მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ქალაქში გადატვირთულ მოძრაობაზე

05.06.2017 • 2430
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ქალაქში გადატვირთულ მოძრაობაზე

ბათუმში გზებზე მოძრაობა გადატვირთულია, ეს პრობლემა მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მწვავეა დილით – სამსახურში მისვლის და სკოლებში სწავლის დასრულების საათებში. საკურორტო სეზონზე კი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საცობები არა მხოლოდ ე.წ. პიკის საათებში იქმნება.

ეს საკითხი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც რომ პრობლემურია, ამაზე ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემაც ისაუბრა. ირაკლი ჩავლეიშვილი გამოვიდა ინიციატივით საკრებულოში ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის მოწვევასთან დაკავშირებით:

„მოვიწვიოთ და ერთად გავაანალიზოთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქში მოძრაობა იყოს უსაფრთხო.“

მოსაზრებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეც დაეთანხმა. ამის შემდეგ ბუხრაძის მიწვევაზე კიდევ ორ სხდომაზე იმსჯელეს, თუმცა ამ დრომდე მასთან შეხვედრა საკრებულოს წევრებმა ვერ შეძლეს.

საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე ხელმძღვანელობდა კომისიას, რომელიც გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებამდე ბათუმის საკრებულოში იმ მიზნით შექმნეს, რომ კომისიას ქალაქის განტვირთვის სტრატეგია უნდა შეემუშავებინა, თუმცა საკურორტო სეზონი გასულ წელს ისე დაიწყო და დასრულდა, რომ კომისიას არც სტრატეგია მოუმზადებია და არც ბათუმის ქუჩებში შეცვლილა ვითარება ავტოტრანსპორტის მოძრაობის თვალსაზრისით.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით ამის მიზეზი მაშინ კომისიის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.

„ვგეგმავდით გორგილაძის ქუჩა ყოფილიყო ცალმხრივი, ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე კი – საპირისპირო მოძრაობა. ეს იყო ერთ-ერთი ვერსია და ვფიქრობდით, რომ მოძრაობას გარკვეულწილად მოაწესრიგებდა, თუმცა ვერ  დავასაბუთეთ. კომისიის ზოგიერთმა წევრმა მოითხოვა გორგილაძის ქუჩაზე ავტობუსს ემოძრავა შეუზღუდავად. ამას ავტოტრანსპორტის უფროსი პაატა დუმბაძეც ითხოვდა, გარდა ამისა, ის ითხოვდა ცალკე ხაზს ავტობუსებისთვის. საბოლოო ჯამში ვერ შევთანხმდით,“ – ამბობს ლაშა სირაბიძე

რაც შეეხება  წლევანდელ საკურორტო სეზონს, საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, 15 ივნისისთვის ელოდებიან კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმიზაციის სქემას შეიმუშავებენ. კვლევას გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] ფარგლებში ამზადებენ.პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით. განმახორციელებელი პარტნიორები არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.

კვლევის შედეგების განხილვის შემდეგ შესაბამისი კომისია საკრებულოს ქალაქის განტვირთვის სტრატეგიას წარუდგენს. კვლევის განხილვაზე გეგმავს საკრებულოს თავმჯდომარე ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსის მიწვევასაც. საკრებულოს თავჯდომარე ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ბუხრაძესთან შეთანხმება უკვე აქვს.

სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას საკრებულო მერიას გადაუგზავნის, შემდეგ კი შესაბამისი შეზღუდვები ბათუმში ავტოტრანსპრტის მოძრაობის განტვირთვის მიზნით მერმა უნდა დააწესოს:

„თუ მერი ჩვენს წინადადებას არ მოიწონებს, ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩავერიოთ მის საქმიანობაში“ – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე. შესაბამისად, მოახერხებენ თუ არა ბათუმის საკრებულო და მერია მიმდინარე საკურორტო სეზონზე ქალაქში ავტოტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვას, ისევ გაურკვეველი რჩება.

გადაბეჭდვის წესი