მთავარი,სიახლეები

აჭარის მაღალმთიანეთში რძის მიმღები პუნქტების მოწყობას 874 ათასი ლარი დასჭირდება

16.05.2017
აჭარის მაღალმთიანეთში რძის მიმღები პუნქტების მოწყობას 874 ათასი ლარი დასჭირდება

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წლისთვის რძის მიმღები ორი პუნქტის მოწყობას გეგმავს. რძის მიმღები პუნქტები რეგიონის იმ ნაწილში მოეწყობა, სადაც ყველაზე მეტი რძე იწარმოება, თითოეულის წარმადობა დღეში 10 ტონა იქნება. მას შემდეგ, რაც სამინისტრო მიმღებ პუნქტებს მოაწყობს, მათ იჯარით იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადასცემს, რომლებიც რძეს აწარმოებენ.

„რძის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისი მიმღები პუნქტების მშენებლობა 2018 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული, პუნქტები რეგიონის იმ ზონებში მოეწყობა, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით იწარმოება რძე. ამით გვინდა ხელი შევუწყოთ რძის შეგროვების კულტურის განვითარებას რეგიონში,“ – ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  აგრაგრული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე.

მისივე ინფორმაციით, პუნქტები აღიჭურვება ლაბორატორიით, რძის შემკრები ავზებით, მაცივრებით, სპეციალური ტრანსპორტით, რომლითაც შეგროვებული რძის საწარმომდე ტრანსპორტირება მოხდება.

„რაც შეეხება კრიტერიუმებს, თუ ვის გადაეცემა სამართავად, ამ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით იჯარით რძის სექტორში დასაქმებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადავცემთ. აქცენტი გაკეთდება გაერთიანებებზე, რომ კიდევ უფრო გამსხვილდნენ, მეტი ფერმერი ჩაერთოს და რძის წარმოება-გადამუშავება გაძლიერდეს რეგიონში. პროგრამის, რომლის ფარგლებში რძის მიმღები პუნქტები უნდა მოეწყოს, სავარაუდო ბიუჯეტია 874 ათასი ლარი,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: