სიახლეები

არქიტექტორი ქალაქის ნგრევა-მშენებლობაზე და „ბათომის“ როლზე

17.05.2017 • 2986
არქიტექტორი ქალაქის ნგრევა-მშენებლობაზე და „ბათომის“ როლზე

ბათუმში, ფარნავაზ მეფის N67-ში, სადაც მეპატრონემ მეცხრამეტე საუკუნის სახლი დაანგრია, ახალი სახლის პროექტის ავტორი არქიტექტორი გია გაბაშვილია. ის ასევე მუშაობს სასტუმროს პროექტზე, რომლის მშენებლობასაც ინვესტორი ვაჟა-ფშაველას 26-ში, ძველი სახლის დანგრევის სანაცვლოდ გეგმავს. ისტორიული სახლების ნგრევას ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“ ეწინააღმდეგება. ახალი სახლების არქიტექტურულ იერ-სახეს კი ბათუმში სხვაც ბევრი აკრიტიკებს. როგორ აღიქვამს ამ ყველაფერის არქიტექტორი გია გაბაშვილი, რომლის არქიტექტურასაც ასევე არ აკლია კრიტიკა:

დიახ, მე დავაპროექტე ბარათაშვილის 76-ში ხუთსართულიანი სახლი აგურის მოპირკეთებით. ამ რიგზე ხუთი ან შვიდსართულიანი სახლებია. სახლი დავაპროექტე ყველანაირი რეგულაციების გათვალისწინებით. გარემოს თუ მიმოვიხილავთ, წინ გია აბულაძის, ცნობილი არქიტექტორის ექვსსართულიანი სახლია, რომლის ქვემოთაც განთავსებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „იუესაიდი“. ის კარგი შენობაა. არაფერი ისეთი არ ხდება, მე ამ პროექტის არ მრცხვენია და არ მერიდება, მას დავიცავ ყველანაირ ზომებში და მასშტაბში, იმიტომ, რომ არის პროექტები ქალაქის ცენტრში, რომლებიც არის მართლაც სამარცხვინო.

კონკრეტულ მაგალითს დაასახელებთ?

მაგის თქმა იმიტომ არ მინდა, რომ უნდა შევეხო ჩემს კოლეგას და ის უნდა გავამტყუნო.

მაგრამ საუბარი პროექტებზე, რომლებიც ქალაქ აზარალებს, ალბათ, უნდა შეიძლებოდეს.

ხელოვნებათმცოდნე რომ ვიყო ვისაუბრებდი, მაგრამ ექიმმა არ შეიძლება მეორე ექიმის მინუსებზე ილაპარაკოს. ჩვენც გვაქვს ჩვენი ეთიკის კოდექსი. ბათუმში არქიტექტორები ვართ 15-მდე, ვინც აქტიურად მუშაობს და კიდევ არის ხუთი-ექვსი არქიტექტორი, რომლებშიც მეც გავდივარ, ვინც დიდი ხანია მუშაობს და აქვს დიდი გამოცდილება.

ბათუმში უსახური, საცხოვრებლად არაკომფორტული სახლები შენდება, რაზეც ბოლო დროს ბევრი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა. თუ გაწუხებთ ეს კრიტიკა? 

ხალხი არ აქტიურობდა არასდროს. აქტიურობა დაიწყო გია რამიშვილის თამადობით. ჩამოყალიბდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“, ნინო ინაიშვილსაც ვიცნობ კარგად, შოთა გუჯაბიძეს არ ვიცნობ. ამ ჯგუფმა დაიწყო მიზანმიმართული ბრძოლა. ბრძოლა ჰქვია ამას, ეს არის ბრძოლა უსახური შენობების წინააღმდეგ ძველ ბათუმში და „ბათომმა“ ამას მიაყოლა… ბავშვს რომ ნაბან წყალს გადააყოლებ…

მათ წინ არ აღმოჩდნენ ჯანსაღი ოპონენტები, ამიტომ მათ დარჩათ ბურთი და მოედანი. ისინი მხოლოდ კრიტიკით გამოდიან და არაფერს სთავაზობენ მოქალაქეებს. მორატორიუმი ვერ განხორციელდება, რადგან ქალაქი არის ცოცხალი ორგანიზმი. ეს არ არის მარტო შენობები, ეს არის ხალხი, რომლებიც მრავლდებიან, შვილებს აჩენენ. დღეს უკვე კაპიტალიზმია, ძველად საბჭოთა წყობა იყო. მაშინ ძველი ბათუმი იყო მარტო საცხოვრებელი. დღეს უკვე ჩნდება ოფისები, ხალხს შენობების თანამედროვე ტექნოლოგიებით გაკეთება უნდა… ხალხს მივუთითოთ თქვენ ამ შენობებში უნდა იცხოვროთ, მისჯილი გაქვთ და მათ ვერაფერს ვერ დაუმატებთო, ეს გამორიცხულია. მათ სახელმწიფომ უნდა გაურემონტოს, მაგრამ სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა არ აქვს და კარგ ხანს არ ექნება, შუაში ხალხია გაჭყლეტილი.

ანუ, ძველი ბათუმის იერსახე არ უნდა შენარჩუნდეს?

უნდა შენარჩუნდეს. მე როდესაც პროექტს ვაკეთებ, ყოველთვის ვითვალისწინებ გარემოს. როდესაც მორბელაძემ ბათუმში პიაცა დააპროექტა, ძველ ბათუმში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდა. იმ კვარტალში იყო ერთი უსახური სკოლა და ჩამოყალიბდა მიზიდულობის ცენტრი. არქიტექტურაც მშვენიერია.

მაგრამ საუბარი ეხება იმას, რომ არ უდგებიან საკითხს პროფესიონალურად. ყველა ვერ მიუდგება, ეს იყო სახელმწიფო მიდგომა. ის სკოლა სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ამიტომ მოასუფთავა, გაიღო ფული და გააკეთა. როცა არის კერძო სეგმენტები, მათ არ აქვთ ამდენი შესაძლებლობა. ამიტომ მიმდინარეობს კვარტალში ცალ-ცალკე ახალი მშენებლობები. თან ძველ ბათუმში მიღებულია მშვენიერი კანონი. სიმაღლის შეზღუდვა არის თხუთმეტი მეტრი, ეს არის მშვენიერი კანონი, მაგრამ არ იცავენ, თან კიდევ ძველ ბათუმში მაინც უნდა იმუშაონ უფრო მეტად პროფესიონალმა არქიტექტორებმა და უნდა იყოს შემოღებული კონკურსების წესი. ეგ როგორ მოხდება მე არ ვიცი. ეს უნდა გაკეთდეს პროფესიონალურად და არა დამკვეთი მოელაპარაკოს არქიტექტორს, რომელიც უფრო იაფად აკეთებს პროექტს.

მაგრამ ინვესტორი მოინდომებს კონკურსით შეარჩიოს არქიტექტორი?

არ მოინდომებს, მაშინ იქ ვერ ააშენებს. ინვესტორის მხოლოდ ლეგიტიმური სურვილები იქნება გათვალისწინებული. არქიტექტურა ხელოვნებაა და არ შეიძლება ის მათემატიკური ფორმულებით ვიანგარიშოთ. გეტყვით პიაცას მაგალითზე, პიაცაზე ერთ ადგილას გვაქვს 13-სართულიანი კოშკი, მოქმედი ნორმებით მისი გაკეთება არ შეიძლებოდა. როცა ტურისტი ეძებს პიაცას უკვე აქვს მას ვერტიკალური ორიენტაცია. ყველგან შეიძლება რაღაცის დაშვება რაღაცის გამო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენლის კეთილი ნების გადასაწყვეტი. შეიძლება იყოს უნიჭო არქიტექტორი, ყველაფერი ზომებში ჩასვას, რომ შეხედავ ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ არ მოგეწონება…

შოთა გუჯაბიძე უყურებს ქალაქს როგორც შენობებს, ის ქალაქს ვერ ხედავს დინამიკაში, მაგრამ მე ვაფასებ მის გულწრფელობას და პატიოსნებას. მე მახსოვს, როცა ბარბარეს ეკლესია ინგრეოდა, ის იყო მართლაც მშვენიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იქ ძველად იყო ინგლისელების მიერ აშენებული თავლა და იყო ინგლისელების მიერ აშენებული ეკლესია, ეს იყო თეთრი ლამაზი პროტესტანტული სტილის შენობა. ჩვენმა ეკლესიამ და მეუფე დიმიტრიმ, მოდი პირდაპირ ვთქვათ, დაარქვა რეკონსტრუქცია, შენობა მოანგრია მთლიანად და დადგა ძველქართული ბაზილიკა. ეს მოხდა კანონის დარღვევით, რაც არასწორია.

ეს, ფაქტობრივად, იყო დანაშაული, რომელზეც სახელმწიფოს რეაგირება არ მოუხდენია.

დიახ, დანაშაული იყო და მხოლოდ ბატონი გუჯაბიძე გამოვიდა მის წინააღმდეგ. მაშინ მას გვერდით არავინ დაუდგა…

ძალიან ბევრ პროექტს ბათუმში არ აქვს ეზო, პარკინგი, გამწვანება, რაც მითითებულია რეგულაციებში, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს. დიახ მითითებულია, რომ გამწვანება უნდა იყოს ათი პროცენტი. ხუთასი კვადრატი რომ გაქვს და 300 კვადრატზე შენობას აშენებ, რაღა გამწვანება რჩება, ორი პალმის ადგილი? – თვითონ ეს რეგულაციებიც დიდი ტერიტორიებისთვისაა. თუ არის ხუთი ათასი კვადრატი ტერიტორია, და იქ მრავალბინიანი სახლი შენდება, იქ უკვე შეიძლება …

ხუთი ათასის ათი პროცენტი არ არის პატარა ფართობი და შესაძლოა არ მოინდომოს მესაკუთრემ მისი გამწვანების ადგილად ქცევა.

რას ნიშნავს არ მოინდომოს, ეს კანონია და ასე უნდა იყოს. პროექტზე თანხმობა არ გაიცემა, თუ არ იქნება გათვალისწინებული 10 პროცენტი გამწვანება, შემდეგ არღვევენ მას. სამ ხაზს გაავლებ და გამწვანებას დააწერ, ეს არაფერია… ახლა მერიამ მიიღო დადგენილება 150 მეტრ კვადრატზე ერთი მანქანის ადგილის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

ვერ გავიგე, ანუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ეს არის პრობლემა, თუ არა? – ალბათ გაგიგიათ, რომ პარკინგის არარსებობის გამო დღეს ქალაქში გადაადგილება ძალიან ჭირს. 

ასეა, ქალაქში კოლაფსია. სპეციალურად შევიძინე პატარა მანქანა, რომ ვიარო. ხშირად იძულებული ვარ მანქანა დარღვევით გავაჩერო. ყოველ თვიურად 40-60 ლარს  ვიხდი ჯარიმებში. ამ ქალაქში ისე ვერ იმოძრავებ, თუ წესი არ დაარღვიე. ვჯარიმდები და ვიხდი ჯარიმას, აბა რა ვქნა. ვინმე თუ იტყვის, ისე დავდივარ წესს არ ვარღვევო, სასაცილოა.

150 კვადრატზე ერთი მანქანის ადგილი რას შეცვლის, როცა ერთ სართულზე ოთხი ან ხუთი ბინაა. გამოდის, ერთ სართულზე მცხოვრებ ხუთი ოჯახისთვის ერთი მანქანის ადგილი საკმარისია?

ბათუმი ჩამოყალიბდა ტურისტულ ქალაქად. ზღვის პირას რაც შენობებია, ზამთარში მხოლოდ ათი პროცენტი შეიძლება იყოს დატვირთული, ძირითადად, ზაფხულობით ჩამოდიან. რაც შენდება ფარნავაზ მეფის ქუჩის იქით, ის შენდება ბათუმელებისთვის.

მზის სხივის გავრცელების პრობლემაზე რას იტყვით? – ამაზე უკვე ხელისუფლებაც საუბრობს.

ძეგლთა დაცვაში რომ საბჭოა, იმას მე საბჭოდ იმიტომ არ ვთვლი,  რომ ჩვენთან ყველა სფეროში არის ჩინოვნიკების დიქტატი. ავიღოთ ლაშა ასლანიშვილი, მას არასდროს უფიქრია, რომ მოუწევდა არქიტექტურაზე მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება. ის არ არის პროფესიონალი. იქ არის ასევე მერიის ზედამხედველობის სამსახური – ის ხომ საერთოდ. კაი კაცია, მაგრამ მშენებლობის ზედამხედველია. მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე კარგი ბიჭია, კანონმორჩილია, მაგრამ მშენებელია და არა არქიტექტორი. არის ასევე განათლების მინისტრის მოადგილე, გვარი არ მახსოვს… შემთხვევითი ხალხი შეიკრიბა, ასე ვთქვათ, იქ არის ერთი არქიტექტორი ნუგზარ ძნელაძე, ისიც არის აჭარის ფინანსთა სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსი – ჩინოვნიკია და არასდროს წავა ჩინოვნიკური სამყაროს წინააღმდეგ. პროექტები რაც საბჭოში შედის, ჯერ მიდის აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და იქ ხდება განხილვა, ეს კარგი ბიჭია, ეს ცუდი ბიჭია და ამაზე იყვირებს გუჯაბიძე და მოდი არ გვინდა… ანუ ეს არის საბჭოს იმიტაცია.

სიმაღლის რეგულაციებზე, სხივების გავრცელებაზე [ჩანაწერი] გადმოწერილია გერმანული კანონმდებლობიდან. გერმანიაში მზე გაბინდულად ანათებს. დაახლოებით ისეთივეა ჩვენთან მზიან დღეს შავი სათვალეებით რომ შეხედო. ჩვენთან მზე ძლიერი ინტენსივობისაა. იქ სიმაღლის რეგულაცია დგინდება გრადუსებით სამეზობლო საზღვრიდან ან შუა ქუჩიდან. იმ სხივის ქვეშ უნდა მოხვდეს შენობა. ჩვენს პირობებში გვერდით შენობას ჩრდილი არ ადგება, მეორე მხარეს კი, სადაც ჩრდილია, იქ არ უნდა აშენდეს, იქ უკვე ზიანი ადგება.

კიროვის [26 მაისის ქუჩა]და ზუბალაშვილის კვეთაში დგას 1921 წელს აშენებული სახლი, ლამისაა ინგრევა, ნამგალი და ჩაქუჩი აქვს შენობას. იქ ხალხი ცხოვრობს აუტანელ პირობებში. შენობას მინიჭებული აქვს ძეგლის სტატუსი. ბატონი გუჯაბიძეა ჩარეული და იმ სახლს არაფერი ეშველება.

ასე შეიძლება ითქვას ყველა ძეგლზე, რადგან ძეგლი თავისთავად ძველს ნიშნავს. როგორ უნდა გადავარჩინოთ ძველი ბათუმის იერსახე?

აღარ არის ის ძეგლი ტელმანის [ფარნავაზ მეფე] და ბარათაშვილის კვეთაში რომ ორი მშენებარეა და მაგაზე თქვენც რომ ერთი ამბავი ატეხეთ. იქ რა იყო ასეთი ამბის ასატეხი არ ვიცი, მაგრამ არქიტექტორებმა თავი არ დაიცვეს. ბარათაშვილის ქუჩა არის მაგისტრალი. ის არასდროს არ გახდება ტურისტებისთვის მიზიდულობის ცენტრი, შენობა ისტორიულიაო. მას არ ჰქონდა ძეგლის სტატუსი. თანაც იმ შენობის დანგრევის შემდეგ რა ბარაკები გამოჩნდა გაიარეთ და ნახეთ, იქ თუ „დარბილდინგი“ აშენებს ეს კარგია, ის ძლიერი კომპანია და მას აწყობილი აქვს საქმე ხელისუფლებასთან.

და „ოცნების“ შემწირველია.

„ოცნებას“ თუ წირავს, თქვენ არ იფიქროთ, რომ ივანიშვილითაა დაბმული. ხვალ იქნება ბერძენიშვილი, იმის სურათს ჩამოკიდებს კაბინეტში, ვინც მოდის ხელისუფლებაში, ყველას წირავს ბიზნესი. რა იყო იქ ამდენი სალაპარაკო?

თქვენი აზრით, რომელი შენობის გადარჩენა ღირს ამ ქალაქში, როგორც ძეგლის? 

მე ძალიან გული მტკივა ფოსტის შენობის გამო, ეს შენობა გააუპატიურეს. ეს იყო მართლა სწორუპოვარი ძეგლი ინგლისელების მიერ აშენებული ფოსტა, მოანგრიეს და მოაძვრეს ყველაფერი რაც ავთენტური იყო, და ახლა იცით როგორ არი? – ლამაზ ქალს რომ სცემ და შემდეგ რომ ფერუმარილს წაუსვამ. ასეა ის საწყალი შენობა.

გადაბეჭდვის წესი