მთავარი,სიახლეები

ორი ვიცე-მერი ისტორიულ ბათუმში მშენებლობის სიმაღლეში ზრდას მხარს უჭერს

06.06.2017 • 6013
ორი ვიცე-მერი ისტორიულ ბათუმში მშენებლობის სიმაღლეში ზრდას მხარს უჭერს

ბათუმში, ჯინჭარაძის 3-ში, ანუ ისტორიულ ზონაში უკვე აშენებულ ხუთსართულიან სახლზე კომპანია „ელიტჰაუსი“ კიდევ ორი სართულის დამატებას გეგმავს. მშენებელმა უკვე მიიღო თანხმობა ზონალური საბჭოსგან, რომელიც ბოლო დროს ისტორიულ ბათუმში სიმაღლის გაზრდაზე თანხმობას თითქმის არ გასცემს. ამ მრავალბინიანი სახლის მშენებლობის სათავეებთან ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე იდგა.

ზონალური საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვას, მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის გარდა, ბათუმის მერიიდან საბჭოს კიდევ ერთი წევრი და ამავე დროს მერის სხვა მოადგილე – ალექსანდრე მითაიშვილიც დაესწრო. როგორც წესი, ალექსანდრე მითაიშვილი საბჭოს სხდომებს არ ესწრება, მაგრამ ამ შემთხვევაში მან სხდომაზე დასასწრებად დრო გამონახა და მხარიც დაუჭირა პროექტის სიმაღლეში ზრდას.

ჯინჭარაძის 3-ში ერთი სართული თავიდან შემუშავებულ პროექტს აქამდეც დაემატა – თავდაპირველად მერიამ ნებართვა გასცა ოთხსართულიანი სახლის მშენებლობაზე მანსარდით, შემდეგ კი მშენებელმა პროექტში ცვლილება მოითხოვა და შენობას ერთი სართული დაამატა. ამჯერად კი კომპანიას კიდევ ორი სართულის დამატება სურს.

ჯინჭარაძის ქუჩაზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებულ გეგმებზე მშენებლობის დაწყებამდე „ბათუმელებს“ თავად ბაგრატ მანველიძემ დაუდასტურა. ახლა კი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი გაასხვისა და მშენებლობასთან, ასევე კომპანიასთან, კავშირი არ აქვს:

„მე ჯინჭარაძის ქუჩაზე საკუთრება გავყიდე. მქონდა ბარაკული ტიპის სახლი. საერთო ფართი იყო 998 კვადრატული მეტრი და აქედან 160 კვადრატი იყო ჩემი საკუთრება და არ გამიყიდია ბინის მიღების პირობით, ჩვეულებრივად გავყიდე“.
ბაგრატ მანველიძე

კითხვაზე როგორ მოახერხა კომპანიამ ისტორიულ ზონაში, სადაც სიმაღლეების გაზრდა კანონმდებლობით შეზღუდულია, კიდევ ორი სართულის დამატებაზე ნებართვის მიღება, რასაც ბოლო დროს სხვა კომპანიები ვერ ახერხებენ ? – ვიცე-მერი პასუხობს, რომ ამ საკითხით თავადაც დაინტერესდა:

„დავინტერესდი, რადგან ჩემმა სახელმა გაიჟღერა. ვკითხე არქიტექტურის სამსახურს, ეტევა თუ არა სიმაღლე ნორმებში, რაიმე დარღვევა ხომ არ არის-მეთქი და სამსახურის უფროსმა განმიმარტა, რომ იმ კოეფიციენტებში და არსებულ წესებში ეს მშენებლობა ეტევა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ჯდება არსებულ განაშენიანებაში მართლა დავინტერესდი ამ საკითხით და ამაზეც მივიღე განმარტებები, რომ უფრო მაღალი სიმაღლის სახლებია ირგვლივ აშენებული და ამ კომპანიას რატომ უნდა შექმნოდა პრობლემა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ. გადაამოწმეთ არქიტექტურის სამსახურში“.

ჯინჭარაძის ქუჩაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ გეგმებზე ვიცე-მერმა 2014 წლის ბოლოს ისაუბრა, კომპანია „ელიტჰაუსი“, რომელიც ახლა აშენებს კორპუსს,  2015 წლის აპრილში დააფუძნეს.

მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაში

მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაში

ბაგრატ მანველიძე ბათუმის ვიცე-მერი საქართველოს ეროვნული ბანკის აჭარის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე იყო ასლან აბაშიძის მმართველობის დროს. ბოლო რამდენიმე წელია მის სახელზე არაერთი ქონება გაჩნდა საჯარო რეესტრში. ამ ქონების მიხედვით ბათუმის ახალი ვიცე-მერი მილიონერი თუ არა მდიდარი კაცია.

ძეგლის დაცვის ზონაში, ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში კანონმდებლობა კრძალავს იმ მასშტაბის მშენებლობას, რაც ძეგლს დათრგუნავს და მის აღქმას შეუშლის ხელს.

ისტორიულ ბათუმში მშენებლობების შეზღუდვას საზოგადოება „ბათომი“ ითხოვს, ორგანიზაციის წევრებს გიორგი ერმაკოვი დაჰპირდა, რომ მერია შეიმუშავებდა ოთხი კვარტლის განაშენინების გეგმას და განიხილავდა ასევე ძველ ბათუმზე ისტორიული ზონის მინიჭების საკითხს, რაც მომავალში ისტორიული განაშენინების შენარჩუნებას უზრუნველყოფდა. მერიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხის სამართლებრივად მომზადებაზე მუშაობენ. მომზადების პროცესი კი ისტორიულ ბათუმში უკვე წამოწყებულ მშენებლობაზე სიმაღლის გაზრდის ნებართვის გაცემას ხელს არ უშლის. ეს იმას ნიშნავს, რომ განაშენიანების გეგმის მომზადებამდე შესაძლოა ისტორიულ ბათუმში მშენებლობის ნებართვა კიდევ ბევრმა კომპანიამ მიიღოს.

მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაში

მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: