სიახლეები

როგორ და რატომ უნდა ვისუნთქოთ სწორად

17.05.2017
როგორ და რატომ უნდა ვისუნთქოთ სწორად

გიორგი ლომაძე, ბათუმის  მე-5 საჯარო სკოლის ფიზიკური კულტურისა და სპორტის მასწავლებელი

ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენს საზოგადოებაში ნაკლებად პოპულარულია. ამ დამოკიდებულების შეცვლა არამხოლოდ შესაძლებელი, არამედ საჭიროცაა.  ჯანსაღი ცხოვრების წესს ბევრი რამ განაპირობებს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი არის სწორი სუნთქვა. მე სკოლაში ვმუშაობ და ყოველდღიურად ვხედავ, რომ ჩვენი ბავშვების სრული უმრავლესობა არასწორად სუნთქავს. უფრო მეტიც, არასწორად, ანუ ზერელედ სუნთქავს ჩვენი საზოგადოების დაახლოებით 95%. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე მოგიყვეთ სწორ სუნთქვაზე.

ამჯერად განვიხილოთ ცხვირის მონაცვლეობითი სუნთქვის ტექნიკა, რაც საკმაოდ ადვილი შესასწავლია და ადვილად ითვისებენ მოსწავლეები.

ცხვირის მონაცვლეობითი სუნთქვა ამშვიდებს ნერვულ სისტემას, შველის დარღვეულ ძილს, წმენდს სისხლს და ჰაერით ავსებს ფილტვებს, ამცირებს თავის ტკივილს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და მადას, შველის შიშს და დეპრესიულ მდგომარეობას.

შესრულება:

  1. ვდგებით სწორად. მარჯვენა ხელის არათითით ვხურავთ ცხვირის მარცხენა ნესტოს.
  2. შევისუნთქავთ მარჯვენა ნესტოთი 4 წამის რიტმში.
  3. ვხურავთ მარჯვენა ნესტოსაც და 4 წამის განმავლობაში ვიკავებთ სუნთქვას.
  4. ვათავისუფლებთ მარცხენა ნესტოს და 4-8 წამის განმავლობაში ამოვისუნთქავთ, ვეცადოთ, სრულიად დავცალოთ ფილტვები. 5-6-7-8. იმავეს ვაკეთებთ მეორე ნესტოთი.

პირველი ორი კვირისთვის საკმარისია დავიცვათ სუნთქვის 4:4:8 რითმი, მოგვიანებით 8:8:8 წამის რითმი.

მერწმუნეთ, ეს იოლი ვარჯიში სისტემატურობის და სწორად შესრულების შემთხვევაში მოგიტანთ დიდ ეფექტს. დროთა განმავლობაში სწორი და ღრმა სუნთქვის წყალობით იკლებს გულის პულსაცია. წუთში 60-70 დარტყმიდან ჩამოდი 50-55-ზე და უფრო დაბლაც კი, რაც უფრო დიდი ხნის სიცოცხლის საწინდარია.

სწორედ სწორი სუნთქვა ახდენს ძალზე დიდ გავლენას, როგორც სისხლის ჟანგბადით მომარაგებაზე, ასევე საკვების მომნელებელ ორგანოთა კარგ ფუნქციონირებაზე არაპირდაპირი მასაჟის მეშვეობით.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილზე მოსამზადებელ ვარჯიშებზე, სწორი სუნთქვის ელემენტების შეტანას, სულ 2-3 წუთის განმავლობაში, ოღონდ სისტემატურად, ძალზე დიდი შედეგის მოტანა შეუძლია. მისი მეშვეობით ადამიანის ორგანიზმი იწმინდება, მაგრდება და ჯანსაღდება.

ფიზიკური კულტურისა და სპორტის მასწავლებლებს დროის  მოკლე ვადაში შეუძლიათ დაეუფლონ სწორი სუნთქვის ტექნიკას და შემდეგ ჩართონ სუნთქვის ელემენტები ზოგადგანმავითარებელ ვარჯიშებში.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.