მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

შუახევის კულტურის ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს – ყოფილი კი სასამართლოში აპირებს ჩივილს

10.05.2017 •
შუახევის კულტურის ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს – ყოფილი კი სასამართლოში აპირებს ჩივილს

შუახევის კულტურის ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს. ამ პოზიციაზე შუახევის გამგებელმა, ტარიელ ებრალიძემ,  დაბის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მაკა მაკარაძე დღეს დანიშნა.

კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორი ვახტანგ ბერიძე მის გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს და აპირებს სასამართლოს მიმართოს.

„უსამართლოდ გამათავისუფლეს, ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტების გარეშე, ძალიან აბსურდული და ჭორების დონეზე მიღებული ინფორმაცია ჩამიწერეს ბრძანებაში. ერთ-ერთ მიზეზად სოციალურ ქსელში დაწერილი ჩემი სტატუსია ნახსენები, სხვა მიზეზად კი წერია, რომ 3 მაისს სამსახურში არ ვიმყოფებოდი, რაც სიცრუეა.

სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე სტატუსი „ეხლა კი დროა გავიდე ღია ფანჯარაში, რომ შეიძლება იყოს გვიან“. გამგებელმა დამირეკა და მითხრა ეს სტატუსი წამეშალა, რადგანაც მისი თქმით, მთელი შუახევი იფიქრებდა არ ვმუშაობდი და დასაქმებას მოსთხოვდა მას. ამის შემდეგ იყო უარი მივლინებაზე, რაზეც მანამდე სიტყვიერი შეთანხმება გვქონდა. მე ვარ შემოქმედი ადამიანი და რას და როდის დავწერ, ეს სახელმწიფო მოხელემ არ უნდა მიკონტროლოს.

სამსახურში სოფლის სამარშრუტო ტაქსით დავდიოდი,  რადგანაც სოფელში „მარშუტკა“ საღამოს 17:30 წუთზე ბრუნდებოდა, გამგებელთან შეთანხმების საფუძველზე  სამსახურიდან სწორედ ამ დროს გავდიოდი, მიუხედავად იმისა, ეს გამგებელმაც კარგად იცოდა, 3 მაისი იყო,  ექვსს წუთები აკლდა, როცა დამირეკეს გამგეობიდან და მითხრეს მონიტორინგზე ვართ მოსულიო. 4 მაისს კი ჩემი გათავისუფლების ბრძანება დაიწერა,“ – ამბობს ვახტანგ ბერიძე.

ტარიელ ებრალიძე კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორის გათავისუფლებას კანონიერად მიიჩნევს და აცხადებს, რომ სამუშაო საათებთან დაკავშირებით მათ შორის მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა.

„დაკავებული თანამდებობიდან წასვლა მისი სურვილი იყო, წასვლასთან დაკავშირებით განცხადება ტელევიზიით გააკეთა და რამდენიმე დღის განმავლობაში ის სამუშაო ადგილზე არ იმყოფებოდა. ვახტანგ ბერიძის მუშაობასთან დაკავშირებით პრეტენზიები მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც ჰქონდა, მისი გათავისუფლება საკრებულოს მოთხოვნაც იყო. რაც შეეხება ინფორმაციას სამუშაოდან ადრე წასვლის შეთანხმებასთან დაკავშირებით, მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა, არავისთან ცალკე შეთანხმებები არ არსებობს, არის შრომის კოდექსი, რომელიც არეგულირებს სამუშაო მოთხოვნებს, ყველასთან ერთნაირი მიდგომა გვაქვს, მუშაობა 09-18 საათამდე,“ – აცხადებს გამგებელი.

მაკა მაკარაძე ამ დროისთვის ერთდროულად დაბის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიცაა და კულტურის ცენტრის დირექტორიც. შუახევის რესურსცენტრის ინფორმაციით, მაკა მაკარაძის პირადი განცხადება გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სამინისტროს ჯერ არ დაუკმაყოფილებია.


18387286_1355515914544111_459561338_n
შუახევის კულტურის ცენტრის შენობა / ეკა ბარამიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: