საქართველოში ბავშვები უფრო ღარიბები არიან, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფები

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. „იუნისეფის“ მონაცემებით, საქართველოში ბევრი ბავშვი მოკლებულია როგორც სკოლამდელ, ასევე ზოგად განათლებას. ბავშვების 2,5 პროცენტი კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. რა შეიცვალა და რა არის საჭირო ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად? ამ თემაზე „ბათუმელებს“ გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე ესაუბრა.

ქალბატონო მაია, თქვენი ორგანიზაცია სახელმწიფოს  ხშირად აძლევს რეკომენდაციებს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში ამ კუთხით და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად?

პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, ჩვენ ვცდილობთ ყურადღება ბავშვთა განათლებაზე გავამახვილოთ, რადგან ვთვლით, რომ ხარისხიანი განათლება ეს არის ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი. განათლების მაღალ დონეს შეუძლია სიღარიბისა და ასევე უთანასწორობის შემცირებაც. მეტი განათლება ნიშნავს ნაკლებ სიღარიბეს და ნაკლებ უთანასწორობას, ამიტომ განათლება არა მარტო კონკრეტული ინდივიდებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის, პროგრესისთვის და ამიტომაც გვინდა, რომ განათლების ამგვარი მნიშვნელობა დავანახოთ საზოგადოებას.

შეიძლება გვითხრათ, ბავშვების რა პროცენტს არ მიუწვდება დღეს ხელი სკოლამდელ ან ზოგად განათლებაზე?

ცალკე გამოვყოფდი სკოლამდელ განათლებას, რადგან სკოლამდელი განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად იმისთვის, რომ შემდგომ კარგად ისწავლოს ბავშვმა და შემდგომ ცხოვრებაშიც წარმატებული იყოს. სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა ჯერ კიდევ გასააზრებელია ჩვენს საზოგადოებაში. დღესდღეობით ორი ძირითადი პრობლებაა სკოლამდელ განათლებაში, პირველი, ეს არის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით სოფლებსა და რეგიონებში, სადაც ბავშვების ნახევარს ხელი არ მიუწვდება სკოლამდელ განათლებაზე. სკოლამდელ განათლებაში ქვეყნის მასშტაბით 62 პროცენტია ჩართული, რაც არასახარბიელოა, რადგან მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს, სადაც  80-90 პროცენტია სკოლამდელ განათლებაში ჩართული.

ადრეული ასაკი არის სწორედ ის პერიოდი, როცა საფუძველი ეყრება ბავშვის, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სოციალურ უნარ-ჩვევებს და ბევრ ისეთ თვისებას, რომლის განვითარებაც მერე არის შეუძლებელი და სპეციალისტები ამ ადრეულ წლებს შესაძლებლობათა ფანჯარას ეძახიან, რომელიც მერე იხურება.  მრავალი საერთაშორისო კვლევითაც დადგენილია, რომ ბავშვი, რომელიც ჩართულია სკოლამდელ განათლებაში, უკეთ სწავლობს სკოლაში.

მეორე პრობლემა ეს არის სწავლების ხარისხი. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სპეციალისტების კვალიფიკაცია და სასწავლო პროგრამები. საქართველომ მიიღო ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ კანონი შარშან და ამჟამად მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდეს ეფექტური განხორციელება კანონის, რომ მან ხელი შეუწყოს როგორც ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე, ხარისხის გაუმჯობესებას.

„იუნისეფი“ რა ფორმით მონაწილეობს ამ პროცესში?

ჩვენ ამ პროცესებში ვმონაწილეობთ და ვეხმარებოდით საქართველოს მთავრობას ამ კანონის შემუშავებაში. ჩვენი დახმარებით შემუშავდა სხვადასხვა სტანდარტი სკოლამდელი განათლების და ველოდებით, რომ ეს სტანდარტები დამტკიცდეს. აპრილამდე უნდა დამტკიცებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ გადაიდო და იმედი გვაქვს, რომ ოქტომბრამდე ეს სტანდარტები დამტკიცდება.

ეს სტანდარტებია – საგანმანათლებლო სტანდარტი, აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი, სკოლაში ფიზიკური გარემოს ანუ ინფრასტრუქტურის სტანდარტი, წყლის, სანიტარიის, ჰიგიენის და კვების სტანდარტი. ანუ, ყველა ის სტანდარტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბავშვის ნორმალურ, უსაფრთხო გარემოში განვითარება.

ესტონეთის მთავრობის დახმარებით ხდება სასწავლო პროგრამების გადასინჯვა, რაც იმედი გვაქვს, რომ ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, თუმცა მასწავლებელთა კვალიფიკაცია არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ნორმალური სასწავლო პროცესი განხორცილდეს სკოლებში.

ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებითაც გაქვთ რეკომენდაციები როგორც ვიცით, პრობლემის რომელ მხარეზე კეთდება უფრო მეტად აქცენტი?

„იუნისეფი“ გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად ატარებს კვლევას ნაადრევი ქორწინების შესახებ და წლის ბოლოსთვის გვექნება კვლევის შედეგები, რის შემდეგაც უკვე გვეცოდინება, რასთან გვაქვს საქმე.

ეს არ არის მხოლოდ რაოდენობრივი კვლევა. ეს იქნება ხარისხობრივი და თვისობრივი კვლევა, რომელიც გამოკვეთს იმ საჭიროებებს და იმ აუცილებელ ღონისძიებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ გატარდეს. ადრეული ქორწინება ეს არის გოგონების, ბავშვების უფლებების დარღვევა, ხშირად ეს ბავშვები მოკლებულნი არიან განათლებას, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ჯანდაცვასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ ხოლმე და ეს არის მიუღებელი. ამიტომ, ვნახავთ ამ კვლევის შედეგს, თუ რა პრობლემები გამოიკვეთება და რისი გაკეთება არის აუცილებელი. კანონები ნაადრევი ქორწინების შესახებ არის მიღებული და ამ კანონებმა უნდა იმუშაოს, მაგრამ მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო საქმიანობა, რომ ადამიანებს გავაგებინოთ რა პრობლემებს იწვევს ადრეულ ასაკში ქორწინება და მოვახდინოთ ზეგავლენა იმ კულტურულ და სოციალურ ნორმებზე, რომლებიც  ძალიან ბევრ ჯგუფში და საზოგადოებაში არის.

ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებით რა ვითარება არსებობს დღეს ქვეყანაში, თუ შეიცვალა რაიმე ამ მიმართულებით?

„იუნისეფი“ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების შესახებაც ატარებს კვლევას წელს, რადგან ბოლო კვლევა 2007 წელს ჩატარდა და მაშინდელი მონაცემებით, ქუჩაში 1 500 ბავშვი იყო საქართველოს 4 დიდ ქალაქში. წლის ბოლოს ახალი მონაცემები გვექნება. გავარკვევთ იმას, თუ ვინ არიან ეს ბავშვები, რა არის მათი პროფილი და რა საჭიროებები აქვთ. ძალიან ბევრი ბავშვი საზღვარს კვეთს და გადმოდის სხვა ქვეყნიდან, არის აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან გადმოსვლის შემთხვევებიც, თუმცა კვლევის შედეგად ეს დეტალები უფრო ნათელი გახდება. ჯერ არ მინდა ემპირიული მონაცემებით ვისაუბრო.

ძირითადი მიზეზი ქუჩაში ყოფნის ეს არის სიღარიბე და სოციალური გაჭირვება. ასევე, ძალადობა ოჯახში, რასაც ხშირად ბავშები გაურბიან და ხვდებიან არანაკლებ ძალადობრივ გარემოში – ქუჩაში.

„იუნისეფისა“ და ევროკავშირის დახმარებით მუშაობდა ორწლიანი პროგრამა რომელიც ითვალისწინებდა კონკრეტული მომსახურებების დანერგვას ამ ბავშვების დასახმარებლად. ეს იყო მობილური ჯგუფები, დღის ცენტრები, ღამის თავშესაფრები, ასეთი ცენტრები შეიქმნა თბილისსა და ქუთაისში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

პროგრამა დაეხმარა 700-მდე ბავშვს, არის წარმატებული მაგალითებიც და წარუმატებელიც. არიან ბავშვები, რომლებიც ჩაერთნენ განათლების სისტემაშიც და არიან ისეთებიც, ვისთანაც მუშაობა დღემდე გრძელდება. თუმცა, აუცილებელია გატარდეს ქვეყანაში პრევენციული ღონისძიებები, რომ, ვთქვათ, ახალი ბავშვები არ გავიდნენ ქუჩაში.

ბავშვთა სიღარიბეც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში…

საქართველოში, ყოველი მე-5 ბავშვი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და ამ პროცესს ვაკვირდებით 2009 წლიდან. ბოლო კვლევა ჩატარდა 2015 წელს და ბავშვთა სიღარიბეში შემცირების ტენდენცია არის. 2013 წელთან შედარებით უკიდურესი სიღარიბე (3 ლარზე ნაკლები დღეში) თუ იყო 6 პროცენტი, ახლა არის 2,5 პროცენტი. ზოგადი სიღარიბე (დღეში 5 ლარზე ნაკლები) ბავშვებში 28 პროცენდიტან 21 პროცენტამდეა შემცირებული.

სიღარიბის მაჩვებლის შემცირება გამოიწვია სოციალური დაცვის პროგრამების ამოქმედებამ, რომელიც ქვეყანაში არსებობს, თუმცა, ჩვენი გამოთვლებით ბავშვები უფრო ღარიბები არიან ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფები. სიღარიბის დონე სოფლად 50 პროცენტით მაღალია, ვიდრე ქალაქებში, ამიტომ „იუნისეფის“ დახმარებით განხორციელდა სოციალური დაცვის რეფორმა, რის შედეგადაც ველოდებით იმას, რომ სისტემა უკეთ დაინახავს ბავშვიან ოჯახებს და კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სიღარიბის შემცირებას. თუმცა, ეს რეფორმები ვერ წვდება იმ ჯგუფებს, რომლებიც სიღარიბის რისკის წინაშე იმყოფებიან. ყველაზე დაუცველი ჯგუფი ახალგაზრდები არიან, რომლებიც გამოდიან შრომით ბაზარზე, ქმნიან ოჯახებს და მათ სჭირდებათ ხელშეწყობა, რომ შემდეგ არ აღმოჩნდნენ პრობლემების წინაშე.

შშმ ბავშვების მდგომარეობის მხრივ თუ არის ცვლილებები?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია  ჩვენი საზოგადოების, რომლებსაც არ მიუწვდებათ ხელი ძალიან ბევრ მომსახურებაზე, რეგისტრირებულია ათი ათასამდე ბავშვი, მაგრამ ჩვენი გამოთვლებით სადღაც 35-40 ათასი ბავშვი უნდა იყოს, რომლებიც რეგისტრირებული არ არიან და ვერ სარგებლობენ სერვისებით. ასევე, ძალიან მაღალი სტიგმაა საზოგადოებაში ამ ბავშვებთან მიმართებაში და არის ნეგატიური განწყობები. მნიშვნელოვანია, რომ ეს განწყობები შემცირდეს და „იუნისეფი“ ახორციელებს კამპანიას – „დაინახე ყველაფერი“, რომლის მიზანია სწორედ ამ სტიგმის შემცირება.

6 მაისის პარკში ზოოპარკის დათვალიერება და ატრაქციონები დღეს უფასო იქნება

ბათუმის მერიის განცხადებით, დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ზოოპარკის დათვალიერებას მსურველები უფასოდ შეძლებენ.

ასევე უფასო იქნება 6 მაისის პარკში განთავსებული ატრაქციონებით სარგებლობაც.

მერიის ინფორმაციით, გასართობი და შემეცნებითი პროგრამები პირველ ივნისს, 13:00 საათიდან დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პირველ ივნისს ბათუმში, 6 მაისის  პარკში, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

ბათუმის მერიის ფოტო
ბათუმის მერიის ფოტო

პირველ ინვისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბავშვებისთვის ღონისძიებებს „ბათუმის ბულვარიც“ გეგმავს. ღონისძიებები კოლონადებთან გაიმართება.

 

გონიოს, სარფსა და კვარიათს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის შეზღუდვის გრაფიკით, დღეს, პირველ ივნისს, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  2140 აბონენტს გონიოში, სარფსა და კვარიათში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ შეზღუდვა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

გამოსახლება – რა უნდა იცოდეთ, როცა სახლის დანგრევის სანაცვლოდ კორპუსის აშენებას გპირდებიან

ანგისის ქუჩაზე სულიკო დიასამიძისა და რამაზ ბერიძის ოჯახებს ხვალ, პირველ ივნისს გამოასახლებენ. მათ უკვე მიუვიდათ აღმასრულებლის წერილი იმის შესახებ, რომ ნებაყოფლობით გამოსახლების დრო ამოიწურა. ამ ოჯახების გამოსახლებაზე სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს.

„ჩვენ ვართ თაღლითობის მსხვერპლი,“ – ამბობს ნუკრი დიასამიძე. ის ისტორიას გვიყვება, როგორ მივიდა მათთან ინვესტორის სახელით ვინმე რევაზ მიქელაძე და კერძო სახლების ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის აშენებას დაჰპირდა. მხარეებმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, სადაც ეწერა, რომ მშენებელს ამ საცხოვრებელი სახლების იპოთეკით დატვირთვის უფლებაც ჰქონდა.

„ამას არ მივაქციეთ ყურადღება. მაშინ არც იურისტი გვყავდა და არც ადვოკატი. რევაზ მიქელაძემ ქალაქში სხვა მშენებლობებიც გვაჩვენა და ყველაფერი დამაჯერებელი ჩანდა,“ – ამბობს ნუკრი დიასამიძე.

ხელშეკრულება მხარეებს შორის 2010 წლის ბოლოს გაფორმდა. ანგისის ქუჩაზე მცხოვრებმა ოჯახებმა კი პროკურატურას გასული წლის ბოლოს მიმართეს, მას შემდეგ, როცა გაიგეს, რომ სახლები უკვე გაყიდული იყო და მათ გამოსახლება ელოდათ. ნუკრი დიასამიძის თქმით, მათ კომუნიკაცია ამ დრომდე ჰქონდათ რევაზ მიქელაძესთან, რომელიც სხვადასხვა მიზეზით ხსნიდა კორპუსის მშენებლობის გადადებას. დიასამიძეების ინფორმაციით, საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება თაღლითობის მუხლით, თუმცა დაკავებული არავინაა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, მირზა მამულაძე ამბობს, რომ ოფისში არაერთი მოქალაქე მიდის მსგავსი პრობლემით, მაგრამ ხშირად ამ დროს გამოუვალი ვითარებაა. იურისტი მოქალაქეებს ურჩევს ხელშეკრულების გაფორმებამდე კონსულტაცია იურისტებთან გაიარონ.

„ხელშეკრულებით მხარეები თავად განსაზღვრავენ უფლებებსა და ვალდებულებებს. შემდეგ ისინი, შეიძლება ითქვას, ამ ხელშეკრულების მძევლები ხდებიან. ამიტომ მოქალაქეებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გამოიჩინონ წინდახედულება,“ – ამბობს მირზა მამულაძე.

იურისტი ასევე მიიჩნევს, რომ მსგავს ვითარებაში მოქალაქეებმა სამოქალაქო წესით სასამართლოს მიმართონ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. „მნიშვნელოვანია პროკურატურისთვის მიმართვაც, რადგან თუკი სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, დაზარალებულ მოქალაქეს სამოქალაქო დავის მოგების მეტი შანსი ექნება,“ – განმარტავს მირზა მამულაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

angisa 2

მეწყერმა შუახევში შუბნის თემთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში მეწყერი ისევ გააქტიურდა. მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ შუბნის თემთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„მეწყრის გააქტიურების მოლოდინი იყო. მიწის მასა დღეს [31 მაისს] პირველ საათზე ჩამოვიდა და შუბნის თემთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა, გზას ორი ერთეული ტექნიკა წმენდს, მესამე – დაემატება და აღდგება საავტომობილო მიმოსვლა. იქ, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ელექტროგადამცემი ბოძებია განთავსებული, ამიტომ უსაფრთხოების მიზნით შუქი გამოვრთეთ. როგორც კი გზა გაიწმინდება, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება “ – ამბობს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ტარიელ ებრალიძე. 

გამგებლის თქმით, ხეობაში მდინარის გადაკეტვისა და დაგუბების საფრთხე აღარ არის: „მიწის მასა ხევში ჩამოდის, სადაც მდინარე ჩირუხის წყალი მიედინება, მდინარის ჩაკეტვის საფრთხე და მოლოდინი იყო, თუმცა მეწყერი ნელ-ნელა წამოვიდა, ამ დროისთვის მდინარის ჩაკეტვის საფრთხე არ არსებობს“.

შუაბნის თემში 250-მდე ოჯახი ცხოვრობს.

shubani 2

ავტობანი – სატვირთო ავტომობილი მშენებარე გზიდან გადავარდა

ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალის მიმდებარედ, ჩაქვში, გზის მშენებლობისას სატვირთო ავტომანქანა ფერდზე გადავარდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

დირექციის ინფორმაციით, ავტომანქანა ბალასტის ჩაყრის დროს დაცურდა.

მცირედ დაზიანებული მანქანა გზაზე ამოიტანეს და მუშაობას განაგრძობს.

ავტომანქანა ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს“ ეკუთვნის, რომელიც ქობულეთის შემოვლით გზას [ავტობანს] აშენებს.

18901073_1453504401339439_1734851492_o
ავტობანის მშენებლობისას მანქანა გადავარდა / ფოტო: ეკა ბერიძე

როგორ დახარჯავს ბათუმის მერია 12,9 მლნ ლარს ჯანდაცვის, სოციალური და სანიტარული ზედამხედველობის პროექტებზე

31 მაისს ბათუმის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სანიტარული ზედამხედველობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის მიზეზებზე მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ, არჩილ ვანაძემ ისაუბრა. პრეზენტაციის მომხსენებელი ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე სოფიო მიქელაძე იყო.

2018 წლისთვის პროექტის ბიუჯეტი ჯამში 12,9 მლნ ლარია. აქედან – 4 218 943 ჯანმრთელობის დაცვას, 8 063 736 –  სოციალურ უზრუნველყოფას და 699 000 სანიტარიულ ზედამხედველობას მოხმარდება.

პროგრამაში – ჯანმრთელობის დაცვა –  10 ქვეპროგრამა შედის:

  • ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყობა [422 216 ლარი, 2881 ბენეფიციარი]
  • ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა, პრევენცია და მკურნალობა [45 500 ლარი, 2900 ბენეფიციარი]
  •  ბავშვთა მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილ იამოვარდნილობის მკურნალობა [48 000 ლარი, 1 წლამდე 300 ბავშვი ისარგებლებს ამ პროგრამით]
  •  ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, 92 438, 25 ბენეფიციარი]
  •  მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება [99 900 ლარი, 500 ბენეფიციარი და 18 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე 20 პირი]
  • C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგის თანადაფინანსება [187 400 ლარი, 1896 ბენეფიციარი]
  •  შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო-რეაბილიტაცია [263 800 ლარი, 548 ბენეფიციარი]
  •  ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხებოს პრევენცია და რეაბილიტაცია, [519 613 ლარი, 10 605 ბენეფიციარი]
  • ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება [166 800 ლარი 171 ბენეფიციარი]
  • ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარება [120 000 ლარი 4 ბენეფიციარი]
  •  სოციალურად დაუცველი და სხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის მედიკამენტებითა და მკურნალობის თანადაფინანსებით უზრუნველყოფა [640 000 ლარი, 2500 ბენეფიციარი]

ქ.ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების განვითარება [1 460 836 ლარი].

პროგრამა – სოციალური უზრუნველყოფის მიზანია საზოგადოების ცალკეული კატეგორიების სოციალური პირობების გაუმჯობესება და ფინანსური რისკების შემცირება. პროგრამაში 8 ქვეპროგრამა შედის:

  • კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება  [677 196 ლარი, აქედან წყლისა და კანალიზაციის საფასურზე და დასუფთავებისთვის მოსაკრებელზე შეღავათს მიიღებს 14 570 ბენეფიციარი, სატელეფონო-სააბონენტო გადასახადზე შეღავათს მიიღებს 900 ბენეფიციარი, გაზიფიკაციის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფილი იქნება 255 ბენეფიციარი, თხევადი აირის ტალონი გადაეცემა 135 ბენეფიციარს]
  • მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა – [1 305 900 ლარი, სადღესასწაულო დღეებში მატერიალური დახმარება გადაეცემა 115 ვეტერანს, ახალშობილთან დაკავშირებით მატერიალურ დახმარებას მიიღებს 550 ბენეფიციარი. ასევე მატერიალურ დახმარებას მიიღებს 750 უდედმამო ბავშვების მეურვე, მარტოხელა დედა და მრავალშვილიანი ოჯახი, გარდაცვლილი ვეტერანისა და სოციალურად დაუცველის 100 ოჯახის წევრი. სოციალურად დაუცველ ოჯახთა რაოდენობა, რომლებზეც ერთ წლამდე ასაკის ყოველ ახალშობილზე ყოველთვიურად გაიცემა დახმარება, 10-ია, ეტლით მოსარგებლე შშმ სტატუსის მქონე სტუდენტის სატრანსპორტო სუბსიდირება – 2]
  • მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება [1 951 200 ლარი, მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის საფასურის 50%-იანი შეღავათით ისარგებლებს 28 000 ბენეფიციარი, მუნიციპალური ტრანსპორტის საფასურის 100%-იანი შეღავათით ისარგებლებს 43 000 ბენეფიციარი].
  •  მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება  [860 940 ლარი, მოხუცებულთა თავესაფარში სერვისის მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა – 122, საცხოვრებელ მისამართზე სერვისის მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა – 90]
  • მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა – ყოველ შვიდშვილიან ოჯახზე გამოიყოფა 31 600 ლარი.
  • მუნიციპალური უფასო სასადილო – 3 033 500 ლარი, [ქალაქის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს 6 უფასო კვების სასადილო, რომლებიც ყოველდღიურად მოემსახურება 4521 ბენეფიციარს]
  • დროებითი ღამის თაშესაფარი, [227 500 ლარი, 50 ბენეფიციარი, ქვეპროგრამა: საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა – 7 500 ლარი].

პროგრამა – სანიტარული ზედამხედველობა და ეპიდსიტუაციის მართვის მიზანი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა. პროგრამა 2 ქვეპროგრამისგან შედგება:

ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების სანიტარული მონიტორინგი [84 000 ლარი] და დეზინსექცია-დერატიზაციის ღონისძიებები [315 000 ლარი].

 

პოლონეთის პრეზიდენტმა ბათუმში აჭარის რეგიონის პოპულარიზაციაზე ისაუბრა

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა დღეს, 31 მაისს, ბათუმში იმყოფებოდა. პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შეხვდა. ანდჟეი დუდამ ასევე მოინახულა გონიოს ციხე-მუზეუმი და მეუღლესთან ერთად ბათუმის ბულვარშიც გაისეირნა.

აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრას პოლონეთის ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად აჭარის მთავრობის წევრები, პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და საქართველოში პოლონეთის ელჩი – მარიუშ მაშკიევიჩი ესწრებოდნენ.

პოლონეთის პრეზიდენტმა – ანდჟეი დუდამ აღნიშნა, რომ პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა ასევე ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო პოტენციალსა და ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის შესაძლებლობაზე.

აჭარის მთავრობის პრესსამხურის ინფორმაციით, ანდჟეი დუდა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს აჭარის რეგიონის პოპულარიზაცია პოლონეთის რესპუბლიკაში, რადგან დიდია დაინტერესებული პოტენციური ტურისტების რაოდენობა. ანდჟეი დუდამ ყურადღება გაამახვილა ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის ხელშეწყობაზე, რაც კიდევ უფრო გაუადვილებს პოლონელ ტურისტებს აჭარაში დასვენების შესაძლებლობას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივ არქეოლოგიურ ექსპედიციებს, რომლებსაც პოლონური და ქართული მხარეები აჭარაში უკვე წლებია წარმატებით ახორციელებენ.

პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაშია 15 პოლონელი ჟურნალისტი, რომლებიც აჭარაში მიმდინარე ვიზიტს გააშუქებენ და რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ რეპორტაჟებს მოამზადებენ – აცხადებენ მთავრობის პრესსამსახურში.

დღესვე პოლონეთის პრეზიდენტი ბათუმის აეროპორტიდან ვარშავაში გაემგზავრება.

poloneti 2

poloneti 1

poloneti 4

poloneti 5

 

საქმიანი ტურიზმი, ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა და 2017 წლის ტურისტული სეზონის მოლოდინი აჭარაში

ბათუმი – MICE ტურიზმის ცენტრი საქართველოში

აპრილ-მაისის თვეები საერთაშორისო ღონისძიებებითა და ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეებით იყო გამორჩეული.

2ბათუმმა უმასპინძლა  საერთშორისო ღონისძიებებს როგორც ბიზნეს-სექტორის, ისე ჯანდაცვის, კულტურის, სოფლის მეურნეობის თუ ტურიზმის მიმართულებით. 800-მდე დელეგატი და მსოფლიო დონის ბიზნეს-სპიკერი სტუმრობდა ბათუმს IBF Batumi -საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში.

1

პირველად შავი ზღვის კავკასიის რეგიონში, ბათუმში ჩატარდა შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მე-6 საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც 40-მდე კომპანია და 300-მდე დელეგატი ესწრებოდა.

4SHAVI ZGVIS navsadgurebis konferencia (23)

 

 

 

 

 

 

შავიზღვისპირეთის ქვეყნების ექიმთა გამოცდილების გაზიარების მიზნით, ბათუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საოჯახო მედიცინის საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა.

55-

მაისის დასაწყისში ბათუმმა უმასპინძლა ასევე მე-10 საიუბილეო საერთაშორისო ტურიზმის გამოფენას „Expo-Batumi” და პოლონურ-ქართულ ბიზნეს-ფორუმს- „ბათუმი-ვროცლავი“, რომლის ფარგლებში რეგიონში პოლონეთიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან წარმომადგენლობითი დელეგაციები იმყოფებოდნენ.

6

აჭარის რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო გარემოს გაცნობის მიზნით, აჭარას გაეროს მუდმივი წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეები, ევროკავშირის წარმომადგენლები გაეცნენ.

7აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით 10-ზე მეტი საინფორმაციო  და მედია ტური ჩატარდა უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურ-ოპერატორებისათვის. 6 ქვეყნის 18 ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობდა  საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში „ოქროს დელფინი“, რომელსაც ბათუმი უკვე ტრადიციულად მასპინძლობს.

დღესაც, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ბათუმში საერთაშორისო სემინარი მიმდინარეობს, რომელზედაც საჯარო ადმინისტრირებაში სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ მსჯელობენ.

აღნიშნული საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში რეგიონის ტურისტულ პოტენციალს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ათასობით სტუმარი გაეცნო. შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო ღონისძიებებისთვის შექმნილმა ხელსაყრელმა გარემომ ბათუმი საქართველოში საქმიანი ტურიზმისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქალაქად აქცია.

გრძელდება სასტუმრო და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება

საქმიანი ტურიზმით თუ ბათუმით დაინტერესებული სხვა სტუმრებისთვის, დამატებითი სივრცეებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. მაისის თვეში ბათუმს კიდევ ერთი ბიზნეს კლასის სასტუმრო SKY TOWER შეემატა.

გაიხსნა ასევე ბუტიკის ტიპის სასტუმრო „ირე-პალასი“, ახალი სავაჭრო ცენტრი „მეტროსითი ფორუმი“.

11

მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროებთან ერთად, იხსნება ჰოსტელის ტიპის, დაბალბიუჯეტიანი სასტუმროებიც, რომელთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს.  მაისის თვეში გოგებაშვილის 58-ში გახსნილი ,,ბლექ სიი ჰოსტელი“ ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რაც რეგიონში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება.

12„რეგიონი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტს მასპინძლობს. ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად იხსნება ახალი სასტუმროები, იქმნება ახალი სივრცეები, რაც ბათუმს, როგორც ტურისტულად მიმზიდველ ქალაქს, კიდევ უფრო პოპულარულს ხდის და ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას“ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე.

სტატისტიკა

2017 წელს, არსებული ინფორმაციით, აჭარაში განთავსების ობიექტებს  900-ზე მეტი საწოლ ადგილი  შეემატება. მათ შორის ნაწილი უკვე გახსნილია (სასტუმრო Sky Tower – 220 საწოლი ადგილი, სასტუმრო „ვინთემი“ – 335 საწოლი ადგილი, სასტუმრო „ირე პალასი“- 80 საწოლი ადგილი).

ზაფხულის ბოლომდე  დაგეგმილია სასტუმრო  „სემირამიდას ბაღების“ გახსნა (295 საწოლი ადგილი).

მაისის თვის მდგომარეობით, აჭარაში ოფიციალურად  18,627 საწოლი ადგილია რეგისტრირებული.

ბათუმის მიმართულებით ფრენებს 6 ახალი ავიაკომპანია იწყებს

2017 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით ფრენებს 6 ახალი ავიაკომპანია გეგმავს. ბათუმის აეროპორტს ახალი ფრენები დუბაის, ბეირუთის, კიევის, მოსკოვის, ჩერეპოვეცისა და ს. პეტერბურგის მიმართულებით ემატება.

[checklist]

  • Fly Dubai – დუბაი-ბათუმი-დუბაი
  • Wings of Lebanon – ბეირუთი-  ბათუმი- ბეირუთი
  • Anda Air – კიევი-ბათუმი- კიევი
  • Nordavia – ს.პეტერბურგი- ბათუმი – ს.პეტერბურგი
  • Nordstar Airlines – მოსკოვი-ბათუმი – მოსკოვი
  • Severstal – ჩერეპოვეცი- ბათუმი – ჩერეპოვეცი

[/checklist]

13გარდა ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებებისა, ფრენები ისევ განხორციელდება პოლონეთიდან, ისრაელიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. ჯამში, ტავ ჯორჯიას მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზაფხულში ფრენებს ბათუმის მიმართულებით 21 ავიაკომპანია შეასრულებს. ამ მონაცემებს ემატება ჩარტერული ფრენებიც, რომლებსაც კერძო ტურისტული კომპანიები ახორციელებენ. 26 მაისიდან ჩარტერული ფრენა დაწყებულია ვარშავა-ბათუმის მიმართულებით, რომელიც სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება და ყოველკვირეულად 180 მგზავრს მოემსახურება. დაგეგმილია ასევე თბილისი-ბათუმის მიმართულებით ყოველდღიური ფრენები, რაც ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას.

მიმდინარე წელს, განსაკუთრებით გაზრდილია ფრენების რაოდენობა ისრაელიდან. თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს ოთხი ავიაკომპანია – Esrair Airlines, Arkia, ELAL airlines და Georgian Airlines განახორციელებს.

აჭარის რეკლამირება 16 სამიზნე ქვეყანაში აქტიურ ფაზაშია

აჭარაში ტურისტების მოზიდვის მიზნით მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიები აქტიურ ფაზაშია. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აჭარის რეკლამირებას წელს 16 სამიზნე ქვეყანაში ახორციელებს (გერმანია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელარუსია, პოლონეთი, ყაზახეთი, ისრაელი, რუსეთი).

14

პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები აქტიურ ონლაინ რეკლამებს, გარე რეკლამებს (ბილბორდები, ლაითბოქსები, ავტობუსებში ვიდეო კლიპების გაშვება), რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ რკინიგზისა და ავიაკომპანიების საბორტო ჟურნალებში სარეკლამო სტატიების განთავსებას, ასევე პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას ითვალისწინებს.

სარეკლამო კამპანიები ძირითადად სამიზნე ქვეყნების დედაქალაქებსა და ცენტრალურ ქალაქებს მოიცავს და მასში 40-მდე ქალაქია ჩართული.

რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების შესახებ სარეკლამო სტატიები გამოქვეყნდა ისეთი პოპულარული ავიაკომპანიების საბორტო ჟურნალებში, როგორებიცაა Turkish Airlines, Wizzar, Qatar Airlines და AZAL. ივნისიდან კი, სტატია Air Arabia- ს საბორტო ჟურნალშიც განთავსდება.

 uu

2017 წლის ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით დადებით მოლოდინს ჰქმნის  წინასწარი მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, აჭარაში არსებულ განთავსების ობიექტებში სასტუმრო ადგილები მთელი ზაფხულის მანძილზე დაჯავშნილია.

აჭარის მთავრობა

ინიაციატივა პოლიციელების შვებულებისა და ჯანმრთელობის დაზღვევისთვის

„პოლიციის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანას „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს. პარტია კანონპროექტის დარეგისტრირებას საქართველოს პარლამენტში აჭარის უმაღლესი საბჭოს გავლით აპირებს. პროექტის მიხედვით, ცვლილებები ძირითადად პენსიაში გასული პოლიციელების ჯანმრთელობის დაზღვევას, ასევე მოქმედი პოლიციელების შვებულების სავალდებულო უზრუნველყოფას შეეხება.

„ვულოცავთ პოლიციელებს პროფესიულ დღესასწაულს და მოვითხოვთ კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პენსიაზე გასული პოლიციის თანამშრომელს და მისი ოჯახის წევრს ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტი.  ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის გარდაცვალების, ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში, ასეთივე პაკეტით უნდა ისარგებლოს მისი ოჯახის წევრმა“, – ამბობს გია აბულაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე.

თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა გაიზიარებს, „პოლიციის შესახებ“ კანონში პოლიციელების სავალდებულო შვებულებაც უზრუნველყოფილი იქნება. ამჟამად მოქმედი კანონის 53-ე მუხლში კი წერია: „სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია პოლიციელის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება“.

კანონპროექტის მიხედვით, მსგავს შემთხვევაში პოლიციელს  უნდა აუნაზღაურდეს იმავე კალენდარული წლის ბოლომდე, ხოლო თუ შვებულების შეწყვეტა მოხდა დეკემბერში, მაშინ მომდევნო წლის პირველ მარტამდე.

 

 

TDI-ს სამართლებრივი შეფასება შაჰინის სკოლის ავტორიზაციის გაუქმებაზე

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), ბათუმში, რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის გაუქმებისთან დაკავშირებით, სამართლებრივი შეფასება გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის შეფასებით, „ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ შაჰინის სკოლის თურქულ სექტორში 2015 წლის 5 ოქტომბრამდე  სულ 82 მოსწავლე სწავლობდა.  ისინი არ გადიოდნენ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამის პროგრამას,  სწავლების ენაც თურქული და ინგლისური იყო.  სკოლა ასევე  არ გასცემდა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად, ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ თურქულ სექტორზე მოსწავლეები ნებაყოფლობით არაფორმალურ განათლებას იღებდნენ“.

სამართლებრივი შეფასება

1.   „განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის“ 2015 წლის 4 სექტემბრის მოთხოვნის კანონიერება თურქული სექტორის გაუქმებასთან მიმართებით

განათლების მიღება შესაძლებელია  ფორმალური ან არაფორმალური გზით. არაფორმალური განათლების მიღების საშუალებებს, ფარგლებსა და ეტაპებს კანონი არ არეგულირებს. იგი გულისხმობს სოციალური განათლების ნებისმიერ დაგეგმილ პროგრამას, რომელიც არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამების ნაწილი და მიზნად ისახავს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას, ასევე ისეთ განათლებას, რომელიც მიღებულია არააკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად.

ფორმალურ განათლებას  კი  წარმოადგენს სტრუქტურულ-საგანმანათლებლო სისტემა დაწყებითი სკოლიდან უნივერსიტეტამდე და საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში ექცევა.

ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ შაჰინის სკოლის თურქულ სექტორში, 2015 წლის 5 ოქტომბრამდე,  სულ 82 მოსწავლე სწავლობდა.  ისინი არ გადიოდნენ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამის პროგრამას,  სწავლების ენაც თურქული და ინგლისური იყო.  სკოლა ასევე  არ გასცემდა სახელმწიფოსგან აღიარებულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად, ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ თურქულ სექტორზე მოსწავლეები ნებაყოფლობით არაფორმალურ განათლებას იღებდნენ.

„ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ მე-2 მუხლის მიხედვით ავტორიზაცია არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

ვინაიდან სკოლის მიერ  თურქული სექტორის ფარგლებში სწავლება წარმოადგენდა არაფორმალურ განათლებას, არ გასცემდა სახელმწიფოსგან აღიარებულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, სექტორი არ საჭიროებდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებთან თანხვედრას, მითუმეტეს არც ავტორიზაციას.  „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით ავტორიზაციას არ ექვემდებარება ისეთი საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (№ 89/ნ) ბრძანების მე-3 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს ცენტრის ფუნქციებს. ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ცენტრის უფლებამოსილება ამოიწურება ფორმალურ განათლებასთან მიმართებით და მას არ აქვს უფლება ჩაერიოს არაფორმალური განათლების მიწოდება/მიღების პროცესში.

აქედან გამომდინარე, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის 2015 წლის მითითება/გადაწყვეტილება  თურქული სექტორის გაუქმების თაობაზე მოკლებულია ლეგიტიმურ საფუძველს და წარმოადგენს უფლებამოსილების გადამეტებას, მოსწავლეების განათლების, პიროვნული განვითარებისა და შეკრების კონსტიტუციურ უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლის მსგავსად, საქართველოში ფუნქციონირებს გერმანულენოვანი და რამდენიმე ინგლისურენოვანი სკოლა, რომლებსაც პრობლემა არ შექმნიათ ქართული სექტორის პარალელურად, ესწავლებინათ გერმანულ და ინგლისურ სექტორზე, ეროვნული სასწავლო გეგმის გარეშე.

2. რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება და პროპორციულობა

სკოლის ადმინისტრაციამ TDI-ს განუმარტა, რომ “სკოლა ემორჩილებოდა საბჭოს გადაწყვეტილებებს  და ახორციელებდა იმ მოქმედებებს, რომელზე მითითებაც ხდებოდა საბჭოს სხდომებზე”. ამიტომ, მათ სადავოდ არ გაუხდიათ თურქული სექტორის გაუქმების შესახებ ცენტრის გადაწყვეტილება.

სკოლის დირექტორი და იურისტი, TDI-თვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში, უთითებენ, რომ სექტორის გაუქმებისა და მოსწავლეების ქართულენოვან სექტორში გადაყვანის პროცედურა შეთანხმებული იყო ცენტრთან და ხელმძღვანელობდნენ მათი მითითებებით.

2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისში ყოფილი თურქული სექტორის მოსწავლეების დაახლოებით    90%-მა სკოლა დატოვა და 2016 წლის სექტემბერში თურქეთის საკონსულოს მიერ გახსნილ „ბათუმის თურქულ სკოლაში“ დაიწყო სწავლა. აღნიშნულ სკოლას არ აქვს მიღებული ავტორიზაცია და შესაბამისად, არ გასცემს განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ მოსწავლეების და მათი მშობლების ინტერესში ფორმალური განათლების მიღება არ შედიოდა.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა სკოლას დაუდგინა ორი ძირითადი დარღვევა:  1. თურქული სექტორიდან ქართულ სექტორში 5 მოსწავლის ჩარიცხვის პროცედურაში არსებობდა ხარვეზები; 2. სკოლამ მოსწავლის სტატუსი არ შეუწყვიტა დამატებით, სხვა 5 მოსწავლეს, რომლებიც 2016-2017 სასწავლო წელს არ მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების  მე-4 მუხლის 1 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად: „სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხევევაში თუ: მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში და არ  იღებს შეფასებას“. სკოლას არ ჰქონდა შეჩერებული მოსწავლეებისათვის სტატუსი, ვინდაიდან 90 დღიანი ვადა   იწურებოდა 2017 წლის 8 თებერვალს. როგორც სკოლის იურისტი თავის ახსნა-განმარტებაში უთითებს, ეს საკითხი საბჭოს 2017 წლის 3 თებერვლის  სხდომაზეც წამოიჭრა, მაგრამ  საბჭოს წევრების მხრიდან ამ არგუმენტს არ მოყოლია სათანადო რეაგირება და ანალიზი.

აღსანიშნავია, რომ იმ 5 მოსწავლესთან დაკავშირებით, რომელთა  ქართულ სექტორში გადაყვანასაც  ცენტრი დარღვეულად მიიჩნევს, სკოლა TDI-სთან ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ ამ მოსწავლეების მიმართ უკვე გამოცემული იყო განათლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილება.

თუმცა, განათლების ხარისხის ცენტრი 2017 წლის მონიტორინგის დასკვნაში აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების შემდეგ, სკოლას უნდა ეხელმძღვანელა  “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის  შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ”  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  2012 წლის 06 იანვრის #05/ნ ბრძანებით და მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უნდა მიემართა საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მოსწავლეების ჩარიცხვის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლის მხრიდან მოსწავლეების ჩარიცხვის პროცედურების დარღვევა საეჭვოა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდა სასამართლოს მიერ  პროცედურის დარღვევით მოსწავლის გადაყვანა თურქულიდან ქართულ სექტორში, დარღვევა არ  არის  არსებითი ხასიათის და მოსწავლეებსა და სკოლას  არ აყენებს გამოუსწორებელ ზიანს.

მიუხედავად იმისა, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონის“ მე-15 მუხლის მე-3 ნაწილი შესაძლებლად მიიჩნევს სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმებას, მაშინ, როცა საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს მოსწავლის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით კანონმდებლობას, დეტალურად არ არის გაწერილი დარღვევის რა სიმძიმის შემთხვევაში უნდა გამოიყენოს სკოლამ ეს უფლებამოსილება; კანონის ეს ზოგადი ჩანაწერი საბჭოს აძლევს დისკრეციულ უფლებამოსილებას დარღვევის პროპორციულობის, სიმძიმის, საჯარო და კერძო (მოსწავლე/მასწავლებელთა) ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს მიზანშეწონილი გადაწყვეტილება.

საბჭოს სხვა გადაწყვეტილებებიდან, რომლებიც საჯაროა, ჩანს, რომ სკოლების მიერ კანონით გათვალისწინებული სტანდარტების თუნდაც უხეში დარღვევების შემთხევაში, ცენტრი პრიორიტეტულად ავტორიზაციის შენარჩუნებას მიიჩნევს და სკოლას შენიშვნებს და ამ შენიშვნებისთვის გამოსასწორებელ დროს აძლევს. თუმცა რ. შაჰინის სახელობის სკოლის შემთხვევაში, ეს პრაქტიკა უგულებელყვეს და ცენტრმა მიიღო ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება.

ამ შემთხვევაში, საბჭომ არ გაითვალისწინა, რომ  სავარაუდო დარღვევა შეეხებოდა მხოლოდ 5 მოსწავლეს, რომელთათვის განათლების აღიარება სკოლას მარტივად  შეეძლო „ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის (#207) ბრძანების საფუძველზე. ასეთ დროს, მოსწავლე სკოლაშივე გადის   შუალედურ და სახელმწიფო ატესტაციას, წარმატებით ჩაბარებისას, სახელმწიფო აღიარებს ამ მოსწავლის მიერ საგანმანათლებლო საფეხურის დაძლევის ფაქტს და  ექსტერნი, რომელმაც ჩააბარა გამოცდები,  გადადის მომდევნო კლასში.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ არ გაითვალისწინა, რომ სკოლაში 5 მოსწავლის გარდა, ასევე სწავლობდა 340 მოსწავლე, რომლებიც კანონის სრული დაცვით იყვნენ ჩარიცხულნი და იღებდნენ ხარისხიან განათლებას სკოლაში, რომელიც, როგორც 2016 წლის 21 ნოემბრის დასკვნაში წერია, აკმაყოფილებდა კანონით გათვალისწინებულ ყველა სტანდარტს.  ასევე ის ფაქტი, რომ შუა სასწავლო წელს ავტორიზაციის გაუქმებით საფრთხე შეექმნა სასწავლო პროცესის უწყვეტობას, მოსწავლეების მხრიდან ეროვნული გეგმით გათვალისწინებული პროგრამის სრულად დაფარვას. აღსანიშნავია, რომ რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებად არის მიჩნეული  ბათუმში, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ  მიუხედავად სოლიდური წლიური გადასახადისა, მოთხოვნა სკოლაზე მაღალია; სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები უარს აცხადებენ სხვა სკოლაში გადასვლაზე, განაგრძობენ პროტესტს და მოითხოვენ ავტორიზაციის აღდგენას.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დებულების ანალიზიდან ცხადია, რომ ცენტრი  განათლების ხარისხის ხელშეწყობისათვის შეიქმნა  და არა როგორც სადამსჯელო ორგანო, რომელიც არაპორორციულად და უკანონოდ იყენებს მინიჭებულ უფლებამოსილებას.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც რ. შაჰინის სახელობის სკოლის მიერ არ იყო დარღვეული ზოგადსაგანმანთელბლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის სტანდარტები და  ავტორიზაციის გაუქმება არ ემსახურებოდა არც განათლების სისტემის, არც სკოლის და არც მოსწავლეების ინტერესს, იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მხრიდან სახეზე გვაქვს დისკრიმინაციული მოპყრობა.

2017 წლის 13 თებერვალს, სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. სკოლამ 15 თებერვალს  თბილისის   საქალაქო სასამართლოში  გაასაჩივრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება (#04) შპს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ და სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოითხოვა ამავე აქტის შეჩერება, რათა მოსწავლეებმა  სკოლაში სწავლის გაგრძელება შეძლონ. გადაწყვეტილება აქტის შეჩერების თაობაზე, სავარაუდოდ, 20 თებერვალს გახდება ცნობილი“.

შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ბათუმში ავტორიზაცია 2017 წლის 2 თებერვალს გაუუქმდა. სკოლის ადმინისტრაცია მიიჩნევს რომ ავტორიზაციის გაუქმებას პოლიტიკური საფუძველი აქვს.

სრული ტექსტი ნახეთ აქ.

 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერი აქცია ბათუმში [ფოტო/ვიდეო]

 

დღეს, 31 მაისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი, სოლიდარობის აქცია  გაიმართა. აქციაზე ჟურნალისტების გარდა იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ჟურნალისტების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს ჟურნალისტის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით და დროულად გამოიძიოს მომხდარი.

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია ბათუმში ფოტო: ლელა დუმბაძე
აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია ბათუმში
ფოტო: ლელა დუმბაძე

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც  აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ იდევნებოდა, ბოლო პერიოდში საქართველოში ცხოვრობდა. ის ბოლოს 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში.

მუხთარლი დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია ბათუმში ფოტო: ლელა დუმბაძე
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია ბათუმში
ფოტო: ლელა დუმბაძე

ამ დროისთვის ჟურნალისტი აზერბაიჯანში იმყოფება და როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ის ნაცემია. ჟურნალისტი ამბობს, რომ ის აზერბაიჯანულ მხარეს ქართველმა ძალოვანებმა  გადასცეს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის  მიმართ განხორციელებული  ძალადობა დაგმეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და ჟურნალისტის მხარდასაჭერად განცხადებაც გაავრცელეს.

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია დღეს თბილისშიც გაიმართა.

ფოტო: ლელა დუმბაძე
ფოტო: ლელა დუმბაძე

აქცია

თბილისში “გაუჩინარებული” და აზერბაიჯანში გადაყვანილი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი სასტიკად ნაცემია.
თბილისში “გაუჩინარებული” და აზერბაიჯანში გადაყვანილი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატი, ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი სასტიკად ნაცემია.

ინფრასტრუქტურული პროექტები ქედის მუნიციპალიტეტში

მალე აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები იალაღებზე გარეკავენ საქონელს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა იალაღებზე მიმავალი გზების გაწმენდითი სამუშაოები შეასრულა, მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად გაიწმინდა გზა. მოსახლეობას შეუძლია უკვე ისარგებლოს: ზედა ბზუბზუ-ყურყვეთის, ზენდმანი-უკანტეხილის, კვინჩხა-ნაგონაღვარის, ჭალათი სასადილოს მთისა (კოსლითავის) და ნამონასტრევი-ლაშის მთის მიმართულებით არსებული გზებით.

მუნიციპალიტეტს 41 ხელოვნური ნაგებობა შეემატება, შესაბამისად, შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალშია: გზების რეაბილიტაცია, 4600 კუბური მეტრი ბეტონის საფარის მოწყობა, ორი ახალი ხიდის მშენებლობა, 3 ხიდი კი ექვემდებარება რეაბილიტაციას.

გარდა ამისა, აშენდება სამი ხიდის საყრდენი კედელი და ასევე 32 საყრდენი კედელი გზის სხვადასხვა მონაკვეთზე.

იგეგმება 11 ერთეული სამელიორაციო სისტემის არხის რეკონსტრუქცია.

გასულ კვირას აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ ჩიქოვანმა, თავის მოადგილესთან – რაულ ბერიძესთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტში ქედა-ზენდიდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს ასევე: ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა გიორგი მანველიძემ.

ამ უბანზე სამუშაოებს დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბონდი 2009“ ასრულებს და მის განსახორციელებლად აჭარის ბიუჯეტიდან 651 550 ლარია გამოყოფილი.

gza3

გარდა ამისა, 17 მაისს აჭარის მთავრობის სხდომაზე არჩილ ჩიქოვანმა „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი წარადგინა.

დადგენილება ითვალისწინებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხაში ახალი გზების დამატებას და შემდგომში დეპარტამენტის მხრიდან მათზე მოვლა-შენახვის განხორციელებას. არჩილ ჩიქოვანმა ასევე დეპარტამენტის 2017 წლის მიმდინარე პროექტებზე და შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

gza1

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების

მართვის დეპარტამენტი

რამდენი მუსლიმი ცხოვრობს ბათუმში

„სოფლებიდან ნუ ჩამოგყავთ ხალხი მანქანებით და გეყოფათ ის მეჩეთი, რაც გაქვთ“; „ნუ გაავსებთ მეჩეთს თურქებით და…“ – ეს არის ბათუმში მეჩეთის აშენების მოწინააღმდეგეთა ძირითადი არგუმენტები. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც 2014 წლის, ანუ ბოლო აღწერის მონაცემებს ეყრდნობა, ბათუმში ამ დროისთვის 38 762 მუსლიმი ცხოვრობს.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ბათუმში მცხოვრები 152 839 მოქალაქიდან მართლმადიდებელია – 105 004, მუსლიმი – 38 762, სომხური-სამოციქულო ეკლესია – 916, კათოლიკე – 102, იუდეური – 55, სხვა რელიგიის აღმსარებელი – 251, არც ერთი რელიგიის მიმდევარი – 3961. აღწერის დროს ბათუმში უარი უთქვამს რელიგიური აღმსარებლობის კუთხით პასუხის გაცემაზე 1 508 ადამიანს, საერთოდ არ მიუთითა – 2 280-მა.

რაც შეეხება აჭარის რეგიონს [მოსახლეობის რაოდენობა – 333 953], აქ სულ 182 041 მართლმადიდებელი ცხოვრობს, ხოლო მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობა 132 852 აღწევს.

საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მეტი მუსლიმი აღმსარებლობის მქონე ადამიანი ქვემო ქართლში ცხოვრობს – 182 216.  მუსლიმების რაოდენობა კახეთში არის – 38 683, გურიაში – 12 951, იმერეთში – 931, მცხეთა-მთიანეთში – 2 296, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 766, სამცხე-ჯავახეთში – 6060, შიდა ქართლში – 5650. საქსტატის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 398 677 მუსლიმი ცხოვრობს.

საქართველოს მოსახლეობა 2014 წლის აღწერის მიხედვით 3 713 804 ადამიანია, მათგან 3 097 573 მართლმადიდებელი.

ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაყრდნობით მოგვაწოდა.

ავტოავარია მემედ აბაშიძის გამზირზე

მემედ აბაშიძის გამზირისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში რამდენიმე წუთის წინ ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი. იგი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მუშაობენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

 

IMG_20170531_115359

IMG_20170531_114943

IMG_20170531_115158

IMG_20170531_115238

 

 

ქობულეთში ხინოს ნაეკლესიარის კონსერვაცია იგეგმება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ხინოს ნაეკლესიარის სარეაბილიტაციოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო 100 ათას ლარს დახარჯავს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც 21 ივნისს დასრულდება. შესაბამისი პროექტისა და კვლევის მიხედვით, ამ ეტაპზე ძეგლის მხოლოდ კონსერვაცია იგეგმება.

ტენდერში გამარჯვებულმა თავად უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს საპატრიარქოსაგან სამუშაოების განხორციელებაზე თანხმობის მიღება, ხოლო შემდეგ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსაგან ნებართვა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის ნაკრძალში მდებარე ხინოს ნაეკლესიარის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს პროექტის შესაბამისად, რომელიც სააგენტოს მზად აქვს.

ამ პროექტში აღნიშნულია:

  „ნაგებობა კლდოვან ქანზე დგას. მას ჯდენა არა აქვს. არ  არის არც ერთი კონსტრუქციული  ბზარი, რაც კიდევ  ერთხელ გვარწმუნებს  იმაში, რომ  ეკლესია ძალადობრივად არის დანგრეული. შემდგომი ნგრევა  ბუნებრივი მოვლენების (მიწისძვრა, ბუნებრივი ნალექი, კლიმატი და სხვ.) შედეგია.  თუმცა არსებობს ისტორიული ცნობა იმის შესახებაც, რომ ადგილობრივი  მოსახლეობის მხრიდანაც იყო მცდელობა ტაძრის ქვების სამშენებლო  მასალად  გამოყენებისა, რის გამოც ქვების მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილზე აღარ არის. ხოლო დარჩენილი ქვების  ნაწილი, როგორც აღმოჩნდა,  არქეოლოგიური გათხრების დროს, გაწმენდითი  სამუშაოების ჩატარებისას, გატანილი იყო ძეგლის ტერიტორიიდან და ამჟამად ხინოს წყლის ხევის  ნაპირასაა გაფენილი. რამდენიმე ქვა  დაცულია მუზეუმში. ასეთმა ვითარებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ეკლესიის დაკარგული არქიტექტურული  ელემენტების მოძიება და მათი ფორმისა და მდებარეობის დადგენა, რის გარეშეც ეკლესიის სრულ, ანდა ნაწილობრივ აღდგენაზე საუბარი ამ ეტაპზე შეუძლებელია“.

სახელოვნებათმცოდნეო კვლევის თანახმად [რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს]: „წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ქობულეთის რაიონის სოფელ ზემო ხინოში, მდ. კინტრიშის სათავეებთან მდებარეობს. ტაძარი საუკუნეების განმავლობაში სამღვდელმთავრო კათედრას წარმოადგენდა. ხინოწმინდის საეპისკოპოსოს დაარსების შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში ორი მოსაზრება არსებობს:
[checklist]
  • ს. ჯანაშიას მოსაზრების თანახმად, რომელსაც ნ. ბერძენიშვილიც იზიარებს IX საუკუნეში პეტრას ბერძნული საეპისკოპოსოს გაუქმების შემდგომ, მაშინ როდესაც ხდება აფხაზეთის სამეფოს გაძლიერება და ბიზანტიური გავლენის შესუსტება, საეპისკოპოსო ცენტრი პეტრადან ხინოწმინდაში უნდა გადმოეტანათ, თუმცა ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი ისტორიული საბუთი შემორჩენილი არაა.
  • სხვა მოსაზრების თანახმად კი, ხინოს საეპისკოპოსო ბევრად მოგვიანებით, XV საუკუნის შუა ხანებში უნდა დაარსებულიყო, შემოქმედისა და ჯუმათის ეპარქიების შექმნის პარალელურად.

[/checklist]

საისტორიო წყაროებში არაა შემორჩენილი აქ მოღვაწე მღვდელმთავართა სახელები, ვიდრე XVII საუკუნის II ნახევრამდე. პირველი ხინოწმინდელი ეპისკოპოსი, რომლის სახელიც ჩვენამდეა მოღწეული, არის მაქსიმე I“.ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ „ტაძრის სადღეისო დაცულობა არ იძლევა იმის საშუალებას, მოხდეს შენობის სრული აღდგენა. ამდენად, ამ ეპატზე გამართლებულია ტაძრის მხოლოდ კონსერვაცია. დაუშვებელია ტაძრის რაიმე სახით აღდგენა, სანამ არ მოხდება:[crosslist]
  • კომპლექსის ტერიტორიაზე და ხინოსწყლის ხევში ჩაყრილი სამშენებლო მასალის სრული შესწავლა-დამუშავება.
  • კომპლექსის ტერიტორიის სრული არქეოლოგიური შესწავლა“.

[/crosslist]

ხინოს ნაეკლესიარი
ხინოს ნაეკლესიარი

დავით ბალაძე ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, დავით ბალაძე ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია კომპანია „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვიდასტურეს. „ევექსი“ რეფერალური ჰოსპიტლების ქსელს აერთიანებს. კომპანიის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში „ევექსის“ კლინიკების გენერალური დირექტორი ისევ ნათია ნუცუბიძე იქნება.

კომპანია „ევექსის“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დავით ბალაძე კომენტარს არ გააკეთებს. რატომ აღმოჩნდა კერძო კომპანიისთვის საინტერესო მენეჯერის პოზიციაზე დავით ბალაძე – ამ შეკითხვაზე ჯერ კომპანიისგან პასუხი არ მიგვიღია.

დავით ბალაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი იყო 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა. 2016 წლის ივლისში დავით ბალაძე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მრჩევლად გადაიყვანეს.

დავით ბალაძის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება ცნობილი სკანდალი – ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული შპს „ჰიგიენა 2009“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ცეცხლაძემ, ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარის მითვისება შეძლო. მან ბიუჯეტიდან მილიონები ისე გაიტანა, რომ სამინისტროს წლის განმავლობაში  არაფერი გაუგია, მათ შორის, დავით ბალაძის მინისტრობის დროს – ეს საქმეში არსებული ოფიციალური ვერსიაა.

მაღალმთიან აჭარაში რეგიონის მთავრობის მიერ დაფინანსებული განათლების ხელშეწყობის პროექტები

აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა განათლების ხარისხის გაუმჯობესება და  ხემლისაწვდომობის გაზრდა რეგიონში. სწორედ ამ მიზნით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის 55% განკუთვნილია განათლების  სფეროსთვის.  სამინისტროს ძირითადი პროგრამული ფინანსური რესურსის უმეტესი ნაწილი გამოყოფილია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე – საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია, ინვენტარით, ლაბორატორიებითა და მხატვრული ლიტერატურით უზრუნველყოფა, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

წლების განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში ჩადებული თანხის ზრდის შედეგად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი მოწესრიგებულია, თუმცა კვლავ აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი პროგრამების განხორციელება.

2017 წლის აჭარის განათლების, კულკტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამით განხორციელდება სულ 32 სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა/რეაბილიტაცია, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია 6 მილიონ ლარზე მეტი, რომელთა ნაწილზე უკვე დაწყებულია სამუშაოები, ასევე, გამოცხადებულია ტენდერები და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები. შესაბამისად ობიექტთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, სამინისტროს მიზანია რაც შეიძლება მოკლე დროში, სამშენებლო ნორმების გათვალისწინებითა და მაღალი ხარისხით შესრულდეს სამუშაოები.

3

სკოლების რეაბილიტაციის პროცესი საჭიროებების მიხედვით დაიგეგმა. პროგრამა ორი მიმართულებით გაიწერა. ძირითადი ეს არის სრული რეაბილიტაცია და შიდა სამუშაოები, ასევე, ახალი სკოლების მშენებლობა და აღჭურვა. მნიშვნელოვანია რომ სკოლები, რომლებიც სამინისტროს დაფინანსებით აშენდება და რეაბილიტირდება უნდა გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ ფასადური სილამაზით, არამედ, მშენებლობის ხარისხითა და კომფორტულობით.

სკოლების რეაბილიტაციის პროცესი ხულოს მუნიციპალიტეტში სრულდება

ხულო აჭარის რეგიონის ყველაზე მაღალმთიანი მუნიციპალიტეტია, სადაც 49 საჯარო  სკოლაა. წელს სამინისტროს პროგრამით  ხულოში 10 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. დასრულდება აგარის საჯარო სკოლის მშენებლობა. სამინისტროს პროგრამით ასევე,  უახლოეს პერიოდში დაიწყება ახალი სკოლების მშენებლობა სოფლებში ტუნაძეები და განახლება. ასევე, დაგეგმილია 7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. კერძოდ, ოქრუაშვილების, უჩხოს, რიყეთის, ბოძაურის, ქვედა ვაშლოვანის, დიაკონიძეებისა და წაბლანის.

2

წელს შეძენილი იქნება დიოკნისის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც განხორციელდება 2018 წელს. სარეაბილიტაციო გეგმის მიხედვით, 2018-2019 საწავლო წლისათვის ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში დასრულებული იქნება ძირითადი  სამუშაოები.

შუახევის მუნიციპალიტეტში წელს  დასრულდება სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მშენებლობა. პროექტის მიხედვით აშენებულია სამსართულიანი არასტანდარტული, თანამედროვე არქიტექტურული შენობა, რომელშიც გათვალისწინებულია საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი. შენობაში განთავსებულია სპორტული დარბაზი. ასევე, მოეწყობა პანდუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. დაიწყ სოფელ მაწყვალთას  სკოლის მშენებლობა, რომელიც  2018 წელს დასრულდება. ასევე, განხორციელდება სოფელ ცინარეთის, ბუთურაულის, ჭვანისა და ნაღვარევის საჯარო სკოლებისა და  სოფელ ქიძინიძეების საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია.

4

ქედის მუნიციპალიტეტში წელს მიმდინარეობს სოფელ ახოსა და ცხმორისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და პირველი მაისის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია.

სამინისტროს პროგრამით განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტებით, აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მოსწავლეებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ სასწავლო გარემო.

უმაღლესი განათლების ხელშეწყობა

აჭარის მთავრობისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სწორედ ამ მიზნით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამას.

პროგრამის პრიორიტეტია სტუდენტების დაფინასება აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან.

2017 წლის პროგრამის ბიუჯეტია ერთი მილიონი ლარი.  სულ პროგრამის ფარგლებში ამ პერიოდისათვის 444 სტუდენტის სწავლის საფასური.

7

პროგრამა ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის

აჭარის მაღალმთაინეთის საჯარო სკოლებში დეფიციტურ საგნებში: ინგლისური ენა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერება  ვაკანსიების შევსების მიზნით  2016-2017 სასწავლო წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,  კულტურისა  და სპორტის სამინისტრომ, ქვეპროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ქედის, შუახევისა და ხულოს  მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ეტაპზე  დაასაქმა  კონკურსში გამარჯვებული 22 მასწავლებელი.

პედაგოგები  19   საჯარო სკოლაში  1259 მოსწავლეს  უტარებენ   გაკვეთილებს ინგლისურ ენაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.  აქედან,  10 მასწავლებელი  გაიგზავნა ხულოს, 8 შუახევისა და 4  ქედის  მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში. პროგრამის 2017 წლის ბიუჯეტია 150 000 ლარი.

სკოლების ინვენტარით აღჭურვა

საჯარო სკოლებში მატერიალური ბაზების გამუჯობესების მიზნით მიმდინარე წელს მაღალმთიანი აჭარის 4 საჯარო სკოლა აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით : ქედის მუნიციპალიტეტის – ახოს საჯარო სკოლა, შუახევის მუნიციპალიტეის – ბუთურაულისა და ცინარეთის საჯარო სკოლები , ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტის – ოქრუაშვილების საჯარო სკოლა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების ფონდის შევსებას. 5 წლის განმავლობაში  85 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა უზრუნველყოფილია ქართველი და მსოფლიო  კლასიკოსების, საბავშვო, საყმაწვილო, შემეცნებითი ხასიათისა და სხვა სახის მხატვრული ლიტერატურით.

5

ქვეპროგრამის ფარგლებში 2017 წელს, ისევე, როგორც სხვა წლებში, აქცენტი გაკეთდა  ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებზე, რადგანაც მოსწავლეებს მუნიციპალიტეტებში ნაკლებად მიუწვდებათ ხელი  საბიბლიოთეკო ფონდზე.

წელს რეგიონის 10 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში შეტანილია 4024 ცალი წიგნი, თითოეულ სკოლაში 400-მდე დასახელების ლიტერატურა.

სულ 2013-2017 წლებში 85 საჯარო სკოლაში შეტანილია 34 800 ცალი  წიგნი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს საჯარო სკოლების ლაბორატორიებით უზრუნველყოფას. 3 წლის განმავლობაში  11 საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია ლაბორატორიების კომპლექტით (ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის).

ქვეპროგრამის ფარგლებში 2017 წელს, აქცენტი გაკეთდა მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლებზე, კერძოდ: ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთის საჯარო სკოლაში, შუახევში ფურტიოს საჯარო სკოლაში და ხულოში ქედლების საჯარო სკოლაში შეტანილია 208 დასახელების აღჭურვილობა.

აჭარის მთავრობა

ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სოლიდარობის აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე [ანონსი]

31 მაისს, 13 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი, სოლიდარობის აქცია იგეგმება.  ჟურნალისტი გუშინ, 29 მაისს, გაიტაცეს თბილისიდან და ამჟამად იგი აზერბაიჯანში, პატიმრობაში იმყოფება.

სოლიდარობის აქცია ხვალ იმართება თბილისშიც. 

მუთხარლის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი სასტიკად ნაცემია.

„ეჭვობს, რომ ნეკნი აქვს მოტეხილი. გარდა ამისა, ტრავმა აქვს თვალზე და თავზე, ასევე ცხვირი აქვს გატეხილი”, – ამბობს ადვოკატი.  

ადვოკატის ცნობით, აფგან მუხთარლის ბრალი ორი მუხლით წაუყენეს, მათ შორის „კონტრაბანდის“, ასევე, „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ მუხლით.

ელჩინ სადიგოვი ამბობს, რომ ამჟამად ჟურნალისტი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, ხვალ კი სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც პატიმრობას მიუსჯიან.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

 

საია ირაკლი მიქელაძეზე: იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები

„იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები,“- ასე აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე – გიორგი ხიმშიაშვილი ირაკლი მიქელაძის შემთხვევას. ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა 2016 წლის დეკემბრიდან, თუმცა არჩევიდან დღემდე ის საკრებულოს მხოლოდ ერთ სხდომას დაესწრო. გერმანიაში ყოფნის მიუხედავად, ირაკლი მიქელაძე ხელფასთან ერთად პრემიასაც იღებს, საწვავის ლიმიტსაც სრულად ითვისებს და სატელეფონო ხარჯიც აქვს.

„მიზანშეწონილია, ამ ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო ორგანოებმა დაიწყონ მოკვლევა, რათა დადგინდეს, რამდენად მიზნობრივად და სამართლებრივად სწორად გაიცა ბიუჯეტიდან თანხა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაწესებულების ხელმძღვანელს პრემია შეუძლია გასცეს მოხელის ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ხოლო, როცა პირი საერთოდ არ იმყოფება საქართველოში და ის იღებს პრემიას, შესაძლებელია აქ პირდაპირ საქმე გვქონდეს საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივ ხარჯვასთან, რაც სამოხელეო დანაშაულია“, – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

რას უნდა აკეთებდეს მსგავს სიტუაციაში საკრებულო, როცა ხელმძღვანელი პირი უფლებამოსილებას არ ასრულებს? – მირზა მამულაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი განმარტავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს, ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3 -ს უფლება აქვს ირაკლი მიქელაძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა დააყენოს. პირის თანამდებობიდან გადაყენებას კი საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა სჭირდება.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკრებულოს ნებისმიერ წევრს თავისუფალი მანდატი აქვს და უფლებამოსილების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი საკრებულოს წევრი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ იქნება ჩართული საკრებულოს მუშაობაში. 6 თვის გასვლამდე საკრებულოს მხოლოდ თანამდებობიდან კონკრეტული პირის გადაყენება შეუძლია.

„თუკი საკრებულო მოითხოვს თანამდებობიდან ირაკლი მიქელაძის გადაყენებას, ამ შემთხვევაში საფუძველი უნდა იყოს სავარაუდოდ მოვალეობის არაკეთილსინდისიერი შესრულება. კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე ცალკე რეგულაციები არ არსებობს. მიზანშეწონილია, როცა თანამდებობის პირებს აქვთ ანაზღაურება და განსაკუთრებული პრივილეგიები, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც მკაცრად იყოს განსაზღვრული კანონით,“ – ამბობს მირზა მამულაძე.

სიმონ ჯანაშია: გამოცდების ბარიერის აწევა ჰგავს იმას, ავადმყოფი დასაჯო იმის გამო, რომ ავადაა

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდებზე 11 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა. ცენტრის ინფორმაციით, შესაძლებელია ეს ციფრი დაზუსტების შემდეგ შეიცვალოს. ამის შემდეგ, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის საატესტატო და ეროვნული გამოცდების ბარიერს აწევენ. მინისტრის აზრით, ყველა ატესტატის მქონე უმაღლესში არ უნდა აბარებდეს, რადგან ამით უმუშევრობის დონე იზრდება.

დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეთა შეფასების სისტემის ცვლილებაზე საუბრობს მინისტრის მოადგილე ლია გიგაურიც, თუმცა სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ ოფიციალური პირების მიერ გაჟღერებული იდეები მხოლოდ ზეპირია და ამ ცვლილებებთან დაკავშირებით რაიმე ხელჩასაჭიდი დოკუმენტი არ არსებობს.

განათლების მკვლევარის სიმონ ჯანაშიას აზრით, ცვლილება მიზანს უნდა ემსახურებოდეს, ბარიერის აწევის მიზანი კი არ ჩანს.

„თუ მიზანი მხოლოდ ის არის, რაზეც მინისტრი საუბრობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები აბიტურიენტი წავიდეს უმაღლესში, ესეც გაუგებარია, რადგან განათლების მიზანი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება ბევრმა დაამთავროს სკოლა. ვინ წავა უმაღლესში და ვინ პროფესიულ სასწავლებელში, ეს პიროვნების არჩევანი უნდა იყოს. მინისტრის საუბრებში რასაც ვისმენთ, გამოდის, ერთადერთი პასუხისმგებელი ამ შედეგებზე მოსწავლეა და არა განათლების სისტემა“.

ბარიერის აწევის საფუძვლად ალექსანდრე ჯეჯელავას გერმანიის მაგალითი მოჰყავს. მისი თქმით, „გერმანიაში 12 კლასის ატესტატს მოსწავლეების 30 პროცენტი იღებს, ჩვენთან კი 80 პროცენტი. საქმე ის არის, რომ  ატესტატი და უმაღლესი განათლება არის განსაკუთრებით მოტივირებული და განსაკუთრებით მონდომებული ბავშვებისთვის“.

სიმონ ჯანაშიას აზრით კი, ამ შემთხვევაშიც გერმანიის მაგალითის მოყვანა არასწორია, რადგან გერმანიას თავისი მიზნები და მიღწევები აქვს, საქართველოს კი სხვა.

„პირდაპირ სტატისტიკის აღება და ამის მიხედვით გადაწყვეტილებების მიღება არასწორია. როცა მინისტრი საუბრობს უმუშევრობაზე, სწორედ უმუშევრობა იწვევს იმას, რომ ბევრი ადამიანი რჩება განათლებაში დიდხანს, იმისთვის, რომ თავისი უმუშევრობა გადაავადოს და შემდეგ, რაც შეიძლება მაღალი კვალიფიკაციით შევიდეს კონკურენციაში.

ამ პრობლემას განაპირობებს ის, რომ, მაგალითად, თანაშემწეს ადგილზე არ იღებენ მაგისტრატურა დამთავრებულზე ნაკლებს, მაშინ, როცა უცხოეთში სკოლადამთავრებულები მუშაობენ და მშვენივრად ართმევენ თავს. სწორედ ეს არის პრობლემა. სამუშაო ადგილები ცოტაა და ამიტომ მიდის უმაღლესში ხალხი, ეს დაახლოებით იმას ჰგავს ბიჭების გარკვეული ნაწილი ორჯერ რომ ამთავრებს მაგისტრატურას იმის გამო, რომ გადაავადოს ჯარში გაწვევა“.

სიმონ ჯანაშიას თქმით,  მინისტრის მოსაზრება, რომ „ყველა ატესტატიანი უმაღლესში არ უნდა ხვდებოდეს“, ვიღაცისთვის პრივილეგიის მიცემაა. სკოლის ფუნქცია კი არის არა გამოცდებზე შედეგების ჩვენება, არამედ მოქალაქეების აღზრდა.

„რაც უფრო ნაკლებ დროს გაატარებენ ბავშვები სკოლაში, ნაკლები შანსი ექნებათ, რომ ნორმალურ მოქალაქეებად აღიზარდონ. გამოცდების ბარიერის აწევა ჰგავს იმას, ავადმყოფი დასაჯო იმის გამო, რომ ავადაა. სისტემა არის ავად და მის მკურნალობაზე შემოაქვთ სასჯელები. როცა ერთადერთი ინსტრუმენტი ჩაქუჩია, ყველაფერი ლურსმნებად გეჩვენება. როცა პოლიტიკის ინსტრუმენტი მხოლოდ გამოცდებია, მაშინ ბარიერები „აგვარებს“ ყველაფერს“.

განათლების მინისტრის მხრიდან გაჟღერებული იყო ისიც, რომ სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად დამამთავრებელ კლასებში დიფერენცირებული სწავლება უნდა შემოვიდეს. თუმცა, სიმონ ჯანაშიას თქმით, ეს სისტემაც წარუმატებელია.

„დიფერენცირებულ სწავლებაზე გადასვლა ჩვენმა ქვეყანამ რამდენჯერმე სცადა. მეც ასეთი სკოლა დავამთავრე, მაგრამ ამას დადებითი შედეგები არ მოუტანია. დიფერენცირება მოტივაციას ვერ გაზრდის, თუ სკოლაში ცუდად გასწავლიან.

მეორე პრობლემა ის, რომ  დღევანდელი დასაქმება  მრავალმხრივ უნარებს მოითხოვს და  დამამთავრებელ კლასებში თუნდაც მათემატიკის უსწავლელობამ, შესაძლებელია ხელი შეუშალოს მოსწავლეს მომავალი ნაბიჯების დაგეგმვაში“.

სიმონ ჯანაშიას აზრით, დღეს მოსწავლეები ბევრ კარგ აქტივობას აკეთებენ სკოლაში, ქმნიან სადისკუსიო კლუბებს, იღებენ ფილმებს, თუმცა, ასეთი აქტივობები მათ არ უფასდებათ. საატესტატო ბარიერის გაზრდის შემთხვევაში კი, კიდევ უფრო შემცირდება შემოქმედებითი პროცესი სკოლებში და მოსწავლეები კიდევ უფრო მეტ დროს დაუთმობენ გამოცდების მომზადებას.

„განათლების მიზნებში ჩვენ გვიწერია, რომ გვინდა კანონმორჩილი და ტოლერანტი ადამიანის აღზრდა, მაგრამ როგორ ვაკეთებთ ამას?  დრო უნდა დავტოვოთ მაგალითად იმიტირებული სასამართლოებისთვის, დებატების კლუბებისთვის, ამას უნდა შევუწყოთ ხელი. ჩვენთან წელიწადში დაახლოებით 5 მილიონი ლარია დახარჯული მარტო გამოცდების შექმნა-ჩატარებაზე. ეს თანხა რომ დახარჯულიყო ახალბედა მასწავლებლების სკოლებში შეყვანაზე, ახალი სასწავლო გეგმების შემუშავებაზე,  ახალი მასალების, ელექტრონული წიგნების შექმნაზე, უამრავი რაღაცის გაკეთებაზე, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვებოდა სწავლაში.

არც უნივერსიტეტებს არ აძლევენ უფლებას, რომ თვითონ შეარჩიონ აბიტურიენტები ვთქვათ სკოლის ნიშნებით. ეს ყველაფერი საჭიროა საზოგადოების, სკოლების  კონტროლისთვის შექმნილი და ეს ყველაფერი არის რამდენიმე კაცის გადაწყვეტილება, რომლებიც კაბინეტებში სხედან. ეს გადაწყვეტილებები მომგებიანია პოლიტიკოსებისთვის და გამოცდების შემქმნელების პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, მათაც აწყობთ, რომ ასე იყოს, რადგან ამ სისტემის გარეშე არანაირი ძალაუფლება არ  ექნებათ. 2008 წელს როდესაც მე-12 კლასი ვერ დაამთავრეს არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებმა და კონკურსი იყო ძალიან დაბალი, გამოცდების ეროვნული ცენტრი ცდილობდა, რომ კონკურსი ხელოვნურად გაეზარდა და უნივერსიტეტებისგან ადგილების შემცირებას ითხოვდა“.

სიმონ ჯანაშიას შეფასებით, ბარიერის ზრდა და მხოლოდ გამოცდებზე ორიენტირებული სისტემა ეს არის ბიუროკრატიული ინტერესი, რომ „ამ სისტემის შემქმნელებს გაუხანგრძლივდეთ სამსახური და ჰქონდეთ ძალაუფლება, რომ უკარნახონ პირობები სკოლებს, უნივერსიტეტებს და ა.შ.“

 

7 დღე გზაში – თხის ჯოგის გადარეკვა მაჭახელას ხეობიდან [ფოტო, ვიდეო]

ჩხუტუნეთელმა თამაზ ფუტკარაძემ 30 მაისს ოთხ თანასოფლელთან ერთად თხისა და ცხვრის ფარის მაჭახელას ხეობიდან ჯაზიგოლის მთაზე გადაყვანა დაიწყო. მემთეურები ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილდებიან. თამაზი ამბობს, რომ გზას მაჭახელას ხეობიდან საძოვრებამდე შვიდი დღე სჭირდება. მემთეურები იალაღებიდან მას შემდეგ დაბრუნდებიან, როდესაც მთებზე თოვას დაიწყებს.

ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო

 

პოლონეთის პრეზიდენტი ბათუმში ჩამოდის

ხვალ, 31 მაისს, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ბათუმში ჩამოდის. ბათუმის აეროპორტში მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი პოლონეთში და აჭარის მინისტრები დახვდებიან. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ვიზიტს მხოლოდ აჭარის მთავრობის ოპერატორი გადაიღებს, ჟურნალისტებისთვის დახურული იქნება მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრაც.

პოლონეთის პრეზიდენტი გონიოს ციხეს დაათვალიერებს, რის შემდეგაც დაგეგმილია შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში.

დაახლოებით ოთხი საათისთვის პოლონეთის პრეზიდენტი ბათუმის აეროპორტიდან ვარშავაში გაემგზავრება.

ამ დროისათვის პოლონეთის პრეზიდენტი თბილისში იმყოფება დღეს მას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-პოლონეთის მეგობრული ურთიერთობების საკითხები განიხილეს, სადაც მათ ყურადღება გაამახვილეს ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებულ საინვესტიციო პოტენციალსა და ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს პოლონეთის „განვითარების დახმარების პროგრამის“ მნიშვნელობას, რომლის პრიორიტეტული მიმართულებებია: ეკონომიკური ზრდა, კანონის უზენაესობა, ეფექტური მმართველობა, ეროვნული რესურსების მდგრადობა, სოციალური კეთილდღეობა და განათლება.

გიორგი კვირიკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს მხარდაჭერის გამოხატულებად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ იგი ხელს შეუწყობს საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და აღნიშნეს, რომ პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციას.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც. პოლონეთის პრეზიდენტმა დაადასტურა პოლონეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ქედის საკრებულომ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა გაზარდა

ქედის საკრებულომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გურამ ანანიძის  ინიციატივას – პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის გაზრდასა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის საკითხს მხარი დაუჭირა.

ქედის საკრებულოს მიერ 29 მაისს დამტკიცებული სტანდარტით, ქედის გამგეობასა და საკრებულოდან საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, საჯარო ინფორმაციის მისაღებად საკმარისია მოქალაქემ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე [keda.ge] მითითებულ ფოსტაზე წერილობით მოთხოვნა გააგზავნოს.

ელექტრონული ფორმით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან ერთად, ქედის თვითმმართველობამ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხაც გაზარდა.

მუნიციპალიტეტი ვალდებულია საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების შესახებ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, ბიოგრაფიულ მონაცემებთან ერთად, ვებგვერდზე განათავსოს. მუნიციპალიტეტმა უნდა განათავსოს ასევე საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში დასაქმებული თანამშრომლების სახელები-გვარები და მიუთითოს მათ მიერ დაკავებული თანამდებობები; გამგეობასა და საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემზე პასუხისმგებელი პირის მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო მონაცემები.

გურამ ანანიძის მიერ ინიცირებული საკითხი ისეთი ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებასაც ითვალისწინებს, რომლის გამოქვეყნებასაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მუნიციპალიტეტებს არ ავალდებულებს:

  • მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულ პირთა ოდენობა, კატეგორიები მითითებით გენდერულ ჭრილში;
  • ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები [მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა], კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა;
  • მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში გაცემული შრომითი გასამრჯელოს შესახებ ინფორმაცია;
  • ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტზე გაწეული სამივლინებო ხარჯები;
  • მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელების მიხედვით;
  • სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა;
  • საკრებულოს ნორმატიული აქტები;
  • გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის ის ინდივიდუალური აქტები, რომლებიც არ შეიცავს სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ;
  • ის ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს გამგეობასა და საკრებულოს აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესებს.

გურამ ანანიძის მიერ ინიცირებულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 29 მაისს საკრებულოს სხდომას ქედაში საკრებულოს 24 წევრიდან 17 ესწრებოდა.

ბათუმის „დინამოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს

29 მაისს ბათუმის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ახალ მთავარ მწვრთნელად  კონსტანტინ ფროლოვი დაინიშნა.

„ბათუმის დინამოს“ ხელმძღვანელის, ოთარ ფედიჩკინის თქმით, ახალ მწვრთნელთან ბათუმის „დინამომ“ კონტრაქტი 2018  წლის ბოლომდე გააფორმა.

„დინამომ“ ახალ მწვრთნელთან ერთად უკვე გამართა პირველი ვარჯიში.

 

ფატი ხალვაშის ბიუროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას დეპუტატი არ დაესწრო

ამ წუთებში ბათუმში, „ჩართულობის ცენტრში“, მიმდინარეობს საჯარო შეხვედრა თემაზე: „ევროკავშირი და ვიზალიბერალიზაცია“.

შეხვედრა ფატი ხალვაშის ბიუროსა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] ორგანიზებულია. ჩართულობის ცენტრის დარბაზში შეკრებილები დეპუტატს ელოდნენ, თუმცა შეხვედრის ორგანიზატორის ინფორმაციით, ფატი ხალვაშმა ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძლო.

შეხვედრაზე NDI-ის წარმომადგენელმა ევროკავშირისა და ვიზა ლიბერალიზაციის მიმართ მოსახლეობის განწყობებზე ისაუბრა. დაგეგმილია ასევე ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის, გიორგი ფარეშიშვილის გამოსვლა ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, დარბაზში შეკრებილებს კითხვების დასმის საშუალება მიეცემათ.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით დაიგეგმა.

20 ფრანი ზღვის სანაპიროზე – რას სთავაზობს ბულვარი ბავშვებს

პირველ ინვისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბავშვებისთვის ღონისძიებებს „ბათუმის ბულვარიც“ გეგმავს. ღონისძიებები კოლონადებთან გაიმართება.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბავშვებისთვის გაიმართება გასართობი შოუ-პროგრამა, ფლეშმობი, სპორტული შეჯიბრებები და სახალისო  კონკურსები.

მოეწყობა სამაგიდო თამაშები, ჟონგლიორების წარმოდგენები, ესტაფეტები, ოჩოფეხები, დი-ჯეი და ა.შ.  ბავშვებს მოხატავენ სახეზე.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება „ბასტი-ბუბუს“ და სხვა საბავშვო სკოლა-სტუდიების კონცერტები“.

ყველაზე სანახაობრივი, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, შვიდმეტრიანი ფრანების გაშვება იქნება. „20 მოხატული ფრანი მთელი დღის განმავლობაში იქნება ზღვის სანაპიროზე, ბათუმის ბულვარში გამოიფინება საბავშვო თემატიკის ხელნაკეთი თოჯინები, ნივთები და ნახატები“.

ოფიციალური ინფორმაციით, პატარებს  ნაყინს და ბუშტებსაც დაურიგებენ უფასოდ. დღის ბოლოს კი ბავშვები ზღაპრის გმირებთან ერთად საბავშვო მატარებლით ბულვარში გაისეირნებენ.

„ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები ინკლუზიური ცენტრის ბავშვები იქნებიან“.

გასართობი ღონისძიებები ბულვარში 14:30 სააათზე დაიწყება.


ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პირველ ივნისს ბათუმში, 6 მაისის  პარკში, 13:00 -დან -19:00 საათამდე, გასართობი ღონისძიებები ბათუმის მერიის ორგანიზებით გაიმართება.

რა იგეგმება ბავშვებისთვის პირველ ივნისს ბათუმში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პირველ ივნისს ბათუმში, 6 მაისის  პარკში, 13:00 -დან -19:00 საათამდე, გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

„პროექტის ფარგლებში, „6 მაისის პარკში“  ზღაპრული გარემო შეიქმნება, სადაც ბავშვები დაუვიწყარი დღის გატარებას შეძლებენ.

ღონისძიებების მსვლელობისას პატარებს საშუალება ექნებათ  „დაეუფლონ“  სხვადასხვა პოპულარულ პროფესიას: მშენებელი, ექიმი, მეთევზე, სტილისტი, მომღერალი, მეომარი, მხატვარი, მასწავლებელი, მოჭადრაკე, მოქანდაკე და ხელოვანი.

მთელი დღის განმავლობაში ბავშვებთან ერთად იმხიარულებენ ანიმატორები: მინიონი, მიკი და მინი მაუსები, ჰელოუ კიტი, ჯეკ ბეღურა და კლოუნი. მოეწყობა ოჩოფეხებით მსვლელობა“ – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ამავე ინფორმაციით, პარკში სპორტული შეჯიბრებები და გასართობი აქტივობებიც იქნება.

„დიდი ჭადრაკი, მინი გოლფი, დიდი შაში, მაგიდის ფეხბურთი, რბოლა, მიზანში სროლა, ლიმონათის კონკურსი, ბუშტების არტი, საპნის ბუშტები, ლაბირინთი, ოთხი მწკრივში და ჯენგა. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ითამაშონ გასაბერ სასრიალოზე.“

„6 მაისის პარკში განთავსებული იქნება ფოტო და 3-განზომილებიანი ფოტო ბანერები, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ გადაიღონ სურათები.“
გაიმართება სტუდიების – ლალეს, ბასტი-ბუბუს, ლიმპოპოს, ჰარმონიისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბავშვების მონაწილეობით სხვადასხვა მუსიკალური ღონისძიება.

ბავშვთა დაცვის დღეს  პარკში წარმოდგენილი იქნება სასულე ორკესტრი და დრამერები, თითებისა და თოჯინების თეატრი.

ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ სურათები გადაიღონ პარკში არსებულ ბანერებთან. გაიმართება სხვადასხვა საბავშვო სტუდიის, შშმ პირებისა და ბავშვთა სახლების მიერ შექმნილი ნივთებისა და სურათების გამოფენა.

ბავშვებს დაურიგდებათ ჰელიუმის ბუშტები და ნაყინები.


პირველ ინვისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბავშვებისთვის ღონისძიებებს „ბათუმის ბულვარიც“ გეგმავს. ღონისძიებები კოლონადებთან გაიმართება. 

საწვავი, ტელეფონის ხარჯი და 16 450 ლარი თანამდებობის პირს, რომელიც სამსახურში არ დადის

ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, თუმცა იგი საკრებულოს სხდომებსაც კი არ ესწრება. თანამდებობის პირისთვის, რომელიც სამსახურში არ დადის, ბათუმის ბიუჯეტიდან მხოლოდ 2017 წლის პირველ ოთხ თვეში 16 450 ლარი დაიხარჯა. ირაკლი მიქელაძე გერმანიაში იმყოფება მეუღლესთან ერთად. საზღვარგარეთ ყოფნა საკრებულოს თავმჯდომარეს არც იმაში უშლის ხელს, რომ საწვავისთვის და სატელეფონო ხარჯისთვის გამოყოფილი ლიმიტი აითვისოს.

სამსახურში მიუსვლელად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პრემია აპრილში – 3525 ლარი

ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ 2016 წლის 29 დეკემბერს აირჩიეს. ამ თანამდებობაზე არჩევამდე, პირველი და ორი დეკემბრის სხდომებს ირაკლი მიქელაძე არ დასწრებია. ამ დროისთვის, „ბათუმელების“ ინფორმაციით, იგი უკვე გერმანიაში იმყოფებოდა. დაწინაურების შემდეგ თავმჯდომარის მოადგილე მხოლოდ ერთ სხდომას დაესწრო – 2017 წლის 18 იანვარს. ბათუმის საკრებულოდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ირაკლი მიქელაძე წელს ბათუმის საკრებულოს რომელიმე სხვა სხდომას არ დასწრებია.

დანართი-1-გაზეთ-ბათუმელებს-1

ირაკლი მიქელაძის ხელფასი თვეში 2350 ლარია, რასაც ემატება პრემია 1175 ლარის ოდენობით. თვეში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურება – 3525 ლარია.

საზღვარგარეთ მყოფ თავმჯდომარის მოადგილეს ე.წ. კვარტალური პრემიაც დაუმსახურებია. მიმდინარე წლის აპრილში, როცა საკრებულოში ირაკლი მიქელაძე საერთოდ არ უნახავთ, სამმაგი ოდენობის პრემია მიიღო – 3525 ლარი. საკრებულოდან მიღებული მონაცემებით, აპრილში ირაკლი მიქელაძის შრომის ანაზღაურებამ 5875 ლარი შეადგინა.

მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ირაკლი მიქელაძემ ხელფასის სახით 9400 ლარი მიიღო, ხოლო პრემია – 7050 ლარი.

თავმჯდომარის მოადგილეობამდე, ირაკლი მიქელაძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო. 2016 წელს ის ხელფასის სახით 2 ათას ლარს იღებდა, რასაც ყოველთვიურად 1000 ლარი ემატებოდა პრემიის სახით. კვარტალურად ირაკლი მიქელაძე გაორმაგებულ პრემიას იღებდა. 2016 წლის მარტიდან წლის ბოლომდე ირაკლი მიქელაძის შენახვა საკრებულოს 33 152 ლარი დაუჯდა.

გერმანიაში მყოფი ირაკლი მიქელაძე თვეში 200 ლიტრ საწვავს ხარჯავს

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი მიქელაძე წელს საკრებულოს სხდომებს იანვრის შემდეგ არ დასწრებია და საზღვარგარეთ იმყოფება, ამას საწვავის ლიმიტის სრულად ათვისებაში ხელი არ შეუშლია. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ემსახურება ავტომანქანა და თვიური ლიმიტი 200 ლიტრს შეადგენს. ლიმიტით 200 ლიტრიდან 200-ივე ირაკლი მიქელაძეს დაუხარჯავს. ბათუმის საკრებულოდან ჩვენთვის გამოგზავნილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის პირველ ხუთ თვეში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მიქელაძემ ზუსტად 1000 ლიტრი საწვავი დახარჯა.

დანართი-3-გაზეთ-ბათუმელებს-3

ირაკლი მიქელაძისთვის ყოველთვიურად გამოყოფილი სატელეფონო საუბრების ლიმიტი 50 ლარია. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში მან 102 ლარი და 99 თეთრის დახარჯვა მოახერხა. ირაკლი მიქელაძის ტელეფონი გამორთულია. მასთან დაკავშირება შეუძლებელია.

დანართი-2-გაზეთ-ბათუმელებს-1

ბათუმის საკრებულოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ირაკლი მიქელაძეს, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ცალკე აპარატი არ ემსახურება.

რა შემთხვევაში შეუწყდება ირაკლი მიქელაძეს უფლებამოსილება

ირაკლი მიქელაძეს, ისევე როგორც საკრებულოს ნებისმიერ წევრს, უფლებამოსილება შეუწყდება იმ შემთხვევაში, თუკი ის არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მიიღებს მონაწილეობას საკრებულოს მუშაობაში. „რაც ერთობლივად მოიცავს საკრებულოს სხდომებსა და კომისიებში მუშაობას,“ – ვკითხულობთ ბათუმის საკრებულოს რეგლმანეტში.

ამ რეგლამენტით, თუკი ზაფხულისთვის ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოში გამოჩნდება, ის კანონით გათვალისწინებულ 6-თვიან ვადას დაიცავს, ამასთან შეეძლება ისევ დაუბრუნდეს გერმანიას და გააგრძელოს ხელფასის, პრემიის აღება და საწვავსის ხარჯვაც.

ამ კანონზე აპელირებს საკრებულოს თავმჯდომარე – ლაშა სირაბიძეც. ამბობს, რომ მას ინფორმაცია არ აქვს, სად იმყოფება, ან რატომ არ დადის საკრებულოში მისი მოადგილე. ლაშა სირაბიძე მიიჩნევს, რომ ირაკლი მიქელაძე შრომისმოყვარე ადამიანია:

„სამართლებრივი დარღვევა არ არის და მე რა უნდა გამერკვია? არ დავინტერესებულვარ, სად არის და რატომ არ დადის. მე როგორც ვიცი, ოჯახიდან გამომდინარე არის წასული საზღვარგარეთ… არ მაქვს არავითარი პასუხისმგებლობა, ირაკლი მიქელაძე ვეძებო,“ – გვითხრა ლაშა სირაბიძემ.

მისი თქმით, საკრებულო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს ირაკლი მიქელაძის საქმეს, თუკი ზედიზედ 6 თვე არ გამოცხადდება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სამსახურში.

ლაშა სირაბიძე არ ფიქრობს, რომ საზღვარგარეთ მყოფი თანამდებობის პირისთვის გამოყოფილი პრემია, ან საწვავი არამიზნობრივი ხარჯია. „იქედან აგვარებს ალბათ გაკრვეულ საკითხებს. ის არის მაჟორიტარი დეპუტატიც და მანქანაც სჭირდება… ვინ დადის მისი მანქანით, არ ვიცი,“ – აღნიშნა ლაშა სირაბიძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ.

ირაკლი მიქელაძის მუშაობა სოციალურ ქსელში

საკრებულოს სხდომებს არ ესწრება, თუმცა კონკრეტულ საკითხებს სოციალურ ქსელში ეხმაურება ირაკლი მიქელაძე, მაგალითად, 26 მაისს, ბათუმში მუსლიმი თემის მიერ შენობის გარეშე მეჩეთის გახსნას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს არ შეუფასებია ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმებს კონკრეტულ ადგილზე მეჩეთის მშენებლობაზე უარი უთხრეს.

ამონარიდი ირაკლი მიქელაძის ფეისბუქ პოსტიდან: „…მე ირაკლი მიქელაძე ვარ. დიდი აბდულ მიქელაძის შვილიშვილი..იმ ადამიანის, რომელმაც სხვა დიდებულ ქართველებთან ერთად ხელი შეუწყეს აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების სისხლიანი გზის დასასრულს.. და ვერასდროს, ვერავინ ვერ !!!გაბედავს !!! მასწავლოს მე ქართველობა, ეროვნულობა, თითოეული კუთხის პატივისცემა და განსაკუთრებით ჩემი ლამაზი და მრავალი ტანჟვის მომსწრე აჭარის პატივისცემას, ანუ სიყვარულს.. მაგრამ ის რაც დღეს ბათუმში მოხდა, მიმაჩნია არასწორ საქციელად.. მიაჩნია, რომ არასწორია როდესაც მთელი ერი და ბერი 26 მაისს აღნიშნავს, 50 მდე ქართველმა ცალკე შეიკრიბოთ და მეჩეთის მშენებლობის დაწყება აღნიშნოთ.. რატომ ? ვის მოუვიდა ეს ,,გენიალური” აზრი მაინტერესებს.. ვინ ჩათვალა, რომ სწორედ დღეს იყო ის ისტორიული დღე.. არ მინდა ნამდვილად, მაგრამ მაინც მეფიქრება, რომ არასახელმწიფოებრივი (ცუდად დაგეგმილი) და არაქართულია ეს თქვენი დღევანდელი „კრეატივი“… 26 მაისი“

ამ შეფასებამდე, ირაკლი მიქელაძე 17 მაისს გამოეხმაურა, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და ასევე „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მას განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები აშინებს:

„მოკლედ მეგობრებო ვცადე თავი შემეკავებინა, მაგრამ უნდა ვაღიარო – მაგრა მეშინია ,,პიდარასტების” ((( აიი ისე მეშინია, მათი დანახვა არ მინდა.. ??და სულ, როდესაც მხვდებიან მეჩვენება, რომ ,,შემოტევას” გეგმავენ და ადეკვატური თავდაცვის სურვილი მიჩნდება : ((( და როცა ვხედავ, ძაან ბნელა ჩემთან – ანუ ,, თვალს მიბნელდება” – შეუძლოდ შევიქმნები ხოლმე ))))) არავითარი სიძულვილი, მართლა.. ?? “ 

miqeladze 1

მთავრობის თავმჯდომარე კ2-ზე შუამდგომლობის უფლებას არ თმობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის მიუღებელია ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომ მას კ2-ზე შუამდგომლობის უფლება ჩამოერთვას. ამის შესახებ მან არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომს“ ოფიციალურად მისწერა [კ2 – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია, რაც უკვე დამტკიცებულ ან მიმდინარე სამშენებლო პროექტზე სიმაღლის გაზრდას გულისხმობს].

„ბათომისთვის“ გაგზავნილ წერილს მთავრობის თავმჯდომარის აპარატის უფროსი გოჩა ჯაში აწერს ხელს, თუმცა „ბათომი“ ამ საკითხზე ზურაბ პატარაძის პოზიციით იყო დაინტერესებული. ამიტომ საპასუხო წერილში მოყვანილ განმარტებებს ორგანიზაციაში განიხილავენ, როგორც მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას.

კ2 კოეფიციენტთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარისთვის შუამდგომლობის უფლების ჩამორთმევაზე საკრებულომ ერთხელ უკვე იმსჯელა და გადაწყვიტა კიდეც. ამის შემდეგ ბათუმის მერი ვალდებული იყო დაეწყო შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა გიორგი ერმაკოვს საქმის წარმოება ამ საკითხზე დღემდე არ დაუწყია.

„ბათომისადმი“ გაგზავნილი წერილის პასუხის მიხედვით, ზურაბ პატარაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტით იცვლება შუამდგომლობის აღმძვრელი სუბიექტი, კერძოდ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაცვლად მითითებულია საკრებულოს ბიურო, რაც მიუღებელია მოცემული დათქმის შინაარსიდან გამომდინარე.

ამონარიდი წერილიდან:

„მოქმედ დადგენილებაში მითითებულია შუამდგომლობის აღმძვრელი ის სუბიექტები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან და ეს ორგანოები ქმნიან და განსაზღვრავენ საინვესტიციო პოლიტიკას. საკრებულოს ბიუროს კი არანაირი შეხება არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს საინვეტიციო პოლიტიკასთან. საკრებულოს ბიუროს ფუნქციებს წარმოადგენს მუნიციპალური საკრებულოს სხდომებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების განხილვა-კოორდინაცია“.

წერილში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რატომ არ შეუძლია საკრებულოს ქალაქში დადგენილი საინვესტიციო – სამშენებლო პროექტის პარამეტრებზე იმსჯელოს, მითუმეტეს, რომ მშენებლობის რეგულაციები თვითმმართველი ქალაქის კომპეტენციაა.

არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, როგორ შეუშლის ხელს საინვესტიციო პოლიტიკას კ2-ზე შუამდგომლობის უფლების მთავრობის თავმჯდომარისთვის ჩამორთმევა? ცნობილი ფაქტია, რომ 2013 წლამდე მას ასეთი უფლება არ ჰქონია, თუმცა ამას ინვესტიციების მოზიდვისთვის ხელი არ შეუშლია. „ბათუმელებმა“ ამ კითხვაზე მთავრობისგან პასუხი ვერ მიიღო.

თავად ზურაბ პატარაძის კ2-ზე მომუშავე კომისია საუბრობდა იმაზე, რომ კ2-ის ზრდის ხარჯზე ბათუმმა კასკადური შენობები მიიღო. მრჩეველმა ბესიკ ლილუაშვილმა კი „ბათუმელებს“ განუმარტა, რომ ზურაბ პატარაძე ამ საკითხის კანონმდებლობით დარეგულირების მომხრეა და მიიჩნევს, რომ ის პერსონების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს.

ვერც ბათუმის მერისგან მივიღეთ პასუხი კითხვაზე, რატომ არ ასრულებს ის ბათუმის საკრებულოს დავალებას კ-2-ზე შაუამდგომლობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

საიას აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, „ამ პასუხით ირკვევა, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად პოლიტიკური ნება არ არსებობს, სხვა მხრივ კი, მის გადაწყვეტას ხელს არაფერი უშლის.“

მერიამ ბათუმში დასარგავი ყვავილების რაოდენობა ასი ათასით შეამცირა

მერიის გამწვანების სამსახური მიმდინარე წელს 180 ათასი ლარის ყვავილების დარგვას გეგმავს. ნაწილი დაირგო თუმცა, საგრძნობლად შესამჩნევია, რომ  სკვერებში წინა წელთან შედარებით, ნაკლები ყვავილებია. გამწვანების სამსახურში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ერთწლიანი ყვავილების რაოდენობა ქალაქში წელს 100 ათასი ერთეულით შეამცირეს. რატომ შეამცირეს ყვავილების რაოდენობა და რა ცვლილება იგეგმება „იუნკერების სკვერში“? – მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი, ლევან ჭანუყვაძე „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს.

ბატონო ლევან, მიმდინარე წელს რამდენი ერთწლიანი ყვავილი დაირგო და სად?

400 ათასი ძირი ყვავილი ირგვება, ამ დროისთვის მხოლოდ 250 ათასი ძირი გვაქვს დარგული და 150 ათასი მოსაწოდებელია კიდევ.

ყვავილები დავრგეთ „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის ქუჩაზე მთლიანად, ბაქოს ქუჩის დასაწყისში წრიულთან, კაჩინსკების ქუჩაზე, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარედ… მთელი ქალაქის მასშტაბით ვრგავთ. ძირითადად იმ ადგილებში, რასაც ვთვლით, რომ ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი ადგილებია.

დარჩენილი ნახევარი სად დაირგვება?

ძალიან ბევრი ადგილია, რომელი ერთი ჩამოვთვალო. იუნკერების სკვერში დავრგეთ, ამ სკვერის მთლიანად გადაკეთება გვინდოდა, მაგრამ წელს, ალბათ, ვერ მოვასწრებთ. მერიას შემუშავებული აქვს ახალი პროექტი და მთლიანად გადაკეთდება, პროექტის ღირებულება არ ვიცი, რადგან მერიამ მოამზადა, რა დაჯდება მისი განხორციელება არც ეს ვიცი. მერია ჯერ ისევ ეძებს სახსრებს, თუ საიდან უნდა დაფინანსდეს.

რა შეიცვლება ამ სკვერში?

განსხვავება ის იქნება, რომ სკვერი ამაღლდება, რადგან ახლა ხშირად დგება წყალი და მცენარეების დარგვასაც აზრი არ ჰქონდა, ამიტომ მოვითხოვეთ მისი რეკონსტრუქცია. ათასობით კუბამეტრი მიწა უნდა შევიდეს და ამაღლდეს. მოეწყობა თანამედროვე პარკი თავისი ინფრასტრუქტურით, – განათებით, ახალი სკამებით, გამწვანებით და ა.შ. გამწვანებაც დაახლოებით 200 ათასი ლარი დაჯდება. მომავალი წლისთვის  შევძლებთ ალბათ ამის განხორციელებას.

ის ერთწლიანი ყვავილები, რომლებიც ირგვება ბათუმში, უცხოეთიდან შემოდის, თუ საქართველოში გამოჰყავთ?

საქართველოში გამოყვანილი ყვავილებია, ტენდერს ვაცხადებთ და თითო შემოტანაზე 50-50 ათასი შემოაქვთ. უცხოეთში თესლს ყიდულობენ და აქ გამოჰყავთ. ბოლო პერიოდში უფრო გააუმჯობესეს გამოყვანა. უბრალოდ, ერთი ყვავილი – „სალვია“ ჰქვია, შედარებით პრობლემურია, ძალიან ლამაზია, მაგრამ მცირე ხნით ყვავილობს.

შარშან რა რაოდენობის ყვავილი დაირგო, უფრო მეტი იყო თუ ნაკლები?

შემცირებულია წინა წელთან შედარებით, დაახლოებით ასი ათასით მეტი იყო წინა წელს. რატომ შეგვიმცირეს, ვერ გეტყვით, რადგან მაშინ მე არ ვმუშაობდი ამ სამსახურში.

დარჩენილი ყვავილები რა ვადაში უნდა დაირგოს და სად?

11 ივნისამდე უნდა დავრგოთ.

რამდენი ხანი ყვავილობენ ეს მცენარეები?

მთელი ზაფხულის განმავლობაში უნდა იყვავილოს, თუმცა ყველაზე ცოტას „სალვია“ ყვავის.

კამელიების ხეივანი გაშენდა უკვე? რამდენი ძირი კამელია დაირგო?

კამელიები გორგილაძის ქუჩის გაგრძელებაზე დავრგეთ, დაახლოებით 35 ძირია. თავიდან ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, სულ გაყვითლდა, რადგან ტერიტორია იტბორებოდა. შემდეგ ჩავატარეთ გარკვეული სამუშაოები და ახლა უკვე გამწვანებულია. თუმცა, ჯერ ის ეფექტი არ არის, რაც წესით უნდა იყოს.

„სალვია“
„სალვია“

ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე გათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 31 მაისს, ბათუმში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, უმეტესად – უნალექო. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება ღამით – 10-15 გარდუსი, ხოლო დღისით 22-27 გრადუსი. მთის რაიონებში-  ღამით 7-12, დღისით – 15-20 გრადუსი.

დროგამოშვებით წვიმაა ბათუმში მოსალოდნელი პირველ და 2 ივნისს.

 

ძველი და ახალი ბათუმი [ფოტომანიპულაცია]

"მარიინსკი გამზირი" 1920 წელი / მემედ აბაშიძის ქუჩა 2017 წელი
“მარიას გამზირი” 1920 წელი / მემედ აბაშიძის გამზირი 2017 წელი
მარიას გამზირი 1911 წელი / მემედ აბაშიძის გამზირი, კინოთეატრი “აპოლოს” მიმდებარე ტერიტორია 2017 წელი
№1 აფთიაქი 1986 წელი / შენობა დღეს უფუნქციოდ არის დარჩენილი 2017 წელი
ფოსტა 1910 წელი / სასტუმრო "პრინცესა" 2017
ფოსტა 1910 წელი / სასტუმრო “პრინცესა” 2017 წელი
ბაზრის მოედანი 1900 წელი / ლ. ასათიანის ქუჩა, ბათუმის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია 2017 წელი
ბაზრის მოედანი 1900 წელი / ლ. ასათიანის ქუჩა, ბათუმის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია 2017 წელი
ამავე თემაზე: საბჭოთა და თანამედროვე ბათუმი ოთხ ფოტოზე [ფოტომანიპულაცია] 

ბრალდებული: სასამართლოს გადაწყვეტილებამ ულუკმაპუროდ დამტოვა

„არ მინდა ჩემი ვინაობის გაჟღერება, ისედაც პრობლემაა ცხოვრება, არადა, ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი…“ – გვითხრა ილია ხ.-მ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. მას სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ედავებიან. დაახლოებით სამი წლის წინ ილია ხ. მარიხუანას მოხმარებისთვის გაასამართლეს და ავტომანქანის მართვის მოწმობა ჩამოართვეს.

სასამართლოს მაშინდელი გადაწყვეტილებით, ილია ხ.-ს სასჯელის სახით სხვადასხვა შეზღუდვა დაუწესეს, მათ შორის, ავტომანქანის მართვა. საქმიანობის უფლების შეზღუდვას სასამართლო ძირითადად ნარკოდანაშაულის შემთხვევაში იყენებს. შეზღუდვის მიუხედავად, მიმდინარე წელს პატრულის თანამშრომლებმა ის ავტომანქანის მართვის დროს გააჩერეს, რის გამოც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში დაედო ბრალი.

„2017 წლის 6 აპრილს ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, დაფიქსირდა ბრალდებულის მიერ ავტომანქანის მართვის შემთხვევა,“ – წაიკითხა მოსამართლემ ბრალდების არსიდან. კითხვაზე სცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ, ბრალდებულმა დუმილით უპასუხა.

„იმ საღამოს ოჯახში სტუმრები მყავდა, დალიეს და მე წავიყვანე მათი მანქანით. მერე ქუჩაში მოძრაობის წესები დავარღვიე და გამაჩერა პატრულმა,“ – ამბობს ილია ხ.

სასამართლო პროცესზე მას ადვოკატი არ ჰყავს. ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა ბულბული მჟავანაძემ წარმოადგინა, ილიამ დასაშვებად და უდავოდ მიიჩნია, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე ამ საქმეში არსებული მოწმე პოლიციელების ჩვენებებს ვერ მოისმენს. თავად ბრალდებულს სასამართლოში არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ილია ხ.-ს არც გირაოს თანხა – 2500 ლარი გადაუხდია, რაც სასამართლომ 28 აპრილს შეუფარდა. თუკი რამდენიმე დღეში ის გირაოს ვერ გადაიხდის, სასამართლოს მისი დაპატიმრება მოუწევს.

სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ილია ხ.-მ გვითხრა, რომ სამი წლის წინანდელმა სასამართლოს გადაწყვეტილებამ ის ულუკმაპუროდ დატოვა:

„მაშინ არ დავუპატიმრებივარ, მაგრამ ჩამომართვეს სამი წლით მართვის მოწმობა, ასევე ნადირობის და ქვეყნის დატოვების უფლება, ჯარიმა გადამახდევინეს დაახლოებით 2 ათასი ლარი და გამომიშვეს. აღმოჩნდა, რომ გარეთაც პატიმარი ვყოფილვარ. ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო მანქანის მართვა იყო, უმუშევარი დავრჩი“.

ილია ხ. ძირითადად სპეციალური დანიშნულების მძიმე ტექნიკაზე მუშაობდა და მისი შემოსავალი თვეში დაახლოებით 1200-დან 1600 ლარი იყო. ამბობს, რომ S კატეგორიის მძღოლია და სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა, ვიდრე ნარკოტიკის მოხმარებისთვის დააკავებდნენ.

„მას შემდეგ ვეღარსად ვმუშაობ, სოფელში ვცხოვრობ. ძირითადად არაყს ვხდი სხვადასხვა ხილიდან და იმას ვყიდი. ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს,“ – გვითხრა ბრალდებულმა.

არის თუ არა სამართლიანი საქმიანობის უფლების შეზღუდვა – სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დრომდე არ დასრულებულა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ილიას ელის ჯარიმის გადახდა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით.

ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი მოეწყობა

ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის (შქერნალის მიმდებარე ტერიტორია) ინფრასტრუქტურის მოწყობას „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ გეგმავს. ალპური ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე შენობების საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოებში კი ბათუმის ბოტანიკური ბაღი, საკუთარი ბიუჯეტიდან, მაქსიმუმ 112 750 ლარს გადაიხდის. შესაბამისი ტენდერი 19 ივნისს დასრულდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დასრულდეს.

პრეტენდენტმა ალპური ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს:

[checklist]

  • ბილეთების ჯიხურის მშენებლობა;
  • საპირფარეშოების მშენებლობა;
  • სეპტიკი და კანალიზაციის მოწყობა;
  • ავტოსადგომის მშენებლობა.

[/checklist]

სამუშაოების შემსრულებელმა, სხვა პირობებთან ერთად, უნდა უზრუნველყოს ასევე სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა; მოზარდი ხეებისა და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა.

avtosadgomi

ალპური ბაღის მშენებლობა და განვითარება მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.

გასულ წელს „აჭარისწყალი ჯორჯიასა“ და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის გაფორმდა გაგრანტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კომპანია გოდერძის ალპური ბაღის განვითარებას 100 000 დოლარით აფინანსებს.

ალპური ბაღი დაახლოებით 10 ჰექტარს დაიკავებს. ბაღი გაშენდება კურორტ ბეშუმთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ.

ალპურ ბაღში, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს, ვიზიტორების მიღება მიმდინარე წელს იგეგმებოდა, თუმცა, როგორც „ბათუმელებთან“ ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ განაცხადა, ბაღი ვიზიტორებისთვის მომავალ წელს გაიხსნება: „მიმდინარე წელს სამშენებლო სამუშაოებს დავუთმობთ, ბევრი რაღაცის მოწყობაა დაგეგმილი. კონკრეტულ დეტალებზე [ბილეთის ფასი, ტრანსპორტი და ა.შ.] კი ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ. ვიცი, რომ გზა ხულოდან გოდერძის მიმართულებით კეთდება“.

sapirfaresho

 


ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გოდერძის უღელტეხილიდან სოფელ რიყეთამდე უნიკალური ნამარხი ტყის ზოლიც ვრცელდება, რომელიც ვულკანოგენურ ქანებში მდებარეობს. ნამარხი ტყის ფართობი დაახლოებით 70-80 კვ/კილომეტრია. ამ თემაზე იხილეთ: 15 მილიონი წლის წინანდელი ტყე – ქვაში

ხულოდან გოდერძის მიმართულებით არსებული გზის რეაბილიტაციას კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს: სარეაბილიტაციო გზა ხულოდან გოდერძიმდე

 

„ლიბერთი ბანკის“ სოციალური პასუხისმგებლობა

„ლიბერთი ბანკი“ საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი ბანკია, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. „ერთად შევცვალოთ გარემო უკეთესობისკენ!“ – ეს სლოგანი ზუსტად გამოხატავს „ლიბერთი ბანკის“ დამოკიდებულებას ქვეყნის მომავლისადმი. საზოგადოების წინაშე სოციალური ვალდებულებების მნიშვნელობის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი, ალექსი ხოროშვილი საუბრობს.

ალექსი ხოროშვილი
ალექსი ხოროშვილი

ბატონო ალექსი, რას ნიშნავს „ლიბერთი ბანკისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა? რატომ არის თქვენთვის ეს მიმართულება მნიშვნელოვანი?

„ლიბერთი ბანკისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა არის ბიზნესის კეთების წესი – ნებაყოფლობითი ვალდებულება იმ საზოგადოების წინაშე, რომელშიც ის ფუნქციონირებს. წარმოების ზრდისა თუ მოგების მიღების აუცილებლობასთან ერთად, ჩვენ ორიენტირებული ვართ, საკუთარი წვლილი შევიტანოთ საზოგადოების სოციალური ცხოვრების გაუმჯობესებაში.

როგორ ირჩევთ კონკრეტულად რაზე გააკეთოთ აქცენტი ყოველ წელს?

„ლიბერთი ბანკი“ ემსახურება 1.5 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს, 72,000-ზე მეტ იურიდიულ პირს და საქართველოში მომსახურების წერტილების ყველაზე ფართო ქსელი აქვს. კომპანიის პოზიცია, იყოს „ყველგან და ყველასთვის“, გულისხმობს არა მხოლოდ პროდუქციისა თუ სერვისის შეთავაზებას მომხმარებლისთვის, არამედ ქვეყნის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარებას. სოციალური პასუხისმგებლობის აქცენტების შერჩევა ხდება სწორედ საზოგადოებაში არსებული პრიორიტეტული საკითხების გათვალისწინებით.

ჩვენი მიმართულებებია – განათლება, ჯანდაცვა, სპორტი, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირების ხელშეწყობა.

ვინ არიან ის სტუდენტები, ვისაც ბანკი ეხმარება?

განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია პროფესიონალური ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღება, რათა თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზება და ფინანსური უზრუნველყოფა.

საგანმანათლებლო პლატფორმის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციასა და ფონდთან.

2017 წელს „ლიბერთი ბანკის“ სტიპენდიანტები არიან რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდისა და სწავლის ხელშეწყობის ფონდის მიერ შერჩეული სტუდენტები, რომლებიც სახელმწიფო გრანტს მიღმა დარჩნენ და რეალურად, დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნიათ, ასევე 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტები, რომლებიც სოციალური პირობების გამო ვერ ახერხებენ ყოველდღიურობასთან გამკლავებას.

„ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის შშმ პირების ხელშეწყობა. რატომ აირჩიეთ ეს მიმართულება?

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უმრავლესობა ლიბერთი ბანკის მომხმარებელია, აქედან გამომდინარე, უშუალო შეხება გვაქვს მათ პრობლემებთან.

ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ადაპტირებული სერვისების შეთავაზება, მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, რათა თითოეულმა მათგანმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის, ნიჭის გამოვლენა და გამოყენება.

შედეგის მისაღწევად, ბანკი თანამშრომლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის მიერ შერჩეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც კონკრეტული სერვისების მიწოდების დიდი გამოცდილება აქვთ.

გარდა ამისა, 2017 წელს, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაგეგმილი გვაქვს შშმ პირებისათვის ადაპტირებული საბანკო სერვისების მიწოდება კონკრეტული გაყიდვების წერტილებში.

მიმდინარე წელს, ზემოაღნიშნული ხუთი მიმართულებით, ლიბერთი ბანკს აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა – პროექტები სოლიდური ბიუჯეტით, რომლის ანგარიშს საზოგადოებას წლის ბოლოს წარვუდგენთ.

„ლიბერთის“ სოციალური მიმართულება – 2016 წელს „ლიბერთი ბანკი“ აქტიურად თანამშრომლობდა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. ეს გულისხმობს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა 50-ზე მეტი მცირე საოჯახო ტიპის სახლის კომუნალური გადასახადების სრულად დაფინანსებას.

გარემოს დაცვა და ენერგოეფექტურობა – ლიბერთი ბანკის სათაო ოფისის ყველა სართულზე სპეციალური ყუთებია განთავსებული, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ ჩაყარონ გამოუსადეგარი ფურცლები. ასე ვუფრთხილდებით ბუნებას და ვზრუნავთ, რაც შეიძლება ნაკლები ხე მოიჭრას ქაღალდის დამზადების მიზნით. მაკულატურის ჩაბარებით მიღებული თანხით, ლიბერთი ბანკი ეხმარება სოცუალურად დაუცველ პირებს, როგორც ფინანსურად, ისე სხვა საჭირო ნივთებით. 100 კგ მაკულატურა არის 2 გადარჩენილი ხე. 2015-დან 2016 წლამდე ჩვენ უკვე შევაგროვეთ 4,130 კგ მაკულატურა და გადავარჩინეთ 82 ხე.
2016 წლიდან ლიბერთი ბანკი მთელი ქსელის მასშტაბით ახორციელებს არსებული ინფრასტრუქტურის ენერგო ეფექტური საშუალებებით ჩანაცვლებას.

გარდა ამისა – 2016 წელს „ლიბერთი ბანკი“ აქტიურად აფინანსებდა ახალგაზრდების სწავლებას საზღვარგარეთ, დაავადებულ პირთა მკურნალობას, სოციალურად მნიშვნელოვანი ცენტრების სარემონტო სამუშაოებს, კულტურულ ღონისძიებებს, სპორტულ კლუბებს, ფინანსურად ეხმარებოდა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირებს.

jurnali 4.indd

jurnali 4.indd

jurnali 4.indd

Exit mobile version