მთავარი,სიახლეები

პოლიციამ „წაგებული საქმეები“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც წააგო – „ბათუმის აქციის საქმე“

06.06.2017
პოლიციამ „წაგებული საქმეები“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც წააგო – „ბათუმის აქციის საქმე“

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 79 პირიდან ბათუმის საქალაქო სასამართლომ 9 გაამართლა. „წაგებული საქმეები“ პოლიციამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასააჩივრა, სადაც „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პოლიციის არც ერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს შორის იყვნენ რამაზ ხიმშიაშვილი და ჯიმი ვარშანიძე. „ბათუმი პლაზასთან“ მათი დაკავების გამო დაიწყო 11 მარტს საპროტესტო აქცია. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ რამაზ ხიმშიაშვილი და ჯიმი ვარშანიძე გაამართლა. ამ საქმეში პოლიციელების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის საქმე სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

რამაზ ხიმშიაშვილისა და ჯიმი ვარშანიძის გარდა, პოლიციას სააპელაციო სასამართლოში ასევე გასაჩივრებული ჰქონდა და არ დაკმაყოფილდა: თემურ ზაქარაძის, გურამ კიწმარიშვილის, დავით სალაძის, ზაზა ცინცაძისა და კონსტანტინე კვასკვაძის შემთხვევები.

პოლიციას არ გაუსაჩივრებია მამუკა მორთულაძისა და გიგა ჩხაიძის შემთხვევები. გიგა ჩხაიძემ მოსამართლეს ვიდეომტკიცებულება აჩვენა, რითაც დასტურდებოდა, რომ დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე იგი სამსახურში იმყოფებოდა.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ 7 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 40 დაჯარიმდა, 8-ს შენიშვნა მისცეს. მათ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ.

ამავე საქმეზე სისხლის სამართლის კუთხით დაწყებული გამოძიება გრძელდება. ბათუმის საქალაქო სასამართლო „ბათუმის აქციის საქმეზე“ 21 ბრალდებულის საქმეს განიხილავს მასობრივი ძალადობის მოწყობისა და პოლიციელებზე თავდასხმის მუხლებით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: