016 წლის 10 მარტს გაიხსნა. ცენტრში რამდენიმე პროგრამა მოქმედებს, მათ შორის მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები შშმ ბავშვების სოციალური ადაპტაციის პროგრამაც, რომელშიც მუნიციპალიტეტების მიხედვით ჩართულია ათეულობით სპეცმასწავლებელი.
ინკლუზიური განათლების ცენტრს აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფინანსებს. ცენტრის ბიუჯეტი წელს 161 000 ლარია.
მავნებელი მწერი ფაროსანა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკარანტინო მავნებლების ნუსხაში შეიყვანა, ციტრუსს, თხილს, ვაზს, ატამს, ჟოლოს, ვაშლს, მსხალს… ბოსტნეულს, სიმინდს – სულ 300-მდე სასოფლო-სამეურნეო კულტურას ანადგურებს. მავნებელი მცენარის ნაყოფს ხვრეტს და ნაყოფიდან წვენს იღებს, რაც ნაყოფის უჯრედულ დაზიანებასა და მოსავლის ხარისხის დაცემას იწვევს.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის თქმით, სამინისტრო პირველ ეტაპზე მონიტორინგს განახორციელებს და თუ აღმოჩნდება, რომ მწერი მასიურადაა გავრცელებული, ქიმიურ ღონისძიებებს გაატარებს.
„მოქალაქეების მომართვიანობა ძალიან მაღალია, არის სატელეფონო ზარებიც, ყველაზე მეტად ბათუმის შემოგარენსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან გვიკავშირდებიან. მწერი პირველად დაბლობში გამოჩნდა, თუმცა ქედის მუნიციპალიტეტის დასაწყის ზოლში რამდენიმე ადგილზეც კი დაფიქსირდა. პირველ ეტაპზე განხორციელდება მონიტორინგი, სურსათის ეროვნულ სააგენტოს შემოაქვს ფერომონები, რომელსაც სპეციფიკური დამახასიათებელი სუნი აქვს და მწერს იზიდავს. ფერომონები რეგიონში 400 ადგილზე განთავსდება, ეს მოგვცემს საშუალებას, დადგინდეს მწერის გავრცელების სიხშირე, რის შემდეგაც განისაზღვრება რა ღონისძიება უნდა განხორციელდეს მავნებლის მართვაში, რომ არ მოხდეს გარემოში მწერის მასიური გავრცელება,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.
მისივე თქმით, „მავნებელი მწერი საწყობებში, სახლებში, ღრიჭოებში იზამთრებს და გაზაფხულზე, როდესაც დღე-ღამის ტემპერატურა 12-15 გრადუსს აჭარბებს, იწყებს გამოსვლას და გამრავლებას. წამლობითი ღონისძიების გატარება ეფექტურია ივნისის ბოლოს. გარდა ქიმიური ღონისძიებებისა, მოახლეობას შეუძლია არაქიმიური ღონისძიებები გაატაროს თავის საკარმიდამო ნაკვეთებში, სახლებში, სადაც მწერი მოძრაობს, მოახდინონ მათი მექანიკურად განადგურება. ერთი მწერის განადგურებით ჩვენ ფაქტობრივად 250 ფაროსანას ვანადგურებთ და ვიცავთ გარემოს ამ მწერის გავრცელებისგან. რაც შეეხება ქიმიურ პრეპარატებს, ყველაზე ეფექტურია პირეტროიდული ჯგუფიდან ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები – ტალსტარი, ინსაკარი, ასევე გამოიყენონ ლამბდა-ციჰალოტრინის შემცველები კარატე, კარატე ზეონი და ენდიგო. ქლორპირიფოსის შემცველები დურსბანი და პრიბან, ქიმიური პრეპარატების გამოყენებისას აუცილებელია საჭირო დოზის დაცვა, პრეპრატების პირველი შესხურება უნდა მოხდეს არაუგვიანეს ივნისის ბოლოს.“
აზიური ფაროსანა, ფაქტობრივად, მასიურად არის გავრცელებული მთელ დასავლეთ საქართველოში.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, რისთვისაც საქართველოსა და ამერიკის მთავრობები, ჯამში, 15 მილიონ ლარს დახარჯავენ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამოქმედო გეგმა გააცნო მედიას, თუმცა, როდის აღმოიფხვრება სრულად მავნებელი მწერის პრობლემა, რომელმაც დასავლეთ საქართველოში თხილის სექტორს უკვე 60 მილიონამდე ლარის ზარალი მიაყენა, ჯერჯერობით არ იციან. როგორც სააგენტოში აცხადებენ, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შემუშავებული პროგრამა პირველ წელს მხოლოდ დატესტვისა და დაკვირვების იქნება.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 105.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 255.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11.6 პროცენტით (11 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი მოდიოდა.
მიმდინარე წლის აპრილში რუსეთიდან 35.4 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა, აშშ-დან – 11,2, ხოლო საბერძნეთიდან – 11 მილიონი აშშ დოლარი.
2017 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.5 მლნ აშშ დოლარი (37.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, გასული წლის აპრილში კი – 16.3 მლნ აშშ დოლარი (37.0 მლნ ლარი).
შუახევის გამგეობის წინააღმდეგ სასამართლო დავას ვახტანგ ბერიძე იწყებს. ის 4 მაისამდე ააიპ „შუახევის კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი იყო. მის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს. შუახევის კულტურის ცენტრის ახალი დირექტორი მაკა მაკარაძე გახდა. ის შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, რუსუდან შავაძის რძლის დაა. რუსუდან შავაძე უშუალოდ კულტურის მიმართულებას კურირებს. ამავდროულად, კულტურის ცენტრის ახალი დირექტორი – მაკა მაკარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, თეონა ბერიძის ნათესავია.
„რძლის დაა, მაგრამ რა შუაშია ეს, მე საერთოდ უმუშევარი ვიყავი, ეს რომ კულტურის ცენტრის უფროსად მუშაობდა 2010 წლამდე“, – გვითხრა რუსუდან შავაძემ.
კითხვაზე, რა კრიტერიუმით შეირჩა კულტურის ცენტრის ახალი დირექტორი, შუახევის გამგებლის მოადგილემ გვიპასუხა, რომ ამოსავალი მისი წინა გამოცდილება იყო: „ის მანამდეც მუშაობდა ამ ცენტრის ხელმძღვანელად, ძალიან ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტი განახორციელა, კარგადაა გარკვეული სტრუქტურაში. ჩვენ გვჭირდებოდა კადრი, რომელიც მაშინვე ალღოს აუღებდა საქმეს…“
„მე საერთოდ „ბათუმელებისგან“ გავიგე, მაკა რომ კულტურის ცენტრის დირექტორად დაინიშნა,“ – ამბობს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე. ის ადასტურებს, რომ კულტურის ცენტრის ახალი დირექტორი მისი ნათესავია.
ამ საკადრო ცვლილებას კანონის პირდაპირ დარღვევად არ აფასებს, თუმცა ნეპოტიზმის ნიშნებს ხედავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“. ეს ორგანიზაცია უკვე მუშაობს კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორის, ვახტანგ ბერიძის სარჩელზე, რომელიც ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში შევა. სასარჩელო მოთხოვნებია: სამსახურში დაბრუნება, განაცდურის ანაზღაურება და გათავისუფლების ბრძანების გაბათილება.
„პრობლემა იყო, ზოგადად, დამოკიდებულება კულტურის მიმართ. საათობით ველოდი შუახევის გამგებლისგან პასუხს. ბოლოს გამგებლის მოადგილემ, რუსუდან შავაძემ მითხრა, ზემოდან არის დავალება, ორი ადამიანი მივლინებით საზღვარგარეთ არ უნდა წავიდესო,“ – გვიყვება ვახტანგ ბერიძე. ის მისი გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად იტალიაში მივლინებას ასახელებს, რაც ეთნომუსიკის პოპულარიზაციას შეეხებოდა და რაზეც გამგებელმა ხელი არ მოუწერა. საბოლოოდ იგი საკუთარი დაფინანსებით წავიდა იტალიაში. გათავისუფლების ბრძანებაში ვახტანგ ბერიძეს ჩაუწერეს, რომ მან თვითნებურად დატოვა სამუშაო ადგილი 5 დღით და იტალიიდან დაბრუნების შემდეგაც ის სამსახურს აცდენდა.
„რუსუდან შავაძემ მითხრა ისიც, რომ ჩემსა და ერთ-ერთ თანამშრომელთან შორის პირადი ფეისბუქმიმოწერები მიუტანეს გამგებელს. არ ვიცი, რას შეეხებოდა ეს მიმოწერა, მაგრამ მითხრეს, გამგებელი ამის გამო ძალიან გაბრაზდაო,“ – ამბობს ვახტანგ ბერიძე.
„აბსურდია, არავითარი ფეისბუქმიმოწერები არ ყოფილა… ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, რამდენად საჭირო იყო ორი ადამიანის წასვლა იტალიაში ერთი მუნიციპალიტეტიდან და მივიჩნიეთ, რომ ერთი ადამიანის წასვლა საკმარისი იქნებოდა,“ – გვითხრა რუსუდან შავაძემ, შუახევის გამგებლის მოადგილემ კულტურის დარგში.
„გათავისუფლების ბრძანება აჩენს ეჭვს, რომ სამართლებრივი კი არა, სხვა სარჩულის გამო გაათავისუფლეს ვახტანგ ბერიძე,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ვახტანგ ბერიძე 2005 წლიდან მუშაობს კულტურის ცენტრში სხვადასხვა თანამდებობაზე და აქამდე ერთხელაც კი არ მიუღია საყვედური. იურისტის შეფასებით, შუახევის გამგეობის მტკიცების ტვირთი იქნება, რამდენად მიზანშეწონილი იყო დირექტორის გათავისუფლება, ანუ ყველაზე მკაცრი ზომის გამოყენება იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება, რომ ბერიძემ თვითნებურად დატოვა სამსახური მივლინებისთვის.
„თვითნებურად არ მიუტოვებია, რადგან მან ითხოვა მივლინება და პასუხი საერთოდ არ მიუღია გამგეობისგან წერილობით. მეორე თანამშრომელიც მიდიოდა ამ ცენტრიდან, მაგრამ მან ბათუმის მერიისგან მიიღო დაფინანსება. შესაბამისად, გამგეობამ უნდა ამტკიცოს, რამდენად იყო ეს თვითნებურად სამსახურის მიტოვება ვახტანგის მხრიდან, ან რა ზიანი მიადგა ამით კულტურის ცენტრს,“ – განმარტავს ანა ბერძენიშვილი.
„ჰილტონ ბათუმი“ გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ „ჰილტონის“ ქსელის ყველაზე მასშტაბურ კარიერულ ღონისძიებაში, სახელწოდებით: „Careers@Hilton“ კვირეული.
აღნიშნული ღონისძიება უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს და სამუშაოს ახალგაზრდა მაძიებლებს სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. 2019 წლისთვის, „ჰილტონის“ ქსელი გეგმავს ერთი მილიონი ახალგაზრდის დასაქმებას და ამ შედეგის მიღწევაში წვლილის შეტანა 20 მაისს შეგვიძლია!
გამოიყენეთ შანსი გახდეთ „ჰილტონის“ დიდი ოჯახის წევრი და დასაქმდეთ ყველაზე სტუმართმოყვარე კომპანიაში!
„Careers@Hilton“ -ის ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო „ჰილტონში“, საბანკეტო დარბაზში, 20 მაისს, დასაწყისი 10:00 საათზე.
ამ დღეს სტუდენტებს ექნებათ შანსი ჩაერთონ სამუშაო აქტივობებში სხვადასხვა მიმართულებით, რათა უკეთ გაეცნონ სასტუმროს მუშაობის კონცეფციას;
დღე დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, სამუშაო ჯგუფებითა და სასტუმროს შიდა ტურებით.
დღის ბოლოს ასევე ჩატარდება მცირე პრეზენტაცია/სემინარი კარიერის დაგეგმვის შესახებ, სადაც ყველა მონაწილეს გადაეცემა სპეციალური დასწრების სერტიფიკატები.
10-11 ივნისს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, მედიის სფეროს წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდება ტრენინგი თემაზე “საგრანტო პროექტების წერა და ფონდების მოძიება”. პროექტს ორგანიზებას საზოგადოებრივი განვითარების აკადემია და ბათუმის ამერიკული კუთხე გაუწევს.
ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა: მედიის საქმიანობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი იდეების პრეზენტაცია, დონორები და დამატებითი სახსრების მოძიების გზები საქართველოში, დონორების რუკის შექმნის და განახლების ხერხები, დონორების მოთხოვნები და საპროექტო განაცხადის სტანდარტული ფორმები, როგორი უნდა იყოს თავფურცელი, ინფორმაცია განმცხადებლის და შემსრულებლის შესახებ, პროექტის აღწერა, პროექტის შესრულების განრიგი, საგრანტო ურთიერთობების სწორი მართვა და სხვა.
ტრენინგის მიზანია ჟურნალისტებმა და მედიასფეროს წარმომადგენლებმა მიიღონ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა საგრანტო პროექტის წერაში და ფონდების მოძიებაში.
ტრენინგი ქართულ ენაზე წარიმართება და მასზე დასწრება უფასოა. მონაწილეობის მსურველებმა 30 მაისამდე უნდა წარადგინონ აპლიკაცია ბათუმის ამერიკულ კუთხეში.
17 მაისს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში გაიმართება ლექცია „მოვუსმინოთ ბავშვებს“, რომელიც ევროკავშირის პროექტის – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში იმართება და ბავშვთა დახმარების ხაზის (HelpLine) საერთაშორისო დღეს უკავშირდება.
ბავშვთა დახმარების ქსელი (116 111) ემსახურება ბავშვებს, ახალგაზრდებს, მშობლებს, პროფესიონალებს, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სურს საუბარი.
„ათეულობით წლის განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ ბავშვების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ნაკლებად სარწმუნოა და მათი ჩვენება სამართალდამცავთათვის „სუსტ მტკიცებულებას“ წარმოადგენს. თანამედროვე მეცნიერული კვლევების საფუძველზე, ეს შეხედულება რადიკალურად შეიცვალა.
დადგინდა, რომ ბავშვის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა დამოკიდებულია არა იმდენად ბავშვის ასაკზე, რამდენადაც გამომკითხველის პროფესიონალიზმზე – უნარზე, განაწყოს ბავშვი სასაუბროდ, მისცეს მას თავისუფალი თხრობის საშუალება, მოუსმინოს, მართებულად ფორმულირებული კითხვები დაუსვას.
ამასთან, უნდა მოხდეს ბავშვის განვითარების ასაკობრივი მახასიათებლების გათვალისწინება. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პროფესიონალი უნდა ფლობდეს შესაბამის ცოდნას და უნარებს იმ თანამედროვე მეთოდების გამოყენებისთვის, რომლებიც აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში“-ნათქვამია პრესრელიზში.
ლექცია განკუთვნილია ბავშვთა საცვის საკითხებით დაინტერესბული სტუდენტებისა და სპეციალისტებისთვის.
ლექციას საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, ბავშვთა დაცვის ექსპერტი, ეკატერინე (ქეთი) თავართქილაძე წაიკითხავს, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში ექსპერტ-კონსულტანტი და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ მომზადებული 20-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორია.
ლექციის ჩატარების ორგანიზატორები არიან: ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდი“.
ზამთრის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებს დელფინარიუმში შესვლა 9 ლარად შეეძლოთ, თუმცა ტურისტულ სეზონზე ისინი ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ და სტანდარტულ ფასს – 15 ლარს გადაიხდიან. აღნიშნული ფასი 1-ელ ოქტომბრამდე შენარჩუნება. მოსწავლეებისთვის 9 ლარი მხოლოდ 13 ივნისის ჩათვლით იქნება.
დელფინარიუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელსაც 20 ლარი ეღირება დელფინების ღამის შოუ.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელფინარიუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ დასრულებულია.
„შეიღება გარე ფასადი და სახურავია გამოსაცვლელი, რომელიც სექციების მიხედვით, ნაწილ-ნაწილ გამოიცვლება, ერთბაშად გამოცვლა შეუძლებელია“-ამბობს დავით ლეკვეიშვილი, დელფინარიუმის დირექტორი.
მისი თქმით, მიმდინარე სამუშაოები წარმოდგენების გამართვას ხელს არ შეუშლის.
ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბათუმის „სანდასუფთავება“, პლაჟების დალაგების მიზნით, დამატებითი ბრიგადების მობილიზებას გეგმავს. დაემატება 40 ადამიანი, რომელიც „სანდასუფთავების“ უფროსის დავით ასამბაძის თქმით, მერიაში შემოსული განცხადებების საფუძველზე შეირჩევა.
„რეზერვები გვაქვს, რომელსაც წლის განმავლობაში ვინახავთ და იქედან ვასაქმებთ ადამიანებს, ასევე, სეზონურად ვინც მუშაობს, ის ხალხი მოგვმართავს ხოლმე და მათ ვასაქმებთ. ეს არის დაახლოებით ოთხთვიანი სამუშაო“-გვეუბნება ის.
მერიის ინფორმაციით, ტურისტულ სეზონზე ბულვარის ტერიტორიაზე იმუშავებს სპეცტექნიკა – მტვერსასრუტები. „ცხელი ამინდის დადგომისთანავე დაიწყება ქუჩების მორწყვა. დეზინსექცია – დერატიზაციის ღონისძიებები კი მაისიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით თვეში ორჯერ განხორციელდება. ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლა განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში,“-აცხადებენ „სანდასუფთავების“ სამსახურში.
დღეს, 15 მაისს, მსოფლიო ოჯახების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1993 წელს დაადგინა და იგი 1994 წლის 15 მაისიდან აღინიშნება. ოჯახების საერთაშორისო დღის მთავარი მიზანია ოჯახთა მრავალრიცხოვან პრობლემებზე ყურადღების გამახვილება და მხარდაჭერა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2016 წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობა 25 101 იყო, რაც თითქმის 4 ათასით ნაკლებია წინა წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობაზე. შარშან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 7 304 რეგისტრირებული ქორწინება თბილისში დაფიქსირდა, იმერეთში ეს მაჩვენებელი 3 832-ს, ქვემო ქართლში -2 867-ს, ხოლო აჭარაში 2 631-ს შეადგენს [აჭარაში 2015 წელს რეგისტრირებული ქორწინება იყო – 3002].
რაც შეეხება განქორწინებას, საქართველოში, 2016 წელს 9,539 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 3,688 თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი – 56 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემოსვანეთში ფიქსირდება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის მიზნით ქუჩების გადათხრაზე ნებართვები აღარ გაიცემა. აკრძალვა 25 მაისიდან 1-ელ ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მერიის ინფორმაციით, იმ ქუჩებზე, სადაც ამჟამად მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის პროცესი, სამუშოები თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
„ეს აკრძალვა შესაძლებელია არ შეეხოს მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილებს. თუ სადმე წყლის მილი დაზიანდება ან სხვა ტიპის პრობლემა შეიქმნება, ნებართა მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიცემა. მერიამ ყველა კომპანიას, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწარმოებს, გადავუგზავნეთ წერილობითი მოთხოვნა, რომ ყველა მიმდინარე სამუშაო დასრულდეს, რომ ქალაქი ტურისტული სეზონისთვის მზად იყოს,“- განაცხადეს მერიის პრესსამსახურში.
რაც შეეხება ე.წ. ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციას, მერიის ინფორმაციით, „პროექტი აქტიურად მიმდინარეობს და ზაფხულის პერიოდშიც შეუფერხებლად გაგრძელდება“.
მათი ცხოვრებაც მას შემდეგ შეიცვალა, რაც მეუღლეები დეპუტატები, თავმჯდომარეები, მინისტრები – პირველი პირები გახდნენ, ბევრმა განსხვავებული ამპლუა მოირგო; ზოგმა ბიზნესი ჩაიბარა; ზოგიერთმა კი კომპანიის წილები ან დირექტორის თანამდებობა… ქონებრივ დეკლარაციებზე თვალის ერთი გადავლებითაც ნათელია, რომ პოლიტიკოსების კარიერულ აღმასვლას ცოლები ქონების მატებით ფეხდაფეხ მიჰყვებიან.
ნანა ბაჯელიძე დეპუტატ დავით ბაციკაძის მეუღლეა. ბოლო მოწვევის უმაღლეს საბჭოში დავით ბაციკაძე ფრაქცია „ქართული ოცნება-აჭარას ხელმძღვანელობს“. მას შემდეგ, რაც უმაღლესი საბჭოს წევრად კიდევ ერთხელ აირჩიეს, ნანა ბაჯელიძემ მეუღლისგან სამშენებლო კომპანია „როიალ ბათუმის“ 25%-იანი წილი გადაიბარა. 2014 წლიდან, ანუ კომპანიის დაარსების დღიდან [დავით ბაციკაძე ამ დროისთვის უკვე დეპუტატია] ის ამ შპს-ს დირექტორია.
ნანა პროფესიით ეკონომისტია და ათ წელზე მეტია „თი ბი სი“ ბანკში მუშაობს. თავდაპირველად მოლარე-ოპერატორის პოზიცია ეკავა, შემდეგ კი სპეციალური კურსები გაიარა და ახლა ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტ-შემფასებელია. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო კომპანია ჩაიბარა, ბანკში მუშაობა მას დღემდე არ შეუწყვეტია. სწორედ ამიტომაც უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ხშირად გამოთქვამდა ეჭვს, რომ ნანა დირექტორის თანამდებობას ფორმალურად იკავებს და კომპანიას დეპუტატი მართავს, რაც კანონმდებლობით აკრძალულია.
ნანა ბაჯელიძე მეუღლესთან ერთად
ნანა ამტკიცებს, რომ სამშენებლო კომპანიის დირექტორობა, საბანკო საქმესთან შეთავსებადია და ეჭვის საფუძველი არავის აქვს: „ეს ორი სფერო ერთმანეთს ხელს არ უშლის. არანაირი პრობლემა არ მაქვს. მართალია, სამშენებლო საქმიანობის გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ მქონდა ფინანსური მენეჯერის, ამ მხრივ მართვის გამოცდილება. მე ვიყავი „ნიკალას“ ბუღალტერი. გარწმუნებთ, რომ დათო კომპანიის საქმიანობაში არ ერევა და რომ ჰკითხოთ რა ღირს კვადრატული მეტრი ფართი, ამაზეც ვერ გიპასუხებთ.“
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ნანას, როგორც კომპანიის დირექტორს და 25%-ის მფლობელს [მეუღლის მინდობით] კომპანიაში საქმიანობიდან 2017 წლის 5 იანვრამდე არანაირი შემოსავალი არ მიუღია: „არ მიგვიღია შემოსავალი ჯერ და რა ჩაგვეწერა? – ახლახან, ბოლოს ჩამერიცხა 500 ლარი, როგორც დირექტორის ხელფასი“
ნანა ამბობს, რომ სამშენებლო საქმე სხვა პარტნიორებთან ერთად ბანკიდან გამოტანილი სესხით დაიწყეს. ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია „თი ბი სი“ ბანკთან დადებული სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ, რაზეც ვალდებულება თავად ნანას აქვს აღებული [ 54 400 დოლარი – იპოთეკით დატვირთული სამომხმარებლო სესხი].
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც დავით ბაციკაძემ 2017 წლის 5 იანვარს შეავსო, ნანა ბაჯელიძე მნიშვნელოვან უძრავ ქონებას და ფასიან ქაღალდებს არ ფლობს. საცხოვრებელ სახლს ბათუმში, დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე კი, ერთპიროვნულად ფლობს დავით ბაციკაძე, ეს სახლი მას დედისგან მემკვიდრეობით მიუღია. 2008 წელს შევსებულ დეკლარაციაში დავით ბაციკაძემ ის 500 000 აშშ დოლარად შეაფასა.
„თი ბი სი“ ბანკიდან ნანა ბაჯელიძის სახელფასო ანგარიშზე დარიცხულმა თანხა 2016 წლის განმავლობაში 14 546,36 ლარი შეადგინა.
2008 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში დავით ბაციკაძე წერდა, რომ ნანა ფლობდა ბრილიანტის ანტიკვარულ ყელსაბამს, მაშინ ის დავით ბაციკაძეს 30 000 ლარად ჰქონდა შეფასებული. მომდევნო წლებში ეს ყელსაბამი ქონებრივ დეკლარაციებში არ ჩანს, არ ჩანს არც მისი გაყიდვით მიღებული შემოსავალი, თუმცა ნანამ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ ის გაყიდეს.
სამშენებლო კომპანიების წილები მინდობით მეუღლისთვის არ გადაუცია უმაღლესი საბჭოს წევრ ხვიჩა შარაშიძეს, რომელიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა. მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დეპუტატად აირჩიეს, წილები ძმას, გოჩა შარაშიძეს გადააბარა. თუმცა ამის შესახებ არც ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითებია და არც საჯარო რეესტრის მონაცემებშია ასახული. „არ მაქვს ვალდებულება რეესტრში ავსახო, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი უმაღლეს საბჭოში მიდევს“, – უთხრა დეპუტატმა „ბათუმელებს“.
ხვიჩა შარაშიძის მეუღლე პროფესიით ექიმია. თავად დეპუტატის ინფორმაციით, მაია ქარცივაძემ ახლახან დაამთავრა ორდინატურა უკრაინაში და მუშაობას „ევექსის“ კლინიკაში იწყებს.
დეპუტატის ინფორმაციით, რომელიც მან დეკლარაციაში შეიტანა, მაია ქარცივაძე პირად საკუთრებაში ფლობს ბინას ბათუმში, ანგისის დასახლებაში, რაც მას 60 000 ლარად შეუძენია და კომერციულ ფართობს თანასაკუთრებაში [111კვ.მ], რაშიც 50 000 აშშ დოლარი გადაუხდია. ამავე მისამართზე მაია ქარცივაძეს შეუძენია კიდევ ერთი კომერციული ფართობი 100 000 აშშ დოლარად [160 კვმ].
გარდა ამისა, სხვადასხვა დროს მაია ქარცივაძეს შეუძენია ორი ბინა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე [50კვ.მ] 25 195 აშშ დოლარად და ბინა ბათუმში პუშკინის ქუჩაზე [115 კვ.მ], რომლის ღირებულებაც დეკლარაციაში მითითებული არ არის. 2014 წელს მაია ქარცივაძეს 43 000 აშშ დოლარად ავტომანქანა BMW X 6 შეუძენია.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, 2017 წლის იანვარში, მაშინ, როცა დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, მაია ქარცივაძეს ჰქონდა 7 000 აშშ დოლარი ანაბარზე. დეკლარაციის მიხედვით, მაიას, გასულ წელს, მეუღლისგან განსხვავებით იჯარით გასხვისებული ფართებიდან შემოსავალი არ მიუღია.
უმაღლესი საბჭოს წევრის ილია ვერძაძის მეუღლე მაია ქათამაძეც მათ შორისაა, ვინც მეუღლის უმაღლეს საბჭოში არჩევის შემდეგ მეუღლის კომპანიის 100-ვე პროცენტი მინდობით მიიღო. შპს „ლიმი“ ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე სასტუმრო „ლიმის“ მართვას უზრუნველყოფს. მაიას ქათამაძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მეუღლე უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს, მან მხოლოდ „ლიმის“ წილები მიიღო მინდობით და ილია ვერძაძეს მისთვის არ გადაუცია შპს „ცდა 2008“-ის 15%-იანი წილი. ამ კომპანიის საქმიანობის სფერო მშენებლობაა. შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით ამ კომპანიას სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღია.
მაია ქათამაძე
თეა ხალვაში, ბათუმის არჩეული მერის გიორგი ერმაკოვის რეფერენტის თანამდებობაზე მუშაობს. ის უმაღლესი საბჭოს წევრის, განათლების კომისიის თავმჯდომარის ლადო მგალობლიშვილის მეუღლეა. უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევამდე ის განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
ლადო მგალობლიშვილის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თეა ხალვაში თანასაკუთრებაში ფლობს საცხოვრებელ სახლს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე [324 კვ.მ]. მას ეს სახლი მემკვიდრეობით მიუღია. სხვა უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები და მნიშვნელოვანი დანაზოგი მის სახელზე არ იძებნება. გასულ წელს კი თეამ 16 485, ორჯერ ნაკლები გამოიმუშავა , ვიდრე მისმა მეუღლემ ცხრა თვეში.
თეამ „ბათუმელებთან“ გასაუბრება არ მოინდომა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ მერიაში მუშაობა ლადო მგალობლიშვილის გაცნობამდე დაიწყო. ლადოს თქმით კი, თეა მერიაში 2014 წლიდან მუშაობს.
დეკლარაციაში არ ჩანს ვინ ფლობს უძრავ ქონებას, რომელიც ლადო მგალობლიშვილს გასულ წელს „DS GROUP“-ის გან შეუძენია, არ ფიქსირდება ამ უძრავი ქონების მისამართიც. დეპუტატის თქმით, ის ჯერ აშენებული არ არის, ამიტომ არ დაურეგისტრირებია.
მადონა ფალავანდიშვილი უმაღლესი საბჭოს წევრის, დავით თედორაძის მეუღლეა. დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს მიწის ნაკვეთს [2600 კვ.მ] და საცხოვრებელ სახლს სოფელ ერგეში [203კვ.მ], თანასაკუთრებაში ფლობს ასევე მიწის ნაკვეთს კახაბერში [1625 კვ.მ]. ის არის გამომცემლობა „აჭარას“ აქციონერიც – 1%-ის მფლობელი. მადონა ფალავანდიშვილი ბათუმის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა.
დეკლარაციის მიხედვით, მადონა ფალავანდიშვილს აქვს სასესხო ვალდებულება. 2014 წელს მას აუღია სამომომხმარებლო სესხი 22 394 აშშ დოლარის ოდენობით. გასულ წელს მადონა ფალავანდიშვილს ხელფასის სახით 12 480 ლარი აქვს აღებული.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის მეუღლე, ნათია დიასამიძე, პროფესიით იურისტია და შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,დაცვის პოლიციის დეპარტამენტში” მთავარ სპეციალისტად [იურისტ კონსულტანტად] მუშაობს. გასულ წელს მან 9 4438 ლარი გამოიმუშავა ხელფასის სახით.
2016 წლიდან ნათია საკუთრებაში ფლობს ავტომანქანა SUZUKI – GRAND VITARA-ს, რომელიც მისთვის უჩუქებიათ, ამიტომაც დავით გაბაიძემ მანქანის ღირებულების შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა. ნათიას თქმით, მანქანა მას ძმამ აჩუქა: „დაახლოებით 5000 დოლარის ღირებულების მანქანაა, ძმას ეკუთვნოდა, ახალი შეიძინა და ეს მე გადმომცა საჩუქრად, მაშინ დავით გაბაიძის მეუღლე არ ვიყავი.“
დეკლარაციის მიხედვით, ნათია საკუთრებაში არ ფლობს სხვა რაიმე სახის უძრავ ქონებას, ფასიან ქაღალდებს და დანაზოგს, ის ასევე არ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში.
დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2016 წლის ნოემბერში შეავსო. ამ დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ანი ხოსიტაშვილი უმუშევარია. ის ფლობს 37 000 აშშ დოლარის ღირებულების ბინას ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე. დეკლარაციაში ჩანს ასევე, რომ ამ ბინის ღირებულებას ანი ეტაპობრივად 2013 წლიდან იხდის. ამავე წელს ანიმ გაყიდა საკუთარი ავტომობილი 8000 აშშ დოლარად [volkswagen – xxk 177. 2004] დეკლარაციის მიხედვით, ის სხვა სახის ფასიან ქაღალდებს და უძრავ ქონებას არ ფლობს.
ანი ხოსიტაშვილი და ირაკლი ჭეიშვილი
ნინო ხახუბია აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის ვახტანგ წულაძის მეუღლეა. ვახტანგ წულაძე უმაღლეს საბჭოში აგრარულ და გარემოს დაცვის კომისიას ხელმძღვანელობს. უმაღლეს საბჭოში არჩევამდე ის აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. ნინო ხახუბია არ ფლობს არანაირ ქონებას და მნიშვნელოვან დანაზოგს ანგარიშზე. დაახლოებით ერთი თვის წინ ის კონკურსის წესით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების უფროსად შეარჩიეს.
უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერის, მერაბ კარანაძის მეუღლე, ლელა ვერძაძე, ბათუმის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მუშაობს. მეუღლისგან განსხვავებით ის არც უძრავ ქონებას და არც მნიშვნელოვან დანაზოგს არ ფლობს [800 ლარი დანაზოგის სახით]. სამაგიეროდ დეპუტატი მეუღლე ამ დროისთვის დანაზოგის სახით ფლობს 9 000 ლარს და 5 000 აშშ დოლარს. ვიცე-სპიკერის ბიბლიოთეკარ მეუღლეს გასული წლის განმავლობაში 9000 ლარი გამოუმუშავებია, ვიცე-სპიკერმა კი ამ თანხის ნახევარზე მეტი – 5000 ლარი ერთ თვეში გამოიმუშავა.
მერაბ კარანაძეს მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში შეუძენია ბინა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე [133 კვ.მ], თუმცა ამ ქონებას ის ერთპიროვნულად ფლობს და თანამესაკუთრედ მეუღლე არ ფიქსირდება.
ლელა ვერძაძე
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მეუღლე მარგალიტა გოგლაძე უძრავ ქონებას არ ფლობს. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, მას 2015 წლის იანვარში 18 000 ლარი გაუსესხებია, რომლისგანაც 2015 წლის ოქტომბერში 4617 ლარი მიუღია შემოსავლის სახით. 2016 წლის სექტემბერში კი ის „თი ბი სი “ ბანკის ანგარიშებზე ფლობდა ჯამში 16 000 ლარს კრედიტის სახით. მარგალიტა გოგლაძე პროფესიული კოლეჯის „ბლექსის“ პედაგოგია და ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ის რაიმე სახის სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მეუღლე დიანა გუდაძე ფლობს ბინას ბათუმში [60.70 კვ,მ] ხიმშიაშვილის ქუჩაზე. ეს ბინა მას 37 500 აშშ დოლარად შეუძენია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დიანა გუდაძეს საქართველოს ბანკში სახელშეკრულებო ვალდებულება ორჯერ აუღია. 2015 წელს მან სამომხმარებლო სესხი 9000 ლარი, ხოლო 2016 წელს 7500 ლარი გამოიტანა. ეს არაფერია იმ სესხებთან შედარებით, რაც მისი მეუღლის მინისტრ რამაზ ბოლქვაძის სახელზე ფიქსირდება. დიანა საქართველოს ბანკში უნივერსალური ბანკირის თანამდებობაზე მუშაობს და გასულ წელს მისმა შემოსავალმა 13 153 ლარი შეადგინა.
2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დიანა გუდაძე ფლობდა ავტომანქანა VOLKSWAGEN Passat-ს. 2017 წლის დეკლარაციაში მინისტრს არც ამ ავტომანქანის შესახებ ჩაუწერია და არც მისი გაყიდვით მიღებულ შემოსავალზე.
მნიშვნელოვან დანაზოგს და უძრავ ქონებას არ ფლობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის მეუღლე.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არანაირ ქონებას არც ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის მეუღლე შორენა მახარაძე ფლობს.
შორენა მახარაძე მეუღლესთან ერთად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2016 წლის მარტში შეავსო. ამ დროს ის ჯერ კიდევ საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იყო ყაზახეთში. დეკლარაციის მიხედვით მეუღლე, სოფიო ბაკურიძე ფლობს ბინას თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე [110 კვ.მ]. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს ბინა სოფიო ბაკურიძემ საკუთრებაში 2013 წელს დაირეგისტრირა, თუმცა ზურაბ პატარაძის მიერ სხვადასხვა დროს შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ეს ბინა მას უფრო ადრე შეუძენია. დეკლარაციის მიხედვით, სხვა უძრავ ქონებას და ფასიან ქაღალდებს სოფიო ბაკურიძე იმ დროისათვის არ ფლობდა, ის ასევე არ მონაწილეობდა სამეწარმეო საქმიანობაში. ზურაბ პატარაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაციით ირკვევა ასევე, რომ 2016 წელს სოფიო ბაკურიძეს ყაზახეთში საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლად უმუშავია, მან მაშინ 9600 აშშ დოლარი გამოიმუშავა.
სოფიო ბაკურიძე
მანამდე სოფიოს სტამბოლის ჯანმრთელობის სახლ „კოლიზეუმში“ სამკურნალო დეპარტამენტის მენეჯერადაც უმუშავია, სადაც მისი წლიური შემოსავალი 21 000 თურქული ლირა იყო. 2013 წელს კი იმავე სამსახურიდან მან 16 800 თურქული ლირა გამოიმუშავა. 2012-2013 წლებში სოფიო ბაკურიძე ოჯახთან ერთად თურქეთში ცხოვრობდა. ზურაბ პატარაძე ამ დროს საქართველოს გენერალური კონსული იყო ქალაქ სტამბოლში. 2014 წელს კი ის მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ყაზახეთში გადავიდა, სადაც [2015 წელს] დაიწყო მუშაობა საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლად.
სოფიო ბაკურიძე ბათუმში დაგეგმილ ოფიციალურ ღონისძიებებზე მეუღლესთან ერთად და მის გარეშეც ჩნდება. ხშირად ის თავადაა ღონისძიების ორგანიზატორი. ამბობს, რომ მისი საქმიანობა მეუღლის მხარდაჭერას არ ემსახურება და როგორც მოქალაქე აქტიურობს, თუმცა არის შემთხვევები, როცა მას ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აჭარის მთავრობის პრესსამსახური ეხმარება. საქართველოში დაბრუნებისა და მეუღლის ზურაბ პატარაძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, სოფიო ასოციაციას „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია, ძირითადად, საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. ორგანიზაცია ძირითადი გენდერულ საკითხებზე და შშმ პირების უფლებებზე მუშაობს. რამდენიმე შეხვედრა მან რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის პოპულარიზაციისთვისაც გამართა.
ინგლისური ენის მიმართულებით ერთი ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი აპრილში, სასწავლო წლის მიწურულს, მოულოდნელად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა.
11 მაისს საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა, კანდიდატების საბუთებიც გადამოწმდა და გასაუბრებაც იმავე დღეს ჩატარდა. უნივერსიტეტი დღეს, 15 მაისს, დღის ბოლოს აპირებს კონკურსის შედეგების გამოქვენებას, თუმცა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის პრორექტორი თამარ სირაძე „ბათუმელებთან“ არ მალავს, რომ „ყველა დანარჩენზე უკეთესი გამოცდილება და ხედვა ჰქონდა თეონა თედორაძეს“.
თეონა თედორაძე უმაღლესი საბჭოს წევრის, დავით თედორაძის შვილი და აჭარაში სუს-ის უფროსის – ირაკლი ერისთავის მეუღლეა.
რატომ გამოაცხადა უნივერსიტეტმა ვაკანსია სასწავლო წლის ბოლოს, როცა ტრადიციულად პროფესორების შესარჩევი კონკურსი შემოდგომაზე ტარდება? – უნივერსიტეტის პრორექტორის და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, განათლების ფაკულტეტი ითხოვდა ინგლისური ენის სპეციალისტისთვის შტატის დაშვებას.
„მოულოდნელად გამოჩნდა ეს საშტატო ერთეული იურიდიულ ფაკულტეტზე, რაც ვერ აითვისეს და დაუთმეს განათლებას. რატომ იყო პრობლემა, რომ ამ დროს გამოცხადებულიყო კონკურსი? ჩავთვალეთ, რომ ეს შანსი არ უნდა გაგვეშვა ხელიდან… განათლების ფაკულტეტის დეკანმა წარმოადგინა საკონკურსო კომისიის წევრობის კანდიდატები და აკადემიურმა საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება კონკურსის გამოცხადებასა და კომისიის შემადგენლობაზეც,“ – გვითხრა თამარ სირაძემ.
კომისიის თავმჯდომარე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ერთ დღეში მოხერხდა აკადემიური საბჭოს შეკრება, საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება და კანდიდატებთან იმავე დღეს გასაუბრებაც. იმავე დღეს, 11 მაისს, კომისიამ საბუთებიც შეისწავლა და 4 კანდიდატიდან ორს გაესაუბრა – თეონა თედორაძეს და თამარ დოლიძეს. „რა პრობლემა იყო, გასაუბრებას დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდა,“ – ამბობს თამარ სირაძე.
კონკურსში სულ 4 კანდიდატი მონაწილეობდა.
რა კრიტერიუმების მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება საკონკურსო კომისიამ? – თამარ სირაძის თქმით, კრიტერიუმი იყო იგივე, რაც, ზოგადად, პროფესორებისთვისაა გათვალისწინებული: პედაგოგიური გამოცდილება, გამოქვეყნებული სახელმძღვანელო, სამეცნიერო სტატიები… კითხვაზე, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რის მიხედვით აკეთებს არჩევანს კომისია, პრორექტორმა გვიპასუხა, რომ კანდიდატს კონცეფციაც უნდა წარმოედგინა.
თამარ სირაძე: „კანდიდატის ხედვა იყო ასევე მნიშვნელოვანი… გარედან არავის არაფრის დაჯერება არ სჭირდება. ყველა ფეხის ნაბიჯს ხომ არ აუხსნი ადამიანს, რა როგორ შეარჩია კომისიამ? კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას და მას ექნება დასაბუთებაც“.
დაიკავებს თუ არა ამ ვაკანტურ თანამდებობას თეონა თედორაძე და დაუშვა თუ არა ეს ვაკანსია უნივერსისტეტმა სპეციალურად მისთვის – საკონსკურსო კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკის და სუს-ის უფროსის გავლენას გამორიცხავს და ღიად აფიქსირებს, რომ უნივერსიტეტის უშტატო თანამშრომელს, თეონა თედორაძეს აშკარა უპირატესობა აქვს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, კონკურსში მონაწილე თამარ დოლიძეს ბევრად მნიშვნელოვან საერთაშორისო პროგრამებში აქვს მონაწილეობა მიღებული. ორივე მათგანი ამ დრომე უნივერსიტეტში უფროსი მასწავლებლის სტატუსით ასწავლის უცხო ენას.
თამარ დოლიძემ კონკურსის შედეგის გამოქვეყნებამდე უარი თქვა „ბათუმელებთან“ გასაუბრებაზე. ამ დრომდე „ბათუმელები“ ვერც თეონა თედორაძეს დაუკავშირდა.
„მას [თეონა თედორაძეს] ყველა დანარჩენზე მეტი გამოცდილება აქვს, ვინც მონაწილეობდა. მას ასევე ჰქონდა გამორჩეული კონცეფცია. მოკლედ, ძალიან ბევრი უპირატესობა ჰქონდა… ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომისიის გადაწყვეტილებას ვახმოვანებ. ეს დღის ბოლოს გახდება ცნობილი,“ – გვითხრა თამარ სირაძემ.
თამარ სირაძე წლების წინ თეონა თედორაძის მეზობელი იყო. უნივერსიტეტის პრორექტორი ახლობლობს ქვეყნის ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან. ამბობს, რომ ორი წლის წინ ბიძინა ივანიშვილის შვილს ინგლისურში ამეცადინებდა და ახლო ურთიერთობა აქვს მის მეუღლესთან – ეკატერინე ხვედელიძესთან.
„ბიძინას არ ვიცნობ ახლოს, მხოლოდ გამარჯობა-გაგიმარჯოს. მეტი არაფერზე გვისაუბრია… თეონა ჩემი მეზობელი იყო და სტუდენტიც, ისევე, როგორც სხვა კანდიდატები, ამის გამო უნდა დაიჩაგროს, თუ კარგი სპეციალისტია, ეს უნდა დავუკარგოთ?“.
დღეს, 15 მაისს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსახლეობამ მიაღწია იმას, რომ მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტრობოძები სასაფლაოებზე აღარ გაივლის.
მოსახლეობა ბოძების ადგილმდებარეობის შეცვლას მოითხოვდა, რადგან ტერიტორია, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროხაზები უნდა გაეყვანათ, სოფლის ძველ სასაფლაოზე გადიოდა.
თამაზ ბაკურიძის თქმით, კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია და მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძები სასაფლაოდან მინიმუმ 15 მეტრის მოშორებით დაიდგმება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და სამედიცინო დაწესებულებები ერთმანეთს მინიფეხბურთში შეეჯიბრებიან.
ტურნირში სამინისტროს გარდა „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, „აჭარის ონკოლოგიური ცენტრი“, ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“, „ხოზრევანიძის კლინიკა“, საზღვაო ჰოსპიტალი და ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტი (ბაუ) მონაწილეობენ.
სამინისტროს ინფორმაციით, პირველი შეხვედრა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ონკოლოგიური ცენტრის თანამშრომლებს შორის შედგა: „სამინისტროს გუნდი მორიგ შეხვედრას ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს გუნდთან 16 მაისს გამართავს“.
ტურნირი 22 მაისს დასრულდება და ის საქართველოს დამსახურებული ექიმის გივი (ჯონდო) ცივაძის ხსოვნისადმი არის მიძღვნილი.
მიმდინარე წელს თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების განხორციელებას ოთხი ავიაკომპანია – Esrair Airlines-ი, Arkia, ELAL airlines-ი და Georgian Airlines-ი გეგმავს. ბათუმის მიმართულებით რეისები ზაფხულის განმავლობაში შესრულდება.
ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში შაფთაი ცურისმა განაცხადა, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, სულხან ღლონტს შეხვდა.
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ისრაელიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ისრაელიდან აჭარაში 41 355 ტურისტი ისვენებდა.