მთავარი,სიახლეები

გათავისუფლებული პოლიციელი კახა ბუხრაძის წინააღმდეგ

09.04.2017 • 10381
გათავისუფლებული პოლიციელი კახა ბუხრაძის წინააღმდეგ

პატრულ-ინსპექტორი გია ხალვაში, რომელმაც 11 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისმა მეწყვილემ ჩვენება მეუღლის, სუს-ის თანამშრომლის დავალებით შეცვალა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გათავისუფლების ბრძანებაში საუბარია რამდენიმე სამსახურებრივ გადაცდომაზე, მათ შორის პატრულ-ინსპექტორის მიერ 11 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან გაკეთებულ განცხადებაზე. როგორც გათავისუფლების ბრძანებაში წერია, მას ეს განცხადება სამინისტროსთვის არ შეუთანხმებია, რაც მედიასთან ურთიერთობის ინსტრუქციის დარღვევაა. ეს ინსტრუქცია მინისტრის ბრძანებით ყოფილა დამტკიცებული. თავად გია ხალვაში აცხადებს, რომ ის საპატრულო პოლიციის უფროსთან, კახა ბუხრაძესთან დაპირისპირების გამო გაათავისუფლეს.

ბატონო გია, რა გახდა თქვენი გათავისუფლების საფუძველი?
კახა ბუხრაძესთან ჩემი უთანხმოების საფუძველი გახდა ის, რომ რაღაც საკითხებზე ხმამაღლა გამოვხატე ჩემი აზრი. როცა მოვიდა, თავისებური რეჟიმის დამყარება სცადა. ინსპექტორებს შესვენება შეგვიმცირა, გვიწესებდა წესებს, თუ სად უნდა გვეჭამა, სახლში მისვლა აგვიკრაძლა. წამოვიდა აგრესია იმასთან დაკავშირებით, რომ მკაცრად უნდა ყოფილიყო საჯარიმო ქვითრები დაწერილი. გამოვთქვი აზრი, რომ არ შეიძლებოდა ასე. პატარა ქალაქია, შეგვეძლო მიგვეღო პრევენციული ზომები. ვფიქრობდი, რომ პირდაპირ 200-ლარიანი და 500-ლარიანი ჯარიმა ზედმეტი იყო და ეს ხალხში ცუდ რეაქციას გამოიწვევდა.

ანუ მოთხოვნა იყო მისგან, რომ 200-ლარიანი ჯარიმები დაგეწერათ?

დიახ, რისთვისაც ვარ ჩამოსული, იმას გავაკეთებო. როცა ვუთხარი, რომ უმჯობესი იქნებოდა ჯერ ქუჩები მოეწესრიგებინათ, დაიხაზოს, ნიშნები დაიდგას, რომ მოვთხოვოთ მოქალაქესაც შესაბამისად. სად გააჩეროს ადამიანმა, როცა შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს ? – ამას პატრულ-ინსპექტორებიც ვხვდებით. დილით თათბირს ამით ვიწყებდით და ამით ვამთავრებდით, რომ ქალაქში რეალურად არ არის გასაჩერებელი ადგილი. ხან მგზავრი ჩამოსვა მძღოლმა, ხან აიყვანა. ამიტომ ასე მკაცრად ვერ მოვთხოვთ.

ანუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ქალაქში ამ მხრივ არ იყო პოლიტიკა გასამკაცრებელი, მძღოლების დაუდევრობამ ქალაქში ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ზებრაზე მძღოლები იშვიათად უთმობენ ქვეითს, ეს ნორმალურია?

გარკვეულწილად გასამკაცრებელი რომ იყო, ამას ჩვენ ყველა ვეთანხმებით. რა თქმა უნდა, უნდა დაიწეროს ჯარიმა დარღვევაზე და დამნაშავე უნდა დავიჭიროთ, აბა, პოლიცია რისთვის ვართ, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს თავისი მიდგომაც, რაზეც გვასწავლეს აკადემიაში. ფსიქოლოგები გვასწავლიდნენ ადამიანთან მოქცევას. ამ ყველაფერს თავისი ნორმა აქვს და ნორმების შიგნით უნდა მოექცეს. აგრესია როგორც კი დაინერგა საპატრულო პოლიციაში კახა ბუხრაძის მხრიდან, ეს გადაედო საზოგადოებას, ამან გამოიწვია ის შედეგი, რაც მივიღეთ ბოლოს. ვეუბნებოდი, რომ ეს არ შეიძლებოდა, რადგან ეს მარტო პოლიციას არ ეხება, ეს ეხება საზოგადოებას, ეს ეხება ქალაქს და ეს ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს-მეთქი.

როდის ისაუბრეთ ამაზე?

მისი დანიშვნიდან დაახლოებით ათი დღის შემდეგ.

ათი დღე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბუხრაძის მხრიდან აგრესიული მიდგომების თემაზე გესაუბრაათ?
დიახ, პირველივე დღიდან დაეტყო ეს მის მუშაობას. უცებ გაათავისუფლა ოცმეთაურები. გადანიშნა ათმეთაურები. დანიშნა ახლები.

მართალია ის, რომ ადგილობრივი კადრები დააქვეითა?

დიახ, მართალია. ზოგმა არც იკადრა ამაზე ხმამაღლა საუბარი და მე მესმის მათი. ზოგი დაქვეითებული საერთოდ წავიდა სამსახურიდან. ის ამბობდა – შენ ჩვენს „სასტავში“ ვერ იმუშავებ, ჩვენს „სასტავში“ ვერ მოხვდები, თუ ჩვენ როგორც გვინდა ისე არ იმუშავებო. ეს იყო მისი პირველი სიტყვა ვისთანაც შეხება ჰქონდა. მან დაიწყო შემცირებებით, გათავისუფლებებით, სასაზღვრო პოლიციიდანაც ბევრი თანამშრომელი დაითხოვა. ეს ყველამ ვიგრძენით ჩვენს თავზე, დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება ჩვენც მოგვწეოდა გათავისუფლება. აქტიურ რეჟიმში მუშაობისას შეიძლება რაღაც შეცდომა გაგეპაროს – გადაღლილი ხარ, 24-საათიან რეჟიმში გიწევს მუშაობა, შესვენება არ გაქვს, არც შვებულება გაქვს. შეცდომა თუ ვინმეს არ აზიანებს და უფლებებს არ ულახავს, გამოსწორებადია. ეს ხელმძღვანელმა ადგილზე უნდა გადაწყვიტოს. ასეთი ბევრი ფაქტი ყოფილა წინა ხელმძღვანელის დროსაც, მე ვმუშაობ 1998 წლიდან. 18-წლიანი გამოცდილება მაქვს. ამ ბოლო დროს კი თურმე ქვეყნის დამაქცევარი ვყოფილვარ.
კახა ბუხრაძის დროს შენიშვნა გამორიცხული იყო, დარღვევის შესახებ პირდაპირ იგზავნება გენერალურ ინსპექციაში და გენერალური იწყებდა მოკვლევას, რასაც მოჰყვებოდა ინსპექტორის დასჯა. აქედან გამომდინარე ინსპექტორსაც ეშინოდა რაღაცის გაკეთება. დავაკავო თუ არა, ხომ იცი ამას რა მოყვება და ასე შემდეგ… ვიდეომასალა მომთხოვეს დაჯარიმებაზე, ჩემს სიტყვას აღარავინ იჯერებს, უამრავი განცხადება შემოვიდა, რომლებზე დაყრდნობითაც პირდაპირ აუქმებენ ოქმებს. პატრულ- ინსპექტორის მიერ შედგენილ ქვითარს აუქმებენ – ამაზე ამოვიღე ხმა და ამაზე ვილაპარაკე. შენ ბუნტი ატეხე საპატრულო პოლიციაში, გიჩვენებ როგორც არის საჭიროო და მიჩვენა.

ანუ ამბობთ, რომ ფაქტები, რომლებზეც თქვენ გათავისუფლების ბრძანებაში წერია, ინტერპრეტირებულია?

რა თქმა უნდა.

 გამოთავისუფლებულ ადგილებზე ვინ დაინიშნა?

მისი გუნდის წევრები ჩამოჰყავს. აქციის შემდეგ რამდენიმე ინსპექტორი ჩაანაცვლა, ორი თუ სამი ადგილობრივი ინსპექტორი დააწინაურა, ოცმეთაურად დანიშნა. ერთ-ერთი მასთან მუშაობდა გორში. აქაურია, თუმცა გორში მასთან ერთად მუშაობდა. ეს არის სულხან ხალვაში, რომელიც განყოფილების უფროსად დანიშნეს.

ბუხრაძის დისკრიმინაციული განცხადებები თქვენ მოგისმენიათ?

არ მომისმენია იმაზე, რასაც ამბობენ. მე, პირადად, მოვისმინე ასეთი რაღაც: ილო ბაბუციძე, მისი პირველი მოადგილე გამოვიდა თათბირზე სიტყვით და თქვა – მე შიდა ქართლის ენაზე ვსაუბრობ და იმედია, მიხვდებით რას ვამბობო. ინსპექტორები შოკირებულები ვიყავით, ვერ მივხვდით რა თქვა, რამდენიმე წუთი ამაზე ვფიქრობდით. აჭარა თათრებიაო ეს გაგვახსენდა…

თქვენ არ გაგიგონიათ და მაინც გჯერათ, რომ ბუხრაძემ ეს თქვა?

დარწმუნებული ვარ იტყოდა. ვინც გაიგონა, ის არ ადასტურებს ამას.

პოლიციელია?

დიახ, პოლიციელია. ეს მოხდა მაშინ, როცა სუს-ის თანამშრომელთან მოუვიდა შელაპარაკება კახა ბუხრაძეს.

რას იტყვით ამ დაპირისპირებაზე?

ეს პიროვენები, ვინც სუს-ში მუშაობდნენ, ადამიანური თვალსაზრისით ძალიან მოწესრიგებული და კანონმორჩილი ბიჭები არიან. ძმები არიან. სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ერთ-ერთ ძმას პუშკინის ქუჩაზე საჯარიმო ქვითარი დაუწერეს, რაზეც გამოხატა უკმაყოფილება. ეს იყო გადაცემული ავტომანქანა. ის დააჯარიმეს გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე. მე არ ვამართლებ ინსპექტორების მიმართ დაჯარიმებისას აგრესიის გამოხატვას. ამას აქვს თავისი გასაჩივრების წესი. თუმცა მან გამოხატა უკმაყოფილება და ის დააკავეს 173- ე მუხლით. ის იყო სუსის თანამშრომლის ძმა. სუს-ის თანამშრომელი თავის კოლეგებთან ერთად მივიდა ბუხრაძესთან კაბინეტში, არ ვიცი რა მოილაპარაკეს იქ, ფაქტი კი ისაა, რომ ეს პიროვნება დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს და საერთოდ შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება. მანამდე ასეთი რამ არ მომხდარა. სუს-ის თანამშრომლების კაბინეტიდან გასვლის შემდეგ უთქვამს ის, რაზეც საუბრობენ… აქციის დროს ის ბათუმში არ იმყოფებოდა, როცა დაურეკეს, მისი რეაქცია იყო, სუს-მა გამიჩალიჩაო. მე როდესაც მივედი აქციაზე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეძებდნენ მიზეზს, თუ ვის დაბრალებოდა ეს ყველაფერი. მე თანამშრომლებმაც გამაფრთხილეს, რომ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი. ამ დროს ჩემზე უკვე იყო დაწყებული ზეწოლა, რადგან მანამდე ღიად ვსაუბრობდი სხვადასხვა პრობლემის შესახებ. გახსოვთ ალბათ, რომ მე და ჩემმა მეწყვილემ დავაკავეთ ხიმშიაშვილი, ვარშანიძის დაკავებისას მე იქ არ ვყოფილვარ.

რას აპირებთ?

სასამართლოში ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: